10 იანვარს 19:00 სთ-ზე ,,კავკასიური სახლი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – რა ხდება ირანში?
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არეულობები 28 დეკემბერს ქალაქ მეშჰედში დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე სოციალურმა მოთხოვნებმა პოლიტიკური სახე მიიღო და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. პოლიციასთან შეტაკებებისას დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი. გარდა ამისა, დაკავებულია ასობით მომიტინგე.
ირაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკმაოდ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საერთაშორისო მედიაში. თეირანის ხელისუფლება ქვეყანაში დაწყებულ არეულობებში გარე ძალების კვალს ხედავს. მეორეს მხრივ, ცალსახაა ირანში არსებული ეკონომიკური პრობლემებიც.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს გამოკვეთილი ლიდერი და ორგანიზატორი არ ჰყავთ. ამდენად, მომიტინგეების მოთხოვნები არაერთგვაროვანია, რაც გარეშე დამკვირვებლისათვის ქაოსურ სურათს ქმნის.
დისკუსიაზე განხილული იქნება ირანში მიმდინარე პროცესების გამომწვევი მიზეზები და მიმდინარე ტენდენციები. მომხსენებლები შემოგვთავაზებენ ისტორიულ მიმოხილვას და ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ განწყობებზე.
მომხსენებლები:
გიორგი ლობჟანიძე – „კავკასიური სახლის“ აღმოსავლური განყოფილების ხელმძღვანელი
ნიკო ქელბაქიანი – ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის მაგისტრი ირანისტიკაში
გიორგი სანიკიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი
მოდერატორი:
გიორგი კანაშვილი – ,,კავკასიური სახლის“ აღმოსრულებელი დირექტორი
საჯარო დისკუსია გაიმართება „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში;
სამუშაო ენა: ქართული
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №20
დასწრება თავისუფალია!
დისკუსია ტარდება “კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში.