ალექსანდრე დავითაშვილი
პოლიტიკისა და ეკონომიკის ოფიცერი, იაპონიის საელჩო საქართველოში
ნაშრომი შეიქმნა „კავკასიური სახლის“ პროექტში, „უკრაინა-კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ გამოცხადებული ესეების კონკურსის ფარგლებში. პროქტი ხორციელდებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხადაჭერით.
ესეში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პირად პოზიციას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოპოვება. ამის მისაღწევადაც მის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ‘ხისტი ძალა’, რომელიც ჯოსეფ ნეის განმარტებით მოიცავს დაშინებასა („ჯოხს“) და წახალისებას („სტაფილოს“) (ნეი, 2004, გვ. 5). ‘ხისტი ძალა’ გულისხმობს ერთი ქვეყნის საშუალებას მიაღებინოს მეორე ქვეყანას მისთვის სასურველი გადაწყვეტილება იძულების ან მოსყიდვის საშუალებით. რუსეთის ‘ხისტი ძალის’ ძირითადი კომპონენტები მკვეთრად აღემატება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისას. მიუხედავად ამისა რუსეთმა დღემდე ვერ შეძლო რეგიონში სრული გავლენის მოპოვება.
ამ ვითარებას ბევრი რუსეთის ‘რბილი ძალის’ სისუსტით ხსნის. ‘რბილი ძალა’ ჯოზეფ ნეის დამკვიდრებული ტერმინია და მისივე განმარტებით არის „…საშუალება მიაღწიო შენთვის სასურველ შედეგს ურთიერთთანამშრომლობით და არა იძულების გზით“ (ნეი, 2004, გვ. 7). ანუ ‘რბილი ძალა’ გულისხმობს სახელმწიფოს პოტენციალს მოხიბლოს სხვები და ამგვარად მიაღებინოს მათ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ‘რბილი ძალის’ კონცეფცია არსობრივად ასევე მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობის ისეთ სისტემას რომელშიც იდეებსა და ნორმებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ და შესაბამისად სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა იდეებისა და ნორმების საშუალებით მიაღწიონ დასახულ მიზნებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას.
‘რბილი ძალა’ რუსეთისათვის საკმაოდ ახალი მცნებაა. მისი გამოყენება რუსეთში მხოლოდ 2000-იანი წლების მიწურულს დაიწყო. 2007 წლის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვაში გაჩნდა ტერმინი „…საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული მიმართულება“ (რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2007), ხოლო ‘რბილი ძალა’, ორიგინალური ფორმით აისახა 2013 წლის რუსეთის ეროვნულ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, სადაც ის განმარტებულია როგორც „…საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალს, ინფორმაციასა და სხვა მეთოდებს“ (რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2013).
რუსეთში ‘რბილ ძალას’ აღიქვამენ როგორც პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს და ნაკლებ ყურადღებას ანიჭებენ მის ნორმატიულ-შინაარსობრივ მხარეს. „კრემლს უბრალოდ უნდა, რომ მისი ხმა გაიგონ და ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას შინაარსზე“ (მაკარიჩევი, 2014, გვ.242). კრემლში მიაჩნიათ, რომ თუ დასავლეთის ‘რბილი ძალა’ აღემატება რუსეთისას, ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინფორმაციის გავრცელების უკეთესი საშუალებები. ამგვარი აზროვნება კარგად ჩანს რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის სტატიაში სადაც ის აღნიშნავს: „რუსეთისათვის, რბილი ძალის ჩამოყალიბება და მისი ამოქმედება კვლავაც აქტუალურია განსაკუთრებით იმიტომ, რომ რუსეთის იმიჯი საზღვარგარეთ დიდად სცდება რეალობას და ძირითადად ჩამოყალიბებულია მისი გეოპოლიტუკური კონკურენტების მიერ. როგორც ამბობენ ‘ვინც უკვეთავს მუსიკას’ ის ფლობს სიტუაციას“(კოზაჩევი, 2013).
რუსეთის ‘რბილი ძალა’ ცენტრალიზებულია და იმართება რუსეთის მთავრობიდან და მასთან ასოცირებული ინსტიტუტებიდან. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია როსოტრუდნიჩესტვო, რომელიც შეიქმნა 2008 წლის სექტემბერში რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი თვის შემდეგ და რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს საზღვარგარეთ რუსეთისათვის პოზიტიური იმიჯის შექმნა. მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების გაძლიერების საპირისპიროდ, მაქსიმალურად შეიზღუდა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება. რუსეთში დამკვიდრდა არასამთავრობო ორგანიზაციების რუსეთისეული სახეობა – მთავრობის მიერ ორგანიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები – რაც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების არსს. რუსეთში ‘რბილი ძალის’ ცენტრალიზებული კონტროლი სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მისივე სისუსტისა. ჯოსეფ ნეის (2004) აზრით, სწორედ ‘რბილი ძალის’ მაკონტროლებელი ცენტრის არ არსებობა ქმნის ამა თუ იმ ქვეყნის მომხიბვლელობას და შესაბამისად რუსეთის მცდელობა ცენტრალიზებულად მართოს ‘რბილი ძალა’ კონტრპროდუქტიულია.
ნეის (2004) განმარტებით, ‘რბილი ძალა’ ეყრდნობა სამ ძირითად რესურსს: კულტურას, პოლიტიკურ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას. რუსეთის შემთხვევაში მთავარი აქცენტი კულტურულ კომპონენტზეა გადატანილი. მისი ქვაკუთხედია კონსერვატიზმის რუსეთისეული ვერსია, რომელიც სთავაზობს საზოგადოებას არსებული ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებას დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ. დასავლეთი წარმოდგენილია როგორც ჰომოფობიის გამავრცელებლად და ტრადიციების გადამგვარებლად, რუსეთი კი ტრადიციების დამცველად. ამგვარი ხედვა ნათლად გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაერთ გამოსვლაში: „2013 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო მიმართვისას პუტინმა ხაზი გაუსვა თავის კონსერვატიულ ხედვას და ევროკავშირი და დასავლეთი წარმოადგინა გადაგვარებულ ადგილებად, სადაც ტრადიციები და ღირებულებები კარგავენ მნიშვნელობას“ (ტაფურო, 2). რუსეთი არის განვითარების დასავლური მოდელის უარმყოფელი ძალა, თუმცა მას საპირწონედ არ გააჩნია განვითარების თავისებური მოდელი და თავისი იდეოლოგიით სჯერდება მხოლოდ არსებულის შენარჩუნებას.
რუსეთის ‘რბილი ძალისათვის’ მნიშვნელოვანია ინტეგრაციული ელემენტის არსებობა და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთიან ცივილიზაციად წარმოჩენა, რომელიც ჰარმონიაში მოდის სამუელ ჰანტინგტონის (1993) მიერ წარმოშობილ იდეასთან ცივილიზაციათა შეჯახების შესახებ. თუმცა ხშირად ბუნდოვანია ვის აერთიანებს რუსული ცივილიზაცია და რა არის მისი მთავარი ღერძი. ბუნდოვანება კარგად ჩანს ვლადიმერ პუტინის სტატიაში სადაც ის ორაზროვნად საუბრობს იდენტობის შესახებ: „ამგვარი ცივილიზაციური იდენტობა ემყარება რუსული კულტურის დომინაციის შენარჩუნებას, რომელიც თავისთავად წარმოდგენილია არა მხოლოდ ეთნიკური რუსების მიერ არამედ ამ იდენტობის მქონე ყველა ადამიანის მიერ, მიუხედავად მათი ეთნიკურობისა“(პუტინი, 2012). გაურკვეველია თუ ვინ იგულისხმება ამ საერთო იდენტობაში გარდა თავად რუსი ხალხისა. სხვადასხვა პერიოდებში აქცენტი კეთდება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის პანსლავიზმე, ერთიან რუსულ კულტურაზე, რუსულ ენაზე და მართლმადიდებლობაზე. ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საერთო ისტორიას, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას როგორც ამ ერთობის წარმატების სიმბოლოს.
თავისი იდეოლოგიის, კულტურისა თუ ღირებულებების გასავრცელებლად და მათი საზოგადოებამდე მიტანისათვის რუსეთი იყენებს სხვადასხვა ხერხებს, მათ შორის მედიასაშუალებებს. დასავლეთის მსგავსად რუსეთს გააჩნია ის ინსტიტუტები რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი რუსული ‘რბილი ძალის’ გააქტიურებაზე. ამის ნათელი მაგალითია ტელეკომპანია Russia Today, რომელიც შექმნილია ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ის მოდელზე. ანალოგიურად, რუსეთის მსოფლიო ფონდი შეიქმნა ბრიტანული საბჭოსა და გოეთეს ინსტიტუტის მოდელებზე (Russia Direct, 2013). ასევე თვალშისაცემია რელიგიური სტრუქტურების და კერძოდ საპატრიარქოს აქტიური ჩართულობა რუსული იდეოლოგიის გავრცელებაში. სახელმწიფო დონეზე ‘რბილი ძალის’ კუთხით მთავარი ინსტიტუტია რუსოტრუდნიჩესტვო, რომელსაც 2013 წლიდან დაეკისრა რუსეთის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელობა. ასევე ხაზგასასმელია ერთის მხრივ სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების არსებობა და მეორე მხრივ ეგრეთ წოდებული პრო-რუსულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება.
პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით რუსეთს ბევრად უფრო მოკრძალებული შეთავაზება აქვს. ამ შემთხვევაშიც ძირითადი ამოსავალი წერტილი დასავლეთის კრიტიკა და მის მიერ განვითარებული დემოკრატიული სისტემის უარყოფაა. ამის საწინააღმდეგოდ, რუსეთი მეზობელ ქვეყნებს სთავაზობს ანტი-ლიბერალურ ავტოკრატიულ სისტემას, ეგრეთ წოდებულ ‘სუვერენულ დემოკრატიას’. „პუტინის რეჟიმმა შექმნა „სუვერენული დემოკრატიის“ ცნება – ორი, დადებითი მნიშვნელობის მქონე სიტყვათა თამაში, რომელიც სხვა არაფერია თუ არა რუსეთში ავტოკრატიული მმართველობის შენიღბვა“ (მუჩაიძე, 2015, გვ. 2). ამგვარი პოლიტიკური მოდელი მისაღებია პოსტ-საბჭოთა სივრცის ავტორიტარული მთავრობებისათვის, მაგრამ მას ნაკლებად ძალუძს მოხიბლოს მათი საზოგადოებები რადგან დემოკრატიულ წყობასთან შედარებით ამგვარი მოდელი ცალსახად ჩამორჩენილი და რეგრესულია.
რუსეთის ‘რბილი ძალის’ ყველაზე სუსტი რესურსი მისი საგარეო პოლიტიკაა. ‘რბილი ძალის’ კონცეფციიდან სავსებით შესაძლებელია დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებების ამოგდება. თუმცა წარმოუდგენელია ‘რბილი ძალის’ წარმატება საგარეო პოლიტიკაში სამართლიანობის ელემენტის არ არსებობის ფონზე. ჯოზეფ ნეის განმარტებით, საერთო ღირებულებებთან ერთად, სამართლიანობა ‘რბილი ძალის’ ერთ-ერთი მთავარი ვალუტაა (ნეი, 2004, გვ.7). რუსეთის შემთხვევაში მისი რიტორიკა და ქმედება ხშირად სცდება ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დაიმკვიდროს პოზიტიური იმიჯი საერთაშორისო დახმარებებით, მისი აგრესიული ქმედებები ძირს უთხრის მისი ‘რბილი ძალის’ ეფექტურობას. „მუქარების, სავაჭრო ომების, ბლოკადებისა თუ მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეურაცხყოფის შედეგად, ისე როგორც აგრესიული რიტორიკის რეგულარული გამოყენებით რუსეთი აკნინებს საკუთარ მცდელობას, განავრცოს ‘რბილი ძალა’, რომელიც არა ძალისმიერი მეთოდებით, არამედ მომხიბვლელობითა და დარწმუნებით ოპერირებს“ (გეგელია, 2013). რუსეთი არ ცდილობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შესთავაზოს ურთიერთობის ისეთი ფორმა რომელიც მისაღები იქნება მათთვის და ამის საპირისპიროდ მუდმივად ავიწროებს მათ. „დასავლეთი ხელს უწყობს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის მომძლავრებას, ხოლო რუსეთი ცდილობს მის დაკნინებას ევრაზიული ორგანიზაციის პროექტით“ (The Ukrainian Week 2013). შესაბამისად ლოგიკურია, რომ დასავლეთი უფრო მიმზიდველია ვიდრე რუსეთი.
