2022 წლის ივლისში, სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში არის ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ჭეშმარიტად მრავალპოლუსიან სამყაროზე გადასვლა. სამყაროზე, რომელიც ხალხების და ცივილიზაციების ნამდვილ სუვერენიტეტს ეფუძნება. მათ ნებას იცხოვრონ ისტორიული ბედისწერის, ღირებულებების და ტრადიციების თანახმად“. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, მსოფლიოს ხალხების უმრავლესობა არა ფორმალური, დეკორატიული, არამედ შინაარსობრივი, ნამდვილი სუვერენიტეტისკენ ისწრაფვის. ისინი დაიღალნენ მუხლებზე დგომით და მათ წინაშე თავის დამცირებით, ვინც თავს გამორჩეულად მიიჩნევს.
ჯერ კიდევ 2021 წელს, „ვალდაის კლუბის“ შეკრებაზე, პუტინმა აღნიშნა: „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი ჟონგლიორობდა ხმამაღალი კონცეფციებით, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს როლი მოძველებულად და წარმავალად გამოცხადდა. თითქოს გლობალიზაციის პირობებში ეროვნული საზღვრები ანაქრონიზმს, ხოლო სუვერენიტეტი განვითარებისთვის წინააღმდეგობას წარმოადგენს. ასე ამბობდნენ ისინიც, ვინც სხვისი საზღვრების დარღვევას ცდილობდა და თავის კონკურენტულ უპირატესობებს ეყრდნობოდა“.
მაინც რას ნიშნავს პუტინისთვის სუვერენიტეტი?
ეს შეკითხვა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. რეჟიმის იდეოლოგია, რომელიც აქტიურად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც ტრადიციული ღირებულებებია, ე.წ. კულტურული სუვერენიტეტის დაცვის პროცესში ჩამოყალიბდა. ძალოვანებისა და ოლიგარქების გარიგების შედეგად შექმნილმა პუტინის ძალაუფლებამ გარკვეულ მომენტში სულიერებისა და კულტურული მეხსიერების მიმართ მზარდი ინტერესის გამოხატვა დაიწყო. ეს შემთხვევითი არ იყო. სწორედ კულტურული სუვერენიტეტის იდეამ შექმნა ეტაპობრივად ავტორიტარული კონსენსუსი, რომელმაც გახსნა გზა პუტინის დიქტატურისკენ. სწორედ კულტურული თვითმყოფადობისა და მისი ღირებულებითი ფუნდამენტისთვის ბრძოლა იდგა უკრაინის მიმართ სამხედრო და იმპერიალისტური აგრესიის და წარმოსახვით დასავლეთთან კონფრონტაციის უკან.
სტატიაში საუბარი შეეხება იმას, თუ საიდან დაიბადა სუვერენიტეტის ეს ფორმა და როგორ გადაიზარდა მისი დაცვა სრულმასშტაბიან ომში მეზობლის მიმართ.
საგარეო სუვერენიტეტი და უწყვეტი თავისუფლება
2010-იან წლებში გეოპოლიტიკური ამოცანის ფონზე, მმართველ ელიტაში იდეოლოგიური კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობის იდეა დაიბადა. 2014 წლის შემდგომ მან აგრესიული იძულების ფორმა მიიღო.
რუსეთს გლობალური ეკონომიკის რესურსული დანამატის – ქვეყნის, რომელიც ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტზეა დამოკიდებული, სტატუსის მოშორება სურდა. 2012 წელს, პუტინის მეორე ვადის დაწყებისას რუსეთი როგორც უცხოელი პოლიტიკოსების, ასევე საკუთარი მოქალაქეების თვალში სწორედ ასე გამოიყურებოდა. მართალია „სარესურსო წყევლის“ მქონე ეკონომიკისგან მმართველი ელიტა უზარმაზარ შემოსავალს იღებდა, მაგრამ პარალელურად თანამედროვე რუსეთის გააზრებული სახეხატის ფორმირების მზარდ მოთხოვნილებასაც იაზრებდა.
