უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ-ჩინური სამიტები ერთმანეთის იდენტურია. აისბერგის პრინციპის მსგავსად, გარე დამკვირვებლისთვის ხელმისაწვდომია წყლის ზედაპირზე არსებული, ხოლო დაფარულია წყალქვეშა, გაცილებით მოცულობითი ნაწილი. ვლადიმირ პუტინის ბოლო, ოთხდღიანი ვიზიტი პეკინში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართა, გამონაკლისს არ წარმოადგენს.
ფართომასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთი რუსული ეკონომიკის და სამხედრო მანქანის მხარდაჭერის მთავარ წყაროდ გადაიქცა, რომლის გარეშეც ამ ქვეყნის არსებობა, ან მინიმუმ ნორმალურად არსებობა, წარმოუდგენელია. მაგრამ რუსეთში კვლავ მიიჩნევენ, რომ ეს დამოკიდებულება სამხედრო დროში ცხოვრებამ განაპირობა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების და დასავლეთთან გარკვეული ფორმით ურთიერთობების დარეგულირების შემდეგ მისაღებ დონეს მალე დაუბრუნდება.
დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება კი მინიმუმ უკრაინაში ომის და მაქსიმუმ პუტინის მმართველობის დასრულებამდე რთულად წარმოსადგენია. შესაბამისად, ჩინეთის სასარგებლოდ გადახრილი უალტერნატივო დამოკიდებულება შეიძლება კრემლისთვის სასიცოცხლო აუცილებლობად უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩეს, ვიდრე ეს ახლა წარმოუდგენიათ. და ეს დამოკიდებულება შეიძლება იყოს უფრო მძიმე, ვიდრე ახლა რუსეთში ოფიციალურად დაგმობილი დამოკიდებულება იყო დასავლეთზე.
ხილული და დაფარული თემები
სექტემბერში პუტინსა და სის შორის გამართული მეორე სამიტის ღია ნაწილში ყველაფერი მოსალოდნელი და ნაცნობი იყო. ჩინეთში მაღალი რანგის საჯარო მოხელეების (მთავრობის 32 წევრიდან 12), სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების და ოლიგარქების დესანტი ჩავიდა. ათეულობით ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის ნათლად იკვეთება სამიტიდან სამიტამდე მოდრეიფე თემატური ბლოკები – ხშირად ახალი შეთანხმებები ცოტა ხნის წინ ხელმოწერილის დანამატს წარმოადგენს.
მაგალითად, უცვლელია მემორანდუმები სახელმწიფო პროპაგანდის ორგანოების თანამშრომლობის შესახებ – ამჯერად 22 ხელმოწერილი დოკუმენტიდან შვიდი ამ თემას შეეხო (მაისში სის მოსკოვში ვიზიტის დროს 28 დოკუმენტიდან ექვსი სახელმწიფო პროპაგანდაზე იყო). მსგავსი ტენდენციაა რუსეთიდან ჩინეთში ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სანიტარული მოთხოვნების დაცვის ირგვლივაც: 2024 წლის მაისში სიაში მოხვდა ტოპინამბური და საქონლის ხორცი, 2025 წლის მაისში – მანანის ბურღულეული და ჭვავის ფქვილი, სექტემბერში – ცოცხალი ჩრდილოეთის ირმები და მათი რქები. ადგილზეა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ბლოკიც (მაისში რვა, ამჟამად მხოლოდ სამი).
სამიტების ტრადიციული მშვენებაა მორიგი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ჩინეთის ინტერესს გაზსადენი „ციმბირის ძალა – 2“-ის მიმართ. გაზსადენის შენება იმ დღესვე დაიწყება, როგორც კი ფასის შესახებ შეთანხმდებიან. სექტემბერშიც მოეწერა ხელი დოკუმენტს გაზსადენის შესახებ, რომელსაც „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა „იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმი“ უწოდა. თუმცა ფასებზე იქაც არაფერი წერია.
ამავდროულად ასეთი სამიტების ნაწილია დაფარული თემებიც. მოსკოვისა და პეკინის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დეტალები უკვე მრავალი წელია გასაიდუმლოებულია. თუმცა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები პუტინისა და სის სამიტებს რეგულარულად ესწრებიან, ხოლო სამრეწველო კომპონენტები, რომელსაც რუსეთში იარაღის დასამზადებლად იყენებენ, დასავლური სანქციების მიუხედავად, ჩინეთიდან რუსეთში აქტიურად, ზოგჯერ მესამე ქვეყნების გავლითაც კი მიედინება. 2025 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთმა თითქმის ორი მილიარდი დოლარის კომპონენტები შეიძინა. საპასუხო მიმართულებით გადაადგილდება რუსული სამხედრო ტექნოლოგიები, რომელთა გამოცდაც მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში მიმდინარეობს. თუმცა კონკრეტულად რომელი და რა პირობებით, ჯერჯერობით უცნობია.
ჩინეთთან მოლაპარაკებების უცვლელი წევრები არიან ცენტრალური ბანკის დირექტორი ელვირა ნაბიულინა, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, ასევე მსხვილი სახელმწიფო ბანკების მეთაურები გერმან გრეფი, ანდრეი კოსტინი და იგორ შუვალოვი. ქვეყნებს შორის ფინანსური გადარიცხვები რუსულ-ჩინურ ურთიერთობებში დასავლური სანქციების გამო ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და დელიკატურ თემად რჩება. თუმცა გადარიცხვები ცხადია, ხორციელდება. ჩინურმა იუანმა მოსკოვის ბირჟაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტის ადგილი მყარად დაიკავა. იუანში ინახავს ძირითად რეზერვებს რუსეთის ბანკიც.
რუსულ-ჩინური მოლაპარაკებების ხილული და უხილავი ნაწილი უზრუნველყოფს მთავარს: რუსეთი არა მხოლოდ ეკონომიკურად რჩება ქმედითუნარიანი, არამედ ფართომასშტაბიანი ომის წარმოების შესაძლებლობასაც ინარჩუნებს, რომელიც უკვე მეოთხე წელია ბიუჯეტის მესამედს შთანთქავს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ-ჩინური ვაჭრობა 2024 წელს ორჯერ, სარეკორდო 245 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ჩინეთზე მოდის რუსული ექსპორტის 30% და იმპორტის 40%.
წელს ვაჭრობა აბსოლუტური მაჩვენებლის კუთხით შემცირდა (პირველ შვიდ თვეში კლება 8,1%). რუსეთის ექსპორტი შემცირდა 7,7%, 69,6 მილიარდ დოლარამდე – ძირითადად ნავთობზე ფასების ზოგადი კლების გამო. ჩინეთიდან იმპორტის კლება კი 8,5% შეადგენს (56,2 მილიარდი დოლარი). რუსეთის ეკონომიკა წელს პრობლემებს განიცდის, ამიტომაც 2024 და 2023 წელს შემოტანილი ჩინური საქონელიც კი ჯერ ბოლომდე არ გაყიდულა – მაგალითები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან, ყოფითი ტექნიკიდან დაწყებული რთული სამრეწველო დანადგარებით დამთავრებული, ბიზნეს-მედიაში ყოველ კვირა ქვეყნდება.
მიუხედავად ამისა, ჩინეთის წილი რუსეთის ვაჭრობაში მოსალოდნელია რომ გაიზრდება. ევროკავშირი რუსეთიდან იმპორტის დარჩენილ ნაწილს იშორებს და ჯერ კიდევ არსებული ექსპორტისთვის ხვრელებს კეტავს, ხოლო ნავთობის ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების მიუხედავად რუსეთის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელს ჯერ კიდევ არ უბრუნდება.
პეკინი მოსკოვთან მოლაპარაკებების პროცესში სულ უფრო მეტ ბერკეტს იძენს – იგი დომინირებს რუსეთის ექსპორტის და იმპორტის სტრუქტურაში, იქცა სამოქალაქო და სამხედრო ტექნოლოგიების უალტერნატივო მიმწოდებლად, უზრუნველყოფს რუსეთის წვდომას ვალუტაზე, რომელიც პუტინის რეჟიმს დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში ეხმარება.
ჯერჯერობით ჩინელები საკუთარი უმცროსი სტრატეგიული პარტნიორის მოწყვლად მდგომარეობას თითქმის არ იყენებენ. მთავარი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენი ხანი შეინარჩუნებს პეკინი სამომავლოდ ასეთ პოზიციას. იქნება მომავალში რუსეთისთვის ჩინეთზე დამოკიდებულება უფრო მომგებიანი, ვიდრე დასავლეთზე დამოკიდებულება იყო? მზად არის თუ არა პეკინი რუსეთს საკუთარი ტექნოლოგიები გაუნაწილოს და წარმოების ლოკალიზაცია მოახდინოს, როგორც ამას ევროპული კომპანიები აკეთებდნენ?
დიპლომატიური ბენეფიტები და იდეოლოგიური მსგავსება
სი ძინპინთან შეხვედრას პუტინისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება ბრისბენში გამართული დიდი ოცეულის სამიტისთვის. მაშინ, 2014 წელს დონბასში მიმდინარე ომის დროს, დასავლეთის ლიდერებმა მოახერხეს და პუტინის მიუღებლობა დიდი ოცეულის მონაწილე არადასავლელ ლიდერებს შორისაც გაავრცელეს. თავად სი ძინპინიც კი დროის არა პუტინთან, არამედ ობამასთან გატარებას ამჯობინებდა. საზღვრების ძალადობრივი გზით შეცვლა და სამხედრო რაკეტით სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება მიუღებელი არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ გლობალური სამხრეთის ლიდერების თვალშიც იყო.
ამ ფონზე პუტინის დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც კვლავ უკრაინაში იბრძვის, თან ღიად და გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდებით, ჩინეთში ვიზიტის დროს სრულ დიპლომატიურ ტრიუმფად გამოიყურებოდა. აშშ-ს პრეზიდენტის არყოფნა მოკავშირეების გამარჯვების აღლუმზე აზიაში, სადაც აშშ მთავარ კონტრიბუტორად სამართლიანად მიიჩნევა, კრემლის თეზისს დამატებით არგუმენტებს სძენს: ჩვენ კი არა, დასავლეთია იზოლირებული, ხოლო ძალაუფლების ცენტრმა მსოფლიოს ეკონომიკისა და გლობალური უმრავლესობის ზრდასთან ერთად სამხრეთსა და აღმოსავლეთში გადაინაცვლა.
ტიანძინსა და პეკინში გამართულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ ტრამპმა ვერ შეძლო ის, რაც თავის დროზე ნიქსონმა მოახერხა – ვერ დააშორა ერთმანეთს რუსეთი (საბჭოთა კავშირი) და ჩინეთი. პუტინის და სის კავშირი ახლა განსაკუთრებით იდილიურად გამოიყურება, მაგრამ სუბორდინაცია და იერარქია მასში მაინც მკაფიოდ ჩანს. განსხვავებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის პირველი წლებისგან, ახლა რუსეთი არის დაინტერესებული ჩინური მოდელის კოპირებაში.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ჩინეთისა და თანამედროვე აზიის ინსტიტუტის ბაზაზე „ჩინეთის ხელმძღვანელის, სი ძინპინის იდეების შესწავლის მსოფლიოში პირველი ლაბორატორია“ გაიხსნა. ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ანალიტიკოსები მასში ან ჩინეთზე დამოკიდებულების გაძლიერებას, ან „ჩინური სპეციფიკის სოციალიზმზე“ კრემლის გადასვლას ხედავდნენ. მალევე „ლაბორატორიას“ სახელი გადაერქვა და „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამედროვე იდეოლოგიის“ შემსწავლელი ლაბორატორია ეწოდა. სპეციალურად ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ლაბორატორიის დაფინანსება იქნება რუსული და ჩინური ფული პროექტში არ ფიგურირებს. ამ მხრივ საინტერესოა, რა ჩინური იდეების შესწავლას აპირებენ რუსეთში და რატომ აკეთებს ცოტას პეკინი საკუთარი იდეოლოგიის ექსპორტისთვის.
