ალექსანდრე იურინი
აღმოსავლეთ ევროპული კვლევების მაგისტრი;
გაეროს უნივერსიტეტის რეგიონული ინტეგრაციის შედარებითი კვლევითი ინსტიტუტის (UNU – CRIS) მკვლევარი
Nicht Armeen, nicht Krieg, nicht Zwang – sondern das Wort kann den Lauf der Dinge prägen.[1]
ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
როგორ უნდა ვისაუბრობთ სოციალური კონფლიქტების შესახებ? როგორ ვაწარმოოთ დიალოგი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებს შორის? როგორ ჩამოვაყალიბოთ კვლევითი პოზიცია კონფლიქტებთან მიმართებაში? ეს და სხვა მრავალი კითხვა დგას არა მხოლოდ კონფლიქტოლოგების, არამედ იმ ადამიანების წინაშეც, რომლებიც პოსტკონფლიქტურ ზონებში კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე და მშვიდობიანი ურთიერთობების ხელშეწყობაზე მუშაობენ.
კონფლიქტების შესახებ საუბრის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს ამა თუ იმ კონფლიქტთან მიმართებაში შიდა დისციპლინარული მიდგომის გამოყენება, რომელიც ძირითად აქცენტს კონფლიქტის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ნორმატიულ-სამართლებრივ, სოციალურ და ა.შ. ასპექტებზე აკეთებს. თუმცა, ამგვარი მიდგომა ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან მსჯელობა კონფლიქტების შესახებ არასდროს არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ნორმატიულ-სამართლებრივი ან რომელიმე სხვა ტიპის დისკურსით. ვიწრო პროფილის აკადემიურ კონფერენციებზე წარდგენილი მოხსენებებიც კი ყოველთვის სხვადასხვა ტიპის დისკურსების ამონარიდებისგან შედგება. ძნელი წარმოსადგენია, რომ სოციალური კონფლიქტების თემა მხოლოდ ერთი ტიპის, მაგალითად, ნორმატიულ-სამართლებრივი დისკურსის ჩარჩოებში დარჩეს და გვერდი აუაროს ისტორიულ რეტროსპექტივასა და ანალოგიებს. ამგვარ შემთხვევებში იურიდიული ფაქტები ურთიერთქმედებს ისტორიულ ფაქტებთან.
რასაკვირველია, სოციალური კონფლიქტების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული დისკური სწორედ ისტორიულია, რომელიც შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ სოციალური კონფლიქტის კვლევას იმ დროის, ადგილისა და მოვლენებს შორის კავშირის ანალიზის გარეშე, რომლებიც ამ კონფლიქტის კონსტიტუირებას ახდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი ისტორიული ექსკურსების გარეშე შესაძლებელი იყოს რომელიმე კონფლიქტის კვლევა. ამასთან, ხშირად ხდება, რომ ისტორიისა და მისი დანიშნულების გაგება მიესადაგება ლეოპოლდ ფონ რანკესეულ განსაზღვრებას, რომლის მიხედვით ისტორიამ უნდა გვიჩვენოს თუ „რა მოხდა სინამდვილეში“.
მაგრამ, სოციალური კონფლიქტების შემთხვევაში, ისტორია ხშირად არასაიმედო მოკავშირეა, რადგან იგი წარმოადგენს ორ ან მეტ ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიულ ნარატივს, რომლებიც, თავის მხრივ კონფლიქტის გენეზის შედეგად ხშირად ფორმდება სახელმწიფოების ან სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ,,ოფიციალურ ისტორიებად“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება რეგრესი ისტორიიდან ისტორიებამდე.
ისტორიული ნარატივები ყოველთვის იგება ისეთ კონცეფციებზე, რომლებიც სხვადასხვანაირად ახდენენ არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტის, არამედ იმ სოციალურ-პოლიტიკური რეალობის კონსტიტუირებას, რომლებიც სწორედ ამ კონცეფციების წყალობით არსებობენ. კონცეფციების სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესახებ წერდა რაინჰართ კოზელეკი: „ჩვენ“ ჯგუფი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურად ეფექტურ და აქტიურ ერთობად (Handlungseinheit) მხოლოდ იმ კონცეფციების მეშვეობით, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელები ან დასახელებები. პოლიტიკური ან სოციალური ერთობა უპირველეს ყოფლისა იგება იმ კონცეფციების მეშვეობით, რომლებიც ზღუდავენ მას და შესაბამისად გამორიცხავენ სხვებს. ამიტომ ამ კონცეფციების მეშვეობით, ერთობა განსაზღვრავს საკუთარ თავს… აქ გამოყენებული მნიშვნელობით, კონცეფცია არა მხოლოდ განსაზღვრავს ერთობას, არამედ ქმნის კიდევაც მას. ის არა მხოლოდ ნიშანია, არამედ პოლიტიკური ან სოციალური დაჯგუფების განმაპირობებელიც.“[2]
რადგან კონფლიქტები უმეტესწილად სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში იშლება, ისინი ყოველთვის ვითარდებიან ერთსა და იმავე მოვლენასთან ან აქტორთან მიმართებაში არსებული პოზიციების გამო. ამის გამო, კონფლიქტების განხილვის ყველაზე ოპტიმალურ მიდგომად მიჩნეულ უნდა იქნეს ის, რომელიც ფოკუსირებას მოახდენდა არა მოვლენებზე, არამედ დამოკიდებულებებზე.
მოვლენებიდან დამოკიდებულებამდე
აქცენტის ამგვარი გადატანა საშუალებას მოგვცემდა, ერთი მხრივ, დისტანცირება მოგვეხდინა კითხვიდან „რა მოხდა სინამდვილეში“, რომელზე პასუხიც ხშირად უფრო რწმენის საგანია და არა მეცნიერულ ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, შეგვექმნა პერსპექტივა სხვადსხვა მოსაზრებებისა და არგუმენტაციის ტიპების განსახილველად. ეს მიდგომა უფრო პროდუქტიულია არა მხოლოდ საწყისი კვლევითი პოზიციის მოსაზრებიდან, არამედ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებს შორის დიალოგის წარმოების მხრივაც. გარდა ამისა, ეს მეთოდი არ არის შეზღუდული რომელიმე დისციპლინარული ჩარჩოთი, – წარმოადგენს რა მეტად დისციპლინარულ მიდგომას, რომელშიც აღნიშნული მიდგომა წარმოდგენილია კონფლიქტის მიმართებაში არსებული სხვადასხვა ტიპის დისკურსებით.
პოზიციური თეორია
პოზიციური თეორია ამ მიმართულებით ახალ ჰორიზონტებს შლის. აღნიშნულ თეორიას აქტიურად ავითარებენ სხვადასხვა ქვეყნის და სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის რ. ჰარე (1990, 1999;), ლ. ლანგენჰოვი (1991; 1993; 1994; 1999), ფ. მ. მოგადამი (1999; 2009; 2003), ნ. ლი (1999), ლ. ბერმანი (1999) და სხვები.
პოზიციური თეორია ძირითადად ეყრდნობა სოციალურ კონსტრუქტივიზმს და ,,ნარატიული შემობრუნებას“ განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში. ამგვარი მიდგომა გულისხმობს, რომ სოციალური და პოლიტიკური რეალობა არ არის წინასწარ მოცემული, არამედ, კონსტიტუირდება ადამიანიების მიერ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ენა. პოზიციური თეორიის ყველაზე ზოგადი გაგება ალბათ ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „პოზიციური თეორია, უპირველს ყოვლისა, ხსნის იმას თუ როგორ იყენებენ ადამიანები სიტყვებს (და სხვადასხვა ტიპის დისკურსებს) საკუთარი და სხვათა პოზიციის გამოსახატავად.“[3] შესაბამისად, განსხვავებები კატეგორიალურ აპარატში, დისკურსის ცვლა, კონცეფციების გადანაცვლება ერთი დისკურსიული ველიდან მეორეში, პოზიციური თეორიის მიხედვით პრობლემას კი არ წარმოადგენს, არამედ გასაღებს იმის გასაგებად, თუ როგორ ფორმირდება პოზიციები. ამგვარი მიდგომა კონფლიქტების განვითარების პროცესში საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის ტრანსფორმაცია და ცვლილება აქტორების პოზიციებში. ამავე დროს, ის არ გულისხმობს „რეალური“ ქმედებების უარყოფას, არამედ მხოლოდ გადააქვს ფოკუსი სოციალურ-პოლიტიკურ რეგისტრში, სადაც ეს ქმედებები პირველად იძენენ საზრისს: ,,ეჭვგარეშეა, რომ ერაყში მიმდინარე ომში ჩართულია ტანკები და სამხედრო ავიაცია, ისვრიან ტყვიებს და ტერორისტი-თვითმკვლელები იწვევენ მსხვერპლს, დაღუპული და დაჭირილია ასობით ათასი ადამიანი, მაგრამ ისევე როგორც სხვა კონფლიქტებში, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ნარატივების ფარგლებში და საკუთარ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა ტიპის დისკურსების მეშვეობით.“[4]
ასე და ამგვარად, ქმედებები, პოზიციები და ნარატიული კონსტრუქციები წარმოადგენენ ერთმანეთისგან განუყოფელ ერთობას და პოზიციურ თეორიაში ქმნიან ქვემოთ მოცემულ ტრიადას:
პოზიცია
აქტი-ქმედება თხრობის ხაზი[5]
თუმცა, მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებული ნარატივები ხშირად წამოადგენენ ღია ტიპის დაუსრულებელ კონსტრუქციებს, რომლებშიც შეინიშნება ნარატიული ელემენტების ინტენსიური დინამიკა. გარდა ამისა, ამა თუ იმ სოციალურ კონფლიქტთან მიმართებაში არსებული ნარატივების რიცხვი იმდენად დიდია, რომ იგი არ იძლევა პოზიციური ანალიზის საშუალებას. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, კონფლიქტის ფორმირების საწყის ეტაპზევე არსებობს ისეთი დისკურსიული ელემენტები, როგორიცაა ცნებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონფლიქტების განვითარების საწყის ეტაპზევე შესაძლებელია პოზიციების ფორმირებაზე დაკვირვება იქიდან გამომდინარე, თუ რა ცნებებს იყენებენ მხარეები საკუთარ თავსა და ურთიერთმიმართებაში.
ამ მხრივ საკმაოდ ნიშანდობლივია კონცეპტუალური ბაზის ფორმირება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში, რომელშიც მხარეების პოზიციები, მათი არგუმენტაცია და ქმედებები იგება შემდეგ კონცეპტუალურ ოპოზიციებზე დაყრდნობით:
- ღირსების რევოლუცია (ევრომაიდანი) – ხელისუფლების ხელში ჩაგდება ანტიკონსტიტუციური გზით (სახელმწიფო გადატრიალება);
- ყირიმის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის გაერთიანება – ყირიმის ანექსია;
- ანტიტერორისტული ოპერაცია – სადამსჯელო ოპერაცია
- დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა – ტერორისტული ორგანიზაციები
- და სხვა მრავალი
ამგვარად, უკვე ,,ღირსების რევოლუცია – ხელისუფლების ხელში ჩაგდება ანტიკონსტიტუციური გზით“ მაგალითზე, იკვეთება იმ სემანტიკური ველისა და დისკურის ტიპის ფორმირება, რომლებიც გამოყენებული იქნება შემდგომი არგუმენტაციების აგებაში როგორც ამ კონკრეტულ, ისევე სხვა იმ მოვლენებთან მიმართებაში, რომლებიც ნარატიულად დაუკავშირდება მას. ,,ღირსების რევოლუციის“ კონცეფცია ააქტიურებს სამოქალაქო სამართლიანობასთან დაკავშირებულ რევოლუციურ და პატრიოტულ რიტორიკას, რაც, თავის მხრივ, უპირისპირდება ,,სახელმწიფო გადატრიალებასთან“ დაკავშირებულ ნორმატიულ-სამართლებრივ დისკურსს.
მეიდანზე განვითარებული მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების ჭრილში განხილვისას იხსნება ახალი სემანტიკური ველი, რომელიც დაკავშირებულია ნორმატიულ-სამართლებრივ დისკურსთან და ლეგიტიმაციის საკითხებთან. ეს საკითხები გამოყენებული იქნება შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებული პოზიციის აგებისას: ,,ყირიმის რესპუბლიკის გაერთიანება რუსეთის ფედერაციასთან“ – ,,ყირიმის ანექსია“, რომლის ფარგლებშიც ყირიმის მოსახლეობის მიერ გამოყენებული თვითგამორკვევის უფლება, არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ აუცილებელიცაა. ეს არგუმენტაცია შემდეგნაირად განავითარა ვიტალი ჩურკინმა: „…ყირიმთან მიმართებაში ასეთი შემთხვევა გამოიკვეთა სამართლებრივი ვაკუუმის ნიადაგზე, არაკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელიც განხორციელდა რადიკალური ნაციონალისტების მიერ კიევში, 2014 წლის თებერვალში. ისევე როგორც ამ უკანასკნელთა მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ,,საკუთარი წესრიგის“ დამყარების შესახებ პირდაპირი მუქარის შემდეგ.“[6]
როდესაც ვირჩევთ რომელიმე კონკრეტულ კონცეფციას საკუთარ ქმედებებთან მიმართებაში, ჩვენ ერთი მხრივ, გვეძლევა მოქმედების გარკვეული შესაძლებლობა, თუმცა, მეორე მხრივ ვიზღუდავთ კიდეც ამავე მოქმედებას. მაგალითად, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ,,ანტიტერორისტული ოპერაციის“ განხორციელებისას, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ თავს აძლებს მთელ რიგ შესაძლებლობებს კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისთვის, რაც გულისხმობს კანონმდებლობით დაშვებულ უცხოურ სამხედრო ძალის ჩართვასაც. გარდა ამისა, ამგვარი პოზიცია საშუალებას აძლევს ხელისუფლებას შეინარჩუნოს კონფლიქტი სახელმწიფო დონეზე და თავიდან აიცილოს კონფლიქტის პოზიციონირება, როგორც სახელმწიფოთაშორისი ან ეთნიკური. ამგვარი პოზიციონირებისას ადგილი აქვს მცდელობას ჩამოართვას მეორე მხარეს სოციალურ-პოლიტიკური სუბიექტის როლი და წარმოაჩინოს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ან იგივე დონბასი მხოლოდ როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა. გარდა ამისა, ამგვარ პოზიციონირებას მოსდევს მთელი რიგი შედეგებისა: ანტიტერორისტული ოპერაციების ფორმატი გამორიცხავს სამხედრო დანაშაულებს, არ არსებობენ სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, არ ვრცელდება ჰააგის კონვენციების პირობები, იძულებთ გადაადგილებული პირები ვერ იღებენ ლტოლვილის სტატუსს სხვა ქვეყნებში, რადგან მათი იძულებით გადაადგილებასთან არ არის დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან და სხვა მრავალი. მეორე მხრივ, ამგვარი პოზიცია უკიდურესად ართულებს კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიური გზებით, რადგან გულისხმობს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ,,ტერორისტებს“ შორის.
კონცეფციების, როგორც სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ფაქტორებად განხილვისას, აღსანიშნავია, რომ ისინი არ არიან მჭიდროდ დაკავშირებული ერთ რომელიმე დისკურსთან და შეუძლიათ გადაადგილება ერთი დისკურსიდან მეორეში და ამავდროულად მხარეების პოზიციებზე ზემოქმედებაც. ამის ერთ-ერთი მაგალითია, დისკურსიული მდგომარეობის ცვლილება ,,სეპარატისტის“ ცნებასთან მიმართებაში.
თავდაპირველად, ცნება ,,სეპარატისტი“ მიეკუთვნებოდა უმთავრესად საზოგადოებრივ დისკურსს უკრაინაში და მედია დისკურსს დასავლური მედიის შემთხვევაში. ეს ცნება ასრულებდა ერთგვარი ,,თეგის“ ფუნქციას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის აღსანიშნავად ახასიათებდა რა მათ პოლიტიკურ პოზიციას. თუმცა კონკრეტულ სოციალურ-პოლიტიკურ ჯგუფთან ასოცირებული ეს ცნება, არ მიიჩნეოდა იურიდიულ ტერმინად 2014 წლის 19 ივლისამდე, როდესაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება № 1533-VII, რომლის შედეგადაც ხდება არა მხოლოდ ამ ცნების, არამედ იმ სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფის კრიმინალიზაცია, რომელთან მიმართებაშიც გამოიყენება ეს ცნება.
