ალექსეი ტოკარევი
პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის (MGIMO) საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
/სტატიის ორიგინალური ვერსია ხელმისაწვდომია რუსულ ენაზე/
პოსტსაბჭოთა ვარიანტებს შორის სეცესიებთან დაკავშირებით სამი სტრატეგიის გამოყოფა არის შესაძლებელი: ურთიერთსაპირისპირო რუსული და ქართული და შუალედური მოლდოვური ვარიანტი. სამივე შემთხვევაში სეცესიური ტერიტორიების (იმ პოლიტიკური ერთეულების ჩათვლით, რომლებიც აღარ განეკუთვნება ამ კატეგორიას) და ,,დედა სახელმწიფოს“ ურთიერთობა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ახლო მომავალში არ გულისხმობს. დონბასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთების სირთულის მიუხედავად, (ინსტიტუციონალური სტრუქტურა არ არის ჩამოყალიბებული, აქტორების ფასეულობებსა და ქცევით სტრატეგიებზე რომ არაფერი ვთქვათ), გთავაზობთ, შევადაროთ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული სეცესიური ფაქტორები იმას, როგორც ეს რუსეთში, საქართველოსა და მოლდოვაში განხორციელდა.
ვიღებთ რა მხედველობაში ქართველი მეგობრებისთვის ტერმინოლოგიური სიზუსტის მნიშვნელობას, ტექსტის დასაწყისშივე განვსაზღრავ ცნებებს: რუსეთი აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს; საქართველო ოფიციალურად მოიხსენიებს აღნიშნულ ტერიტორიას, როგორც „ცხინვალის რეგიონი“, „ე.წ. სამხრეთ ოსეთი“ ან „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომური ოლქი“. გაეროს მონაწილე ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, და მას საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. ობიექტური მიდგომის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ მოვიხსენიებთ ამ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, როგორც „სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი“.
ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩეჩნეთთან მიმართებაში და მიხეილ სააკაშვილის სტრატეგია პანკისში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში საერთო ჯამში ერთმანეთს ჰგვანან: საერთაშორისო ტერორიზმის აღკვეთა (რუსეთში – საკუთარი ძალებით, პანკისის ხეობაში – ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის მიერ ამერიკელების დახმარებით ანტიკრიმინალური ოპერაციის ფარგლებში), ადგილობრივი ლოიალური ელიტების შენარჩუნებასთან ერთად გარე მმართველობითი კონტროლის შემოღების მცდელობები, კულტურული რეინტეგრაცია. განსხვავება დეტალებში გამოჩნდა. თუ კრემლმა შეძლო ფედერალური ცენტრის მხარდაჭერის ფართო ბაზის შექმნა კადიროვების და იამადაევების კლანების და რუსეთის მხარეზე გადასული არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების ყოფილი მონაწილეების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეს სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში დიმიტრი სანაკოევს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. 2008 წლის აპრილში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ უარყო საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება (აფხაზებისთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ვეტოს უფლება, ავტონიმიურობა). 2006 წლის შემდეგ საქართველო უფრო მეტად იყურებოდა დასავლეთისკენ, რუსეთი კი აღარ აპირებდა 2004 წლის იანვრის სცენარის განმეორებას, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა აჭარის დიდი ხნის ,,პატრონი“ ასლან აბაშიძე დაარწმუნა დაეტოვებინა რესპუბლიკა, რითიც ფაქტიურად ითამაშა ძირითადი როლი თბილისის მიერ აჭარაში კონსტიტუციური კონტროლის გამყარებაში. 2008 წელს რუსეთი ვეღარ იმუშავებდა საქართველოსთან ერთად მისი ტერიტორიების შენარჩუნებაზე, – სამხრეთი მეზობლის არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც მისი ახლო სამხედრო და პოლიტიკური კავშირი ნატოსა და აშშ–სთან აშკარად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის ეროვნულ ინტერესებს.
მანამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მასების მხრიდან სახელმწიფოებრივი კონტროლისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ დიდი მოთხოვნის გამო, დაიწყო „ჩეჩნური ვარიანტისგან“ განშორება, – თუმცა არ კარგავდა მისი მოგვიანებით რეალიზაციის იმედს, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით (ფაქტობრივად, 2008 წელს ასეთი მცდელობა განხორციელდა კიდევაც). „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქართულმა ელიტამ დაიწყო მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების განვითარება. ის ნაწილი, რომელსაც მარტინ მალეკმა „შიდა საქართველო“ (inner Georgia) უწოდა, ანუ გაეროს წევრთა უმრავლესობით აღიარებული საქართველო ტერიტორია 19% გარეშე, მასშტაბური რეფორმების ადგილად იქცა კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენის, გადასახადების შეგროვებისა და კანონის უზენაესობის ზრდის, ჯარის, პოლიციისა და სახელმწიფო აპარატის გაძლიერების, პრივატიზაციისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების სფეროში. „ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ლოდინის მაგივრად, განავითაროთ ის, რაც შეგვიძლია“ – დაახლოებით ასე შეიძლება სეცესიებთან ურთიერთობის ქართული ვარიანტის ფორმულირება 2008 წლამდე და მის შემდეგ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ოფიციალურ თბილისს წარმოადგენდა, ევროკავშირთან ერთობლივი პროგრამა „ჩართულობა აღიარების გარეშე“, რეინტეგრაციის სამინისტროს შექმნა და მისი გარდაქმნა სამოქალაქო შერიგების სამინისტროდ, ისეთი სიმბოლური წვრილმანიც კი, როგორიცაა სამინისტროს ვებ-გვერდზე ტოპონიმ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება – ეს ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო, დაბრუნების მკაფიო სტრატეგიის არ ქონისა და იმის გაცნობიერების პირობებში, რომ მის მიერ სუვერენულად არაღიარებული ორივე რესპუბლიკა მისგან განცალკევებულ ფორმაციას წარმოადგენს, ,,არ წვავს ხიდებს ბოლომდე”.
კრემლის სტრატეგია ჩეჩნეთის მიმართ საპირისპირო აღმოჩნდა და, ჩვენი აზრით, უფრო წარმატებული. იმის მერე, რაც ბოევიკები ძირითადად განადგურებული იყო, იმათ კი, ვისაც იარაღის ჩალაგება სურდა ამნისტიას აძლევდნენ და რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში სამუშაოდ იღებდნენ (შეიარაღებული ძალები, შიდა ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების ფედერალური სამსახური), ფედერალურმა ცენტრმა დაიწყო დანგრეული რესპუბლიკის აღდგენა. 2016 წლისთვის რუსეთმა შექმნა კონტროლირებადი ტერიტორია მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტებით, განვითარებული სოციალური სივრცით (მედიცინა, განათლება, რელიგიათაშორისი კომუნიკაცია, კულტურა) და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების მაღალი დონით. ამასთან ერთად შეიქმნა უთუოდ ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც არ ითმენდა კრიტიკასა და უმოწყალოდ ახშობდა საჯარო პოლიტიკურ ოპონენტებს, არ ყავდა არანაირი კანონიერი ოპოზიცია საზღვრების შიგნით და იყენებდა პიროვნების კულტს ლეგიტიმური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. „კონსტიტუციური სივრცის ფარგლებში დაბრუნება და სახელწიფოს შიგნით მშვიდობიანი ცხოვრების შექმნა ადგილობრივი ელიტისთვის აშკარა უპირატესობებით“ – ეს იყო რუსეთის სტრატეგია სეცესიებთან ბრძოლაში.
და საბოლოოდ, მოლდავური ვარიანტი აღმოჩნდა შუალედური ქართული და რუსული ვარიანტების შორის. კიშინიოვი არ ცდილობდა, შეექმნა ე.წ. ,,წარმატების ისტორია“, როგორც ეს ხდებოდა „შიდა საქართველოში“, მაგრამ ამავდროულად აშინებდა დნესტრისპირეთის სამხედრო გზით რეინტეგრაცია, როგორც ეს რუსეთმა ჩეჩნეთის მიმართ განახორციელა. ეს მნიშვნელოვნად ობიექტურ გარემოებზე იყო დამოკიდებული: მოლდოვის ეკონომიკა თავს ვერ ართმევდა საკუთარ გამოწვევებს, რომ არაფერი ითქვას ცხოვრების დონის ამაღლებაზე დნესტრისპირეთის სამრეწველო რეგიონში, რომელიც ისედაც უფრო განვითარებული იყო. ამასთან, დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში განლაგებულია რუსული მშვიდობისმყოფლები, რომლებიც სტაბილურობის გარანტია არა მარტო ფორმალური მიზეზებით. ჩვენი რესპონდენტები ჩაღრმავებულ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავენ რუსული კონტინგენტის შენარჩუნების სასიცოცხლო მნიშვნელობას: „იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი გადაწყვიტავს, გაიყვანოს თავისი ბიჭები, ჩვენ მათ არ გავუშვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ხვალვე რუმინეთი იქნება“. მეორე მხრივ, კიშინიოვმა არ შეწყვიტა ეკონომიკური კავშირები დნესტრისპირეთთან, თუმცა პერიოდულად უკრაინასთან ერთად ბლოკადებს უწყობდა არაღიარებულ რესპუბლიკას: დნესტრისპირეთის ელექტროენერგიის, ტექსტილის, მანქანათმშენებელი ქარხნების ნაწარმის ექსპორტი მოლდოვის გავლით ევროკავშირში მიდიოდა, ისევე როგორც იმპორტი რესპუბლიკაში. პარადოქსულად, კიშინიოვს, რომელიც არ აკონტროლებს დნესტრისპირეთის ტერიტორიას, არასდროს უთქვამს უარი იმ $ 5 მილიარდზე მეტი ღირებულების გაზის ვალდებულებაზე, რომელსაც „გაზპრომი“ ფაქტობრივად უფასოდ აწვდის დნესტრისპირეთს. საზღვარი მოლდოვასა და დნესტრისპირეთის შორის ფაქტიურად არ არსებობს – ერთეული პოლიციელების (თითო პოლიციელი თითო იმპროვიზირებულ პოსტზე), რომელიც თავისი განწყობიდან გამომდინარე შერჩევით ამოწმებენ საბუთებს, ამ როლში აღქმა არ ღირს. მოლდოვას დღემდე არა აქვს საზღვარი აღმოსავლეთში, იმ განსხვავებით, რომ უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან კიევი სუფთად აკონტროლებს საზღვარს დნესტრისპირეთს და უკრაინის შორის. საზღვარი დნესტრისპირეთს და მოლდოვას შორის უდავო რეალობაა: საბუთების მასიური შემოწმება, დიდი ტვირთების შემოწმება, სახელმწიფოს სიმბოლოები, მესაზღვრეები, შესვლაზე საბუთების შევსება. სეცესიურ პოლიტიკურ ერთეულთან მიმართებაში სასაზღვრო კონტროლისადმი ასეთ დამოკიდებულებაში გამოიხატება მოლდოვური სახელმწიფოს დამახასიათებელი თვისება: საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც დე-ფაქტო აღიარებს საზღვარს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან და მის სიახლოვეს მუდმივ გაძლიერებულ კონტროლს ინარჩუნებს, კიშინიოვი, რომელიც დნესტრიპირეთს საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს, იკმაყოფილებს თავს პოლიციის უმნიშვნელო ძალებითა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის არარსებობით.
რომელ სტრატეგიას აირჩევს უკრაინა დონბასის დაბრუნებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს შემთხვევა შეიცავს გლობალური მოთამაშეების ურთიერთობას? ჩეჩნეთის ვარიანტი „სამხედრო ოპერაცია მომდევნო სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებასთან“ ჩვენ ორი მიზეზით გამოვრიცხეთ. პირველი, სამრეწველო პოტენციალების შეფარდება უკრაინა/დონბასი ალბათ უფრო მოლდოვა/დნესტრისპირეთის შემთხვევას ჰგავს: უკრაინას უბრალოდ არ აქვს ეკონომიკური განვითარების იგივე დონე, რაც ომამდელ დონბასს, ახლა კი საერთოდ არ შეუძლია დაიწყოს მისი აღდგენა. მეორე, არც თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ჯარები და არც რუსეთი არ დაუშვებს სახალხო რესპუბლიკების კიევის კონტროლის ქვეშ ძალით დაბრუნებას. თუ კონფლიქტის დასაწყისში სულ ცოტა, ილოვაისკსა (2014 წლის აგვისტო) და დებალცევოში (2015 წლის თებერვალი) უკრაინის შეიარაღებულ ძალების წინააღმდეგ ოპერაციებში მართლაც რუსეთის ჯარი იღებდა მონაწილეობას, ახლა უცხოელი კადრის სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი მკვეთრად შემცირდა (უკრაინული მხარის არაოფიციალური შეფასებით – 7000 ადამიანი), დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა დაიწყეს სამხედრო განვითარება (თუნდაც როგორც ადრე, მოსკოვის ზედამხედველობით).
