შოთა თხელიძე
ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი.
2016 წლის მიწურულს, სირიის სამოქალაქო კონფლიქტის თითქმის ექვსი წლის თავზე, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და შედარებით მყარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, რაც უმეტესწილად, ამბოხებული ოპოზიციის მიერ სირიის მეორე ქალაქის, ალეპოს სირიის სამთავრობო ძალებისთვის დათმობამ განაპირობა. ზავი ჯერჯერობით სიცოცხლისუნარიანია, რაც კონფლიქტში ჩართული თურქული და რუსული მხარის ამ შეთანხმების დაცვის გარანტორობით აიხსნება.
ზავის თანახმად, დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებს იანვარში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყებენ, რათა კრიზისის მოკლევადიან პერიოდში რეგულირება მოხდეს და საუბარი დაიწყოს პოლიტიკურ ტრანზიციაზე. მოლაპარაკებების მთავარი მოთამაშეები თურქეთი, რუსეთი და ირანი იქნებიან. პროცესში ჩართვაზე სირიის ამბოხებული ოპოზიციური დაჯგუფებები დათანხმდნენ, ხოლო რადიკალმა ისლამისტურმა და სხვა ჯიჰადისტურმა დაჯგუფებებმა უარი განაცხადეს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მოლაპარაკებებში ამერიკული მხარე მონაწილეობას არ მიიღებს. ასტანაში სპარსეთის ყურის და სხვა არაბული ქვეყნებიც არიან მოწვეულნი.
რუსეთს, მის მიერ ასტანაში ახალი მოლაპარაკებების დაწყების შეთავაზებით სირიის კონფლიქტზე ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტური ალტერნატივის შექმნა სურს. მოსალოდნელია, რომ ასტანაში კონფლიქტის მოგვარების მისეული გეგმა მთავარი ხედვა იქნება, რომელიც უკვე თურქული მხარისთვისაც აღარ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უფრო ინკლუზიური ფორუმია, მისი ფორმატის მესამე რაუნდი გასული წლის პირველ თებერვალს დაიწყო და კონფლიქტის დარეგულირების კუთხით რეალური შედეგი ჯერჯერობით არ მოუტნია. ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მას რეგიონში წონას მატებს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, ასტანის მოლაპარაკებებმა სირიის კონფლიქტის მომავალი გადაწყვიტოს, რადგან ქვეყანაში სიტუაცია გაცილებით რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
სირია 2017 წლის გარიჟრაჟზე

დღევანდელი მდგომარეობით, სირიის ტერიტორიას რამდენიმე მსხვილი და ასეულობით პატარა სამხედრო დაჯგუფება აკონტროლებს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისი მთლიანი ტერიტორიის ¼ ნაწილს, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე ქურთული სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებენ.
სირიის აღმოსავლეთ ნაწილი, 2014 წლიდან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უკავია. ტერიტორიის ამ ვრცელ ნაწილში მცირე ურბანული ცენტრებია (რაქა, დეირ-ეზური, პალმირა), ხოლო უმეტესობა უდაბნოა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ისლამური სახელმწიფო სირიაში პოზიციებს გაიმაგრებს, რადგან მათ ერაყში პრაქტიკულად, ყველა მსხვილი ქალაქი, ერაყის არმიის, ქურთული ფეშმერგას შეტევების და აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად, დაკარგეს (დარჩენილია, მხოლოდ ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილი) და ერთადერთი დერეფნის გამოყენებით, სირიის ტერიტორიისკენ ნელ-ნელა იხევს.
ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო არმიას ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული დასავლეთ ნაწილი უჭირავს, რაშიც ქვეყნის ძირითადი სამი ქალაქი: დამასკო, ჰომსი და ახლად აღებული ალეპო შედის.
ამბოხებულებს და ისლამისტურ ჯგუფებს მხოლოდ თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინცია, დამასკოს შემოგარენის მცირე ნაწილი და უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის რურალური ნაწილი რჩებათ.
მნიშვნელოვანია, ასადის რეჟიმის შეცვლისთვის მებრძოლ დაჯგუფებათა მკვეთრი სიჭრელე, რომელმაც შესაძლოა სამოქალაქო ომის ამდენ ხანს გაწელვა განაპირობა. 2013 წლის ბოლოსთვის, ასადის არმიას ათასამდე დაჯგუფების 100 000 აჯანყებული მებრძოლი ებრძოდა. მათ შორის 10 000 ჯიჰადისტი, 35 000 კი რადიკალი ისლამისტი იყო, რომელიც მხოლოდ სირიის პრობლემაზე იყო ორიენტირებული, ხოლო დანარჩენს ზომიერი ისლამური ფორმირებები წარმოადგენდნენ.
სირიის კონფლიქტში მთავარი სეკულარული ძალა, რომელმაც სამოქალაქო ომის დაწყება თავის თავზე იკისრა, 2011 წლის აგვისტოში შვიდი გადამდგარი გენერლის მიერ ჩამოყალიბებული თავისუფალი სირიული არმიაა (FSA). არმია შექმნის დღიდან რამდენიმე ბრიგადის სპონტანური ნაერთი იყო, რომელმაც მიუხედავად დასავლელი და არაბული ქვეყნების დახმარებისა, ერთიან სამხედრო ძალად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ის ძირითადად, სუნიტი და მათ შორის დაქირავებული მებრძოლებისგან შედგებოდა და რეალურად, ასადის სამთავრობო ძალებთან საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევით ვერ გამოირჩეოდა. მისი არაეფექტურობის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებმა რადიკალი ისლამისტური დაჯგუფებების დაფინანსება და შეიარაღება დაიწყეს, რომლებიც უფრო აგრესიულად და წარმატებით იბრძოდნენ. დღევანდელი მდგომარეობით, თავისუფალი სირიული არმიის მცირე დანაყოფებიღაა დარჩენილი, რომლებიც უმნიშვნელო ტერიტორიას აკონტროლებენ და სუსტი გავლენა აქვთ ამბოხებულებზე. არმიის წევრთა უმეტესობა უკვე რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობს.
ისლამური ფრონტის ორი მთავარი წარმომადგენელი ჯაიშ ალ-ისლამის და აჰრარ ალ-შამის დაჯგუფებებია. ისინი რადიკალი ისლამისტები და სალაფიტები არიან, რომელთაც სირიაში შარიათის კანონის ქვეშ ისლამური სახელმწიფოს შექმნა სურთ. მათ შემადგენლობაში 30-40 ათასი მებრძოლი ირიცხება. დაჯგუფებების მთავარი დაფინანსების წყარო საუდის არაბეთი და თურქეთია.
ამბოხებულთა ჯიჰადისტურ ფრთას, ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ალ-ნუსრას ფრონტი წარმოადგენს, რომელიც 2016 წლამდე ალ-ყაედას სირიულ შტოს წარმოადგენდა. მას შემდეგ დაჯგუფებამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი გაწყვიტა და სირიის კონფლიქტში დამოუკიდებლად განაგრძობს საბრძოლო მოქმედებებს. ჯიჰადისტურ დაჯგუფებას დღეს ჯაბათ ფატე ალ-შამი ეწოდება.
ამერიკული ფიასკო
2011 წლის იანვარში სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შესაცვლელად დაწყებული საპროტესტო აქციები ‘არაბული გაზაფხულის’ ბოლო აკორდი უნდა ყოფილიყო, რომლის შედეგადაც, როგორც დასავლეთი ფიქრობდა, დიქტატორული რეჟიმი წინა შემთხვევების მსგავსად იოლად დაემხობოდა. მაგრამ სირიის შემთხვევაში გამოჩნდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც მოვლენები ისე არ წარმართა, როგორც მოსალოდნელი იყო.
1916 წელს დადებული საიქს-პიკოს ფარული შეთანხმებით ახლო აღმოსავლეთში მექანიკურად გავლებულმა საზღვრებმა, ტუნისის, ლიბიის და ეგვიპტისგან განსხვავებით, სირია რელიგიურად, ეთნიკურად, კლასობრივად და თემურად ყველაზე მრავალფეროვან სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც ბოლო ნახევარი საუკუნე რეპრესიული ბაატისტური რეჟიმის არაბული ნაციონალიზმის იდეოლოგიის ქვეშ უხდებოდა არსებობდა. საზოგადოების ასეთმა მრავალფეროვანმა ხასიათმა საპროტესტო აქციების დროს ერთიანი ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა. თვითონ ოპოზიციის რიგებშიც იყო მკვეთრი უთანხმოება და რიგ შემთხვევაში ურთიერთ სიძულვილიც კი. ამ გარემოებამ ასადის მთავრობას, რომელსაც როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური ელიტა ზურგს უმაგრებდა, საშუალება მისცა საკუთარი ხელისუფლებისთვის ებრძოლა.
ობამას ადმინისტრაციამ, მუბარაქისა და კადაფის რეჟიმებისგან განსხვავებით, სირიაში საკუთარი პოზიცია თავიდანვე მკვეთრად დააფიქსირა – ‘ასადი უნდა წავიდეს!’ ამ ხისტ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზები ჰქონდა. თავის დროზე აშშ რამდენჯერმე შეეცადა სირიაში სამხედრო გადატრიალება მოეწყო, მაგრამ უშედეგოდ. 60-იან წლებში სირია რეგიონში საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის ყველაზე სანდო პარტნიორი გახდა. სირია, ირანთან ერთად, მკვეთრი ანტისიონისტური პოლიტიკით გამოირჩეოდა და ლიბანურ ‘ჰეზბოლას’ ღიად უჭერდა მხარს. რეგიონში ასადის მთავარობა ერაყის ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსიც იყო.
მიუხედავად, გაცხადებული რეჟიმის შეცვლის სურვილისა, ობამამ ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტა კონფლიქტში მისი სამხედრო პოლიტიკაც, რაც სახმელეთო ჯარების ჩაურევლობას გულისხმობდა. ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დაპირებით ხელისუფლებაში მოსულ პრეზიდენტს, ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთში ახალი სახმელეთო ომის წარმოება არ სურდა. მან გადაწყვიტა, რომ კონფლიქტში, რომლიდანაც ნათელი გამოსავალი არ ჩანდა, არ ჩარეულიყო და როგორც ერაყში კვირაში 5 მილიარდი დოლარი არ ეხარჯა. შედეგად ამერიკული სარდლობა ამბოხებულების მხოლოდ ავია-იერიშების დახმარებით და იარაღის მიწოდებით შემოიფარგლებოდა.
ამერიკული სარდლობა ამბოხებულების სეკულარულ ნაწილს უჭერდა მხარს, მაგრამ მათი დახმარება არასაკმარისი, არასისტემური და არამიზანმიმართული იყო. ამერიკული ავიაცია არასისტემურადვე ახორციელბდა სირიაში ისლამურ სახელმწიფოზე თავდასხმებს და მათგან სირიელი ქურთების დაცვასაც. დროთა განმავლობაში ამგვარმა ბუნდოვანმა სამხედრო პოლიტიკამ ამბოხებულების სეკულარული ნაწილი დაასუსტა და ნათელი გახადა, რომ ასადის რეჟიმთან ბრძოლაში ისინი წამყვანი ძალა ვეღარ იქნებოდა. ამბოხებულთა ამ ნაწილის მხარდამჭერი ოპოზიცია, მისი ფრაგმენტული ხასიათის გამო, იდეოლოგიური ბაზისის კონსტრუირებაშიც დამარცხდა. მათ ვერ ჩამოაყალიბეს სირიის სეკულარული სახელმწიფოს შექმნის და განვითარების გეგმა, სადაც ყველა უმცირესობის უფლება დაცული იქნებოდა. მათ ვერ შეძლეს გაურკვეველი ხედვით მხარდამჭერების მოზიდვა და დარწმუნება. შედეგად მივიღეთ ის, რომ ასადის რეჟიმთან მებრძოლთა რიგებში ლიდერობის ვაკუუმი წარმოიქმნა, რომელიც ვინმეს უნდა შეევსო.