მოგვიანებით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა პუტინისთვის მტკივნეული განცხადება გააკეთა – უწოდა რუსეთს „ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ქვეყნად თავის წარმოჩენას ცდილობს“. „ბენზინგასამართი სადგურის“ მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხეზე რესპუბლიკელები უკვე მაშინ საუბრობდნენ და ამას მოსალოდნელი მოგებით ხსნიდნენ. ისინი ერთდროულად მართალი და მტყუანი აღმოჩნდნენ. გარკვეული კავშირი რუსეთის სამხედრო ექსპანსიასა და ნავთობის რენტაზე ცხოვრებას შორის, როგორც ჩანს მართლაც არის. თუმცა იგი 2014 წლამდე დაიბადა და ზუსტად საკუთარი ამპლუის შეცვლის მცდელობაში მდგომარეობდა – რუსეთს არ სურდა ყოფილიყო უსიტყვო მომმარაგებელი და საკუთარ თავს დიდი ისტორიული თამაშისთვის ამზადებდა. იშვიათი განცხადებები თვითმყოფადობასა და რუსეთის ისტორიულ მისიაზე უკვე 2000-იანი წლების შუაში გაჩნდა: ცოტა თუ აღიქვამდა მაშინ მათ სერიოზულად. მაგრამ საინტერესოა, რამდენად სერიოზული როლი ითამაშეს ამ განცხადებებმა გვიანდელი პუტინიზმის ეპოქის სახელმწიფოს მშენებლობაში.
სიტყვა „სუვერენიტეტი“, რომლითაც დღეს ყველა სახის სახელმწიფო დოკუმენტი თუ პროპაგანდისტული მასალაა გაჟღენთილი, კრემლის რიტორიკაში ჯერ კიდევ 2000-იანების შუაში გამოჩნდა. ვლადისლავ სურკოვი, იმ დროს პრეზინდეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ფაქტიურად რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო პოლიტტექნოლოგი განსაზღვრება „სუვერენულს“ დემოკრატიის განსაკუთრებული, რუსული ტიპის აღსაწერად აქტიურად იყენებდა. ამ ცნების თანახმად, ძალაუფლება რუსეთში ეკუთვნოდა ხალხს და მართავდა ქვეყანას დამოუკიდებლად, საგარეო გავლენის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საუბრობდა რა გლობალიზაციის საფრთხეებზე, რომლის შედეგადაც რუსეთის „მილსადენის უსაფრთხოების სამსახურად“ გადაქცევა სურთ, სურკოვი სუვერენიტეტს „კონკურენტუნარიანობის პოლიტიკურ სინონიმად“ იყენებდა. სუვერენიტეტი უნდა მოეპოვებინათ და დაეცვათ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან თანაარსებობისა და შესაძლოა, მათი დამარცხებისთვის.
სუვერენიტეტის ასეთი იდეის უკან მხოლოდ ქვეყანაზე, როგორც საერთაშორისო დიალოგის (რომელსაც სურკოვი ბაზართან ათანაბრებდა) დამოუკიდებელ და წარმატებულ მონაწილეზე წარმოდგენა არ იმალებოდა. პუტინის და სურკოვის იმდროინდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მათ სუვერენიტეტი პოლიტიკური განვითარების უნიკალურ უფლებად და პოლიტიკური ნების შეუზღუდავ თავისუფლებად წარმოედგინათ. მას რუსეთში ძალაუფლების განსაკუთრებული ტიპი უნდა ეჩვენებინა. ეს იყო რუსული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური თვითმყოფადობა – თავისუფალი ერის სრულფასოვანი ბატონობა, რომელიც თითქოს რუსეთს ისტორიულად ერგო და რომელიც მან რთული დროების და მრავალრიცხოვანი მტრების მიუხედავად შეინარჩუნა.
ჯერ კიდევ 2005 წელს, ფედერალური ყრილობისთვის მიმართვაში პუტინი სახელმწიფო თვითმყოფადობაზე, როგორც მთელი საზოგადოების გარანტირებული თავისუფლების წყაროზე საუბრობდა. იქვე მან ფაქტიურად სუვერენიტეტი უცხოელი დამპყრობლის ბატონობისგან თავისუფლებას (როგორც პირდაპირი, ასევე უცხოური კომპანიების ბატონობის სახით) გაუთანაბრა. მოგვიანებით კულტურის სამინისტრომ ეს თემა აიტაცა: ივანე III-დან მოყოლებული (რომლის დროსაც რუსეთი მონღოლთა ბატონობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა) რუსული სუვერენიტეტის უწყვეტობაზე დღემდე საუბრობს კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი.
