უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება და მისი განვითარების სავარაუდო ტრაექტორია სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. საბოლოო კვანძის გახსნა კი, თითქოს, ახლოსაც არ უნდა იყოს. სხვაგვარი საუბარი, ამ ეტაპზე, უფრო მეტად სურვილის გამომხატველი იქნებოდა. მხოლოდ სტატისტიკას რომ ვენდოთ, უკრაინა -რუსეთის ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. მაგალითად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 1946 წლიდან 2021 წლამდე ომებზე ინფორმაციებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ რაოდენობრივად, ამ პერიოდში წაროებული ომების ნახევარი ერთ წელზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირებები ერთ წელზე დიდხანს გასტანდა, ისინი, საშუალოდ, ათწლეულს აღწევდა.[i]
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოებული სამხედრო დაპირისპირება თავისთავში ატარებს მისი უფრო ფართო, ნატო-რუსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდისა და, შესაბამისად, ბირთვული იარაღის გამოყენების პოტენციალს. თუ, ერთის მხრივ, პროდასავლელი და ანტირუსული ჯგუფების წარმოდგენით, ეს კონფლიქტი ერთგვარი ბრძოლაა უკანასკნელ არსებულ იმპერიასთან, აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელების მოწინააღმდეგე ავტორიტარიზმის ბასტიონთან; ან კიდევ უფრო საეჭვო მოსაზრებით, უკრაინა იცავს ევროპულ ცივილიზაციას აღმოსავლური ურდოსგან; მეორეს მხრივ, პრორუსული ან ანტი-ამერიკული ძალებისთვის ეს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და ამერიკული იმპერიალიზმის გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ამ დისკურსულ ომებში ისეთ რადიკალურ ფიგურებსაც შევხვდებით, როგორიცაა ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, რომელიც „რუსული სიმართლისა და ევროპული ტყუილის“ დაპირისპირებაზე საუბრობს. გეოპოლიტიკა, რომელიც ძირითადად კეთილისა და ბოროტის დიქოტომიის წარმოდგენებს (მაგ. „ბოროტების იმპერია“, „სიკეთის იმპერია“) ქმნის ან სახელმწიფოების და ერების მარადიულ და უცვლელ ინტერესებზე (მაგ. დედოფალი ვიქტორიას მოსაზრება- „ბრიტანეთს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, არამედ, აქვს მუდმივი ინტერესები“; რუსული დერჟავიკების ცნობილი ფრაზა – „რუსეთს ჰყავს მხოლოდ ორი მოკავშირე: არმია და სამხედრო-საზღვაო ფლოტი.“) აკეთებს აქცენტს, რეალურ პროცესებს აბსტრაჰირებს და აბუნდოვანებს. არსებულ მოცემულობაში, სადაც ძირითადად მსგავსი ხედვები ჭარბობს, მემარცხენეთა (კაცობრიობის პროგრესული ნაწილი) ხმა საერთაშორისო ასპარეზზე შედარებით სუსტად ისმის, ან ის ურთიერთწინააღმდეგობრივი აზრებით გამოირჩევა, რაც, დიდწილად, აბსტრაქციებში გადავარდნითაა განპირობებული, ასევე ხშირია, როდესაც მემარცხენეთა და მემარჯვენე რადიკალთა პოზიციები მრავალ ასპექტში უკრაინა-რუსეთის ომის ანალიზისას ერთმანეთს ემთხვევა.
დასავლელ მარქსისტებში, ომის შეფასებისას, სჭარბობს ე.წ „ნეიტრალური პოზიცია“: „ნატო “და რუსეთი, ორივე თანაზომადი დამნაშავეები არიან ომის გაღვივებაში, ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე ინტერიმპერიალისტური ომი მიმდინარეობს. მსგავსი მიდგომა, უკრაინელების თავდაცვით ომში გამარჯვებას დამპყრობლების წინააღმდეგ დადებით შედეგად ჩათვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის უკან არ იდგებოდა სამხედრო მანქანა „ნატოს“ სახით, შესაბამისად, რუსეთის მარცხი, რაც მხოლოდ დასავლური იარაღით მიიღწევა, გააძლიერებდა სამხედრო ალიანსს და მის ამბიციებს.[ii] ყოველივე აქედან გამომდინარე, ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც გარკვეულწილად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ სიტუაციას წააგავს, იმპერიალისტური კონკურენციის გამო, ძველი, რევოლუციურ-ინტერნაციონალისტური მიდგომა, რომ იმპერიალისტურ ომში ყველა მხარე უნდა დამარცხდეს და სახელმწიფოთაშორისი ომი სამოქალაქო-კლასობრივ ომში უნდა გადაიზარდოს, თითქოსდა ყველაზე მართებული გზა უნდა იყოს.
მსგავს ხედვას არაერთი კრიტიკა ხვდა წილად სხვადასხვა მხრიდან. გამოჩენილი სლოვენიელი მემარცხენე ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის თანახმად , „ნეიტრალიტეტი“, მისი აბსოლუტური გაგებით, შეუძლებელია. ამ კონფლიქტში, „ნეიტრალურ პოზიციაზე“ ყოფნა, ავტომატურად ერთ-ერთი მხარის ინტერესზე თამაშს ნიშნავს და ეს, პირველ რიგში, პუტინს და მის ხელისუფლებას აძლევს ხელს. თვით სტალინი, რომელიც ამბობდა, რომ ებრძოდა კაპიტალიზმსა და იმპერიალიზმს, ჰიტლერის დასამარცხებლად კოალიციაში შევიდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.[iii]
მეორე კრიტიკა „ორივე მხარის მარცხის“ შესახებ, მიმდინარე ომის მსგავს ჭრილში დანახვას ეწინააღმდეგება. უკრაინა-რუსეთს შორის არა ინტერიმპერიალისტური, არამედ „პროქსი“ ომი მიმდინარობს. ინტერიმპერიალისტური ომი გულისხმობს პირდაპირ კონფრონტაციას იმპერიებს შორის და არა „პროქსი“ ომს, როდესაც ორი დაპირისპირებული ზესახელმწიფო ცდილობს მოწინააღდეგის კოლონიური არეალი მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ასეთ შემთხვევაში, „პროქსი“ ომის დროს, ორივე მხარის მარცხის სურვილი, რევოლუციურ-ინტერნაციონალისტური მიდგომის შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის თავდაცვითი ბრძოლის მხარდაჭერის მიზეზით, არარელევანტური და იმპერიალისტური ზრახვების თანაზიარი გამოდის.[iv] ამის კლასიკური მაგალითი იქნებოდა, ვიეტნამის ომის დროს ნეიტრალური პოზიციის დაკავება. ამერიკის შეერთებული შტატები (კაპიტალიზმის ცენტრი) და საბჭოთა კავშირი (სახელმწიფო კაპიტალიზმი, დასავლელი მარქსისტების გარკვეული ნაწილის მიხედვით) ომის გაჩაღებისას დაპირისპირებულ მხარეს იმყოფებოდნენ და მათი ორივეს მარცხი არსებული ლოგიკით სასურველი უნდა ყოფილიყო რევოლუციური ტალღის ასაგორებლად, ხოლო ვიეტკონგელების რეზისტენტული ბრძოლა სამშობლოს დაცვისთვის, ზესახელმწიფოს მარცხი მესამე სამყაროს ქვეყანასთან, უმნიშვნელოდ ჩაითვლებოდა საერთო სურათის ჩვენებისას.
თუმცა, ასეთი მიდგომას გარკვეული ასპექტები ეპარება თვალთახედვის არედან, მაგალითად ცნობილი მარქსისტი თეორეტიკოსი, ალექს კალინიკოსი, რომელიც ე.წ „ნეიტრალურ“ პოზიციაზე იმყოფება, „პროქსი“ და ინტერიმპერიალისტურ ომებს შორის რადიკალურ გამიჯვნას არ ეთანხმება და მას ზედმეტად ვიწროდ მიიჩნევს. მისი აზრით, ინტერიმპერიალისტური ბრძოლა და ნაციონალური თავდაცვითი ომები ურთიერთგადაჯაჭვულია, რაც სჩანს დასავლური იმპერიალისტური ძალების მხრიდან უკრაინულ ნაციონალიზმისა და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ რეზისტენტულობის ინსტრუმენტალიზებაში, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში დასავლეთი სათავისოდ იყენებს.
ზემოთ განხილულ კრიტიკებს მიღმა, დამატებით, ასევე შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარის მარცხის სურვილი, იმპერიალისტური ომის რევოლუციურ ომად გარდაქმნა, განსხვავებით მეოცე საუკუნის ათიანი წლებისგან, როდესაც კლასობრივი ანტაგონიზმი ცხელ ფაზაში იმყოფებოდა, ეს ნანატრი სცენარი რთულად წარმოსადგენია თანამედროვე საზოგადოებებში, მრავალ მიზეზთა გამო.
დასავლელ მემარცხენეებზე მსჯელობისას, არ უნდა გამოგვრჩეს ინტელექტუალთა ის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება, მაგალითად, ცნობილი ამერიკელი მოაზროვნე ნოამ ჩომსკი, გლობალური კატასტროფის, ბირთვული ზამთრის შიშით, უკრაინას რუსეთთან კომპრომსზე წასვლისკენ რომ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა რომ ჩომსკი რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე წამოწყებულ ფართო მასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას კრიმინალურ აგრესიად მიიჩნევს, დასავლეთს პუტინისთვის უკანდასახევი გზის არ მოჭრას ურჩევს, რათა კუთხეში მიწყდეულმა ლიდერმა რაიმე საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას და „სახე შეინარჩუნოს“. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს ეს, ჩომსკისა და შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის რესპუბლიკური პარტიიდან, ჰენრი კისინჯერის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ორივე მათგანი რუსეთთან დათმობებზე წასვლას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს.[v]
პრაგმატიზის მეორე მეთოდი, რომელსაც ასევე ვაწყდებით, შემდეგ ხედვას ეფუძნება – რატომ უნდა ჩაერთოს დასავლეთი და კონკრეტული მხარე დაიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებულ ომში, როდესაც ეს ადგილობრივ გერმანელ, ფრანგ მშრომელებს მძიმედ დააწვებათ, ხელფასის შემცირებისა თუ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო?!
მსგავსი მიდგომები, გარკვეულწილად სამართლიანადაც, რუსული ინტერვენციის იმპლიციტურ მხარდაჭერად აღიქმება პროუკრაინულ თუ ანტირუსულ ძალებში.
თუ შეფარული პრორუსული მიდგომები ძირითადად პრაგმატიზმით საზრდოობს, ე.წ „სპეციალური სამხედრო სპეცოპერაციის“ ავტორ სახელმწიფოს მიმართ ღია მხარდაჭერა მემარცხენეთა გარკვეულ წრეებს ბევრად იდეოსინკრეზულ პლატფორმაზე ამყოფებთ. როგორც ცნობილია, უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინისტური რუსეთის გაცხადებული ლობირება, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს მიმართ სიძულვილიდან მომდინარეობს, რაც საჯაროდ ე.წ „ამერიკული იმპერიალიზმთან“ ბრძოლად ცხადდება. ჯერ კიდევ უკრაინული „მაიდანისა“ და ყირიმის ანექსიის შემდგომ, როდესაც რუსეთი ინარჩუნებდა პარტნიორი სახელმწიფოს როლს, სამირ ამინი თავის პოპულარულ ნაშრომში “რუსეთი-გრძელი გზა კაპიტალიზმიდან სოციალიზმმამდე“ ახალ პოსტ-საბჭოთა რუსეთს, მიუხედავად მისი კაპიტალისტური ბუნებისა, იმპერიალიზმის (აშშ, ევროპა, იაპონია) პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღიქვამდა, რადგან რუსეთი არ ეთანხმებოდა პერიფერიული კოლონიის სტატუსამდე ჩამოქვეითებას, ტრიადის სურვილისდა მიუხედავად. პუტინიც მიხვდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეალურ განზრახვებს, თუმცა ის ჯერ ბოლომდე ვერ გამოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნის მდგომარეობიდან და ინარჩუნებს საბაზრო ეკონომიკას. ცნობილი მარქსისტი თეორეტიკოსის შეხედულებით, რუსეთს, რომელიც ბრძოლაში იმყოფება იმპერიალისტებსა და მათ მიერ მხარდაჭერილ ფაშისტურ წესრიგთან უკრაინაში, გამარჯვების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესწევს, თუ ტერიტორიულად მსოფლიოს ეს ყველაზე დიდი სახელმწიფო განთავისუფლდება ნეოლიბერალიზმისგან, რომელმაც რუსეთში სოციალური კატასტროფა გამოიწვია; და ამ ნაბიჯის გადადგმა, ნეოლიბერალიზმზე და ფინანსურ გლობალიზაციაზე უარის თქმა, არამარტო აუცილებლობას წარმოადგენს, არამედ ის შესაძლებელიცაა, რადგან რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური კლასი, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს სახელმწიფო კაპიტალიზმს და ამავე დროს, ღიაა დემოკრატიული მოძრაობებისა და საზოგადოებრივი მმართველობის ფორმისთვის.[vi]
ამინის მიხედვით, რუსეთი არამხოლოდ თანამედროვე გლობალურ სისტემაში არ არის იმპერია, არამედ ის ასეთი არც არასდროს ყოფილა- არც ცარიზმის დროს, და არც სტალინის, ან თუნდაც, მის შემდგომ. როგორც ავტორი წერს, განსხვავებით ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან, რუსეთი მისი იმპერიულობით არანაირ მოგებას არ ნახულობდა, ის მეტს ხარჯავდა იმპერიული მფლობელობაში მყოფ ტერიტორიაზე, ვიდრე მოგებას იღებდა მისგან. პირველ რიგში, ძალზედ პრობლემურია იმპერიის არსის ამინისეული გაგება, რადგან რუსეთი, მსგავსად სხვა კოლონიზატორული იმპერიებისა,- საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, – იმავე ლოგიკით ვითარდებოდა: იკავებდა ტერიტორიებსა და სავაჭრო გზებს, და ასევე, მისთვისაც ერთერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზღვაო გზებისათვის ბრძოლა XVI –XVIII საუკუნეებში. რუსეთის იმპერიის დაპყრობითმა ექსპანსიამ, რომელიც გადაიჭიმა ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე, არაერთი ერი დაიქვემდებარა. ამიტომაც, რუსი სოციალისტები ცარისტულ რუსეთს „ერების საპყრობილედ“ მოიხსენიებდნენ. მაგრამ რუსეთისა და სხვა კოლონიზატორი სახელმწიფოების მთავარი განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ ერთი შეხედვით თვითმყოფადი სახელმწიფო, რომელიც შიდა ტერიტორიულ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტდა, მათ შორის ძალადობრივი გზებით, პერიფერიად რჩებოდა. რუსეთი ერთდროულად იყო როგორც იმპერია, ასევე კოლონიზაციის ობიექტი.[vii] მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ამინი ბევრად უფრო ობიექტურად განიხილავს რუსეთის დამპყრობით ექსპანსიას, ვიდრე ამას დასავლური ნარატივი გვთავაზობს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის დაპყრობები ირლანდიისა და შოტლანდიაში ბევრად უფრო ძალადობრივი და კულტურულად ჰეგემონური გახლდათ, ვიდრე რუსეთის იმპერიის მხრიდან უკრაინისა თუ კავკასიის შეერთება.
წინააღმდეგობრიობების მატარებელია ამინის შეხედულება რუსეთის თანამედროვე ადგილზე მსოფლიო სისტემაში და მის სავარაუდო პროგრესული როლზე მსოფლიო ისტორიაში. ძალზედ საეჭვოა აზრი იმის შესახებ, რომ დღეს რუსეთში თითქოსდა არსებობს პოლიტიკური კლასი, რომელსაც ნეოლიბერალიზმზე უარის თქმა შესწევს. დაისმის კითხვა – რომელია ის პოლიტიკური კლასი, ვინც ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ გაილაშქრებს – ოლიგარქიულ ჯგუფებს დაქვემდებარებული პარტიები თუ რეჟიმთან სუბორდინაციულ მდგომარეობაში მყოფი ზიუგანოვის კომუნისტური პარტია? თანამედროვე რუსეთში კაპიტალის მფლობელი კლასის მხრიდან რიგითი რუსების, შუა აზიელი ემიგრანტებისა თუ კავკავსიელების ექსპლუატაციამ რადიკალური ფორმები შეიძინა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა აქედან წარმოქმნილ რაიმე სახის ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებებზე საუბარი, თუ ის გამძვინვარებული მოსახლეობიდან არ წამოვიდა. ასევე ნაკლებად სჩანს პუტინის რუსეთის ძალისხმევა, რომელიც პერიფერიული სტატუსის დაკავების წინააღმდეგ უნდა მიემართებოდეს მაშინ, როდესაც მთლიანი ეკონომიკური პოლიტიკა მუდმივად რესურსების იაფად გატანასა და გასხვისებაზე დგას.
ეს თავისთავში აჩვენებს, რომ გეოპოლიტიკური ანალიზი და ინტერესები, მრავალპოლარული სამყაროს სურვილი, ხშირ შემთხვევაში, შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტებს უგულებელყოფს და თვალს ხუჭავს მრავალ ისეთ პროცესზე, რაც დღევანდელ პუტინის რუსეთში ხდება. სამირ ამინის მიმართ მსგავსი კრიტიკაც არახალია და მას, ძირითადად, არადემოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თუმცა, მისი შეხედულებები შეგვიძლია გამოვარჩიოთ, როგორ მემარცხენეთა ფლანგზე რუსეთის მხარდაჭერის ყველაზე ფუნდამენტური მაგალითი.
უკრაინის ფაშისტურ ქვეყნად წარმოჩენაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „მაიდანის“ შემდეგ ნამდვილად მოძლიერდნენ ნეო-ნაცისტური ჯგუფები, ალბათ, უფრო მეტად კონკრეტული მხარის ნება-სურვილი იქნებოდა, რადგან სწორედ მსგავსი კრიტიკის წარმოება სრულიად ლეგიტიმურია დღევანდელ რუსეთის ფედერაციაზეც, განსაკუთრებულად კი ომის დროს მოძლიერებული ულტრა-ნაციონალისტური ორგანიზაციების ფონზე. მაგალითად, სლავოი ჟიჟეკს პუტინის რუსეთის იდეოლოგია ნეოფაშიზმად მიაჩნია, რომელიც ოლიგარქიულ მმართველობას ემყარება. ხოლო დასავლური ანტიიმპერიალიზმი, რომელზეც რუსი პროპაგანდისტები ლაპარაკობენ, ძალზედ წააგავს ნაცისტური გერმანიისა თუ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონიის განცხადებებს, როცა ისინი თავიანთ პოზიციას ბრიტანული და ფრანგული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლად ნათლავდნენ.ასეთი პოზიციების გაღვივებაში რეჟიმს არამარტო ფაშისტი თეორეტიკოსების, ილინისა და დუგინის შეხედულებები ეხმარება, არამედ იმ მემარცხენე მოაზროვნეებისაც, რომლებიც ანტიკოლონიალურ ასპექტებზე მიუთითებენ. გლობალური სამხრეთის არაერთ ქვეყანაში, ობიექტური მიზეზების, კერძოდ, დასავლეთის ქვეყნების მძარცველური პოლიტიკის გამო, რუსეთის მხრიდან გამოცხადებული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა პოულობს თავის ადრესატს, რის ინსტრუმენტალიზებას თავად რუსეთი ახდენს. მაგრამ დასავლური წარმომადგენლების ჩანაცვლებისა და არსებული სტატუს-კვოს დანგრევის გარდა, მათ სხვა რაიმე ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება ნაკლებად თუ შესწევთ.
ზემოთ მოყვანილი შეხედულებები არ გულისხმობს, რომ უკრაინულ თავდაცვით ომს რუსეთის წინააღმდეგ მემარცხენე ფლანგზე მხარდაჭერა არ აქვს. ამ ბანაკში მყოფთა მთავარი გამჟღერებელი, როგორც უკვე ზემოთ გამოჩნდა, ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკია. მისი თქმით – „დღეს ვერავინ იქნება მემარცხენე, რომელიც არ დგას უკრაინის გვერდით.“ ფილოსოფოსის აზრით, უკრაინის თავდაცვითი ომის გამორჩეულობა სწორედ იმაშია, რომ ბევრისთვის, მათემატიკური გათვლებით, წარმოუდგენელი ჩანდა ამ ომში უკრაინის გადარჩენა. და თუ მემარჯვენეების კუთხით, უკრაინის ბრძოლა ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაა არაევროპული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, მემარცხენეებისთვის უკრაინის ბრძოლა არის ბრძოლა გლობალური თავისუფლებისთვის, განსაკუთრებით კი – რუსების თავისუფლებისათვის. თუმცა ჟიჟეკის ყველაზე წინააღმდეგობრივი და პროვოკაციული მოსაზრება, რამაც აღშფოთება გამოიწვია სხვადასხვა წრეში, ეხებოდა მის პოზიციას „ნატოს“ სამხედრო ალიანსის შესახებ, რომ უკრაინის სრული მხარდაჭერისთვის საჭიროა ძლიერი „ნატო“.[viii] საინტერესოა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად სრულიად სხვა, საპირისპირო მიზეზს ასახელებს გილბერტ აჩკარი, რომელიც სწორედ უკრაინის სახელმწიფოს გრძელვადიან ბრძოლაში ხედავს „ნატოს“ დასუსტების გზას.