უკვე 2014 წლისთვის, ეს სივრცე რადიკალმა ისლამისტურმა და ჯიჰადისტურმა დაჯგუფებებმა შეავსეს. მათ უკვე ჰქონდათ იდეოლოგია, მათ უკვე ჰქონდათ მკვეთრი მიზანი. სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ისინი იბრძოდნენ გაცილებით უკეთ, წარმატებით და შედეგიანად. შესაბამისად, მათ დაფინანსება გაუზარდა სპარსეთის ყურის ქვეყნებმა და თურქეთმა. დღევანდელი სიტუაციით ასადის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლთა აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალი ისლამისტი ან ჯიჰდასტია.
რატომ ფიასკო?
აშშ-მა არ გაითვალისწინა სირიული ოპოზიციის მახასიათებლები, რომ ის ერთიანი არ იყო და მისი გაერთიანებაც ვერ მოხერხდებოდა და რომ დანაწევრებული ოპოზიცია ასადის მთავრობას ვერ დაამხობდა.
‘ასადი უნდა წავიდეს!’ პოლიტიკის ფარგლებში აშშ არ შეეცადა მიმდინარე კონფლიქტში ჩამოეყალიბებინა სეკულარული ლიდერი ძალა, რომელიც ლეგიტიმურად დაუპირისპირდებოდა რეჟიმს და მას სისტემურ და ძლიერ სამხედრო დახმარებას გაუწევდა. აშშ არ შეეცადა მისი მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნები და თურქეთი ამ პოლიტიკაში დაერწმუნებინა და პროცესში ჩაერთო.
შედეგად აშშ-მა დაუშვა პრაქტიკულად, გამოუსწორებელი შეცდომა: მისმა ჩაურევლობის პოლიტიკამ ამბოხებულებში ლიდერობის ვაკუუმი წარმოქმნა და რადიკალ ისლამისტებს და ჯიჰადისტებს საშუალება მისცა კონფლიქტში მთავარი წამყვანი ძალები გამხდარიყვნენ. ამ შეცდომამ კი ორი მთავარი მარცხი გამოიწვია:
- ისლამისტების და ჯიჰადისტების გალიდერებამ აშშ-ს სირიის კონფლიქტში ჩარევის და ასადის რეჟიმის შეცვლის პოლიტიკური ლეგიტიმაცია წაართვა. ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ბუნებრივია, რადიკალური ისლამისტური და ჯიჰადისტური დაჯგუფებების დახმარებით, ფორმალურად ჯერ კიდევ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ვერ დაამხობს. და თუ არაფორმალურად ამ ჯგუფებს მაინც დაეხმარება, მომავალში სირიაში მიიღებს ახალ ალ-ყაედას ან ისლამურ სახელმწიფოს;
- ისლამისტების და ჯიჰადისტების ამბოხებულთა რიგებში გალიდერებამ რუსეთს საშუალება მისცა, როგორც სამართლებრივად, ასევე ლეგიტიმურად ჩართულიყო კონფლიქტში და ასადის მთავრობა ტერორისტებისგან დაეცვა;
დღევანდელი მდგომარეობით აშშ სირიაში პოლიტიკურად გაკოტრებულია: ასადი დარჩა, მას კონფლიქტის დარეგულირების, პრაქტიკულად ყველა ლეგიტიმური საშუალება წაერთვა, რუსეთის და თურქეთის ინიცირებით კონფლიქტის მოგვარების ახალი ინსტრუმენტი, ასტანას მოლაპარაკებები გაჩნდა, სადაც ის არ მონაწილეობს.
გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სირიის კონფლიქტის მოგვარების მისეული ხედვა არ გააჩნია და მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს განადგურებაზეა ორიენტირებულია.
რუსული ტრიუმფი
2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერისა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. დასავლეთმა იგი უკიდურესად მარგინალურ მხარედ აქცია, ვისაც საერთაშორისო საზოგადოების პრაქტიკულად არცერთი რაციონალური მოთამაშე აღარ ესაუბრებოდა.
2015 წლის შემოდგომისთვის, სირიის კონფლიქტში შექმნილმა პოლიტიკურმა კონფიგურაციამ რუსეთს არნახული შესაძლებლობა მისცა მისი დისკრედიტირებული სტატუსი აღედგინა. ბაშარ ალ-ასადის ოფიციალური მოწვევით, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, ახლო აღმოსავლეთში დარჩენილი მისი ერთადერთი მოკავშირისთვის სამხედრო დახმარება გაეწია. სექტემბრის ბოლოსთვის, რუსეთის რეგიონში პირველი სამხედრო ჩარევის მონათვლა მოხდა. სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ რუსეთმა დაუსრულებელ სისხლისღვრაში ჩადგა ფეხი.
ცივი ომის დასრულებისთანავე რუსეთს აიძულებდნენ ახლო აღმოსავლეთი მთლიანად დაეტოვებინა, მაგრამ სირიაში საპორტო ქალაქ ტარტუში მან საზღვაო ბაზა მაინც შეინარჩუნა. მოკავშირეობის გარდა, რუსეთისთვის სირია, ლიბანთან და ირანთა ერთად ებრაული საფრთხის შეკავებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
2015 წლიდან მოყოლებული რუსეთის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები ასადის სამთავრობო ძალებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა, რის შედეგადაც სირიის არმია შესუსტებული თავდაცვითი პოზიციებიდან თავდასხმით პოზიციებში გადავიდა და საკუთარი წარმატება გასული წლის მიწურულს ალეპოს აღებით დააგვირგვინა.
ამ პერიოდის განმავლობაში, სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად, უკვე ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში რუსეთის ეფექტური ჩართულობა, მას საერთაშორისო ასპარეზზე წონას ნელ-ნელა მმატებდა. რეალურად, გამოვიდა რომ რუსეთი სირიას ახალი რადიკალ ისლამისტური ორგანიზაციის მიერ ხელში ჩაგდებისაგან იცავს, რომელიც მომავალში, დიდი ალბათობით, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთლიანად დასავლეთს. შედეგად, მისი ინიციატივით დღეს ასტანაში მრავალმხრივი მოლაპარაკებები იმართება, რომელსაც გაეროს და დასავლეთის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.
რუსეთი, ამბოხებულების რადიკალ ისლამისტების ნაწილის გარდა, სირიაში აქტიურად ებრძვის ისლამურ სახელმწიფოსაც და აქაც ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ს აქტიურ კონკურენციას უწევს. ბუნებრივია, ამგვარი სწორხაზოვანი პოლიტიკით რუსეთი რეგიონის ქვეყნებისთვის უფრო და უფრო სანდრო პარტნიორად ყალიბდება.
გარდა სამხედრო და პოლიტიკური წარმატებისა, რუსეთმა იდეოლოგიური მხარდაჭერაც მოიპოვა. პუტინს არ სჯერა არაბული დემოკრატიის, რომ კორუმპირებული დიქტატურის ჩამოგდების შემდეგ არაბულ საზოგადოებებში პლურალისტური დემოკრატია შეიქმნება. მას რეგიონში მკაცრი ადმინისტრატორის არსებობის აუცილებლობის სჯერა; რომ მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერს შეუძლია საფრთხეების თავიდან არიდება. იგი აშშ-ს დემოკრატიის გავრცელების მოტივით რეგიონში შექმნილ ქაოსსა და ჯიჰადისტური რადიკალიზმის აღზევებაში ღიად სდებს ბრალს. მის მოსაზრებას ერაყის, ლიბიისა და ეგვიპტის შემთხვევები უმაგრებს მხარს. შესაბამისად, პუტინი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასადია ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც მომავალში სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა განაპირობოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის სახელმწიფო ნაწილებად დაიშლება, რაც შორს არ არის რაციონალური აზრისგან.