მმართველი ელიტის წევრების ამ განცხადებებიდან ჩანს, რომ თავისუფლება და თვითმყოფადობა ისტორიულად ყველა ქვეყანას არ ერგო. შესაბამისად რუსეთმა მსოფლიო პოლიტიკა სხვა – გეოპოლიტიკური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „დიდ სახელმწიფოებთან“ ერთად უნდა განსაზღვროს. უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა, რომ „არ არსებობს საზღვარი უკრაინასა და რუსეთს შორის. არსებობს საზღვარი შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ამ ქვეყნის რეალური პატრონი, ხოლო უკრაინელები ვასალები არიან“. რუსეთის ხელისუფლების აზრით, რუსეთს აქვს სუვერენიტეტი, ანუ უფლება დანარჩენ ქვეყნებს ძალის საშუალებით წესები უკარნახოს. შეერთებულ შტატებს აქვს სუვერენიტეტი, ხოლო უკრაინას არა. იგი მხოლოდ სხვა სუვერენიტეტების ბრძოლის არენაა.
როგორც დღეს ვხედავთ, უწყვეტი სუვერენიტეტის იდეა, რომელსაც თითქოს მხოლოდ ის ფლობს, ვინც ისტორიის მანძილზე არ დაუპყრიათ ან დაუმარცხებიათ, არა მხოლოდ გამოხატავდა ძალის მზარდ კულტს, არამედ სუვერენულ რუსეთს ხელს სამომავლო დაპყრობითი ომებისთვისაც უთავისუფლებდა.
საშინაო სუვერენიტეტი და უზენაესი ძალაუფლება
სუვერენიტეტით მზარდ გატაცებას კრემლისთვის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური, არამედ საშინაო პოლიტიკური საფუძვლებიც ჰქონდა. 2000-იანების შუაში პუტინმა ძალაუფლების ვერტიკალი გააძლიერა და გავლენის სფეროების განაწილება დაასრულა. ამ განაწილების ქვეშ პრეზიდენტის ახლო წრეს შორის მხოლოდ თანამდებობების და აქტივების გაყოფა არ იგულისხმება. საქმე უფრო ეხება გავლენის ზონების გადანაწილებას და მყიფე ბალანსის დამყარებას ფორმალურ და არაფორმალურ ძალოვან სტრუქტურებს (აქ შედის როგორც ФСБ, ასევე სპეცდანაყოფები, პრეზიდენტის დაცვა და კრიმინალური დაჯგუფებები) და ოლიგარქებს – რუსული კორპორაციების დირექტორებს შორის.
პუტინის მიერ ქვეყნის განაწილებამ ეკონომიკური, ძალოვანი და ადმინისტრაციული ელიტები შექმნა, რომელთა შეკრების წერტილად თავად პრეზიდენტი იქცა. ურთიერთობდა რა თითოეულ მათგანთან და ამავდროულად ხელს უშლიდა მათ შორის კავშირების ჩამოყალიბებას, პუტინი უმაღლესი მბრძანებლის მეტაპოზიციაში აღმოჩნდა, რომელიც ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სისტემაში მის ახალ ადგილს შეესაბამებოდა: პოზიციას, რომელიც ძალაუფლების სამივე შტოზე მაღლა იმყოფება. შემთხვევითი არ არის, რომ სიტყვა „სუვერენიტეტი“ ოფიციალურ რიტორიკაში ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის შემდეგ გამოჩნდა: პირველი იყო პოლიტიკური სისტემის რეფორმირება და ქვეყანაში ძალაუფლების ცენტრალიზაცია. მეორე კი ლგოტების მონეტიზაცია, რამაც საბჭოთა სოციალურ-გამანაწილებელი არქიტექტურის ერთ-ერთი კომპონენტის ლიკვიდაცია მოახდინა. თუ პირველმა რეფორმამ რეჟიმის ავტოკრატიისკენ გადასვლაზე მიგვითითა, მეორემ საერთო ნეოლიბერალური კურსი გაამყარა, რომელიც საკუთარ თავზე ყველაზე უფრო საზოგადოების მოწყვლადმა ჯგუფებმა იგრძნეს.
საპრეზიდენტო ძალაუფლების უზენაესობა უზარმაზარ უფლებამოსილებასაც გულისხმობდა. ერთი მხრივ, იგი პრეზიდენტს უფლებას ანიჭებდა სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულება სტრატეგიულად და შინაარსობრივად განესაზღვრა. მეორე მხრივ, როგორც „ძალაუფლების“ (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო), ასევე ძალის (ზემოთ აღწერილი გავლენის ჯგუფები) კოორდინირების შესაძლებლობას აძლევდა. ლიდერის კურსის განმსაზღვრელი როლის კოორდინატორის ტექნიკურ ფუნქციასთან შეთავსება პუტინის რეჟიმის მექანიკურ მექანიზმს აღწერს. პუტინი რეჟიმის უზენაეს სუვერენად, მთავარ მბრძანებლად გადაიქცა.
