2022 წლის 29 აგვისტოს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი პრაღას ეწვია და საგანგებო მოხსენებით წარსდგა კარლის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე. კანცლერის საუნივერსიტეტო გამოსვლაში ჩამოყალიბებული გახლდათ გერმანიის მთავრობის ხედვა საერთო ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის მომავლის შესახებ. რიგმა დამკვირვებლებმა შოლცის გამოსვლა 2017 წელს, სორბონის უნივერსიტეტში ემანუელ მაკრონის მიერ გაცხადებული ევროპული ინიციატივების პასუხად და კეთილგანწყობილ გამოხმაურებად აღიქვეს.
კანცლერმა შოლცმა თავის მოხსენებაში შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
- უკრაინა
ბუნებრივია სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვამდე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გსდპ) წარმომადგენელმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა:
„ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ რუსეთის თავდასხმას მშვიდობაზე ევროპაში, ევროპულ მშვიდობაზე. ჩვენ უბრალოდ, რეაგირების გარეშე არ ვაკვირდებით, თუ როგორ ხოცავენ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს, როგორ ცდილობენ დედამიწის რუკიდან თავისუფალი ქვეყნის წაშლას და მათ კედლებისა თუ ფარდების მიღმა გაქრობას. ჩვენ არ გვსურს მე-19 და 20-ე საუკუნეებში უკან დაბრუნება, საუკუნეებში, რომელთაც დაპყრობითი ომები და სხვა ტოტალიტარული ექსცესები ახასიათებდათ…
ევროპა გაერთიანებულია მშვიდობისა და თავისუფლების საფუძველზე, იგი ღიაა ყველა ევროპული ერისთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს. უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ღირებულებები გულისხმობს იმპერიალიზმისა და ავტოკრატიის აქტიურ უარყოფას… ამ დღეებში კვლავ გაისმის კითხვა – სად გაივლის სამომავლოდ გამყოფი ხაზი ევროპასა და ნეოიმპერიალისტურ ავტიკრატიას შორის… აქედან გამომდინარე, გერმანია და ევროპა გააგრძელებენ ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ასევე სამხედრო დახმარებას. დახმარება არ შეწყდება მანამდე, სანამ მხარდაჭერის საჭიროება იარსებებს.“
შოლცი ევროკომისიასთან შეთანხმებით აპირებს, რომ 25 ოქტომბერს ბერლინში „უკრაინის აღდგენის“ კონფერენცია მოიწვიოს, სადაც ევროპელები ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის განახლების, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტებზე იმსჯელებენ. მანამდე კი, იგი ევროპელებს მოუწოდებს მეტი კოორდინაციისკენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით:
„ამ მიზნით ნიდერლანდებთან ერთად ჩვენ დავიწყეთ საერთო ინიციატივა, რომლის მიზანია უკრაინის ყველა პარტნიორს შორის შრომის ხანგრძლივად და საიმედოდ გადანაწილება… მაგალითად, მე წარმომიდგენია, რომ გერმანიას შეუძლია განსაკუთრებული პასუხისმგებლობის აღება უკრაინის საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბებაზე. კოორდინირებული მხარდაჭერის ასეთ სისტემაზე ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევთანხმდეთ.“
- ევროკავშირის მომავლის ხედვა
უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ, კანცლერმა შოლცმა ისაუბრა ოთხი ძირითადი დარგის, მიმართულების პრობლემებზე. მისი მტკიცებით, აღნიშნული სფეროებში ახალი ინიციატივების განხორციელებას ცენტრალური, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის უფრო ძლიერ და ქმედით გეოპოლიტიკურ აქტორად გარდაქმნის საქმეში.
- ევროპის გაფართოება და რეფორმირება
ევროპის ტერიტორიაზე სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საერთო ღირებულებების გაძლიერების მიზნით, გერმანიის მთავრობის მეთაური ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას:
„მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს საფუძველზე“.
შოლცის აზრით, გაფართოვების შემდეგ ევროკავშირმა 30 ან 36 სახელმწიფოს შეიძლება მოუყაროს თავი.
ახალი წევრების მიღების კვალდაკვალ, ევროკავშირისთვის აუცილებელი იქნება ძირითადი მმართველი სტრუქტურების რეფორმირება. შოლცის ინიციატივით, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას თავისი კომისარი ჰყავს ევროპის აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურაში. ამასთანავე, გერმანელი ევროპარლამენტის მანდატების ხელახალ, უფრო სამართლიან და თანასწორ გადანაწილებასაც აუცილებლად მიიჩნევს. რაც მთავარია, კანცლერი მომხრეა, რომ საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის, საგადასახადო და სავალო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით გაუქმდეს ვეტოს ინსტიტუტი, ცალკეულ ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებების ჩაგდებისა და ვეტოს საშუალებით მთელი ევროპის დაშანტაჟების შესაძლებლობა. ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესი, უმრავლესობის პრინციპით უნდა ჩანაცვლდეს.
დისკუსიები დასახელებული ინიციატივების შესახებ სავარაუდოდ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება, დრო კი არ იცდის. აუცილებელია საერთო ევროპული სივრცის ფორმირებისთვის ნაბიჯები ახლავე გადაიდგას. აქედან გამომდინარე, სოციალ-დემოკრატი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის წინადადებას ევროპის გეოპოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის თაობაზე. ფორუმის მიზანი იქნება ევროპის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მუდმივი კოორდინაცია საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამეგობრობა უნდა იქცეს ერთგვარ პლატფორმად, სადაც ევროპელი ლიდერები ევროკავშირს მიღმა აღმოჩენილი სახელმწიფოების პირველ პირებთან ერთად იმუშავებენ საერთო პრობლემებზე. ფორუმი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება გაიმართოს.
