4 ნოემბერს 17:00 სთ-ზე ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კავკასიური სახლი გეპატიჟებათ ცირა გვასალიას დოკუმენტური ფილმის “ოთახების“ ჩვენებაზე.
ფილმის შესახებ:
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში რემონტი იწყება და ვიოლა, შოთა, რიმა, უშანგი და პავლე ერთ დიდ საკონცენტრო დარბაზში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად ქაოსისა, რომლის გადატანა ხანდაზმულ ასაკში უწევთ და რომელსაც მტკივნეულად აღიქვამენ, მოხუცები მაინც ინარჩუნებენ ძალას, რომ ოცნებების ახდენისთვის იბრძოლონ. 90 წლის შოთას საკუთარი ორიგინალური არქიტექტურული დიზაინით მინი-ეკლესიის აშენება უნდა. სასიყვარულო ისტორია 75 წლის ვიოლასთვის ყველა დიდი სასიცოცხლო ძალაა. 83 წლის უშანგი კვირაში ორჯერ ვარჯიშობს თბილისის ზღვაზე და იმ დანაკლისს ივსებს, რაც ახაგაზრდობაში ვერ განახორციელა – პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გახდა. 70 წლის პავლე დღეში რამდენჯერმე აივანზე ჩიტებს კვებავს და ქსოვს, რათა გაყიდული ფულით სიმსივნით დაავადებულ დას ფული გაუგზავნოს სოფელში. მოულოდნელად პავლე ავტოავარიაში მოჰყვება. პანსიონატის ხელმძღვანელობა კი მის ოთახში შედის, რათა მისი მკურნალობის ფული ან ნათესავების საკონტაქტო ინფორმაცია მოიპოვონ.
რეჟისორის შესახებ:
ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო ხარისხის მიღების შემდეგ, ცირა გვასალიამ ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სამაგისტრო ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო 2009 წელს. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “რომ მოვკვდები, მერე გეტყვი” 2009 წელს აჩვენეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში “ქართული პანორამა.” ცირა გვასალიას სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ოთახები” CineDOC 2016 წლის Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციის მონაწილე იყო.
დასაწყისი: 17:00 სთ
მისამართი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, პუშკინის ქ. #6, ქუთაისი
ენა: ქართული (ინგლისური სუბტიტრებით)
დასწრება თავისუფალია!!!
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფილმის რეჟისორი.
ფილმის ჩვენება ტარდება „კავკასიური სახლისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „International Alert”-ის პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“ ფარგლებში
თრეილერი: