სალექციო კურსი სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში
„კავკასიური სახლი“ აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ მონაწილეობის მისაღებად
პროექტის შინაარსი
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ კავკასიურ სახლში. სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.
სალექციო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზის საკითხებში. ტრენინგის შედეგად შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ დიალოგში, რომელიც გაიმართება 2016 წლის შემოდგომაზე.
ლექციების კურსი დაიწყება მარტში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ორ თვეს . ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ.
შერჩევის კრიტერიუმები
- ასაკი: 20-35 წელი
- სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები და ახალგაზრდა ექსპერტები, რომელთაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის თემებზე
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სააპლიკაციო პროცედურა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: applicationsch@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რევაზ ქოიავას ელ-ფოსტაზე: revaz.koiava@caucasianhouse.ge; ან ნომერზე: + 995 599 57 01 05
ჩამოტვირთეთ განცხადების სრული ტექსტი.
ორგანიზაციის შესახებ
კავკასიური სახლი
კავკასიური სახლი არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისთვის იდეოლოგიური და ინტელექტუალური ბაზისის შექმნა. კავკასიური სახლი მუშაობს რეგიონული განვითარებისა და კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის პროექტებზე. ჩვენი ფუნდამენტური მიზანია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.
კავკასიური სახლი ჩართულია სამშვიდობო პროცესებში რეგიონის მასშტაბით. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნდობის აღდგენის პროცესში ერთი მხრივ ქართველებს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზებს, ოსებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის.
International Alert
International Alert ეხმარება კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების პოვნაში. ის არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 30 წელია მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში მუშაობს 1993 წლიდან და ხელს უწყობს კონფლიქტით გაყოფილ საზოგადობებს შორის თანამშრომლობასა და პოზიტიურ ცვლილებებს. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის ბიზნეს სექტორთან, აკადემიურ წრეებთან, ჟურნალისტებთან, მასწავლებლებთან და კულტურის სფეროს მოღვაწეებთან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა მშვიდობა, კარგი მმართველობა, ეკონომიკა, გენდერის საკითხები და განვითარება.