1920-1921 წლებში საბჭოთა რუსეთმა დაასრულა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ოკუპაცია. „ხალხთა ძმობის“ წითელმა იმპერიამ მემკვიდრეობად მეფის ხელისუფლებისგან და რესპუბლიკებისგან დატოვებული ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტები მიიღო. ბოლშევიკები შეუდგნენ სასაზღვრო საკითხების გადაწყვეტას. 1921 წლის მარტში საბჭოთა რუსეთმა, მოსკოვის ხელშეკრულებით, ქემალისტურ თურქეთთან გაინაწილა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები. ართვინის, არტაანისა და ყარსის რაიონები გადაეცა თურქეთს; ბათუმის ოლქი, ავტონომიური სტატუსით, დარჩა საქართველოს; ნახჭევანი, ასევე ავტონომიური სტატუსით, შეუერთდა აზერბაიჯანს.
ეს იყო იმპერიალისტური, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ტიპის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორი დიდი რეგიონული სახელმწიფო ინაწილებდა მეზობელი პატარა ქვეყნების ტერიტორიებს, მათ დაუკითხავად და მათი მონაწილეობის გარეშე. უფრო მეტიც, 1921 წლის 16 მარტს, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის, არც ლენინის რუსეთს და არც მუსტაფა ქემალის თურქეთს არ ჰქონდათ მიღებული საერთაშორისო აღიარება, ხოლო საქართველო გახლდათ ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე იურედ აღიარებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. იმპერიალისტური შეფერილობა რომ ჩამოეწმინდათ ამ შეთანხმებისგან, რუსებმა ყარსში შეკრიბეს ოკუპირებული საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის კომპარტიის ლიდერები და იმავე წლის 13 ოქტომბერს ხელი მოაწერინეს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებაზე, რომ თითქოს ამ პატარა რესპუბლიკებმა თავად გადაწყვიტეს თურქეთისთვის ტერიტორიების გადაცემა. სინამდვილეში, სტალინი პირადად ხელმძღვანელობდა თურქულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. მან 1921 წლის 10 მარტს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გიორგი ჩიჩერინს მისწერა, რომ წითელი არმიის ხელმძღვანელობა წინააღმდეგი იყო არტაანის დათმობისა, რადგან მას თბილისისკენ მიმავალ მნიშვნელოვან პლაცდარმად ხედავდა. სტალინი მათ სამხედრო მოსაზრებებზე მაღლა თურქებთან შეთანხმების პოლიტიკურ მნიშვნელობას აყენებდა და ამბობდა, რომ გატეხავდა სამხედროების წინააღმდეგობას. ასე დაითმო არტაანი.
1992 წლის დასაწყისის მდგომარეობით, საქართველოში სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანას მართავდა არალეგიტიმური სახელმწიფო საბჭო; ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის „მხედრიონსა“ და ეროვნულ გვარდიაზე იყო ჩამოკიდებული; საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში; ომის ზღვარზე იდგა აფხაზეთიც; პოსტკომუნისტურ სამყაროში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც, სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ შეთანხმებულიყვნენ, რომ აღიარებდნენ სტალინის მიერ ფორმირებულ საზღვრებს. ასეთ გარემოში, ნატოს წევრ თურქეთთან ტერიტორიული დავა ნამდვილად არ სჭირდებოდა განადგურების პირას მდგომ საქართველოს. ქემალისტების დემოკრატიულმა თურქეთმაც არ გადაწყვიტა, რომ ესარგებლა გარემოებით და საქართველოსთვის არ წამოუყენებია ტერიტორიული პრეტენზიები. 1992 წლის 30 ივნისს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეებმა აღიარეს ყარსის ხელშეკრულებით 1921 წელს განსაზღვრული საზღვრები. ამგვარად, თურქეთი რჩება ერთადერთ მეზობლად, რომელთანაც საქართველოს საზღვრები სრულად არის დელიმიტირებული და დემარკირებული; იგივე ეხება სომხეთ-თურქეთის საზღვარსაც. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო არამხოლოდ სახელმწიფოთაშორისი, არამედ ნატოსა და ვარშავის პაქტის საზღვარიც, სადაც მცირედ უზუსტობასა და გაუგებრობას შეიძლებოდა გამოუსწორებელი საერთაშორისო შედეგები მოეტანა „ცივი ომის“ ეპოქაში.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას შორის არსებულ საზღვრებს, აქ ბევრად უფრო მოდუნებულად მოქმედებდა საბჭოთა ხელისუფლება. მომავალი მსოფლიო რევოლუციის მოლოდინში, „ერთიან საბჭოთა ძმობაში“, კრემლის ლიდერები არ ფიქრობდნენ, რომ ამ საზღვრების დეტალურ დელიმიტაციას (მეტადრე დემარკაციას) გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, ბოლშევიკურ ოკუპაციას არც ნაციონალიზმი გაქრობა მოუტანია და არც ხალხთა ძმობა დამყარება, ამ მიმართულებით საბჭოთა პროპაგანდის მიუხედავად. 1921 წლის აპრილში მუშაობას შეუდგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კომპარტიების გაერთიანებული კომისია. საქართველო და სომხეთი დავობდნენ ლორეს ტერიტორიებზე; საქართველო და აზერბაიჯანი ზაქათალის ოკრუგსა და ყარაიაზის ველზე; სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღზე, ზანგეზურზე (სიუნიქზე) და ნახჭევანზე.
თითოეულ ამ დავას თავისი ისტორია და წინაპირობები ჰქონდა. ამიტომ, ღირს მათზე შეჩერება:
1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს შორის გაიმართა ისტორიაში ერთადერთი ომი, რომელიც პირველ რიგში ლორეს კუთვნილებას ეხებოდა. ბრიტანელი სამხედროების ჩარევით, საომარი მოქმედებები 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე შეწყდა. ამის შემდეგ, ლორეს ოლქი იყოფოდა სამ ნაწილად: ზემო ლორეს საქართველო აკონტროლებდა, ქვემო ლორეს – სომხეთი, ხოლო შუა ლორე იყო სადავო ტერიტორია, რომელსაც ქართულ-სომხური შერეული ადმინისტრაცია განაგებდა 1919 წლის დასაწყისიდან 1920 წლის ბოლომდე. 1920 წლის ნოემბერში, თურქეთ-სომხეთის ომის დროს, ლორეს თურქთაგან დაცვის საბაბით, ქართულმა ჯარმა დაიკავა როგორც შუა, ასევე ქვემო ლორე. სწორედ აქ მოაწყვეს ბოლშევიკებმა ინსცენირებული ანტიქართული აჯანყება 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, რასაც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მოყვა. 1921 წლის აპრილში სომეხი კომუნისტები აცხადებდნენ, რომ ტერიტორიული გადანაწილებების შედეგად სომხეთი ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ მათ ლორე მაინც უნდა შერჩენოდათ, სადაც მოსახლეობის 95% სომხები იყვნენ. ამაზე უარს ამბობდნენ ქართველი „ნაციონალ უკლონისტი“ კომუნისტები და ითხოვდნენ, რომ პლებისციტი ჩატარებულიყო შუა ლორეში. ამ დროს, კრემლში ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისრად (ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მინისტრად) სტალინი მუშაობდა; ის აკონტროლებდა კრემლის კავკასიურ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს (კავბიუროს) ხელმძღვანელობის ხელით, სერგო ორჯონიკიძისა და სერგეი კიროვის მეშვეობით ახორციელებდა. სამხრეთ კავკასიის კომპარტიებს შორის შეუთანხმებელი საკითხები გადასაწყვეტად სწორედ კავბიუროსთან მიდიოდა. სტალინმა, ორჯონიკიძემ და კიროვმა საკითხი სომხური კომპარტიის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. თუმცა, სომხური უმრავლესობით დასახლებული ახალქალაქი ისე დაუტოვეს საქართველოს, რომ საკითხი არც განუხილავთ. როგორც ლორე, ასევე ახალქალაქი, მეფის რუსეთის დროს თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ლორესგან განსხვავებით, ახალქალაქს არ ჰქონდა ინფრასტრუქტურული ბმა ერევანთან და ის ეკონომიკურად თბილისს იყო მიბმული. ამიტომ, მეფის იმპერიის მსგავსად, წითელმა იმპერიამაც ეკონომიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელა.
