ცნობილი რუსი ვიდეობლოგერის, იური დუდის ინტერვიუდან მწერალ ბორის აკუნინთან

გამოქვეყნდა დუდის You Tube არხზე ; 2022 წლის 02 მარტს

დუდი:  როგორ ხსნით, რატომ დაიწყო პუტინმა ომი?

აკუნინი: ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არ მაქვს, რადგან აქ მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მიზეზი; არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები; ობიექტური მიზეზები იმისა, თუ რატომ  აღარ არის რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა და რატომ გადაიხარა ის დიქტატურისკენ, ჩემთვის გასაგებია; ამის შემდეგ კი იწყება თემა-„პიროვნების როლი ისტორიაში“  ანუ სუბიექტური ფაქტორი; მე ვფიქრობ, რომ უკრაინასთან ომი და მთელი ეს სიგიჟე, რაც ხდება, არის სუბიექტური ფაქტორის მოქმედების შედეგი;

 -როდესაც რომელიმე ქვეყანა, დიდი ქვეყანა, აღმოჩნდება ერთი ადამიანის    შეუზღუდავი ძალუფლების ქვეშ, და ეს   ადამიანი ხელისუფლებაში იმყოფება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ის- უეჭველად- შორდება რეალობას ; ის ძალიან მაღლა ზის; ის ძალიან დიდი სიმაღლიდან უყურებს ამ „არარაობებს“ ; მას უყალიბდება სამყაროს თავისებური ხედვა; მას -გარემოცვის დახმარებით-უყალიბდება ხედვა, რომ: პირველი, ის შეუმცდარია-შეცდომას არ უშვებს და ყველაზე უკეთ იცის; მეორე-მას , რაღაც პირადი, მინდობილი დამოკიდებულება აქვს ბედთან, ღმერთთან … არ ვიცი.. ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა-ის ღვთისგან მირონცხებულია; ის ყველაზე შორსმჭვრეტელია და  უკეთ  ხედავს; ამის გარდა, და ეს ფაქტია-ასეთი ადამიანი, ყოველთვის იქცევა საკუთარი გარემოცვის მძევლად; სინამდვილეში, მას ისინი მართავენ, ვინც ინფორმაციას აწვდიან; განსაკუთრებით, თუ ეს ადამიანი, როგორც პუტინი, ცხოვრობს  მე-20 საუკუნეში და ინტერნეტს არ იყენებს; ის ძველებურად, ბრეჟნევივით1 და ჩერნენკოსავით2, იღებს საქაღალდეებს; ამ საქაღალდეებს კი ადამიანები ადგენენ;  ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი ინტერესები; ასევე, ისინი „იცნობენ ზემდგომს“ -რა მოეწონება, რა არ მოეწონება; შედეგად, ასეთი მმართველი, გარკვეული დროის შემდეგ , აღმოჩნდება ილუზიების სამყაროში;    ამ სამყაროში, მაგალითად უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც გაჭირვებით იტანს ნეონაცისტებისა და  ნარკომანებისაგან შემდგარ მთავრობას… რატომღაც…საკმარისია მიხვიდე და იქ ყველაფერი დაიშლება…უკრაინული ჯარი სუსტია და არაფრად ვარგა…დასავლეთი „სუსტი ნებისაა“ , რომელსაც მაშინვე დაიმორჩილებ, როგორც კი ძალას აჩვენებ;  აი, ასე წარმომდიგენია მისი შინაგანი მენტალური წყობა.

დუდი: ნიკოლაი I 3-ის დროს იყო ყირიმის ომი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინოდ მიიჩნევა  თუ მე მეშლება?

აკუნინი: დიახ,  ის განაწყენდა იმდროინდელი „მაიდანის“ ანუ 1848 წლის ევროპული რევოლუციების გამო,   და გადაწყვიტა დაემტკიცებინა , რომ „დედა-რუსეთი ყველაფერს წარმართავს”; გადაწყვიტა გაემართა პატარა, გამარჯვების მომტანი ომი სუსტ თურქეთთან იმ გათვლით, რომ მას არავინ გამოესარჩლებოდა… თურქეთს გამოესარჩლნენ: ინგლისი და საფრანგეთი; ასე გაჩაღდა ყირიმის ომი, რომელმაც ნიკოლოზის იმპერიის სისუსტე გამოამჟღავნა; იმიტომ რომ: არმია დიდი იყო, მაგრამ შეიარაღებას იპარავდნენ…

დუდი: ვაი!

აკუნინი: დიახ, კორუფცია ავტორიტარული რეჟიმის მუდმივი თანამგზავრია; თუ- რასაკვირველია, მათ „ძელზე გასმით“  და მოედანზე თავის მოკვეთით არ სჯიან, რეჟიმი ყოველთვის გამოჭმულია კორუფციით; უცებ აღმოჩნდა, რომ ინგლისელებსა და ფრანგებს შეუძლიათ შეიარაღების მიწოდება ყირიმში -რომელიც ევროპის მეორე ბოლოში მდებარეობდა- გაცილებით სწრაფად, ვიდრე ამას აკეთებდნენ რუსეთიდან. ჯარებიც და ყველაფერი სხვაც… ეს იყო  ტექნოლოგიების პირველი ომი; და თუმცა რუსულმა ჯარებმა იქ საოცარ გმირობა გამოავლინეს, მათ ომი წააგეს.       

 დუდი: ამ ომის შემდეგ, რუსეთს ხომ უსასტიკესი კრიზისი ჰქონდა?და, ასე 40 წლის მანძილზე-სანამ არ გამოჩნდნენ ვიტტე4 და სტოლიპინი5, ამ კრიზისიდან ვერ გამოვიდა 

აკუნინი: მთლად ასე არ ყოფილა; ეს იყო, რასაკვირველია, საშინელი ნაციონალური დამცირება, სრული კრიზისი; ეს იყო ზუსტად, რუსეთში პერიოდულად განმეორებადი შეგრძნება, რომ „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“ ; თანაც -ყველა ფენაში; და რუსეთში გატარდა რეფორმები, რადგან რუსეთში რეფორმებს ყოველთვის მაშინ ატარებენ, როდესაც ადამიანებს ეუფლებათ ეს შეგრძნება- რომ „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“ .

რეფორმებს კარგი ცხოვრებისაგან არ იწყებენ; რეფორმები გაატარეს ქვეყნის მოდერნიზაციისათვის; მაგ.: გაათავისუფლეს გლეხები, შემოიღეს სიტყვის თავისუფლება ანუ ქვეყანამ დაიწყო განვითარება, სწრაფი განვითარება; გაჯანსაღდა ფინანსურად 70-იან წლებში, განახლდა ჯარი,სადაც ძალით კი აღარ ერეკებოდნენ რეკრუტებს 25 წლით, არამედ საერთო სავალდებულო სამსახურის საფუძველზე; განახლდა იურიდიული სისტემა-პირველად გაჩნდა დამოუკიდებელი სასამართლო-რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ქვეყნისათვის. და როგორც კი ეს ყველაფერი აეწყო, რუსეთი ჩაერთო ახალ ომში-იმ ცნობილ ომში თურქეთთან(1877-1878 წ.წ.); ის ომი „ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა“-თითქოს ემსახურებოდა „მოძმე სლავური ხალხების“ გათავისუფლებას; სინამდვილეში კი ეს იყო სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში იწყება „რევოლუციური დუღილი“ , იწყება ტერორისტული მოძრაობა, ინტელიგენცია და ახალგაზრდობა ზურგს აქცევს ხელისუფლებას-გადადიან ოპოზიციაში; წარმოიქმნა იმის ცდუნება, რომ ყველანი გაეერთიანებინათ პატრიოტული სწრაფვით -და ეს გამოვიდა!  ეს ყველანი-სტუდენტები, ლიბერლები, სათემო  მოღვაწეები   ენთუზიაზმით გაემართნენ მოძმე სლავების გადასარჩენად -ეწერებოდნენ ჯარში და ა.შ. და ა.შ. ასე გაგრძელდა გარკვეული ხანი; შემდეგ ეს მთავრდება… ომი გამოდგა მძიმე, თუმცა რუსეთმა გაიმარჯვა, მაგრამ არა ისე, როგორც  სურდა-სრულიად გამოფიტა საკუთარი ფინანსური რესურსები-მრავალი, მრავალი წლით წინმსწრებად… და ამის შემდეგ, მხოლოდ ფინანსთა მინისტრ ვიტტეს დროს ხდება შესაძლებელი მდგომარეობის გამოსწორება 90-იან წლებში ანუ თითქმის 20 წლის შემდეგ;  

დუდი: (კითხულობს ციტატას რფ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივნის პესკოვის განცხადებიდან: „შეგახსენებთ, რომ  რუსეთი არასოდეს არავის დასხმია თავს; და რუსეთს-რომელმაც ამდენი ომი გამოიარა-ევროპაში ყველაზე ნაკლებად სურს სიტყვა „ომის“ წარმოთქმაც კი“  )

            – რუსეთი მართლა  არასოდეს არავის დასხმია თავს?         

აკუნინი: ძალიან მრცხვენია, რადგან პესკოვმა იგივე ინსტიტუტი დაამთავრა, რაც მე (იგულისხმება მოსკოვის აზიისა და აფრიკის  ინსტიტუტი); ნუთუ ჩვენს ინსტიტუტში ასე ცუდად ასწავლიდნენ? თუ   ოროსანი იყო?   -არა, სამწუხაროდ რუსეთი ძალიან ბევრჯერ დასხმია თავს …რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს არ უყვარს სიტყვა „ომი“ -ჩვენ ამას ვხედავთ, რადგან ახლა უნდა გამოვიყენოთ სიტყვა „სპეც.ოპერაცია“ ;   

დუდი: თქვენ ყურადღებით მოუსმინეთ პუტინის სიტყვას დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს?

აკუნინი: არა, რას ბრძანებთ?! მე არასოდეს ვუსმენ პუტინის გამოსვლებს; ეს ადამიანი უშიშროების სამსახურების წარმომადგენელია-როდესაც ის ლაპარაკობს, ყოველ ჯერზე, ეს არის დეზინფორმირების ოპერაცია-მათ ასე ასწავლიდნენ; ამიტომ, მე არასოდეს ვუსმენ პუტინს; არამედ, შემდეგ ვკითხულობ ჭკვიან ანალიტიკოსებს, რომლებიც მიხსნიან-როგორ უნდა გავიგო მისი  ნათქვამი; საკუთარ დროს ვზოგავ;   

დუდი: რამდენად მიუძღვის დასავლეთს ბრალი იმაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება?

აკუნინი: ჩემი აზრით -ძალიან დამნაშავეა; ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის ფაქტორის მნიშვნელობა თავიდანვე გაცილებით ცხადად ესმოდა, ვიდრე დასავლელებს; როგორ ვხედავ უკრაინის პრობლემას პუტინის გადმოსახედიდან: არსებობს სამი, ძალიან ახლობელი სახელმწიფო(თითქოს ერთი ხალხი დაიყო სამ ნაწილად)-რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა. სხვა რესპუბლიკებში არსებობს მნიშვნელოვანი ეროვნული სხვაობანი;  ეს კი იყო, თითქმის ერთი ხალხი, არა?

დუდი: პუტინისთვის?

აკუნინი: საერთოდაც; ობიექტურადაც-ჩვენ ყველას გვყავს ნათესავები კიევში; თითქოს ყველა ერთნაირები ვიყავით; ყველანი ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით და  ძალიან ვგავდით  ერთმანეთს;

მაშ ასე: თუ ქვეყანაში, რომელსაც ის -ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი -ხელმძღვანლობს -ადამიანები უფრო ცუდად ცხოვრობენ, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში, რომელსაც ის არ ხელმძღვანელობს და რომელსაც -გარდა ამისა, მაიდანიც აქვს და დემოკრატიაც, ეს ჩემი მოქალაქეებისათვის ცდუნება იქნება; ისინი მეც მომიწყობენ მაიდანს; ანუ თითქოს იგივეა, რაც გფრ6-ის და გდრ7-ის ისტორია;     

დუდი: ანუ თუ უკრაინაში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე რუსეთში;

აკუნინი: დიახ, დიახ; და პუტინი ყოველთვის უშლიდა ხელს უკრაინას ცხოვრების აწყობაში, დალაგებაში; გაუმჯობესებაში; საჭირო იყო ყოველთვის უკრაინაზე მიეთითებინა და ეთქვა-თუ ისე არ იქნება, როგორც ჩვენთან, ნახეთ რა მოხდება; ნახეთ- მაიდანისა და დემოკრატიის გამო, მათ სეპარატისტებიც ჰყავთ, ყველაფერს ართმევენ, და ა.შ. და ა.შ.

დასავლეთმა, როგორც იცით, გფრ-ში ინვესტიცია ჩადო მარშალის გეგმის8 მეშვეობით – გფრ-ს დაეხმარა „კაპიტალიზმის და დემოკრატიის ვიტრინად“ ქცევაში;  გდრ-ში მცხოვრები ადამიანებს, ხედავდნენ რა, თუ როგორც ცხოვრობდნენ მათნაირი გერმანელები საზღვრის მეორე მხარეს, აღარ უნდოდათ სოციალიზმში ცხოვრება.და 1989 წელს ეს დაიშალა; პრობლემა ესაა-დასავლეთი რომ თავიდანვე, 2014 წლიდან დახმარებოდა უკრაინას წარმატებული სახელმწიფოს აშენებაში,და უკრაინელებს რომ დაეწყოთ უფრო მდიდრულად და საინტერესოდ ცხოვრება, ვიდრე რუსეთში-მაშინ რუსეთში აღარ იარსებებდა არავითარი „პუტინიზმი“.   

დუდი: რატომ? პუტინს ხომ გააღიზიანებდა ეს? პირუკუ არ იქნებოდა?

აკუნინი: არა, პუტინს კი გააღიზიანებდა, მაგრამ ადამიანები აღარ მოინდომებდნენ; ეს იქნებოდა მუდმივი ცდუნება-„მაიდანის“ მოწყობის; ეს დიქტატორისთვის ძალიან საშიში სიტუაციაა;  ეს ნამდვილად ასეა;

 დუდი: ე.ი. დასავლეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა; და ახლა რისი გაკეთება შეეძლო?

აკუნინი: ახლა   -არ ვიცი რა მოხდება ახლა; იმიტომ, რომ  პერსპექტივები, რომლებსაც ჩვენ ახლა-2022 წლის მარტის დასაწყისში ვხედავთ- არის „საშინლიდან შესანიშნავამდე“ დიაპაზონში

დუდი: „საშინელი“ -ეს ბირთვული ომია?

აკუნინი: „საშინელი“-ბირთვული ომია; „შესანიშნავი“-რუსეთის განახლება და დემოკრატიზაციაა; ანუ ეს თითქოს ორი პოლუსია; მაგრამ მათ შორის-ბევრი, ბევრი, ბევრი შუალედური საფეხურია და ვიმედოვნებ, რომ სადღაც შუაში აღმოვჩნდებით; ვიმედოვნებ, რომ ბირთვული ომი არ მოხდება;

ვფიქრობ, როდესაც ეს ომი დამთავრდება, დასავლეთი და მთელი მსოფლიო დაიწყებს უკრაინის რეალურ დახმარებას. ახლა, ამის შემდეგ. ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ;            

დუდი:  რუსეთის სახელმწიფოს და უკრაინაში ომის მომხრეების ერთ-ერთი მთავარი თეზისია: რა ჯანდაბისთვის ფართოვდება ნატო აღმოსავლეთით? ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებებს; რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

აკუნინი: პირველი, მე მთლად კარგად არ მესმის, რატომ არ შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოს შევიდეს იმ გაერთიანებაში, სადაც სურს?  

 დუდი: ნატო-ს პირობა ჰქონდა დადებული, რომ არ გაფართოვდებოდა

აკუნინი: პუტინიც ხომ აცხადებდა რომ ყირიმს არ მიიტაცებდა?  საერთოდაც, პირველმა ვინ დაარღვია შეთანხმებები? ეს საერთოდ რა იყო, 2014 წელს?

დუდი: როგორ რეაგირებთ ნატო-ზე? გასაგებია, რომ მსოფლიოს მოქალაქე ხართ;  დიდი ხანია, რაც რუსეთში აღარ ცხოვრობთ- მაგრამ მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ასე ვთქვათ-დაეჭვებულნი არიან(არ ვგულისხმობ „ურა-პატრიოტებს“); მათ ესმით, რომ კონკრეტულად მათთვის ნატო-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ იუგოსლავიის დაბომბვა? ამერიკელების უამრავი სამხედრო ოპერაცია-ერაყი, სირია, და ყველაფერი დანარჩენი; და საერთოდ-ცხადია, რომ არსებობს ძალა, რომლსაც სურს რუსეთის გაკონტროლება; და ეს ძალა ნატო-შია   გამოხატული; რას ეტყოდით ამ ადამიანებს?  რომლებიც გიჟები ნამდვილად არ არიან, მათ სრულიად ლოგიკური მაგალითები მოჰყავთ

აკუნინი: მათ სხვადასხვაგვარი პასუხი შემიძლია გავცეთ, პუნქტების მიხედვით:

-მიმაჩნია, რომ იუგოსლავიის დაბომბვები დანაშაული იყო; ვთვლი, რომ -სადამ  ჰუსეინისადმი უარყოფითი დამოკიდბულების მიუხედავად- ერაყში შეჭრა სიცრუეს ეყრდნობოდა; და ეს ცუდი საქციელი იყო; ამის გაკეთება არ შეიძლებოდა; სხვა ყველაფერთან ერთად , ეს ძალიან სერიოზული შეცდომაც იყო; „ისლამური სახელმწიფო“  და სხვა ასეთი ამის შედეგებია;  ამას იმიტომ ვამბობ, რომ დასავლელი ლიდერები ანგელოზები არ არიან;  ისინი ხშირად ცდებიან; და ხშირად კარგი ადამიანებიც არ არიან; მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ნატო რუსეთისა და მისი ინტერესებისათვის  საფრთხეს წარმოადგენს რაიმე კუთხით;  მე ვთვლი, რომ რუსეთს დიდი ხნის წინ უნდა მოეხსნა ეს ხელოვნური ბარიერი და შესულიყო ნატო-ში; რა გვაქვს გასაყოფი? რა? იქიდან არავინ აპირებს ჩვენს დაპყრობას; და ახლა, ბირთვული ომით მსოფლიოს ნატო ხომ არ ემუქრება?!არამედ, ემუქრებიან პუტინი და ლავროვი;        

დუდი: ამერიკა  სიცრუის იმპერიაა?

აკუნინი: რას გულისხმობთ?

დუდი: ბოლო გამოსვლიდან ციტატა მომყავს: „დასავლური სამყარო-ეს სიცრუის იმპერიაა“-ვლადიმირ პუტინმა თქვა ასე.  

აკუნინი: (იცინის)-ამას ამბობს ადამიანი, რომლის მთელი პროპაგანდა აბსოლუტურ სიყალბეებს ეყრდნობა; ეს უბრალოდ სასაცილოა; ცხადია, დასავლურ საინფორმაციო საშუალებებში და პოლიტიკოსები  ბევრს იტყუებიან; რასაკვირველია, ისინი იტყუებიან; მაგრამ როდესაც ბევრს იტყუებიან და თითოეული სხვადასხვანაირად იტყუება-ეს საშიში არ არის; იმიტომ, რომ ადამიანი ირგვლივ იყურება და თვითონ ირჩევს-რა დაიჯეროს; მაგრამ როდესაც მას ყურში ტყუილებს ჩასძახიან ერთიდაიგივე რეპროდუქტორიდან -ეს სრულიად სხვა სიტუაციაა; გესმით? მაგალითად, ავიღოთ 90-იან წლებში, რომელიმე რუსული სატელევიზიო არხი ჭეშმარიტებასა და სიკეთეს  ასხივებდა? უბრალოდ, არხების მფლობელი ოლიგარქები ერთმანეთს ებრძოდნენ; მახსოვს-ისმენდი ბერეზოვსკის, გუსინსკის  კუთვნილ  არხებს და ოფიციალური პოზიციის გამომხატველ არხს და ამ სამკუთხედში, ამ წერტილებიდან იდგენდი ყოფიერების მეტ-ნაკლებად რეალურ სურათს.   ზუსტად ეს არის სიტყვის თავისუფლება. და არა ის, რომ ვიღაც წმინდანები სუფთა ჭეშმარიტებას ჩაგძახიან ყურში;

დუდი: თქვენ თუ ეკუთვნოდით დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის თაყვანისმცემელებს?

აკუნინი: (იცინის) არა, არასოდეს. ყოველთვის უაზრო დეკორაციად მიმაჩნდა; მესმოდა, რომ პუტინი არსად წასვას არ აპირებდა და არც წასულა;             

დუდი: რას ფიქრობთ იმ მოსაზრებაზე, რომ უკრაინასთან ომის გამო, ქვეყნის კიდევ ერთი დაშლა გველის?

აკუნინი: მე ვფიქრობ, რომ პუტინის მმართველობის შედეგად, რუსეთის შემდგომი დაშლა  გარდაუვალია; რადგან როდესაც ეს ვოლოდინი (იგულისხმება რუსეთის დუმის სპიკერი)   ამბობდა, რომ თუ არ იქნება პუტინი, არ იქნება რუსეთი-თავადაც ვერ წარმოედგინა, რამდენად მართალი იყო; ეს ძალიან მარტივია: რუსეთი თავისუფლებიდან ყოველთვის უკან, „არათავისუფლებაში“ ბრუნდებოდა არა იმიტომ, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული სატრაპები არსებობდენ ; პუტინი დასაწყისში სატრაპი არ იყო; საკმაოდ დემოკრატიული შეხედულებების ადამიანი იყო; არსებობს ამის გარკვეული ობიექტური აუცილებლობა-ასეთი დიდი, განსხვავებული „ფერებისგან“ შემდგარ სახელმწიფოს , როგორიც რუსეთია (ერთია თუ დაიბადე და ცხოვრობ ჩეჩნეთში, მეორე-იაკუტიაში,მესამე-პეტერბურგში, ეს ხომ სრულიად განსხვავებული ცხოვრებაა;  სხვადასხვა მენტალობა, განსხვავებული ტრადიციები; ყველაფერი განსხვავებულია) არსებობა შეუძლია მხოლოდ ორ რეჟიმში; ერთი-როდესაც ყველაფერი ძალიან ხისტად იმართება ცენტრიდან, როდესაც შექმნილია ხისტი ვერტიკალი; როდესაც ყველაფერი იქ-ზემოთ, წყდება. და რაღაც რომ ხდება-მაშინვე პოლიციის ძალები იგზავნება, რომ რამე არ მოხდეს; ან სრულიად სხვა მეთოდი-როდესაც ქვეყანა გადაიქცევა „რუსეთის გაერთიანებულ შტატებად“, სადაც ყველა ძირითად საკითხს-როგორ იცხოვრონ-წყვეტს ადგილობრივი მოსახლეობა; ცენტრს კი რჩება რამდენიმე გამაერთიანებელი ფუნქცია-თავდაცვა, უსაფრთხოება, საფინანსო პოლიტიკა, დიდი ეროვნული პროექტები, დაახლოებით ამგვარად.

არსებობს ეს ორი გზა; ნებისმიერ მცდელობა-გამოინახოს რაღაც შუალედური, ქვეყნის დაშლას იწვევს. მაგ.: მოდის ხელისუფლებაში დემოკარტიული მთავრობა( მაგ ელცინი)- ქვეყანა იწყებს ნაწილებად დაშლას, რადგან აღარ არსებობს შიში, ყველაგან არიან ადგილობრივი „მეფუკები“, „ხანები“ და „ბაები“, რომლებსაც საკუთარი ინტერესები აქვთ და ცენტრის აღარ ეშინიათ; ყველგან იწყება სეპარატისტული მოძრაობა; ხდება ექსცესები. მოსკოვში -სადაც ცენტრია-ამის ატანა უკვე შეუძლებელი ხდება;ჩნდება იქ ჯარების გაგზავნის და წესრიგის დამყარების სურვილი,    და იწყება ჩეჩნეთის ომი; იმისათვის რომ ჩეჩნეთის ომში გაიმარჯვო, როდესაც ლიბერალური პრესა გეუბნება, რომ ყელამდე სისხლში ხარ(და ეს ასეა!) -საჭიროა პრესა დაადუმო. საჭიროა „ძლიერი ხელი“.        

დუდი: და იწყება ახალი სპირალი…

აკუნინი: დიახ, ახალი სპირალი. იქამდე, ასევე საჭიროა პარლამენტის დაშლა; რადგან ასეთ ქვეყანაში „ორხელისუფლებიანობა“ დაუშვებელია; ეს ქვეყანა მხოლოდ ვერტიკალური შეიძლება იყოს; შემდეგ, ერთი მეორეს მოსდევს და აღმოჩნდება, რომ სტაბილურობის და ამ სტრუქტურის შესანარჩუნებლად საჭიროა ყველა თავისუფლების განადგურება, სტაბილური ძალაუფლების დამყარება; ყველაზე სტაბილურია დიქტატურა სიცოცხლის ბოლომდე ან მონარქია; და ეს ხდება     

  დუდი: ანუ?

აკუნინი: როდესაც ეს ღერძი იშლება, როდესაც შიში ქრება, როდესაც ქრება ძალადობა, რაც ამას ყველაფერს ერთად იკავებს-ყველაფერი ეს დაიშლება. მას შემდეგ, რაც პუტინი დამთავრდება, ახლა კი ეს მომენტი ძალიან მოაახლოვა ამ უკრაინული ავანტიურით; ეს ყველაფერი დაშლას დაიწყებს, ეს გარდაუვალია; იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს რუსეთი უნდა გაერთიანდეს როგორც ნამდვილი ფედერალური სახელმწიფო; ნამდვილი, რომელსაც ექნება გარკვეული საერთო წესები და დანარჩენში,თითოეული ერთეული იცხოვრებს ისე, როგორც სურს; მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მომავალ ქვეყანაში ზოგიერთი რესპუბლიკა(ან რაც ერქმევათ) უფრო დემოკარტიული იქნება, სხვები-ნაკლებად; მესამენი-მაგ. მოისურვებენ შარიათის კანონებით ცხოვრებას და ღმერთმა ხელი მოუმართოთ; აი, მაშინ-საერთო ინტერესებით გაერთიანებულნი, ერთად იცხოვრობენ არა იმიტომ რომ ეშინიათ გამოსვლის, არამედ იმიტომ რომ ეს მათთვის ხელსაყრელი იქნება, ასე ენდომებათ. ასეთი რუსეთი დემოკარტიული იქნება; ახალ კი ეს -პუტინია;  

დუდი: როდის იქნება შესაძლებელი  უკრაინელებთან ჩვენი ურთიერთობის (მე ახლა ხალხს ვგულისხმობ) აღდგენა?

აკუნინი: რუსეთი სხვანაირი ქვეყანა უნდა გახდეს. რუსეთი კარდინალურად უნდა შეიცვლოს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. დემოკრატიულ რუსეთს, ჩემი აზრით, არ ექნება მეზობლებთან პრობლემები; თუმცა, იქნება ყირიმის ძალიან მძიმე პრობლემა

და ახალ მიემატა ამ ომში ნგრევის და მსხვერპლის პრობლემაც; ყველაფერ ამისთვის გადახდა მოუწევს; და გადახდა-სხვა ყველაფერთან ერთად- ფულითაც; საჭირო იქნება ზარალის ანაზღაურება, აბა როგორ? როდესაც მიდიან ვიღაცეები და ანგრევენ სახლებს, ვინ აანაზღაურებს ამას ? კლავენ ადამიანებს; ეს როგორ?                     

 დუდი:  ჩემი ბევრი მეგობრისგან, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, მსმენია რომ ახლა ესმით, რას გრძნობდნენ ჰიტლერის მოწინააღმდეგე გერმანელები მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში;    რამდენად კორექტულია ეს შედარება? მე მესმის, რომ მსოფლიოს რისხვას გრძნობენ, მაგრამ…

აკუნინი: ეს ძალიან მძიმე თემაა; ბოლო რამოდენიმე დღის მანძილზე სიტყვები „რუსეთი“ და „რუსები“  სალანძღავ სიტყვებად იქცა  მთელი მსოფლიოსთვის; ისინი ტოქსიკურად იქცა; და ეს ემოციური მიდგომა არ იქნება სამართლიანი -რაც ხდება შემაძრწუნებელია; მსოფლიოში არასოდეს ყოფილა ყველაფერი რუსულის ასეთი მიუღებლობა; ასე არ იყო „ცივი ომის“ დროსაც კი -სსრკ-ს მიმართ; რადგან მაშინ სსრკ-ს მაინც ჰყავდა მეგობრები-მემარცხენე ინტელიგენცია ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიც მოსკოვთან მეგობრობდა.   ამჟამად რუსეთი სრულ იზოლაციაშია მოქცეული; პუტინისა და კადიროვის მეგობარი დეპარდიეც კი ერიდება; ახლა ჩაიკეტება ფესტივალები, მუზეუმები-არ იქნება გამოფენები, არ იყიდიან რუსულ წიგნებს, არ უყურებენ რუსულ კინოს; რასაკვირველია, ეს არ არის მომხდარის  ყველაზე უფრო საშინელი შედეგი, მაგრამ  ნებისმიერი რუსისათვის ამის ყურება ძალიან ძნელია;

დუდი:   თქვენ როგორ უყურებთ ამას? აი, ასეთი სოციალური ლუსტრაციები, კოლექტიური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ; ეს სამართლიანია თუ უსამართლო?    

