სტეპან გონჩაროვი
სოციოლოგი, „ლევადა – ცენტრი“
სახელმწიფო დუმის მეშვიდე მოწვევის არჩევნები რუსეთის უახლეს ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა. თავად რუსეთის მოქალაქეთა აზრით, არჩევნები „მოსაწყენი“, „პროგნოზირებადი“ და „ალტერნატივების“ გარეშე იყო. თუმცა, მათივე თქმით, ინტრიგა და იმის შეგრძნება, რომ მომავლის შეცვლის შესაძლებლობა ეძლეოდათ, არც წინასაარჩევნო პერიოდში არსებობდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ხელისუფლებას გათვლა სწორედ ამაზე ჰქონდა გაკეთებული: ბევრი ადამიანი კენჭისყრის ადგილმდებარეობისა და ახალი პროპორციული სისტემის თაობაზე არასაკმარისად იყო ინფორმირებული. რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, კენჭისყრის რიტუალის სადღესასწაულო განწყობა და იმის რწმენა, რომ ისინი გავლენას ახდენენ ხელისუფლების არჩევაზე, გამქრალია. თუკი აღნიშნული ქმედება ნაწილობრივ ხელისუფლების მიზანმიმართული სტრატეგია იყო, მეორე ფაქტორად, რამაც ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა განაპირობა, შეგვიძლია პარტიების უაღრესად უინტერესო საარჩევნო კამპანიები დავასახელოთ. ოპოზიციის ასეთი პასიურობა შესაძლოა, ერთი შეხედვით უცნაური ჩანდეს, თუმცა, სინამდვილეში, ალტერნატიული მოქმედებების პროგრამის არარსებობაზე მეტყველებს, გარდა იმ ერთისა, რომელსაც მმართველი ელიტა ქვეყნის მოსახლეობას სთავაზობს. სახელმწიფო დუმის არჩევნები მოქალაქეების მიერ პრეზიდენტისადმი ნდობის გამოცხადების ტოლფასია. არჩევნებზე გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი და პარტია „ეძინაია რასიას (ერთიანი რუსეთი)“ მიერ მიღებული დაბალი პროცენტი (ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული პარტიის მიერ მოპოვებული ხმების ნახევარი გაყალბებული იყო) კონკურენციის არარსებობის ფონზე, ვლადიმერ პუტინის „პიროვნების კულტის“ გაქრობასა და მის მიმართ ამომრჩეველთა სიმპატიის ყირიმის მოვლენებამდე არსებულ დონემდე დაშვებას ნიშნავს. ადრე პუტინი ქვეყნის გმირად და მხსნელად მიიჩნეოდა, დღეს კი ის უბრალოდ პატივსაცემ და ძლიერ ლიდერად იქცა, რომლის მთავარი კოზირი – საგარეო პოლიტიკა – ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე არც ისე მიმზიდველად გამოიყურება.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურ ფაზამდე, ექსპერტთა წრეში გავრცელებული იყო მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტიის ფინანსური მდგომარეობა ადრინდელივით სტაბილური აღარ არის. ამბობდნენ, რომ შერეული სისტემისა და ერთმანდატიანი ოლქების არჩევის შემოღების გზით – რაც რეგიონალური კაპიტალის მოზიდვას უწყობდა ხელს – ცდილობდნენ ფედერალური პარტიული ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას. სისტემის ფორმალური სტაბილურობის შენაჩუნების ამოცანას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავი წარმატებით გაართვა. სახელმწიფო დუმის ადგილების სამი მეოთხედი ამჟამად „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებს უჭირავთ. თუმცა ამის მისაღწევად საჭირო გახდა, რომ მოქალაქეები „აეძულებინათ“ უალტერნატივო პოლიტიკური არჩევანის პირობებში ორჯერ მიეცათ ხმა: პარტიული სიების მიხედვით და ერთმანდატიანი ოლქების კანდიდატებისთვის. მმართველი პარტიის უპირატესობების გათვალისწინებით, სხვა პარტიებთან დაშორება მოპოვებული ადგილების რაოდენობით მხოლოდ უნდა გაზრდილიყო. რამდენად სერიოზული პრობლემაა, როდესაც რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობას არაინფორმირებულ ხმის მიცემამდე მივყავართ? პარტიის პროგრამისა და პოლიტიკოსის გაცნობა უშუალოდ საარჩევნო უბანზე ხდება: დებატებს რუსეთის მოქალაქეების 38%-მა უყურა (რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით) ამომრჩევლები ცუდსა და უარესს შორის არჩევისა და „ოღონდ უარესი არ იყოს“ პრინციპებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ ირჩევენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული რესურსი და მუშაობის გამოცდილება; და აგრეთვე რეფერენტული პირის მხარდაჭერა (საუკეთესო შემთხვევაში – პრეზიდენტის), რომელიც სისტემის ხელახლა შენებას არ მიჰყოფს ხელს. როდესაც საქმე სახელმწიფოს ეხება, ხალხი აზარტულ თამაშებს არაა მიჩვეული: არსებობს უფრო მეტის დაკარგვის, ვიდრე მიღების შიში.
ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ზეწოლით მოსახლეობა საკუთარ მოლოდინებს დაბლა სწევს. ხელისუფლება განმარტავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდა და მისი თანმდევი პრობლემები: ფასების ზრდა, პენსიების ინდექსაციის გაუქმება, გადასახადების მოსალოდნელი ზრდა – რუსეთის გარე აგრესორებთან და შიდა მტრებთან ბრძოლის გარდაუვალი შედეგებია. ერთი პერიოდი გეოპოლიტიკური ოპერაციების წარმართვა მართლაც შიდასახელმწიფოებრივი მთლიანობის საფუძველს წარმოადგენდა. საგარეოპოლიტიკური მიმართულების აქტიურობა საგრძნობლად გაიზარდა „ბუნდოვანი“ 2011-2012 წლების მერე, როდესაც საზოგადოება (არა მთლიანი, თუმცა მაინც) მორალურად მზად იყო, რომ განახლებული ხელისუფლება ეხილა. რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან, მაგრამ მისი კვლავ წამოჭრა გარდაუვალია. სავარაუდოდ, ეს ძალიან მალე მოხდება. ამის სამი მიზეზი არსებობს.
პირველ რიგში, საგარეოპოლიტიკური სტრატეგია თავისთავად შეიძლება იყოს ეფექტური, თუმცა მისი გამაერთიანებელი ძალა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უყურებს მას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყირიმის შემოერთება და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტში ჩაბმა მნიშვნელოვნად პრობლემატური იყო, რადგან ჩნდებოდა იმისი შიში, რომ რუსეთი შესაძლოა, დასავლეთთან ან ახლო მეზობლებთან კონფლიქტში ჩარეულიყო. კულტურული კუთხით, უკრაინა რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდგომი ქვეყანაა. ამ დრომდე რუსი ხალხის დაახლოებით ნახევარი (49%) რუსებსა და უკრაინელებს ერთსა და იმავე ხალხად თვლის, ხოლო კონფლიქტის მთავარ მიზეზად მასში აშშ-ს ჩარევას მიიჩნევს. თუმცა ეს თემაც მუდმივად ვერ მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას. 2015 წლის ზაფხულში უკრაინის მოვლენების მიმართ ინტერესის ვარდნა შეინიშნებოდა, თუმცა უცნაური დამთხვევის წყალობით, სწორედ 2015 წელს რუსეთმა სირიის ოპერაციაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. მიუხედავად ამისა, რუსი ხალხისთვის სირიის პრობლემა ახლოსაც ვერ მოვა უკრაინის თემასთან. ყოველთვიური გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ ეს თემა რუსეთის მოქალაქეების 10-15%-სთვის არის მნიშვნელოვანი. შედარებისთვის: უკრაინის კრიზისის დროს, კონფლიქტი დონბასში რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აღელვებდა. ეჭვგარეშეა, რომ მათ თვალში სირიის ტერიტორიაზე მოპოვებული სამხედრო წარმატებები ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ დაეხმარება ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებაში. ახლო აღმოსავლეთი განიხილება კონფლიქტურ რეგიონად, სადაც სირიის სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ხოლო კონფლიქტში ქვეყნის ჩართულობა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიქმება, როგორც გავლენის სფეროს გაფართოებისთვის საჭირო პრაგმატული სამხედრო ოპერაცია და არა ბრძოლა გადარჩენისთვის. სწორედ ამაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება უკრაინის კონფლიქტისგან.