სამხრეთ კავკასია რუსეთის ‘რბილი ძალის’ ერთ-ერთ მთავარ ასპარეზს წარმოადგენს. რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ‘ხისტი ძალა’ რეგიონში, თუმცა ვერ მოახერხა საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო ვექტორის თავისკენ შემობრუნება. საქართველო აგრძელებს პრო-დასავლურ საგარეო პოლიტიკას და ისწრაფვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ, ხოლო აზერბაიჯანი ინარჩუნებს დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და არ იხრება რეგიონის არცერთი დიდი ძალისაკენ. ამგვარი ვითარების შესაცვლელად, 2000იანი წლების ბოლოდან რუსეთმა შეცვალა სტრატეგია და შეეცადა ‘ხისტ ძალასთან’ ერთად ‘რბილი ძალის’ გამოყენებას.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ‘რბილი ძალა’ დიდწილად ეფუძნება კულტურულ რესურსს, კერძოდ კი მის სამ ძირითად ფენომენს: კონსერვატიულ ღირებულებებს, საერთო ისტორიასა და მართლმადიდებლობას. მათზე დაყრდნობით, რუსეთი ცდილობს მომხიბვლელი იმიჯის შექმნასა და საზოგადოებაში მისდამი პოზიტიური განწყობების გაჩენას.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საქართველოში მომძლავრდა მოსაზრება, რომ დასავლეთი მრავალი გარყვნილების შემომტანია, მათ შორის ჰომოსექსუალიზმისა და, რომ მასთან მყარი კავშირი რისკის ქვეშ აყენებს მამა-პაპისეულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. „ბოლო ხანებში ქართულ საზოგადოებაში შეხვდებით მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც დასავლეთის ქმედებები – ესაა ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.“ (ჩიხლაძე, 2015, 33) ამის საწინააღმდეგოდ რუსეთი სთავაზობს საზოგადოებას ცხოვრების წესის ტრადიციულ მოდელს და ევლინება მას კონსერვატიული ღირებულებების დამცველად.
მის ამგვარ იმიჯს ზურგს უმაგრებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საზღვრებს გარეთ რუსეთის სახელმწიფოს იდეოლოგიას უწევს პროპაგანდას და წარმოაჩენს მას სულიერების მთავარ დამცველად. საქართველოში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ რუსეთიცა და საქართველოც მართმადიდებლური ქვეყნებია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რელიგიის როლი საკმაოდ გაზრდილია, ეს ფენომენი რუსეთის ‘რბილი ძალის’ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რესურსია საქართველოს მოსახლეობის მოსახიბლად. „მართლმადიდებლური რუსეთის ქრისტიანული ღირებულებების დამცველად და „გეიროპასა“ სულიერებისაგან დაცლილი „სამომხმარებლო საზოგადოების მოდელის“ წინააღმდეგ მებრძოლად წარმოჩინება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზეც ახდენს გავლენას“ (მუჩაიძე, 2015, გვ.16).
ამასთან ერთად მუდმივად მიმდინარეობს აპელირება რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის საერთო ისტორიაზე სადაც უმთავრეს თემას წარმოადგენს სტალინიზმი. ამის ნათელი მაგალითია 2015 წლის 9 მაისს გამართული საპროტესტო აქცია. „გორში გაჩნდა პლაკატები წარწერით – „დალოი ამერიკა“, „ამერიკა წადი სახლში“. აქციაზე იყო სტალინის ფოტოები და წითელი დროშები ნამგლისა და უროს გამოსახულებით“ (ვექტორი, 2015). მიმდინარეობს მუდმივი მცდელობა სტალინიზმის აღზევებისა, რომელიც გაიგივებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სიძლიერესთან საბჭოთა კავშირის (რუსეთთან ერთად) შემადგენლობაში.
უკრაინის კრიზისის ფონზე რუსული ‘რბილი ძალა’ მომძლავრებულია რეგიონში, რაც განსაკუთრებით ნათლად საქართველოს მაგალითზე ჩანს. სამივე ზემოთ ნახსენები ფენომენის ირგვლივ მიმდინარეობს აქტიური დისკუსია და ხშირად ისმება კითხვები საქართველოს ევროპული არჩევანის ვალიდურობის შესახებ, რასაც დიდწილად ხელს უწყობენ ეგრეთ წოდებული პრო-რუსული არასამთვრობო ორგანიზაციები. „უფრო თვალსაჩინო გახდა იმ ორგანიზაციების მოქმედება რომლებიც ცდილობენ გააუქმონ საქართველოს ‘ცალმხრივი ბილეთი’ (დასავლეთის მიმართულებით). ერეკლე მეორის საზოგადოება ამტკიცებს რომ 15-19 არასამთავრობო ორგანიზაცია მზადაა მოითხოვოს რეფერენდუმი ნატოში გაწევრიანებაზე. მათ შორისაა 2009 წელს რუს-ქართველი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებული ევრაზიის ინსტიტუტი“ (Eurasianet 2015). ამასთან ერთად, რუსეთმა სხვა რეგიონების მსგავსად სამხრეთ კავკასიაშიც გააძლიერა მედია-საშუალებები. „რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში გაზარდა სატელევიზიო არხი Russia Today-ის დაფინანსება, გაუშვა პროექტი „სპუტნიკი“ და გახსნა საინფორმაციო ბიუროები 34 ქვეყანაში“ (Голос Америки, 2015). პარალელურად მთელი რეგიონის მასშტაბით გრძელდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, რუსეთთან ასოცირებული ორგანიზაციები კი ცდილობენ პოპულარულ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.
ცალსახაა, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთი ‘რბილ ძალას’ წინა წლებთან შედარებით უფრო წარმატებულად იყენებს. ამაზე მეტყველებს 2015 წელს საქართველოში ამერიკული ორგანიზაცია ‘ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის’ მიერ ჩატარებული კვლევა (Независимая газета, 2015), რომლის მიხედვითაც გაზრდილია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა წინა წლებთან შედარებით. ნიშნავს კი სამხრეთ კავკასიაში ვითარების ამგვარი ცვლილება იმას, რომ რუსეთის ‘რბილი ძალა’ შეიცვალა ან განიცდის ცვლილებას? არა. სამხრეთ კავკასიაში რუსული ‘რბილი ძალა’ თვისობრივად არ შეცვლილა.