აკუნინი: მე ყოველთვის ვემხრობოდი პერსონალურ პასუხისმგებლობას; მე საერთოდ ინდივიდუალისტი ვარ; მე, მაგალითად, წინააღმდეგი ვარ, რომ ამ რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთში  ლუსტრაცია მოხდეს; მე ვთვლი, რომ თითოეულმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ნაბიჯებზე; სანამ  ასე არ მოხდება, ეს საყოველთაო ინფანტილიზმი არ მორჩება; ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც მოიმოქმედა და არა იმაზე, რაც არ გაუკეთებია. ამიტომ ვეწინააღმდეგები ადამიანების ხელაღებით რაღაც ჯგუფისთვის მიკუთვნებას და მათ გაკიცხვას; მე ვთვლი, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურ მიდგომას იმსახურებს; მაგალითად, როგორც მორწმუნეებისთვის არის ღმერთის წინაშე წარდგომა: ის არ განსჯის მათ როგორც რუსებს ან გერმანელებს, არამედ თითოეულს-პერსონალურად: როგორ განკარგე საკუთარი ცხოვრება;    პრინციპში, ასეც უნდა იყოს.    

დუდი: 2008 წელს რუსეთმა საქართველოსთან იომა; 2022-ში რუსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები ნორმალურია;    სახელმწიფო არ უყვართ-და ჩვენ ეს ვიცით, თუმცა რუსებსა და ქართველებს შორის დამოკიდებულებაზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია(საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი);

აკუნინი: ზრდასრულ ასაკში, საქართველოში ერთხელ ვარ ნამყოფი; ეს იყო 2016 წელს; იქ ძალიან კარგად მიმიღეს; თუმცა, ძალიან კარგმა გოგონამ, რომელიც იქ მახლდა და მეხმარებოდა, მითხრა: თუმცა მე რუსული ვიცი, მოდით ინგლისურად ვილაპარაკოთ, რადგან არ მინდა იმ ქვეყნის ენაზე ლაპარაკი, რომელიც საქარველოს ასე მოექცა;

დუდი:  მეც მქონდა მსგავსი ისტორია; მე ყოველთვის ვსვამ რუსეთის სადღეგრძელოს ანუ ვსვამდი რუსეთის სადღეგრძელოს, გოგონამ კი უარი თქვა.

აკუნინი: ახლა ეს უფრო რთული იქნება; მაგრამ სრული დარწმუნებით ვამბობ, რომ  რუსეთი პუტინზე ძლიერი და დღეგრძელია -რუსეთი დარჩება და კვლავ გახდება ნორმალური.     

რუსულიდან თარგმნა ლალი მაძღარაშვილმა, სპეციალურად ჟურნალ “აფრის” საზოგადოებრივი განყოფილებისათვის.

1  ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი (1907-1982)- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი (1966-1982); მისი მმართველობის პერიოდს ეწოდა „უძრაობის“ ხანა; თავად ბრეჟნევი კი -70-იანი წლების მეორე ნახევრიდან- იქცა ფიზიკურად დაუძლურებული, კარიკატურული მმართველის სიმბოლოდ, რომელიც ყოველწლიურად იჯილდოვებდა თავს სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ორდენებით, ასევე პრემიებით მწერლობის დარგში (!)

2  კონსტანტინ უსტინეს ძე ჩერნენკო (1911-1985)- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი (1984-1985); უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მგომარეობის გამო, მხოლოდ 1 წელიწადს დასცალდა  ხელისუფლების სათავეში ყოფნა; თუმცა, ამ დროის დიდ ნაწილიც კი საავადმყოფოში გაატარა;  

3 ნიკოლაი I (ნიკოლაი პავლეს ძე რომანოვი;  1896-1855)-რუსეთის იმპერატორი ; 1825-1855 წ.წ.

4 სერგეი იულიუსის ძე ვიტტე (1849-1915) -რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრი(1892-1903); მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1903-1906)

5 პიოტრ არკადის ძე სტოლიპინი(1862-1911)- რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;                                                                    (1906-1911)

6 გფრ(გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)-1949-1990 წლებში ; 1991 წლიდან ასე ეწოდება გაერთიანებულ გერმანიას

7 გდრ(გერმანიის დემოკარტიული რესპუბლიკა)- გდრ,  საბჭოთა კავშირის მიერ, გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1949 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა; არსებობდა 1949-1990 წლებში

___

პუტინის მხარდამჭერთა პოზიციის, მათი არგუმენტების აღსაქმელად გთავაზობთ ოლგა პოგოდინა კუზმინას წერილს.

Exit mobile version