„ტრადიციული ფასეულობები“ – თანამედროვე რუსული რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი რიტორიკული კონსტრუქციაა. იგი პრეზიდენტის, პატრიარქის და პარლამენტარების სიტყვებში უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოჩნდა და რუსულ პოლიტიკაში კონსერვატორული შემობრუნების სიმბოლოდ იქცა. „ტრადიციული ფასეულობების“ კონცეფციამ სოციალური პოლიტიკის საერთო კონსერვატორული ორიენტაცია ჩამოაყალიბა, რომელიც პირველ რიგში ოჯახის, სექსუალობის და ა.შ. თემებს მოიცავდა.
2022 წლის ნოემბერში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ტრადიციული ფასეულობების“ შესახებ, სადაც ისინი პირველად აღინიშნა: ადამიანის სიცოცხლე, ღირსება, უფლება და თავისუფლება; პატრიოტიზმი; მოქალაქეობა; სამშობლოს სამსახური და პასუხისმგებლობა მის ბედისწერაზე; მაღალი ზნეობრივი იდეალები; მყარი ოჯახი; შემოქმედებითი შრომა; სულიერის უპირატესობა მატერიალურზე და ა.შ. განკარგულების თანახმად, ეს ფასეულობები ქრისტიანობიდან, ისლამიდან, ბუდიზმიდან, იუდაიზმიდან და რუსული სახელმწიფოს საზღვრებში ტრადიციულად გავრცელებული სხვა რელიგიებიდან წარმოიშვა. ამ ფასეულობებმა გაუძლეს დროს და სეკულარიზაციის პროცესებს, შეინარჩუნეს ძალა და აზრი და მათ როგორც მორწმუნე, ასევე ათეისტი რუსები იზიარებენ. და ეს ფასეულობები აძლიერებენ სახელმწიფო სუვერენიტეტს. შესაბამისად ისინი დესტრუქციული ზეგავლენისგან აუცილებლად უნდა დაიცვან.
მთელი ეს წარმოუდგენელი კონსტრუქცია აჩვენებს, რომ „ტრადიციული ფასეულობები“ ჩამოყალიბდა იდეოლოგემად, რომლის უკანაც გარკვეული, თუნდაც აბსურდული და წინააღმდეგობრივი ლოგიკა დგას. მეტიც, „ტრადიციული ფასეულობები“ რეჟიმის იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც რუსეთის კულტურული სუვერენიტეტის გამყარების პარალელურად ფორმირდა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი მისი პოლიტიკური არსი სრული ძალით წარმოჩინდა.
სტატიაში პუტინის რეჟიმის პირობებში „ტრადიციული ფასეულობების“ კვაზირელიგიურ მორალად გადაქცევის ისტორიაზე იქნება საუბარი, რამაც საბოლოოდ აგრესიულ სამხედრო პროპაგანდას ჩაუყარა საფუძველი. მაინც საიდან გაჩნდა წარმოდგენა „ტრადიციულ ფასეულობებზე“ და როგორია მათი პოლიტიკური წინაისტორია?
როგორ მივიდა რუსეთი „კონსერვატორულ შემობრუნებამდე“
სანამ უშუალოდ სტატიის თემაზე გადავალთ, მოკლედ უნდა შევეხოთ რუსეთში „კონსერვატორული“ შემობრუნების ისტორიაზე.
პუტინის მმართველობის პირველ წლებში შედარებითი სამოქალაქო თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია ჯერ კიდევ არსებობდა, ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ, ხოლო პროფკავშირები იშვიათად, მაგრამ მაინც იფიცებოდნენ. მიუხედავად ამისა, პერსონალური ძალაუფლების, მასობრივი დეპოლიტიზაციის და შოვინისტური თუ რასისტული ხედვების სახიფათო კომბინაციის გავრცელება უკვე ნათლად შეინიშნებოდა. პუტინის პოლიტიკური კარიერა და მისი პოპულარობის ბუნება თავიდანვე ომთან იყო დაკავშირებული. 1999 წლის ბოლოს, როდესაც ბორის ელცინმა პუტინი მემკვიდრედ გამოაცხადა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩნეთში სრულმასშტაბიანი „კონტრ-ტერორისტული ოპერაცია“ დაიწყეს.
