რამდენიმე წლის წინ პუტინის რეჟიმის ლექსიკონით მხოლოდ ინტელექტუალთა მცირე წრე იყო დაინტერესებული – ის ადამიანები, რომელთა კვლევის საგანსაც წარმოადგენს, თუ რა ტერმინების წყალობით იქმნება სახელმწიფო იდეოლოგიის ქიმერები. დღეს, როდესაც რეჟიმი ღიად დიქტატორულ სახეს ატარებს და მეზობელ ქვეყანაში ღია სამხედრო კონფლიქტის ორგანიზატორია, მისი ლეგიტიმურობის წყაროების გამოვლენა პოლიტიკური მნიშვნელობის ამოცანად იქცა.
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებამ რუსულ პოლიტიკურ პროპაგანდაში გარკვეული ტერმინები აქტუალურად აქცია. „რუსული სამყარო“ და „ისტორიული რუსეთი“ პუტინის ოფიციალური იდეოლოგიის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად იქცა, რომელიც უკრაინაში სამხედრო შეჭრის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენება. ამ ორივე ტერმინს დიდი ისტორია აქვს და სხვადასხვა დროსა და პოლიტიკურ მოცემულობაში ისინი განსხვავებული შინაარსით იტვირთებოდა. სტატიაში „რუსული სამყაროს“ და „ისტორიული რუსეთის“ ცნებების მოკლე ისტორიაზე იქნება საუბარი.
რა იმალება „ისტორიული რუსეთის“ უკან?
პუტინის რეჟიმი „ორგანულ“ ისტორიულ რაობაზე აცხადებს პრეტენზიას. მაგალითად, 2020 წელს მიღებული კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორების თანახმად:
„რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული ათასწლოვანი ისტორიით, ინარჩუნებდა რა წინაპართა ხსოვნას, რომელთაც უფლის რწმენის იდეალები და რუსული სახელმწიფოს განვითარების მემკვიდრეობა გადმოგვცეს, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებრივ ერთობას აღიარებს“.
ამ შესწორებიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაცია ათასწლოვანი ისტორიის პროდუქტს წარმოადგენს და ამავდროულად ისტორიულად ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი ერთობაც არის. დამფუძნებელი აქტი კი, რომელმაც რუსეთის ფედერაცია პოლიტიკურ-იურიდიულ სუბიექტად აქცია, თავად ისტორიაა. შესაბამისად, მარტივი გასაგებია, თუ რატომ სურს პუტინის რეჟიმს საკუთარი თავის ისტორიის აგენტად წარმოჩენა. სპეციალური იდიომა – „ისტორიული რუსეთი“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
აღნიშნული ტერმინის აქტიურად გამოყენება პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადიდან იწყება და თავის პიკს უკრაინაში შეჭრამდე აღწევს. ამ დროს იგი საგარეო პოლიტიკის მთავარ იდეოლოგემად იქცა. „ისტორიული რუსეთი“, პუტინის აზრით, პირველ რიგში საბჭოთა კავშირია. რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ 1917 წელს ძალაუფლებაში მოსული ბოლშევიკები მსოფლიო პროლეტარიატის გათავისუფლებაზე არ ფიქრობდნენ და საბჭოთა კავშირი თავისი არსით იყო „ისტორიული დიდი რუსეთი“, რომელიც XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა“. შესაბამისად ყველა სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შეიქმნა (რუსეთის ფედერაციის გარდა) პოლიტიკურ გაუგებრობას წარმოადგენს და სპეციალურად „ისტორიული რუსეთის“ წინააღმდეგ არის მოფიქრებული. განსაკუთრებით ეს უკრაინას ეხება, „რომელიც მთლიანად საბჭოთა ეპოქის პროდუქტია“.
ამავდროულად, „ისტორიული რუსეთი“ არ არის ეროვნული სახელმწიფო. მის შემადგენლობაში მყოფმა ხალხებმა გააკეთეს არჩევანი „პოლიეთნიკური ცივილიზაციის სასარგებლოდ, რომელიც რუსული კულტურული ბირთვით არის შეკრული. და რუსი ხალხის ეს არჩევანი პერიოდულად დასტურდებოდა – არა პლებისციტებსა და რეფერენდუმებზე, არამედ სისხლით. მთელი თავისი ათასწლოვანი ისტორიით“.
აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით სახეზე გვაქვს პოლიტიკური ინტერესებისთვის ისტორიის ინსტრუმენტალური გამოყენება. და ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იდიომა „ისტორიული რუსეთი“ პუტინის ან მისი კარის ექსპერტების გამოგონებას არ წარმოადგენს და რუსულ პოლიტიკურ დისკურსში თითქმის ორი საუკუნეა არსებობს.
პირველად ეს ტერმინი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში, კონსერვატორულ ბეჭდვით გამოცემებში გვხვდება. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ცნობილი პუბლიცისტის, მიხეილ კატკოვის ხსოვნას მიეძღვნა, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაი ლიუბიმოვი წერდა, რომ „მოსკოვის ვედომოსტის“ რედაქტორი რუსულ პუბლიკას „ისტორიული რუსეთის“ იდეის გააზრებაში დაეხმარა. ეს კი არის „რუსეთი ძლიერი ხელისუფლებით, ერთიანი და ცოცხალი და არა კოლექტიური და პირობითი. ისტორიული რუსეთი არის რუსული ხელისუფლება და რუსი ხალხი, რომელიც რუსეთის ინტერესების სადარაჯოზე ერთად და მეგობრულად დგას“. ამ პერიოდის რუსი კონსერვატორების ნაშრომებში „ისტორიული რუსეთი“ „თვითმპყრობელობის“ სინონიმს წარმოადგენდა.
რევოლუციის და სამოქალაქო ომის შემდეგ კი მან თვითმპყრობელობასთან კავშირი დაკარგა და ემიგრანტულ წრეებში იმ სახელმწიფოს ნოსტალგიურ იდეალად გადაიქცა, რომელიც ხალხის ტკივილს და ტანჯვას პასუხობდა. ამ სახით გვხვდება ის ივან ილინის, პუტინის ერთ-ერთი საყვარელი რუსი კონსერვატორი მოაზროვნის ნაშრომებში. ილინი პირდაპირ წერს, რომ საბჭოთა კავშირი „ისტორიული რუსეთის“ აბსოლუტურ ანტიპოდს წარმოადგენს და ამ მხრივ რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელ ხედვებს ეწინააღმდეგება.
„ისტორიული რუსეთი“ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს პირველად 1990-იან წლებში გენადი ზიუგანოვმა გაუთანაბრა, რომელმაც საბჭოთა კავშირს „ათასწლოვანი ისტორიული რუსეთის ბუნებრივი გეოპოლიტიკური მემკვიდრე უწოდა“. ნატალია ნაროჩნიცკაიას აზრით კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა დოქტრინა „რუსულ მემკვიდრეობაში“ ჩაეწერა და ისტორიული რუსეთი ახალი სახელით აღდგა – საბჭოთა კავშირი.
მაგრამ ამ რესენტიმენტით შეპყრობილი იმპერიის მოყვარულებისა და რევანშისტებისგან განსხვავებით, პუტინის „ისტორიული რუსეთი“ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას არ მოითხოვს. იგი მოსახლეობაზე პოლიტიკისგან გამთიშველ ზემოქმედებას ახდენს. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს რუსეთმა პუტინის მმართველობა საკუთარი ათასწლოვანი ისტორიით დაიმსახურა. მან შეაჩერა შინაგანი ლპობის და დაშლის პროცესები, რომელიც ქვეყანას 1990-იან წლებში ანადგურებდა და მისი გარეშე მტრებიც დააჩოქა. ახლა კი მიღწეული კეთილდღეობის შესანარჩუნებლად რუსი ხალხი საკუთარ ბელადს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. რადგან როგორც ვლადიმირ მედინსკიმ აღნიშნა, „ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, როგორ მტკიცედ იბრუნებს საკუთარ უფლებებს ისტორიული რუსეთი – როგორც ეს ჩვენს ისტორიაში ყოველთვის იყო“.
რუსული სამყარო
ომის დაწყებამდე წარმოთქმულ სიტყვაში ვლადიმირ პუტინმა უკრაინას „ჩვენი საკუთარი ისტორიის, კულტურის, სულიერი სივრცის განუყოფელი ნაწილი უწოდა“ და ფაქტიურად უკრაინაში შეჭრაც დააანონსა. ასეთი ერთობა – კულტურის და არმიის, სახელმწიფოს და ენის, ეროვნული იდენტობის და მოქალაქეობის, „რუსული სამყაროს“ დოქტრინის სახელით არის ცნობილი და იგი კრემლის მიერ ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრულად ვითარდებოდა. 2022 წლის თებერვალში კი აგრესიული ომის გამართლების და მთელი ერის არსებობის უფლების უარყოფის საკვანძო ელემენტად ჩამოყალიბდა.
ტერმინი „რუსული სამყარო“ 1990-იან წლებში მოსკოვის ინტელექტუალურ წრეებში, რუსული იდენტობის ფართო კულტურული განსაზღვრების ძიების პროცესში დაიბადა. 2000-იან წლებში კი იგი ოფიციალურ სახელმწიფო დოქტრინად გადაიქცა.
2001 წლის ოქტომბერში, ე.წ. თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესზე გამოსვლისას, პუტინმა აღნიშნული დოქტრინა პირველად განმარტა: „რუსული სამყარო“ – ეს „მილიონობით ადამიანია, რომლებიც რუსულად საუბრობენ, ფიქრობენ და გრძნობენ“ და რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა ცხოვრობენ. და რადგანაც „რუსეთი თანმიმდევრულად ცდილობს მსოფლიო საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირდეს“, „ჩვენს თანამემამულეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოს უცხოელ პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის აშენებაში დაეხმარონ“.
