გიორგი კანაშვილი
“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი
რუსეთის “რბილი ძალის” შესახებ ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, ხარისხიანიც და ნაკლებად. დაახლოებით ერთი წლის წინ მეც დავწერე მცირე ანალიტიკური ნაშრომი. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ რუსეთის “რბილი ძალის” პოტენციალთან დაკავშირებით ჩემი აზრი არ შემიცვლია, რომელიც უბრალო ფორმულით შეიძლება გამოიხატოს:
ა) რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული საქართველოში, თუ ჩვენი სვლა ევროპისკენ რაიმე მიზეზთა გამო შეფერხდება. მეტი ევროპა, ჩემის აზრით, ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ რუსეთს (პოლიტიკურ გავლენას ვგულისხმობ).
ბ) ასევე ფრიად მნიშვნელოვანია, დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის თანმდევი სიკეთეების თანაზიარი არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა, არამედ „ჩვეულებრივი“ მოკვდავნიც იყვნენ.
ამ მარტივ ჭეშმარიტებას ემპირიაც ამყარებს – სადაც მოხერხდა ნორმალური ევროპული სახელმწიფოს შექმნა (ჩეხეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები), საბჭოთა კავშირს არ მისტირიან და არც მომავალში უკავშირებენ საკუთარ ბედს რუსეთს.
შესაბამისად, რუსული “რბილი ძალა” გამოწვევაა, თუმცა ამ მიმართულებით ისედაც შეზღუდული ინტელექტუალური რესურსის გადამეტებული ხარჯვაც მთლად გამართლებული არ მეჩვენება.