ნინო თოფურიძე
უკანასკნელი წლების მანძილზე თურქეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური გააქტიურება აფხაზეთში არაერთგვაროვნად ფასდება ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. ქართული მხარისთვის არასასიამოვნო საკითხია, როგორც თურქერთის საზღვაო ვაჭრობის რეჟიმი აფხაზეთთან, ისე თურქი პოლიტიკოსების ვიზტები აფხაზეთში.
2010 წელს საქართველოს მთავრობის მცდელობა თურქეთთან ერთად შეემუშავებინა სამართლებრივი ჩარჩო რომელიც თურქეთის პარტნიორობას აფხაზეთთან ლეგიტიმურ ხასიათს მისცემდა, უშედეგოდ დასრულდა, რაც ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს აფხაზეთსა და თურქეთს შორის დღემდე ღიად ტოვებს.
2009 წლიდან გააქტიურდა თურქი დიპლომატების ვიზიტები აფხაზეთში, აღნიშნულის დასტურია ამავე წელს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანალ სევიკოზის ვიზიტი აფხაზეთში. ვიზიტის ფარგლებში აფხაზ ოფიციოზთან ჩატარებული შეხვედრის დროს განხილული იქნა თურქეთ-აფხაზეთის პოტენციური ეკონომიკური პარტნიორობის შესაძლებლობები.[1]
2011 წელს აფხაზეთს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის დეპარტამენტის ხელძღვანელი ნურდან ბაიაკტარი, საქართველოში თურქეთის ელჩ ლევეტ მურატ ბურჰანთან ერთად ეწვია აფხაზეთს. ელჩის, მურატ ბურჰანის, განცხადებით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრის მიზანი, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოვება, გაღრმავება წარმოადგენდა. მისივე თქმით, თურქეთი იმედოვნებდა: “განეხილა აფხაზეთთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარების საკითხი” [2];
2014 წელს კი ორი თურქული დელეგაცია ესტუმრა აფხაზეთს: თურქი ჟურნალისტების და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სახით.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჰქონია ოფიციალური განცხადება, არ გაგზავნილა თურქეთში საპროტესტო ნოტა, არ დაბარებულა თურქეთის ელჩი საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პოზიცია აფხაზეთში თურქი ჟურნალისტების ვიზიტის შესახებ რბილად დააფიქსირა, საქართველოში თურქეთის ელჩთან შეხვედრის დროს: საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ (დავით ჯალაღანია) დააფიქსირა, რომ ამგვარი ფაქტები (ვიზიტები) არ შეესაბამება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება[3].
ამ მომენტისათვის საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ექსპერტებს შორის არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია აფხაზეთში თურქეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
სამთავრობო პოზიციის თანახმად, თურქეთი კარგი პარტნიორია, რომელიც არასოდეს ავნებს ქართულ ინტერესებს, ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით თურქეთს, როგორც ძლიერ რეგიონულ მოთანამაშეს შესაძლებლობა ეძლევა ახალი მუხტი შეიტანოს, როგორც მედიატორმა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
აღნიშნული სტატიის მიზანია, გააანალიზოს: 1. თურქეთ-აფხაზეთის ეკონომიკური პარტნიორობის შედეგები; 2. თურქეთის როგორც შესაძლო მედიატორის როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში.
თურქეთ-აფხაზეთის ეკონომიკური თანამშრომლობა
2013-2014 წლის აფხაზეთის ე.წ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, თურქეთი აფზახეთის ნომერ მეორე ეკონომიკური პარტნიორია რუსეთის შემდგომ, (აღნიშნული სტატისტიკა არ ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს დანარჩენ საქართველოსთან) აფხაზეთის სავჭრო ბრუნვა ქვეყნების მიხედვით აჩვენებს, რომ მთელი ეკონომიკური ბრუნვის 14% პროცენტი მოდის თურქეთზე, 60% – რუსეთზე ხოლო დარჩენილი 26% – სხვა პარტნიორ ქვეყნებზე.[4] თურქეთი ნომერ მეორე საექსპორტო პარტნიორის აფხაზეთისთვის და მისი წილი 28%-ს შეადგენს, ხოლო იმპორტის შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.[5] მთლიანობაში, თურქეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ორი ასპექტია მნიშვნელოვანი. პირველი, ის, რომ ანკარა უგულებელყოფს საქართველოს ინტერესებს და აფხაზეთში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით მოქმედებს; ხოლო მეორე ის, რომ მის ქმედებებს მაინც აქვს გარკვეული დადებითი შედეგები.მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლიდან თურქეთი დსთ-ის სხვა ქვეყნებთან ერთად შეუერთდა ეკონომიკურ ემბარგოს აფაზეთის წინააღდეგ, ვაჭრობა აფხაზეთსა და თურქეთს შორის მაინც ხორციელდება, ძირითადად, საზღვაოსნო მიმოსვლის გზით. 1999 წლიდან დღემდე საქართველოს სანაპირო დაცვამ 60-მდე გემი დააკავა, რომლებიც უკანონოდ კვეთდნენ საქართველოს საზღვაო სივრცეს აფხაზეთის მიმართულებით და უკან.