ჟიჟეკის ამდაგვარი რწმენა არაერთმა ინტელექტუალმა დაგმო. მათ შორისაა ცნობილი მარქსისტი, ეკო-სოციალისტი ჯონ ბელამი ფოსტერი, რომელმაც გეორგ ლუკაჩის კლასიკური ნაშრომის, „გონების განადგურების“ განწყობით, ჟიჟეკი ახალი ირაციონალიზმის წარმომადგენლად მონათლა, რაც გამორჩეულად ჩანს სლოვენიელი თეორეტიკოსის ეკოლოგიის მიმართ დამოკიდებულებასა და არსებული სისტემის არაპირდაპირი მხარდაჭერაში, როდესაც ის აცხადებს, რომ „ეკოლოგია არის ახალი ოპიუმი მასებისათვის.“[ix] კაპიტალისტური გარემოს კრიზისისადმი ირაციონალური მიდგომა, ასევე ფოსტერის მიხედვით, ჟიჟეკის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზსა და „ნატოსა“ და რუსეთს შორის ბირთვული კონფლიქტის მზარდი საფრთხის მიმართ დამოკიდებულებაში გამოსჭვივის. ხოლო სურვილს ძლიერ „ნატოზე“, რომ ის შეებრძოლება ჩინეთსა და რუსეთს, ისეთივე ლოგიკა აქვს, როგორც რუსეთის დაჟინებას, რომ უკრაინა არ უნდა შევიდეს „ნატოში“, რადგან ეს რუსეთს მისი სახელმწიფოებრიობისთვის ექსისტენციალურ საფრთხედ და კრიზისად მიაჩნია.[x] რა თქმა უნდა, მოცემული კრიტიკა არ ყოფილა ერთადერთი, რომელმაც ჟიჟეკის საწინააღმდეგოდ გაიჟღერა, მაგრამ ყველა დანარჩენი, ძირითადად, ფილოსოფოსის პოლიტიკურ მრწამსზე აკეთებს აქცენტს, კერძოდ იმაზე, რომ ჟიჟეკი მთელი თავისი ცხოვრება პროდასავლელი და ანტიკომუნისტი იყო.[xi]
მემარცხენეთა ყველაზე ცნობილი პოზიციების გაცნობის შემდეგ ( რა თქმა უნდა, სხვა არაერთი კრიტიკაც არსებობს), ძირითადად ორ მთავარ პრობლემაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რასაც მოცემული ავტორების ტექსტებში წავაწყდით. პირველ ყოვლისა, ეს არის თავად უკრაინის ფენომენის მიმართ დამოკიდებულება. ხოლო მეორე ეხება ამ გაუგებრობების თუ წინააღმდეგობების მიზეზს მემარცხენეთა ბანაკში.
უკრაინაზე მსჯელობისას, უმეტესწილად, აქცენტი კეთდება გლობალურ კონტექსტზე, იმპერიათა ჯახზე, „პროქსი“ ომზე, რუსეთის დემოკრატიაზე, უკრაინის „ფაშისტურ“ მთავრობაზე, რომელიც იმპერიალისტური მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ ნაკლებია საუბარი შიდა უკრაინულ პრობლემებზე. ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს, სადაც ომის დაწყებამდე 40 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა და ევროპის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ ითვლებოდა, პოლიტიკურ სუბიექტად ომის პროცესში ცოტა თუ აღიქვამს, მიუხედავად მისი ძალზედ დიდი წარმატებული სამხედრო აქტივობისა. რა ბედის ელის უკრაინას ომში შესაძლო გამარჯვების შემდგომ, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მას, კვლავ ოლიგარქებს დაუბრუნდებათ ნაციონალიზებული სამრეწველო ობიექტები თუ ტრანსნაციონალური კომპანიები დაიკავებენ მათ ადგილს ( როცა სახელმწიფოს როლი გაძლიერებული როლი ან ექსპროპიაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია)? ასევე ძალზედ რთულია, იმსჯელო უკრაინაში დემოკრატიის პერსპექტივებზე, როდესაც, პრაქტიკულად, ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები არ მუშაობენ და ასევე, გაზრდილია მემარჯვენე ნაციონალიზმი. ქვეყანა, რომელმაც ორი თაობის განმავლობაში შეძლო დიდი ნახტომი გაეკეთებინა აგრარული პერიფერიიდან კოსმოსის ამთვისებელ ქვეყნისკენ, უახლოეს მომავალში, შეიძლება, შუა საუკუნეობრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს, მეორე ავღანეთად გადაიქცეს. ვოლოდიმირ იშჩენკო უკრაინის „დეპროვინციალიზაციაზე“, ე.ი გლობალურ კრიზისის ჩარჩოში განხილვის დაწყების აუილებლობაზე მიუთითებს, რომ საჭიროა უკრაინა არა როგორც ანტირუსულ, ანტი-საბჭოურ ჭრილში განვიხილოთ, არამედ მთელ მის ისტორიულ კატაკლიზმებში საბჭოთა კავშირის პერიოდში, თავისი პროგრესითა და დეგრადაციით. ამიტომ აღნიშნავს იშჩენკო, რომ „იქნებ სწორედ ჩვენ შეიძლება გავხდეთ თქვენი მომავალი და არა პირიქით“[xii], რადგან კრიზისის ფონზე, შესაძლებელია, მსგავსი ბედი არ იყოს გამონაკლისი მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ერთეული ქვეყნებისათვის.
და მაინც, როგორ შეგვიძლია შევაფასოთ მემარცხენე ინტელექტუალების ასეთი დაყოფა და სხვადასხვა იმპერიალისტურ ბანაკში გადანაწილება? გლობალურ მოვლენაზე რეფლექსიისას ,ისტორიულად, აზრთა მრავალფეროვნება და ხშირად, რადიკალურად შეცვლილი ხედვები თუ მსოფლმხედველობა არახალია. პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების პერიოდში, რომელსა და დღევანდელ ვითარებას შორის ყველაზე მეტი პარალელი ივლება, არაერთმა სოციალ-დემოკრატმა დაიკავა სოციალ-შოვინისტური და ოპორტუნისტული პოზიცია, როდესაც მათ თავიანთ იმპერიალისტურ სახელმწიფოს გამოუცხადეს მხარდაჭერა. ხოლო „ მეორე ინტერნაციონალის“ მთავარი ფიგურა, კარლ კაუცკი, 1914 წელს, მოკლე ვადიან პერსპექტივაში, სისხლისმღვრელი ომიდან ლოგიკურ გამოსავალს ულტრაიმპერაიალისტურ ალიანსში ხედავდა.[xiii] სამხედრო დაპირისპირება უნდა გადაზრდილიყო თანამშრომლობაში, საგარეო პოლიტიკის კარტელიზაციის სტადიაში. სოციალისტთა წრეებში გერმანელი მარქსისტის მოცემული შეხედულება ოპორტუნიზმად ჩაითვალა ( საინტერესოა, რომ კაუცკის 1914 წლის ვარაუდი, რომელმაც თავის დროზე კრახი განიცადა, შესაძლოა, დღეს უფრო მეტად იყოს რეალობასთან ახლოს). კარლ კაუცკისა და მეორე ინტერნაციონალის ხედვები, „მესამე ინტერნაციონალის“ გადმოცემით, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის დროინდელი კაპიტალიზმის სტაბილურ და განვითარებად პერიოდს ეკუთვნოდა, რომელიც იმპერიალისტური ომის პერიოდში უკვე ანაქრონიზმად მოსჩანდა. თუ თანამედროვეობაში – პოსტკოვიდურ, ეკოლოგიური კრიზისისა და უკრაინა-რუსეთს შორის არსებული ომის დროში გადმოვალთ:
- ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარკვეული შეხედულებები გვიანდელი იმპერიალიზმის მშვიდი ეპოქის ხედვები და ანაქრონიზმია,
- ხომ არ არის თანამედროვე მემარცხენეობა ჯერ კიდევ ძველი ეპოქის სულის მატარებელი, როდესაც, მარგინალიზებული, თავს კარგად გრძნობდა და აბსტრაქტულ იდეებს კუდში მისდევდა?!
