არჩილ სიხარულიძე
მკვლევარი (თსუ) და ექსპერტი რუსეთისმცოდნეობის მიმართულებით
შესავალი თანამედროვე რუსეთის პოლიტიკაში
რუსეთმა სირიაში ცალმხრივი სამხედრო-საჰაერო ოპერაცია წამოიწყო. ქვეყნის წამყვანმა პირებმა ეს ქმედება ეროვნული ინტერესების დაცვით დაასაბუთეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთი არ ახდენს სამხედრო ქმედებების კოორდონაციას არც ნატო-სთან ან რომელიმე ალიანსის წევრ ქვეყანასთან და არც გაერო-სთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობს ე.წ. დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ს წინააღმდეგობაში. შესაბამისად, ოპერაციის ლეგიტიმაციის წყარო არის არა საერთაშორისო საზოგადოება, არამედ უშუალოდ რუსეთის მოსახლეობა.
არაერთი დასავლელი ექსპერტი საუბრობს კამპანიის წარუმატებლობაზე და პუტინის რეჟიმის მარცხზე, მაგრამ მათი პათოსი უფრო იდეოლოგიური დაპირისპირების გაგრძელებაა, ვიდრე არსებული ვითარების ისტორიულ-პოლიტიკური ანალიზი. რუსეთისმცოდნეობის დარგის ექსპერტებისთვის ნათელია, რომ პუტინის გეგმა უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი, ვიდრე სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაა. სირიას გააჩნია მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა რუსეთის ხელისუფლებისთვის. იგი ასრულებს შეთანხმებას, რომელიც დაიდო რუსეთის საზოგადოებასთან.
მიმდინარე სტატიის მიზანია აჩვენოს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტის ელემენტები პოსტ-საბჭოთა ისტორიულ პერსპექტივაში; მოვლენების ასეთი ანალიზი ნათელყოფს, რომ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის საზოგადოებას შორის არსებობს შეთანხმება ე.წ. ,,დიდი სახელმწიფოს” აშენების შესახებ; შესაბამისად, რუსეთის მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ამ შეთანხმების მიღწევისკენ არის მიზანმიმართული. ამ მხრივ, სირია არის მნიშვნელოვანი ჯაჭვი, რომელმაც უნდა მიიყვანოს რუსეთი სასურველ შედეგამდე. დღეისთვის შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა ნომინალურად მაინც შეასრულა ნაკისრი მოვალეობა.
პუტინის მოსვლის წინაპირობები
ბევრ ექსპერტს, დარგის მცოდნეს თუ უბრალოდ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს ხშირად ავიწყდება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობები. ამ ისტორიული მოვლენების არცოდნა იწვევს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკით „აღშფოთებას“. დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა არა დემოკრატიული რევოლუციის ტალღაზე, არამედ პირიქით, ანტი-დემოკრატიული მოძრაობების საფუძველზე; მეტიც, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენისას რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა, რომ დასავლეთის, ნატო-ს და განსაკუთრებით აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ბორის ელცინთან მჭიდრო კავშირის მიზანი რუსეთის დამცირება, დასუსტება, დაქუცმაცება და საბოლოო ჯამში მისი, როგორც რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეულის რუკიდან წაშლაში მდგომარეობდა[1][2][3].
ბორის ელცინის მმართველობის მიწურულს ნათელი გახდა, რომ დემოკრატიულმა ექსპერიმენტმა ქვეყანაში მარცხი განიცადა [4]. რუსეთის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა არა დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო, არამედ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის სათავეშიც ძლიერი ლიდერი იქნებოდა [5]. რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, მთავარი საგარეო პოლიტიკის მიზანი კი საბჭოთა კავშირის დროინდელი „სიდიადის“ დაბრუნება გახდა; ანუ, რუსეთი კვლავ „დიდ სახელმწიფოდ“ უნდა მოვლინებოდა საერთაშორისო სისტემას [6][7]. ამ დავალების შესასრულებლად კი რუსეთის საზოგადოებამ ყოფილი კგბ-ს თანამშრომელი ვლადიმირ პუტინი დაიქირავა. მას შემდეგ, ხელისუფალის მთავარი მიზანი სწორედ რომ აღნიშნული დანაპირების შესრულება გახლდათ.
2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და გადატვირთვის მცდელობა
2008 წლისთვის პუტინის საგარეო და საშინაო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ეტაპები განვლო. კერძოდ, მან გაიარა ე.წ. კონცენტრირების (2000-2003წწ.), ლიბერალური იმპერიის (2003-2006წწ.) და „სუვერენული დემოკრატიის“ პერიოდები (2006-2008წწ.). ტოროშელიძის (2008) მტკიცებით, თითოეულ ეტაპს საკუთარი დანიშნულება ჰქონდა. პირველი მიზნად ისახავდა ქვეყნის რესურსებისა და საზოგადოების კონსოლიდაციას ძლიერი მმართველის ირგვლივ; მეორე, დაგროვილი მანდატისა და რესურსების გამოყენებას რუსული ინტერესების საზღვარგარეთ (მინიმუმ რეგიონში) გაძლიერებისთვის; მესამე, საყოველთაოდ გაცხადებას, რომ რუსეთი დაუბრუნდა საერთაშორისო სისტემას, როგორც გლობალური მოთამაშე და სამყარო კვლავ ბიპოლარული გახდა.
რუსეთის პოლიტიკის ტრანსფორმაციის მესამე საფეხური 2008 წლამდე თეორიულ სახეს ატარებდა. მისი რეალობაში განხორციელება 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით მოხდა. მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა კავკასიონზე „წითელი ხაზი“ გაავლო და შეეცადა ნატო-სა და ამერიკის ინტერესების დამყარება ჩრდილოეთ მეზობლის ეროვნული ინტერესების უშუალო ზონაში, რუსეთმა გამოიყენა საქართველოს იმჟამინდელი მთავარსარდლის იმპულსურობა და ,,შემოიტყუა“ ქვეყანა წინასწარ წაგებულ სამხედრო დაპირისპირებაში. საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებით და იქ საკუთარი სამხედრო ბაზების გაძლიერებით რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა ჩაუხერგა; მეტიც, ნათელყო აშშ-სთვის, რომ იგი ყველა არსებული ხერხით დაიცავდა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. საქართველოში განხორციელებული ბლიცკრიგით რუსეთმა რეგიონალური მოთამაშის როლი გაიმყარა.
ამერიკაში ახლად მოსული მთავრობა შეეცადა არსებული შეცდომების გაანალიზება და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა. დღეისთვის ნათელია, რომ ის ჩავარდა. აღსანიშნია ფაქტი, რომ ეს მიმართულება უპერსპექტივო იყო. როგორც ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა (2014) განაცხადა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი დანიშნულება არის საერთაშორისო სისტემაში არსებული თამაშის წესების შეცვლა; ამ შეცვლას უნდა მოჰყვეს ქვეყნის სტატუსის ცვლილებაც. ამერიკა კი ცდილობს მოაქციოს ქვეყანა უნიპოლარული სამყაროს ფარგლებში, სადაც ის „შერიფის“ როლს ასრულებს. შესაბამისად, ამ ორ ერთეულს შორის შეთანხმება წარმოუდგენელია. ობამას გადატვირთვის პოლიტიკა ზემოთ ხსენებულ ხედვას ეყრდნობოდა. ახალმა მთავრობამ არასწორი დასკვნები გამოიტანა საქართველო-რუსეთის ომიდან. ობამას ხელისუფლებამ რუსეთის საერთაშორისო სისტემაში სტატუსის გადახედვის ნაცვლად, პუტინის რეჟიმს მისთვის შედარებით უმნიშვნელო საკითხებზე შესთავაზა მოლაპარაკება.
დიალოგი ჩავარდა. რუსეთი მიისწრაფოდა „დიდი სახელმწიფოს“ სტატუსისკენ, ხოლო ამერიკა არსებული უნიპოლარული სამყაროს შენარჩუნებისკენ.
