მარიამ გაჩეჩილაძე
“კავკასიური სახლის” მკვლევარი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნებით გამოწვეული ცხოვრების გაუსაძლისი პირობების გამო, მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო. ემიგრაციის ნაკადები თავდაპირველად უმეტესწილად რუსეთში, მოგვიანებით თურქეთში, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მიემართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ ნაკლებად დასტაბილურდა, მოსახლეობის გადინება კვლავ რჩება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად.
2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით დადგინდა, რომ საქართველოში 1989 წლიდან 2002 წლამდე პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 20%-ით[1]. შესაძლოა ეს დავუკავშიროთ შობადობის შემცირებასაც, თუმცა, ამგვარი ვარდნა მხოლოდ ამ უკანასკნელი ფაქტორით ვერ აიხსნება. ბევრი სტატისტიკოსი მიუთითებს, რომ 20%-იანი კლება მოხდა იმის ხარჯზეც, რომ საქართველო დატოვა, ბევრმა არაქართველმა მოსახლემ, სომხებმა, რუსებმა, ებრაელებმა, ბერძნებმა და ა.შ. თუმცა საკითხისადმი ამგვარი მიდგომა პრობლემას არ ამარტივებს. საქართველო, თუ მას აქვს პრეტენზია იწოდებოდეს მოდერნულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, თანაბარ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს, როგორც ეთნიკურად ქართულ ისე არაქართულ მოსახლეობაზე, რომელებიც მიუხედავად ამისა, ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას და თავს საქართველოს სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას და კულტურას მიაკუთვნებდნენ.
დღეისათვის რთულია დადგინდეს იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა, რომლებმაც საქართველო დატოვეს. სხვადასხვა წყაროები ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს. ასევე რთულია იმაზე საუბარიც, თუ რეალურად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში – ეს არის კითხვა, რაზეც უამრავი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი არსებობს. ჩვეულებრივ, ამ საკითხებით დაკავებული უნდა იყოს ისეთი სახელმწიფო სტრუქტურები, როგორებიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ა.შ. თუმცა, დღეისათვის მათგან ვერც ერთი უწყება ვერ იძლევა სარწმუნო და ამომწურავ ინფორმაციას რუსეთში მცხოვრები ქართველების რიცხოვნობასთან დაკავშირებით.
არსებობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტისთვის (IDFI)” მოწოდებული არაოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა შეადგენს 1 607 744 ადამიანს, საიდანაც ყველაზე მეტი – დაახლოებით 800 000 რუსეთის ფედერაციაზე მოდის.[2] ბევრი ამ ციფრს გაზვიადებულად მიიჩნევს და ემხრობა თავად რუსეთის ფედერაციაში 2010 წელს ჩატარებულ საყოველთაო აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რუსეთში 158 995 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს[3]. ბუნებრივია, აღწერის შედეგებში არ იგულისხმება მოქალაქეობის, რეგისტრაციისა და ჩაწერის არ მქონე, რუსეთში არალეგალურად მყოფი ქართველები, რომლებიც, რაოდენობით, სავარაუდოდ, არ ჩამოუვარდებიან თუ არ აღემატებიან ლეგალურად მცხოვრები ქართველების რიცხვს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ქართული დიასპორის რაოდენობის თემა ხშირად პოლიტიკური გარჩევის საგანიც გამხდარა. რუსეთის ქართულ დიასპორასთან დამოკიდებულებები ყალიბდება რუსეთთან განსხავებული მიდგომების პარალელურად – არსებობს ორი ტენდენცია: ის საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც 2012 წლის შემდგომ დაწყებული ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმართ სკეპტიკური ან/და კრიტიკული ხისტი პოზიციით გამოირჩევიან, ხშირ შემთხვევაში ამტკიცებენ, რომ ქართული დიასპორის სიდიდე და მნიშვნელობა გაზვიადებულია მათ მიერ, ვინც რუსეთთან დიალოგის მომხრეა. მეორე მხრივ, რუსეთთან დიალოგის მომხრენი საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტად იშველიებენ იმას, რომ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა, რომელიც მიუთითებს საქართველო-რუსეთს შორის ობიექტურ კავშირზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების საჭიროებაზე.
დავა სტატისტიკასთან დაკავშირებით დიდხანს ვერ გადაწყდება, სანამ არ მოხდება ოფიციალურ დონეზე, მასშტაბური და კომპლექსური რაოდენობრივი კვლევის ჩატარება. მანამდე კი შესაძლოა დავჯერდეთ იმ მოცემულობას, რომ რუსეთში დღეს არსებობს დიდი ისტორიის მქონე ქართული დიასპორა, რომელსაც რაოდენობრივთან ერთად ხარისხობრივი დატვირთვაც აქვს, რაც გამოიხატება, უპირველესად, რუსეთის ქართული დიასპორის ეკონომიკურ გავლენაში – საქართველოს მშპ-ში საგარეო ფულადი გზავნილები საშუალოდ 8-9%-ია, საიდანაც ყველაზე დიდი წილი 2014 წელის მონაცემებით – 49.2% რუსეთის ფედერაციაზე მოდის[4]. რუსეთთან ფინანსური კავშირის მნიშვნელობა გამოჩნდა იმაშიც, რომ 2014 წლის შემოდგომაზე დაწყებული ლარის კურსის გაუფასურება მოხდა რუსეთში ეკონომიკური კრიზისისა და რუბლის გაუფასურების ფონზე. რუსეთიდან გზავნილები 2014 წელს 11.5%-ით შემცირდა[5], რაც ლარის გაუფასურების ერთ- ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
ამასთან, რუსეთის ქართულ დიასპორაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საკუთარი შინაარსით და ხარისხობრივი მახასიათებლებით იგი განსხვავდება მიგრანტთა უბრალო ერთობლიობისგან. ქართულ დიასპორაში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის კულტურის, სპორტის, მეცნიერების, განათლების მედიცინის თუ სხვა წამყვანი სფეროების მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ. ეს უკანასკნელნი რუსეთის ფედერაციაში ფლობენ საკმაოდ დიდ სოციალურ და კულტურულ კაპიტალს (კავშირები, აღიარება, გავლენა, პრესტიჟი), რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გააჩნდეს დადებითი დატვირთვა ქართულ-რუსული ურთიერთობების ტრანსფორმაციაში. იგულისხმება დიასპორის როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის კულტურულ, ჰუმანიტარულ, სამეცნიერო თუ სხვა სახის თანამშრომლობაში, აგრეთვე ქართველი ბიზნესმენების მიერ საქართველოს ეკონომიკური ინტერესების ლობირება რუსეთის ბიზნეს სექტორში და სხვა…
რამდენად არიან დღეს დიასპორის წევრები საერთო ქართულ სივრცეში ინტეგრირებულნი და რამდენად აქტიურობენ საქართველოს მიმართულებით – ეს ალბათ ცალკე მსჯელობის საგანია. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც საკითხავია, რამდენად ქმნის ქართული მხარე ამის წინაპირობებს.
მიუხედავად მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, როგორც საჯარო ისე პოლიტიკურ სივრცეში მეტი ყურადღება დაეთმოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი საკუთარი მნიშვნელობით გამორჩეულ რუსეთის ქართულ დიასპორას, რათა მასში შემავალი ადამიანები, სულ მცირე, არ „შეეწირონ“ ორ ქვეყანას შორის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, საკუთარ წვლილი შეიტანონ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.
______________________________________
[1] http://civil.ge/geo/article.php?id=3980 საქართველოს მოსახლეობა მილიონით შემცირდა
[2] https://opendatablog.wordpress.com/2015/05/01/sazgvargaret-mcxovrebi-qartuli-diaspora/ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა
[3] http://www.gks.ru/free_doc/new_site/perepis2010/croc/perepis_itogi1612.htm НАЦИОНАЛЬНЫЙ СОСТАВ НАСЕЛЕНИЯ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ
[4] http://civil.ge/geo/article.php?id=29047
[5] http://civil.ge/geo/article.php?id=29047 საქართველოში ფულადი გზავნილები 2014 წელს 2.4%–ით შემცირდა