ვლადიმირ პუტინი რუსეთს უკვე 25 წელია მართავს. ამ პერიოდში მან და მისმა გარემოცვამ „ძალაუფლების ვერტიკალი“ – ქვეყნის მართვის მკაფიო სქემა და მატერიალური რესურსების თუ გავლენიანი თანამდებობების გადანაწილების სისტემა შექმნეს. ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ფორმულირებული წესები მარტივია: აჩვენე ლოიალობა, იმუშავე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, დაამტკიცე შენი სარგებლიანობა და ელოდე „საჩუქრებს“ უმაღლესი ხელმძღვანელობისგან.
ეს სისტემა ვერტიკალს ეფექტურად აქცევდა. ერთი მხრივ, იგი მონაწილეებს ზრდის პერსპექტივას ჰპირდებოდა. მეორე მხრივ, მათ ატომიზაციას ეწეოდა და საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადაწყვეტილების იმედად ტოვებდა. მიზნის თუ „პრიზის“ ძიების ნებისმიერი მარშრუტი საბოლოო ჯამში სახელმწიფოს მეთაურამდე მიდიოდა. გავლენის სფეროს დამოუკიდებლად გაფართოების მცდელობა და სხვა წესების დარღვევები კი ვერტიკალის მონაწილეებს „პრიზების“ მიღების შანსს უკარგავდა.
თუმცა ახალი ან გათავისუფლებული თანამდებობების რიცხვი თანდათან მცირდებოდა და სისტემა ჩიხში შევიდა. სიტუაცია უკრაინასთან ომით გართულმა პრეზიდენტმა დაამძიმა: პუტინი შიდაელიტური არბიტრაჟის მოვალეობას თავად ჩამოშორდა. შედეგად ელიტები საკადრო ჩიხით და ზემოდან წამოსული ჯილდოს უაზრო მოლოდინით დაიღალნენ. ამასთან სერიოზული საფრთხე გაჩნდა, რომ შემცირებადი რესურსების პირობებში შესაძლოა ძველი გავლენაც დაკარგონ. მოთამაშეებმა პროაქტიურად მოქმედება დაიწყეს: ისინი ცდილობენ გავლენის სფეროების გაფართოებას და პარალელურად ძირს უთხრიან პუტინიზმის საფუძვლებს.
გარედან ვლადიმირ პუტინის მმართველობა მარადიულად მოსჩანს. მოსახლეობა მხარს უჭერს ხელისუფლებასაც და ომსაც. სანქციებმა ფინანსურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური კოლაფსი ვერ გამოიწვია. ელიტები რეალობასთან ადაპტირდნენ და დასავლეთთან კავშირები ბოლომდე გაწყვიტეს. მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება მცდარია: ომმა პუტინის ლიდერობაზე, ელიტების ქცევაზე და სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებასა თუ რეალიზაციაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ის, რაც გარედან ციხესიმაგრედ მოსჩანს, თვითნებურ კონსტრუქციად ტრანსფორმირდა, სადაც პუტინის ინსტიტუტების და თავად პუტინის როლი თანდათან უფასურდება.
ბზარები საყრდენ კონსტრუქციაში
ჯერ კიდევ ომამდე ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების დესაკრალიზაცია, მის მიერ რუტინული საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და არასტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისგან დისტანცირება ნორმად იქცა. პუტინი პასუხისმგებლობას მინისტრთა კაბინეტს, გუბერნატორებს, სპეცსამსახურებს, ცენტრალურ ბანკს აქტიურად აბარებდა. ეს განსაკუთრებით კარგად კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გამოჩნდა. საკუთარი განკარგულების სფეროში კი მხოლოდ იმ თემებს იტოვებდა, რომელიც პრესმდივანი დმიტრი პესკოვის სიტყვებით, „პრეზიდენტის დონეს“ წარმოადგენენ. შემცირდა ელიტებს შორის დავების დროს პუტინის, როგორც არბიტრის როლიც: მისი ჩართულობა მხარეებს უკვე არავითარ გარანტიას არ აძლევს.
რუსული ელიტების თვალში პუტინი რეჟიმის „სიმყარის“ გარანტად რჩება, თუმცა სტაბილურობის სინონიმს უკვე არ წარმოადგენს. 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ სტაბილურობას სერიოზული ბზარები გაუჩნდა: ერთი მხრივ შენარჩუნდა წლების განმავლობაში ფორმირებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და პარალელურად მასში სახელმწიფო კაპიტალის დომინაციას ემყარება. მეორე მხრივ კი ხშირი გახდა გეოპოლიტიკური რყევები: ომი სირიაში, ჩარევა ამერიკულ არჩევნებში, სკრიპალების მოწამვლა, ახალი იარაღის წარმოება, სანქციების ცუნამი, დაუსრულებელი კრიზისი დონბასში და ა.შ.
2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ, ელიტების გასაკვირად, ძლიერი რყევის მიუხედავად სისტემის ჩამონგრევა არ გამოიწვია. იგი ახალ რეალობაზე სწრაფად გადაეწყო. შრომის ბაზრის მდგომარეობამ (დაბალი უმუშევრობა და მაღალი ხელფასები) და ეკონომიკის ზრდამ (ძირითადად მასშტაბური სამხედრო ინექციების წყალობით) ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა შეინარჩუნა. ცხადია, მმართველ ელიტაში ომის დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკებები ბევრს სურს. მაგრამ ამავდროულად ისტებლიშმენტში გამეფებულია დამარცხების შიში. ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება და ელიტაშიც არსებობს კონსენსუსი, რომ უკან დახევა არ შეიძლება. შედეგად რუსულ რეჟიმში ერთგვარი სტატუს-ქვო ჩამოყალიბდა: ქვეყნის შიგნით სხვადასხვა უწყებები სტაბილურობის უზრუნველყოფას ცდილობენ, გარეთ არსებული გეოპოლიტიკური ქაოსისგან კი მათ პუტინი იცავს.
მაგრამ ამ სტატუს-ქვოს ელიტებისთვის არასასურველი და სახიფათო მეორე მხარეც აქვს: ომმა ეფექტური პოლიტიკური ლიდერობის დევალვაცია მოახდინა, რაც სისტემის სტაბილურობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ომი, დასავლეთთან დაპირისპირება, გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობები, ცივილიზაციათა და ღირებულებათა კონკურენცია არის ის თემები, რომელიც პუტინს რეალურად აინტერესებს. საშინაო პროცესებში კი იგი ნაკლებად ჩართულია.
ომის დროს კი ქვეყნის შიგნით სულ უფრო მეტი „ეგზისტენციალური“ კონფლიქტი ჩნდება – მაგალითად ევგენი პრიგოჟინის ამბოხება 2023 წლის ივნისში. თითქმის ერთი წლის განმავლობაში პუტინი „ვაგნერის“ და თავდაცვის სამინისტროს დაპირისპირებაში არ ერეოდა და პრიგოჟინის კეთილგონიერების, პატრიოტიზმის და ლოიალურობის იმედი ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ომის საკვანძო ინსტიტუტს დაუჭირა მხარი და ამავდროულად „ვაგნერის“ მომსახურებაზეც უარი არ თქვა – კონფლიქტის თავის ნებაზე მიშვება კი მოსკოვისკენ მიმავალი ტანკების კოლონით დასრულდა.
პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ პუტინის მიერ საშინაო პოლიტიკური გადაწყვეტილებების უგულებელყოფა კონკრეტულ მოთამაშეებთან თუ ინსტიტუტებთან მჭიდროდ დაკავშირებული გადაწყვეტილებების დომინაციას იწვევს. ეს კარგად ჩანს უცხოური კომპანიების აქტივების გადანაწილების, მოქალაქეთა დაპატიმრებების, 90-იანი წლების საპრივატიზაციო გარიგებების გადახედვის და საკადრო გადაწყვეტილებების მიღების დროს. ხდება ახალი რეალობის ფორმირება, რომელიც მასში მონაწილე მოთამაშეებს აიძულებს დაუცველობის და გაურკვევლობის პირობებთან ადაპტირდნენ. თუ ადრე პოლიტიკური რისკების მატარებელი ინიციატიურობის გამოვლენა იყო, ახლა სახიფათო უმოქმედობა გახდა.
90-იანებში დაბრუნება
ბოლო პერიოდში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი 1990-იან წლებში ბრუნდება: კრიმინალის მნიშვნელოვანი ზრდა, ყოფილი პატიმრების ომიდან დაბრუნება და მათთან დაკავშირებული რეზონანსული მკვლელობები, კერძო სამხედრო კომპანიების გავრცელება (მათ უკვე რეგიონული ხელისუფლებები და საწარმოებიც კი ქმნიან), შეკვეთილი მკვლელობები.
ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი მოსკოვის ცენტრში, Wildberries-ის ოფისში გასული წლის სექტემბერში მომხდარი სროლაა. ისტორია ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მსხვილი დაღესტნელი ბიზნესმენი და ფედერაციის საბჭოს წევრი სულეიმან ქერიმოვი პარტნიორებთან ერთად პლატფორმა Wildberries-ის თანადამფუძნებელ ტატიანა კიმს მისი კომპანიის რუსეთში გარე რეკლამის უმსხვილეს ოპერატორ Russ-თან გაერთიანების შესახებ გაურიგდა. იდეა პუტინს „უსამართლო დასავლურ ფინანსურ და ინსტიტუციურ სისტემასთან“ ბრძოლის გეოპოლიტიკურ იარაღად წარუდგინეს. „ჩვენი პასუხი Amazon-ს“ – უთხრეს პუტინს და მისი უპირობო კეთილგანწყობა დაიმსახურეს. გარიგებას ხელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ხელისუფლების უმაღლესი პირებიც უწყობდნენ.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა საქმეში ადამიანური ფაქტორი ჩაერია: Wildberries მფლობელი ბაკალჩუკების ოჯახი დაიშალა და მათი ოჯახური დრამა კორპორატიულ ომად გადაიქცა პოლიტიკური დაპირისპირების სოუსით. კომპანიის დამფუძნებელმა ვლადისლავ ბაკალჩუკმა დასახმარებლად ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს მიმართა. დაპირისპირება კი კრემლიდან ხუთას მეტრში შეტაკებით, ორი მოკლული დაცვის წევრით (ორივე ინგუში), რამდენიმე დაჭრილით, ურთიერთმუქარებით და ბრალდებებით დასრულდა. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა: ჩეჩნეთი დაღესტანს, ინგუშეთი ჩეჩნეთს, სენატორი რესპუბლიკის მეთაურს. გავრცელდა ხმები, რომ ქერიმოვმა კადიროვის მკვლელობა შეუკვეთა. საპასუხოდ მან სისხლიანი შურისძიება გამოაცხადა და კვლავ აჩვენა, რომ რუსული კანონები ჩეჩნეთის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება.
ამ ვითარებაში პუტინი, რომელმაც ივნისში „რუსული Amazon-ის“ შექმნას მწვანე შუქი აუნთო და შესაბამისად ქერიმოვის მხარეს აღმოჩნდა, აგვისტორში ჩეჩნეთს ეწვია. ვიზიტით პუტინმა მხარდაჭერა კადიროვსაც გამოუცხადა, რომლის ფაქტორიც ჩრდილოეთ კავკასიის სტაბილურობისთვის მნიშნელოვანია. ის, რაც ბევრისთვის პუტინის ძლიერ ლიდერობად სჩანდა, რეალობაში სიტუაციური მანევრირება აღმოჩნდა, რომელიც პრობლემის პრაქტიკული გადაჭრიდან შორს დგას. პუტინი სულ უფრო ხშირად იძულებულია კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის გაიხლიჩოს, სადაც ცალსახა არჩევანი (როგორც „კადირობის და ქერიმოვის“ შემთხვევაში) სახიფათოდ გამოიყურება.
კიდევ ერთი სამაგალითო შემთხვევა – YouTube-ის ბედია რუსეთში. აქ სხვადასხვა მოთამაშეების ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოსული ლოგიკა მოქმედებს. კადიროვის და სახელმწიფო დუმის ზოგიერთი დეპუტატის სახით „ქორები“ „იზოლაციონისტურ“ მიდგომას უჭერენ მხარს: უნდა აიკრძალოს ნებისმიერი დასავლური გავლენა და ადგილობრივი, ალტერნატიული პროექტები განვითარდეს. ყველაფერი ეს პოლიტიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება: საშინაო პოლიტიკის კურატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში YouTube-ის აკრძალვაში სოციალური მღელვარების და უკმაყოფილების ზრდის თრიგერს ხედავენ. და ბოლოს, არსებობს გეოპოლიტიკური ლოგიკაც: YouTube-ის გამოყენება შესაძლებელია რუსული პროპაგანდის მიერ.
დიდი ხნის განმავლობაში ეს ორი ლოგიკა ერთმანეთის კონკურენტი იყო, სანამ ბლოკირების მომხრეებმა ეფექტური გამოსავალი არ მოძებნეს: YouTube ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მაგრამ მისი შენელება დაიწყეს. პრავაიდერების და მომხმარებლების უკმაყოფილების მიუხედავად ეტაპობრივად ამ ვიდეოსერვისს რუსეთიდან აძევებენ. YouTube-ს ქეისი ამ მხრივ ძალიან საინტერესოა: იგი აჩვენებს, რომ ელიტები საკუთარი მიზნების მიღწევას პუტინის გარეშე სწავლობენ.
