ალექსანდრ იურინი
აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მაგისტრი; ფილოსოფოსი
შესავალი
ბოლო წლებია, უსაფრთხოების საკითხები გვევლინება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად, არა მხოლოდ ვიწრო საექსპერტო საზოგადოებისთვის, არამედ უფრო ფართო სადისკუსიო სივრცეებში. უსაფრთხოება იქცა ნომერ პირველ თემად მსოფლიო მას-მედიისათვის, უკრაინის კრიზისმა და მისმა მასშტაბებმა კი ბიძგი მისცეს საუბრებს „ახალ ცივ ომზე“. უსაფრთხოების თემას დღეს პირდაპირ უკავშირებენ ახალ მსოფლიო წესრიგსა და მოწყობას, ამავდროულად კი ლაპარაკია ახალ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც ხსენებული მსოფლიო აღმოჩნდა.[1]
იმისათვის რომ გავცეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა შეიძლება განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებად დღეს არსებულ სიტუაციებთან შესაბამისობაში, უნდა დავაკვირდეთ, ერთი მხრივ, უსაფრთხოების, როგორც კონცეფციის ევოლუციის პროცესს, მეორე მხრივ, უსაფრთხოების შესწავლაში არსებულ რიგ თანამედროვე მიდგომებს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმას, თუ რა სტრუქტურული ცვლილებები მოხდა მსოფლიო მმართველობის არქიტექტურაში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში და როგორი გავლენა იქონიეს უსაფრთხოების კონცეფციის დღევანდელ აღქმაზე – თუ ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოებას თანამედროვე სამყაროში.
უსაფრთხოების კვლევები (Security studies\Strategic studies)[2], როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ცალკეული ქვედარგი, წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და უმეტესად ანგლო-ამერიკულ გამოგონებად მიიჩნეოდა. 70-იანების ბოლომდე და 80-იანი წლების დასაწყისშიც ეს ქვედარგი სრულად თავსდებოდა პოლიტიკური რეალიზმის პარადიგმაში, მისი ძირითადი პრინციპები კი ფორმულირებული იყო ოთხი ლათინური S-ის გარშემო: States – სახელმწიფოები, რომლებიც გვევლინებიან უსაფრთხოების მთავარ აქტორებად და რეფერენტებად, Strategy – სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა სამხედრო დაგეგმარებას, Science – მეცნიერება, ამ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერებები, რომლებსაც ზემოთხსენებული სამხედრო დაგეგმარება ეფუძნებოდა და Status quo – იმ გაგებით, რომ უსაფრთხოება განიხილებოდა როგორც ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების საშუალება.[3] სხვა სიტყვებით, უსაფრთხოება პირველ რიგში გაგებული იყო როგორც პროდუქტი, რომლის უპირველესი მწარმოებელიცა და მომხმარებელიც სახელმწიფო იყო, ხოლო უსაფრთხოების მთავარ ავანსცენას სამხედრო სექტორი წარმოადგენდა.
სახელმწიფოცენტრისტულ და მილიტარისტულ მიდგომათა პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კვლევებში გარდამტეხ მომენტად „ცივი ომის“ დამთავრება მიიჩნევა, უსაფრთხოების როგორც კონცეფციის აღქმის კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს. უსაფრთხოების კონცეფციის გაფართოებული აღქმის ერთ-ერთ მაგალითად, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო სტრატეგიით, მიშელ ფუკოს ლექციების კურსი სახელწოდებით „უსაფრთხოება, ტერიტორია, მოსახლეობა“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ასე მაგალითად, ფუკოსთან უსაფრთხოების ცნება განხილულია მართვის პრაქტიკების პრიზმაში, როგორიცაა ქალაქგეგმარება, საფორტიფიკაციო მშენებლობები, მარცვლეულის ბრუნვის კონტროლი, სანიტარული კონტროლი, დისციპლინარული პრაქტიკები და სხვა… ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების საკითხები ჯერ ისევ სახელმწიფოს ცნების გარშემოა აგებული, ისინი სცდებიან სამხედრო სექტორის ფარგლებს და, შესაბამისად, საფრთხეების სია, რომელთა წინაშეც სახელმწიფო შეიძლება აღმოჩნდეს, ერთობ მრავალფეროვანია: შიმშილი, ეპიდემიები, აჯანყება და ა.შ. ფუკო გვიხატავს ხელისუფლებისა და მის წინაშე მდგარი რიგი გამოწვევების ურთიერთმიმართების ერთობ ჩახლართულ სურათს. ეს გამოწვევები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში წარმოიქმნება: მათ შორისაა საზოგადოება, რომლის დაცვაც აუცილებელია (ფუკო მ. საჭიროა საზოგადოების დაცვა). მოგვიანებით ეს იდეები განვითარებას ჰპოვებენ უსაფრთხოების კვლევის პარიზის სკოლის ფარგლებში.[4] ასევე, ამ იდეებმა გარკვეულწილად გავლენა მოახდინეს ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ ჩამოყალიბება-განვითარებაზე, რომელსაც XXI საუკუნეში ძალაუფლების ინსტიტუტებს შეუპირისპირებენ.