ქართული მხარე მისი საზღვაო სივრცის უკანონო კვეთას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად განიხილავს. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება კრძალავს ყველანაირ ურთიერთობას ოკუპირებულ რეგიონებთან გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი თანხმობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობა არ გასცემს.[6]
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებით კი, მთავრობა უფლებას იტოვებს საკუთარი კანონმდებოლობის დასაცავად შეზღუდოს საზღვაო გადაადგილების თავისუფლება საქართველოს საზღვაო ეკონომიკური ზონის ფარგლებში შავ ზღვაში.[7] შესაბამისად, აფხაზეთთან ყოველგვარი ურთიერთობა კოორდინირებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასთან, რაც იგნორირებულია თურქული მხარის მიერ.
განსაკუთრებით არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნა 2009 წელს, როცა ქართულმა მხარემ დააკავა თურქული გემი „ბაკეტი“. ქართულმა სასამართლომ გემის კაპიტანს მიუსაჯა ოცდახუთწლიანი პატიმრობა. კაპიტნის განთავისუფლება, მხოლოდ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ახლანდელი პრემიერ მინისტრის აჰმედ დავითუღლუს მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„ბაკეტის“ ინციდენტის შემდგომ, საზღვაო მიმოსვლის თემაზე 2010 წელს გაიმართა თურქულ-ქართული მოლაპარაკებები ბათუმში. მოლაპარაკების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომლის ფარგლებში თურქეთი კანონიერად, საქართველოსთან შეთანხმებით, შეძლებდა მიმოსვლას და ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებას აფხაზეთთან. აღნიშნულის განხორციელება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებისა და ნორმების ფარგლებში უნდა მომხდარიყო, თუმცა მიუხედავად მხარეთა მოტივაციისა, მიეღწიათ შეთახმებისათვის, ორი მხარის დიპლომატიური მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა. უკანონო ზვღაოსნობის საკითხი კი დღესაც პრობლემატურ საკითხად რჩება.
2013 წელს კი თურქული გემების: „იდარის“, „კუსვას“ და „ფაშას“, დაკავებას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.[8] აფხაზეთის თვითაღიარებულმა მთავრობამ ქართული მხარე გემების უკანონო დაკავებაში დაადანაშაულა და მისგან საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით მოქმედება მოითხოვა.
თავის მხრივ, თურქული მხარე, საკუთარ გააქტიურებას აფხაზეთში კერძო ბიზნესის ინტერესებით ხსნის, ხშირად საუბარია იმაზეც, რომ თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორა აქტიურად ლობირებს აფხაზეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მართალია, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ოფიციალურად არ არსებობს რაიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ან აღწერს თურქეთის ინტერესებს აფხაზეთში, თუმცა, ალბათ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ სახელმწიფო ინტერესების გაუთვალისწინებლად ხდება ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერება აფხაზეთთან. შესაბამისად, როცა საუბარია თურქულ-აფხაზურ ურთიერთობებზე აქ არ უნდა იყოს ნაგულისხმევი, მხოლოდ კერძო ბიზნესის ეკონომიკური მიზნები, არამედ მათ მიღმა უნდა იქნეს დანახული თურქეთის სახელწიფო ინტერესებიც.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საკუთარ საქმიანობას აფხაზეთში ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ახორციელებს, თურქეთის ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთში თავისი დადებით მხარეებიც აქვს: 1. თურქეთი ხელს უწყობს აფხაზეთის ეკონომიკურ გაძლიერებას; 2. მცირედით, თუმცა მაინც, ამცირებს რუსეთის გავლენას აფხაზეთზე და იმკვიდრებს თავს როგორც რუსეთის ალტერნატივას; 3. ინარჩუნებს არ აღიარების პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებაში.