___
ავტორის შესახებ:
საბა კოხრეიძე – ფილოსოფიის მაგისტრი, დაიცვა თეზისი სახელწოდებით: “ტოტალობის კატეგორია ახალგაზრდა ლუკაჩთან”, სადაც განიხილა ტოტალობის კატეგორია, რომელიც გეორგ ლუკაჩის ადრეულ ნაწერებშივე ჩნდება და შემდგომ ქვაკუთხედი ცნება ხდება მთელს მის ფილოსოფიაში. მარქსისტულ თეორიაში, სწორედ ლუკაჩის სახელთანაა დაკავშირებული ტოტალობის შემოტანა, რომლის ღირებულება არაერთხელ დამდგარა ეჭვქვეშ მეოცე საუკუნის განმავლობაში. ცნების ორიგინალურობა, რომელიც „ისტორია და კლასობრივ ცნობიერებაში“ სრულყოფილად გამოიკვეთა, მდიდარია თავისი ინტერპრეტაციებით. შესაბამისად, ნაშრომში ნაჩვენები იქნა ის კავშირები, რომლებიც მას აქვს სხვადასხვა ფილოსოფოსსა თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობასთან. ასევე, კვლევა შეეცადა, გადმოეცა ცნების ის რეალური მნიშვნელობა, რომელიც მას ღირებულს ტოვებს.
გახლდათ 2010-იან წლებში საქართველოში მოქმედი მემარცხენე მოძრაობების აქტიური წევრი.
ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას სხვადასხვა ელექტრონული ჟურნალისთვის.
არის გამოცემა “აჩრდილის” დამფუძნებელი.
[i] Samuel Charap, An Unwinnable War Washington Needs an Endgame in Ukraine ://www.foreignaffairs.com/ukraine/unwinnable-war-washington-endgame
[ii] Alex Callinicos, The great power grab—imperialism and the war in Ukraine https://socialistworker.co.uk/features/the-great-power-grab-imperialism-and-war-in-ukraine/
[iii] «Россияне не враги. Россия — очень травматизированная, разделенная страна» Интервью философа Славоя
Жижека — о российской идеологии, фашизме и левом взгляде на политику
«коллективного Запада». https://meduza.io/feature/2023/01/30/rossiyane-ne-vragi-rossiya-ochen-travmatizirovannaya-razdelennaya-strana
[iv] Ukraine and anti-imperialism — Gilbert Achcar and Alex Callinicos debate https://socialistworker.co.uk/long-reads/ukraine-and-anti-imperialism-gilbert-achcar-and-alex-callinicos-debate/?fbclid=IwAR171LHyQqKeO1FdbbtbRA9RKau7PLDBIsoyGfmSIQlrMDOX0ZrUgcXeHz4
[v]Henry Kissinger – How to avoid another world war https://www.spectator.co.uk/article/the-push-for-peace/
[vi] Samir Amin , RUSSIA AND THE LONG TRANSITION FROM CAPITALISM TO SOCIALISM
[vii] Кагарлицкий Б. Ю. Периферийная империя: циклы русской истории, М. : Алгоритм, Эксмо, 2009. გვ 221
[viii] Slavoj Zizek – Pacificism is the wrong response to the war in Ukraine https://www.theguardian.com/commentisfree/2022/jun/21/pacificsm-is-the-wrong-response-to-the-war-in-ukraine?fbclid=IwAR07aEzgiPt5gtZ-lLpNZn11kr_aTfDlYPk8VbECmts8bu1XoxPteVFFicQ
[ix] Slavoj Žižek, “Where Is the Rift?: Marx, Lacan, Capitalism, and Ecology,” Los Angeles Review of Books 20 (January 2020);
[x] John Bellamy Foster – New Irrationalism. https://monthlyreview.org/2023/02/01/the-new-irrationalism/?fbclid=IwAR2Cilrt_aHbn4n3EkZCmB37aXPskbnQokMUjdwKzu5m0akIn32Rsyqw8N8
[xi] GABRIEL ROCKHILL -Capitalism’s Court Jester: Slavoj Žižek . https://www.counterpunch.org/2023/01/02/capitalisms-court-jester-slavoj-zizek/
[xii] Volodymyr Ishchenko Ukrainian Voices https://newleftreview.org/issues/ii138/articles/volodymyr-ishchenko-ukrainian-voices?fbclid=IwAR1Zzm8Umceem5G6BhzY9Y8nExq70eSdJm1M-SEzLdbm6yKWDlyZFh49-W8
[xiii] Karl Kautsky- Ultra-imperialism (September 1914) https://www.marxists.org/archive/kautsky/1914/09/ultra-imp.htm