პირველ ავტორად, ვინც უსაფრთხოების კონცეფციას წიგნი მიუძღვნა, ბევრი ბარი ბუზანს მიიჩნევს – უსაფრთხოების კვლევის კოპენჰაგენის სკოლის (Copenhagen school of security studies) ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, სკოლისა, რომელიც დღესდღეისობით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სკოლად ითვლება.

ბუზანის პირველი წიგნი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაგების პრობლემატიკას ეძღვნებოდა, იყო „ადამიანები, სახელმწიფო და შიში: ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში“ (1983).[5] ავტორი ერთ-ერთი პირველია, ვინც იწყებს საუბარს იმაზე, რომ უსაფრთხოების განხილვა მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან მიმართებაში დაუშვებელი რედუქციაა. ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის განსაზღვრისას, ბუზანი ყურადღებას ამახვილებს მის შინაგან წინააღმდეგობებზე, სადაც ეროვნული უსაფრთხოება ინდივიდუალური უსაფრთხოების საპირწონეა. ავტორი მიგვითითებს თანამედროვე სახელმწიფოს პარადოქსულ ბუნებაზე, რომელსაც, ერთი მხრივ, „ახალი ერის“ ინტელექტუალური ტრადიციების მიხედვით (ჰობსი, ლოკი), ევალება უზრუნველყოს ცალკეულ ინდივიდთა უსაფრთხოება და არ დაუშვას მათთვის ძალაუფლების მიცემა „ბუნებით მდგომარეობაში“. მეორე მხრივ კი, აქვს რა მონოპოლია ძალადობაზე[6], სახელმწიფო ინდივიდისთვის საფრთხის წყაროდაც გვევლინება.
ბუზანი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნაციონალური სახელმწიფოები არ წარმოადგენენ ერთადერთ და უალტერნატივო მოთამაშეებს. მაგალითად მოჰყავს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები და სხვა… აშკარა ხდება, რომ ეროვნული უსაფრთხოება საერთაშორისო უსაფრთხოების საპირწონეა და ამ სფეროში მთავარ მოთამაშეს (securitizer) გაეროს უსაფრთხოების საბჭო წარმოადგენს. უკვე 80-იანი წლების დასაწყისში ეროვნული უსაფრთხოების აღქმა ერთობ პრობლემატური ხდება, რათა აღწერილ იქნას მთელი რიგი პროცესები, მიმდინარე როგორც სახელმწიფოს „შიგნით“, ისე მის „გარეთ“.
მსოფლიო სურათის გარდაქმნა მართვის თვალსაზრისით
უნდა აღინიშნოს, რომ ბუზანის წიგნის გამოსვლას (1983) დაემთხვა ნაციონალიზმის კვლევების სფეროში (Nationalism Studies) ძირითადი ნაშრომების გამოცემა (ანდერსონი, გელნერი, ჰობსბაუმი, რეინჯერსი). ამ ნაშრომებმა კარდინალურად გარდაქმნეს ინტელექტუალური ლანდშაფტი სახელმწიფოსა და ერთან, როგორც მსოფლიო წესრიგის ძირითად სუვერენთან მიმართებაში. კვლევებში პოლიტიკურ რეალიზმსა და პრიმორდიალიზმს კონსტრუქტივისტული მიდგომა ანაცვლებს, ცივი ომის დამთავრებამ კი სრულიად გარდაქმნა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ადრინდელი აღქმა, ისე ეროვნული სახელმწიფოების როლი მომავალ მსოფლიო წესრიგში.
ამავე პერიოდში იცვლება შეხედულებები მსოფლიო წესრიგზე, მათ შორის იმ ფასეულობათა სისტემაზე, რომელიც დაკავშირებული იყო ადრინდელ სტრუქტურებთან: „გლობალიზაცია იქცა ერთობ მძლავრ მეტაფორად იმის აღსაღწერად, თუ როგორ ხდება მსოფლიო თანდათან სულ უფროდაუფრო ინტეგრირებული და ურთიერთდამოკიდებული. გლობალიზაციის შესახებ ძირითადი წარმოდგენა, როგორც წესი, აგებულია ფინანსების, ადამინების, ღირებულებებისა და იდეების გლობალურ დინებასა და მიმოქცევაზე, რაც სცდება ეროვნულ ბარიერებზე დაფუძნებულ ძველ სისტემას, რომლის მიზანიც იყო ავტონომიისა და სახელმწიფო ხელისუფლების შენარჩუნება. სწორედ გლობალიზაცია განიხილებოდა იმ ყველაზე მძლავრ გარე ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს როგორც, საზოგადოებების ხასიათის ფორმირებაზე, ისე მმართველობის ძირითად ტიპებზე…“[7]
ყურადღების გამახვილებამ ისეთ გარემოებებზე, როგორებიცაა: გლობალიზაციური პროცესები, სახელმწიფოთა შორის ურთიერთდამოკიდებულების მკვეთრი ზრდა ე.წ. „spill-over effect“, ასევე მართვის ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბება და მრავალი სხვა, პირველადი მოსაზრებები ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული საზღვრების შესახებ ადრინდელზე მეტად გაართულა..[8] მეორე მხრივ, ასეთმა ხედვამ ჩამოაყალიბა ახალი დარგი, სადაც უსაფრთხოების საკითხები გადატანილია გლობალურ სიბრტყეში. დღესდღეობით ზოგიერთი სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების საკუთარ სტრატეგიაში რთავს გლობალურ საკითხებსაც, როგორებიცაა: მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერება ჯანდაცვის კუთხით, გლობალური ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და სხვა…[9]
ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ერი-სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მოთამაშის როლი, ამოწურულია, თუმცა მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ (1992) გვიწევს იმის გააზრებაც, რომ მსოფლიო წესრიგის ორგანოგრამა შეიცვალა და მასში ახალი ტიპის მოთამაშეები გაჩნდნენ.
90-იანი წლების შუაში ხდება რეგიონის, როგორც კონცეფციის გადააზრება და რეგიონულ კვლევებში ჩნდება ახალი მიმართულება – ახალი რეგიონალიზმი (B. Hettne; F. Söderbaum; L. Vanlangenhove; A. Acharya; Ph. De Lombaerde და სხვა.) ახალი რეგიონალიზმი, გლობალიზაციური პროცესის გათვალისწინებით, რეგიონების თემატიკის ახლებურ აღქმას გვთავაზობს: „…მრავალი თეორია, რომელიც დაკავშირებულია ახალ რეგიონალიზმთან, იმდენადაა ახალი, რამდენადაც ის აშუქებს რეგიონალიზმისა და ექსტრარეგიონული სფეროს, უფრო უკეთ კი გლობალიზაციას შორის ურთიერთდამოკიდებულებას. მეტწილად სწორედ ამაშია განსხვავება ახალსა და ძველ რეგიონალიზმს შორის, განსაკუთრებით მის დომინანტ ვარიანტ ნეოფუნქციონალიზმს შორის, რომელიც ხშირად უგულებელყოფს გლობალური სფეროს, თითქმის იმ დონემდე, რომ შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს რეგიონები გარესამყაროდან იზოლირებული არიან.“[10]
მმართველობის თვალსაზრისით გართულებულმა მსოფლიო წესრიგმა ახალი კონცეფციის – ე.წ. „მრავალდონიანი მმართველობის“ კონცეფციის წარმოქმნა განაპირობა[11] (Hooghe, L.; Marks G. 2001), რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო ხშირად გვევლინება ანალიზის უპირატეს პერსპექტივად. მრავალდონიან მმართველობაზე საუბრისას ლუკ ვან ლანგენჰოვე მიგვითითებს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე ღრმა ტრანსფორმაციულ პროცესებზე – მეოცე საუკუნის დასასრულამდე მმართველობის ერთადერთ ერთეულს სახელმწიფო წარმოადგენდა, დღეს კი მართვის სადავეებს მთელი რიგი მოთამაშეები ინაწილებენ. სახელმწიფომ საკუთარი ფუნქციების დელეგირება მოახდინა როგორც ზემდგომ – სუპრანაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, ასევე ქვემდგომ – სუბნაციონალურ და ლოკალურ დონეზე. ეს ცვლილებები სახელმწიფოს ახალი კონკურენტების წარმოშობას უწყობს ხელს, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა დონეზე საკუთარ ნიშას პოულობენ.[12]

