საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 3.7 მილიონია, სომხეთის – 3.1 მილიონი, აზერბაიჯანის – 10.2 მილიონი. ანუ, სამი ქვეყნის მოსახლეობის ჯამი 17 მილიონამდე ადის. გახსნილი საზღვრების, ჰარმონიზებული კანონმდებლობისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის პირობებში, საკმაოდ ხელშესახები ბაზარია საერთაშორისო ინვესტიციებისა და ვაჭრობისათვის. თუმცა, ყარაბაღის პირველი ომიდან მოყოლებული, სომხეთის საზღვარი ჩაკეტილია როგორც აზერბაიჯანთან, ასევე კიდევ ერთ მეზობელ თურქეთთანაც; კოვიდ პანდემიამდე, ჩვეულებრივ, მოგზაურს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადასალახად სჭირდებოდა ორიდან ოთხ საათამდე დრო; თბილისიდან ბაქომდე მატარებლით მგზავრობას დაახლოებით 14 საათი სჭირდებოდა; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი მთლიანად ჩაკეტილია, ხოლო თბილისსა და ბაქოს შორის ავიმიმოსვლა – საკმაოდ ძვირი. უფრო მეტიც, აზერბაიჯანში ჩასულ მოგზაურს თუ პასპორტში სომხურ სასაზღვრო ბეჭედს აღმოუჩენენ, და ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა, შესაძლოა ქვეყანაში არ შეუშვან. ერთი სიტყვით, პრაქტიკულად შეუძლებელია საერთაშორისო მოგზაურმა ერთდროულად მოინახულოს სამივე ქვეყანა. სამაგიეროდ, მას შეუძლია მოგზაურობა დაიწყოს ვილნიუსში, გაიაროს რიგა და ჩავიდეს ტალინში ისე, რომ ვერსად შეამჩნიოს სად გადის საზღვარი. შემდეგ, ტალინიდან გემით ორ საათში გადავიდეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში და სკანდინავიის ქვეყნებიც მიაბას საკუთარ ტურს. სამხრეთ კავკასიაში ჩამოსულ ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება სამიდან რომელი ქვეყანა მოინახულოს და, ამ შეზღუდული არჩევანის გამო, დიდია ალბათობა მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონში გაემგზავროს, ნაცვლად სამხრეთ კავკასიისა. ასევე ფიქრობენ და ოპერირებენ ბიზნესები.
ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები. თითოეული ჩამოსული მოგზაური ქირაობს საცხოვრებელს, ჭამს საჭმელს, ფულს ხარჯავს გადაადგილებაში, ყიდულობს სუვენირებს და ასე შემდეგ. ანუ, ადგილზე კონკრეტულ ადამიანებსა და ოჯახებს უჩნდებათ შემოსავალი. ინვესტიციები და ბიზნესები იხდიან გადასახადებს, ასაქმებენ ხალხს და ამდიდრებენ ქვეყნებს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი და სასაზღვრო დავები ზღუდავს ამ შესაძლებლობებს. მაგალითად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კონკრეტულ ძეგლებზე – ჩიჩხიტურის კოშკი და კელიები, უდაბნოს მონასტერი და ბერთუბანი – მომლოცველებს არ უშვებენ; ჰუჯაბის ტაძარში ვერ გადადიან ქართველები, ხოლო მდინარე შულავერის გადმოღმა მდებარე სომხურ ძეგლებზე ვერ გადმოდიან სომხები. როგორ მოგვარდებოდა ეს საკითხები შენგენის ზონაში? გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო და აზერბაიჯანი მოაწყობდნენ ერთიან ინფრასტრუქტურას, ვიზიტორები მოვიდოდნენ ორივე მხრიდან, მომლოცველები მოილოცავდნენ, სასტუმროები სტუმრებს მიიღებდნენ, კვების ობიექტები ადამიანებს დააპურებდნენ, ხატმწერები ხატებს გაყიდიდნენ და ა.შ. ერთი სიტყვით, ადამიანებს ექნებოდათ მეტი თავისუფლება, სულიერი საზრდო, ბედნიერება და შეიქმნებოდა დოვლათი. მერედა ვინ ჩაკეტა საზღვრები? ვინ არ გააკეთა კანონმდებლობის ჰარმონიზაცია? ვინ გამოიწვია ამდენი პრობლემა? არის არსებული რეალობა გარდუვალი მოცემულობა თუ შეიძლება მისი შეცვლა? რასაკვირველია, ერთმანეთთან ხიდების ნაცვლად გამყოფი კედლების მშენებლობა კონკრეტული გადაწყვეტილებების შედეგია და არა ბუნებრივი მდგომარეობა.