პუტინის გამანადგურებელმა გამარჯვებამ 2000 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველად წარმოგვიდგინა ის, რასაც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პოლიტოლოგებმა „პუტინის უმრავლესობა“ უწოდეს. ამ ელექტორალური უმრავლესობის გამაერთიანებელი ემოციები იყო იმედგაცრუება, დაღლილობა და შიში: იმედგაცრუება დემოკრატიისგან, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ არასტაბილურობასთან იყო დაკავშირებული, დაღლილობა სიღარიბისა და ეკონომიკური სირთულეებისგან და მედიის მხრიდან წინ წამოწეული შიში ტერორისტული საფრთხეების მიმართ, რომელიც „კავკასიელების“ ზიზღთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
ამ პერიოდის რუსეთის საშინაო პოლიტიკას ახასიათებდა საჯარო სექტორის აქტიური პრივატიზაცია და ნეოლიბერალური რეფორმები, რის პარალელურადაც საპოლიციო კონტროლის გაძლიერება და პატრიოტული რიტორიკის აღმასვლა მიმდინარეობდა. პუტინის მმართველობის პირველ წლებში მიიღეს ახალი შრომის კოდექსი, რომელმაც დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა, ახალი საბინაო კოდექსი, რომელმაც საქალაქო სივრცის პრივატიზება გახადა შესაძლებელი და ბრტყელი საგადასახადო სისტემა (13%), რამაც რუსეთი მსხვილი ბიზნესისთვის სამოთხედ აქცია. საფუძველი ჩაეყარა ნეოლიბერალიზმის და სახელმწიფო კაპიტალიზმის პარადოქსულ კავშირს, რომელიც პუტინის მთელი პროექტისთვისაა დამახასიათებელი: მომგებიანი კომპანიები, რომლებიც ბუნებრივ რესურსებთან იყო კავშირში, თანდათან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავიდა. საჯარო სექტორი (განათლება და მედიცინა) კი მუდმივი „ოპტიმიზაციის“ და მოგებაზე გასვლის პრინციპის ობიექტად იქცა.
2010-იანი წლების დასაწყისამდე პუტინიზმი მასობრივ დეპოლიტიზაციას ეფუძნებოდა. იგი კავშირში იყო მოხმარების ზრდასთან, „სტაბილურობით“ ტკბობასა და პირად ცხოვრებაზე კონცენტრირებასთან. ყველაფერი 2011 წლის ბოლოს შეიცვალა, როდესაც პუტინმა საპრეზიდენტო პოსტზე დაბრუნება გადაწყვიტა და ამ სახით რეჟიმი ღიად პერსონალისტურ ძალაუფლებად გადააქცია.
2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა, რაც რეალურად მთლიანად ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი იყო. რეჟიმისთვის ძველი სახის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა, ამიტომაც 2012 წლის პუტინის საარჩევნო კამპანიას სხვა ნარატივი მოჰყვა: ოპოზიციური დემონსტრაციები საგარეო და საშინაო მტრების პროექტად წარმოაჩინეს, რომლის მიზანსაც ქვეყნის ერთიანობის დარღვევა და ცრუ ღირებულებების თავსმოხვევა წარმოადგენდა. პუტინი „ტრადიციული ოჯახის“ დამცველად გამოაცხადეს. ჰომოფობია და პატრიარქატი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აიყვანეს. „პუტინის უმრავლესობა“ „მდუმარე კონსერვატორულ უმრავლესობად“ ტრანსფორმირდა, რომელსაც საერთო ქრისტიანული რწმენა და რუსეთის ისტორიული გზის ერთგულება აკავშირებდა. რუსეთში „კონსერვატორული შემობრუნება დაიწყო.
რელიგიური ეთიკა თუ ადამიანის უფლებები?
1999 წელს, რუსეთის პატრიარქად კურთხევამდე ათი წლით ადრე, მიტროპოლიტმა კირილმა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ლიბერალიზმზე, ტრადიციონალიზმსა და ევროპის მორალურ ორიენტირებზე. სტატიაში თავიდანვე დაყენებულია პოლიტიკური ამოცანა, რომელიც დასავლეთის და აღმოსავლეთის წინაშე დგას: მოხდეს „ნეოლიბერალური ღირებულებების“ და ტრადიციონალისტური მსოფლმხედველობის გაერთიანება. პირველის ქვეშ მიტროპოლიტი ადამიანის უფლებების და თავისუფლებების გლობალურ გავრცელებას გულისხმობს, ხოლო მეორეს ქვეშ გარკვეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კულტურულ-რელიგიური იდენტობების კონსერვაციას. რუსეთის მომავალი პატრიარქის აზრით, სწორედ მათი ჰარმონიზება არის „პოსტკომუნისტური ეპოქის მთავარი გამოწვევა“, რომელზე პასუხის გაცემის გარეშეც სამყარო გადაუწყვეტელ კონფლიქტებში ჩაეფლობა.