ამასთანავე, 90-იან წლებში ხდება არა მხოლოდ მმართველობის სტრუქტურის ცვლილება, რაც სრულიად ახლებურად აგებს უსაფრთხოების არქიტექტურას, არამედ იბადება ახალი აქსიოლოგიური ერთეული – ადამიანის უფლებები, რომელმაც ჩაანაცვლა სახელმწიფო, როგორც უმაღლესი ღირებულების მატარებელი და უსაფრთხოების მთავარი რეფერენტი. ჩნდება ჰუმანიტარული ინტერვენციების[13] პრინციპულად ახალი დისკურსი, რომელიც უკვე 2005 წლისთვის გაფართოვდა და ჩამოყალიბდა საერთაშორისო ნორმად „დაცვის ვალდებულების“ შესახებ (R2P). ამ ახალი დისკურსის ამოსავალ წერტილად იქცა „ადამიანის უფლებების“ კონცეფცია, რომელთაც პრიორიტეტული სტატუსი ენიჭებათ უსაფრთხოების საკითხების განხილვისას. გაეროს ამ ახალი ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო სუვერენიტეტი უკვე აღარ წარმოადგენს აბსოლუტურ ღირებულებას, თუკი სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ხოლო სახელმწიფოს არ ძალუძს მათი უპირობო დაცვა. ათასწლეულის სამიტზე გამოსვლისას კოფი ანანმა განაცხადა: „თუ ჰუმანიტარული ინტერვენცია მართლაც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მაშ როგორ მოვიქცეთ, როდესაც აღმოვჩნდებით ისეთი სიტუაციის პირისპირ, როგორიც ვიხილეთ რუანდასა და სრებრენიცაში – როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანური ყოფის ყველა სიკეთეს?“[14]
კოპენჰაგენის სკოლა და უსაფრთხოების კვლევის ახალი მეთოდი
ამ პერიოდშივე, უსაფრთხოების კვლევის კოპენჰაგენის სკოლამ შეიმუშავა უსაფრთხოების ფენომენისადმი პრინციპულად განსხვავებული მიდგომა და ინსტრუმენტების მთელი არსენალი იმ პროცესების გამოსაკვლევად, რასაც ისინი მოგვიანებით სექიურითიზაციას – „securitization-ს“ უწოდებენ.[15]. იწყება უსაფრთხოების ფენომენის მაქსიმალურად ფართო განხილვა, ხოლო Security studies, როგორც დისციპლინა, სცდება საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოებს.
აქ მოვიყვანთ კოპენჰაგენის სკოლის მკვლევრების მხოლოდ იმ ძირითად მიღწევებს, რომელთაც ძირეული გავლენა მოახდინეს უსაფრთხოების კვლევის განვითარებაზე:
- გასცდნენ ოთხ S-ს და შექმნეს ახალი რეგიონული პერსპექტივა უსაფრთხოების კვლევის კუთხით.[16]
- გააფართოვეს უსაფრთხოების, როგორც კონცეფციის დიაპაზონი – იგი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო დისკურსით. ავტორებმა შემოგვთავაზეს ხუთი ძირითადი სექტორი, სადაც უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ: სამხედრო, პოლიტიკური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციოლოგიური.
- უსაფრთხოების კვლევა გამოვიდა საერთაშორისო ურთიერთობების ჩრდილიდან, მან შეიძინა უმეტეს წილად ინტერდისციპლინარული ბუნება.[17]
- შეიმუშავეს სექიურითიზაციის ანალიტიკური გაგება, რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, შეიძლება თუ არა ესა თუ ის შემთხვევა მივიჩნიოთ უსაფრთხოების საკითხად.
ერთი სიტყვით, უსაფრთხოებამ კოპენჰაგენის სკოლის წყალობით ორდინალური პოლიტიკური პრაქტიკებიდან ექსტრაორდინალურ პოლიტიკის სფეროში გადაინაცვლა. აქ მუშავდება დისკურსული ველი, სადაც ხდება ამა თუ იმ ობიექტის ამოცნობა როგორც არსებობისთვის საფრთხის შემცველისა და ასევე იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია ადრინდელი მდგომარეობის, წესრიგისა თუ კანონების ცვლილება. ავტორები ამა თუ იმ შემთხვევასთან მიმართებაში ავლებენ განსხვავებებს პოლიტიზაციასა და სექიურითიზაციას შორის. სექიურითიზაცია გულისხმობს რომ „ესა თუ ის შემთხვევა წარმოადგენს არსებით საფრთხეს (existential threat) და საჭიროებს დაუყოვნებლივ ექსტრაორდინარულ ზომებს სადაც ნორმატიული პოლიტიკური პროცედურების ჩარჩოების დარღვევა გამართლებულია“[18] პრინციპულად ახალ მიდგომად ითვლება ის, რომ კოპენჰაგენის სკოლა საფრთხეს აღიქვამს როგორც სოციოლოგიურ ფენომენს, ხოლო ამა თუ იმ შემთხვევის სექიურითიზაციის პროცესს კი დისკურსული ბუნება აქვს.
სექიურითიზაციის შესწავლისათვის საჭირო მთავარ ინსტრუმენტად ბ. ბუზანი, ო. ვეივერი და დ. დე უაილდი დისკურს-ანალიზს მიიჩნევენ: სექიურითიზაცია შეგვიძლია პირდაპირ შევისწავლოთ, ამისთვის არ გვჭირდება ინდიკატორები. სექიურითიზაციის პროცესის კვლევა ნიშნავს გამოვიკვლიოთ დისკურსი და პოლიტიკური კონსტელაციები, ამით უნდა ვუპასუხოთ კითხვას: როდის იძენს არგუმენტი, მისი განსაკუთრებული რიტორიკული და სემიოტიკური სტრუქტურის გათვალისწინებით, საკმაო სიმყარეს იმისთვის, რომ მან აიძულოს აუდიტორიას მოითმინოს იმ არსებული წესების დარღვევა, რომლებსაც სხვა შემთხვევაში იცავენ? როდესაც მოთამაშე იყენებს არსებითი საფრთხისა და მასზე გადაუდებელი და პრიორიტეტული რეაგირების არგუმენტს, ახერხებს დაარღვიოს პროცედურათა თავისუფლება ან წესები, რომლითაც ის ჩვეულებრივ ხელმძღვანელობს, ჩვენ საქმე გვაქვს სექიურითიზაციის შემთხვევასთან“.[19]
უსაფრთხოების საკითხები უფრო ნაკლებად უკავშირდება ფიზიკურ რეალობასა თუ ობიექტურ გარემოებებს და მეტად მიეკუთვნება აღქმის სფეროს – უნდა იქნეს თუ არა აღქმული ესა თუ ის ფენომენი როგორც საფრთხე. ამ გადმოსახედიდან, სექიურითიზაციის შესწავლისას რაიმე ობიექტური მაჩვენებელი ნაკლებად გამოგვადგება. ამის მაგალითად სახელდება აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ემიგრანტთა პროცენტული მაჩვენებლისა და დასაშვები ზღვრის, როგორც მნიშვნელოვან საფრთხედ აღქმისადმი სოციეტალურ სექტორში: „სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა ზღვრული სიდიდეები აქვთ საფრთხის განსასაზღვრად: ფინელები შეშფოთებულები არიან 0,3 % უცხოელი ემიგრანტების შემოდინებით, მაშინ როცა შვეიცარია ემიგრანტთა 14,7 %-ს ართმევს თავს“.[20]
ეს მაგალითი დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ზუსტი მეცნიერებები აღარ წარმოადგენენ უსაფრთხოების შესწავლის მთავარ ინსტრუმენტს. მეტიც, საარჩევნო, დემოგრაფიული თუ ეკონომიკური მაჩვნეებლების ანალიზის შედეგად მიღებული ნებისმიერი მონაცემი არ მოდის შესაბამისობაში ამა თუ იმ შემთხვევის სექიურითიზაციის პროცესთან. ასე რომ, დისკურს-ანალიზის მეთოდი, როგორც მთავარი ინსტრუმენტი სექიურითიზაციის შესასწავლად არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. კოპენჰაგენის სკოლა გვთავაზობს ცნების გაფართოებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო დისკურსით და ამას გარდა მოიცავს მთელ რიგ განსხვავებული ტიპის საფრთხეებს. 90-იან წლებში ჩამოყალიბებული უსაფრთხოების სწორედ ასეთი გაფართოებული აღქმა საფუძვლად დაედო სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებს XXI საუკუნეში.
დღესდღეისობით ეროვნული უსაფრთხოება თავის თავში მოიცავს სულ ახალ და ახალ რეფერენტულ ობიექტებს, ისევე როგორც ქვეკომპონენტებს. ასე მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად (31.12.2015), ეროვნულ უსაფრთხოებაში შედის: სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ინფორმაციული, ეკოლოგიური, ეკონომიური, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და პიროვნების უსაფრთხოება.[21]
უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებული კომპლექსური სიტუაციის შესახებ
დღევანდელ სიტუაციაზე საუბრისას, უნდა ითქვას, რომ საფრთხეების ჩამონათვალი, რომლებსაც დღევანდელობის მთავარი მოთამაშეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, წლიდან წლამდე იცვლება და ძნელად თუ შეიძლება მოვათავსოთ იმ სექტორულ ჩარჩოებში, რომელსაც კოპენჰაგენის სკოლა გვთავაზობს. სულ უფროდაუფრო შესამჩნევი ხდება სექტორული მიდგომიდან ცალკეულ შემთხვევებზე (case) გადასვლის ტენდენცია, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს როგორც საფრთხე რამდენიმე სექტორში ერთდროულად ან უბრალოდ განსაკუთრებულ გამოცალკევებას საჭიროებდეს.
