უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორწელიწადნახევარი გავიდა. ომი „სამდღიანი ოპერაციიდან“ სწრაფად გადაიზარდა ხანგრძლივვადიან პოზიციურ სასაკლაოში სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის უზარმაზარი დანაკარგებით. ამ პერიოდში რუსებმა გაიარეს გზა ანტისაომარი განწყობებიდან ან პირიქით, პუტინის დეკლარირებული მხარდაჭერიდან გაცნობიერებულ დეპოლიტიზაციამდე, გაუცხოებამდე და ახალ წესრიგთან შეგუებამდე.
სტატიაში რუსეთში არსებულ განწყობებს შევეხები. როგორ იცვლებოდა რუსული საზოგადოების წარმოდგენები ომის მიზნებზე, მათი დამოკიდებულება პუტინის მიმართ, საომარი მოქმედებების მხარდაჭერა, საპროტესტო განწყობები და მომავლის ხედვა. და რა შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია რუსული საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
დამოკიდებულება პუტინის მიმართ
ომის დაწყების შემდეგ პუტინის მხარდაჭერა თითქმით 20 პუნქტით გაიზარდა და უმნიშვნელო ფლუქტუაციებით, 80% დონეზე დღემდე რჩება. პოლიტოლოგიაში ეს ფენომენი „დროშის ირგვლივ გაერთიანების ეფექტით“ აიხსნება. გეოპოლიტიკური კონფლიქტების და კრიზისების დროს ხშირად მოქალაქეები მათი ლიდერების მიმართ უფრო მაღალ მხარდაჭერას იჩენენ, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციებში.
მაგალითად, რუსეთში პუტინის ფიგურის ირგვლივ გაერთიანებას ადგილი ყირიმის ანექსიის შემდეგაც ჰქონდა – მაშინ მისი რეიტინგი 20 პუნქტით გაიზარდა და ამ ეფექტმა თითქმის ოთხი წელი გასტანა. თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის ზრდა, მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, მაინც განსხვავდება 2014 წლისგან.
პუტინის მხარდაჭერის შესახებ დადებით პასუხებს არ მოსდევს ქვეყნის ქმედებისგან გამოწვებული სიამაყის განცდა, როგორც რუსეთში 2014 წელს ან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2002-03 წლებში, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. პირიქით, ადამიანები ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ნეგატიურ ემოციებს განიცდიან: შიშს, საფრთხის განცდას, მომავლისადმი უნდობლობას.
რას ნიშნავს ეს პოლიტიკური თვალსაზრისით? ცხადია, რომ არჩევნებზე ამომრჩევლები პუტინის პროექტის მხარდაჭერას გააგრძელებენ. თუმცა იგი გულისხმობს არა მოქმედი პრეზიდენტის კურსისადმი თანხმობას, არამედ რეალისტური ალტერნატივის რწმენის და რაღაცის შეცვლის იმედის არარსებობას.
პოლიტიკური უღონობის ამ განცდას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში რეჟიმი ბოლო ოცი წლის განმავლობაში აქტიურად ქმნიდა და აძლიერებდა. ახლაც, მიუხედავად მომხრეთა გარკვეული ჯგუფების მობილიზების მცდელობებისა, დიდწილად საკუთარი კურსის დემომაბილიზებელ, პასიურ მხარდაჭერაზე დაყრდნობას აგრძელებს.
უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერა
უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რას ვუწოდებთ საომარი მოქმედებების ან ომის „მხარდაჭერას“. მკვლევრები პროექტიდან Extreme Scan განსხვავებას ომის „დეკლარირებულ“ და ნამდვილ მხარდაჭერას (ან წინააღმდეგობას) შორის საინტერესოდ აღწერენ. „დეკლარირებული“ მხარდაჭერაა უკრაინულ მიწაზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პირდაპირ დადებითი პასუხის გაცემა.
რადგანაც პასუხი ასეთ შეკითხვაზე ნორმატიულად განსაზღვრულია (ყველამ იცის, რომ „სწორი“ სახელმწიფოს აზრით დადებითი პასუხია), მკვლევრები თვლიან, რომ შეუძლებელია მხარდაჭერის მხოლოდ ამ გზით გაზომვა. ამიტომაც, Extreme Scan და Хроники-ს კვლევებში ომის მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გასაზომად ჯარების გამოყვანის პუტინის ჰიპოთეტურ გადაწყვეტილებაზე ან ბიუჯეტური სახსრების სამხედრო საჭიროებებზე გადამისამართების შესახებ დამატებით შეკითხვებს იყენებენ. შესაბამისად, ისინი, ვინც ომს არა უბრალოდ დეკლარირებულად უჭერენ მხარს, ცხადია ჯარების გამოყვანას ეწინააღმდეგებიან და სურთ საბიუჯეტო სახსრების სამხედრო საჭიროებებზე დახარჯვა. ეს ადამიანები შეგვიძლია ომის მომხრეებად ჩავთვალოთ.
როგორ იცვლებოდა ომის დეკლარირებული და ნამდვილი მხარდაჭერა ორი წლის განმავლობაში?
ყველაზე მაღალი „დეკლარირებული“ მხარდაჭერა 2022 წლის გაზაფხულზე იყო. იმ პერიოდში ყველაზე მაღალი რიცხვი აჩვენა ანტისაომარმა განწყობებმაც. ეს გასაკვირი არ არის: ომი ახალი დაწყებული იყო, ადამიანები მას აქტიურად განიხილავდნენ, ცდილობდნენ პოზიციის ჩამოყალიბებას და უჭირდათ საკითხისთვის გულგრილად შეხედვა.
ყველაზე დაბალი ომის „დეკლარირებული“ მხარდაჭერა 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პერიოდშია. ზამთარში იგი კვლავ გაიზარდა, ხოლო 2023 წლის გაზაფხულიდან შემცირება დაიწყო. კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ შემცირდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლის მომხრეთა რიცხვი და გაიზარდა საომარი მოქმედებების გაგრძელების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუმცა ამ ტენდენციამ დიდხანს არ გასტანა. კურსკის მოვლენები რუსეთის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებში ეტაპობრივად მეორე პლანზე გადავიდა. ბოლო კვლევის თანახმად კი რეკორდულ მაქსიმუმს (49%) მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომელიც ჯარების გამოყვანას და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების შესრულების გარეშე.
საინტერესოა, რომ 2023 წლიდან შემცირება დაიწყო ომის ნამდვილი მხარდამჭერების რიცხვმაც. პარალელურად შემცირდა ოპოზიციური ბირთვიც. სხვა სიტყვებით, იზრდება მათი წილი, ვისაც საჯარო სოციოლოგიის ლაბორატორიის მკვლევრები ომისადმი გაბუნდოვანებული და გაუცხოებული დამოკიდებულების მქონე ადამიანებად მიიჩნევენ. ამის მიზეზი ომისგან მოსახლეობის დაღლილობა და მისი რუტინიზაციაა. ბევრი უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით და ურჩევნია, რომ ომი საერთოდ არ იყოს, მაგრამ უღონობის შეგძნება, სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ან ქვეყნის დატოვების შესაძლებლობის არქონა მათ აიძულებთ ახალ წესრიგს შეეგუონ, საომარი მოქმედებები ცხოვრების გარდაუვალ ნაწილად მიიღონ და ცხოვრება ძველებურად გააგრძელონ, სადაც ომის თემა პერიფერიაზეა გარიყული.
წარმოდგენები ომის მიზნებზე
პრაქტიკულად თავიდანვე ცხადი გახდა, რომ „დენაციფიკაციის“ და „ფაშიზმთან ბრძოლის“ მიზნები რუსების უმრავლესობაში გამოხმაურებას ვერ პოულობდა – ამაზე ბევრი მკვლევარი საუბრობს. როგორც საჯარო სოციოლოგიის ლაბორატორიის ინტერვიუები აჩვენებს, დროთა განმავლობაში ეს მიზნები გამოკითხულებს შორის სულ უფრო იშვიათად ჟღერდებოდა. ხშირად ადამიანები ომს დასავლურ სამყაროსთან ბრძოლად წარმოაჩენდნენ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და რომელშიც უკრაინელები უფრო მსხვერპლები, სიტუაციის მძევლები არიან.
უკვე 2022 წლის ზაფხულიდან სწორედ გაბუნდოვანებულ, გაუცხოებულ უმრავლესობაში დომინანტური გახდა ომზე, როგორც არასასურველ, მაგრამ გარდაუვალ მოვლენაზე საუბარი – ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. ბევრი რუსეთის მოქალაქე საერთოდ უარს აცხადებს იმსჯელოს ომის მიზეზებსა და მიზნებზე. ისინი ამბობენ, რომ მიზეზები სავარაუდოდ არსებობს, მაგრამ იგი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უცხოა – ძალაუფლებაში, სავარაუდოდ ყველაფერი უკეთ ესმით. „სავარაუდოდ“ – აქ საკვანძო სიტყვაა. ბევრი დარწმუნებული არა იმდენად ომის სისწორეშია, რამდენადაც იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ ხდება.
დამოკიდებულება მომავლის მიმართ
მომავლის შიში რუსულ საზოგადოებაში არ იკლებს და პირიქით იზრდება. რუსული რეგიონების ეთნოგრაფიულ კვლევაში, რომელიც საჯარო სოციოლოგიის ლაბორატორიამ ჩაატარა, ცხადი გახდა, რომ ინფორმანტები არა მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მომავლის განსაზღვრას, არამედ საკუთარი მომავლის დაგეგმვასაც რთულად უმკლავდებიან.
რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის დაგეგმარების ჰორიზონტი ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა – ადამიანები აღიარებენ, რომ უახლოეს დღეებზე და თვეებზე ფიქრობენ და ვერ წარმოუდგენიათ, რა მოხდება მათ ან ქვეყნის თავს მაგალითად ერთი წლის შემდეგ.
სამაგალითოა, რომ ლევადა-ცენტრის მონაცემებით, რუსეთიდან წასვლის სურვილი 2022 წელთან შედარებით 8% შემცირდა: ეს ტენდენცია შესაძლოა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ადამიანებს სულ უფრო უჭირთ გარკვეული ქმედებების, მათ შორის წასვლის დაგეგმვა. ასევე მნიშნელოვანია ისიც, რომ წასვლის მსურველთა უმრავლესობამ ქვეყანა 2022 წელს დატოვა.
საპროტესტო განწყობები და პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი
ამ მიმართულებით ორი პარალელური ტენდენცია ჩანს. ერთი მხრივ, ბოლო ანტისაომარი პროტესტები რუსეთში ორწელიწადნახევრის წინ გაიმართა – ომის დაწყებიდან პირველ თვეებში (მას შემდგომ მხოლოდ სტიქიურ პროტესტებს ჰქონდა ადგილი მობილიზაციის წინააღმდეგ).
ხალხი სულ უფრო იშვიათად გამოხატავს ანტისაომარ პოზიციას საჯაროდ, რადგან ეს როგორც რეპრესიების რისკთან, ასევე გარშემომყოფების სოციალურ უკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული.
საზოგადოებში ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ ომის ბევრი მოწინააღმდეგე, რომელიც რუსეთში დარჩა, საკუთარი თავის დეპოლიტიზებას შეგნებულად ახდენს – არ ეცნობა პოლიტიკურ სიახლეებს, არ განიხილავს პოლიტიკურ თემებს ახლობლებთან, ცდილობს გააგრძელოს ძველებურად ცხოვრება.
მეორე მხრივ, საპრეზიდენტო კანდიდატ ბორის ნადეჟდინის დასარეგისტრირებლად ხელმოწერების შეგროვებისას წარმოქმნილმა გრძელმა რიგებმა აჩვენა, რომ რუსების ნაწილს ნამდვილი და ამავდროულად ლეგალური პოლიტიკური საქმიანობა ენატრება.
ამ რიგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსების დიდი ნაწილი ომის შესახებ საკუთარ დამოკიდებულებაზე დუმს, რადგან მიაჩნია, რომ იგი მარტოა და გარშემომყოფებისგან სოციალურად გაირიყება (პოლიტოლოგიაში ამ ფენომენს „დუმილის სპირალი“ ეწოდება – უმცირესობა თავის პოზიციას საჯაროდ არ გამოხატავს, რადგან იცის, რომ იგი უმცირესობაა. შედეგად მისი პოზიცია საზოგადოებაში სულ უფრო იშვიათად ისმის). როგორც კი ბევრმა მათგანმა აღმოჩინა, რომ სხვებიც მზად არიან რიგში ჩადგნენ, რომ „პუტინის წინააღმდეგ“ ხელმოწერა დააფიქსირონ, იგივე ნაბიჯის გადადგმის სითამამე მათაც მიეცათ. მართალია ეს არ იყო აქციაზე გამოსვლა, მაგრამ იყო აქტივობა ქუჩის პროტესტის ელემენტებით.
„ომი არ იქცა ახალი იდეების წყაროდ“
რა პოლიტიკური დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ კვლევებიდან? ჩანს, რომ ადამიანები ყველა გზით თავს არიდებენ მილიტარისტულ რიტორიკას და ცდილობენ საკუთარი ცხოვრებიდან ომის თემა განდევნონ. ცხადია, ვიღაცეები კერავენ შესანიღბ ბადეებს, ყიდულობენ დრონებს და ამ გზით ცდილობენ იმ ნათესავების თანაგანცდას, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. ცხადია, ნაწილი ცდილობს ომზე ფული გააკეთოს და მისი დახმარებით საკუთარი სოციალური სტატუსი გაზარდოს. არსებობს გარკვეული პოლიტიკური და კულტურული ლობი, რომელიც საზოგადოებას იმპერიულ-ფაშისტურ ემოციებს და კონცეპტებს აწვდის, ხოლო ბიუროკრატები მას პარტიულ პროგრამად აღიქვამენ და საკუთარ დაწესებულებებში მის კვლავწარმოებას ახდენენ. თუმცა რეალურ გავლენას იგი მხოლოდ რადიკალურად ინდოქტრინირებული ან სოციალურად უკიდურესად დაუცველი ადამიანების მცირე ნაწილზე ახდენს. „ომი არ იქცა ახალი იდეების წყაროდ და არ ავსებს კულტურულ მოვლენებს ახალი აზრებით…“
რესპოდენტების დიდი ნაწილი წინააღმდეგი არ არის გააკრიტიკოს ძალაუფლება. მაგრამ როგორც კი ჩათვლის, რომ ვიღაცის მხრიდან რეჟიმის და მის მიერ გაჩაღებული ომის კრიტიკა პირადად მას ეხება, იგი რეჟიმის დაცვას და ომის გამართლებას იწყებს. შესაბამისად ამართლებს საკუთარ თავს. არავის სურს ატაროს მორალური პასუხისმგებლობა სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არჩევნებზე ხმა მისცა.
როგორც კი კონკრეტულ ინდივიდს თავის რეჟიმთან, სახელმწიფოსთან, კულტურასთან და ენასთან ერთად ადანაშაულებენ, მაშინ იგი კიდევ უფრო მყარად უკავშირდება რეჟიმს, სახელმწიფოს, კულტურას და ენას. კვლევები ამ სრულიად გასაგებ ლოგიკას ადასტურებენ.
ცხადია, რუსეთში არსებობს საზღვრის გავლების პრობლემა ქვეყანას, სახელმწიფოს, რეჟიმსა და საზოგადოებას შორის. ამისთვის საჭიროა მყარი არასამთავრობო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი პარტიები, ოფიციალურისგან განსხვავებული წარმოდგენები მოქალაქეობასა და პატრიოტიზმზე. შედეგად საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო თავისი სტრუქტურებით, სიმბოლოებით, ტელევიზიით და მმართველი ელიტით ერთადერთ საყრდენად იქცევა. მოქალაქეები თვლიან, რომ ბრალდება მათ მიმართ უსამართლოა – მათ არ აურჩევიათ ომი და არ შესწევთ ძალა შეწყვიტონ ის. ამ დროს რუსების უმრავლესობა თავად დანაშაულის ფაქტის უარყოფას იწყებს: რუსეთს არ დაუწყია ომი პირველს და იგი თავს იცავს ნატოსგან მომავალი საფრთხისგან.
პარალელურად სოციალურად მიუღებელია არ იყო პატრიოტი (განსაკუთრებით სოფლებსა და პატარა ქალაქებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს). მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება იყო პატრიოტი ომის კონტექსტს მიღმა და მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ ომის მოწინააღმდეგე ხარ. რუსეთის მოქალაქეებს სჭირდებათ დამაჯერებელი ალტერნატივა, რომელიც მათი მხრიდან არ აღიქმება დამამცირებლად და დაეყრდნობა სტრუქტურებს და არა უბრალოდ კეთილ ნებას. დღეს ეს სამწუხაროდ შეუძლებლად მოსჩანს.
იმპერიული თუ ნაციონალური?
ერთ-ერთი დასკვნა, რომლის გაკეთებაც საჯარო სოციოლოგიის ლაბორატორიის ანგარიშებიდან შეგვიძლია, არის კონკურენცია იმპერიულსა და ნაციონალურს შორის, რომელიც რუსების ცნობიერებაში არსებობს. „რეალური დროის რეჟიმში ნაციონალისტური დისკურსი ურთიერთობს იმპერიულთან და ახდენს მის განდევნას… (ადამიანები) ცხოვრობენ არა კრემლის იმპერიული იდეების, არამედ ნაცნობი ეროვნული სახელმწიფოების სამყაროში, რომელშიც უკრაინა რჩება უცხო, სხვა სახელმწიფოდ, ხოლო უკრაინელები – დამოუკიდებელ ხალხად“.
შესაბამისად „სამი ხალხის“, „ისტორიული მიწების“, „უკრაინელები – შეცდომაში შეყვანილი რუსების“ და სხვა რუსეთის იმპერიული მიზნების ნაცვლად სახეზე გვაქვს „მათ თავისი ქვეყანა აქვთ, ჩვენ ჩვენი“. ომის მომხრეებიც კი ხშირად მის სარგებელს რუსეთისთვის, როგორც 1991 წლის საზღვრებში არსებული ეროვნული სახელმწიფოსთვის (ზოგჯერ ყირიმის დამატებით) და არა იმპერიისთვის განიხილავენ.
პარადოქსულია, მაგრამ შესაძლოა რუსეთში სწორედ იმპერიულმა რევანშმა დაიწყოს ნორმალიზაციის პროცესი. ამ მხრივ იგი მსოფლიო ტენდენციებს ემთხვევა – ძველი ფორმატის გლობალიზაცია კრიზისშია, ისევე როგორც იმპერიული მოდელები მათი არქაული უნივერსალიზმით. მემარცხენე ინტერნაციონალიზმი, რომელიც ტრანსნაციონალური მუშათა კლასის ფიგურას ეფუძნება, დღეს აბსტრაქციად მოსჩანს. ამ ვითარებაში კომფორტული თანაცხოვრების უფრო გასაგები ფორმა, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოა, არ ჩანს. ადამიანებს სურთ იცხოვრონ ოჯახური, თემობრივი, პროფესიული, ხოლო მათ მიღმა ეროვნული ცხოვრებით – გასაგები რიტუალებით და გასაგები საზღვრებით.
ცხადია, „დეიმპერიზაციის“ ლოგიკა ორივე მხარეს მუშაობს – თუ რუსეთი თავის თავში სამყაროს გადარჩენის მისიას არ ატარებს, მაშინ იგი არ ატარებს არც ზოგადსაკაცობრიო დანაშაულს. შესაბამისად, ჩვენი სურვილებისგან დამოუკიდებლად, არ იქნება მასობრივი მონანიება და ამ ომის გამო საერთო ბრალეულობის აღიარება. არ იქნება უკრაინის ან დასავლეთის სრული სიმართლის აღიარებაც. არ იქნება იმის აღიარებაც, რომ რუსი სამხედროები ამ დანაშაულში თანამონაწილეობდნენ.