უკრაინული კრიზისი იძლევა საკმაოდ მდიდარ მასალას იმის საჩვენებლად, თუ როგორ ახდენენ ცნებები ამა თუ იმ ,,ჩვენ ჯგუფის“ კონსტრუირებას და მათ უნარს, არა მხოლოდ ,,აღნიშნონ“ არამედ, ,,შექმნან“ კიდეც ეს ჯგუფები. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება გამოდგეს ქვემოთ მოცემული ცნებებით გამოხატული ,,ჩვენი ჯგუფის“ სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია:
,,ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მცხოვრებლები“ → ,,დონბასი“ → ,,ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები“ → ,,ნოვოროსია“
ამ ცნებათაგან თითოეული ჯგუფს განსაზღვრავს ან როგორც უკრაინის ადმინისტრაციულ ერთეულს, ან სოციო-კულტურული თავისებურებების მქონე რეგიონს, ან არაღიარებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს, ან როგორც რუსეთის იმპერიის კულტურულ-ისტორიულ ოლქს. აქედან ნათელი ხდება, რომ თითოეული ცნება გულისხმობს განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთან მიმართებაში ხდება პრინციპულად განსხვავებული ურთიერთკავშირების აგება. კატეგორიათა ცვლილება, პიერ ბურდიეს მიხედვით, წარმოადგენს სოციალური რეალობის შეცვლის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს, და სწორედ კატეგორიები გამოიყენება ,,ფსონებად“ სოციალური რეალობის შეცვლის ან შენარჩუნებისთვის მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში. [7]
ცნებების და მათთან ერთად სოციალურ-პოლიტიკური ქმედებების კვლევის ობიექტად ქცევის შედეგად, საშუალება გვეძლევა თვალი ვადევნოთ იმ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც კონფლიქტების დროს ხდება. პოზიციური ანალიზი საშუალებას მოგვცემდა მოგვეხდინა ყველაზე სადავო საკითხებისა და განსხვავებული შეხედულებების მარკირება და ასევე, იმ ძირითადი სტრატეგიული ველების განსაზღვრა, სადაც ვითარდება კონფლიქტი. კონფლიქტების შესახებ საკვანძო კონცეფციების სიღრმისეული და დეტალური ანალიზი იძლევა ახალი, დისციპლინათშორისი პერსპექტივის აგების საშუალებას, რომელიც რელევანტურია მრავალ სოციალურ კონფლიქტთან მიმართებაში. ამგვარი კონცეპტუალური რუკის შექმნა შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ კონფლიქტების შესწავლას, არამედ მათი ტრანსფორმაციისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და საგზაო რუკის შემუშავებასაც.
____________________________________
გამოყენებული ლიტერატურა:
Harré, H. RomwithGrantGillet. Thediscursivemind.London: Sage 1994
Harré, H. Rom, &Moghaddam, F.,ed. The Self and Others. Westport, CT: Praeger, 2004
Harré, H. Rom, &Moghaddam, F.M., ed. Words of Conflict, Words of War. Santa Barbara, CA: Praeger, 2010
Harré, H. Rom, & van Langenhove, L. van, ed. Positioning Theory. Oxford, GB: Blackwell, 1998.
Harré, H. Rom, Moghaddam, F.M., & Lee, N.P., ed. Global Conflict Resolution through Positioning Analysis. New York, NY: Springer, 2008.
James, M. Positioning Theory and Strategic Communications: A new approach to public relations research and practice. London: Routledge 2014
Reinhart Koselleck Vergangene Zukunft: zur Semantik geschichtlicher Zeiten. Frankfurt am Main, Suhrkamp, 1979
Van LangenhoveLuk (ed.) People and Societies. London: Routledge, 2010
Бурдье, Пьер Социология социального пространства / Пер. с франц.; отв. ред. перевода Н. А. Шматко. — М. : Институт экспериментальной социологии; СПб. : Алетейя 2007 – 288 с.
Йоргенсен, Марианне В., Филлипс, Луиза Дж. Дискурс-анализ. Теория и метод / пер. с англ. — 2-е изд., испр. — Х.: Изд-во «Гуманитарный центр», 2008
[1],,არც არმიებმა, არ ძალმომრეობამ, არამედ მხოლოდ სიტყვამ უნდა განსაზღვროს მოვლენათა მსვლელობა.“
[2] Reinhart Koselleck. Vergangene Zukunft: zur Semantik geschichtlicher Zeiten. Frankfurt am Main, Suhrkamp, 1979 S. 108
[3] Moghaddam, F. M &Harre, R.Words of conflict, words of war: how the language we use in political processes sparks fighting. Praeger 2010 p. 2
[4] Moghaddam, F. M., Harre, R., & Lee, N. Global Conflict Resolution through Positioning Analysis. New York, NY: Springer.2007 p.1
[5]Harré, H. Rom, & van Langenhove, L. van, ed. Positioning Theory.Oxford, GB: Blackwell, 1998 p.6
[6] ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე: http://www.un.org/russian/news/story.asp?NewsID=21310#.VnbPVfmLQgs
[7]Бурдье, Пьер Социология социального пространства / Пер. с франц.; отв. ред. перевода Н. А. Шматко. — М. : Институт экспериментальной социологии; СПб. : Алетейя, 2007 С. 23