გარდა უსაფრთხოების ფენომენის გაფართოებული გაგებისა, უნდა აღვნიშნოთ ახალი მოთამაშეების გამოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, რომლებიც ხშირად გვევლინებიან, მმართველობის განსხვავებული დონეების სახით. მიუხედავ ამისა, ისინი ასევე ცდდილობენ გაატარონ უსაფრთხოების დამოუკიდებელი პოლიტიკა. სუპრანაციონალური მოთამაშის მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების კარგი მაგალითია ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია (ESS).[22] მეორე მხრივ, მიკრორეგიონები, რომელთაც გადაეცათ მმართველობის რიგი ფუნქციები, ასევე ცდილობენ გაატარონ უსაფრთხოების პოლიტიკა, განიხილავენ რა საკუთარ თავსა და ინტერესებს როგორც უსაფრთხოების სფეროს რეფერენტებს.

კრიზისმა უკრაინაში თვალნათლივ დაგვანახა ევროპის თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი კომპლექსურობა, რაც მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა მოთამაშეებს: რეგიონული ორგანიზაციები (ევროკავშირი, საბაჟო კავშირი, ევრაზიული კავშირი), სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები (ნატო, ტაშკენტის შეთანხმება), ეროვნული სახელწიფოები და ასევე მიკრორეგიონები, რომლებიც იქცნენ არასტაბილურობის კერებად სუპრანაციონალური რეგიონული ინტეგრაციის ფონზე.
ბოლო წლების რეგიონული ინტეგრაციის პროცესებმა და მათთან დაკავშირებულმა კრიზისებმა თვალნათლივ დაგვანახეს მიკრორეგიონებთან დაკავშირებული პრობლემატიკა, რაც სულ უფრო მეტად იძენს სუბიექტურობას თანამედროვე სამყაროში და მიისწრაფვის საკუთარი თავის დაცვისკენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი კვლევითი ლიტერატურა რეგიონული ინტეგრაციის თემაზე, მისი ძირითადი ნაწილი ეძღვნება მაკრორეგიონებსა და სუპრანაციონალურ ინტეგრაციას. მიკრორეგიონის, როგორც მმართველობის ერთეულის და დამოუკიდებელი მოთამაშის როლი, რომელიც ატარებს უსაფრთხოების პოლიტიკას უსაფრთხოების გლობალურ არქიტექტურაში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მმართველობის კუთხით სურათის შეცვლამ არ მიგვიყვანა მმართველობის ძველი ფორმების ახალი ფორმებით ჩანაცვლებამდე. თანამედროვე მმართველობის ფორმები, ისევე როგორც მათთან დაკავშირებული დისკურსები, უფრო კომპლემენტარულ ხასიათს ატარებენ. ასე მაგალითად, მმართველობის ახალი დონეების შექმნამ, რომლებიც ხშირად ირგებენ დამოუკიდებელი მოთამაშეების როლს და ახორციელებენ უსაფრთხოების პოლიტიკას (Securitizer) არ მიგვიყვანა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დისკურსის ახალი – გლობალური, რეგიონალური თუ ლოკალური დისკურსით შეცვლასთან. ყველა მათგანი თანაარსებობის რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა, როგორც ბოლოდროინელი კრიზისები მოწმობენ, სულ უფროდაუფრო ხშირად ხდებიან ერთმანეთის კონკურენტები და უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ამას გარდა, სულ უფროდაუფრო შესამჩნევი და მოქმედი ხდება „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“, რომელიც წარმოდგენილია არასამთავრო და არაკომერციული ორგანიზაციების (NGO და NPO), ისევე როგორც სხვადასხვა არაინსტიტუციური მოძრაობების სახით, რომლებიც მთავარ ფოკუსს ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვასა და სხვა მსგავს საკითხებზე აკეთებენ. ისინი ასევე ხშირად შეგვიძლია განვიხილოთ დამოუკიდებელ მოთამაშეებად, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში მოქმედებენ, განიხილავენ რა სამთავრობო სტრუქტურებს საფრთხის მთავარ წყაროდ.
