აღმოსავლეთმცოდნე
1979 წლის 11 თებერვლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. მსხვილი დასავლური ფირმები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებდნენ ისლამურ ირანს და პარალელურად იხურებოდა დიპლომატიური წარმომადგენლობები და საელჩოები.
,,მოლათა ხელისუფლების“ იზოლაციონალისტურმა პოლიტიკამ სულ მალე ის შედეგი გამოიღო, რომ ირანის წინააღმდეგ უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაწესდა. რეალურად, აიკრძალა ამ ქვეყანასთან საერთაშორისო ვაჭრობის ყველა მსხვილი სახეობა და განსაკუთრებით გამკაცრდა კონტროლი ირანული ნავთობის ყიდვა-გაყიდვაზე.
აღნიშნული ეკონომიკური სანქციების უამრავი უარყოფითი შედეგის მიუხედავად, ერთი შედარებით დადებითი შედეგი ის იყო, რომ ამ ვითარებამ აიძულა ისლამური ირანი თვითონ, საკუთარი ძალებით ეწარმოებინა ყველაფერი, რაც ქვეყანას შიდა მოხმარებისა და სამომავლო განვითარებისათვის სჭირდებოდა. ამან, მართალია ჩაკეტილ გარემოში, მაგრამ მაინც შეუწყო ხელი მრეწველობის ამა თუ იმ დარგის აღმავლობას.
დროთა განმავლობაში კი ირანმა შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებები მოეპოვებინა ზუსტ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის განვითარებასა და შესაბამისი კვლევითი ცენტრების დაარსებას.
საქმე ის არის, რომ ისლამური ირანის არსებობის 10-15 წლის თავზე ქვეყნის ხელისუფლება მიხვდა, რომ განათლების გარეშე ფონს ვერ გავიდოდა. ამიტომ, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ირანელი ახალგაზრდების საზღვარგარეთ ევროპის საუკეთესო სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში სტაჟირებას, იქიდან დაბრუნებული სპეციალისტები კი ქვეყნის განვითარების უმთავრეს ხერხემლად გამოაცხადეს.
გარდა ამისა, ირანი წინა წლებში აქტიურად იყენებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში არსებულ ადამიანურ და სამეცნიერო რესურსებს, საიდანაც თავისი დარგის არაერთი ძლიერი სპეციალისტი იძულებული იყო, შედარებით უკეთესი ანაზღაურების სანაცვლოდ, წასულიყო და ემუშავა ირანის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებში. გაეზიარებინა მათთვის თავისი ცოდნა და გამოცდილება და გაეზარდა ირანელ ფიზიკოსთა, ქიმიკოსთა თუ სხვა დარგების სპეციალისტთა მომავალი თაობა.
ამ ყოველივემ შექმნა საფუძველი იმისათვის, რომ ისლამურ ირანს გასჩენოდა ბირთვული ამბიციები, რომელსაც საწყის ეტაპზე ქვეყნის ხელისუფლება თავდაცვის სურვილითა და საჭიროებით ამართლებდა. მას შემდეგ, რაც ამ ამბის გაჟღერებას დასავლეთის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდრებმა ოდნავ შეცვალეს რიტორიკა და მიმდინარე ბირთვული კვლევების მოტივაციად და მიზნად ენერგორესურსებით ქვეყნის შესაბამისი უზრუნველყოფა მოიმიზეზეს. თუმცა ამით დასავლეთის ,,დაშოშმინება“ მაინც ვერ მოხერხდა და თავის დროზე, იდეოლოგიური და პოლიტიკური მოტივებით ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოს ახალი, უკვე ბირთვული აქტიურობის მიზეზით გამოწვეული, სანქციები და მოთხოვნებიც დაემატა.
თვითონ ირანელი მოსახლეობა თავიდანვე ორ ნაწილად იყო გაყოფილი ქვეყნის ბირთვული აქტივობების შეფასებისას. სახელისუფლებო რიტორიკის შესაბამისად, ირანელთა დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ ატომური და ქიმიური იარაღის არსებობა ქვეყნის პოზიციებს მნიშვნელოვნად გაამყარებდა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალურ სარბიელზე. პირდაპირ რომ ვთქვათ, აღარავის ექნებოდა იმისი თავი, რომ ირანისათვის მარტივად ,,ხელი წამოეკრა“. მიუხედავად იმისა, რომ ირანისათვის ნომერ პირველ მტერს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა და ამ ქვეყანას თეირანში, ჩვეულებრივ, ,,დიდ სატანად“ მოიხსენიებდნენ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ირანის ბირთვული რიტორიკის შეფარული მუქარის ადრესატი არაიმდენად ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რამდენადაც ისრაელი, რომლის შეშფოთებასაც ირანულ გეგმებთან დაკავშირებით სავსებით რეალური საფუძველი ჰქონდა.
ირანელთა მეორე – და სხვათა შორის, არცთუ მცირე – ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბირთვული ამბიციების დასაკმაყოფილებლად წამოწყებული უზარმაზარი პროექტები ისალმური რესპუბლიკის ბიუჯეტს შეიწირავდა და ქვეყნის ყველა ეკონომიკურ ბერკეტს გააცამტვერებდა. ამის სანაცვლოდ კი ირანის ბირთვული პროგრამა კრიზისულ ვითარებებში მაინც ვერასოდეს იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალის საპირწონე.
ამის მიუხედავად, ირანული ისტიბლიშმენტი თანამიმდევრულად უჭერდა მხარს ბირთვული პროგრამის განხორციელებას და თავდაპირველად ღიად აცხადებდა, რომ საჭირო დროს, თავის ბირთვულ მიღწევევებს, დიახაც, გამოიყენებდა სამხედრო მიზნებით. ეს რიტორიკა მოგვიანებით შეიცვალა და ოდნავ შერბილდა, ხოლო ირანში წარმოებული ბირთვული პროგრამების მიზნად ქვეყნის ენერგეტიკის აღორძინება დასახელდა.
წინა, ანუ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლების ხისტი პოლიტიკის ,,წყალობით“ ირანისა და დასავლეთის უთანხმოება სულ უფრო მძაფრდებოდა და ლამის კატასტროფულ მასშტაბებს იღებდა, რადგან ირანის წინა ხელისუფლება თავიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ექსპერტების ნათანზის ბირთვულ რეაქტორზე დაშვებასა და მათ მიერ იმის დადასტურებას, რომ ქვეყანაში ურანის გამდიდრების პროცესი არა ატომური ბომბის შექმნას, არამედ ქვეყნის ენერგეტიკული სიტუაციის სამომავლო პერსპექტივებს უკავშირდებოდა.
ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდგომ, სიტუაცია შედარებით ლოიალური გახდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან როგორც ჩანს, ახალმა სახელისუფლებო გუნდმა გადაწყვიტა, თუ აჰმადინეჟადის მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების ბოლომდე გამოსწორებას ვერ შეძლებდა, თავი მათი შედეგების შემდგომი ესკალაციისათვის მაინც აერიდებინა.
შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის გარშემო შემოკრებილ რეფორმატორთა გუნდს გამოუვიდა დაეყოლიებინა თავისი ქვეყნის სასულიერო ლიდერი აიათოლლაჰ ალი ხამენეი და მისი თანაგუნდელები, რომ საჭირო იყო დათმობაზე წასულიყვნენ, რათა ქვეყნის ეკონომიკისათვის უმძიმესი კატასტროფა აეცილებინათ. ჩანს, ეს იყო, ყველაზე უფრო დამაჯერებელი არგუმენტი, რის გამოც ირანის კლერიკალური ხელისუფლება დათანხმდა თამაშში ჩაბმულიყო, რომელიც თავიდან, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ მოლაპარაკებების პროცესის გაწელვა სიტუაციის სათავისოდ გამოყენებაში დაეხმარებოდა.
ამიტომაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის მეთაურობით ირანის მხრიდან ბირთვულ მოლაპარაკებებში ჩართული გუნდის ნაბიჯებს ლოზანის შეთანხმების შემდგომ, ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
საერთოდაც ლოზანაში 6 დიდ ქვეყანასა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მიღწეულმა შეთანხმებამ მსოფლიო საზოგადოების არაერთგვაროვანი რექაცია გამოიწვია. ირანელთა ერთი ნაწილი ამ შეთანხმებას აღტაცებით შეეგება და სიხარული თეირანში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართული მისასალმებელი დემონსტრაციით გამოხატა.
თუმცა, ირანის პარლამენტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი, რომელიც ირანელთა მხრიდან მოლაპარაკებაში ჩართულ დიპლომატთა გუნდს მეთაურობდა, მკაცრად გააკრიტიკეს და ლამის ,,სამშობლოს ღალატსა“ და ,,ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში“ დაადანაშაულეს. კერძოდ, დეპუტატმა მაჰმუდ ნაბავიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაახლოებით ორ საათს ილაპარაკა ლოზანის შეთანხმების შესახებ და აღნიშნა:
,,ლოზანის შეთანხმება პრაქტიკულად ირანს არაფერს მისცემს, ხოლო დასავლეთს მისი არამხოლოდ ეკონომიკური სექტორის, არამედ თითქმის სრული კონტროლის ბერკეტებს ჩააბარებს”.[1]
ირანელი დეპუტატის გაღიზიანება გამოწვია ხელშეკრულებაში ჩაწერილმა პუნქტებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი ვალდებულია მინიმუმამდე შეამციროს ურანის გამდიდრების პროცესი და პრაქტიკულად უარი თქვას ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ატომურ რეაქტორზე, რომელთა საქმიანობა ამის შემდეგ სამი მეთოდით შეიძლება გაკონტროლდეს: რეაქტორზე დასავლელი სპეციალისტების წინასწარი გაფრთხილების შემდგომ შესვლით, მათი გაუფთრხილებელი სტუმრობითა და რაც მთავარია, ვიდეოთვალის მეშვეობით, რომლის კამერებიც, ვთქვათ, ნათანზის რეაქტორზე მიმდინარე მთელ პროცესს ონლაინ რეჟიმში დააფიქსირებენ.
სამაგიეროდ, დეპუტატის თქმით, ხელშეკრულებაში ნათლად არ არის აღნიშნული, ირანისათვის რა სახის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზეა საუბარი. საქმე ისაა, რომ ირანს რამდენიმე ტიპის სანქციები აქვს დაწესებული და ბირთვული საქმიანობების გამო მის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვები ამ სანქციების მხოლოდ ერთი ნაწილია. ლოზანის ჩარჩო-ხელშეკრულება კი აღნიშულ შეზღუდვათა სრულად მოხსნასაც კი არ ითვალისწინებს.
ამიტომაც ირანული პოლიტიკის გარკვეულ წრეებში ლოზანის მოლაპარაკებებს ქვეყნის დიპლომატიის მარცხად და დასავლური პოლიტიკის წარმატებად აფასებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ იგი მოლაპარაკებებისას საკუთარი ქვეყნის მთავრობას უპირობოდ ენდობა, ხამენეის წარმომადგენელმა ჰოსეინ შარიათმადარიმ ირანული გაზეთის ,,ქეიჰანისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: ,,ამ შეთანხმებით ჩვენ შეკაზმული ბედაური გავეცით და სანაცვლოდ დაფლეთილი აღვირი მივიღეთო“.[2]
თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდეტმა ბარაქ ობამამ ლოზანის შეთანხმებას ისტორიული უწოდა და მის მოწინააღმდეგებს როტორიკული შეკითხვით მიმართა: ,,როგორ გგონიათ, რომ თუკი ამ შეთანხების სრულად ამოქმედება და შესაბამისად, ბევრი სადავო საკითხის დარეგულირება მოხერხდება, ეს უკეთესი არ არის, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ომის წამოწყება?“[3]
არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა შეთანხმებას რეგიონის სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის რუსეთშიც. როგორც ცნობილია, რუსეთი საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე ირანისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერად გვევლინებოდა. ამიტომაც ლოზანის შთანხმება ერთი შეხედვით რუსული დიპლომატიის მიღწევადაც უნდა ჩაითვალოს. ასეთი მოსაზრების მომხრეები თავიანთ თვალსაზრისს ამყარებენ არგუმენტით, რომ ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსეთს ირანის ბაზარზე უფრო ეფექტიანად წარმოდგენის საშუალება მიეცემა. გარდა ამისა, სავარაუდებელია, რომ ირანმა, რომელსაც ურანის გამდიდრების უფლება აღარ ექნება, ამის შემდეგ გამდიდრებული ურანი სწორედ რუსეთისაგან შეისყიდოს. ბოლო ხანს ასევე მიდის დაჩქარებული მოლაპარაკებები ირანსა და ,,რუსატომს“ შორის, ირანში გამდიდრებული ურანის რუსეთში გადატანის თაობაზე. თუმცა რუსი ანალიტიკოსების ერთი ჯგუფის განცხადებით, ლოზანის შეთანხმებით, დასაწყისისათვის, რუსეთი სარგებელზე გაცილებით დიდ ზარალს ნახავს: ნავთობის ბაზარზე ირანის ხელახალი გააქტიურებით ისედაც გაიაფებული ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება და ეს რუსეთის შესაბამისი შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს. შედგომ ეტაპზეც, თუ ემბარგოს მოხსნის შდეგად, ირანთან დაკავშირებული, ამჯერად შეჩერებული, გაზსადენების პროექტები (მაგალითად, ,,ნაბუკო“) ხელახლა ამოქმედდა, ეს რუსეთის ეკონომიკას საკმაოდ მძიმე დარტყმას მიაყენებს.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ცალსახად დაგმო ლოზანის შეთანხმება და ის ,,ირანისადმი დასავლეთის გულუბრყვილო ნდობად“ შეაფასა, არის ისრაელი. ასეთი შეფასება ლოგიკური ჩანს, თუკი ირან-ისრაელის ურთიერთდამოკიდებულებას გავითვალისწინებთ. ირანის მეორე დიდი კონკურენტი საუდის არაბეთი ჯერჯერობით საკითხზე თავისი ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს.
საგულისხმოა, რომ თურქეთის ოფიციალური დელეგაცია პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით, უკვე ჩავიდა თეირანში ახალი ვითარების გათვალისწინებით ორმხრივი მოლაპარაკებების გასამართავად. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ირანისათვის ემბარგოს მოხსნა, რეგიონში გავლენისათვის ირან-თურქეთის კონკურენციას გაამძაფრებს, თურქეთი შეეცდება ირანის მცდელობა იზოლაციიდან გამოსვლისათვის თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს.
ირანის წინააღმდეგ სანქციების შესუსტებამ და ატომური საკითხის გამო შემოღებული სანქციების ნაწილობრივმა გაუქმებამ კი მსოფლიო სამრწეველო და პოლიტიკური წრეების არნახული გამოცოცხლება გამოიწვია. დღეს ყველა ცდილობს, სიტუაციის შესაბამისად, ირანის ბაზარზე დარბუნება და ვითარების სათავისოდ გამოყენება მოახერხოს.
რაც შეეხება ირანს, სავარაუდებელია, რომ ისიც, თავის მხრივ, ისარგებლებს შექმნილი ვითარებით და ,,დროებითი უკანდახევის“ ფასად მოახერხებს, ბირთვული პროგრამა, რომელშიც დიდ წარმატებებს მიაღწია, ახალი ფასადის მიღმა და შედარებით მყარი გარანტიით გააგრძელოს.
____________________________
[1] წყარო: მოწამე ავინის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი http://www.aviny.com/Voice/zhenev.aspx
[2] წყარო: გაზეთი ,,ქეიჰანი“; 2015 წლის 2 თებერვალი
[3] წყარო: ,,რადიო თავისუფლების“ სპარსულენოვანი განყოფილება