„ჩვენი ქვეყანა, რუსეთი ათასი წლის არის. დროის ამ წარმოუდგენელ პერიოდში, რომელიც რთულია ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობას შეუსაბამო, წინაპრებმა განუმეორებელი და უნიკალური ცივილიზაციის, გრანდიოზული მოვლენების და ადამიანური გენიის მიღწევების საზოგადოების შექმნა შეძლეს“. ამ სიტყვებით იხსნება სასწავლო სახელმძღვანელო „რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები“. იგი უფრო პუტინის მორიგ გამოსვლას ჰგავს, ვიდრე ტექსტს სახელმძღვანელოდან. თუმცა ყურადღებას უდაოდ იმსახურებს, რადგან მისი დახმარებით უფრო ადვილად შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსული იდეოლოგია და რატომ არის იგი ადამიანთა ნაწილისთვის მიმზიდველი.
ლიბერალური მედია, რომელიც ამ სახელმძღვანელოს შესახებ წერდა, ძირითადად ყველაზე უხეშ პროპაგანდისტულ შტამპებს აშუქებდა – მაგალითად, ვეგანობის სიკვდილის კულტად წარმოჩენას. თუმცა ამ წიგნში არის იდეა, რომელიც სხვადასხვა თემების და თავების შიგნით არის ჩაშენებული და უკვე შესავალ სიტყვებში გვხვდება – იდეა უნიკალური რუსული ცივილიზაციის შესახებ. ეს სტატია ეცდება აჩვენოს, თუ როგორ იყენებენ სახელმძღვანელოს ავტორები „ცივილიზაციის“ ცნებას და რა წინააღმდეგობებს ფარავენ ამ ტერმინით.
რუსეთი – უნიკალური ცივილიზაცია?!
ცივილიზაციური თეორიის თანახმად, სამყაროში რამდენიმე ლოკალური ცივილიზაცია არსებობს, რომელთაც შიდა მთლიანობა და საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული ბედისწერა გააჩნიათ. ეს თეორია ადამიანური ცივილიზაციის ერთობის შესახებ იდეას უპირისპირდება. ცივილიზაციური თეორიის საფუძვლებთან რუსი კონსერვატორი ფილოსოფოსი ნიკოლაი დანილევსკი იდგა, რომელიც მათ „კულტურულ-ისტორიულ ნაირსახეობებად“ მოიხსენიებდა. დანილევსკი დასავლეთს რუსეთს უპირისპირებდა და ამტკიცებდა ამ უკანასკნელის პრინციპულ განსხვავებულობას, აკისრებდა მას გამორჩეულ, მესიანურ როლს. სახელმძღვანელოს ავტორები დანილევსკის აზრს სრულად იზიარებენ: თავიდან ისინი მის იდეას იმეორებენ, ხოლო შემდეგ რუსული ცივილიზაციის უნიკალურობის საკუთარ, პირველწყაროსგან შორს მდგომ აღწერამდე მიდიან. ავტორები საკმაოდ ზედაპირულად აკრიტიკებენ ცივილიზაციური განვითარების წრფივ თეორიას, რომელსაც როგორც ლიბერალიზმს, ასევე მარქსიზმს მიაკუთვნებენ და ყურადღებას ცივილიზაციური თეორიის და კონკრეტულად რუსული ცივილიზაციის აღწერაზე ამახვილებენ.
ცივილიზაციურმა თეორიამ საკუთარი პოპულარობა დასავლეთშიც მოიპოვა. ყველაზე ცნობილი ავტორები, რომლებიც ამ თეორიაზე მუშაობდნენ, ოსვალდ შპენგლერი, არნოლდ ტოინბი და სამუელ ჰანტინგტონი იყვნენ. ყველა ავტორი, რომელიც ამ კონცეფციას იყენებს, როგორც ცივილიზაციის განსაზღვრის კრიტერიუმებზე, ასევე ლოკალური ცივილიზაციების რაოდენობაზე ვერ თანხმდება. ეს ცივილიზაციური თეორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა – შეუძლებლობა სწორად განისაზღვროს, თუ რა არის „ცივილიზაცია“. მიუხედავად ამისა, სახელმძღვანელოს ავტორებს დიდად არ აინტერესებთ ცივილიზაციის განსაზღვრება და კიდევ უფრო ნაკლებად აინტერესებთ რუსულის მიღმა არსებული სხვა ცივილიზაციები.
რუსული ცივილიზაციის განსაზღვრების მცდელობისას სახელმძღვანელოს ავტორები ეჯახებიან წინააღმდეგობას, რომელიც რუსული იდეოლოგიის მთავარ პრობლემას – დამოკიდებულებას ეროვნული საკითხის მიმართ მკაფიოდ გამოხატავს. ისინი, ერთი მხრივ მუდმივად საუბრობენ რუსეთის მრავალეთნიკურობაზე, როგორც მის ცივილიზაციურ ნიშანსა და უპირატესობაზე. მეორე მხრივ კი რუსი ხალხის დომინანტ როლსაც უსვამენ ხაზს.
რუსეთის ისტორიის აღწერისას, დაპყრობებზე საუბრის დროს გამოყენებულია ტერმინები „შემოერთება“ და „მიწებით გამდიდრება“. თუმცა, გარკვეულ მომენტში ავტორები აღიარებენ რეალობას და თანხმდებიან, რომ „მიწებით გამდიდრება“ ყოველთვის მშვიდობიანი გზით არ ხდებოდა. ისინი მოკლედ რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლის შემთხვევებზეც კი საუბრობენ – ომი ჩუქჩებთან, ბაშკირების და ყაზახების აჯანყებები, პოლონური წინააღმდეგობა, ცენტრალური აზიის დაპყრობა, ომები კავკასიაში. მათ გამართლებას ავტორები სწრაფად პოულობენ: „ხშირად რუსეთთან შეერთება მათთვის ხსნა იყო. მაგალითად, რუსეთმა ქართველი ხალხი პრაქტიკულად გაქრობას გადაარჩინა“. სახელმძღვანელოში მოცემული სურათის თანახმად, არარუსულენოვან ხალხს მადლიერი ქვეშევრდომის და საიმედო მხარდამჭერის როლი აქვს დაკისრებული.
რუსული ცივილიზაციის იდეა იმპერიული პოლიტიკის შესანიღბად გამოიყენება. რუს ხალხს, რომელიც საკუთარი ცივილიზაციის ფარგლებში დომინანტი ძალაა, უფლება აქვს შემოიერთოს სხვა ხალხები, რომლებიც რუსეთს თავისი მრავალეროვნულობით მხოლოდ გაამდიდრებენ და ამით რუსული ცივილიზაციის გამორჩეულობას ხაზს გაუსვამენ.
დაპყრობილი ხალხები ამ შემთხვევაში პასიურ, სუბიექტურობის არმქონე ძალებს წარმოადგენენ. რუსული ცივილიზაციის მრავალეთნიკურობა და მრავალკონფესიურობა კი, რომლითაც წიგნის ავტორები ამაყობენ, სხვადასხვა სახელწოდებების მკვდარ კოლექციად წარმოგვიდგება, რომელიც რუსმა ხალხმა ისტორიის განმავლობაში შეაგროვა. ცხადია, ნებისმიერი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რუსეთის იმპერიის ფარგლებში უცხოური შეთქმულებით არის ახსნილი.
რუსები ამ მიდგომის თანახმად არიან გამორჩეული ერი და არა ერთ-ერთი ერი მათგან, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, წიგნის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსი ხალხი თავისი განსაკუთრებული როლით არ სარგებლობს. იგი ყველაზე უფრო დატანჯული ერია, რომელიც საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვით, რუსული ცივილიზაციის მთელ სიმძიმეს მხრებით დაატარებს. შეკითხვა, სურდათ თუ არა დაპყრობილ ხალხებს რუსი ერისგან ასეთი მსხვერპლშეწირვა, სახელმძღვანელოს ავტორებს არ აინტერესებთ.
ცივილიზაცია – პროპაგანდისტული ინსტრუმენტი
ცივილიზაციურ თეორიას, მიუხედავად მისი სუსტი მტკიცებულებითი ხარისხის და ანგაჟირებულობისა, გარკვეული მიმზიდველობა გააჩნია. ის მდგომარეობს არა იმაში, რასაც თეორია ამტკიცებს, არამედ იმაში, რასაც უარყოფს. პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბრის დროს ხშირად აღნიშნავს, რომ წარმოადგენს ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს ჰეგემონობით ჩამოყალიბებული ერთპოლუსიანი სამყაროთი უკმაყოფილო არიან. ცივილიზაციური თეორია მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რომ დასავლეთთან მიმართებით შენი განსხვავებულობა იდეურად ახსნა. იგი პოპულარულია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ინდოეთში და გარკვეული თვალსაზრისით ჩინეთშიც. ამიტომაც მიუხედავად ცივილიზაციების განსაზღვრის და მათ შიგნით ერთობის გამოვლენის კუთხით არსებული ცალსახა პრობლემებისა, ეს მის მხარდამჭერებს დიდად არ აღელვებთ. შეგვიძლია თუ არა, მაგალითად მეზოამერიკული ცივილიზაცია დამოუკიდებელ ცივილიზაციად მივიჩნიოთ, არც სახელმძღვანელოს ავტორების, არც ამ თეორიის მიმდევართა დიდი ნაწილის ინტერესს არ წარმოადგენს. მათ დასავლეთისგან და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნივერსალიზმისგან დისტანცირება აინტერესებთ.
სახელმძღვანელოში რამდენჯერმე ნახსენებია უნივერსალისტური კონცეფციები, რომელთა თანახმადაც ერთი ცივილიზაცია და კანონები არსებობს, რომლებიც დანარჩენებსაც უნდა მოერგოს და შესაბამისად სამყაროში საერთო სტანდარტები დამკვიდრდეს. ძირითადი ეშმაკობა ყველა უნივერსალისტური კონცეფციის ერთ მთლიანობად განხილვაში მდგომარეობს, რომელთანაც საბოლოო ჯამში დასავლეთის ჰეგემონია ასოცირდება. ცხადია ვერ ვიტყვით, რომ წიგნი „დასავლური ლიბერალიზმის“ კრიტიკას დამაჯერებლად უმკლავდება – პირიქით, პროპაგანდისტული შტამპები ყველგანმყოფ აგენტებსა და აბორტზე, როგორც სიკვდილის კულტზე, არადამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა ყველაფერი ეს ერთ მიზანს ემსახურება – სამყარო მარტივ დიქოტომიად წარმოჩინდეს: დასავლური ლიბერალური უნივერსალიზმი რუსული „მრავალფეროვნების“ წინააღმდეგ. თუ მკითხველი XXI საუკუნის პოლიტიკური სისტემით აღფრთოვანებული არ არის, ავტორების შემოთავაზებული პოზიცია მისთვის შეიძლება დამაჯერებელი იყოს. სახელმძღვანელოს ღრმად კონსერვატორული და ხშირად უბრალოდ მდარე მოსაზრებების სრულად მიუღებლობის მიუხედავადაც, შეიძლება იმ ადამიანების გაგება, რომლებიც დასავლური ჰეგემონიისა და მრავალფეროვნების დიქოტომიაში, არჩევანს ამ უკანასკნელზე აკეთებენ.
შესაბამისად მხოლოდ ავტორების დაბალინტელექტუალური და პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსაზრებების გამოაშკარავება საკმარისი არ არის – ეს მხოლოდ არსებული სტატუს-ქვოს დასაცავად არის საკმარისი. საჭიროა უნივერსალურობაზე მონოპოლიის დანგრევა, რომელიც კაპიტალისტურ ლიბერალურ წესრიგთან ასოცირდება. სახელმძღვანელო, რომელსაც ყველა უნივერსალისტური კონცეფცია აქამდე დაჰყავს, უბრალოდ „ისტორიის დასასრულის“ კრიტიკის კვლავწარმოებას ეწევა.
ფრენსის ფუკუიამას იდეა უკვე იმდენმა გააკრიტიკა, რომ რთულია მისი მხარდამჭერი ადამიანი მოძებნო. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებიდან ხდება მისი გაკრიტიკება. სამუელ ჰანტინგტონი, რომლის სახელსაც აშშ-ში ცივილიზაციური თეორიისადმი ინტერესის გაღვივება უკავშირდება, საკუთარ სტატიას ფუკუიამაზე პასუხად განიხილავდა. იგი ამტკიცებდა, რომ ისტორია არ დასრულებულა, რადგან არსებობს ცივილიზაციური განსხვავებები და შესაბამისად გარდაუვალი კონფლიქტი მათ შორის (კონკრეტულად ჰანტინგტონი საუბრობდა შეჯახებაზე დასავლეთსა და „ისლამურ ცივილიზაციას“ შორის). ომების და კონფლიქტების ასეთი ახსნა გულისხმობს, რომ სამყაროში ისტორიის მიღმა მყოფი ცივილიზაციური იდენტობები არსებობს, რომლებიც მარადიული კონფლიქტისთვის არიან განწირული.
კონფლიქტების მატერიალისტური ახსნა შეუძლებელია ამ დაშვებაზე იყოს აგებული. არ არსებობს არავითარი თანდაყოლილი მიზეზები, რის გამოც ადამიანები კონფლიქტში შედიან – ისინი არსებობის მატერიალური პირობების შედეგებს წარმოადგენენ. მემარცხენე პასუხი ლიბერალიზმთან ამ სახით დაპირისპირებაზე არა მხოლოდ ცივილიზაციური თეორიის გაკრიტიკება, არამედ უნივერსალურობის არსებობის მტკიცებაც უნდა იყოს. გლობალურ ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს უნდა დაუპირისპირდეს არა ობსკურანტული ესენციალიზმი, არამედ სხვა ტიპის უნივერსალიზმი. წიგნის ავტორები კი ნებისმიერი ალტერნატივის არსებობას გამორიცხავენ.
წინააღმდეგობა, რომელსაც სახელმძღვანელოს ავტორები წარმოგვიჩენენ – ადგილობრივ ლოკალურ „ტრადიციებსა“ და ლიბერალიზმის გლობალურ ძალას შორის, ხელოვნურია. იყენებენ რა ცივილიზაციურ თეორიას, ავტორები რეალურად დეკოლონიური დღის წესრიგის მიმიკრიას ახდენენ და ცდილობენ რუსეთი გლობალური დასავლური იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ცივილიზაციების უფლებების დამცველად წარმოაჩინონ. რუსული იდეოლოგია რთულ მანევრს აკეთებს, რომ საკუთარი იმპერიალიზმი იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღოს. ცივილიზაციების თეორიებსა და უნიკალურ რუსულ ცივილიზაციაზე საუბრის მთავარ მიზანს სწორედ რუსული იმპერიალიზმის ცოდვების დამალვა წარმოადგენს.
რეზი ქოიავა
10.04.2025