დასკვნა
XXI საუკუნის დასაწყისისთვის კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რა არის უსაფრთხოება და რა წარმოადგენს მის მთავარ რეფერენტს, უფრო და უფრო რთული ხდება. ერთი მხრივ, იმის გათვალისწინებით რომ უსაფრთხოების გაგება მაქსიმალურად ფართოვდება და წარმოგვიდგება როგორც essentially contested concept – უმთავრესად სადაო კონცეფტი, რომლის გააზრება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა დისკურსით მივუდგებით საკითხს. მეორე მხრივ, ეს სირთულე ვლინდება სხვადასხვანაირი ტიპის მოთამაშეებში, რომლებიც ცდილობენ უსაფრთხოების პოლიტიკა გაატარონ და შესაბამისად ჩამოაყალიბონ უსაფრთხოების განსხვავებული რეფერენტები. დღეს, უსაფრთხოების სფეროს განსაზღვრა მკაცრ დისციპლინარულ, სექტორულ თუ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში შეუძლებლად წარმოგვიდგება, ხოლო იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომელსაც თანამედროვე მოთამაშეები (Securitizer) მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ძალიან სწრაფად იცვლება. უსაფრთხოების დღევანდელი სურათი შეიძლება წარმოვადგინოთ, პირველ რიგში, როგორც კონკრეტული შემთხვევების გარშემო დაჯგუფებული ურთიერთდაპირისპირებული დისკურსები, რომელთა ძირითად მიზანს სექიურითიზაცია წარმოადგენს. ასევე, უსაფრთოხება შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც ურთიერთდაპირისპირებული მოთამაშეების ბრძოლა ლეგიტიმურობისთვის – გაატარონ უსაფრთხოების საკუთარი პოლიტიკა და თვითონ განსაზღვრონ რა წარმოადგენს მათთვის მნიშვნელოვან საფრთხეს. ასეთი სიტუაცია, ერთი მხრივ, საერთო სურათს ერთობ ართულებს, მეორე მხრივ კი შესაძლებლობას გვაძლევს დინამიკაში დავინახოთ თუ როგორია დღევანდელობაში უსაფრთხოების აღქმა: დავაკვირდეთ, თუ როგორ და ვის მიერ ყალიბდება ის და რანაირად იძენს ამა თუ იმ სემანტიკურ დანამატს.
_________________________________________________________
[1] იხ. მიუნხენის 2015 წლის უსაფრთხოებას მიძღვნილი კონფერენციის ანგარიში – «Collapsing Order,
Reluctant Guardians?» ხელმისაწვდომია:http://www.eventanizer.com/MSC2015/MunichSecurityReport2015.pdf
[2] ავტორის შენიშვნა – Strategic studies – ბრიტანულ ტრადიციაში.
[3] Williams Paul D. Security Studies: An Introduction. Routledge 2008 გვ. 3
[4] Wæver, Ole New ‘Schools’ in Security Theory and their Origins between Core and Periphery” Paper presented at the annual meeting of the International Studies Association, Le Centre Sheraton Hotel, Montreal, Quebec 2004
[5] Buzan Barry, People, States & Fear: The National Security Problem in International Relations WHEATSHEAF BOOKS LTD 1983
[6] Вебер М. Политика как призвание и профессия // Вебер М. Избранные произведения. М., 1990. С. 645
[7] Hurrell A. On Global Order: Power, Values, and the Constitution of International Society. Oxford University Press, 2007 გვ. 196
[8] Held D. and McGrew A., Goldblatt D and Perraton J. Global Transformations, Politics,
Economics and Culture. Cambridge. Blackwell Publishers 1999. P9
[9] National Security Strategy. USA. (2015) ხელმისაწვდომია: https://www.whitehouse.gov/sites/default/files/docs/2015_national_security_strategy.pdf
[10] Söderbaum, F. Introduction: Theories of New Regionalism// F.Söderbaum et al.(eds), Theories of New Regionalism, Palgrave Macmillan, a devision of Macmillan Publishers Limited 2003, გვ.4
[11] ინგლისურად – multi-level governance
[12] Van Langenhove, Luk Building regions: the regionalization of the world order. Ashgate 2011. გვ.53
[13] Hettne Björn, Bertil Odèn Global governance in the 21st century: alternative perspectives on world order.
Almquiest & Wiksell Intl 2002. გვ. 12-13
[14] ხელმისაწვდომია: http://www.un.org/ru/preventgenocide/rwanda/bgresponsibility.shtml
[15] სექიურითიზაცია – ნაწარმოებია ინგლისურიდან Security – უსაფრთხოება.