ერთი მხრივ, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც, თურქეთი ამცირებს აფხაზეთის ეკონომიკურ დამიკიდებულებას რუსეთზე. ხელს უწყობს მისი ეკონომიკის გამრავალფეროვნებას და იზოლაციიდან გამოსვლას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ქმედებები თურქეთის მხრიდან ხორციელდება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის მუდმივი დემონსტრირების პარალელურად. თურქეთი ასევე აგრძელებს აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას. სწორედ ამით შეიძლება, აიხსნას საქართველოს მთავრობის პოზიცია 2010 წლის ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ფარგლებში, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობის მოთხოვნა იყო არა საზღვაო და ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტა აფხაზეთსა და თურქეთს შორის, არამედ – ამ ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში თურქეთის როლის ანალიზისას რამდენიმე საკითხია საყურადღებო. პირველ რიგში საყურადღებოა თურქეთის გააქტიურების მიზეზები და ის, თუ რამდენად არის კონცენტრირებული ანკარა მხოლოდ აფხაზეთზე. ამასთანავე მნიშვნელოვანია თურქეთის, როგორც მედიატორის, პოტენციალის შეფასება და კონფლიქტის მხარეების დაინტერესება კონფლიქტის რეზოლუციის პროცესში ახალი აქტორის ჩართვით.
თურქეთი უკანასკნელი წლების მანძილზე ეკონომიკურად საკმაოდ განვითარდა, იგი ძლიერი სამხედრო პარტნიორია, როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის, რომლის შეიარაღებული ძალების წვრთნის პროცესში თურქეთს უდიდესი წვლილი მოუძღვის. თურქეთი არ მალავს, რომ მას რეგიონში საკუთარი თავის ლიდერად დამკვიდრება სურს. აღნიშნულის დემონსტრირება ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს მოხდა, როცა თურქეთი კავკასიის სტაბილურობისა და პარტნიორობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პლატფორმის მთავარ მიზანს კავკასიაში უსაფრთხოების ახალი ბლოკის შექმნა წარმოადგენდა, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი გაერთიანდებოდნენ. თუმცა აღნიშნული ინიციატივა ვერ განხორციელდა. წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი პროექტში ჩართული მხარეების შეუთანხმებლობა იყო. აღნიშნული ინიციატივა თურქეთის საგარეო ინტერესებს, მისი, როგორც „რბილი ძალის“, გაძლიერებას, ემსახურებოდა კავკასიაში.
თურქეთი მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს ცენტრალურ აზიაშიც და ჰქონდა სიტყვიერი მცდელობა დაეცვა ყირიმელი თათრებიც. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, ანკარაში ვიზიტად მყოფმა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა დავითოღმულ განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებდა ყირიმელი თათრების უფლებებს დაცვას:”ჩვენ არასოდეს დაგვიტოვებია ყირიმელი თათრები მარტო და არც მომავალში მივატოვებთ მათ” – განაცხადა დავითოღლუმ.[9] მიუხედავად იმისა, რომ ყირიმელ თათრებსა და ყირიმს თურქეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ანკარას არ გადაუდგამს არსებითი ნაბიჯები საკუთარი დანაპირების შესასრულებლად.
აღნიშნულის მიზეზი კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – თურქეთი მოერიდა პირდაპირ კონფრონტაციას რუსეთთან, შესაბამისად, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი მოლაპრაკებით. როგორც დავითუღლუმ განაცხადა, პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს დაეცვა თათრების უფლებები ყირიმში.[10]
ამ ყველაფერის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ თურქეთს საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის გაზრდის სურვილი აფხაზეთშიც აქვს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შესწევს თურქეთს ძალა, თავი დაიმკვიდროს აფხაზეთში, იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის მოვლენებმა (სადაც თურქეთის ინტერესი უფრო დიდი იყო) ნათელი გახადა, რომ თურქეთი რუსეთთან რაიმე სახის დაპირისპირებაში შესვლას სრულებითაც არ გეგმავს. უფრო მეტიც, ახლმა ენერგო პროექტებმა რუსეთსა და თურქეთს შორის, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს პარტნიორობა.
თურქეთის აფხაზეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯების ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ თურქეთი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მედიატორის სტატუსით არ არის დაინტერესებული. მიუხედავად კეთილმეზობლური და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისა საქართველოსთან, ამ მომენტისათვის რუსეთთან მეგობრობა თურქეთისათვის უფრო მნიშვნელოვანია (ახალი გაზის მილსადენის პროექტი თურქეთსა და რუსეთს შორის[11]) შესაბამისად ამ გადმოსახედიდან იგი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს (არ დაიწყებს მედიატორის სტატუსის ძიებას), რომელიც ამ სასარგებლო თანამშრომლობას დააზარალებს.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეგულირების პროცესში ჩართულები არიან: გაერო, ეუთო და ევროკავშირი. მოლაპარკებები კონფლიქტის მხარეების ჩართულობით მიმდინარეობს ჟენევაში, თუმცა აღნიშული მედიაციის წარმატებულობაზე საუბარი რთულია. შესაბამისად ჩნდება კითხვა რამდენად დაინტერესებული არიან კონფლიქტის მხარეები თურქეთის ჩართვით კონფლიქტის რეგულირების პროცესში?