ქართული ვარიანტი უკრაინისთვის უფრო დასაჯერებელია. ქვეყანაში არსებობს მასშტაბური სოციალურ–ეკონომიკური რეფორმების (ფაქტობრივად, ნაწილობრივ მათ მიხეილ სააკაშვილი და მისი ყოფილი გუნდის წევრები ახორციელებენ) და ევროპეიზაციის საჭიროება. თუ გავითვალისწინებთ უკრაინის აღმოსავლეთში ეროვნული და ეთნიკური საზღვრის არარსებობას და ეროვნული საზოგადოების ჩამოუყალიბლობას, უკრაინელებს არ აქვთ პასუხი გადამწყვეტ კითხვებზე: რა არის ერში წევრობის კრიტერიუმები, არიან თუ არა დონბასის მაცხოვრებლები საზოგადოების წევრები, უნდა თუ არა იყოს რუსული მეორე სახელმწიფო ენა, საჭიროა თუ არა ფედერალიზაციის ჩატარება და ა.შ. ამ პირობებში დონბასის დაბრუნება არ წარმოადგენს უპირველეს ეროვნულ მიზანს უკრაინისთვის. არ არსებობს ეროვნული კონსენსუსი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების პრობლემაზე (ტერიტორიების დაბრუნება უკრაინელებს უთუოდ უნდათ, დონბასის მოსახლეობის რეინტეგრაცია კი – საკითხავია). უკრაინული რაზუმკოვის ცენტრის გამოკითხვის თანახმად, ბოლო წლის განმავლობაში უკრაინელთა აზრი საერთო ჯამში არ შეცვლილა. კითხვაზე „რა არის სამხრეთ–აღმოსავლეთში კონფლიქტის გადაწყვეტის შემდგომი მოქმედება?“ 33–35% დაჟინებით მოითხოვს „ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელებას ოკუპირებული რაიონების სრულ განთავისუფლებამდე“, 24–30% – რეგიონს მიეცეს განსაკუთრებული სტატუსი, 18–20% – ამ ტერიტორიის გამოყოფა დანარჩენი ქვეყნისგან, 18–23% ვერ პასუხობს ამ კითხვას. ამით უკრაინა განსხვავდება 1999-2000 წლების რუსეთისგან, სადაც ჩეჩენ ტერორისტების ქვეყნის ცენტრალური ნაწილის რეგიონებზე შეტევების შედეგად შეიქმნა ჩეჩნეთის პრობლემის გადაჭრის მდგრადი მოთხოვნა, და 2003-2004 წლების საქართველოსგან, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც გაიმარჯვა „ვარდების რევოლუციასა“ და საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიიღო მოსახლეობისგან უზარმაზარი მოთხოვნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ამიტომ საქართველოს გზა „იმის განვითარება, რასაც ვაკონტროლებთ, მომავალში სეცესიური ტერიტორიების დაბრუნების იმედით“ უფრო სარწმუნოა უკრაინისთვის.
და საბოლოოდ, მოდით განვიხილოთ დნესტრისპირეთის ვარიანტი. ერთის მხრივ, კონფლიქტის გაყინვას (და ზუსტად ასე აღიქვამენ ასეთ გადაწყვეტილებას ევროპაში) ეწინააღმდეგება ეუთო, მისი გადაწყვეტის იმედით. მეორეს მხრივ, პარადოქსულად უკრაინაც და რუსეთიც არაოფიციალურად ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ ალბათ კონფლიქტი მაინც გაიყინება. უკრაინისთვის გაყინვა გულისხმობს რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების გაგრძელებას, დასავლეთის მხრიდან ბრალდებებით, რომ აღმოსავლეთის მეზობელი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. სანქციების გაგრძელება აძლევს პრო–დასავლურ უკრაინელ ელიტას უმნიშვნელო იმედს, რომ რუსეთი ვერ დაუჭერს მხარს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს არც ეკონომიკურ, არც სამხედრო სფეროში, და ნამდვილად ვერ შესძლებს უზრუნველყოს მათი სამხედრო ექსპანსია დასავლეთით კიევის ან/და ისტორიული ნოვოროსიის რეგიონების მიმართულებით. მსგავსი პოზიცია არ გამოიხატება ვერბალურად უკრაინელი ელიტის ოფიციალურ მსჯელობებში, მაგრამ მკაფიოდ გამოიხატება არაოფიციალური არხებით. რუსეთის ხელისუფლებას ესმის, რომ კიევი არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც გულისხმობენ თავდაპირველად დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების ჩატარებას, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, და მხოლოდ შემდეგ კიევისთვის საზღვარზე კონტროლის გადაცემას. ამასთან დაკავშირებით, 2016 წლის დასაწყისში კრემლმა აირჩია სახელმწიფოს ფორმირება რესპუბლიკებში.
ამასთან, დნესტრიპირეთის მშვიდობიანი ვარიანტი შეუძლებელია განხორციელდეს დონბასზე, რადგან ამ კონფლიქტში სისხლი დაიღვრა. 1992 წელს დნესტრიპირეთის რესპუბლიკაში დაიღუპა დაახლოებით 1000 ადამიანი კონფლიქტის ორივე მხრიდან. 2015 წლის 3 მაისის გაეროს მონაცემებით, დონბასში დაიღუპა 6243 ადამიანი. უკრაინაში მობილიზაციის 6 ნაკადი ჩატარდა, შეიქმნა მოხალისეთა ბატალიონები. დონბასში სამოქალაქო მოსახლეობის ჩართულობა კიდევ უფრო მაღალია. ორივე მხრიდან ომი უკვე „მუზეუმებში“ შევიდა, კონფლიქტის დაღუპულ მონაწილეთა ოჯახებში კი იბადება ისტორიები, თუ ,,როგორ იღუპებიან მამაკაცები გმირულად მტერთან ბრძოლაში“. ეროვნული ქრონიკა ორივე მხრიდან იცვლება დაპირისპირებისა და მტრის მიმართ სიძულვილის მიმართულებით, რითიც დონბასი აშკარად გამოირჩევა დნესტრისპირეთისგან, რომელიც არ აღიქვამს მოლდოვას ასე ნეგატიურად.
და საბოლოოდ, გეოგრაფიული პირობების (საზღვრის როლის შემსრულებელი ბუნებრივი ბარიერების არარსებობა დონბასსა და ფორმალურად მასზე სუვერენიტეტის მქონე უკრაინის შორის და „საკონტაქტო ხაზის“ არაკონკრეტულობა), ეთნიკური და ენობრივი წინააღმდეგობების არარსებობის დონეცკის/ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების და მათი მეზობელი რუსებით დასახლებული და რუსულენოვანი რეგიონების შორის, რუსეთზე სანქციების ზეწოლის, რომელიც (თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ არ გამოვრიცხოთ ეს ვარიანტი) აღარ დაუჭერს მხარს თვითაღიარებულ რესპუბლიკებს, დონბასზე ელიტარული ჯგუფების რესურსებზე ბრძოლაში მუდმივი შეტაკებების და არაღიარებულ რესპუბლიკებში შიდა სუვერენიტეტის ძალზედ დაბალი დონის გათვალისწინებით, უკრაინა მაინც ვერ შესძლებს დონბასის მოსახლეობის რეინტეგრაციას. ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის სახელმწიფოს მიმართ არის მასობრივი ცნობიერების კონსტანტა. პროუკრაინულად განწყობილი მოქალაქეები დარჩა, მაგრამ არიან აბსოლუტურ უმცირესობაში. დადებითი მოგონებები ცხოვრებაზე უკრაინის შემადგენლობაში მიეკუთვნება მშვიდობიან ცხოვრებაზე ნოსტალგიას. როგორც არ უნდა ყოფილიყვნენ განწყობილი ჩემი მოსაუბრეები დონბასში საკუთარი ხელისუფლების მიმართ, უკრაინის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება მათ შეუძლებლად მიაჩნდათ. ხედავენ რა წამებას როგორც დანაშაულის აღიარების მიღების ერთ-ერთ საშუალებას, ადამიანების გატაცებას, წამლების და ფინანსური უზრუნველყოფის დაბალ დონეს, პენსიებისა და ხელფასების სამათხოვრო ოდენობას, ადგილობრივი ლიდერების უზომო ხარჯებს იმიჯზე, კრიმინალური ელემენტების არსებობას მოხალისეთა რაზმებში, რომლებიც დისკრიდეტირებენ „რუსული გაზაფხულის“ იდეას, დონბასის მაცხოვრებლები ამბობენ: „ოღონდ უკრაინაში არა“. ერთ–ერთი მოხალისე ჯარისკაცი გვარწმუნებს: „ფრონტის მეორე მხარეს 80% რუსები არიან. ნაციონალისტები უმცირესობაში არიან… მე ომში წავედი, როცა „გრადის“ ზალპმა მეზობლის სახლი მიწასთან გაასწორა“. დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, ამბობს: „უკრაინა თვითონ ხელს გვკრავს, აგრძელებს რა ცეცხლს. ჩვენ მივესწრაფით რუსეთთან ინტეგრაციას არა იმიტომ, რომ ასე კრემლში გადაწყვიტეს. ჩვენ კულტურულად, ენობრივად, ისტორიულად მას უფრო ვუკავშირდებით, ვიდრე უკრაინას“. ამ მხრივ, თუ გარემოთა ფანტასტიური დამთხვევის შედეგად, უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს, ის მათ შენელებული მოქმედების ბომბის სახით მიიღებს, რომელიც უკრაინიზაციის გარდაუვალ ახალ ტალღასთან ერთად ისევ აფეთქდება.