პირველ რიგში არ შეცვლილა მისი იდეოლოგია. კონსერვატიული ღირებულებები, საზიარო ისტორია და რელიგია კვლავ რჩება რუსული ‘რბილი ძალის’ მთავარ თემად. მეორე რიგში არ შეცვლილა რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომლის რიტორიკა და ქმედება არ მოდის თანხვედრაში ერთმანეთთან, რაც განაპირობებს რუსეთის რბილი ძალის სისუსტეს. მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა, რუსეთი პარალელურად კვლავ აგრძელებს აგრესიულ ქმედებას. „საქართველოს მიერ დაახლოებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს არ მოჰყოლია მოსკოვის მხრიდან შესაბამისი პასუხი. რუსეთი აგრძელებს არათანმიმდევრულ პოლიტიკას ერთი მხრივ თბილისთან შერიგებით და მეორე მხრივ მისი დაშინებით“ (მაკარევიჩი, 2014, გვ.1). აზერბაიჯანთან მიმართებაში, მისი პოლიტიკა უფრო მეტად კეთილგანწყობილია, თუმცა რუსეთი აგრძელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით მანიპულირებას რაც ძალიან ნეგატიურად აღიქმება აზერბაიჯანში და დაღს ასვამს რუსეთის ‘რბილი ძალის’ ეფექტურობას.
ამასთანავე არ შეცვლილა რუსეთის ზოგადი მიდგომა ‘რბილი ძალის’ მიმართ. რუსეთის ‘რბილი ძალა’ ცენტრალიზებულად კონტროლდება და აქცენტი კვლავინდებურად კეთდება ფორმაზე და არა შინაარსზე. მომხიბვლელი იმიჯის შექმნაზე უფრო მეტად რუსეთი ცდილობს ინფორმაციის გავრცელების საშუალებების გაძლიერებას. ის კვლავინდებურად ხედავს ‘რბილ ძალას’ ინფორმაციული ომის ჭრილში და აღიქვამს პროპაგანდას წარმატების მთავარ საწინდარად.
შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში რუსეთისადმი განწყობების ცვლილება გამოწვეული იყოს რუსეთის დაუმარცხებლობის მითის გამყარებით. ჯოზეფ ნეის (2004) განმარტებით, ადამიანები ხშირად იხიბლებიან სახელმწიფოთა უძლეველობის მითით. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს სავსებით ლოგიკურია. რუსეთმა უპრობლემოდ მოახდინა უკრაინის ტერიტორიების ანექსია, მასთან ღია დაპირისპირება კი ვერავინ გაბედა, მათ შორის ვერც დასავლეთმა. მოვლენათა მსგავსი განვითარება ამყარებს მოსაზრებას, რომ რუსეთი უძლეველია რაც თავისთავად ხელს უწყობს საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში მისი მომხიბვლელობის ზრდას. თუმცა მომხიბვლელობის ამგვარი ზრდა არა ‘რბილი ძალის’ არამედ ‘ხისტი ძალის’ გამოყენების შედეგია.
უკანასკნელ წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი ცდილობს ‘ხისტ ძალასთან’ ერთად აამოქმედოს ‘რბილი ძალა’, ანუ საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტად დაეყრდნოს იდეებს და მოხიბვლის გზით მიაღწიოს დასახულ მიზნებს. თუმცა, რუსეთის მიერ ‘რბილი ძალის’ გამოყენების გზები ეწინააღმდეგება ‘რბილი ძალის’ კონცეფციის ფუნდამენტებს. მისი ძალისხმევა მიმართულია არა ქვეყნების მოხიბვლაზე არამედ მათი რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდაზე, რაც ეწინააღმდეგება ‘რბილი ძალის’ არსს. სამხრეთ კავკასიაში, კონსერვატიულ ღირებულებებზე, საერთო რელიგიასა და საერთო ისტორიაზე აპელირებით რუსეთი საკმაოდ აქტიურად ამოქმედებს მის ‘რბილ ძალას’. უკრაინის კრიზისის პარალელურად სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა რუსეთისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებები, თუმცა თვისობრივად რუსეთის ‘რბილი ძალა’ არ შეცვლილა. უცვლელია ეგრეთ წოდებული პრო-რუსული რიტორიკის შინაარსი, უცვლელია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ქმედების სტილი რომელიც ძირითადად აგრესიულ ელემენტებს შეიცავს და უცვლელია რუსეთის მიერ რბილი ძალის გამოყენების მეთოდები. რუსეთის ‘რბილი ძალა’ არ არის ‘ხისტი ძალისგან’ მკაფიოდ გამიჯნული და მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ‘რბილი ძალა’ რუსეთის ‘ხისტი ძალის’ ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.