მაშინ რა შეიძლება მივიღოთ რუსული საზოგადოებისგან? დიდი შანსები აქვს იდეას, რომ ომის ყველა დანაშაულში დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ძალაუფლების სათავეში დგანან – ვინც დაესხა თავს სხვა ქვეყანას, ვინც თითქოს მოახდინა მათი „პროვოცირება“, ვინც ვერ ახერხებს სამშვიდობო შეთანხმების დადებას. ეს თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურად იქნება დამოკიდებული: ვიღაც პირველ რიგში რუსეთის ხელისუფლებას დაადანაშაულებს, ვიღაც დასავლეთს. მაგრამ ზოგადად იდეას, რომ დამნაშავეები არიან ელიტები, მეინსტრიმად ქცევის დიდი შანსი აქვს. იგი ათავისუფლებს ადამიანებს პირადი და ეროვნული პასუხისმგებლობისგან და ნებისმიერი ელიტების შესახებ ღრმა და მასობრივ სტერეოტიპს პასუხობს – „ეს პოლიტიკური ომია“ (და გულისხმობენ პოლიტიკოსების ომს), ამბობენ PSLab-ს რესპოდენტები.
ხოლო რუსეთის, როგორც სახელმწიფოს მომავალზე მსჯელობის კუთხით საინტერესოა ბურიატიის მაგალითი. ამ მომენტში რესპუბლიკის „განსაკუთრებული წვლილი“ ომში კიდევ უფრო მეტად აკავშირებს მის მაცხოვრებლებს ცენტრთან და აძლიერებს საპასუხო ლოიალობის იმედს. მეორე მხრივ, ცენტრისგან განსაკუთრებული ლოიალობის იმედებმა შესაძლოა მის მიმართ მოთხოვნები და პრეტენზიები გამოიწვიოს. ამავდროულად, რაც უფრო ცდილობს პროპაგანდა „რუსული სამყაროსთვის“ ბრძოლა რუსეთის ყველა ხალხის საერთო საქმედ წარმოაჩინოს, მით უფრო ძლიერდება რუსული ნაციონალიზმი, რაც გარდაუვლად ახდენს სხვა ნაციონალიზმების პროვოცირებასაც. შესაბამისად რა ფორმაში შეიძლება მოხდეს რუსების ოცნების რეალიზება ეროვნულ სახელმწიფოზე, ჯერ კიდევ რთული სათქმელია.
დიდი გაყოფა
ომმა დიდი სიცხადე შემოიტანა. მან გაანადგურა ადამიანთა სიცოცხლეები და მათი გეგმები, ბევრ მათგანს მოუსპო საცხოვრებელი ადგილი. პარალელურად კი ახალი ოპოზიციური ერთობისთვის განუყოფელ მორალურ საყრდენად და მყარ ფუნდამენტად იქცა. ადრე ასეთი ერთობა ცრუ იმედების მომცემ დიქტატურაში არსებობის (და გადარჩენის) სხვადასხვა გზების გამო შეუძლებელი იყო. ომის უარყოფამ განსხვავებული ხედვების და გამოცდილების ადამიანები გააერთიანა და თითქოს ეს ახალი ერთობა სამუდამოდ აქცია.
მაგრამ დროის გასვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ სიცხადე ინდივიდუალურ დონეზე დარჩა, მაგრამ უკვე აღარ წარმოადგენს საფუძველს ერთობისთვის. თავისუფალი მედია და უბრალოდ საჯარო ინტელექტუალური ცხოვრება ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ძველებურად ვერ გაგრძელდებოდა. დასავლეთში წასული რუსების დიდმა ნაწილმა კი რუსეთში მყოფი თანამოაზრეებისგან ბარიერების აგება დაიწყო. შედეგად რუსეთის შიგნით თანდათან ყალიბდება ახალი ენა, მტკივნეულ თემებზე საუბრის ახალი გზები, სხვა სიტყვებით და სხვა ინტონაციებით უკმაყოფილების გამოხატვის ახალი მოდუსები. საშინაო და საგარეო ენა ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა.
დღეს სახეზე გვაქვს ორი ანტისახელისუფლებო რუსული საზოგადოების ფორმირება რუსეთის საზღვრის სხვადასხვა მხარეს. ამ ვითარებაში ერთიანობის შენარჩუნება ხდება გააზრებული ძალისხმევით, დროის მსვლელობისგან თავსმოხვეული სოციალური და პოლიტიკური ენთროპიის გადალახვით. მეორე მხრივ, ბუნებრივ პირობებში გაკეთებული მორალური არჩევანი უფრო ღირებულია, ხოლო მის მიერ პოლიტიკისთვის ფორმირებული ეთიკური ნორმა შესაძლოა უნივერსალურად იქცეს.
რეზი ქოიავა
21.10.2024