სოლომონ ლებანიძე
დამოუკიდებელი ექსპერტი
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიზაციის პროცესს თურქეთის რესპუბლიკაში მეტი დინამიზმი შეემატება. ამ არჩევნებმა რეჯებ ტაიპ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) 13 წლიანი მმართველობა დაასრულა. ქვეყანა კოალიციური მმართველობის დამყარების რეალობის წინაშე აღმოჩნდა.
სახელმწიფო კონსტიტუციის შესაბამისად, თურქეთის პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მინიმუმ 10%-ანი ბარიერი უნდა გადალახოს. აღნიშნული ზღვარის გადალახვა წლევანდელ არჩევნებში ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოახერხა: პრეზიდენტ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“(AKP) და სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP), „ნაციონალისტური მოქმედების პარტიამ“ (MHP) და „სახალხო-დამოკრატიულმა პარტიამ“ (HDP).
ქვემოთ მოკლედ აღწერილია აღნიშნული პოლიტიკური ძალების მთავარი პოლიტიკური ორიენტირები და მსოფხედველობა:
რეჯებ ერდოღანის ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP) – ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიტიკური ძალაა თურქეთში. სწორედ მათ მოიპოვეს ყველაზე დიდი -41%-იანი მხარდაჭერა ამ არჩევნებში. AKP მოიაზრება როგორც ისლამისტური პოლიტიკური ძალა, – ტრადიციული ისლამური ღირებულებების საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის აქტიურ მებრძოლი, ამავდროულად, პრო-ევროპული პოლიტიკური პლატფორმის მქონე ორგანიზაცია. წინაასაარჩევნოდ, პარტიის ლიდერების მთავარი პოლიტიკური გზავნილი გახლდათ თურქეთის სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნის სურვილი. სუპერ-საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში მკვეთრად იზრდება პრეზიდენტის ინსტიტუტის გავლენა სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკური გავლენით და სიძლიერით მეორე პოლიტიკურ ძალას რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP) წარმოადგენს. აღნიშნული პოლიტიკური პარტია დიდი ტრადიციების მქონეა თურქეთის უახლოეს ისტორიაში. სწორედ მათ ეკავათ ქვეყნის მართვის სადავეები თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დროს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. იდეოლოგიურად CHP არის ქემალისტური, სოციალ-დემოკრატიული პლატფორმის მქონე ძალა, რომელიც გამოკვეთილად ატარებს ქემალ ათათურქის სეკულარული თურქული სახელმწიფოს იდეებს. სწორედ CHP მოიაზრება როგორც უმთავრესი პოლიტიკური ოპოზიცია AK პარტიისთვის.
თურქეთის ახალ პარლამენტში, მესამე პოზიციაზეა – რადიკალური, ტრადიციონალისტური პოლიტიკური პლატფორმის მქონე „ნაციონალისტური მოქმედების პარტია“ (MHP). პარტიული მსოფლმხედველობით და განწყობებით ისინი საკმაოდ ახლოს დგანან ყოფილ მმართველ AK პარტიის იდეოლოგიასთან. მათთვის უცხო არ არის პანოსმალური, პანისლამისტური ან პანთურქული გეოპოლიტიკური დისკურსი. შესაბამისად, MHP-ს თურქული ელექტორატის შედარებით მემარჯვენე, რელიგიური და ნაციონალისტური ფლანგი აქვს ათვისებული.
პარლამენტის პოლიტიკური პალიტრის ახალ მეოთხე ძალას – ,,პროქურთული“ განწყობების მატარებელი სახალხო-დემოკრატიული პარტია (HDP) წარმოადგენს. ამ ძალის წარმატებამ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალურად შეცვალა თურქეთის პოლიტიკური დღის წესრიგი. სახალხო დემოკრატებს ტიპიურად ახალი მიდგომები აქვთ ქურთული, სომხური და კვიპროსული საკითხების მიმართ და მათი მიღებული ხმების უდიდესი ნაწილიც სწორედ ქურთებმა და თურქეთში მცხოვრებმა სხვა ეთნიკურმა უმცირესობებმა შეადგინეს. ეს პარტია ასევე, ადანაშაულებს თურქეთის ხელისუფლებას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) კოორდინაციაში სირიაში არსებული ქურთული მოძრაობის წინააღმდეგ. გავრცელებული აზრით, HDP წარმოადგენს ,,ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) პოლიტიკურ დასაყრდენს თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში.
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველმა AKP-მ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში. ექსპერტები საპარლამენტო კოალიციის სხვადასხვა მოდელს განიხილავენ. განიხილება კოალიციის ჩამოყალიბება როგორც ერდოღანის პარტიის მონაწილეობით, ისე მის გარეშე. თუკი საპარლამენტო კოალიცია ვერ ჩამოყალიბდა, თურქეთი ხელახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაშე დადგება.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, AKP-ს და CHP-ს შორის კოალიციის შექმნის შესაძლებლობასაც, თუმცა ქვეყნის უმთავრესი ოპოზიციური ძალა CHP თავიდანვე უარყოფდა რაიმე ტიპის თანამშრომლობას პრეზიდენტ ერდოღანის AKP-სთან.
სხვა მხრივ, მოდელი AKP-MHP მეტად რეალისტურია: ამ პარტიებს გააჩნიათ მსგავსი პოლიტიკური პლატფორმები და ისინი „მუშაობენ“ ნაციონალისტურ და რელიგიურად განწყობილ ელექტორატზე. თუმცა ამ ვარიანტმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს MHP-ის რეიტინგი, ვინაიდან ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ მემარჯვენე საპროტესტო ელექტორატის ხმები მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ MHP-ის ელექტორატი მკვეთრად ანტიევროპულ და ანტიამერიკულ პოზიციებზეა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში MHP-ის წარმომადგენლები ერდოღანის პარტიას ქვეყნის ინტერესების ღალატსა და დასავლეთთან მიმართებით ზედმეტ კომფორმიზმში ადანაშაულებდა.
ორი ოპოციზიური ძალის HDP-ის და MHP-ის ერთ კოალიციაში ხილვა კი პრაქტიკულად წარმოუდგენილია, ქურთული საკითხის მიმართ ამ პარტიების კარდინალურად განსხვავებული მიდგომების გამო.
პროქურთული სახალხო-დემოკრატიული პარტიისთვის (HDP) ერდოღანის მთავრობის ინიციატივები ქურთული მოძრაობის მიმართ არასაკმარისად მიიჩნევა, ,,ნაციონალისტური მოქმედების პარტია“ (MHP) კი – ნებისმიერ ჟესტს ან ინიციატივას ქურთების მიმართ აღიქვამს ეროვნული ინტერესების ღალატად და ზედმეტ დათმობად.
30 ივნისს თურქეთის ახლად არჩეულ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. პარლამენტში წარმოდგენილმა ოთხივე პოლიტიკურ სუბიექტმა საკუთარი კანდიდატები წარმოადგინეს. პარლამენტის სპიკერად არჩეულ იქნა AKP-ს წარმომადგენელი ისმეთ ილმაზი. ამ ფაქტმა ცხდადყო, რომ საპარლამენტო პარტიებს შორის არსებობს გარკვეული თემატური კოორდინაცია. საგულისხმოა, რომ ჩავარდა პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის დენიზ ბაიქალის კანდიდატურა, რომელიც CHP-დან იყო შემოთავასებული. აღნიშნულმა კი ამ პარტიის მხარდამჭერებს საბაბი მისცა MHP-ის პარტია პრეზიდენტ ერდოღანის პარტიასთან AKP-სთან ფარულ ალიანსში დაედანაშაულებინათ.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ხდება საპარლამენტო ბიუროს ჩამოყალიბება და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ნომინაცია. ზუსტად, ამ ეტაპის შემდეგ შესაძლებელია საპარლამენტო კოალიციაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება. უდავოა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად აჰმედ დავუთოღლუს კანდიდატურას შესთავაზებს პარლამენტს დასამტკიცებლად.
არსებობს ვარაუდი, მოლაპარაკებები კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ გაიმართება პარლამენტში შემავალ უმთავრესს ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის – ერდოღანის AKP-ს და ქემალისტურ მთავარ ოპოზიციურ ძალას – CHP-ის შორის. შესაძლოა, AKP-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აჰმედ დავუთოღლუმ გამართოს CHP-ს ლიდერებთან მოლაპარაკებები, დათანხმდეს გარკვეულ პირობებს და ამის შემდეგ ამ ორ პარტიას შორის ე.წ. დიდი კოალიცია გაფორმდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ,,რესპუბლიკური სახალხო პარტია“ (CHP) არჩევნებზე წინასაარჩევნო 14 პუნქტით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებას ეხება. სავარაუდოდ, AKP-ს პრემიერობის კანდიდატი ამ პუნქტების შესრულებას დათანხმდება.
მეორე მხრივ, აშკარაა მოქმედებების გარკვეული კოორდინაცია AK პარტიასა და თურქ ნაციონალისტებს – MHP-ს შორის. თურქი ნაციონალისტების საპარლამენტო კოალიციაში შესაძლო შესვლა მნიშნველოვნად უკანა პლანზე გაწევს ქურთული საკითხის, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და კვირპოსის პრობლემის გადაწყვეტას.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს, AK პარტიის დომინანტური როლის შენარჩუნდებით თურქეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, არ შეიცვლება თურქეთის ხელისუფლების ძირითადი საგარეო ხედვა, მათ შორის დამოკიდებულება კავკასიის ქვეყნების მიმართ. დავუთოღლუს მიერ დეკლარირებული საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა „ ნულოვანი პრობლემა მეზობლებთან“ სავარაუდოდ, ისევ ძალაში დარჩება; თუმცა, AK პარტიის შესაძლო პარტნიორების СHP-ისა და MHP-ის მონაწილეობა კოალიციაში უფრო მკვეთრს გახდის თურქეთის მხარდაჭერას აზერბიაჯანისა და საქართველოს მიმართ. MHP-ის აქტიური მონაწილეობა სამთავრობო კოალიციაში კი თურქეთის პოზიციას სომხეთის მიმართ სავარაუდოდ უფრო დაძაბულს გახდის.
__________________________________________
http://www.dailysabah.com/columns/ihsan-aktas/2015/06/13/the-future-of-turkish-democracy
http://www.dailysabah.com/columns/tulu-gumustekin/2015/06/11/no-room-for-coalition-without-ak-party
http://www.dailysabah.com/politics/2015/07/03/ak-party-to-begin-tour-for-coalition-with-chp
http://www.todayszaman.com/columnist/mumtazer-turkone/mhps-choice_392811.html
http://www.todayszaman.com/columnist/amanda-paul/prepare-for-a-hot-summer_392807.html