2023 წლისთვის „სიძინპინიზმის“ იდეოლოგია ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინსტიტუტში მყარად დამკვიდრდა, თუმცა ჩინეთის საზღვრებს გარეთ მას პრაქტიკულად არ ავრცელებენ. ჩინეთი აქტიურად ეხმარება მეგობარ რეჟიმებს ძალაუფლების შენარჩუნებაში, აწვდის მათ უახლეს ტექნოლოგიებს მოქალაქეებზე თვალთვალისთვის, გამოჰყოფს კრედიტებს და ავითარებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ არცერთ ქვეყანას, მათ შორის პეკინზე ყველაზე დამოკიდებულს, ჩინურ იდეოლოგიურ რელსებზე გადასვლის შესახებ არ განუცხადებია.
მთავარი მიზეზი „სი ძინპინის იდეების“ და ზოგადად ჩინური იდეოლოგიის სინოცენტრიზმშია. მისი კოპირება მოითხოვს ჩინური ინსტიტუციონალური სისტემის შექმნას ლენინური ტიპის მმართველი პარტიით, რომლის წრამომადგენლებიც ყველა საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და საწარმოში სხედან, სადაც ხუთ ადამიანზე მეტი მუშაობს. თავად ჩინეთიც, საკუთარ დახმარებას პირობად არ უდებს იდეოლოგიურ საფუძვლებს, როგორც ეს საბჭოთა ან დღეს დასავლური დახმარების შემთხვევაში იყო და არის. ჩინური პრაგმატულობის ნათელი მაგალითია 2017 წლის გადატრიალება ზიმბაბვეში, როდესაც მუგაბეს რეჟიმთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად, გადატრიალების შემდეგ ჩინეთმა არანაკლებ კარგი ურთიერთობა მის შემცვლელ მნანგაგვასთან დაამყარა.
ამავდროულად ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ჩინეთი დასავლეთთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება და „ქვეყანა-ციხესიმაგრის“ აშენება სურს, რომელიც გარკვეულწილად კრემლის მიერ რუსეთში ბოლო წლებში აგებული მოდელის მსგავსი იქნება. აქ კი მოსკოვსა და პეკინს შორის იდეების გაცვლა ნამდვილად აქტუალურია.
ორივე სახელმწიფო მკაცრი ავტოკრატიაა, სადაც უარყოფილია დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები. ორივეს მართავს უცვლელი ლიდერი, ხოლო ოპოზიცია გამორიცხულია პოლიტიკური ცხოვრებიდან. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მთელი განსხვავებების მიუხედავად რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის გამოცდილებას აქტიურად იზიარებენ. აქ საქმე მხოლოდ ავტორიტარულ პრაქტიკებს არ ეხება. რუსეთის დასავლეთისგან იზოლაცია მას მეტი ეკონომიკური ავტარქიის, იმპორტის ჩანაცვლების და საზოგადოების კონტროლისკენ უბიძგებს. პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს „სუვერენული მიწოდების ეკონომიკა“ სჭირდება, რომელიც მიმართული იქნება საწარმოო ძალების გაზრდაზე, ინფრასტრუქტურული ქსელის გაფართოებაზე, მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებაზე, ახალი დარგების შექმნასა და შიდა ინვესტიციების დაჩქარებაზე.
ამ მხრივ კი ჩინეთს დიდი გამოცდილება აქვს. მეტიც, თავად ცნება „მიწოდების ეკონომიკა“ რუსეთის პრეზიდენტმა სავარაუდოდ ჩინეთისგან ისესხა: იქ „მიწოდების რეფორმა“ 2018 წლიდან მიმდინარეობს და „ახალი ერის სოციალისტური ეკონომიკის შესახებ სი ძინპინის იდეების“ ნაწილს წარმოადგენს. თავდაპირველად „მიწოდების ეკონომიკის“ თეორია დასავლეთში გამოჩნდა და რეიგანის რეფორმებთან ასოცირდებოდა, ხოლო ჩინეთში მას სასაწყობე რეზერვების შემცირების, დაკრედიტების შეკვეცის, სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული „ზომბი-საწარმოების“ ლიკვიდაციის და მათ ნაცვლად ახალი პატარა საწარმოების შექმნის კურსად მიიჩნევენ. თითქმის ყველა ეს პუნქტი შესაძლოა რუსეთისთვისაც აქტუალური იყოს.