ისტორიული ჰერეთი (საინგილო), 1859 წელს ზაქათალის ოკრუგის სახით ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სამეფისნაცვლოში. 1917 წლის მდგომარეობით, იქ ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც უმცირესობას წარმოადგენდნენ, დაღესტნელთა უმრავლესობის პირისპირ. აზერბაიჯანის, საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკები დავობდნენ ოკრუგის კუთვნილებაზე. ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობა 1919 წელსვე დასრულდა და ამის შემდეგ შეწყდა დაღესტნელთა პრეტენზიები ზაქათალაზე. იმავე წელს, თეთრი რუსეთის შემოჭრის შიშით, საქართველომ და აზერბაიჯანმა გააფორმეს ერთიანი თავდაცვის ხელშეკრულება. როგორც წინა წერილშიც აღინიშნა, რესპუბლიკებს საკმარისი მიზეზი ჰქონდათ იმისთვის, რომ ზაქათალის გამო ერთმანეთთან არ ეომათ. 1920 წლის 28 აპრილს განხორციელდა აზერბაიჯანის საბჭოთა რუსული ოკუპაცია. იმავე წლის 7 მაისს მოსკოვში გაფორმებული რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება ზაქათალის საკითხს ღიას ტოვებდა. 12 მაისს მხარეთა შორის დაიდო დამატებითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უნდა დაარსებულიყო ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანული შერეული კომისია, რომელიც ოკრუგის მომავალს განსაზღვრავდა. ეს ძალთა უთანასწორო გადანაწილებას მოასწავებდა, რადგან რუსი კომუნისტები ყოველთვის აზერბაიჯანელ თანაპარტიელებს დაუჭერდნენ მხარს, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ კომისიას არ დასცალდა მუშაობა, მას თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართვამ მოუსწრო. მართალია ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუცია ზაქათალას ქვეყნის ავტონომიურ ნაწილად აცხადებდა, მაგრამ იმავე წელს კავბიურომ ის საბჭოთა აზერბაიჯანს გადასცა.
ყარაიაზის ველზეა განლაგებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. ეს დაუსახლებელი ტერიტორიაა და აზერბაიჯანელი მეცხვარეები მას ზამთრის საძოვრებად იყენებდნენ. რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფაში, ტერიტორია თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. 1918 წლის შემოდგომაზე ის, თურქული ჯარების დახმარებით, აზერბაიჯანელებმა დაიკავეს, მაგრამ მსოფლიო ომში თურქთა დამარცხების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. 1920 წლის 12 ივნისს ქალაქ აღსტაფაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის დაიდო შეთანხმება, რომელმაც ზაქათალის ოკრუგის საკითხი ღიად დატოვა, მაგრამ ყარაიაზი საქართველოს შემადგენლობაში აღიარა. საქართველო ხორბლის იმპორტიორი ქვეყანაა, რომელიც მას რუსეთიდან შემოჰქონდა. რუსული ემბარგოს პირობებში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ხორბლის მოსაყვანად შესაფერისი მიწების ძებნა დაიწყო. ასეთი აღმოჩნდა ყარაიაზი, რომელიც საქართველოს პურის ბეღელად უნდა ქცეულიყო. 