_________________________________________________________________________________
ქართული წყაროები
გეგელია, გ (2013) რბილი უძლურება, ტაბულა, Available from: http://www.tabula.ge/ge/story/76875-rbili-udzlureba
გურული, ზ (2015) რბილი ძალა, რუსეთის ‘რბილი ძალა’ საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
კავკასიძე, გ (2015) რუსული ტელეარხები თუ საქართველოს სუვერენიტეტი? რუსეთის ‘რბილი ძალა’ საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
კანაშვილი, გ (2015) რუსეთის ‘რბილი ძალის’ პოტენციალი საქართველოში, რუსეთის რბილი ძალა საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
მუჩაიძე, გ (2015) რუსეთის ‘რბილი ძალის’ შეტევა საქართველოზე რუსეთის ‘რბილი ძალა’ საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
ტაბატაძე, დ (2015) პროდასავლური ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა კომპონენტი დარტყმის ქვეშაა, რუსეთის ‘რბილი ძალა’ საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
ფხალაძე, თ (2015) Soft Power – რუსული პოლიტიკის თანამედროვე იარაღი, რუსეთის ‘რბილი ძალა’ საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
ჩიხლაძე, შ (2015) რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები (რბილი ძალის ელემენტები), რუსეთის ‘რბილი ძალა’ საქართველოში, თბილისი, Available from: http://politscience.info/pictures/Rus-rbili-dzala-2015-1.pdf
ვექტორი (2015) სტალინის სენტიმენტებზე თამაში სწორედ რუსული ‘რბილი ძალის’ პროექტია. Available From: http://www.tabula.ge/ge/story/76875-rbili-udzlureba
რეზონანსი (2015) პრორუსული განწყობის გაძლიერების ობიექტური ნიშნები არ არსებობს. Available From: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=24503
ინგლისური წყაროები
Ministry of Foreign Affairs of Russian Federation, (2013) Concept of Foreign Policy of the Russian Federation. Available from: http://www.mid.ru/brp_4.nsf/0/76389FEC168189ED44257B2E0039B16D
Ministry of Foreign Affairs of Russian Federation, (2007) A Survey of Russian Federation Foreign Policy, Available from: http://www.mid.ru/brp_4.nsf/e78a48070f128a7b43256999005bcbb3/89a30b3a6b65b4f2c32572d700292f74?OpenDocument
Cwiek-Jarpowicz, J (2012) Limits to Russian Soft Power in the Post-Soviet Area, DGAPanalyse 8, p.1-10
Giragosian, R (2014) The South Caucasus: The limits of a Resurgent Russia. Available from: http://ge.boell.org/en/2014/02/24/south-caucasus-limits-resurgent-russia
Hill, F (2006) Moscow Discovers Soft Power, Current History, (October), p. 341-347
Huntington, S (1993) Clash Of Civilizations, Foreign Affairs, 72 (3), p. 22-49
Kakachia, K. (2014) The Ukraine Crisis: Repercussions on Georgia. Caucasus Analytical Digest. 67-68. p. 6-9
Lanikna, T & Niemczyk, K (2014) What Putin gets about soft power. Washington Post Available from: http://www.washingtonpost.com/blogs/monkey-cage/wp/2014/04/15/what-putin-gets-about-soft-power/
Lukyanov, F. (2013) Why Russia’s Soft Power is Too Soft. Available from: http://eng.globalaffairs.ru/redcol/Why-Russias-Soft-Power-Is-Too-Soft-15845
Makarychev, A & Yatsuk, K. (2014) (Non) Soft Power: Putin’s Serpentine Policy in the South Caucasus. Caucasus Analytical Digest. 67-68. p. 2-6
Makarychev, A & Kornilov, A. (2014) Russia’s soft power in the South Caucasus. in Agadjanian, A & Jödicke, A (eds.) Religion, Nation and Democracy in the South Caucasus, New York: Routledge
Markedonov, S & Suchkov, M (2015) The Caucasus After Ukraine, American Interest. Available from: http://www.the-american-interest.com/2015/01/06/the-caucasus-after-ukraine/
Ney, J (2004) Soft Power: The Means to Success in World Politics, New York: PublicAffairs
Ney, J (2014) Putin’s Rules of Attraction. Available from: http://www.project-syndicate.org/commentary/putin-soft-power-declining-by-joseph-s–nye-2014-12
Ney, J (2013) What China and Russia Don’t Get about Soft Power. Available from: http://foreignpolicy.com/2013/04/29/what-china-and-russia-dont-get-about-soft-power/
Paul, A (2015) The Eastern Partnership, the Russia-Ukraine War, and the Impact on the South Caucasus, IAI Working Papers, 15, p.1-15
Popescu, N (2006) Russia’s Soft Power Ambitions, CEPS Policy Brief, 115, p.1-3
Putin, V (2012) Meeting With the Russian ambassadors and permanent representatives in international organizations, Available from http://en.kremlin.ru/events/president/news/15902
Putin, V (2012) Russia: Ethnicity Issue, Available From: http://archive.premier.gov.ru/eng/events/news/17831/
Suchkov, M. (2013) Assessing Russian Soft Power in the South Caucasus: Ten Reasons why Moscow looks lame. Middle Eastern Analysis 54 (5), p. 83-90
Tafuro, E. (2014) Fatal attraction? Russia’s soft power in its neighborhood – Analysis, Fride, 181, p.1-6
Tet-Matevosyan, V. (2014) Armenia and the Ukrainian Crisis: Finding the Middle Ground. Caucasus Analytical Digest. 67-68. p. 14-17
Vakuyev, A. (2014) The Ukrainian Crisis and Implications for Azerbaijan. Caucasus Analytical Digest. 67-68, p.11-13
Caucasus Dialogue (2013) The Role of the Church in Georgian-Russian relations and the reaction in Abkhazia to the visit of Ilia II to Moscow. Available from: http://www.international-alert.org/blog/role-church-georgian-russian-relations-english-0
Eurasianet (2015) How Strong is Russia’s Soft Power in Georgia? Available from: http://www.eurasianet.org/node/72671
Russia Direct (2013) How Moscow understands soft power. Available from: http://www.russia-direct.org/analysis/how-moscow-understands-soft-power
Russia Direct (2015) The Paradox of Kremlin Propaganda: How it tries to win hearts and minds. Available from: http://www.russia-direct.org/analysis/paradox-kremlin-propaganda-how-it-tries-win-hearts-and-minds
Russia Direct (2015) Russian soft power is just like Western soft power, but with a twist. Available from: http://www.russia-direct.org/opinion/russian-soft-power-just-western-soft-power-twist
The Hawai’I Herald (2015) Does Russia Have Soft Power? Available from: http://thehawaiiherald.com/2015/01/does-russia-have-soft-power/
The Ukrainian Week (2013) Russia’s Soft Power Wars. Available from: http://ukrainianweek.com/World/71849
რუსული წყაროები
АБОСЗОДА, Ф, И МИРЗАЛИЗОДА, К (2013) МЯГКАЯ СИЛА РОССИИ ДЛЯ АЗЕРБАЙДЖАНА. Available from: http://pda.iarex.ru/articles/34731/
Косачёв, К (2013) «Мягкая сила» России – по следам актуальных дискуссий, Available From: http://www.baltija.eu/news/read/29252
Голос Америки (2015) Мягкая сила России: украинский контекст. Available From: http://blogs.voanews.com/russian/donald-jensen-washington-diary/2015/05/04/%D0%BC%D1%8F%D0%B3%D0%BA%D0%B0%D1%8F-%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%B0-%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B8-%D1%83%D0%BA%D1%80%D0%B0%D0%B8%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9-%D0%BA%D0%BE%D0%BD/
Независимая газета (2015) Тбилиси бросил взгляд на ЕАЭС, Available From: http://www.ng.ru/cis/2015-05-20/1_gruzia.html