მეორე არის ის, რომ რუსი ხალხის პრობლემები ამავდროულად მათი პრეტენზიებიცაა სახელმწიფოს მიმართ: სოციალური დაუცველობა და კორუფცია. ცხადია, რომ ერთადერთი აგენტის სტატუსის შენარჩუნებით, რომელსაც მოსახლეობის პრობლემების მოგვარება შეუძლია, სახელმწიფო საკუთარ თავს ხაფანგში ამწყვდევს. ერთ დღეს ის ამას უბრალოდ ვეღარ შეძლებს, მოქალაქეების გაგებაზე იმედის დამყარება რთულია, მხოლოდ მათ მოთმინებაზე თუ ვისაუბრებთ. მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ოფიციალური პირები ეკონომიკის, ჯანდაცვისა და საპენსიო უზნრუნველყოფის მდგომარეობაზე საუბრისას, სიმართლეს ამბობენ. რუსი ხალხი მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარ ქვეყანაში ან ქალაქში რამის შეცვლა შეუძლიათ და, შესაბამისად, უიმედოდ უყურებენ ხვალინდელ დღეს. მათი უნდობლობის იგნორირება შეიძლება მანამ, სანამ არსებობს სტაბილურობის გარანტი, რომელიც დღეს ვლადიმერ პუტინის სახით გვევლინება. საზოგადოებისთვის ამჟამინდელი პრეზიდენტი იმის შეხსენებაა, რომ მის გარეშე უარესად იქნებიან. სწორედ ამიტომ მისი მაღალი რეიტინგის შენარჩუნება ჯერჯერობით ხერხდება, თუმცა ის ისეთი მაღალიც არაა, რომ სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტების – რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფო დუმის – რეიტინგიც იმავე დონეზე დარჩეს. დღევანელი მდგომარეობის შეფასება და მოლოდინი ნაკლებად ოპტიმისტურია, ვიდრე ორი წლის წინ; ასევე მოსახლეობა, წინა წლებთან შედარებით, არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელი ფორმით არსებული ხელისუფლება მათ მომავლის რწმენას დაუბრუნებს.
მესამე, ვლადიმერ პუტინის ხატი არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც 2014 წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (82%) ენდობა მას, მაგრამ ამასთან ერთად ისინი ლიდერის ნიჭით აღარ არიან აღტაცებულნი. იმ შოუს ფონზე, რომელსაც ის რუსული აუდიტორიისთვის დგამდა, როდესაც ჩვენი დიდი ხნის „მტრების“ – ევროპასა და აშშ-ის წინააღმდეგ თამამი განცხადებებით გამოდიოდა, დღევანდელი განცხადებები არ არის ისეთივე შთამბეჭდავი. ისეთ ხისტ გამოსვლებსაც კი, რომლებშიც ის პლუტონიუმის უტილიზაციის შეთანხმებიდან გამოსვლაზე საუბრობს, არ აქვს ხალხის მობილიზაციის პოტენციალი. დისკუსიების მონაწილეების თქმით, ის აღარ არის ლიდერი, არამედ არის პატრონი. რუსეთის მოქალაქეები პატრონს პატივს სცემენ და ვერ ხედავენ პოტენციურ კონკურენტებს, თუმცა პატრონის სტატუსი არ არის უნიკალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მომავალზე იწყებს ფიქრს. ის აზრი, რომ მის მაგივრად, შესაძლოა, სხვა პიროვნება გამოჩნდეს, აღარ არის მარგინალური. მით უფრო, რომ 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით პუტინის ხსენებისას ყოველ ჯერზე მისი ასაკისა და ჯანმრთელობის თემა წამოიჭრება ხოლმე. ირონიულია, რომ სწორედ ასაკი და არა ცხოვრების დონის გაუარესება და კორუფციის აღმოფხვრის უუნარობა არის პოლიტიკოსის მთავარი სუსტი წერტილი. ხშირად შეიძლება გაიგონოთ რუსული ელიტის ხუმრობანარევი შედარება გვიან პოსტსაბჭოურთან – „კრემლის მოხუცები“. ხალხს მისი მიღწევების დაკნინება არ სურს, თუმცა სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მან სამშობლოს საკეთილდღეოდ ღირსეულად იშრომა და დროა დაისვენოს.
პოლიტოლოგმა ვალერი სოლოვეიმ გამოთქვა აზრი, რომ მმართველი ელიტის შიგნით განიხილავენ სახელმწიფო სათათბიროს შექმნას, რომელშიც მთავარ როლს ითამაშებს ვლადიმერ პუტინი, ხოლო პრეზიდენტის პოსტი იქნება ნომინალური. გასაკვირია, მაგრამ ცოტა ხნით ადრე ჯგუფური დისკუსიების დროს მონაწილეებს ჰქონდათ პუტინისთვის „მრჩევლის“ სტატუსის მინიჭების იდეა, რითაც უფლებამოსილების ნაწილს მოუხსნიდნენ. შესაძლოა, პრეზიდენტის გარემოცვა სწორედ ასეთი გზით ცდილობს ძალაუფლების კრიზის მოგვარებას.