პუტინის პასიურობა კარგად ჩანს საკადრო პოლიტიკაშიც. დაბერებული ლავროვი, პატრუშევი, ბორტნიკოვი, ბასტრიკინი, სეჩინი, ჩემეზოვი და სხვა „მისი ხალხი“ სახელმწიფო ძალაუფლების ვერტიკალში კვლავ რჩება. 2024 წლის მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც კი მნიშვნელოვანი საკადრო როტაციის საფუძვლად არ იქცა. კრიტიკული მნიშვნელობის და უკიდურესად პრობლემურ სფეროებშიც პრეზიდენტს რადიკალური ცვლილებების გატარება არ სურს.
საკვანძო თანამდებობები პრეზიდენტთან დაახლოებულ ადამიანებს დიდი ხნით უჭირავს. მაგალითად, იგორ სეჩინი „როსნეფტს“ უკვე 13 წელია ხელმძღვანელობს. მის დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე ფინანსთა სამინისტრო ანტონ სილუანოვმა ჩაიბარა, ხოლო ალექსანდრ ბორტნიკოვი „ფსბ“-ს სათავეში უკვე 17 წელია უდგას. თავდაპირველად დინამიური რეჟიმი, რომელიც თანამდებობების და მონაწილეთა გავლენის სფეროების გაფართოების სახით „ჯილდოების“ გადანაწილებაზე იყო აგებული, „უძრაობაში“ ჩაიძირა.
მოქმედება პუტინის გარეშე
პუტინის მომდევნო ვადით არჩევის შემდეგ პოტენციური მემკვიდრის საკითხი რუსული ელიტებისთვის ტაბუირებული თემიდან ანაქრონიზმად საბოლოოდ გადაიქცა: ახლა ეს არა მხოლოდ აქტუალური, არამედ საინტერესოც კი არ არის. ზოგადად, ძალაუფლების ძლიერი პერსონალიზაციის დროს შეკითხვა „ვინ იქნება შემდეგი“ პრინციპულია. მაგრამ რუსულ რეალობაში ყველა იმდენად მიეჩვია მარადიულ პუტინს და სისტემის შიგნით ჩაშენებულ გაურკვევლობას მემკვიდრესთან დაკავშირებით, რომ ამ რეჟიმში ფუნქციონირების სწავლა დაიწყო.
ძალაუფლების შიგნით მყოფი ყველა მსხვილი მოთამაშე ახლა ნებისმიერის მოლოდინის ლოგიკაში ცხოვრობს: პუტინის დროს შეიძლება მოხდეს აჯანყებაც, რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების შეჭრაც, მასობრივი მობილიზაციაც, პოლიტიკური მკვლელობები და ბირთვული ომიც კი. ახალ რეალობაში, როდესაც რუსეთის გარეთ ომია, ხოლო შიგნით 90-იანებში დაბრუნება, ყველა საკუთარი დამოუკიდებელი ციხესიმაგრის მშენებლობას იწყებს და პარალელურად მოწინააღმდეგის სიმაგრეებს ანგრევს. საუკეთესო მაგალითია საჯარო კონფლიქტი გენერალურ პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოს შორის, რომელსაც პუტინის დიდი ხნის მეგობარი ირინა პოდნოსოვაია ხელმძღვანელობს: უწყებები კონსტიტუციური სასამართლოს მიერ განხილული ქონების კონფისკაციის ხანგრძლივობის ვადებზე ვერ შეთანხმდნენ. გენერალური პროკურატურა დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციასაც დაუპირისპირდა ამ ორგანიზაციის ქონების გამოყენების საკითხებზე. ამ კონფლიქტებში ხდება ფინანსური რესურსების, საკადრო პოლიტიკის მექანიზმების და სისხლის სამართლის საქმეების გამოყენებაც კი.
ასეთ ვითარებაში ვერტიკალის მონაწილეები იძულებული არიან ახალი სიტუაციური წესები ჩამოაყალიბონ და ადრე უცნობი გავლენის გაფართოების ტაქტიკები სცადონ. პარალელურად კი ძველი ტაბუებიც დაარღვიონ. მაგალითად, ადრე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო არბიტრის, ანუ პუტინის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილების მიღმა გასვლის მცდელობა, ასევე პრეზიდენტისთვის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნა. თავისთავად ამბიციები ცოდვად არ ითვლებოდა, მაგრამ მათი გამოვლენა მხოლოდ მკაფიოდ შემოსაზღვრულ ჩარჩოებში იყო დაშვებული.