კულტურის სუვერენიტეტის სამსახურში ჩაყენება
ამავე პერიოდში (2000-იანების შუაში), ექსპორტიდან მიღებული სტაბილური შემოსავლების და საპრეზიდენტო ვერტიკალის გაძლიერების ფონზე, რეჟიმი იდეურ გაფორმებას საჭიროებდა. მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებებისთვის (რომელიც მმართველობაში ავტორიტარულ-კონსერვატორულ იმპულსს და სოციალურ სფეროში ლიბერალურ-საბაზრო რეფორმებს მოიცავდა) საჭირო იყო აზრის მინიჭება, გლობალური სამყაროს სხვა მოთამაშეებისგან განსხვავების გამოკვეთა, რასაც სურკოვი ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ჩვენებას უწოდებდა. საჭირო იყო საკუთარი გზის როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით წარმოჩენა: საკუთარი სუვერენიტეტის ორი შემადგენლის გაერთიანება.
მას შემდეგ, რაც სოციალური (მაგალითად რაიონული საავადმყოფოების) და საზოგადოებრივი ცხოვრების (მაგალითად კულტურის სახლების) ინფრასტრუქტურის განადგურება მოხდა, ქალაქებში მათი ადგილი სავაჭრო და გასართობმა ცენტრებმა, საცალო ვაჭრობის და კვების ქსელებმა დაიკავეს. მასობრივმა მომხმარებელმა საკუთარი სახე შეიძინა. შემთხვევითი არ არის, რომ პატრიოტული მოძრაობა „Наши“-ს მონაწილე პუტინის რეჟიმის შექებისას ამბობდა, რომ „მის ხელში ჩვენ უკეთ დავიწყეთ ჩაცმა“. თითქოს რეჟიმის იდენტობის ძიებისას საკმარისი იყო მზარდი სამომხმარებლო კულტურით შემოფარგვლა და მოხმარების თავისუფლების პოლიტიკურ ენად გარდაქმნა. თუმცა ეს მოითხოვდა როგორც ინტელექტუალურ ოპერაციას, ასევე ძალიან ჰგავდა „პერესტროიკის“ დროინდელ ფანტაზიებს ამერიკაზე, რომელთან ურთიერთობებიც ერაყში ომის დაწყების და ნატოს გაფართოების პარალელურად ფუჭდებოდა. ეროვნული იდეის სამომხმარებლო პრაქტიკებმადე „ჩამოქვეითება“ ადვილი არ იყო. ბევრად უფრო მარტივად გამოიყურებოდა თანხმობის შექმნა კარგაც ნაცნობი თემის – „დიადი და მძლავრი“ ენის, „დიდებული“ კულტურის ირგვლივ. თემები, რომლებიც იმპერიულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ამავდროულად ყველასთვის სკოლის მერხიდან ნაცნობი იყო.
კულტურის სამინისტრო აქტიურად აფინანსება მსხვილ პროექტებს, უპირველეს ყოვლისა კინოს, გამომსახველობითი ხელოვნების და მასობრივი დღესასწაულების (მაგალითად „ოჯახის დღე“) სფეროში. სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა ისტორიული რუსეთის განდიდებაზე მისი გამარჯვებული გმირებით და მსხვერპლით. გამოსარჩევია მემორიალური კულტურაც: იზრდებოდა მონუმენტური სკულპტურების, ისტორიული რეკონსტრუქციების, სამხედრო-პატრიოტული და ისტორიული პარკების რაოდენობა. სახელმწიფოს დანიშნული პირები სათავეში უდგებოდნენ მუზეუმებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. უვნებელი კულტურა თანდათან გადაიქცა პლაცდარმად რეჟიმის აგრესიული პოლიტიკისთვის.
სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენებული კულტურის საუკეთესო მაგალითია სოჭში გამართული ოლიმპიური თამაშები, რომლის დასასრულიც ყირიმის ოკუპაციის დასაწყისს დაემთხვა. 23 თებერვალს, როდესაც „სპეცოპერაციის“ სამხედრო ძალები უკვე ნახევარკუნძულზე ჩადიოდნენ, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა. იგი შთამბეჭდავი იყო მასშტაბურობით და დასავლეთზე-ორიენტირებული კულტურული ნიშნებით (იგივე ეხება გახსნის ცერემონიასაც). ძალიან საინტერესოა ცერემონიის შინაარსი, რომლის კრეატიული ავტორიც მთავარი პროპაგანდისტი და პირველი არხის უცვლელი დირექტორი კონსტანტინ ერნსტი იყო: რუსეთი დასავლეთის თვალით.
ოლიმპიადა გახსნა მოზარდი-გოგონას პერსონაჟმა სახელად „სიყვარული“, რომელიც ხედავდა „სიზმრებს რუსეთზე“. სიზმრები რუსულ მემკვიდრეობასთან თავისუფალი ასოციაციებით იწყება: მენდელეევის პერიოდული სისტემა, დოსტოევსკი და ცხადია, იმპერია. დახურვის ცერემონიაზე „სიყვარული“ პატარა მეგობრებთან, იურისა და ვალენტინასთან, ანუ მომავალ კოსმონავტებთან – გაგარინთან და ტერეშკოვასთან ერთად გამოჩნდა. ისინი კოსმოსში გაფრენამდე რუსულმა კულტურამ აღზარდა. სამივე მათგანი მასშტაბურ დადგმებს შორის დადის და რუსული კულტურის სიდიადეს ითვისებს: იქვე ბალეტის მსახიობები გამოსახავენ ანა პავლოვას და ვაცლავ ნიჟინსკის დიაგილევის „რუსულ სეზონებში“. იქვე ასობით ბიბლიოთეკარი ცეკვავს რუსი მწერლების უზარმაზარი პორტრეტების ირგვლივ, სანამ მსახიობები ჩეხოვის და ტოლსტოის სახით მწერლის მაგიდასთან ჩაფიქრებული სხედან. იხსნება და იხურება ცირკი-შაპიტოს კარავი, რომლის ირგვლივაც აკრობატები და ჟონგლიორები დახტიან. ოლიმპიადის თილისმა თეთრი დათვი აქრობს ჩირაღდანს, ტირის ცისფერი ცრემლით და ამ დროს ცაში აიჭრება ფაბერჟეს კვერცხის ფორმის დირიჟაბლი. სახეზე გვაქვს „რუსული სამყაროს“ მულტიმედია-სურათის ნაკრები, რომელმაც სამშობლოსადმი სიყვარული და მისით სიამაყე უნდა გამოიწვიოს.
მთელი ამ დროის განმავლობაში კი რუსული სპეცდანიშნულების რაზმების ჯარისკაცები ამომცნობი ნიშნების გარეშე გადადიან ყირიმის ნახევარკუნძულზე მის დასაპყრობად.
დასკვნა
უკრაინაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე ვლადისლავ სურკოვმა გამოქვეყნა სტატია, რომელიც კრემლის ლოიალურმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ფართო განხილვის საგნად ვერ იქცა. სტატიაში იგი მომავალ გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს პროგნოზირებს და „კონტაქტურ გეოპოლიტიკაზე“ სწრაფ გადასვლას არ გამორიცხავს. რატომ უნდა მოხდეს აღნიშნული გადასვლა? სურკოვის სიტყვებით რუსეთს, გეოპოლიტიკური თამაშის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით „არ ეზარება“ და „არ ეშინია“. და იგი თავს „ვიწროდ, მოწყენილად და უხერხულად“ გრძნობს „უხამს სამყაროში“. რუსეთი, სურკოვის დასკვნით, ემხრობა მშვიდობას, მაგრამ არა „უხამსს“, არამედ „მართალს“.
შედეგად, კრემლის და პატრიოტული აზრის თანახმად, ომი უკრაინაში – იძულებითი და პრევენციული დარტყმაა „გეოპოლიტიკურ მტრებზე“, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთის ფიზიკურ, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერ განადგურებას აპირებენ. კრემლის მიერ ნაპოვნმა სუვერენიტეტმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო: დიდი, ერთიანი და აგრესიული სახელმწიფოებრიობის ძველი იდეა ახალ, სოციოკულტურული განსხვავებების დაცვის სურვილის იდეასთან გააერთიანა. ეს ფეთქებადი სინთეზი იდეალურად მოერგო რეჟიმს, რომელიც ერთდროულად ერთპიროვნულ მმართველობას და ნეოლიბერალური ტიპის კონკურენციას ეტრფის.
პუტინის სუვერენიტეტის უკან აღმოჩნდა უხეში ძალა, რომელიც თავის ფესვებს წარსულში ეძებდა და აბსტრაქტული მორალი, რომელიც ბნელ ისტორიულ-კულტურულ სიღრმეებში მიდიოდა. ამ სიცარიელეს დაეფუძნა მორალური უფლება განსჯის, თუ რომელი ჩაითვალოს „უხამს“ და რომელი „მართალ“ სამყაროდ. და როდის ეწოდოს მშვიდობას ომი და ომს მშვიდობა.
რეზი ქოიავა
26.11.2024