2025 წლის თებერვალი ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. აშშ-ს ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპული ქვეყნები დემოკრატიული ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა. რამდენიმე დღეში კი აშშ-ს და რუსეთის დელეგაციებმა ერ-რიადში შეხვედრა გამართეს, სადაც არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესიც წამოიწყეს – უკრაინის გარეშე.
პარალელურად დონალდ ტრამპმა კიევის განცხადებები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გააკრიტიკა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა. 28 თებერვალს, თეთრ სახლში სტუმრობის დროს დონალდ ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზელენსკი მესამე მსოფლიო ომთან სახიფათო თამაშში და ომის გაგრძელების სურვილში საჯაროდ დაადანაშაულეს.
ტრამპის მოლაპარაკებების სტრატეგია
მოლაპარაკებათა აგრესიული სტრატეგია, რომლის თაყვანისმცემლადაც პრეზიდენტი ტრამპი ითვლება, ორ ფაზას მოიცავს – „მნიშვნელოვანი მუქარა“ და „ხელსაყრელი შეთავაზება“, რომელიც მუქარის ფონზე კეთდება. პირველი ხაზის მიმდევარი ახალ ადმინისტრაციაში კიტ კელოგია, უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი. მან განაცხადა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად მეტი დრო და მოსკოვზე დამატებითი ზეწოლაა საჭირო. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კრემლს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდით, რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვით და უკრაინასთან საუკეთესო ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმებით რამდენჯერმე დაემუქრნენ.
ამ მუქარას ეფექტი არ ჰქონდა, რადგან რთულად შესასრულებელი ან საერთოდ შეუსრულებელი იყო. პირველი ფაზა ბლეფი აღმოჩნდა და კრემლი მასზე არ წამოეგო. თუმცა ტრამპმა ბლიცის სტრატეგიაზე უარი არ თქვა და მეორე, „ხელსაყრელი შეთავაზების“ ფაზაზე სწრაფად გადავიდა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ აღებული ტემპი უბრალოდ ვითარების გაცნობიერების, აზრების მოკრების, მოწინააღმდეგეთა გადაჯგუფების დროსაც კი არ იძლევა. თითქოს ყველაფერი „მაფიის ღამის“ თამაშს ჰგავს: სანამ დანარჩენი სამყარო თვალებს ხუჭავს, ამერიკა იღვიძებს და შემდეგ მეორე დღეს მთელი მსოფლიო ტრამპის და მისი გუნდის მორიგ შოკისმომგვრელ განცხადებებს ეცნობა.
რუსული პროპაგანდის თეზისები უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერდა. მაგრამ საქმე მხოლოდ სიტყვებით არ შემოფარგლულა:
უპირველეს ყოვლისა, ახალი ადმინისტრაცია ცალმხრივად მოქმედებს. ტრამპი თვლის, რომ ნებისმიერი იდეა გაიყინება, თუ იგი ვაშინგტონის პროფესიულ წრეებში მოხვდება ან ევროპაში მრავალრიცხოვანი მოკავშირეების ფილტრს გაივლის. უკვე პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპი კავშირებს ანგრევდა და მოკავშირეებს ნერვებს უშლიდა, მაგრამ ახლა მეგობრებთან ურთიერთობაში აგრესიულობის და ცინიკურობის ხარისხი გაცილებით გაიზარდა.
პარალელურად გაუარესდა ურთიერთობა ამერიკულ სახელმწიფო აპარატთან და ზოგადად ძალაუფლების სისტემასთანაც: მასკს ძალიან მოსწონს სალვადორი, სადაც პრეზიდენტმა-ბიზნესმენმა ბუკელემ მოსამართლეები და პროკურორები გაათავისუფლა, რომლებიც მის გეგმებს ხელს უშლიდნენ.
თუმცა ტრამპს და პუტინს მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის წესების მიუღებლობა არ აახლოვებთ. კიევზე ადრე მოსკოვში განხორციელებული ზარი მოლაპარაკებებში სხვა ფაქტორებთან შედარებით პარტნიორის სიდიდის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს, რაც პოლიტიკის გაგების რუსულ მოდელს წარმოადგენს – სიმართლე ძალაშია.
ზარს კი ელვისებურად ერ-რიადში ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ამერიკულ-რუსული დელეგაციების შეხვედრა მოჰყვა. ეს შეხვედრა კრემლის მოსაზრებას პირდაპირ ადასტურებს, რომ ძლიერები ერთმანეთს სუსტების გარეშე უნდა ესაუბრონ, რომელთაც მაინც არაფრის გადაწყვეტა შეუძლიათ. უკრაინის ირგვლივ მოლაპარაკებები უკრაინის და ევროპის გარეშე საერთაშორისო ურთიერთობების კრემლის ხედვის შესაბამისად ტრანსფორმაციას ახდენს: „კოლექტიურ დასავლეთში“ მხოლოდ ერთ სუბიექტი არსებობს, რომელთანაც საუბარს აზრი აქვს. უკრაინა და ევროპა სუბიექტებს არ წარმოადგენენ. ჭეშმარიტი სუვერენები ერთმანეთში ღიად საუბრობენ და სხვების ბედს დახურულ კარს მიღმა ცინიკურად განიხილავენ, სანამ მათი კლიენტი-ქვეყნები მიღებულ გადაწყვეტილებებს შიშით ელოდებიან.
უკრაინაში მიმდინარე ომის მიღმა კი ამერიკული დელეგაცია ერ-რიადში რუსეთთან ერთად ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს, არქტიკის და კოსმოსის ათვისებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს და დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის ბედსაც განიხილავდა.
რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ იგი პარტნიორად და თანამოსაუბრედ მსოფლიოში არსებულ სხვა პრობლემებთან დაკავშირებითაც აღიაროს და ამისთვის უკრაინაში აგრესიული ომის ან რუსეთის შიგნით რეპრესიების დასრულება არ მოსთხოვოს.
უკრაინასთან კი ტრამპი ეტიკეტს არ იცავს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გადაცემული დახმარების წიაღისეულის ირგვლივ შეთავაზებული კოლონიური ტიპის ხელშეკრულებით უკან დაბრუნებას ითხოვს. სწორედ ამ შეთანხმებას წარმოაჩენს აშშ-ს მმართველი ადმინისტრაცია უკრაინისთვის უსაფრთხოების და მშვიდობის მთავარ გარანტად. ტრამპისთვის იშვიათი მინერალები ყველაზე სასურველ აქტივად იქცა, რომლის ღირებულებაც რუსეთ-უკრაინის ომის ჩარჩოებს სცდება. მაგრამ მათი მოპოვების თავისებურება, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორები ამ მინერალების ირგვლივ ნებისმიერ შეთანხმებას მყარი მშვიდობის გარანტად ვერ აქცევს.
ყველა ამ ქმედებას დამატებით ძალას სძენს ამერიკელი მაღალჩინოსნების გაკეთებული განცხადებები. ვიცე-პრეზიდენტი ვენსი მიუნხენში აქტიურად საუბრობდა ევროპაში არჩევნების და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და თავისი გამოსვლა ნავალნის გარდაცვალების წლისთავს დაამთხვია, რომელიც რუსეთში ამ ორი თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. ამ რიტორიკის ლოგიკურ დაგვირგვინებად კი იქცა დონალდ ტრამპის 19 თებერვალს გამოქვეყნებული ტვიტი, რომელიც აგრესიის მსხვერპლ უკრაინაში არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზეა კონცენტრირებული. აქაც კრემლის წარმოდგენები უკრაინულ არჩევნებზე ტრამპის შეხედულებებს ემთხვევა. პუტინისთვის არჩევნები მის წარმოდგენაში არსებული პრორუსი ამომრჩევლის გამარჯვების შესაძლებლობაა, რომელსაც უკრაინული ნაციონალისტურად განწყობილი ელიტები ბლოკავენ. ტრამპისთვის კი მისთვის არასასურველი კანდიდატის, რომელსაც გლობალისტურად განწყობილი ელიტები მხარს უჭერენ, ძალაუფლებიდან ჩამოშორების შანსი.
ლოგიკური პროპორციების ეს აღრევა საბოლოო სურათის ტრანსფორმაციას იწვევს: რუსეთი წარმოჩენილია ქვეყნად, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც აშშ-მ წარადგინა, რუსეთი აგრესორად არ არის მოხსენიებული. პასუხისმგებლობა ომზე ბაიდენსა და უკრაინაზე გადადის, რომელიც „თავიდანვე წამგებიან ომში ჩაერთო, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“ და ამ ომში „საშუალო დონის იუმორისტმა აშშ-ს 350 მილიარდი დოლარი გამოსტყუა“.
დილეტანტიზმი და მოუთმენლობა
ტრამპს ძლიერი მომლაპარაკებლის სახელი აქვს და საკუთარი თავის საერთაშორისო „გორდიას კვანძების“ გამხსნელ სტრატეგად წარმოჩენა უყვარს. მის აქტივში მართლაც არის ერთი წარმატებული გარიგება – ისრაელის და რამდენიმე არაბული ქვეყნის შეთანხმება (ე.წ. „აბრაამის შეთანხმება“). თუმცა მისი ბოლომდე მიყვანა და რეალიზება ვერ მოხდა. წარუმატებელი მოლაპარაკებების სია კი გაცილებით გრძელია. მათგან ყველაზე მკაფიო პირველ რიგში თალიბებთან ამერიკელი სამხედროების და ავღანეთის პროამერიკული ხელისუფლების ზურგს უკან შეთანხმებაა, რამაც ბაიდენის პრეზიდენტობის დასაწყისში ქვეყნიდან ამერიკული ძალების გაქცევა გამოიწვია. მეორე მხრივ კი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები.
ტრამპმა ფხენიანს ჯერ სიტყვიერი მუქარა დაატეხა თავს, შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის ბუნდოვანი დაპირებები დაიჯერა და კიმ ჩენ ინის მოხიბვლა ორმხრივი სამიტებით სცადა. ტრამპთან შეხვედრებისგან პოლიტიკური დივიდენდების მიღების შემდეგ კი კორეელმა დიქტატორმა ბირთვული გამოცდები გააგრძელა და საკუთარი ბირთვული პროგრამა გააფართოვა.
ტრამპი ერთი შეხედვით გადაუწყვეტელი კონფლიქტების გადაწყვეტას არ ერიდება, თუმცა მის ენთუზიაზმს მეორე მხარეც აქვს – იგი საკითხს დეტალებში არ უღრმავდება და პრობლემისადმი ინტერესს, თუ მისი მაშინვე გადაწყვეტა არ შეუძლია, სწრაფად კარგავს. კრემლთან ბლიც-მოლაპარაკებებიც კორეულ და ავღანურ სცენარებს ძალიან ჰგავს.
ბრეტ ბრუენმა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ერ-რიადში მოლაპარაკებები „დილეტანტურ საათად“ დაახასიათა. მოსკოვს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პუტინის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენდნენ – ორი ვეტერანი, რომლებიც ჯამში საკუთარ თანამდებობებზე 30 წელზე მეტია იმყოფებიან. საპირისპირო მხარეს კი ისხდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომლებიც თანამდებობებზე ერთი თვის წინ დაინიშნენ. ამერიკულ გუნდს პრაქტიკულად არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა უმაღლეს დონეზე საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების და უკრაინისა და რუსეთის შესახებ საკმარისი ცოდნაც არ გააჩნდა.
ჩინური კუთხე
აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ევროპასთან აღებულ სამოკავშირეო ვალდებულებებზე უარის თქმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი ფოკუსის ჩინეთის შეკავებაზე გადატანის ფართო სტრატეგიის ნაწილია. აშშ-ს საკმარისი სამხედრო ძალების მობილიზება ორივე მიმართულებით უჭირს, ამიტომაც ევროპაში მიმდინარე ომის ტვირთის ევროპელებზე გადატანა სურს. ამ პოზიციას და ევროპისადმი მოთხოვნას მკვეთრად გაზარდონ სამხედრო დანახარჯები და შესაძლებლობები, რაციონალური ახსნა აქვს. ამავდროულად ამერიკელი სამხედრო ექსპერტების და გენერლების ნაწილი თვლის, რომ „შეკავება მხოლოდ განუყოფელი შეიძლება იყოს“ და თუ ამერიკა ევროპაში ნდობას დაკარგავს, ეს ავტომატურად აზიაში მის ნდობაზე აისახება. ევროატლანტიკურ ბლოკში განხეთქილება კი ჩინეთსა და რუსეთს შორის კავშირს აძლიერებს.
მიუხედავად ამისა, პუტისადმი ხაზგასმული თავაზიანობა, მასშტაბური დათმობები და კიდევ უფრო მასშტაბური დაპირებები ტრამპისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკური ანალიტიკოსების მიერ სწორედ მოსკოვსა და პეკინს შორის კავშირების გაწყვეტის სურვილით იხსნება. ეს ბოლო ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც ღიად დაადასტურა.
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ჩინეთზე დამოკიდებულებას, ადვილად დავინახავთ დილეტანტიზმს ტრამპის სტრატეგიის ამ მიმართულებაშიც. 2024 წელს ჩინეთზე მთელი რუსული ექსპორტის 31% და იმპორტის 39% – ანუ მთელი საგარეო ვაჭრობის 35% მოდიოდა. ამ მდგომარეობის შეცვლა დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს. აშშ-ს კი ამ პროცესში გავლენის ბერკეტები პრაქტიკულად არ გააჩნია. ამერიკულ-რუსული ეკონომიკური კავშირები არასდროს იყო დიდი მნიშვნელობის – 2021 წელს აშშ-ზე რუსული საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 4% მოდიოდა. მთავარ სავაჭრო პარტნიორს კი ევროპა წარმოადგენდა, საიდანაც სავაჭრო ნაკადები ბოლო პერიოდში ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით გადამისამართდა.
უკრაინული იშვიათი მინერალების გლობალური გარიგების მსგავსად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებული უნიკალური ეკონომიკური პარტნიორობა რუსეთთან, რომლის ქვეშაც სავარაუდოდ არქტიკაში წიაღისეულის დამუშავება იგულისხმება, უფრო სოცქსელებ Х ან Truth Social-ში ტვიტების გამოსაქვეყნებლად გამოდგება, ვიდრე სერიოზულ წინადადებად. ზოგადად ახალი ადმინისტრაციიდან მომავალი წინადადებების და მუქარების უმრავლესობა ინფორმაციულ ეფექტზეა გათვლილი და პრაქტიკაში მათი რეალიზება შეუძლებელია, რაც მოსკოვსა და პეკინში ძალიან კარგად ესმით.
რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მთავარ მოკავშირე ჩინეთს, რომელმაც ომის დროს რუსული ეკონომიკის სტაბილიზაციაში საკვანძო როლი შეასრულა, ზურგში ამერიკულ დანას ჩასცემს. ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული პოლიტიკური ლანდშაფტის ანომალიაა და გამორიცხული არ არის, რომ მომდევნო პრეზიდენტმა წინამორბედის ყველაზე ოდიოზური გადაწყვეტილებების დეზავუირება მოახდინოს. მათ შორის კი აუცილებლად იქნება ნებისმიერი გარიგება რუსეთთან. თუ ასეთ გარიგებებამდე საერთოდ საქმე მივიდა.
XXI საუკუნის იმპერიალიზმი
შეიძლება მოისმინოთ მოსაზრება, რომ ამერიკის ღალატი ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებშია. ამ თეზისს რუსი სამხედრო ბლოგერების უკმაყოფილება ადასტურებს: ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკის ლანძღავს და თეთრი სახლიდან აძევებს, მაგრამ არ თიშავს Starlink-ს და უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, შეიარაღებას და დაფინანსებას აწვდის. ამ მხრივ შესაძლოა სიტყვები საქმედ მალე იქცეს.
ტრამპის მოქმედებებში ლოგიკა შეიძლება დავინახოთ. ომის, რომლის მოგებაც შეუძლებელია, შეჩერება მხოლოდ აგრესორთან საუბრით არის შესაძლებელი. ამასთან ბრალდება და შეურაცხყოფა შედეგს არ მოიტანს. დიქტატორების საერთო ეკონომიკურ და საერთაშორისო საქმიანობაში ჩართვა დიქტატურების შერბილებისა და საბოლოო ჯამში დემოკრატიზაციისთვის მუშა მეთოდად ითვლება. რომელიმე პრესტიჟულ და სასარგებლო ორგანიზაციაში გაწევრიანებაც ლიბერალიზაციის სანაცვლოდ – ქმედითი ნაბიჯია. ამ მხრივ შეიძლება რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნებაც ფანტასტიკურად არ მოგვეჩვენოს.
მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის დემოკრატიზაციაზე ან ლიბერალიზაციაზე ფიქრობს. სავარაუდოდ, ტრამპს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უფრო მომგებიანად ეჩვენება, ვიდრე დანარჩენებთან. იგივე ჩინეთიც ტრამპისთვის პრობლემას როგორც ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონკურენტი წარმოადგენს და არა როგორც მსხვილი რეპრესიული ავტოკრატია.
სხვა სახელმწიფოების შიდა მოწყობისადმი ასეთი გულგრილი ამერიკა საკუთარი თავის ოპოზიციად ტრანსფორმირდება. აჩვენებს რა ღირებულებებისა და წესებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ტრამპის ამერიკა ამბობს და აკეთებს იმას, რასაც გასული ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავს და სხვებს უკრძალავდა – ითხოვს სხვის ტერიტორიებს და საზღვრების შეცვლას; სურს საკუთარი ტერიტორიის გაზრდა და არ აქვს პრობლემა, როდესაც სხვა ქვეყნები იგივეს მეზობლების მიმართ აგრესიული ომის ხარჯზე აკეთებენ; სურს მთელი ხალხის გაძევება და საპასუხოდ საჩუქრებს ითხოვს; არღვევს ძველ შეთანხმებებს და აიძულებს სხვებს მასთან კაბალური შეთანხმებები გააფორმონ; შეურაცხყოფას აყენებს სხვა ქვეყნების ლიდერებს და სურს მოკავშირეების პოლიტიკური სისტემების შიგნიდან შეცვლა.
სამი წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლი მის ფასს როგორც უკრაინისთვის, ასევე მოკავშირეებისთვის თანმიმდევრულად ზრდიდა. თავად პუტინის რუსეთისთვის ომმა უკვე ეგზისტენციალური სახე მიიღო: შეძლებს რეჟიმი არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ მისი მსოფლმხედველობის მსოფლიო პოლიტიკის ახალ პრინციპად დამკვიდრებასაც. დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს განადგურება, რაც ომის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ყველამ უნდა აღიაროს და ამით ფაქტიური სამხედრო ძალის უძლურ საერთაშორისო სამართალზე უპირატესობა დააკანონოს. და როდესაც სამყარო იმპერიალისტური გადანაწილების ახალ ერაში, ძლიერ სამხედრო სახელმწიფოებს შორის „სასიცოცხლო სივრცეებისთვის“ ბრძოლაში შევა, რუსეთის „გამარჯვება“ ნამდვილი და რეალური გახდება.
დღეს, ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ეს იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი „გამარჯვება“ ახლოსაა. თავად შეხვედრის ფორმატი, სადაც ლავროვი და რუბიო, დიდი სამხედრო ძალების წარმომადგენლები სხვა ქვეყნების ტერიტორიების და ბუნებრივი სიმდიდრეების გადანაწილებას განიხილავენ, წარსულის სამარცხვინო და უსამართლო ფურცლებს გვახსენებს. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება იგი, ეს შეხვედრა შესაძლოა ისტორიაში ახალი, XXI საუკუნის იმპერიალიზმის ეპოქის დასაწყისად შევიდეს.
„სამშვიდობო მოლაპარაკებები“ პუტინსა და ტრამპს შორის სამყაროს ახალი ომების გარდა არაფერს მოუტანს. იმპერიალიზმი შუა გზაზე არ ჩერდება – სასურველი ტერიტორიის მიღებას იგი ახალი აგრესიისკენ მიპატიჟებად აღიქვამს. უკრაინის ბედზე მთელი კაცობრიობის მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული. კაცობრიობის, რომელსაც ყოველთვის აქვს შანსი იმპერიალისტურ აპოკალიფსს უარი უთხრას.
რეზი ქოიავა
11.03.2025