1920 წლის გაზაფხულზე, აზერბაიჯანელი მეველეები დაუკითხავად შევიდნენ ამ ტერიტორიაზე და თავად დათესეს ხორბალი. მოსავლის აღების უფლება მათ ქართულმა მხარემ არ მისცა და შემოდგომაზე დათესილი ხორბლით თავად იხეირა. ამას საზღვარზე ურთიერთობათა დაძაბვა მოყვა, მაგრამ მალე საქართველოს დამოუკიდებლობაც დამთავრდა და 1921 წლის აპრილში ქართველი და აზერბაიჯანელი კომუნისტები არკვევდნენ ყარაიაზის მომავალს. აზერბაიჯანული მხარე თანახმა იყო საქართველოს დარჩენოდა ეს ტერიტორია, მხოლოდ იმ პირობით, რომ აზერბაიჯანელ მწყემსებს მიეცემოდათ მისი საძოვრებად გამოყენების უფლება და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე იქ არაფერს მოიმოქმედებდა. ამას არ თანხმდებოდნენ ქართველი „ნაციონალ-უკლონისტი“ კომუნისტები. მათი აზრით, ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას ქართული მხარე განაგებდა. საკითხი, ტრადიციულად, კავბიუროს გადაეცა. ათეიზმის ზეობისა და „პროლეტარული სოლიდარობის“ ეპოქაში, სტალინსა და ორჯონიკიძეს ნაკლებად აინტერესებდათ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედი; ასევე, მათთვის გაუგებარი იყო თუ რატომ უნდა გადასცემოდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას ის ტერიტორია, რომელსაც ეკონომიკურად აზერბაიჯანელი მწყემსები მოიხმარდნენ. ამიტომ, მათ ყარაიაზი საბჭოთა აზერბაიჯანს გადასცეს. ამ გადაწყვეტილების მემკვიდრეობაა ის, რომ ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები, ასევე ჩიჩხიტურის კოშკი და კელიები დღემდე დავის საგანია.
ნახჭევანი, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ერევნის გუბერნიაში შედიოდა და ეკონომიკურადაც ერევანზე იყო მიბმული. ამიერკავკასიის რკინიგზის ერთი ხაზი ბათუმში იწყებოდა, თბილის კვეთდა და ბაქოში ჩადიოდა, ხოლო მეორე – თბილისიდან გაივლიდა ერევანს და ნახჭევანში, ჯულფაში სრულდებოდა. აქ აზერბაიჯანელებს სომხებთან მცირე დემოგრაფიული უპირატესობა ჰქონდათ, დაახლოებით 60/40-ზე პროცენტული შეფარდებით. იმპერიის დანგრევის შემდეგ, იხელმძღვანელეს რა იმავე ეკონომიკური არგუმენტებით, სამხრეთ კავკასიაში შემოსულმა ბრიტანულმა ჯარებმა ნახჭევანი სომხეთის რესპუბლიკას დაუტოვეს, მაგრამ 1919 წელს აქ მოხდა ორი აზერბაიჯანული აჯანყება და ეს რეგიონი, ფაქტობრივად, სამუდამოდ გავიდა სომხეთის დაქვემდებარებიდან. 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის შეთანხმებისას, თურქებმა ლობირება გაუწიეს მოძმე აზერბაიჯანელებს და ხელშეკრულებაში ჩადეს მუხლი, რომლის მიხედვითაც ნახჭევანი საბჭოთა აზერბაიჯანს დარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახჭევანის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ იყო, სტალინმა იხელმძღვანელა თურქებთან შეთანხმების პოლიტიკური აუცილებლობით, აზერბაიჯანელთა დემოგრაფიული უპირატესობითა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ნახჭევანის ტერიტორიაზე 1924 წელს შეიქმნა ავტონომიური რესპუბლიკა. ერთი წლით ადრე კი იქ დაიბადა მეოცე საუკუნის აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილკალიბრიანი პოლიტიკური ფიგურა – ჰეიდარ ალიევი.