მიტროპოლიტი კირილის აზრით, ლიბერალური იდეალი, რომელიც ადამიანის უფლებების გაფართოებას გულისხმობს, მთელი რიგი ქვეყნების „ეროვნულ-კულტურულ და რელიგიურ-ღირებულებით ორიენტაციასთან“ შეუთავსებელია. კირილი მიიჩნევს, რომ რუსულ ცივილიზაციას, რომელიც საკუთარი სულიერი ტრადიციის საწყისში თეოცენტრულია, არ შეუძლია უპირობოდ მიიღოს ანთროპოცენტრული ჰუმანიზმი, რომელიც დასავლური ლიბერალური სტანდარტის საფუძველია. შესაბამისად, მისი ამოცანაა მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნება დაიცვას და ამ გზით ევროპასთან დიალოგში შევიდეს.
მოგვიანებით კირილი ევროპის გარყვნილებისგან დაცვის წმინდა ამოცანას რუსეთში საბჭოთა სოციალიზმზე არსებული ცოცხალი და მძიმე მეხსიერებით ახსნის. მისი აზრით, ეს იყო „უღმერთო საზოგადოების მშენებლობის უნიკალური გამოცდილება“. უღმერთო და ზნეობისგან დაცლილი კი ახლა არა საბჭოთა, არამედ ამერიკული გავლენის ქვეშ მყოფი ევროპული საზოგადოებაა და ამიტომაც რუსეთი ვალდებულია დაბნეული ევროპა დაიცვას და გაანათლოს.
2006 წელს, მსოფლიო რუსულმა სახალხო ტაძარმა, რომელიც „თვითმყოფადი რუსული ცივილიზაციის“ სახელით გამოვიდა, კირილის აქტიური მონაწილეობით დაწერილი დეკლარაცია ადამიანის უფლებების და ფასეულობების შესახებ მიიღო. მასში მოყვანილია მთელი რიგი ფასეულობებისა (რწმენა, ზნეობრიობა, სამშობლო და ა.შ.), რომელიც ადამიანის უფლებების მიერ არ უნდა შეილახოს. 2008 წელს კი კირილი მონაწილეობდა „ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და უფლებებზე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების საფუძვლების“ შემუშავებაში, სადაც ვკითხულობთ: „ადამიანის ინდივიდუალური უფლებები არ შეიძლება სამშობლოს, თემის, ოჯახის ფასეულობებს და ინტერესებს დაუპირისპირდეს. ადამიანის უფლებების დაცვით არ შეიძლება გამართლდეს რელიგიური სიწმინდეების, კულტურული ღირებულებების, ხალხის თვითმყოფადობის შეურაცხყოფა“.
2008 წლიდან „ტრადიციულმა ფასეულობებმა” რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ გამოსვლებში, სამიტებსა თუ კომუნიკეებში პროპაგანდისტული დატვირთვა მიიღო, რომლის თანახმადაც ამ ფასეულობებს სპეციფიკური გენეზისი გააჩნიათ და თანამედროვე რელიგიის საზოგადოებაში გაბატონების პროცესში პრიორიტეტს წარმოადგენენ. ამ პროცესში კირილი აქტიურად ცდილობდა მოკავშირეები რუსეთში არსებულ სხვა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებში მოეძებნა.
გამოდის რომ პატრიარქს, რომელიც დღეს კრემლის ყველა ნარატივს იმეორებს და ეკლესიას მის დეკორაციად იყენებს, დასავლეთთან ბრძოლის კონტექსტში „ტრადიციული ფასეულობების“ დაცვის იდეა ეკუთვნის. აქ უმნიშვნელოვანესი მისი კონცეპტუალური შემადგენელია – ტრადიციული მორალის რელიგიიდან წარმოშობა და ამ მორალის მნიშვნელობა რუსული საზოგადოების განვითარებაში. იდეა, რომელსაც როგორც ჩანს, კირილი დიდი ხანია იცავს.
ოჯახის მცველი სახელმწიფო
სახელმწიფოს ოფიციალურ რიტორიკაში „ტრადიციული ფასეულობები“ პირველად ოჯახური ღირებულებების განხილვის კონტექსტში ხვდება. ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუა პერიოდში პუტინი ოჯახის ინსტიტუტის, რომელიც ტრადიციულად მოსახლეობის გამრავლებასთანაა დაკავშირებული, დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდა. შედეგად დემოგრაფიულმა პოლიტიკამ პრონატალური ხასიათი მიიღო. დაიწყო დირექტივების შემუშავება, რომლებიც ოჯახისადმი პატივისცემის გაზრდისკენ იყო მიმართული.
2007-2008 წლებში მომზადდა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია „ბავშვთა სულიერ-ზნეობრივი აღზრდის შესახებ. “ტრადიციული ფასეულობები“ ბავშვთა აღზრდის და მათი ინტერესების დაცვის საფუძვლად გამოცხადდა. დოკუმენტში მოწოდებაა ბავშვთა საკითხებში შედგეს თანამშრომლობა რუსეთში „ისტორიულად წარმოდგენილ“ რელიგიურ ორგანიზაციებთან.
2008 წელი კი რუსეთში ოჯახის წლად გამოცხადდა. მაშინ გაჩნდა ოჯახის, სიყვარულის და ერთგულების დღეც (იგი 2022 წელს ოფიციალურ დღესასწაულად გადაიქცა). პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებაში საუბარია „საბაზისო ოჯახური ღირებულებების“ გამყარებაზე. იდეალურ ოჯახად წარმოდგენილია განსხვავებული სქესის მქონე ადამიანთა მყარი კავშირი, რომელთაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ. ასეთი ოჯახი ავტომატურად იქცა ტრადიციულობის ემბლემად – მას პარტნიორული და სექსუალური ურთიერთობების სხვა ფორმებს უპირისპირებდნენ.
ოჯახური პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც 2014 წელს მიიღეს და 2025 წლამდე მოქმედებს, „ტრადიციული ფასეულობები“ ყველგან გვხვდება და მათი გაძლიერება პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ოჯახის გავლით, რომელსაც სახელმწიფო ერთდროულად პირად არჩევანად, ლოიალობის მომთხოვნ ინსტიტუტად და რეგულირების ობიექტად განიხილავს, ტრადიციული მორალი კერძოს, საზოგადოებრივს და სახელმწიფოს მყარად აკავშირებს. სწორედ ამაში მდგომარებს „ტრადიციული ფასეულობების“, როგორც რეჟიმის იდეური საყრდენის პოლიტიკური პრაგმატიკა.
„სულიერი სკრეპების“ დეფიციტი – პუტინის მთავარი საზრუნავი
ვლადიმირ პუტინის მორალიზატორული ფრაზები სულიერების პრიორიტეტულობაზე მმართველობის პირველივე წლებში გვხვდება. თუმცა სულიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე მისი გაფანტული ინტუიციური მოსაზრებების ტრადიციული ღირებულებების იდეოლოგიად გარდაქმნას რამდენიმე ეტაპი დასჭირდა.
პირველ ეტაპზე, 2000-2007 წლებში, სიტყვებს „სულიერება“, „ზნეობრიობა“ და „ფასეულობები“ შორის აზრობრივი კავშირი თითქმის არ გვხვდება. მხოლოდ 2005 წლის ფედერალური ყრილობისადმი მიმართვაში ჩნდება ფასეულობები, რომლებიც „მრავალი საუკუნის განმავლობაში რუსულ მიწაზე ხელშეუხებელი და უპირობო იყო“. ეს ფასეულობები (ურთიერთდახმარება, ნდობა, საიმედოობა და ა.შ.) ზნეობრიობის საზომს, რეპუტაციის ალტერნატივას წარმოადგენს. თუმცა მათი დაკავშირება სულიერებასა და ტრადიციებთან ჯერ არ ხდება.
