როგორ წარმოუდგენიათ რუსეთში საკუთარი მომავალი? როგორი იქნება რუსული სახელმწიფო 2050 წელს კრემლის პროპაგანდისტების აზრით?
მომავლის პროექტების აქტიური პრეზენტირება 2025 წელს დაიწყო. წარსულის პროექტის დასრულების შემდეგ, როდესაც ისტორიის გადახედვა დასრულდა და კორექტირებული ისტორია თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიის ქვაკუთხედად იქცა, მომავლის ხედვაზე მოთხოვნილებაც გაჩნდა. ქვეყნის მოსახლეობა ვერ იარსებებს მხოლოდ წარსულით, მას სჭირდება გარკვეული იდეა, რომელიც დაარწმუნებს, რომ მომავალი თაობა ამჟამინდელზე უკეთ იცხოვრებს. ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამას შესანიშნავად მიხვდნენ და მომავლის პროექტებზე მოთხოვნა შექმნეს, რომელთაც მთელი რიგი ცენტრები გამოეხმაურნენ.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავ მომავლის პროექტებს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ან სახელმწიფოსთან დაახლოებულმა პროპაგანდისტებმა და მეცნიერებმა შექმნეს. ყურადღებას გავამახვილებ „ცარგრადის“ ინსტიტუტის პროექტზე, რომელსაც სათავეში კონსტანტინ მალოფეევი და ალექსანდრ დუგინი უდგას. ივნისის დასაწყისში ცარგრადმა მასშტაბური ფორუმი გამართა, რომელიც რუსეთის მომავლის ხედვას 2050 წელს მიეძღვნა. ამ ფორუმს თვით ილონ მასკის მამაც კი დაესწრო. მისი კონკურენტია ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მეცნიერთა ჯგუფის ნაშრომი, რომელიც სერგეი კარაგანოვის ხელმძღვანელობით დაიწერა – მას „ცოცხალი იდეა – რუსეთის ოცნება“ ჰქვია. მესამე განხილული დოკუმენტი კი არის სერგეი გლაზევის შექმნილი ეკონომიკური პროექტი, რომელიც მსოფლიოს რუსული სახალხო ტაძრის კრებისთვის, ანუ რუსეთის საპატრიარქოს დაკვეთით მომზადდა. აქ უკვე მომავლის ეკონომიკური რეცეპტები რუსეთის სულიერი აღორძინების რეცეპტებს სინქრონულად ერწყმის. პროექტის ბოლოს კი გვხვდება რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოიქცე მორალურად ეკონომიკაში და იყო კარგი, მორალური ბიზნესმენი.
ძირითად მოსაზრებებსა და მიმართულებებში ეს სამი პროექტი ერთმანეთს ემთხვევა. მათი მთავარი სამიზნე არის არა კონკრეტული ადამიანის, რუსეთის კონკრეტული მოქალაქის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ სახელმწიფოს, როგორც ერთიანი სხეულის განვითარება, მისი ექსპანსია, ეკონომიკური აღორძინება. ადამიანი და ოჯახი ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერების ინსტრუმენტია.
„დემოგრაფიული აფეთქება“
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის და განსაკუთრებით „ცარგრადის“ პროექტები ფოკუსირებული არიან დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორებასა და რუსეთის მოსახლეობის მკვეთრ ზრდაზე.
მალოფეევის და დუგინის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოსახლეობა 2050 წლისთვის მინიმუმ 140 მილიონიდან 160 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. არსებობს მაქსიმალური გეგმაც, რაც სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაკავებას და მეზობელი სახელმწიფოების სხვადასხვა გზით დამორჩილებას გულისხმობს. იგი პუტინის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი მაკრორეგიონის მოსახლეობის 250 მილიონამდე ზრდას გამოიწვევს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს რუსეთი პრეტენზია განაცხადოს გლობალურ დომინირებაზე და მონაწილეობა მიიღოს სამყაროს გადანაწილებაში.