სხვა სფერო, სადაც ჩინეთს კრემლისთვის აქტუალური მართვითი ტექნოლოგიები აქვს – მოქალაქეებზე მასობრივი თვალთვალია. რუსეთში სახის ელექტრონული ამოცნობის სისტემის დანერგვა მხოლოდ ნაბიჯია ამ მიმართულებით, თუმცა პეკინი ამ მხრივ ბევრად წინ არის.
შესაბამისად ჩინეთისთვის არ არის მნიშვნელოვანი რუსეთს საკუთარი იდეოლოგია თავს მოახვიოს, რადგან ეს არაფერს მისცემს. ვლადიმირ პუტინი ისედაც კომფორტული და სასარგებლო პარტნიორია. თუმცა რეჟიმების სიახლოვე ორ ქვეყანას უბიძგებს მართვის მსგავსი მეთოდები გამოიყენოს და ამ მხრივ იდეების გაცვლა მათთვის მართლაც აქტუალური ხდება.
რუსეთის მთავარი შეცდომა?
ბოლო ათწლეულების რუსულ-ჩინური ეკონომიკური კავშირების ისტორია ზღაპარია დაკარგულ დროზე. მეოთხედი საუკუნის წინ, როდესაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, რუსეთს უნიკალური ისტორიული შანსი გაუჩნდა. ტრადიციული კავშირები ევროპასთან აქტიურად ვითარდებოდა და ქვეყანას რესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით, საქონლით, ტექნოლოგიებით და ინვესტიციებით უზრუნველყოფდა. აღმოსავლეთით კი ჩინეთის ეკონომიკა ორნიშნა ტემპებით იზრდებოდა, სულ უფრო ჰგავდა სტრუქტურულად გერმანულს და ნედლეული სჭირდებოდა.
თეორიულად რუსეთს შეეძლო დასავლეთთან მომგებიანი ურთიერთობები შეენარჩუნებინა და ამავდროულად სწრაფად გაეზარდა კავშირები ჩინეთთან, რომ სავაჭრო და ტექნოლოგიური პარტნიორების მხრივ გეოგრაფიული თანასწორობა მოეპოვებინა. სწრაფად მოაგვარა რა ტერიტორიული დავები ჩინეთთან, კრემლი მომდევნო ნაბიჯზე – პოლიტიკური მეგობრობის ეკონომიკურ პარტნიორობად კონვერტაციაზე ვერ გადავიდა, რაც ტრადიციულ ვაჭრობას ევროპასთან შეავსებდა და მას არ დაუპირისპირდებოდა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობაში გარღვევა ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობები უფუჭდებოდა. პირველი მსხვილი ნავთობკონტრაქტი პეკინთან „იუკოსის“ ექსპროპრიაციის შემდეგ დაიდო – ჩინური ბანკები იმ გარიგების დაფინანსებაში მონაწილეობდნენ, რომელთან შეხებაც დასავლეთს არ სურდა. ჩინური კრედიტით დაფინანსებული პირდაპირი ნავთობსადენი 2009 წელს, ფინანსური კრიზისის შემდეგ შეთანხმდა – მოგვიანებით პეკინმა „როსნეფტსა“ და „ტრანსნეფტზე“ გაცემული ფული ნავთობზე დამატებით ფასის დაკლებისთვის გამოიყენა.
გაზსადენი „ციმბირის ძალა – 1“ მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ გარიგებას ხელი მხოლოდ 2014 წლის მაისში, ყირიმის ანექსიის და დასავლური სანქციების პირველი ტალღის შემდგომ მოეწერა. შედეგად ჩინეთმა მიიღო იაფი გაზი, რომელიც მისთვის უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე თურქმენეთისგან მიღებული ბუნებრივი აირი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთთან ვაჭრობის მკვეთრი ზრდა კი უკრაინაში შეჭრის და დასავლური სანქციების პირდაპირი შედეგია.
ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან რუსეთისთვის სასარგებლო ვაჭრობა შეევსო და დაებალანსებინა, 2022 წლიდან ჩინეთთან ვაჭრობამ იგი უბრალოდ ჩაანაცვლა. არცერთ სხვა ქვეყანას, ჩინეთის გარდა, არ შეუძლია რუსეთს ერთდროულად მისცეს უზარმაზარი ბაზარი, მოსახერხებელი ლოჯისტიკა ვრცელი საზღვრის წყალობით, ვალუტა გადახდისთვის და ომში ჩაბმული სანქციების ქვეშ მცხოვრები ქვეყნისთვის საჭირო ტექნოლოგიები.
რუსეთისა და ჩინეთის ერთმანეთზე დამოკიდებულება, ცხადია ორმხრივია. პეკინს სჭირდება ნედლეული – მითუმეტეს დაბალი ფასებით და სახმელეთო მარშრუტებით, რომელსაც ამერიკული ფლოტი ვერ აკონტროლებს. სჭირდება გასაღების ბაზრებიც, განსაკუთრებით ძველი ტექნოლოგიური ტიპის მრეწველობისთვის, როგორიცაა ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილები. მაგრამ ჩინეთის რუსეთზე დამოკიდებულება უფრო მიზერულია – იგი მისი იმპორტის 5% და ექსპორტის 3% შეადგენს, რომლის ჩანაცვლებაც გაცილებით მარტივია. ცხადია, რუსეთი ჩინეთისთვის აშშ-სთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პარტნიორია, მაგრამ ამ მეგობრობისთვისაც შესაძლოა რუსეთს „თანხის“ გადახდა დასჭირდეს. მითუმეტეს, რომ პეკინი ჯერ ქველმოქმედებაში არავის შეუმჩნევია.
ომით გამოწვეული შებრუნება ჩინეთისკენ დაემთხვა პერიოდს, როდესაც პეკინი დაჩქარებული ტემპებით საკუთარი ეკონომიკის დეკარბონიზაციისკენ მიდის. სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიის წყაროების დაყენება, ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, ახალი თბოსადგურები, რომლებიც СО2-ს „იჭერენ“ ქვეყანას 2030 წელს მავნე გამონაბოლქვის პიკზე რუსული გაზის გარეშე გაიყვანს, რის შემდეგაც მკვეთრი შემცირება დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება პრობლემები „ციმბირის ძალა 2“-თან დაკავშირებით, რომლის გაყვანაც ჩინეთს მხოლოდ საკუთარი პირობებით სურს – დაბალი ფასებით და მინიმალური სავალდებული შესყიდვის ოდენობით (take or pay). ცხადია, სახმელეთო მარშრუტი იდეაში საზღვაოსთან შედარებით უფრო მიმზიდველია, მაგრამ თანამედროვე ომში, სადაც დრონებს აქტიურად იყენებენ, მილსადენებიც საკმაოდ მოწყვლადი სამიზნეა, რაც მათ გეოპოლიტიკურ ფასს ოდნავ აუფასურებს.
ჩინური ბაზარი რუსეთისთვის ომის გამო დაკარგულ ევროპის გაზის ბაზარს ვერ ჩაანაცვლებს: ვერც მოცულობის, ვერც ფასების, ვერც კერძო კომპანიების, ეროვნული სახელმწიფოების და ბრიუსელის წინააღმდეგობებზე თამაშის შესაძლებლობით. ჩინეთში ბაზარზე მხოლოდ ერთი მოთამაშეა – კომუნისტური პარტია, რომელიც ენერგეტიკული კომპლექსის ყველა სახელმწიფო კომპანიას მართავს და სურვილის შემთხვევაში უცხოელი კონტრაგენტების გამოუვალ მდგომარეობას სიამოვნებით იყენებს. რუსეთთანაც სწორედ ეს ხდება.
ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი ჩინეთისკენ შებრუნდა და ევროპაზე დამოკიდებულება შეამცირა. მაგრამ შეკითხვად რჩება, ვისკენ შებრუნდება რუსეთი, თუ ჩინეთი საკუთარი პირობების თავსმოხვევას აგრესიულად დაიწყებს.
რეზი ქოიავა
23.10.2025