სირიის კონფლიქტში ჩარევით რუსეთმა საერთაშორისო არენაზე ირიბი სარგებელიც მიიღო. მან ურთიერთობა გაიმყარა ირანთან და ეფექტური სასაუბრო ენა გამონახა თურქეთთანაც.
დასკვნა
სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ რუსეთისა და თურქეთის დამხარებით, პირველად მოხერხდა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ. ასტანის მოლაპარაკებებისგან კონფლიქტის სწრაფი გადაჭრის მოლოდინები არცერთ მხარეს არ აქვს, მაგრამ ამით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ახალი ინსტრუმენტი გაჩნდა, რომელიც გარკვეულ შესაძლებლობებს მაინც ტოვებს. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებში წამყვანი ძალა რუსეთი და მთავარი ხაზი მისი პრობლემის მოგვარების მიერ შემოთავაზებული გეგმა იქნება, რაზეც მხარეები იმსჯელებენ. რუსეთის აქტიური პოზიციის და ამერიკული მხარის გაურკვეველი ხედვის ფონზე, შესაძლებელია, თურქეთი რუსულ გეგმას, გარკვეული ვარიაციებით, დათანხმდეს.
სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი კონფლიქტის მოგვარებაში პასიურ პოზიციას დაიჭერს. იგი დემოკრატიის თავგამოდებული მხარდამჭერი არ არის და სირიაში ძლიერი ლიდერის არსებობა მისთვის პრობლემა არ იქნება. იგი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ ერაყში ინტერვენციას და სადამ ჰუსეინის ჩამოგდებას აკრიტიკებდა. მანვე ჰილარი კლინტონთან დებატში ლიბიაში კადაფის რეჟიმის შეცვლაც უხეშად გააკრიტიკა. ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაირღვეს, თუკი ჩარევა აუცილებელი გახდება. ჯერჯერობით, მისთვის ეს აუცილებელი ჩარევა ისლამური სახელმწიფოს განადგურებით შემოიფარგლება. შესაბამისად, დიდი ალბათობით იგი სირიის კონფლიქტის მოგვარებას რუსეთის პრეროგატივად აქცევს.
ლიტერატურის მიმოხილვა
BBC. 2013. Guide to the Rebels. BBC News. http://www.bbc.com/news/world-middle-east-24403003 24.01.2017;
Bell, J. 2017. Assad Conondrum. Al Jazeera. http://www.aljazeera.com/indepth/opinion/2017/01/syria-future-bashar-al-assad-170102073404800.html 24.01.2017;
Berger, M. 2017. What Awaits Syria in the Future? New Eastern Outlook. http://journal-neo.org/2017/01/07/what-awaits-syria-in-the-future/ 24.01.2017;
Farmer, B. 2013. Syria: nearly half rebel fighters are jihadists or hardline Islamists. The Telegraph. href=”http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/syria/10311007/Syria-nearly-half-rebel-fighters-are-jihadists-or-hardline-Islamists-says-IHS-Janes-report.html”>http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/syria/10311007/Syria-nearly-half-rebel-fighters-are-jihadists-or-hardline-Islamists-says-IHS-Janes-report.html 24.01.2017;
Judis, J. 2017. America’s Failure and Russia and Iran’s Success in Syria’s Cataclysmic Civil War. Talking Points Memo. href=”http://talkingpointsmemo.com/cafe/americas-failure-russia-success-in-syrias-war”>http://talkingpointsmemo.com/cafe/americas-failure-russia-success-in-syrias-war 24.01.2017
Mulhen, S. 2017. The Decline of Free Syrian Army. Al Masdar News. https://www.almasdarnews.com/article/decline-free-syrian-army-fsa/01.2017;
Poole, P. 2016. U.S.-Backed Free Syrian Army Allies with Terror Group. The Counter Jihad Report. https://counterjihadreport.com/2016/09/29/u-s-backed-free-syrian-army-allies-with-terror-group-that-state-dept-designated-last-week/ 24.01.2017;
Zinin, Y. 2017. What Should One Expect from the Syrian Peace Talks in Astana? New Eastern Outlook. http://journal-neo.org/2017/01/22/what-should-one-expect-from-the-astana/ 24.01.2017;