1990-იანი წლების რუსეთში პოლიტიკური პარტიები განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, 2000–იანებში პოლიტიკური ორგანიზაციები სოლიდურ მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ, ხოლო პუტინის „მეფე–მზეობასთან“ ერთად, თითქმის ყველა სუბიექტი აბსოლუტიზმმა შთანთქა. სისტემაში, სადაც დემოკრატიული კონკურენცია ავტორიტარულმა იერარქიამ ჩაანაცვლა, სახელისუფლებო ძალამ სრული მონოპოლიის მოპოვებისათვის ძირითადად ორი ინსტრუმენტი გამოიყენა: პირველი, „ერთიანი რუსეთი’’, რომელიც სახელმწიფო ადმინისტრაციას და მის რესურსებს სრულად შეერწყა და მეორე, კონსტიტუციური რეფორმა, რომელმაც მთლიანად გაუხსნა ხელ-ფეხი პუტინსა და მის ელიტას. ასე აღმოჩნდა ძალაუფლება და საკანონმდებლო წესრიგი კრემლის ბინადართა ხელში. მაგრამ სად არიან სხვა პარტიები და რას აკეთებენ ისინი ?
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერიც დაარსების დღიდან ვლადიმერ ჟირინოვსკია, კრემლის ერთ–ერთი გამორჩეული მოკავშირე და სატელიტია. „ლდპრ’’– მა ჯერ 1999 წელს გადაარჩინა ბორის ელცინი იმპიჩმენტისგან, ხოლო 2003–2004 წლებში მხარი დაუჭირა „ერთიანი რუსეთის“ მცდელობას სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციის მიმართულებით. ნაციონალისტურ იდეოლოგიას ამოფარებული ჟირინოვსკის გუნდი გამალებით ებრძვის კომუნისტებს და ოლიგარქებს, დაუნდობლად აკრიტიკებს ოპოზიციონერ ოპონენტებს, თუმცა პარტია კრემლთან მიმართებაში ფრთხილ, კორექტულ და მორიდებულ პოზიციას და შესაბამის სტატუს-კვოს ინარჩუნებს. ლიბერალ–დემოკრატებმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 2020 წლის 14 დეკემბერს გახსნეს, ღონისძიების ღირშესანიშნაობას ვლადიმერ ჟირინოვსკის (უკვე მერამდენედ) პარტიის ლიდერად დასახელება წარმოადგენდა.
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მემკვიდრე და სოლიდური მხარდაჭერით აღჭურვილი პოლიტიკური სუბიექტია, 90–იანი წლებიდან მოყოლებული, საინტერესო და, უნდა ითქვას, ორიგინალური ფილოსოფიით – „ძალაუფლებასთან შეზრდის’’ სტრატეგიით ხელმძღვანელობს . 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კრემლის მესვეურები კომუნისტებთან მოჩვენებითი ოპონირებით კმაყოფილი იყვნენ, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა და ხელისუფლებამ, საკუთარი მედია საშუალებების დახმარებით, „წითლებზე’’ აქტიური შეტევა წამოიწყო, რასაც ოპოზიციური პარტიის მარგინალიზაცია მოჰყვა, მათი მხარდამჭერთა რიგები განახევრდა. თუ კომუნისტებს 1999 წელს მოსახლეობის 24% უჭერდა მხარს, 2003 წელს ამომრჩეველთა რაოდენობამ მხოლოდ 12% შეადგინა. კრემლის შეტევამ პარტიის მესვეურთა პოლიტიკა ვერ შეცვალა, საპასუხო ცეცხლის გახსნას გადაბერებულმა კომუნისტურმა გაერთიანებამ თბილი ადგილების შენარჩუნება და სატელიტური ოპოზიციის როლი ამჯობინა. 2020 წლის 24 ოქტომბერს პარტიის ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარემ გენადი ზიუგანოვმა თანაგუნდელებთან ერთად საარჩევნო პროგრამაზე დაიწყო მუშაობა. კომუნისტების წარმომადგენელთა განმარტებით, პოლიტიკური სუბიექტი უარს ამბობს პოპულიზმზე და კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფების მხარდაჭერის მოსაპოვებლად აპირებს ბრძოლას, უფრო კონკრეტულად კი, პარტიაში მემარცხენე და პატრიოტული შეხედულების ამომრჩეველთა სიმპათიის მოპოვებას იმედოვნებენ. ყურადსაღებია, რომ წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიაზე სერიოზული შეტევა მიიტანა. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პაველ გუდინინი დეპუტატობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა. პოლიტიკოსის ყოფილი მეუღლე და პროკურატურა ამტკიცებენ, რომ გუდინინი ბელიზზე რეგისტრირებულ კომპანიაში აქციებს ფლობს, რაც კომისიისათვის საკმარისი საფუძველია კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი განაცხადოს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კრემლი, პაველ გუდინინს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებულ ასპარეზობას, მეორე ადგილს და 8 მილიონზე მეტ მოპოვებულ ხმას ვერ პატიობს. პრობლემები აქვს კომუნისტური პარტიიდან სახელმწიფო დუმის მანდატის კიდევ ერთ პრეტენდენტს ნიკოლაი ბონდარენკოსაც, რომელსაც 10 წლის წინ ექსტრემისტული მასალების გავრცელებაში ედება ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას 1 წლის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ბონდარენკოს კანდიდატურის არჩენვნებიდან მოხსნის მოთხოვნით, საჩივრით მიმართა სასამართლოს მისმა კონკურენტმა დიმიტრი არხიპოვმაც, თუმცა პროცესის დაწყებისთანავე უარი თქვა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე. აღსანიშნავია, რომ ბონდარენკო 8 თებერვალს ქალაქ სარატოვში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობისათვის დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს. როგორც ჩანს, პუტინის რეჟიმი კომუნისტებს კვლავ არ სწყალობს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბონდარენკოს იუთუბ-გვერდს „დეპუტატის დღიური“ მილიონობით ნახვა უგროვდება, რაც ასევე აღიზიანებს ელიტას.
სისტემურ ლიბერალებს კრემლთან ხანგრძლივი რომანი აკავაშირებთ. სასიყვარულო ოდის ღირშესანიშნავი ამბავია 1999 წელს „მემარჯვენე ძალთა კავშირის” მიერ ვლადიმერ პუტინის ჩეჩნეთის სამხედრო კამპანიისადმი გამოცხადებული მხარდაჭერა. ლიბერალურ პარტიებს რუსეთის ფედერაციაში ხშირად ნახევრადსამთავრობო პარტიებადაც მოიხსენიებენ, მართალია, ისინი სახელისუფლო გუნდის წევრები არ არიან, თუმცა ნებისმიერ პრინციპულ საკითხზე კრემლისათვის მისაღებ პოზიციას აჟღერებენ. იყო დრო, როდესაც პუტინის რეჟიმს ხელს აძლევდა სასურველი სახელმწიფო პორტრეტის შესაქმნელად ძლიერი ლიბერალური ძალების არსებობა. ხელისუფლების „კეთილი ნებით“ ფედერალური ტელევიზიების მიერ ასეთ სუბიექტთა დადებით კონტექსტში წარმოჩენამ „მემარჯვენე ძალთა კავშირს’’ ბორის ნემცოვის წინამძღოლობით 2003 წელს 7 მილიონამდე ხმა (4%) მოაპოვებინა. დროთა განმავლობაში კრემლს აღარ დასჭირდა რეალურად ლიბერალური ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის არსებობა, რასაც 2008 წელს „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ დაშლა და პოლიტიკური რეპრესიები მოჰყვა. მარტივ მამრავლებად დაშლილი ლიბერალური ფრონტის მედროშედ პარტია „იაბლოკო’ იქცა. რუსული ინტელიგენციის ეს ფავორიტი პარტია 2000–იანი წლებიდან რუსულ პოლიტიკურ რეალობაში არსებობდა, როგორც იშვიათი გამონაკლისი, რომელიც კრემლის რეჟიმს ღიად და აქტიურად, პრინციპულ საკითხებზე აკრიტიკებდა. „იაბლოკოსთან“ საბრძოლველად პუტინის გუნდმა მარტივ და ეფექტურ გზას, პარტიის სპონსორების ტერორს მიმართა. ასე აღმოჩნდა 2003 წელს მიხეილ ხადარკოვსკი სატუსაღოში. ლიბერალური პარტია კოლაფსის პირას მივიდა, მის კანდიდატებს საარჩევნო რეგისტრაციაზე ხშირად უარსაც ეუბნებოდნენ, საბოლოო კოლაფსის ასარიდებლად „იაბლოკომ“ პუტინის რეჟიმისადმი ლოიალური პოზიცია არჩია. ამან პარტიის სტრუქტურა კი იხსნა და ახალი ფინანსებიც მოიზიდა, მაგრამ მხარდამჭერები საბოლოოდ „გააქცია“. საინტერესო იყო ახლახანს, ლიბერალური პარტიიის წარმომადგენლის, გრიგორი იავლინსკის მიერ ალექსეი ნავალნისადმი გამოქვეყნებული წერილი, რომელიც იწყება მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით – „თუ ჩემი ხალხი გამსახურდიას გაყვება, წავალ ჩემი ხალხის წინააღმდეგ“ და ხისტად აკრიტიკებს რუს ოპოზიციონერს; მეტიც, იავლინსკიმ ნავალნის ამომრჩევლებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი „იაბლოკოს“ და ანტისისტემური ოპოზიციის მიერ შემუშავებული „გონიერი ხმის მიცემის“ მეთოდი დაგმო. თუმცა, იაბლოკოს ახალი ლიდერი რიბაკოვი პოლიტიკური პატიმრის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების საკუთარ პარტიაში გადაბირებას ცდილობს, იავლინსკის განცხადებებით, ვფიქრობ, მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა გზა აირჩიეს, აწ უკვე მერამდენედ, რუსმა ლიბერალებმა…
სისტემური ოპოზიციის რიგები გაამდიდრა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ალიანსმა „სამართლიანი რუსეთი – სიმართლისათვის !’’. რუსი ექსპერტების პროგნოზებით, გაერთიანება საკმაოდ წარმატებული იქნება. საარჩევნო სიას სამი პარტიის ლიდერი – სერგეი მირონოვი, ზახარ პრილეპინი და გენადი სემიგინი უდგანან სათავეში. ახალი ალიანსი საზოგადოების მრავალ ჯგუფში ცდილობს მარგინალიზებული კომუნისტური პარტიის ჩანაცვლებას თანამედროვე ალტერნატივით, აპელირებს სოციალური სამართლიანობის და სოციალ–დემოკრატიული თემებით. ზახარ პრილეპინმა კომუნისტურ პარტიას ალიანსიც შესთავაზა, თუმცა პარტიებმა ეს საკითხი არჩევნების შემდგომ განსახილველად გადადეს. აღსანიშნავია, რომ თავად მირონოვის პარტია ფედერალური ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა და საკუთარ რიგებში აქტიურად ავიწროვებს რომელიმე ანტისისტემურ ოპოზიციურ გამოსვლებში შემჩნეულ კანდიდატებს და აქტივისტებს.
როგორც ვხედავთ, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ამჯერად პანდემიის გამო 3 დღის განმავლობაში 17–19 სექტემბერს გაიმართება, მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებების ამოცანას ნაკლებად წარმოადგენს ხელისუფლების შეცვლა, ან პუტინის რეჟიმის დასრულება, პრიორიტეტი კრემლის ჩრდილქვეშ თბილი ადგილებია და არა ბრძოლა, წინსვლა, განვითარება და ცვლილებები, რასაც ვიქტორ ცოი უმღეროდა: „ცვლილებებს ითხოვენ ჩვენი გულები, ცვლილებებს ითხოვენ ჩვენი თვალები !’’