პირველად ეს დაახლოება 2007 წლის მიმართვაში მოხდა. პუტინმა პრემიერის სავარძელში გადანაცვლებამდე ერთგვარი „ანდერძი“ დატოვა – მისი აზრით, რუსულმა საზოგადოებამ გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური სირთულეების გამო სულიერი ტრადიციები თითქმის დაკარგა. სულიერი ერთობა და მორალური ღირებულებები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა. პუტინის აზრით, „თვითმყოფადი კულტურული ფასეულობები“ და „ზნეობრივი ორიენტირების საერთო სისტემა“ აყალიბებს „ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ფუნდამენტს“ და არა პირიქით. ანუ სახეზე გვაქვს სრული შემობრუნება ეკონომიკური მატერიალიზმიდან ვულგარული იდეალიზმისკენ.
მატერიალიზმიდან იდეალიზმზე გადასვლა, როგორც ჩანს, თავად პუტინის იდეაა და მის ფორმირებაში პატრიარქ კირილს არავითარი წვლილი არ მიუძღვის. აქ კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი ავტორი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის სულიერებით დაინტერესებაზე შესაძლოა გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა. ეს სოლჟენიცინია.
პუტინს არაერთხელ უსაუბრია მის მნიშვნელობაზე, გადასცა სახელმწიფო პრემია, იზრუნა „არქიპელაგი გულაგის“ სასკოლო ვერსიის შემუშავებაზე და ზოგადად ამ მწერლისადმი პატივისცემას ყოველმხრივ გამოხატავდა. 2000-2007 წლებში რუსეთის პრეზიდენტი სოლჟენიცინს სახლში რამდენჯერმე ესტუმრა და როგორც პრესაში წერდნენ, მასთან ხანგრძლივი, არაფორმალური საუბრები ჰქონდა. ვალდაის ფორუმზე გამოსვლის დროს კი სოლჟენიცინის ცნობილი გამოსვლა „გაყოფილი სამყარო“ აციტირა, რომელშიც რუსი მწერალი დასავლეთს „უპირატესობით დაბრმავებასა“ და უსულო არსებობაზე მიუთითებდა.
2008-2011 წლებში პუტინისთვის (მას მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა) მეორე ეტაპი დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა სახელმწიფოს და ეკლესიის პოლიტიკური დაახლოების პროცესი. ეკლესია, როგორც სახელმწიფოს მოკავშირე, სამოქალაქო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო და მედიაში მისი რეპრეზენტაცია გაიზარდა. მმართველი პარტიის წევრები სულ უფრო ხშირად მონაწილეობდნენ მართლმადიდებლურ რიტუალებში. თავად პუტინიც მუდმივად აჩვენებდა, რომ რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს და რუსულ სიწმინდეებს პატივს სცემს.
2012 წელი – მესამე და გარდამტეხი ეტაპი, საიდანაც ათვლას არა მხოლოდ პუტინის უწყვეტი პრეზიდენტობის ეპოქა, არამედ მთელი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კონსერვატორული შემობრუნება იწყებს. 2014 წლის ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებებმა კრემლის იდეური ვექტორი კიდევ უფრო გაამყარა და იგი უფრო აგრესიულად აქცია.
მაგალითად, 2012 წელს პუტინმა რუსულ საზოგადოებაში „სულიერი სკრეპების დეფიციტზე“ ხმამაღლა განაცხადა. მისთვის ეს „სკრეპები“ არის გულმოწყალება, თანაგრძნობა, ერთმანეთის თანაგანცდა, მხარდაჭერა და ურთიერთდახმარება. ეს ზნეობრივი ორიენტირებია, რომელსაც თითქოს „რუსული სამყაროს“ ყველა მაცხოვრებელი ოდითგან იზიარებდა. სწორედ მან უნდა გააერთიანოს ადამიანები და აქციოს ისინი ერთ სოციალურ მთლიანობად. სხვა სიტყვებით, გადააქციოს ატომიზებული საზოგადოება კონსოლიდირებულად.
ვლადიმირ პუტინმა ისიც კი იცის, როდის დაკარგეს „სკრეპებმა“ გამაერთიანებელი ძალა. ეს მისი აზრით მინიმუმ ორჯერ მოხდა – პირველად 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, რამაც ხალხის საუკუნეობრივი ადათ-წესები შეარყია და თანმდევი სამოქალაქო ომის შედეგად საზოგადოება გაჰყო. მეორედ კი 90-იანი წლების ეკონომიკური რყევების შემდეგ, როდესაც მატერიალური გადარჩენისთვის სულიერი პრიორიტეტები და ზნეობრივი განცდები ადამიანებმა დაივიწყეს. 2012 წელს კი პრეზიდენტად დაბრუნებულმა პუტინმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია, სირთულეები უკან დარჩა და ახლა შესაძლებელია პოლიტიკის შინაარსობრივი მხარით – რუსი მოქალაქეების სულიერი ორიენტირებით დაკავება.
დასკვნა
პუტინის რეჟიმის შეფასებებისას ანალიტიკოსებსა და პოლიტოლოგებში გავრცელებული იყო თეზისი, რომ რუსეთს იდეოლოგია და ეროვნული იდეა არ გააჩნია. მოგვიანებით პუტინმაც აღნიშნა, რუსეთის ეროვნული იდეა შესაძლოა მხოლოდ პატრიოტიზმი იყოს. სახელმწიფო იდეოლოგია კი ქვეყანას არ სჭირდება – მას სჭირდება „გამაერთიანებელი საწყისი“. იდეოლოგიაში იგი ადამიანთა შეხედულებების სფეროში ზემოდან შეჭრას ხედავდა, რაც რუსეთმა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში გამოსცადა და არასდროს უნდა დაუშვას.
„გამაერთიანებელ საწყისად“ მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები ჩაითვალა, რომლებიც თითოეული რუსის სულშია. თუმცა ეკონომიკური გადარჩენით დაკავებულმა ან დასავლეთისგან მოჯადოებულმა რუსეთის მოქალაქეებმა ისინი დაივიწყეს. სახელმწიფოს ამოცანა კი მათი ადამიანთა შინაგან სამყაროში მოძებნა და მოქალაქეებისთვის წარდგენაა. ამით ისინი ამ ფასეულობების არსებობაში დარწმუნდებიან.
სხვა ადამიანთა გრძნობებზე აპელირება გვიანდელი პუტინიზმის ეპოქის მეთოდია (შეგვიძლია „მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაც“ გავიხსენოთ, რომელზე კანონიც Pussy Riot-ის საქმის პარალელურად მიიღეს ან რუსი ბავშვების მყიფე შინაგანი სამყაროს „არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდისგან“ დაცვა). რეჟიმის აზრით ზედმეტი ზრუნვა პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებზე (პოლიტიკური ცხოვრების ფორმალურ მხარეზე), რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკაზე (მატერიალურ მხარეზე), მოქალაქეებს ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზისკენ საერთო სწრაფვაში გაერთიანებისკენ მიმავალ გზაზე ეღობება.
ამ ჩანაცვლებაში მდგომარეობს პუტინის რეჟიმის მთავარი იდეურ-პოლიტიკური გადახრა. პუტინიზმის გეოპოლიტიკური და შინაგანი მიზეზები საუკუნეების განმავლობაში ფორმირებული ზნეობრივი ნორმებიდან გამომდინარეობს და რეჟიმი მათში საკუთარი პოლიტიკის გამართლებას ეძებს. ამავდროულად ეს ფასეულობები დიდწილად ინდივიდუალური მორალის სფეროს მიეკუთვნება და საფუძველშივე პოლიტიკური დისკუსიის მიღმა დგას. ამით შეგვიძლია რუსული საზოგადოების ზემოდან წამოსული გეგმაზომიერი და ღრმა დეპოლიტიზაცია და თავად მმართველი ელიტის პოლიტიკური გახრწნაც ავხსნათ.
რეჟიმის იდეური წინააღმდეგობების ეტაპობრივმა დეპოლიტიზაციამ და კონკრეტული შეკითხვების ფასეულობებით პროპაგანდით ჩანაცვლებამ კი პოლიტიკური დისკუსიის ყველა საშუალების გადატეხვა გამოიწვია – დაწყებული დამოუკიდებელი მედიით და დამთავრებული სამოქალაქო ინიციატივებით. შედეგად რეჟიმს დასაყრდენად მხოლოდ ტანკები, რაკეტები და დრონები დარჩა, რომელთაც, როგორც სახელმწიფო პროპაგანდა რუსეთის მოსახლეობას არწმუნებს, უკრაინისთვის ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზე მიაქვთ.
რეზი ქოიავა
13.01.2025