ამ გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ პუტინს მაშინ დასავლეთში მცხოვრები „რუსულად მოაზროვნე“ ადამიანები უფრო აინტერესებდა, ვიდრე თანამემამულეები დონბასსა და ჩრდილოეთ ყაზახეთში. რუსეთი აქტიურად ატარებდა ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელთა ამოცანაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო. „რუსული სამყარო“ კი გავლენიან და მდიდარ დიასპორად განიხილებოდა, რომელიც გლობალიზაციის პირობებში საკუთარი სამშობლოს კონკურენტულ უპირატესობად უნდა ჩამოყალიბებულიყო.
მაგრამ უკვე 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან „რუსული სამყაროს“ კონცეფციის შინაარსი შეიცვალა. პუტინის რუსეთმა მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და ბუნებრივი რესურსების მიმწოდებელ სახელმწიფოდ იქცა. „კულტურული რესურსის“ განვითარება მის პრიორიტეტს უკვე არ წარმოადგენდა. „ფერადი რევოლუციების“ გამარჯვებამ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი დასავლეთთან დაპირისპირების ეპოქა დაიწყო. ამ პირობებში მეზობელი ქვეყნების რუსულენოვანი მოსახლეობა გავლენის ინსტრუმენტად უნდა გადაქცეულიყო, ხოლო რუსეთის ისტორიისა და კულტურისადმი სიყვარულის მისი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერად კონვერტაცია იყო საჭირო.
ამ მიზნებისთვის 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა ფონდი „რუსული სამყარო“ (Русский мир), სატელევიზიო არხი Russia Today, დემოკრატიის და თანამშრომლობის ინსტიტუტი და ფედერალური სააგენტო (ე.წ.«Россотрудничество»). ყველა მათგანს რუსული „რბილი ძალის“ გაძლიერება დაევალა: მაგალითად, RT „ალტერნატიული ნიუსების“ გავრცელებაზე იყო ორიენტირებული და საერთაშორისო მოვლენებს კრემლისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას უკეთებდა. დემოკრატიის და თანამშრომლობის ინსტიტუტმა კი კონსერვატორი ექსპერტების ქსელი შექმნა, რომლებიც პუტინის რუსეთში „მემარცხენე ლიბერალიზმისა“ და ფემინიზმისგან ევროპის დამცველ ბურჯს ხედავდნენ.
მკვლევარ ვერა აგეევას აზრით, „რუსული სამყაროს სეკურიტიზაცია“ მოხდა და კულტურული გავლენა „ეროვნული უსაფრთხოების“ ნაწილად იქცა. ამ მხრივ სამაგალითოა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ბურუტინი დემოკრატიის და თანამშრომლობის ინსტიტუტის შექმნას მიესალმა და „საინფორმაციო ომებში“ მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კრემლის აზრით, „დემოკრატიული არჩევნები“ და „ადამიანის უფლებები“ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის იარაღს წარმოადგენდა. უხილავ ომში ასეთივე იარაღად უნდა ქცეულიყო რუსული ენა, კულტურა და „რუსეთთან ემოციური კავშირის გრძნობა“. რუსული კულტურის ნებისმიერი მატარებელი კი მის საზღვრებს გარეთ რუსეთის პოლიტიკური გავლენის აგენტად უნდა გადაქცეულიყო.
2014 წლის შემდეგ კი „რუსული სამყარო“ საბოლოოდ გადაიქცა ირედენტიზმის იდეოლოგიად – დაკარგული „ისტორიული მიწების“ ან პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ან მისი პოლიტიკური გავლენის ორბიტაზე შეერთების პროგრამად. კრემლის ყოფილმა სტრატეგმა, ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ „რუსული სამყარო“ არის იქ, სადაც „აფასებენ რუსულ კულტურას, ეშინიათ რუსული იარაღის და პატივს სცემენ ჩვენს პუტინს“. „რუსული სამყაროს“ კონცეფციამ „რბილი ძალის“ ნიშნები საბოლოოდ დაკარგა.
აღნიშნული ტრანსფორმაცია მთლიანად განპირობებულია რუსული სახელმწიფო ელიტის ანტიდემოკრატიული მსოფლმხედველობით – მათი აზრით, ჩვეულებრივ ადამიანებს არასდროს და არცერთ შემთხვევაში არ შეუძლიათ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ. ათეულობით მილიონი რუსულ ენაზე მოსაუბრე ადამიანი მათთვის სახელმწიფოს „აქტივს“ წარმოადგენს, რომელსაც მოსკოვიდან უნდა უხელმძღვანელონ და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. 2022 წლიდან კი „რუსული სამყაროს“ კონცეფცია პირდაპირ იქცა დანაშაულებრივი ომის მწარმოებელი სახელმწიფოს მძევლად და ამავდროულად მსხვერპლად.
რეზი ქოიავა
17.02.2025