ჩარლზ ჯონსონი
ჩარლზ ჯონსონი არის დამოუკიდებელი მკვლევარი და ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თბილისში, საქართველო. მის დაინტერესებაში შედის, რუსეთი, ევრაზია და პოლიტიკური ეკონომიკა. მას გააჩნია მაგისტრის ხარისხი ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, და ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში ბოისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
/სტატიის ორიგინალური ვერსია იხილეთ ინგლისურ ენაზე. ქართული თარგმანი მომზადებულია ყოველკვირეული გამოცემა ,,კვირის პალიტრისთვის”/.
საქართველოსა და რუსეთს რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ. პოსტსაბჭოთა დროიდან მოყოლებული, თბილისი და მოსკოვი ვერ რიგდებიან ისეთ ძირეულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეთნიკური უმცირესობები და ასევე, თუ რა წესებით „ითამაშონ“ საერთაშორისო გავლენის სფეროების რთული „თამაში“. ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ინერტულია. დიპლომატები ერთმანეთთან შეზღუდული ფორმით თანამშრომლობენ კომერციულ საკითხებზე, მოსახლეობის მიგრაციაზე და ზოგჯერ, ჟენევის მოლაპარაკებების დროს, საქართველოს მთავარ პრობლემაზე – კონფლიქტურ ზონებზეც ამბობენ ორიოდ სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სარგებლისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სტაბილურობის გაზრდის დიდი პოტენციალიდან გამომდინარე კოოპერაცია ორივე მხარის ინტერესებში შედის, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყნები მალე საუკეთესო მეგობრები გახდებიან. მთავარია, საქართველომ და რუსეთმა ისწავლონ, თუ როგორ გახდნენ ერთმანეთის ე.წ. frenemies.
Google-ის საძიებო სისტემაში სიტყვა frenemy-ს ძიებისას შემდეგ განმარტებას წავიკითხავთ: „ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებების ან მეტოქეობისა, ერთმანეთთან მაინც მეგობრობენ“. ამ შემთხვევაში, მომგებიანი ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის არ არის აუცილებელი ეფუძნებოდეს მათი უთანხმოებების მოგვარებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ამჟამად შეიძლება მიუღწევლად გვეჩვენებოდეს, არსებობს საერთო ინტერესები, რომელთა საფუძველზეც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ პროდუქტიული ურთიერთობა დაამყარონ, თუნდაც ეს ურთიერთობა გულითად მეგობრობას, პარტნიორობასა თუ მოკავშირეობას არ ეფუძნებოდეს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემების მიზეზი მხოლოდ თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკოსებში არ უნდა ვეძებოთ. ბრიუსელსა და ვაშინგტონიდანაც კი საქართველოს გაორებული ობიექტივით უყურებენ. „Washington Post“-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ სტატიებში საქართველოს შესახებ საუბრობენ სხვადასხვა კონტექსტში, მაგალითად – „რუსეთი საქართველოს „იგებს“ დასავლეთთან“ და პირიქით. ამ სტატიებში არაა ნაგულისხმევი, რომ საქართველოს თავად შეუძლია აარჩიოს საკუთარი კურსი; – ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მმართველები არ აღიარებენ თბილისის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გაუგებრობას და ხშირად არც კი განიხილება მესამე გზის შესაძლებლობა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით ფასეული ხდება არგუმენტი, რომ არ არის აუცილებელი, რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთი მოსწონდეთ, მაგრამ კრიტიკულია მათ შორის თანამშრომლობა რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის, და ეს შედის ორივე მხარის ინტერესებში.
უსარგებლო ეკონომიკური კინკლაობა
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ოცდახუთი წლის წინ დაიშალა, თხუთმეტი ყოფილი რესპუბლიკა ისევ ინარჩუნებს მჭიდრო ადამიანურ და ეკონომიკურ ურთიერთობას. რუსეთი კვლავ ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის, იმის მიუხედავად, ისინი რუსოფობები არიან, თუ არა. რუსული ინდუსტრიები, რომლებიც ფინანსდებოდა საბჭოთა კავშირში არსებული სამთავრობო ფირმებიდან, კვლავ ფუნქციონირებს რეგიონში და რუსეთი კვლავ რჩება გასაღების მთავარ ბაზრად ქართული პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყალი. მიუხედავად წარსული უთანხმოებებისა და საქართველოს ევროპული ბაზრისკენ სწრაფვისა, რუსეთი რჩება ბაზრად, სადაც მომხმარებელი ჯერ კიდევ სცნობს ქართულ მარკას და მომწოდებლების ჯაჭვს. ქართველი მიგრანტების დიდი რაოდენობაც სწორედ ისევ რუსეთს მიიჩნევს სამუშაოს პოვნისთვის ოპტიმალურ ადგილად, მათ მიერ ოჯახებისთვის გამოგზავნილ ფინანსებს კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ეკონომიკაში. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვნადაა (თუმცა არა სრულად) დამოკიდებული მოსკოვზე. ამის დანახვა შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკურ შოკებზე დაკვირვებით, რომელთაც სარკისებური ეფექტი აქვთ ქართულ ეკონომიკაზე. ამ პროცესს თვალსაჩინოდ წარმოსახავს 2014 წლიდან მოყოლებული ლარისა და რუბლის ურთიერთპროპორციული გაუფასურების დინამიკა (იხილეთ მარჯვნივ მოცემული დიაგრამა). ამ კუთხით, შთამბეჭდავი იყო ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო ფასების სტაბილურობისა და ზრდის უცვლელობის შენარჩუნება. შედეგად, მოხდა პოტენციური კრიზისის თავიდან არიდება. რუსეთის ცენტრალურ ბანკს შეუძლია საქართველოს ეკონომიკის მენეჯერებისგან არა მხოლოდ ისწავლოს, მეტიც, ორივე ქვეყნის ფინანსური სექტორის და რიგითი მომხმარებლების ინტერესებში შედის იმის გააზრება, რომ ორმხრივად ხელსაყრელი პირობების შექმნა და მდგრადი სტატუს ქვოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას კონსტრუქციულს, ანდაც პროდუქტიულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პოლიტიკური დაპირისპირების წყალობით, 2006-2012 წლებში ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგო არსებობდა, რამაც საგრძნობლად აზარალა ქართული სოფლის მეურნეობა. დღესდღეობით ეს პრობლემა გადაიჭრა, თუმცა ორივე მხარე იმუქრება სავაჭრო ომების განახლებით პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში. ეკონომიკის ექსპერტობა სულაც არაა საჭირო იმის მისახვედრად თუ რა მავნებელია ვაჭრობის ბუნებრივი დინების ხელოვნურად შეჩერება საზღვრების ორივე მხარეს მყოფი მეწარმეებისა თუ მომხმარებლებისათვის. თუ რუსეთი და საქართველო ყოველი პოლიტიკურ კინკლაობის ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანას არ მოეშვებიან, ორივე ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობასვე დააზარალებს.
დღევანდელი მსოფლიოს ენერგოთანამშრომლობისა და დიდი ბიზნესების რეალობაში, რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა თითქმის არ არსებობს. ბოლოდროინდელი სტატიები კავკასიის რეგიონში საქართველოსა და გაზპრომის დაძაბულ მოლაპარაკებებს შეეხება, სადაც საუბარია გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მონეტარული ნიხრის დაწესებაზე, იმის სანაცვლოდ, რაც აქამდე ხდებოდა, როცა საქართველო სომხეთში გაგზავნილი გაზის 10%-ს იღებდა. ჯეიმსთაუნის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველო არაა მონეტიზაციის წინააღმდეგი, მაგრამ ალექსი მილერი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი, ამ მოლაპარაკებებს კრემლის გეოპოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს, რაც რუსეთის მხრიდან პოლიტიკისა და კერძო გარიგებების გამიჯვნის სურვილის არქონაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიან შეთანხმებას ორივე მხარის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, რომელმაც ომსა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც კი გაუძლო. რუსეთის მოქმედებები ამ შემთხვევაში რეგიონის არც ერთ აქტორს არ აძლევს ხელს.
ქართული პერსპექტივიდან გამომდინარე, ბევრს მიაჩნია, რომ ევროპულ ბაზართან ინტეგრირება ჯერ კიდევ მოქმედ პოსტსაბჭოთა ეკონომიკისგან თავის დახსნას ნიშნავს. უცხოეთში მომსახურების სფეროში მომუშავე ბევრ ქართველს უკვე აქვს გააზრებული თუ როგორ მუშაობს ფულადი გზავნილების სისტემა იტალიიდან და საბერძნეთიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს მთავრობის ბოლო ხანების ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური გამარჯვება – ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებაზე (AA) ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს და ევროკავშირთან ღრმა ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA). მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთაზროვნად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ძალიან ცოტა თუ ხვდება რეალურად, რას ნიშნავს ეს შეთანხმება საქართველოსთვის. ქართული წარმოების უმეტესობას ბევრი უკლია ბრიუსელის სტანდარტებამდე, და იმ პროდუქტსაც კი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მოუწევს ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ, კარგად ცნობილ ევროპულ პროდუქციას გაუწიოს კონკურენცია. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ქართველებს, როგორც იტყვიან, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ქონდეს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომაც, ქართველმა მომხმარებლებმა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებმა არ იციან ევროპულ ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგები, და სავარაუდოდ გაკვირვებულები დარჩებიან, როდესაც ნახავენ, რომ ევროპის ბაზარზე ინტეგრაციის შემდეგ მომხმარებლებისთვის ფასები აიწევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ მიზნისკენ მიდის და მორგებულია პოლიტიკური პოზიციაც, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩრდილოელ ეკონომიკურ პარტნიორს ხელი ჰკრას თუ არ უნდა, რომ საკუთარ ეკონომიკას ძლიერი ზიანი მიაყენოს.
პოტენციური პარტნიორები უსაფრთხოებაში
მაშინ, როდესაც სტაბილური ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის განუხორციელებელი ორმხრივი სარგებლის ყბადაღებულ მაგალითად რჩება, თბილისისა და მოსკოვის ელიტებს შორის ყველაზე აქტუალური თემებია: კონფლიქტი, უსაფრთხოება, რეგიონალური სტაბილურობა. დღესდღეობით განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემას წარმოადგენენ ჩრდილოეთ კავკასიიდან და საქართველოდან, პანკისის ხეობაში მოსახლე ეთნიკურად ქისტი მებრძოლები, რომლებიც მიდიან სირიაში, რათა იბრძოლონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშების ქვეშ. 26 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო პანკისის ხეობაში საკუთარ მებრძოლებს წვრთნის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს უუნარობა – დაეცვა საზღვარი პანკისსა და რუსეთს შორის მეორე ჩეჩნური ომის დროს, 2008 წლის ომამდე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ორ დედაქალაქს შორის გამართულ კამათში მოსკოვი საქართველოს შიდა უსაფრთხოების უგულვებელყოფაში ადანაშაულებს, ხოლო თბილისი მოსკოვს უსაფუძვლო პროპაგანდასა და ავტორიტარულ ტაქტიკაში სდებს ბრალს. ეს საკითხი თანაბრად პრობლემურია ორივე დედაქალაქისათვის; თუმცა ორივე მხრიდან მხოლოდ ბრალდებები გაისმის და ჯერაც არ ჩანს თანამშრომლობის რეალური ნიშნები.
სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ინტერნაციონალურმა კოალიციამ კავკასიის უსაფრთხოების ინტერესებს თანამშრომლობის ერთგვარი მოდიკუმი შესთავაზა, თუმცა აქამდე ეს შესაძლებლობაც რეალურად განუხორციელებელი რჩება. რუსეთსაც და საქართველოსაც ემუქრებათ საფრთხე იმისა, რომ უცხოელი მებრძოლები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში და სირიაში ნასწავლ გაკვეთილებს ამ ორ ქვეყანაში (თუნდაც, დიდი ალბათობით, მხოლოდ რუსეთში) გამოიყენებენ. ლოგიკური გამოსავალი frenemies-სთვის იქნებოდა ის, რომ საერთო ინტერესების გარშემო შეკავშირებულიყვნენ, ერთმანეთისთვის სადაზვერვო ინფორმაციები გაეზიარებინათ და კოორდინირებული საერთო ოპერაციები განეხორციელებინათ რეგიონალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჯერ კიდევ ერთმანეთის დადანაშაულების ფორმატშია – პოლიტიკურ ამბებში, რომლის გადაწყვეტასაც დეკადები დასჭირდება, იმის მაგივრად, რომ პრაგმატულად იმოქმედონ და დაუყოვნებლივ მიმართონ უფრო რელევანტურ გზებს.
პრობლემების კომპარტმენტალიზაცია და საქართველოს მესამე პოლიტიკური გზა
რუსეთ-საქართველოს შორის frenemy ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხში საბოლოო და ყველაზე მეტად დეტალიზებული თემა ურთიერთობაში ძირითადი ნაკვეთების გამოყოფაა. მსოფლიოს მასშტაბით ორმხრივი frenemy ურთიერთობების უფრო ძლიერ მაგალითებზე, როგორიცაა, ირანი, რუსეთი და შეერთებული შტატები, დაკვირვებისას ვხედავთ, რომ ცალკეული ინტერესების გამოყოფა (ე.წ. comparmentalisation) საგარეო პოლიტიკის ნორმაა, როდესაც საქმე ეხება რომელიმე რთულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას.
ქართულ-რუსული ურთიერთობის კონტექსტში ცალკეული ინტერესთა სფეროების გამოყოფა მოცემულ მომენტში შეიძლება შორეულ პერსპექტივად მოსჩანდეს, თუმცა ამავდროულად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მხარეებმა ისეთ მწვავე თემებზე იპოვნონ კონსენსუსი, როგორიცაა კონფლიქტები. ჩვენ არ ველით, რომ რომელიმე მხარე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გარშემო საკუთარ რიტორიკას შეარბილებს. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში, თუნდაც დღეიდან მოყოლებული ათწლეულების განმავლობაში გადაიჭრება. ცალკეული ინტერესების გამოყოფა და მათზე მუშაობა იმის საწინდარია, რომ თბილისს ჯერ კიდევ შეუძლია რუსეთს ოკუპანტი უწოდოს, ხოლო მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია საქართველო ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრაში დაადანაშაულოს; თუმცა ეს რიტორიკა დაბრკოლებად არ უნდა იქცეს უფრო სექტორული საკითხების განხილვისას, როგორიცაა ენერგო და რეგიონის უსაფრთხოება. ეს ინიციატივა შეიძლება მოსკოვს და თბილისის ჰარდლაინერებს არ ეჭაშნიკოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი სექტორიზება პოლიტიკური საკითხებზე გამუდმებულ დავებს მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების პრიორიტეტად აქცევს და არა რუსულ-ქართული დიალოგის გამუდმებულ დღის წესრიგად. ამასთანავე, ასეთი ტენდენციის არსებობის პირობებში, მოსკოვმა უნდა დაივიწყოს აკვიატებული იდეა იმის შესახებ, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროს ეკუთვნის. არჩევნების დროს ქართველმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ – რასაკვირველია, რუსეთი ამით არ გაბედნიერებულა, მაგრამ ეს მიღებული უნდა იქნას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არჩევანი.
მოსკოვს რამდენიმე წარმატებული კომპარტმენტალიზებული ურთიერთობა აქვს, და რუსეთ-საქართველოს დიალოგსაც გააჩნია პერსპექტივა, ამ მხრივ განვითარდეს. საქართველოს პოლიტიკა იხლიჩება პირადი მისწრაფებების მქონე ორმხრივი პოლიტიკური ფიგურების გამო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა (UNM) და ქართული ოცნების (GD) კოალიცია ხშირად ვერ თანხმდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მრავალ ასპექტზე და ამ პრობლემის გადაჭრას მკვეთრად განსხვავებული (შავ-თეთრი) გზებით ხედავენ. ჩიხიდან გამოსასვლელად და საქართველოს ჩრდილოელი frenemy-სგან სარგებლის მისაღებად, საქართველოს პოლიტიკა და პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ მესამე გზაზე, რაც მდგომარეობს შემდეგში:
- მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დამოუკიდებელი ხმის და მნიშვნელობის აღიარება, განსაკუთრებით რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების დროს. ეს ეფუძნება იმას, რომ თბილისის პოლიტიკოსები სულ უფრო და უფრო ჩამოყალიბებულ და დეტალურ პოზიციას წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. თბილისმა უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა მოირგოს ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, კონფლიქტის გადაწყვეტა, კლიმატის ცვლილებები და ა.შ. და საკუთარი, კავკასიაში მისი უნიკალურობით განპირობებული პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
- თბილისის მხრიდან რეალისტური ეკონომიკური პოლიტიკის სტრუქტურირება, მოსკოვის მხრიდან კი ამის სტიმულირება რის შედეგადაც მოხდება კავკასიის მასშტაბით ტრანზიტული ვაჭრობის ხელშეწყობა და თბილისის მიერ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთავარი სავაჭრო კვანძის როლის მორგება. ეს უნდა მოხდეს რუსული ფირმებისთვის ხელსაყრელი გზით და არა მათი გარიყვის მეთოდით. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მომავალ წელს ირანი ისევ შეუერთდება მსოფლიო ბაზარს და ევროპისკენ მიმავალი და ევროპიდან გამომავალი პროდუქციის ნაკადი განუზომლად დიდი იქნება.
- ორმხრივი დიალოგი რუსულ ორგანოებთან საზღვრისა და უსაფრთხოების საკითხებში. ჩრდილოეთ კავკასია და სირიის კონფლიქტი ორივე მხარის, თბილისისა და მოსკოვის ინტერესებში შედის და მათი ერთობლივი მოლაპარაკებების გარეშე ეს პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყდება.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები საქართველოში, პოლიტიკური კონფრონტაციის ორი მთავარი ბანაკი – „ქართული ოცნება“ თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირი თავგამოდებით ცდილობენ დაამტკიცონ, თუ რომელი უფრო მეტად უჭერს მხარს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რომელს შეუძლია საქართველო NATO-ს წევრი გახადოს. თუმცა, მსოფლიო ასპარეზზე ნაკლებად სცემენ პატივს საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას და ყურადღებას ამახვილებენ სოფლად მცხოვრებ ღარიბი მოსახლეობის, უმუშევრობისა და უმცირესობების უფლებებზე.
ადმინისტრაციას შეუძლია ისაუბროს გრძელვადიან გეგმებზე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მათი მიღწევა შეუძლებელი იქნება გადაუდებელი პრობლემების გადაწყვეტის გარეშე. გარდა ამისა, თბილისმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობა, რომლისკენაც ის ასე მიისწრაფის, მჭიდრო ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობაშია რუსეთთან, ჩინეთთან და შუა აღმოსავლეთთან, და ამ ქვეყნებთან დალაგებული ურთიერთობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებელი კომპონენტი იქნება, და არა პირიქით.
მოცემული გამოწვევა ორი სახელმწიფოსთვის თავიანთი პოლიტიკური პოზიციების გაფართოებისა და პირადი თავდასხმების ახლანდელი პრაქტიკის მიღმა გასვლაა. რეალურად, უფრო დიდი და ხანგრძლივი პოლიტიკური მიზნებისკენ მიმავალი ბილიკი მცირე პრაგმატული გამარჯვებებით უნდა იყოს განმტკიცებული. ამის ნაცვლად კი მხარეები ჯიუტად ჩაშტერებიან ვრცელი იდეოლოგიურ დღის წესრიგს და მისი კარნახით ცდილობენ იმოქმედონ. განახლებული მიდგომის გარეშე, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რეგიონში, მისი ეკონომიკური სტაბილურობა და კონფლიქტის გადაწყვეტის ხანგრძლივი მიზნები უდავოდ განუხორციელებელი დარჩება. ყველაზე უარესი სცენარი რეგიონისთვის იქნება ამ დრომდე გაუთვალისწინებელი კონფლიქტის გამოცდა ან კრიზისი, გამოწვეული დაუსრულებელი რიტორიკით თანამშრომლობის სურვილის არქონის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, კავკასია დიპლომატიის უკეთეს ხარისხს იმსახურებს და საქართველოსა და რუსეთს აქვთ შესანიშნავი უფლებამოსილება იმისთვის, რომ რეგიონში ეს უზრუნველყონ.
______________________