2014 წლის უკრაინის კრიზისი
უკრაინაში მომხდარი მოვლენები ასახავს საქართველო-რუსეთის დაპირისპირების არასწორი ანალიზის შედეგს; აგრეთვე, აშშ-ს პოლიტიკური „ისტაბლიშმენტის“ მიერ იმის უგულველყოფის, რომ დღევანდელი რუსეთი აღარაა ელცინისეული უუნარო საერთაშორისო სისტემის სუბიექტი და არც ამერიკაა ის ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც ცალმხრივად წარმართავდა მოვლენებს. ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
აშშ-ს ღია ჩარევა უკრაინის მოვლენებში და პრო-დასავლური ძალების ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლის ხელშეწყობამ ნათელყო, რომ ამერიკამ კვლავ გადაწყვიტა რუსეთის სასიცოცხლო სივრცეში შეჭრა. რუსეთის ხისტი პოზიცია და რეაქცია სრულიად მოსალოდნელი იყო. ყირიმის მიერთებით რუსეთმა დაარღვია თამაშის წესები და ღიად განაცხადა, რომ ამიერიდან ის აღარ დაემორჩილებოდა ძველ ნორმებს. ამით მან ხელმეორედ გაამყარა საკუთარი რეგიონალური პოზიციები და მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა ამერიკელ კოლეგებს; მეტიც, მან შექმნა პრეცედენტი, როდესაც საერთაშორისო სისტემის სუბიექტი არ დაემორჩილა წყობას და ამით ეჭვი შეიტანა მის ლეგიტიმურობაში. პუტინი ამზადებდა ნიადაგს რუსეთის გლობალურ ძალად წარმოსადგენად. ამჯერად არა თეორულად, არამედ პრაქტიკულად.
რას ნიშნავს სირია მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის?
უკვე რამდენიმე წელია, რაც „არაბულმა გაზაფხულმა“ დიდი მღელვარება გამოიწვია რეგიონში. ამდენივე წელი დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ცდილობს ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც პროცესები დაიძრა არსებობდა სერიოზული საფრთხე, რომ დასავლური ძალები გაიმეორებდნენ სირიაში ლიბიის სცენარს. მაგრამ მათ უარი თქვეს; რა თქმა უნდა, ეს უარი ნაწილობრივ განპირობებული იყო წარუმატებელი მისიებით ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში; აგრეთვე, სხვა პოლიტიკური ფაქტორებით. თუმცა, გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის მთავრობის ხისტმა პოზიციამ; კერძოდ, რუსეთის მხრიდან მზაობამ დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ თუ ათიოდე წლის წინ წარმოუდგენელი იყო რუსეთის რაიმე სახით მსოფლიო მოვლენებზე ზეგავლენა, 2011-2013 წლებში ვლადიმირ პუტინის ხისტი პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა სირიაში ლიბიის სცენარის განმეორების თავიდან ასაცილებლად. დაბომბვის ნაცვლად დასავლეთმა დაიწყო სირიული მეამბოხეების გაწვრთნა და შეიარაღება. დღეს, 2015 წელს რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მისი დაბობვის ქვეშ აღმოჩნდნენ სწორედ ის ძალები, რომლებსაც ამარაგებს დასავლეთი [8]. რუსეთის მიზანი იმდენად სირიული რეჟიმის შენარჩუნება არაა, როგორც დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სამხედრო შენაერთები ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით გასცდნენ ახლო სამეზობლოს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი არის შექმნას ილუზია, რომ რუსეთი დაუბრუნდა გლობალურ პოლიტიკას, როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია მსოფლიო პროცესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა; ანუ რუსეთი შედგა, როგორც „დიდი სახელმწიფო“ [9][10][11][12].
სირიის კონფლიქტი გადაიქცა ბრძოლის ველად, სადაც, ერთი მხრივ, ამერიკა, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთი იბრძვიან საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ამერიკისთვის სირია შეიძლება გახდეს ჰეგემონობის განმტკიცების ან დაკარგვის ადგილი, ხოლო პუტინისთვის რუსეთის დიდ პოლიტიკაში დაბრუნების ან ძალაუფლებისა და საზოგადოების მანდატის გაფლანგვის მიზეზი.
დასკვნა
რუსეთმა განვლო დიდი გზა იმისთვის, რომ საკუთარ თავს მისცეს უფლება შეეწინააღმდეგოს დასავლურ ძალებს (განსაკუთრებით, აშშ-ს) ჯერ რეგიონალურ დონეზე (საქართველო და უკრაინა), ხოლო შემდეგ საერთაშორისო არენაზე (სირია). იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი სირიაში გადაწყდება დღევანდელი საერთაშორისო სისტემის ბედი. თუ რუსეთი დამარცხდება, მაშინ ამერიკის ჰეგემონობა კვლავაც უპირობო იქნება (ჩინეთის მოლოდინში); მაგრამ, თუ პუტინი შესძლებს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ძალების განდევნას და ბაშარ ალ ასადისთვის ქვეყანაზე კონტროლის დაბრუნებას რუსეთი გახდება გლობალური ძალა არა მხოლოდ რუსეთის საზოგადოებისთვის, რომელსაც უკვე ასეთად მიაჩნია, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც; მეტიც, საერთაშორისო სისტემა შეიცვლება და გადაიხრება უნიპოლარულიდან მინიმუმ ბიპოლარულისკენ.
ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკა არ არის პუტინის პროდუქტი; ეს არის პუტინისა და რუსეთის, რუსეთის საზოგადოების შეთანხმების შედეგი. ეს შეთანხმება შედგა 2000 წელს, როდესაც “მძლავრი მარჯვენა“ მოვიდა ხელისუფლებაში ქვეყნისთვის ძველი სიდიადის დასაბრუნებლად. ამიტომ, იმის იმედად მოქმედება, რომ პუტინის მოშორებით შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა ან ხელისუფლებაში მოვლენ დასავლეთისადმი კეთილგანწყობილი ძალები რუსეთის უახლესი ისტოორიის და შიდა საზოგადოებრივი განწყობების არცოდნაა.
____________________________________
ბიბლიოგრაფია
ქართულენოვანი
ტოროშელიძე, ი., 2008, პუტინის საგარეო პოლიტიკა, გამომცემლობა ბბთკ
სიხარულიძე, ა., 2014, რუსეთი 1991-2008, გამომცემლობა ინტელექტი, გვ. 46-157
ინგლისურენოვანი
Adelman, J., 2015, Surprise, surprise, Russia is a world power again, Fox News, URL: http://www.foxnews.com/opinion/2015/09/28/surprise-surprise-russia-is-world-power-again.html
Akkoc, R., Oliphant, R., 2015 [accessed], “Russia kills US-backed Syrian rebels in second day of air strikes as Iran prepares for ground offensive”, The Telegraph, URL: http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/russia/11903702/Russias-Vladimir-Putin-launches-strikes-in-Syria-on-Isil-to-US-anger-live-updates.html
Dempsey, J., 2015, Judy Asks: Is Russia back on the World Stage?, Carnegie Europe, URL: http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=61450
Legvold, R., 2007, Russian Foreign Policy in the Twenty-First Century and the Shadow of the Past, Columbia University Press, p. 60
Lozansky, E., 2014, U.S. Take Note: Russia Is Back as a Global Power, The Moscow Times, URL: http://www.themoscowtimes.com/opinion/article/u-s-take-note-russia-is-back-as-a-global-power/496766.html
Analyzing Russia’s Support for Syria’s Bashar al-Assad, 2015 [accessed], abc NEWS, URL: http://abcnews.go.com/International/analyzing-russias-support-syrias-bashar-al-assad/story?id=22534530
რუსულენოვანი
Маркедонов, С., 2015, «И Путин и его команда – Стихийные Западники», Мнения, Ссылка: http://bogudonia.ru/opinions/sergej_markedonov_i_putin_i_ego_komanda_stihijnye
Филиппов, А., 2007, Новейшая История России 1945-2006, Издательство «Просвещение», стр. 416
Всероссийский Опрос, 2000, ВЦИОМ, Ссылка: http://wciom.ru/zh/print_q.php?s_id=341&q_id=27470&date=15.03.2000
Пресс-выпуск : 17 августа 2000 года, ВЦИОМ, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2000081700.html
Пресс-выпуск #30: Ностальгия по прошлому, 2004, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2004031901.html
Пресс-выпуск: 3 марта 2003 года, ВЦИОМ, Аналитический Центр Юрия Левады, http://www.levada.ru/press/2003030300.html
Пресс-выпуск: Рейтинги. Выборы. Разное, 2000, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2000030901.html
Пресс-выпуск: Вокруг Парламентского Кризиса; Чечня, 2000, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2000012501.html
Россияне о целях внешней политики и о саммите в Италии, 2011, Аналитический Центр Юрия Левады, Ссылка: http://www.levada.ru/press/2001071900.html