2. სუვერენული ევროპა
სუვერენული ევროპის იდეა გულისხმობს ევროპისა და ევროკავშირის საერთაშორისო როლისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას. კარლის უნივერსიტეტის ტრიბუნიდან გამოსვლის დროს, კანცლერმა აქცენტი დასვა ეკონომიკის რომელიმე სფეროში მხოლოდ ერთ მომწოდებელზე ცალმხრივი დამოკიდებულების უარყოფით მხარეებზე. გლობალური სავაჭრო ურთიერთობების გამრავალფეროვნება, სხვადასხვა რესურსების მოწოდების ნაკადთა დივერსიფიცირება და ევროპული წრიული ეკონომიკის გაძლიერება შოლცს ევროპული სუვერენიტეტის წინაპირობად ესახება.
სუვერენული ევროპის კონცეფციის განხორციელება შეუძლებელია ტექნოლოგიური განვითარების წახალისების გარეშე. კანცლერი აუცილებლად მიიჩნევს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში „სილიკონის ველთან“, იაპონურ და ჩინურ ინდუსტრიასთან ჩამორჩენის აღმოფხვრას. ეკონომიკური განვითარების გეგმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ საერთო ევროპულ განზრახვას, რაც 2050 წლისათვის კლიმატის ცვლილების მიმართ ნეიტრალური სისტემის მიღწევას მოიაზრებს.
სუვერენული ევროპა წარმოუდგენელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის სტრუქტურების კოორდინაციისა და გაძლიერების გარეშე. ნატო რჩება ევროკავშირის უსაფრთხოების მთავარ გარანტორად, მაგრამ მხოლოდ ამ სტრუქტურის არსებობა საკმარისი არ არის. გსდპ-ის ლიდერი ემხრობა იმ იდეას, რომლის მიხედვითაც ევროპულ საბჭოს, წევრი ქვეყნების პირველ პირთა გამაერთიანებელ ინსტიტუტს ევროკავშირის უშიშროების საბჭოს ფუნქციები მიენიჭოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ევროპის თავდაცვის მინისტრთა მუდმივმოქმედი საბჭოს დაარსება და 2025 წლისთვის ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბება.
რაც მთავარია, შოლცი გამოდის საერთო ევროპის საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის ინიციატივით. ევროკავშირის ქვეყნებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დაიცვან თავიანთი საჰაერო სივრცე. „ერთობლივი შრომით ჩამოყალიბებული საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელი ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის მიღწევა იქნება“.
3. ძველი კონფლიქტების გადალახვა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტები მეტწილად ორი ძირითადი საკითხის საფუძველზე წარმოიქმნება. როგორც წესი, კონფლიქტების მთავარი წყარო ან მიგრაციის პოლიტიკა გახლავთ, ან ფინანსური პოლიტიკა. შოლცი ვალების შემცირების, საზღვრების დაცვის, ლეგალური შრომითი მიგრაციის წახალისების, სამართლიანი და კრიზისების გამძლე თავშესაფრის პოლიტიკურ სტრატეგიათა შემუშავების წინადადებით გამოდის და მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
4. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემა
„სამართლის უზენაესობა არის ძირითადი ღირებულება, რომელიც უნდა აერთიანებდეს ჩვენს კავშირს. სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვას უმნიშვნელოვანესია ისე, როგორც არასდროს… განსაკუთრებით დღეს, როდესაც ავტოკრატია ჩვენს დემოკრატიებს ახალი გამოწვევებით ემუქრება“.
შოლცი მხარს უჭერს მკაცრი ზომების მიღებას ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საერთო ევროპული ხელშეკრულებებით დაცულ უფლებებს არ იცავენ, ეჭქვეშ აყენებენ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, ხელს უწყობენ ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას. მკაცრი ზომები შეიძლება გულისხმობდეს ბრიუსელიდან ფინანსური დახმარების შემცირებასაც, ევროკავშირის საფინანსო პოლიტიკის ცვლილებას შესაბამისი სახელმწიფოს მიმართ.
–
700 წლის წინ დაარსებული უნივერსიტეტის დარბაზში თავისი გამოსვლის დასასრულს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა:
„ საქმე ეხება ჩვენს მომავალს, რომელსაც ევროპას ვუწოდებთ… ახლა თუ არა, მაშ როდის შევქმნით სუვერენულ ევროპას, რომელიც თავის ადგილს დაიმკვიდრებს მულტიპოლარულ მსოფლიოში? დღეს თუ არა, მაშინ როდის შეგვიძლია იმ განსხვავებების გადალახვა, რომლებიც წლების განმავლობაში გვყოფდნენ და გვთიშავდნენ? და ვის, თუ არა ჩვენ შეგვიძლია ევროპული ღირებულებების დაცვა და გადარჩენა შინ და გარეთ? ევროპა ჩვენი მომავალია და მომავალი ჩვენს ხელთაა.“
bundeskanzler.de-ს მიხედვით მოამზადა ლევან ლორთქიფანიძემ