თანამედროვე მსოფლიოში, თითქმის ყველა კონტინენტზე ახალგაზრდები საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გავლენიან მონაწილეებად განიხილებიან. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული სოციალური ჯგუფების მოქმედებებზეა დამოკიდებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბედი. გასული ათწლეულის განმავლობაში გრანდიოზული მასშტაბის ცვლილებები მოხდა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. რეგიონს მრავალრიცხოვანი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა. მედიისა და აკადემიის წარმომადგენლებმა არაერთ აღმოსავლურ დედაქალაქში პრაქტიკულად ერთდროულად დაწყებულ მასობრივ გამოსვლებს „არაბული გაზაფხული“ უწოდეს. ტუნისშიც და ეგვიპტეშიც, ლიბიაშიც და იემენშიც საპროტესტო მოძრაობის მთავარ ბირთვს ახალგაზრდები ქმნიდნენ, მათი აქტიურობა განსაზღვრავდა პოლიტიკურ ძალთა ბალანსს სამოქალაქო ომის პირას აღმოჩენილ საზოგადოებებში. „არაბული გაზაფხულის“ მიმდინარეობისას ახალგაზრდული სეგმენტის განსაკუთრებული მნიშვნელობა ზოგიერთმა დამკვირვებელმა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს დაუკავშირა, ისინი რეგიონის ქვეყნების ასაკობრივ პირამიდებზე მიუთითებდნენ (მაგალითად, 102 მილიონიანი ეგვიპტის მოსახლეობის მესამედზე მეტი 20 წლამდე ასაკის მოქალაქე). შესაბამისად, სპეციალისტთა ნაწილს არ უკვირდა, რომ რევოლუციურ მოვლენებში უმსხვილესი სოციალური ჯგუფის პოლიტიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო და გამოკვეთილი გახლდათ. თუმცა, ევროპულმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მხოლოდ მოსახლეობაში ახალგაზრდების ხვედრით წილზე არ არის დამოკიდებული აღნიშნული კატეგორიის პოლიტიკური გავლენები. 2010-იანი წლების დასასრულს მთელი დასავლური სამყაროს (სადაც სახელმწიფოთა ნაწილი ბუნებრივი მოძრაობის დაბალ მაჩვენებლების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს ებრძვის) დღის წესრიგი განსაზღვრა მოძრაობამ „პარასკევი მომავლისთვის“. ევროპელმა თუ ამერიკელმა უფროსკლასელებმა და სტუდენტებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობების პასიურობა გააპროტესტეს. ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან დასავლურ ქალაქში იმართებოდა პერმანენტული ახალგაზრდული გაფიცვები. მოძრაობის ლიდერს – გრეტა ტუმბერგს არაერთმა გლობალურმა ფორუმმა უმასპინძლა ახალი თაობის მოთხოვნების მოსასმენად და განსახილველად. კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრის მიზნით გაერთიანებული ახალგაზრდების აქტიურობის პარალელურად ჩატარებულ მრავალ კენჭისყრაზე „მწვანეებმა“ დრამატული უპირატესობის მოპოვება შეძლეს და გაზარდეს თავიანთი წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში (მაგალითად, ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებზე გერმანიაში „მწვანეები“ მეორე ადგილზე გავიდნენ, საფრანგეთში მესამეზე, საერთო შედეგების მიხედვით კი ეკოლოგისტებმა წინა მოწვევის შემადგენლობასთან შედარებით 22 მანდატით მეტის მოგროვება მოახერხეს).
მაშასადამე, დასავლეთის ქვეყნებშიც და განვითარებად სამყაროშიც ახალგაზრდები პოლიტიკური ცხოვრების გავლენიან აქტორებად რჩებიან, ყველა მნიშვნელოვან გარდაქმნაში მათ მონაწილეობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. დანარჩენ სოციალურ ჯგუფებთან შედარებით ნაკლები სოციალური ვალდებულებების, უკეთესი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი მომავლის განცდის წყალობით ახალგაზრდული პოლიტიკური ენერგია ეპოქალური გარდაქმნების მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება ხოლმე.
როგორია ახალგაზრდების პოლიტიკური როლი საქართველოში?
ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს. გავლენიანი პოლიტიკოსებიც და მარგინალური გაერთიანებების წარმომადგენლებიც საჯაროდ დებენ პირობას, რომ ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების გააქტიურებას, მათი გავლენების ზრდას. ქართულ მედიაში ხშირად მოისმენთ მძაფრი პათეტიკით აღბეჭდილ პოპულისტურ ლოზუნგებს: „ისინი ხომ ჩვენი მომავალი არიან?! მოვუსმინოთ და მხარი დავუჭიროთ მათ!“. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ახალგაზრდები პოლიტიკური პროცესიდან ან საერთოდ გამორიცხულნი არიან, ან მათ მხოლოდ მეორეხარისხოვანი სამუშაოების შესასრულებლად იყენებენ.
რა განასხვავებს საქართველოს ახალგაზრდობას „არაბული გაზაფხულისა“ და „პარასკევი მომავლისათვის“ მონაწილეებისაგან?
შეუიარაღებელი თვალითაც კი მარტივად არის შესაძლებელი უამრავი განსხვავების აღმოჩენა. ჩვენ ორ მთავარ ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება:
- „არაბული გაზაფხულის“ ტალღაში ჩართულ ახალგაზრდებს სხვა ჯგუფებისაგან სწრაფი მობილიზაციის უნარი და დარაზმულობა გამოარჩევდა. ისინი მარტივად ახერხებდნენ ერთმანეთს შორის ინფორმაციის გავრცელებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლების ორგანიზებასა და კოორდინირებულად მოქმედებას თავდასხმის შემთხვევაში. პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების უმრავლესობა სხვადასხვა არაფორმალური სოციალური გაერთიანების ან ტრადიციული ჯგუფის წევრად ირიცხებოდა, შესაბამისად, ერთგვარი ქსელის და/ან კოლექტივის ნაწილად მოიაზრებდა თავს.
- „პარასკევი მომავლისთვის“ წევრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი მათი გამოკვეთილი, კარგად ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა გახლდათ. მოძრაობის წევრები ერთგულნი იყვნენ თავიანთი მკაფიო პოლიტიკური მრწამსის. კლიმატის ცვლილების პრობლემატიკაზე დაფუძნებული ღირებულებათა სისტემის განმტკიცებას, ახალგაზრდებს შორის სპეციფიკური ცოდნით აღბეჭდილი არგუმენტების გავრცელებისა და გააზრების მაღალი ხარისხიც სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მოძრაობა თავისი შეხედულებების დასაცავად მზად იყო მწვავე და ხანგრძლივი პოლიტიკური კონფრონტაციისთვის.
ჩემი დაკვირვებით, 21-ე საუკუნის ოციანი წლების საქართველოში ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არც მყარი სოციალური კავშირებითა და მობილიზაციის უნარით გამოირჩევა, და ვერც მკაფიოდ გამოკვეთილი და მწყობრი ღირებულებათა სისტემის ერთგულებით დაიკვეხნის. ახალგაზრდების პოლიტიკური მოქმედებები სპონტანურობით ხასიათდება. ფრაგმენტაციის და დეზორგანიზების პირობებში, იდეური ორიენტირებისა და სპეციფიკური ცოდნის გარეშე კი, ბუნებრივია, რთულია რომელიმე სოციალური ჯგუფის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულად გარდასახვა. შესაბამისად, მოცემული ფენა ვერ ახერხებს პოლიტიკურ სუბიექტად ფორმირებას და მხოლოდ სხვათა ბრძოლების დამხმარე მონაწილედ გვევლინება.
ნიჰილისტურ დამოკიდებულებას რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული საგულისხმო სოციოლოგიური მონაცემები მიმძაფრებს, რომელიც მშვიდობის მშენებლობის შუქზე განიხილავს ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებს საქართველოში.
- ახალი კვლევა და მისი შედეგების მიხედვით გამოკვეთილი რამდენიმე საგანგაშო ტენდენცია
2021 წლის მიწურულს „კავკასიური სახლის“ ინიციატივით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების სამოქალაქო-პოლიტიკური ჩართულობისა და მშვიდობის მშენებლობაში მათი მონაწილეობის შესახებ მონაცემების მოგროვება. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდების როლის, ფუნქციისა და შესაძლებლობების გასააზრებლად კვლევები იშვიათად ტარდება ხოლმე. შესაბამისად, ნებისმიერი მორიგი კვლევა მრავალი ახალი ტენდენციის აღმოჩენის წინაპირობას ქმნის.
კვლევის შედეგების საფუძველზე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ახალგაზრდობა აბსოლუტური უნდობლობის გარემოში ცხოვრობს. ახალგაზრდები მეტწილად არ ენდობიან არც სახელმწიფო ინსტიტუტებს, არც სამოქალაქო საზოგადოებას და სიფრთხილეს იჩენენ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც. მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას სრულ ნდობას გამოკითხულთა მხოლოდ 4% უცხადებს, მედიასა და პარლამენტს 3%, პოლიტიკური პარტიებისადმი სრული ნდობის მაჩვენებელი კი 1%-ზე ნაკლებია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებით იმართება, ადრე თუ გვიან ჩვენი საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადაეწყობა. ამგვარი ინსტიტუციური დიზაინის პირობებში განუზომლად იზრდება პარტიების პოლიტიკური მნიშვნელობა, საზოგადოების ყველაზე აქტიურ სეგმენტში კი პოლიტიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს სუბიექტებს 1%-იანი ნდობაც კი არ აქვთ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი სრული ნდობის მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს უტოლდება, პროფკავშირული გაერთიანებების თაობაზე კი ახალგაზრდების 40%-მდე ნაწილს აზრის გამოთქმაც კი უჭირს, რაც აღნიშნული ინსტიტუტის დისფუნქციურობაზე უნდა მიანიშნებდეს.
გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი ამტკიცებს, რომ თანამოქალაქეებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინონ.
მონაცემთა მიხედვით, უნდობლობით აღბეჭდილ გარემოში ცხოვრების გარდა, საქართველოს ახალგაზრდობა გამორჩეულია იმით, რომ არ აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მზაობა, არ აქვს პოლიტიკური აქტიურობისთვის აუცილებელი ენთუზიაზმი და თვითრწმენა.
გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ არ არის მზად პოლიტიკური მონაწილეობისთვის, პარალელურად, ახალგაზრდების უმრავლესობა პოლიტიკაში გათვითცნობიერების ხარისხის ნაკლებობაზეც მიანიშნებს. რაც მთავარია, შერჩეული სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების დიდ ნაწილს არ შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკური კლასი მის აზრს, მის პოზიციას პატივს სცემს და ითვალისწინებს. ისინი ინტერესთა არტიკულაციისთვის აუცილებელი ბერკეტების არარსებობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
შემაშფოთებელია ახალგაზრდების დამოკიდებულება სამოქალაქო-პოლიტიკური მონაწილეობის სხვადასხვა ფორმების მიმართ. გამოკითხული ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივი ჩართულობის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდი დასუფთავების აქციებში მონაწილეობა გახლავთ. ისინი პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელოვან გზად მიიჩნევენ ინტერნეტში აქტუალურ საკითხებზე კომენტარის დაწერასა და მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულებას. მაშასადამე, ახალგაზრდები სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას ყველაზე ინტენსიურად ჩამოთვლილი ხერხებით ცდილობენ, რითაც ფაქტობრივად შეუძლებელია საგულისხმო ცვლილებების გამოწვევა.
ეფექტიანი პოლიტიკური მონაწილეობისა და სოციალური ჯგუფის საზოგადოებრივი ძალის დემონსტრირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ საერთო პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბება და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი. რიგ შემთხვევებში ერთიანი პოლიტიკური კულტურისა და შეთანხმებული სამოქმედო გეგმით მუშაობის წინაპირობებს სხვადასხვა გაერთიანების წევრობა ქმნის. ცალკე მდგომ ადამიანს იშვიათად შეუძლია მასშტაბური ცვლილებების გამოწვევა. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა 87% არც ერთი გაერთიანების, კლუბის, ასოციაციის ან ორგანიზაციის წევრი არ არის. მაშასადამე, საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტი სრულად ატომიზირებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, საქართველოში ახალგაზრდები მარტონი არიან და უჭირთ თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებული მოქმედება.
ყველაზე მძიმე ტენდენციები კვლევის იმ ნაწილმა გამოაშკარავა, სადაც ახალგაზრდებს კონფლიქტების გარდაქმნისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ დაუსვეს კითხვები.
სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები და სურთ თვალყური მიადევნონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას. თუმცა, ნიშანდობლივია, თუ რა გზით იღებენ ისინი ინფორმაციას პრობლემატიკის შესახებ. გამოკითხულთა 10% აცხადებს, რომ საერთოდ არ იღებს ცნობებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, უმრავლესობისათვის კი საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მთავარი წყარო სოციალური ქსელები და ქართული ტელევიზიები არიან. წლებია ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს საქართველოს ტრადიციულ და ახალ მედიაში მიმდინარე საზოგადოებრივ დისკუსიებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ სივრცეებში თითქმის არასდროს შემიმჩნევია თანმიმდევრული, საკითხის ცოდნაზე დაფუძნებული და მეტ-ნაკლებად სერიოზული დისკუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების თაობაზე. ტრადიციული და ახალი მედია დახშულია აკადემიური, ნაციონალისტური კლიშეებისგან თავისუფალი დისკურსისთვის. ამასთანავე, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხი ძალიან იშვიათად ხდება განსჯის საგანი უკიდურესად პოლარიზებულ, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ორიენტირებულ და პარტიულად ანგაჟირებულ მედიაში. მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ახალგაზრდებს ფაქტობრივად არ აქვთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ და საკითხით დაინტერესების შემთხვევაშიც კი უკიდურესად გაუჭირდებათ სანდო და ზედაპირული განსჯისგან თავისუფალი წყაროს გამოძებნა.
ახალგაზრდებს შორის ცოდნის, რეალობის აღქმის დეფიციტზე მკაფიოდ მეტყველებს მკვლევართა მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ დასმული კითხვები. კვლევის მონაწილეები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით იზიარებენ დებულებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი უნდა იყოს ავტონომიის გარეშე (ცხინვალის რეგიონზეც ანალოგიური ხედვა გამოიკვეთა). რაზე შეიძლება მიანიშნებდეს აღნიშნული დამოკიდებულება? როდესაც კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებაც კი ზედმეტ პრივილეგიად მიგაჩნია, ეს ნიშნავს იმას, რომ არ აღიარებ აფხაზი და ოსი ხალხის სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებს, არ ითვალისწინებ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მიღებულ გაკვეთილებს, ნაკლები თანაგრძნობა გაქვს აღნიშნული საზოგადოებების ტრავმატული გამოცდილების მიმართ და არ ხარ მზად კომპრომისებისა თუ დათმობებისთვის. მაშასადამე, შენი პოზიცია არაფრით განსხვავდება მოწინააღმდეგის დამოკიდებულებისაგან. ასეთი განწყობით კი სტატუს კვოს შენარჩუნებაც კი შეიძლება გაძნელდეს.
- დასკვნის მაგიერ
რა შეგვიძლია ვთქვათ „კავკასიური სახლის“ ინიციატივით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგების შესაჯამებლად?
თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდები არ ენდობიან არც სამოქალაქო-პოლიტიკურ ინსტიტუტებს და არც ერთმანეთს, კარგად არ იცნობენ და იშვიათად იყენებენ პოლიტიკური მონაწილეობის ყველაზე ეფექტიან ფორმებს, არ შეუძლიათ თვითორგანიზება და სწრაფად მობილიზება, არ აქვთ კოლექტიური მუშაობისა და გაერთიანების წევრად საქმიანობის გამოცდილება, უჭირთ მათგან განსხვავებული საზოგადოებების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და მათი საჭიროებების, ლეგიტიმური მოთხოვნების აღიარება. აქვთ ინფორმაციისა და ცოდნის დეფიციტი კონფლიქტების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.
შესაბამისად, მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშესაწყობად უპირობოდ აუცილებელია საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა. ამასთანავე, საჭიროა გავაძლიეროთ ახალგაზრდული ქსელების, პლატფორმების ჩამოყალიბების ტენდენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული სოციალური ჯგუფის ენერგია, პოლიტიკური მნიშვნელობა გამოუყენებელი დარჩება რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების საქმისათვის.
ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტილოგი, “კავკასიური სახლის” გამგეობის თავმჯდომარე