[16] ავტორის შენიშვნა: უნდა აღინიშნოს, რომ კოპენჰაგენის სკოლის უსაფრთხოების რეგიონული კომპლექსის გაგება განსხვავდება რეგიონალურ კვლევებში არსებული რეგიონების გაგებისგან . რეგიონული პერსპექტივა უმეტესწილად განიხილება როგორც გლობალურის ქვესისტემა და არა ისე, რომ რეგიონული ორგანიზაცია გაიგებოდეს როგორც რეფერენტული ობიექტი ან როგორც აქტორები (securitizer). სინამდვილეში, უსაფრთხოების სფეროში პირველი სერიოზული კრიზისი რეგიონული ორგანიზაციების მონაწილეობით, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია შესაძლოა განვიხილოთ უკრაინის კრიზისი.
[17] Williams Paul D. Security Studies: An Introduction. Routledge 2008 გვ. 4
[18] Barry Buzan, Ole Waever, and Jaap de Wilde, Security: A New Framework for Analysis Boulder: Lynne Rienner Publishers, 1998. გვ. 25
[19] Barry Buzan, Ole Waever, and Jaap de Wilde, Security: A New Framework for Analysis Boulder: Lynne Rienner Publishers, 1998. გვ. 25
[20] Barry Buzan, Ole Waever, and Jaap de Wilde, Security: A New Framework for Analysis Boulder: Lynne Rienner Publishers, 1998. გვ. 30
[21] რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2015 წლის 31 დეკემბრის განკარგულება N 683 “რუსეთის ფედერაციის ეროვნული სტრატეგიის შესახებ“. უსაფრთხოების
[22] European Security Strategy. ხელმისაწვდომია: http://www.eeas.europa.eu/csdp/about-csdp/european-security-strategy/
გამოყენებული ლიტერატურა:
Acharya, A. Rethinking Power, Institutions and Ideas in World Politics Routledge, 2013
Booth, Ken Theory of World Security, Cambridge: Cambridge University Press, 2007
Buzan Barry, People, States & Fear: The National Security Problem in International Relations WHEATSHEAF BOOKS LTD 1983
Buzan, Barry, Waever, Ole, and De Wilde, Security: A New Framework for Analysis. Boulder: Lynne Rienner Publishers, 1998.
De Lombarde Ph., Schulz M. The EU and world regionalism: the makability of regions in the 21st century. Ashgate 2009
Farrell F, Hettne B, and Van Langenhove L, ed., Global politics of regionalism : an introduction. London: Pluto Press 2005
Fredrik Söderbaum, Luk Van Langenhove, The EU as a Global Player: The Politics of Interregionalism, London: Routledge 2006
Hettne Björn, Bertil Odèn Global governance in the 21st century: alternative perspectives on world order. Almquiest & Wiksell Intl 2002
Hobsbawm, Eric Ranger, Terence: The Invention of Tradition. Cambridge University Press, Cambridge 1992
Wæver, Ole New ‘Schools’ in Security Theory and their Origins between Core and Periphery” Paper presented at the annual meeting of the International Studies Association, Le Centre Sheraton Hotel, Montreal, Quebec, 2004.
Hooghe, L., and G. Marks Multi-level governance and European integration. Lanham, MD: Rowman & Littlefield 2001
in the 21st century. Routledge 2007
Kirchner E.J. and Sperling J. Global Security Governance. Competing perceptions of security
Krause K, Williams M C., editors. Critical security studies: concepts and cases. The University of Minnesota 1997.
Söderbaum F. et al.(eds), Theories of New Regionalism, Palgrave Macmillan, a devision of Macmillan Publishers Limited 2003
Söderbaum, F. Rethinking Regionalism. Palgrave Macmillan, 2015
Van Langenhove Luk, Building Regions – The Regionalization of of the World Order, London: Ashgate 2011
Williams Paul D. Security Studies: An Introduction. Routledge 2008
Андерсон Б. Воображаемые сообщества. Размышления об истоках и распространении национализма. — М.: Канон-Пресс-Ц, 2001
Вебер М. Политика как призвание и профессия // Вебер М. Избранные произведения. М., 1990.
Геллнер Э. Нации и национализм. — М.: Прогресс, 1991.
Гоббс Т. Левиафан, или Материя, форма и власть государства церковного и гражданского // Гоббс Т. Сочинения: В 2 т. – Т. 2. – М.: Мысль, 1991.
Локк Дж. Два трактата о правлении. // Локк Дж. Сочинения в трех томах: Т. 3.— М.: Мысль, 1988
Фуко М. Безопасность, территория, население: Курс лекций, прочитанных в Коллеж де Франс в 1977-1978 учебном году. СПб.: Наука, 2011
Фуко М. Нужно защищать общество: Курс лекций, прочитанных в Коллеж де Франс в 1975—1976 учебном году. — СПб.: Наука, 2005.
Хобсбаум Э. Нации и национализм после 1780 г. // Пер. с англ. — СПб.: Алетейя, 1998.