ყარაბაღს სომეხი ხალხის ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავს. XI საუკუნეში სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ ვიდრე XIX საუკუნემდე, სომხური დემოგრაფიული და ნაწილობრივ პოლიტიკური ერთეულები ყარაბაღის მიუვალმა მთებმა შემოინახა. მუსლიმური დომინაციის პირობებშიც, აქ გრძელდებოდა სომეხი მელიქებისა და ნახარარების (თავადაზნაურობის) მმართველობა. რუსეთის სამხრეთ კავკასიაში შემოსვლამდე, აღმოსავლეთ სომხეთის ისტორიულ მიწებზე საუკუნეთა განმავლობაში მცირდებოდა სომხური მოსახლეობა და იზრდებოდა მუსლიმური. მეცხრამეტე საუკუნიდან უკუდინამიკა დაიწყო – რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-სპარსეთის ყველა ომი იწვევდა მუსლიმური მოსახლეობის გადინებას სპარსეთ-ოსმალეთში და იქიდან სომხების შემოდინებას. ამგვარად, 1917 წელს იმპერიის აღსასრულისთვის, ყარაბაღში სომხური მოსახლეობის წილი 75%-ს აჭარბებდა. თუმცა, ყარაბაღსა და ერევანს ერთმანეთთან მაღალი მთები აშორებთ, რომლებზეც ვერ გაივლიდა რკინიგზა და მაშინ არც ჩვეულებრივი გზები გადიოდა. ერევნიდან ყარაბაღში ჩასასვლელად ორი გზა არსებობდა: 1. ცხენითა და საცალფეხო ბილიკებით; ან 2. ერევნიდან თბილისში და თბილისიდან განჯაში მატარებლით და განჯიდან მანქანით ყარაბაღში. ამიტომ, ყარაბაღი რუსეთის იმპერიამ განჯის (ელიზავეტპოლის) გუბერნიას მიუერთა. წინა წერილში მოგითხრობდით, რომ იმავე ეკონომიკური მოსაზრებით ბრიტანელებმაც აზერბაიჯანს დაუტოვეს ყარაბაღი, რასაც 1920 წელს სომეხთა აჯანყება და საბოლოო ჯამში მთელი სამხრეთ კავკასიის საბჭოთა რუსული ოკუპაცია მოყვა. 1921 წელს, ამიერკავკასიელი კომუნისტების თავდაპირველი კოლექტიური გადაწყვეტილებით, ყარაბაღი სომხეთს მიაკუთვნეს, მაგრამ სტალინმა პირადად შემოატრიალა საკითხი და, იმავე ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანს დაუბრუნა ის. 1923 წელს შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, რომლის შემადგენლობაში შევიდა არა ისტორიული ყარაბაღი, არამედ მისი აღმოსავლეთი, მთიანი და მეტწილად სომხებით დასახლებული ნაწილი. აქ ორი მთავარი ქალაქი იყო – ხანკენდი (სტეპანაკერტი) სომხური უმრავლესობით და შუშა – აზერბაიჯანული უმრავლესობით.
ამრიგად, სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული დავების გადაწყვეტისას, საბჭოთა ხელისუფლებამ ხშირ შემთხვევაში იხელმძღვანელა იმავე ეკონომიკური და გეოგრაფიული იმპერიალისტური არგუმენტებით, როგორც ეს მანამდე რუსეთის იმპერიამ გააკეთა; კავკასიის შიგნით, კომუნისტებს შორისაც ვერ მოხერხდა შეთანხმება და ცენტრმა ისევ იმპერატიულად გაანაწილა მიწები; ყველამ მიიღო რაღაც, მაგრამ არავინ მიიღო ყველაფერი; ამიტომ, ყველა უკმაყოფილო იყო. ამ უკმაყოფილებას კონფლიქტში გადაზრდისგან ერთადერთი რამ აკავებდა, ისევე როგორც მეფის რუსეთის ძლიერების ეპოქაში – მოსკოვის სამხედრო-პოლიციური ძალა. ასე რომ, „ხალხთა პროლეტარულ ძმობა“-ს არაფერი მოუგვარებია, ხელახალი ეთნიკური კონფლიქტები საბჭოთა იმპერიის დასუსტებას უცდიდნენ.
ბექა კობახიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი.
18.03.2025