აქვე მინდა გაგაცნოთ წინასაარჩევნო კვლევებში გაჟღერებული პარტიული რეიტინგი, რომელსაც მოკრძალებული 32%–ით პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი’’ ლიდერობს, შემდეგ კი ხმები ასე ნაწილდება: კომუნისტური პარია 16%, ლიბერალ დემოკრატები (ჟირინოვსკი) 9%, „სამართლიანი რუსეთი – სიმართთლისათვის’’ 8%, „იაბლოკო’’ 4%.
ერთი შეხედვით, რუსულ არჩევნებში ყველაფერი ნათელია, წილი ნაყარია და მანდატებიც წინასწარ ჩამორიგებული, თუმცა ალექსეი ნავალნის გუნდი მმართველ ძალას სიურპრიზებს უმზადებს და საზოგადოებას „გონივრული კენჭისყრის“ მეთოდის გამოყენებას ურჩევს. ანტისისტემური ოპოზიცია, რომელსაც საეთერო დრო და საარჩევნო რეგისტრაცია საერთოდაც სანატრელი აქვს, კრემლის მთავარი იარაღის სატელიტური ოპოზიციის, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს. ნავალნის გუნდმა შექმნა ინტერნეტ პლატფორმა, სადაც რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქალაქის მისამართზე ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციონერის კანდიდატურას სთავაზობს, რომელსაც რეალურად აქვს შანსი „ერთიანი რუსეთის’’ წარმომადგენელი დაამარცხოს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ფლანგის ხმები, ნაცვლად გადანაწილებისა, კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ მობილიზდება, ცხადია, 32%–იანი მხარდაჭერის მქონე „ერთიან რუსეთს’’ სერიოზული პრობლემები შეექმნება. ნავალნის მომხრეები ტაქტიკურ არჩევანს ქიმიო–თერაპიასაც უწოდებენ, რომელსაც ხელისუფლების დასუსტება კი შეუძლია, მაგრამ არც უღირსი კანდიდატების დაწინაურება წარმოადგენს სასურველ პერსპექტივას. პუტინის გუნდს რეალურად აშინებს ანტისისტემური ოპოზიციის სტრატეგია და თავად 2021 წლისათვის „სპოილერების’’ გამოგონებით დაკავდა. რა უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, რუსეთში პოპულარული კანდიდატების და პარტიების სახელებთან მიმსგავსებული სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ, რამაც, სავარაუდოდ, ამომრჩველი უნდა დააბნიოს. საარჩევნო რეგისტრაციაზე ასევე ეთქვა უარი სისტემური ოპოზიციის უამრავ გამოჩენილ, პერსპექტიულ კანდიდატსაც. ასეა თუ ისე, ნავალნის გუნდის მიერ წარმოებული კამპანია და მისი სავარაუდო შედეგები უდიდეს ინტერეს იწვევს.
2021 წლის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების მთავარ ინტრიგად შედეგებისადმი რუსული საზოგადოების რეაქცია მიმაჩნია. რუსეთში ახსოვთ ბალოტნაიას გამოსვლები, როდესაც არჩევნების ფალსიფიცირების გასაპროტესტებლად, პუტინის რეჟიმის წინააღდეგ ასიათასობით რუსი გამოვიდა ქუჩებში. მსვლელობებს ხელმძღვანელობდნენ ბორის ნემცოვი, ნავალნი, ლიმონოვი და სხვა ანტისიტემური ოპოზიციის წარმომადგენლები. 2011–2013 წლებში პროტესტის მეთაურები შეცდნენ, როდესაც კრემლთან ურთიერთობის კონსტრუქციული გზები არჩიეს, დღეს მათი უმეტესობა გარდაცვლილია. საკუთარ შეცდომებზე პუტინის მტრებმა ცხადზე ცხადი გაკვეთილი მიიღეს, უკან დახევას არ აპირებენ და არც თავგანწირვის ეშინიათ. ჯერი ახლა რუსული საზოგადოების ნებასა და შეუპოვრობაზეა.
ირაკლი თხილაიშვილი, თსუ-ის რუსეთისმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტი