Close Menu
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Facebook X (Twitter) Instagram
Regional DialogueRegional Dialogue
Facebook X (Twitter) Instagram YouTube
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
Regional DialogueRegional Dialogue
Home » რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?
ანალიტიკა

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.20259 წუთის საკითხავი
გაზიარება
Facebook Twitter LinkedIn Email

პუტინიზმის იდეოლოგიურ კონტურებზე საუბარი დიდი ხანია გრძელდება. მრავალი წელია მეცნიერები და ექსპერტები რუსული რეჟიმის ბუნებაზე და რეჟიმის ფუნქციონირებაში იდეოლოგიის როლზე კამათობენ. ამ დავაში შეგვიძლია ორი განსხვავებული პოზიცია გამოვყოთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეჟიმის მდგრადობა ავტორიტარული პრაქტიკების სტანდარტული ნაკრებით არის უზრუნველყოფილი (კლიენტელიზმი, არჩევნების გაყალბება, ოპოზიციის დევნა და ა.შ.), ხოლო იდეოლოგიური მთლიანობა მას არ გააჩნია. სხვები კი თვლიან, რომ პუტინიზმის ფორმირების და გაძლიერების პარალელურად მისი იდეოლოგიაც ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში საკვანძო როლს თამაშობს.

ეს დავები მკვლევართა ვიწრო წრის განხილვის თემად დარჩებოდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრასთან ერთად მან უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. რუსული რეჟიმის ბუნებაზე და მასში იდეოლოგიის როლზე მიღებული პასუხები მისი მდგრადობის პოტენციალზე ადეკვატურ წარმოდგენებს მოგვცემს. ამავდროულად ამ პასუხებზე პირდაპირ არის დამოკიდებული ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც დანარჩენი სამყარო პუტინის რეჟიმის შესაჩერებლად მიიღებს.

რა არის იდეოლოგია?: დოქტრინა, პრაქტიკა თუ მენტალობა?

უთანხმოების საფუძველში, როგორც ეს ხშირად ხდება, ცნებების შესახებ დავა არის. პუტინიზმის დეიდელოგიზირებული მიდგომის მომხრეები, როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმების შესახებ კლასიკურ თეორიას ეყრდნობიან. ავტორიტარული რეჟიმების ცნება პოლიტიკურ მეცნიერებებში ტოტალიტარიზმთან და დემოკრატიასთან ერთად გაჩნდა. პოლიტიკური რეჟიმების ამ ორი ტიპისგან განსხვავებით, ომისშემდგომ ავტოკრატიებს სხვა ნიშნებთან ერთად იდეოლოგიზაციის დაბალი დონეც გამოარჩევდათ.

ესპანელ-ამერიკელი პოლიტოლოგი ხუან ლინცი წერდა, რომ იდეოლოგიები აზროვნების სისტემებად უნდა განვიხილოთ, რომელთაც შედარებითი ინტელექტუალური გაფორმება და ორგანიზებულობა ახასიათებთ. ლინცის თანახმად, სწორედ მათზეა დაფუძნებული ტოტალიტარული თუ დემოკრატიული რეჟიმებისადმი რწმენა. პირველში იგი ფიქსირებული ელემენტების სახით არსებობს, რომელთაც მაღალი აფექტურობა ახასიათებთ და დიდ მანიპულაციურ თუ მობილიზაციურ პოტენციალს ფლობენ. დემოკრატიებში კი კონკურენტული იდეოლოგიები ერთ წერტილში იკვეთებიან და ძალაუფლების ცვლილების პროცედურების და პოლიტიკის ფორმირების შესახებ კონსენსუსს აღწევენ.

ავტორიტარულ რეჟიმებთან მიმართებით კი ლინცი იყენებდა ტერმინს „მენტალობა“. მას იგი აზროვნების და შეგრძნებების ქაოტურ ნაკრებად მიიჩნევდა, რომელთაც არა რაციონალური, არამედ ემოციური ბუნება აქვთ და სხვადასხვა პოლიტიკურ სიტუაციებში რეაქციების დიაპაზონს განსაზღვრავენ. იდეოლოგიის მენტალობისგან კიდევ ერთი განსხვავება მომავლისადმი დამოკიდებულებაშია. იდეოლოგიები თან მძლავრ უტოპიურ კომპონენტს ატარებენ, რაც საშუალებას აძლევთ სასურველი მომავალი დახატონ, მისი რეალურობა დაამტკიცონ და ხალხს მისი მიღწევის გზები შესთავაზონ. მენტალობა პირიქით, მხოლოდ წარსულისა და აწმყოსადმია მიმართული. მას არ შეუძლია მომავლის დამაჯერებელი სურათის დახატვა.

მიზეზები, რის გამოც ავტორიტარულ რეჟიმებში საკვანძო ელემენტი მენტალობაა და არა იდეოლოგია, ნათელია. ეს რეჟიმები, როგორც წესი ძალების, ტრადიციების და ინტერესების წინააღმდეგობრივ ნაკრებს ეყრდნობიან, ხოლო ავტორიტარის სიძლიერე დამოკიდებულია მის უნარზე მოახდინოს მანევრირება ამ წინააღმდეგობებს შორის და მისი მოწინააღმდეგეების კონსოლიდაცია არ დაუშვას. იდეოლოგიები პოლიტიკურ სივრცეს აწესრიგებენ და სტრუქტურაში აქცევენ; მენტალობა კი პირიქით, პოლიტიკურ ძალებს შორის მყარი საზღვრების ფორმირებას ხელს უშლის. შესაბამისად, ავტორიტარი ლიდერი ორ ამოცანას ასრულებს: უზრუნველყოფს შედარებით სიმშვიდეს მის მხარდამჭერთა ბაზაში და პოლიტიკური ოპოზიციის ფორმირების გზებს ანეიტრალებს. 

ამ პოზიციას იდეოლოგიის ფართო გაგება უპირისპირდება. იდეოლოგია წარმოადგენს შეხედულებათა ნაკრებს რეალობაზე, რომელსაც სოციალური პრაქტიკების დახმარებით მხარს უჭერენ და კვლავაწარმოებენ. ეს გაგება სტრუქტურული მარქსიზმიდან, კერძოდ კი ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალთუსერის შრომებიდან („იდეოლოგია და სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატები“) მოდის. ალთუსერის თეზისის თანახმად, იდეოლოგია რიტუალების და პრაქტიკების ნაკრებს წარმოადგენს, რომლის წყალობითაც ახალი რეალობის წარმოება ხდება. მისი აზრით, საკვანძო როლს ამ წარმოებაში „სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატები“: ეკლესია, სკოლა, ოჯახი, მედია და ა.შ. თამაშობს. სწორედ მათი დახმარებით ხდება მოქალაქეთა „გაწვრთნა“, რაც არსებულ პოლიტიკურ წესრიგთან შეგუებას უზრუნველყოფს.

სტრუქტურული მარქსიზმის პოზიციიდან ნებისმიერი პოლიტიკური წესრიგი იდეოლოგიას ეყრდნობა. უფრო მეტიც, ადამიანის ცხოვრების წარმოდგენაც შეუძლებელია იდეოლოგიის გარეშე. ამ კუთხით შეკითხვა, არსებობს თუ არა პუტინიზმის იდეოლოგია, არავითარ ინტრიგას არ შეიცავს: ცხადია არსებობს. ოცდაოთხი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა იდეოლოგიური პრაქტიკები რუსული საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დანერგა. ეკლესია სკოლის, არმიის და ციხის ცხოვრებაში ჩაერთო, მოხდა ისტორიის სწავლების უნიფიკაცია, შემოიღეს პატრიოტული აღზრდის გაკვეთილები, კაზაკური ორგანიზაციების დაფინანსება და ა.შ. თუმცა ამ იდეოლოგიზაციაში პირველადია პრაქტიკები და არა მის უკან მდგომი შინაარსი.  

იდეოლოგიასა და მენტალობას შორის განსხვავების განმარტების შემდეგ შეგვიძლია პუტინის რეჟიმის ისტორიას გადავხედოთ და ვნახოთ, რა როლს ასრულებდა მის ფუნქციონირებაში იდეოლოგია.

იდეოლოგიისგან დაცლილი რეჟიმი

ოცდახუთი წლის წინ, ძალაუფლებაში მოსვლის დროს პუტინი „იდეების ადამიანი“ ნამდვილად არ იყო და მისი პოლიტიკაც რომელიმე დოქტრინისადმი რწმენით არ იმართებოდა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მისი ხედვები პრაქტიკული „ჭეშმარიტებების“ სინთეზს წარმოადგენდნენ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა კარიერის განმავლობაში დაკავებული სხვადასხვა სტრუქტურული პოზიციიდან აითვისა. საბჭოთა სპეცსამსახურებში მუშაობამ მას კონსპიროლოგიური აზროვნება შთაუნერგა, სანკტ-პეტერბურგის მერიაში 1990-იან წლებში პრივატიზაციის ხელმძღვანელობამ კი ძალადობის და შიშველი დომინაციის მორალთან აზიარა, რომელიც ნახევრდაკრიმინალური ბიზნესისა და მაფიისთვის იყო დამახასიათებელი. და ბოლოს, ძალაუფლებაში უცვლელი ავტორიტარი ლიდერის რანგში მრავალწლიანმა ყოფნამ მესიანურ დანიშნულებაში დაარწმუნა – პუტინი თვლის, რომ სწორედ მან უნდა აღადგინოს რუსეთის დაკარგული გეოპოლიტიკური ძალაუფლება. ისევ ლუი ალთუსერის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, პუტინის იდეოლოგია შეგვიძლია „მატერიალურ პრაქტიკულ საქმიანობად“ მივიჩნიოთ, რომელიც საკუთარ თავში წინააღმდეგობებს და შეუთავსებლობებს ატარებს.

ამ წინააღმდეგობების საუკეთესო მაგალითია საბჭოთა წარსულის მიმართ დამოკიდებულება. პუტინიზმი საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიური განწყობების ექსპლუატირებას ახდენს, მაგრამ მისი იდეოლოგიური გაფორმების ნებისმიერ მცდელობებს მტკივნეულად უყურებს. საზოგადოებრივი მოძრაობა „სსრკ-ს მოქალაქეები“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარეს. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია დღემდე რეჟიმის მიერ პოლიტიკური პრობლემების შესაძლო წყაროდ განიხილება. დუმის არჩევნებზე კომუნისტებს სპოილერ-კანდიდატებს უყენებენ, რომელთა ამოცანაც არა მხოლოდ პარტიისთვის ხმების ართმევა, არამედ მემარცხენე შეხედულების მქონე მოქალაქეებში დისონანსის გაძლიერებაც არის.

საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიის პარალელურად ვლადიმირ პუტინის რეჟიმი რევოლუციამდელი მემკვიდრეობის ექსპლუატირებასაც ეწევა. საბჭოთა და რევოლუციამდელი სიმბოლოების წინააღმდეგობრიობა რეჟიმს მანევრირების სივრცეს აძლევს. შედეგად პუტინმა მოახერხა და წითელი დროშა გეორგიევსკის ლენტით შეცვალა, რომელიც 9 მაისის სიმბოლოდ აქცია.

შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლამდე პუტინის პროექტი იდეოლოგიისგან მთლიანად დაცლილი იყო და ერთმანეთთან შეუთავსებელი პოლიტიკური იდეების და შეხედულებების ნაზავს წარმოადგენდა. პუტინი დიდხანს და წარმატებულად თავს არიდებდა იდეოლოგიებს, რაც მას საშუალებას აძლევდა რუსეთის პოლიტიკის საკვანძო საკითხების ირგვლივ ინტრიგა შეენარჩუნებინა. თუმცა მესამე ვადის დაწყებასთან ერთად პუტინის რეჟიმში ფაშისტური კონტურები თანდათან გამოიკვეთა.

რა არის ფაშიზმი?

24 თებერვალს, როდესაც პუტინის რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრა დაიწყო, მსოფლიო მხოლოდ დასავლური გეოპოლიტიკური ჰეგემონიისადმი გამოწვევას არ შეეჯახა. კრემლის აგრესიული პოლიტიკის უკან იდგა თეორია, რომელიც იმპერიალისტური იდეოლოგიის კლასიკურ ფიგურებს აცოცხლებდა. ამ თეორიის თანახმად ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ ძლიერის უფლებას ეფუძნება. ერაყსა თუ ავღანეთში აშშ-ს ინტერვენციების კრიტიკის დროს, ვლადიმერ პუტინი სწორედ მათ ექსკლუზიურ ხასიათს არ ეთანხმებოდა და მოითხოვდა, რომ თითოეულ სუვერენულ ქვეყანას აგრესიის და საკუთარი გავლენის ზონების გაფართოების უფლება ჰქონოდა.

პუტინის აზრით, თავად ისტორიით არის განსაზღვრული, თუ რომელ ქვეყნებს აქვთ „იმპერიად“ (ანუ პოლიტიკის სუბიექტად) და „კოლონიად“ – ნამდვილი „სუვერენული“ სახელმწიფოების ინტერესთა ობიექტად ყოფნის უფლება. ადვილი შესამჩნევია, რომ ამ იდეოლოგიურ სქემაში სახელმწიფოები ინდივიდებს ჰგვანან, რომლებიც საბაზრო საზოგადოებაში წარმატებისთვის, ბატონობისა და აღიარებისთვის მუდმივ ბრძოლას ეწევიან. ერთი და იგივე ბუნებრივი კანონი მართავს სახელმწიფოებს, საზოგადოებებს და კონკრეტულ ადამიანთა ცხოვრებასაც: ან შენ მოიპოვებ ეგზისტენციური არსებობის უფლებას სხვის ხარჯზე, ან გახდები მისი მსხვერპლი.

ომის დაწყებასთან ერთად რუსეთში დამყარებულმა დიქტატურამ სახიფათო კავშირი შექმნა – ქვეყნის შიგნით გამეფებული შიშის ატმოსფერო იმპერიალისტურ აგრესიას დაუკავშირა, რომელსაც უნისონში ერის ნების ავტორიტარი ლიდერის სურვილებთან გათანაბრება მიჰყვება. ამ „სახიფათო კოქტეილის“ შემხედვარე ბევრმა მკვლევარმა ფაშიზმის ფენომენი გაიხსენა.

ფაშიზმის შესახებ უზარმაზარი ისტორიული და პოლიტიკურ-ფილოსოფიური ლიტერატურიდან შეგვიძლია სამი მიდგომა გამოვყოთ, რომელთაგან პირველი მას იდეოლოგიად (ან იდეოლოგიური ნიშნების ნაკრებად) განიხილავს, მეორე რადიკალურ მასობრივ მოძრაობად, ხოლო მესამე ფაშიზმში სახელმწიფოს, პოლიტიკური რეჟიმის და უფრო ფართოდ – სოციალური ძალაუფლების ახალ ფორმას ხედავს.

ფაშიზმის რეჟიმად განსაზღვრება, რომლისთვისაც იდეოლოგიური ნიშნები ან თანმდევი მასობრივი მოძრაობა აუცილებელი არ არის, ამ მოვლენის უნივერსალიზაციის საშუალებას გვაძლევს. ასეთი უნივერსალური მიდგომის თანახმად ფაშიზმი წარმოადგენს არა ირაციონალურ გადახრას დასავლური ცივილიზაციის მაგისტრალური რაციონალური გზისგან (როგორც ლიბერალური ინტელექტუალური მეინსტრიმის მიმდევარი მკვლევრები თვლიან), არამედ ფენომენს, რომელიც თავად საბაზრო საზოგადოების ბუნებისგან პირდაპირ გამომდინარეობს.

ეს პოზიცია საუკეთესოდ კარლ პოლანიმ გამოხატა, რომელიც „დიდ ტრანსფორმაციებში“ ფაშიზმს საზოგადოებაში ნებისმიერი ფორმის თვითორგანიზაციასა და სოლიდარობაზე საბაზრო ლოგიკის გამარჯვებად განიხილავს. ფაშიზმის ამოცანა, პოლანის თანახმად, არის სოციალური ატომიზაციის დასრულება და კაპიტალისტური წარმოების მანქანის მიერ ადამიანის მთლიანად შთანთქმა. პოლანი ფაშიზმს ახასიათებდა არა როგორც მოძრაობას (movement), არამედ როგორც შემობრუნებას (move) – ელიტების კონსენსუსურ პასუხს ეკონომიკურ კრიზისსა და ანტიკაპიტალისტურ ალტერნატივებზე. ფაშიზმი შესაბამისად დემოკრატიასა და საბაზრო ლოგიკას შორის „XIX საუკუნის ცივილიზაციის“ წინააღმდეგობის რადიკალურ გადაწყვეტას წარმოადგენს. იგი ახლებურად განსაზღვრავს „ადამიანის ბუნებას“, რომელიც ადამიანობის, როგორც უნივერსალური ერთობის პრინციპულ უარყოფას ეფუძნება. 

მსგავს შეხედულებამდე, თუმცა სხვა თეორიული პერსპექტივიდან, ჰანა არენდტი „ტოტალიტარიზმის საფუძვლებში“ მივიდა. არენდტი ამტკიცებს, რომ ფაშიზმს პირდაპირი კავშირი ინტელექტუალურ ტრადიციასთან არ აქვს და წარმოადგენს არა პოლიტიკურ, არამედ სოციალურ ფენომენს, რომელიც ახალი ეპოქის საკვანძო ტენდენციების უკიდურეს რეალიზაციაში – საზოგადოების ატომიზაციასა და საჯაროობის ნებისმიერი ფორმის გაქრობაში გამოიხატება. არენდტისთვის ფაშისტური ტოტალიტარული საზოგადოების არსი მდგომარეობს არა პოლიტიკის შეღწევაში სოციალური ცხოვრების ყველა სართულზე, არამედ პირიქით, უკიდურეს დეპოლიტიზაციაში, „საჯარო ინტერესის“ შესახებ ნებისმიერი წარმოდგენის გაქრობაში.

შესაბამისად, ფაშიზმი წარმოადგენს ბურჟუაზიული სახელმწიფოს ახალ ფორმას, რომელიც კაპიტალს პირდაპირ ერწყმის – შეიძლება ითქვას, რომ ფაშიზმში კაპიტალი სახელმწიფოს ფორმას საბოლოოდ იღებს.

თანამედროვე ფაშიზმს უკვე არ სჭირდება მასობრივი რეაქციონერული მოძრაობები. მას არ სჭირდება სამოქალაქო ომის მეთოდების გამოყენება ორგანიზებული მუშათა კლასის დასამარცხებლად და ძალადობის დახმარებით მათი „ამორფულ მდგომარეობაში“ გადასაყვანად – ეს სამუშაო ათწლეულების განმავლობაში ნეოლიბერალურმა რეფორმებმა (პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 1990-იანი წლების „შოკურმა თერაპიამ“) უკვე შეასრულა. საჭიროა მხოლოდ move ზემოთ, რომელიც დემოკრატიული მონაწილეობის ნებისმიერ ფორმას საბოლოოდ დაასამარებს და კაპიტალს სახელმწიფოს ფორმას მიანიჭებს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ პუტინიზმი, რომელიც რუსეთის პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის პირობებში დაიბადა, იდეოლოგიურად გლობალურ ტენდენციებს ჰგავს და მისი ეროვნული სპეციფიკა უმნიშვნელოა. რუსული რეჟიმის რიტორიკის კუთხით რთულია რაიმე განსხვავება მოძებნო მასსა და ლე პენის ამომრჩეველს, ვიქტორ ორბანის მომხრეს თუ ტაკერ კარლსონის სატელევიზიო შოუების თაყვანისმცემელს შორის: ყველგან ისმის აგრესიული ანტი-უნივერსალიზმი, „უმცირესობებისგან“ მომავალი საფრთხე, „ტრადიციული ოჯახის“ და „ღირებულებების“ დაცვა ლიბერალიზმისა და კულტურული მარქსიზმისგან, ზიზღის ექპლუატაცია აბსტრაქტული „ელიტების“ მიმართ. ერთადერთი პრინციპული განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პუტინიზმმა XXI საუკუნის ფაშისტური რეჟიმის სახე  უკვე მიიღო და ამ კუთხით წარმოადგენს როგორც მოგონებას წარსულზე, ასევე გაფრთხილებას მომავლის შესახებ. მაგრამ რატომ ერგო პოსტ-საბჭოთა რუსეთს ასეთი მაგალითის ბედი?

პუტინიზმის ფაშიზაციის ისტორია

პუტინის ძალაუფლებაში მოსვლისთანავე პერსონალური ძალაუფლების, მასობრივი დეპოლიტიზაციის და ფართოდ გავრცელებული შოვინისტური და რასისტული განცხადებების სახიფათო კომბინაცია უკვე ნათლად შესამჩნევი იყო. ამავდროულად პუტინის პოლიტიკური კარიერა თავიდანვე ომთან იყო დაკავშირებული. მისი ძალაუფლებაში მოსვლის დროს რუსეთის არმია ფართომასშტაბიან „კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას“ ჩეჩნეთში უკვე აწარმოებდა.

პარალელურად რუსეთში აქტიურად მიმდინარეობდა ნეოლიბერალური რეფორმების გატარება – მიიღეს ახალი შრომის კოდექსი, ახალი საბინაო კოდექსი, რამაც საზოგადოებრივი სივრცეების პრივატიზაცია შესაძლებელი გახადა, შემოიღეს 13% ბრტყელი საგადასახადო სისტემა. მოხდა ნეოლიბერალიზმის და სახელმწიფო კაპიტალიზმის შერწყმა: ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული მომგებიანი კომპანიები თანდათან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადადიოდნენ, ხოლო საჯარო სექტორი (პირველ რიგში განათლება და მედიცინა) მუდმივი „ოპტიმიზაციის“ ობიექტი იყო. ამ პერიოდში პუტინიზმი „პოსტ-პოლიტიკურ“ (ჟაკ რანსიერის ტერმინოლოგიით) რეჟიმს წარმოადგენდა – წმინდა მენეჯმენტი და ეფექტური მუშაობა, რომლისთვისაც პოლიტიკური ვნებები და იდეოლოგიური მოწოდებები უცხო იყო.  

ყველაფერი 2011 წელს შეიცვალა, როდესაც პუტინმა პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა და რეჟიმის ღიად პერსონალისტური ტიპის ძალაუფლებისკენ ტრანსფორმაციაც დააანონსა. 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში მოსკოვსა და სხვა მსხვილ ქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტიურად მთლიანად ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პოსტ-პოლიტიკური და ტექნოკრატიული მოდელის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანია პუტინმა სხვა სტილში ჩაატარა: ოპოზიციური აქციები საგარეო და საშინაო მტრების ჩანაფიქრად შეირაცხა. პუტინი კი „ტრადიციული ოჯახის“ და ქვეყნის მთლიანობის დამცველ ფიგურად წარმოჩინდა, რომელსაც ქრისტიანული რწმენით და რუსეთის ისტორიული გზისადმი ერთგულებით გაერთიანებული მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს.

ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ჩარევა ამ პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა. საშინაო პოლიტიკა თანდათან საგარეომ ჩაანაცვლა, რომელშიც ერთადერთი მოქმედი სუბიექტი შესაძლოა მხოლოდ ეროვნული ლიდერი და უმაღლესი მთავარსარდალი ყოფილიყო. მოსახლეობის სამოქალაქო ვალდებულება კი მისი პასიური მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. საბოლოოდ საზოგადოებაზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად რეჟიმმა ნამდვილი, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რომლის შემდგომაც რამდენიმე კვირაში რუსეთში ახალი პოლიტიკური წესრიგი დაამყარა.

პუტინის რეჟიმმა ოცი წლის განმავლობაში დეპოლიტიზირებული, ნეოლიბერალური ავტორიტარიზმიდან მკაცრ დიქტატურამდე ეტაპობრივი ევოლუცია გაიარა, რომლისთვისაც იმპერიული დაპყრობები და დამანგრეველი ომი, რომელიც მიზნად მთელი ქვეყნის განადგურებას ისახავს, არსებობის ერთადერთ მოდუსად რჩება. ამ ტრანსფორმაციაში კი ყველაზე შემზარავია მისი ელემენტების ნაცნობი სახე: საზოგადოების პასიურობა და ატომიზაცია, რეაქციული ანტი-უნივერსალიზმი რიტორიკაში, რომელიც ელიტების უკიდურეს ცინიკურ რაციონალურობაზეა გამრავლებული. შესაბამისად მასში ჩვენ უნდა დავინახოთ მომავლის გლობალური საფრთხე, რომელიც სათანადო პასუხს საჭიროებს.

რეზი ქოიავა

მსგავსი პოსტები

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

ცივილიზაციური თეორია პროპაგანდის სამსახურში

10.04.2025

ტრაგიკული დიპლომატია: ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ

11.03.2025
ახალი ამბები

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

18.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

ცივილიზაციური თეორია პროპაგანდის სამსახურში

10.04.2025

ტრაგიკული დიპლომატია: ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ

11.03.2025
  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • YouTube

რა იდეოლოგია აქვს პუტინის რეჟიმს?

ანალიტიკა 18.05.2025

პუტინიზმის იდეოლოგიურ კონტურებზე საუბარი დიდი ხანია გრძელდება. მრავალი წელია მეცნიერები და ექსპერტები რუსული რეჟიმის ბუნებაზე…

„ხალხთა მეგობრობა“ და ნაციონალიზმი საბჭოთა იმპერიაში

15.05.2025

რამდენიმე შტრიხი ინგლის-საქართველოს სარწმუნოებრივ ურთიერთობათა წარსულიდან – ნუგზარ პაპუაშვილი

08.05.2025

სამხრეთ კავკასიური „შენგენი“

08.05.2025

„კავკასიური სახლის“ პროექტი

  • კავკასიური სახლი 0155 თბილისი, საქართველო გალაკტიონ ტაბიძის 20
  • (+995 32) 2 935088;     (+995 32) 2 996022
  • info@caucasianhouse.ge
  • FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.

Facebook Youtube Instagram Twitter
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский

© 2023 რეგიონალური დიალოგი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია Rankers Digital-ის მიერ

„კავკასიური სახლის“ პროექტი

კავკასიური სახლი
0155 თბილისი, საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის 20

(+995 32) 2 935088; (+995 32) 2 996022

info@caucasianhouse.ge

FAX: (+995 32) 2997261

პუბლიკაციების შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს. პუბლიკაციების შინაარსი გამოხატავს ავტორთა პირად მოსაზრებებს.
About Us
About Us

Your source for the lifestyle news. This demo is crafted specifically to exhibit the use of the theme as a lifestyle site. Visit our main page for more demos.

We're accepting new partnerships right now.

Email Us: info@example.com
Contact: +1-320-0123-451

Our Picks
Facebook X (Twitter) Instagram YouTube WhatsApp
  • პორტალის შესახებ
  • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სამუშაო ანგარიში
  • ანალიტიკა
    • სტატიები
    • ინტერვიუ
  • კომენტარი
  • ბლოგი
  • ფოტოგალერია
  • კონტაქტი
  • კავკასიური სახლი
  • ქართული
    • ქართული
    • English
    • Русский
© 2025 ThemeSphere. Designed by ThemeSphere.

ჩაწერეთ ზემოთ და დააჭირეთ Enter საძიებლად. გასაუქმებლად დააჭირეთ Esc.