ცხადია, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც როგორც მორალს, ასევე სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება. პირველ რიგში უნდა გაიზარდოს შობადობა. თანამედროვე ვითარება, როდესაც რუსულ ოჯახებში ერთი ან მაქსიმუმ ორი შვილია, ხოლო ქალს პირველი შვილი 20-30 წლის ასაკში უჩნდება, პროექტის ავტორების აზრით მიუღებელია. აუცილებელია, რომ 18-19 წლის ასაკში ქალს პირველი შვილი შეეძინოს და უკვე მომდევნო ათი წლის განმავლობაში მან დამატებით მინიმუმ ორი ბავშვი გააჩინოს. საინტერესოა, რომ ბავშვის ადრეულ ასაკში შეძენაზე თვით პუტინიც კი საუბრობს და ისიც მიახლოებით ასაკად 19 წელს ასახელებს.
ამ საერთო ეროვნული მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ქალებს უმაღლეს განათლებაზე წვდომა შეეზღუდოთ. ეს არა იძულებითი შეზღუდვის, არამედ მორალური ორიენტირების და ცხოვრებისეული პრიორიტეტების ცვლილების შედეგად უნდა მოხერხდეს. ქალისთვის ოჯახი და შვილები პირველ ადგილზე უნდა დადგეს. შესაბამისად განათლება და კულტურული სფერო უნდა მოემსახუროს ქალის შთაგონებას, რომ სწორედ მრავალშვილიან ოჯახში მოხდება მისი, როგორც ადამიანის და ქალის რეალიზება.
ცხადია, რომ ცვლილებები ოჯახის მეორე წევრს, მამაკაცსაც შეეხება. იგი უნდა ორიენტირდეს არა უმაღლესი განათლების, არამედ საშუალო სპეციალური განათლების მიღებაზე, რომ სწრაფად გავიდეს შრომის ბაზარზე და შეძლოს როგორც საკუთარი ოჯახის შენახვა, ასევე სასარგებლო იყოს ეკონომიკისთვის. შესაბამისად, „ცარგრადის“ ექსპერტთა მოსაზრებით, რუსეთს ამდენი უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი არ სჭირდება. პროექტში ავტორები პირდაპირ ურჩევენ ხელისუფლებას არსებული უნივერსიტეტების 70% ლიკვიდირებას. ოჯახის იდეალი მალოფეევის და დუგინის აზრით არის მამაკაცის და ქალის კავშირი, რომელთაგან ერთი ოც წლამდე ასაკში ასრულებს განათლებას და გადის შრომის ბაზარზე, ხოლო მეორე ოც წლამდე აჩენს პირველ ბავშვს.
„ცარგრადის“ ინსტიტუტი აქ ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მიდის. დიდი, მრავალშვილიანი ოჯახების შესაქმნელად საჭიროა სოციალური კვლავწარმოებისთვის განსხვავებული პირობები. ადამიანები, რომლებიც მრავალსართულიან ბინებში ცხოვრობენ, სამი და მეტი შვილის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემენ. მათ კერძო სახლები და მეტი საცხოვრებელი ფართი სჭირდებათ.
შესაბამისად მალოფეევი და დუგინი საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარებას რუსეთის დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განიხილავენ. ინსტიტუტის ექსპერტების აზრით ქალაქიდან ქალაქგარეთ მასობრივი გადასახლების პროგრამა უნდა განხორციელდეს. ქალაქგარეთ კი ამ ადამიანებს კერძო სახლები დახვდებათ. პროექტში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ რუსეთი უნდა გადაიქცეს თანაბრად დასახლებულ, დაბალსართულიან ქვეყნად, სადაც მოსახლეობის 80% ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კერძო კომფორტულ სახლებში, კერძო მიწაზე იცხოვრებს. ყველაფერი ეს კი ხელს შეუწყობს შობადობის კოეფიციენტის სამამდე და შესაბამისად, რუსეთის მოსახლეობის 160 მილიონამდე გაზრდას.
„ეკონომიკური აღორძინება“
დემოგრაფიული წარმატების პარალელურად კი მოხდება ეკონომიკური აღორძინება. „ცარგრადის“ პროექტის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გახდება საშუალო კლასი, რომელიც კეთილდღეობაში იცხოვრებს. ხოლო რუსეთში აშენდება სახალხო კაპიტალიზმი და მორალური ეკონომიკა, ორიენტირებული საგარეო ექსპანსიაზე.
საინტერესოა, რომ „ცარგრადის“ ანგარიში პირდაპირ აკეთებს მინიშნებას აშშ-ში, რუზველტის „ახალი კურსის“ პოლიტიკაზე, როდესაც მოსახლეობის გადავსებული ქალაქებიდან ერთსართულიან, ქალაქგარეთ არსებულ დასახლებებში მასობრივი გადასვლა მოხდა. ამან მართლაც გამოიწვია ცხოვრების დონის და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეს პროცესი განათლების დონის ზრდის შედეგად განხორციელდა, რამაც აშშ-ში საშუალო კლასი ჩამოაყალიბა.
პარალელურად კი გაძლიერდა პროფკავშირები და გაიზარდა სამუშაო ადგილების დაცულობა, რასაც მალოფეევი რუსეთის მოსახლეობას არ ჰპირდება. იგი პირიქით ამბობს, რომ განათლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი პროფესიული უნარების და მეტიც, ახალი პროფესიების მუდმივ დასწავლას წარმოადგენს. საუნივერსიტეტო განათლება კი, როგორც არაპრესტიჟული და არაპერსპექტიული ადგილს ხარისხიან საშუალო პროფესიულ განათლებას დაუთმობს. ადამიანებს არ ექნებათ სტაბილური სამუშაო ადგილები და მოუწევთ როგორც ახალი უნარების ათვისება, ასევე ახალი სამუშაო ადგილების მოძებნა.
პროექტში ვკითხულობთ, რომ ეს მოცემულობა სრულ ჰარმონიაში იქნება ტექნოლოგიური განვითარების ზრდასა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის ფორმირებასთან. სახეზე გვაქვს ცალსახა წინააღმდეგობა – ერთი მხრივ რადიკალურად მცირდება უნივერსიტეტების რაოდენობა, მეორე მხრივ ხდება მეცნიერული ცოდნის და ტექნოლოგიური განვითარების აფეთქება, ხოლო მესამე მხრივ არ არსებობს სტაბილური სამუშაო ადგილები და უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებს ახალი უნარების შეძენა მუდმივად უწევთ.
აქ კი მალოფეევის და დუგინის დოკუმენტში მორალი და მორალური ტრანსფორმაცია შემოდის, რომელიც ერთმანეთთან ერთი შეხედვით სრულად დაუკავშირებელ ელემენტებს აკავშირებს. „ცარგრადის“ ექსპერტების აზრით, მორალური ტრანსფორმაციის შემდეგ მარტივი გასაგები გახდება, თუ როგორ სიმბიოზში მოდის ერთმანეთთან უკიდურესი ტრადიციონალიზმი, უკიდურესი ნეოლიბერალიზმი (გამოხატული შრომის ბაზარში, რომელიც ადამიანის ნეოლიბერალურ სუბიექტურობას დაეფუძნება) და დირიჟისტული, ეტატისტური მიდგომა – „ცარგრადის“ პროექტში საუბარია გეგმიური ეკონომიკის ელემენტებზე, რუსეთის ცენტრალური ბანკის ლიბერალურ პოლიტიკაზე უარის თქმასა და სახელმწიფოს აქტიურ ჩარევაზე დოვლათის გადანაწილების პროცესში.
სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივების მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთის საპატრიარქოს დაკვეთით დაწერილი პროექტი, რადგან მისი ავტორი პროფესიონალი ეკონომისტია. გლაზევის დოკუმენტზე მუდმივად აკეთებს მინიშნებებს „ცარგრადის“ პროექტიც. ეს უფრო ტექნიკური დოკუმენტია ეკონომიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი იქაც ბევრს საუბრობს მორალზე, ეკონომიკის მორალურობასა და მეწარმის ზნეობრიობაზე.
ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, სერგეი გლაზევმა გაზეთ „ზავტრაში“ პროექტის პირველი მონახაზი გამოაქვეყნა, რომელსაც „რუსეთის გამარჯვების ეკონომიკა“ უწოდა. საბოლოო სახით კი დოკუმენტი 2023 წელს დაიწერა და მისი ავტორი მიიჩნევს, რომ საჭიროა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერება, კაპიტალის ექსპორტის აკრძალვა, ფულის აქტიური ბეჭდვა და მისი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში გამოყენება, გეგმიური ეკონომიკის ელემენტების შემოტანა, 15-20 წლიანი გეგმების შემუშავება, უნივერსიტეტებსა და ეკონომიკურ საწარმოებს შორის კავშირების გაძლიერება, პრიორიტეტული სფეროების გამოყოფა და იქ ინვესტიციების განხორციელება.
სერგეი გლაზევი პოსტკეინსიანური ეკონომიკის აპოლოგეტად ითვლება და მის იდეებს გარკვეული ეკონომიკური საფუძველი მართლაც გააჩნია. თუმცა, გლაზევის შექმნილ მომავლის ეკონომიკის გეგმაში ვერსად შეხვდებით ციფრებს – ავტორი არ აანალიზებს ემპირიული მონაცემებით რუსეთის ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, არ გვთავაზობს სხვადასხვა ეკონომიკურ მოდელებს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რეალურად რა შედეგებს მოიტანს გლაზევის შემოთავაზებული რეფორმები.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ დოკუმენტი საეკლესიო კრებას, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეკონომიკური პროგრამა წარუდგინეს. შესაბამისად მის ბოლოს ჩვენ ვხვდებით თავს, რომელსაც „მეწარმეობაში ზნეობრივი პრინციპების და კანონების ნაკრები“ ეწოდება. იგი ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწერა და მისი ავტორი გლაზევი არ არის. ამ თავში ჩვენ ვიგებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ეკონომიკაში: „ფული არის საშუალება დასახული მიზნის მისაღწევად. ის მუდმივად ბრუნვაში უნდა იყოს. საქმე, რომელიც მთლიანად მოიცავს ადამიანს, არის მეწარმის ნამდვილი სიმდიდრე. ფულის კულტზე უარის თქმა ადამიანს ავითარებს და მას შინაგანად ათავისუფლებს“.
„ცარგრადის“ პროექტის ავტორებიც ფულის ბრუნვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, რომ მან ქვეყანას მეტი სარგებელი მოუტანოს. იქვე შემოთავაზებულია 50% საშემოსავლო გადასახადი მდიდრებისთვის, თუმცა მას მოსდევს დაზუსტება, რომ სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდის ნაცვლად ბიზნესის მფლობელს შეუძლია შესაბამისი თანხა ლიცენზირებული საქველმოქმედო ფონდების გავლით ქველმოქმედებაზე დახარჯოს. ქველმოქმედების განმარტება მოცემული არ არის და იგი სავარაუდოდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
სწორედ ამ თავში გვხვდება კიდევ ერთი ციტატა, რომელიც სიღარიბის მიმართ რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებას გვიჩვენებს: „სიღარიბე ან სიმდიდრე არაფერს ამბობს ადამიანის ზნეობრიობასა და მორალურობაზე. ღარიბები, რომლებიც თავიანთ უნარებს უსარგებლოდ ფლანგავენ ან მას მხოლოდ ეგოისტური მიზნებით იყენებენ, არანაკლებ ამორალურები არიან, ვიდრე ის მდიდარი ადამიანები, რომლებიც შემოსავლის ნაწილს საზოგადოებრივ საჭიროებებზე არ ხარჯავენ. სიღარიბე, ისევე როგორც სიმდიდრე არის გამოცდა. ღარიბი ადამიანი ღირსეულად უნდა მოიქცეს, ეფექტურ შრომას ესწრაფოდეს, გაზარდოს პროფესიული უნარები, რომ სიღარიბიდან ამოვიდეს“.
აქ უკვე გლაზევის დოკუმენტში მკაფიოდ იჭრება ნეოლიბერალური იდეა, რომლის თანახმადაც ღარიბმა ადამიანმა სახელმწიფოს ყველაფერი უნდა მისცეს, მაგრამ მისგან დახმარებას არ ელოდოს, რადგანაც ეს შენს პრობლემებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაცემა იქნება, რაც „ამორალური“ საქციელია.
მომავალი – გახანგრძლივებული აწმყო
ყველა ამ დოკუმენტის თანახმად ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მთავარი ძრავი პერმანენტული ომია. მთავარი დასაყრდენი იქნება მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც მუდმივად შექმნის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მისი წყალობით ეკონომიკის ყველა სხვა სფეროს განვითარება მოხდება. რუსეთი იქნება მუდმივ ომში და ამ ომების წყარობით უწყვეტ სრულყოფას განიცდის. კარაგანოვი თავის პროექტში ღიად წერს, რომ მორალი, რომელსაც რუსული სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ჩაუნერგავს იქნება მეომარი და გამარჯვებული ხალხის მორალი.
ქვეყნის შიგნითაც ძალაუფლების უკვე არსებული კონსტრუქცია შენარჩუნდება. პოლიტიკური რეჟიმის სტრუქტურა იქნება ძველებური და სწორედ პუტინიზმის უცვლელობა უზრუნველყოფს ქვეყნის წარმოუდგენელ განვითარებას. იგივე კარაგანოვი მიდის დასკვნამდე, რომ საჭიროა პროგრამულ დონეზე დემოკრატიის გაუქმება და ხალხის და ღმერთის წინაშე პასუხისმგებლიან ავტოკრატიაში ცხოვრება. იგი ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთობას მამის და შვილის ურთიერთობას ადარებს, სადაც მამას ევალება შვილს მიუთითოს, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.
საბოლოო ჯამში ყველა ეს პროექტი უტოპიური პოტენციალის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს. პროექტების ავტორებს შეეძლოთ მოსახლეობისთვის ეთქვათ, რომ ახლა, ომის პირობებში საჭიროა ფრონტისთვის მსხვერპლის გაღება, ხოლო უკეთეს, ბედნიერ მომავალში ადამიანი და მისი კეთილდღეობა მთავარ სამიზნედ იქცევა. თუმცა სამივე პროექტის ავტორს ომისა და ტრადიციებთან დაბრუნების გარდა არაფრის წარმოდგენა შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ არავითარი რეალურობა და მეცნიერულობა ამ ანგარიშებს არ გააჩნია და ისინი წმინდა ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ, ამ ფანტაზიის სივრცეშიც კი კეთილი მომავალი არ არსებობს. მომავალი წარმოადგენს მხოლოდ აწმყოს გაგრძელებას, რომელსაც არაფრიდან მოტანილი დადებითი პროგნოზები ემატება. მომავლის უტოპია კი არის არსებული კონსტრუქციის შენარჩუნება – დაუსრულებელი ომი დასავლეთთან და უკრაინასთან. კარაგანოვი საკუთარ მომავლის პროექტში წერს, რომ უკრაინაზე გამარჯვება უნდა იქცეს ეროვნული ოცნების ნაწილად. ოცნების, რომლის ახდენაც გაურკვეველ მომავალს მიემართება.
რეზი ქოიავა
10.12.2025