პოლიტიკური კონსტრუქციების დამოუკიდებლად მშენებლობის საუკეთესო მაგალითი დმიტრი მედვედევია. ომმა იგი ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურად განწყობილ ქორად აქცია. მედვედევი ომის პირობებში გავლენებს რამდენიმე მიმართულებით ავრცელებს: სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში (უსაფრთხოების საბჭოში სპეციალურად მედვედევისთვის თემატური კომისიები იქმნება), IT-სფეროში (იგი სათავეში უდგას „როსტელეკომის“ დირექტორთა საბჭოს), პარტია „ერთიან რუსეთში“. სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი ცდილობს ქვეყნის შიგნით დასავლური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგეს სათავეში და კრემლის და სისტემური ოპოზიციის ურთიერთობებში მთავარი არბიტრის როლი ჰქონდეს.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სერგეი კირიენკოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელის გავლენის სფეროებიც. მან ნაწილობრივ დაამყარა კონტროლი საუნივერსიტეტო განათლებაზე ახალი იდეოლოგიზირებული საგნის, „რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების“ საშუალებით. კურსის შემუშავება ანდრეი პოლოსინის, პოლიტბლოკის ხელმძღვანელის ყოფილი თანაშემწის თაოსნობით მოხდა. საგანი ნებისმიერი უნივერსიტეტის პირველკურსელისთვის სავალდებულოა და შესაბამისად რექტორებს მუშაობის დროს ორიენტირება არა მხოლოდ მეცნიერების და უმაღლესი განათლების სამინისტროზე, არამედ კირიენკოს გუნდზეც უწევთ.
პარალელურად კირიენკო საკუთარი თავის ანტიკრიზისულ მენეჯერად პოზიციონირებას ეწევა. 2022 წელს იგი არაღიარებულ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ხოლო შემდეგ ე.წ. „ახალ ტერიტორიებს“ კურირებდა. წელს მას აფხაზეთის საკითხიც ჩააბარეს, სადაც პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. კრემლის პოლიტტექნოლოგები ბადრა გუნბას არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარნენ, რისი წყალობითაც კირიენკომ პუტინის თვალში მორიგი ქულები ჩაიწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ბლოკის თანამშრომლები „საერთაშორისო“ ექსპანსიას აგრძელებენ და ახლა უკვე კრემლის მეგობარ აფრიკულ ქვეყნებში აანალიზებენ სიტუაციას.
მათ არ ჩამოუვარდებიან გუბერნატორები, დეპუტატები, სენატორები, ტრადიციული ღირებულებების დამცველები, მართლმადიდებელი და სხვა ულტრაპატრიოტები, რომლებიც „დასავლურ დესტრუქციულ იდეოლოგიებს“ და რუსეთში მასობრივ მიგრაციას ებრძვიან. ყველაფერ ამას კი ემატება პუტინის მორიგი მოთხოვნა: მაღალ თანამდებობებზე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანები უნდა დაინიშნონ. ომში მონაწილეობა მძლავრ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც როგორც კარიერული ზრდისთვის, ასევე კონკურენტებთან ბრძოლისთვის გამოიყენება.
საერთო რადიკალიზაციის ტრენდი
გარედან შესაძლოა ეს პოლიტიკური კონტროლის გამკაცრებად, ვერტიკალის გაძლიერებად და მმართველობის ცენტრალიზაციად მოსჩანდეს. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით არის. ომმა პოლიტიკური ველის ფერმენტაცია გამოიწვია, სადაც ზედაპირზე დიდი ხნის განმავლობაში რადიკალიზებული მოთხოვნები (როგორც ელიტებში, ასევე საზოგადოებაში) ამოტივტივდა. გააქტიურდნენ ძალები, რომელთათვისაც საკუთარი მინი დღის წესრიგის გატარება და რაღაცის აკრძალვა გადარჩენის და რესურსების დაგროვების საშუალებაა. ამ თვალსაზრისით, დღევანდელ რუსეთში უკვე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას აკრძალავენ ხვალ. პროცესი დამოუკიდებელი ცხოვრებით აგრძელებს არსებობას. კრემლისადმი მაქსიმალურად ლოიალური მედია „КоммерсантЪ FM“-ის მესვეტის, დმიტრი დრიზეს სასოწარკვეთით ნათქვამი „უბრალოდ გვითხარით, რა შეიძლება. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ აკრძალული იქნება“ არსებულ რეალობას საუკეთესოდ გამოხატავს. ულტრაკონსერვატორული ინერცია იმდენად ძლიერია, რომ მალე მისი შეჩერების მცდელობა თავად კონსტრუქციის სიმყარისთვის იქნება სახიფათო.
პუტინის მმართველობის ამ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ომის და საგარეო პოლიტიკის საკითხები აინტერესებს. სხვა კუთხით ქვეყნის ფუნქციონირებაში მისი პირადი მონაწილეობა მინიმალურია, ხშირად არასასურველიც კი. ქვეყანა, რომელიც ნახევარ სამყაროსთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაშია ჩაბმული, თანდათან ქვეყნის შიგნითაც გადარჩენის რეჟიმზე გადადის: ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ხდება ქონების გადანაწილება, წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება ომზე დაფუძნებული ბიზნესი, იკრძალება და კრიმინალიზდება საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი რიგი სფეროები. ამას სამხედრო კოლორიტიც ემატება: სხვადასხვა რეგიონული ობიექტების, ძალაუფლების ორგანოების და საწარმოების ეტაპობრივი შეიარაღება, რომელთაც ფედერალური დაცვის იმედი დრონების შეტევის ან დაბომბვის შემთხვევაში არ აქვთ.
პუტინის მმართველობის ეს პერიოდი თავისთავად პირად ცხოვრებაში უფრო აქტიურ ჩარევასაც გულისხმობს. უკვე კარგად ჩანს, თუ რომელი მუსიკის მოსმენა არ შეიძლება, რომელი ფილმების ნახვა არ ღირს, რა სახის კერძო ქცევა ისჯება ჯარიმებით, ციხით, უნივერსიტეტიდან გარიცხვით ან საჯარო გაკიცხვით. კრემლის გეგმის და ჩანაფიქრის მიღმა ქვეყანა პატრიოტულ-ძალოვანი უკანონობისკენ მიდის, რომელშიც წარმატების საფუძველი იქნება არა პუტინთან ან მის გარემოცვასთან სიახლოვე, არამედ ლოგიკით „ვინც უფრო ძლიერია – ის მართალია“ მოქმედება. თუმცა ცხადია, პუტინიზმის დროშის ქვეშ. რუსეთი კრიტიკული შიდაპოლიტიკური გარდაქმნის პერიოდში შედის, სადაც კონფლიქტები, კომპრომატები და თავდასხმები გადარჩენის მთავარ იარაღს წარმოადგენენ. უკრიანასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურება ამ ტენდენციას მხოლოდ გააძლიერებს. ომი ამ შემთხვევაში თითოეული მოთამაშისთვის საკუთარი ექსპანსიის გასაძლიერებლად კარგ დამხმარე ინსტრუმენტად და აქტუალურ საბაბად იქცევა.
დადებითი ამ ისტორიაში არის ის ფაქტი, რომ გაზრდილი ანარქია ამავდროულად თავად სისტემისთვის შექმნის საფრთხეს. ქვეყანა, რომელსაც პუტინის მემკვიდრე ჩაიბარებს, დიდი ალბათობით მძიმე კრიზისის პირას იდგება: უზარმაზარი სამხედრო დანახარჯები, ჩამორჩენა ტექნოლოგიებში, დამოკიდებულება ჩინეთზე და გაუარესებული დემოგრაფია, რომელიც ომმა კიდევ უფრო გაამწვავა.
პუტინი არ ამზადებს მემკვიდრეს, რადგან საკუთარი ძალაუფლების დასუსტების ეშინია. მისი შემცვლელი პოლიტიკური კუთხით წინამორბედზე გაცილებით სუსტი იქნება, რაც დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს გავლენისთვის ბრძოლაში ჩართვის საშუალებას მისცემს. პოლიტიკური ტრანზიცია პოსტპუტინურ რუსეთში შესაძლოა სტალინის სიკვდილის შემდგომ პერიოდს დაემსგავსოს: ქვეყნის სათავეში დე-ფაქტო კოლექტიური ხელმძღვანელობა მოვიდეს, რომელიც უფრო მიდრეკილი იქნება პრაგმატიზმისა და ლიბერალიზაციისკენ.
რეზი ქოიავა
16.06.2025