რუსეთი, რომელიც აფხაზეთში მთავარი მოთამაშეა, კონკურენტის გაჩენას, რა თქმა უნდა, არ მიესალმება. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთი ცდილობს, შეავიწროვოს თურქეთის ეკონომიკური აქტივობა აფხაზეთში. ამის კარგი მაგალითია თურქული კომპანიის „გამოძევება“ ტყვარჩელის ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროდან. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, შეასუსტოს თურქეთის რელიგიური თუ საგანმანათლებლო აქტივობები აფხაზეთში.
აფხაზეთი, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული რუსეთზე, თურქეთის მხრიდან მკვეთრადგამოხატული მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან ურთიერთობას არ გაამწვავებს. თურქეთი ინარჩუნებს რა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და ატარებს აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას, აფხაზურ მხარეს ნათელ მესიჯს უგზავნის, რომ აღიარების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება თურქეთის ჩართვას მოლაპარაკებების პროცესში, იმავე პოზიციას გაიზიარებს აფხაზეთიც.
საქართველოსთვის, ერთი მხრივ, შესაძლოა, საინტერესო იყოს თურქეთის, როგორც მედიატორის, ჩართვა კონფლიქტის რეგულაციაში. შესაძლებელია, ამგვარმა აქტივობამ „ახალი სიცოცხლე“ შესძინოს მოლაპარკებების ჩიხში შესულ პროცესს. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო ნათლად ხედავს, რომ თურქეთი აფხაზეთთან მიმართებაში ქართული მხარის ინტერესების იგნორირებას ახდენს, შესაბამისად, ანკარა სანდო პარტნიორი არაა. აქედან გამომდინარე, არც ქართული მხარის ინტერესში უნდა იყოს ახალი შესაძლებლობებითა და სტატუსით კიდევ უფრო გააქტიურებული თურქეთი აფხაზეთში.
საბლოოდ, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში თურქეთის, როგორც მედიატორის, როლის განხილვა ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი, რადგან კონფლიქტში ჩართული მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ იდეას განხორციელება არ უწერია.
როგორი უნდა იყოს ქართული სტრატეგია თურქეთის აფხაზეთში აქტიურობასთან დაკავშირებით?
ეკონომიკურ-პოლიტიკური საკითხების ანალიზი ცხადყოფს, რომ თურქეთი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მედიატორის როლის მაძიებელი ქვეყანა არაა. აფხაზეთთან მიმართებაში თურქეთი მოქმედებს საკუთარი ეკონომიკურ-პოლიტიკური ინეტრესების ფარგლებში, რა დროსაც ქართული მხარის ინტერესების იგნორირება ხდება. ქართულ მხარეს თურქეთზე ზეწოლის არც თუ ისე ბევრი მექანიზმი აქვს, სწორედ ამით აიხსნება ის „რბილი პროტესტის“ პოლიტიკა, რომელსაც საქართველო თურქეთთან მიმართებაში ატარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია აღდგეს 2010 წლის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც ამ საკითხისათვის სამართლებრივი ჩარჩოს მიცემას ემსახურებოდა, რისი მეშვეობითაც თბილისი მოახერხებს ქართულ-თურქული ურთიერთობების გართულების თავიდან აცილებას.
____________________________________________________________________________
[1] ჰასან კანბოათი – „თურქულ-აფხაზური ურთიერთობები ცევიკოზის შემდგომ“. Today Zaman, 17.09. 2009;
[2] „თურქული ინვესტიციების და ვაჭრობის ბუმი აფხაზეთში“ – ჟურნალი ტაბულა 01.04.2011
[3] „თურქი ჟურნალისტების აფხაზეთში ვიზიტი დავით ჯალაღანიამ თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე გააპროტესტა“, IPN.ge 13.05.2014
[4] გაწეული საქმიანობის შეჯამება – აფხაზეთის რესპუბლიკის, სახელმწიფო საბაჟო გამშვების პუნქტის 2014 წლის პირველი კავარტალის შემაჯამებელი ანგარიში;
[5] Ibid. pp. 1-10.
[6] „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“- საქართველოს მთავრობის დადგენილება 219
[7] „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 313;
[8] აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქული გემის „ფაშას“ კონფისკაციის შესახებ; – აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16. 07. 2013;
[9] “თურქეთი გააგრძელებს ყირიმელი თათრების უფლებების დაცვას აცხადებს დავიოღლუ“ ინტერნეტ გაზეთი „თუდეის ზამანი“ 03/07.2014
[10] IBID
[11] ნანჯია ბადიკოვი– „გაზის ბენეფიტური გარიგება რუსეთ-თურქეთისთვის“ – ონლინ გაზეთ CSIS 24. 12/2014;