გარდა ამისა, 1991-1994 წლებში რეგიონის ტერიტორიაზე განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად (ყარაბაღი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, თბილისი) დრამატულად შემცირდა სამივე სახელმწიფოს ეკონომიკა. ახლაც, ჩვენ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის პროცესში ვართ. 1989 წლის მდგომარეობით, ფორმალურად, ბალტიის რესპუბლიკების ეკონომიკური მაჩვენებლები უსწრებდნენ სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკების მაჩვენებლებს, მაგრამ არაფორმალური და ჩრდილოვანი ეკონომიკის გათვალისწინებით, რეალურ ვითარებაში სამხრეთ კავკასიელები ბევრით არაფრით ჩამორჩებოდნენ ბალტიელებს. თუმცა, ბალტიელებმა ერთმანეთში არ იომეს, გახსნეს საზღვრები, გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში. შედეგად, 2023 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შემთხვევაში 8000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ესტონეთისა 30000 დოლარია, ლიტვისა – 27000, ლატვიისა – 22000. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო ბალტიელი მოქალაქე სამხრეთ კავკასიელზე სამჯერ ან ოთხჯერ მდიდარია, ამდენითვე მეტი პენსია და ხელფასი აქვს, ამდენითვე მეტს მოახმარს უკეთესი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას და მრავალი სხვა.
საერთაშორისო ურთიერთობებში, გეოპოლიტიკაში, ეკონომიკაში პატარა ქვეყნების წონა მცირეა, მაგრამ თუ ისინი ერთ რეგიონულ პაკეტად შეიკვრებიან, მათი სინერგია ბევრის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, წარმოუდგენელია ლატვია გაწევრიანებულიყო ნატოში, ხოლო ლიტვა და ესტონეთი მის მიღმა დარჩენილიყვნენ. ცალკე აღებული ლატვია არ იქნებოდა ევროპის უსაფრთხოებისთვის საინტერესო პროექტი. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზე მოზრდილ ქვეყნებზეც – რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი ერთ პაკეტად მოხვდნენ ნატოსა და ევროკავშირში.
ყარაბაღის პირველი ომიდან გამარჯვებულად გამოსული სომხეთი რუსეთს მიეკედლა, გაწევრიანდა ევრაზიულ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში; ჰეიდარ ალიევის მმართველობის პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანი დასავლეთისკენ იყურებოდა, მაგრამ დინასტიური მმართველობის სურვილმა და დემოკრატიისადმი მწყრალმა დამოკიდებულებამ მას არჩევანი შეაცვლევინა; რუსეთისგან ტერიტორიებწართმეული, დაუცველი და სუსტი საქართველო შევარდნაძის მმართველობიდანვე დასავლეთს მიეკედლა. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ცალკე აღებული საქართველო დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისთვის ვერ გახდებოდა მნიშვნელოვანი და სიცოცხლისუნარიანი პროექტი. ის რამე რეგიონული პაკეტის ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამიტომ, პირველ ეტაპზე, შეიქმნა საკმაოდ ეკლექტური რეგიონული ორგანიზაცია – სუუამ-ი, რომელიც პროდასავლური საგარეო ორიენტაციის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აერთიანებდა – საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ორგანიზაციას მალევე ჩამოშორდა უზბეკეთი, 1990-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 2003 წლიდან, ილჰამ ალიევის მიერ ხელისუფლების სათავეშო მოსვლის შემდეგ, აზერბაიჯანმა ხელი აიღო პროდასავლურ ორიენტაციაზე; უკრაინასა და მოლდოვაში პროდასავლური და პრორუსული ხელისუფლებები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ხშირად, საქართველო აქაც მარტო რჩებოდა და სუამ-მა დაკარგა ფუნქცია და ის დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს ან მხოლოდ ტექნიკურ დონეზე ურთიერთთანამშრომლობით შემოიფარგლება.
2009 წელს ევროკავშირმა წამოიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა“. მასში ჩართულები იყვნენ ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა და სამი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. ეს წარმოადგენდა ფორუმს, სადაც ჩამოთვლილი ქვეყნები მსჯელობდნენ ევროკავშირთან სავაჭრო, ეკონომიკურ და თავისუფალი მიმოსვლის საკითხებზე. თუმცა, რიგი ქვეყნები კვლავ ინარჩუნებდნენ პრორუსულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ეს ერთობაც უდღეური გამოდგა. 2016-2017 წლებში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მოიპოვეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება, სამივე მათგანმა გააფორმეს ევროპასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ ფაქტორის, უკრაინაში მაიდნის რევოლუციისა და მოლდოვაში პროდასავლური ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ დღის წესრიგში დადგა სამი ქვეყნის ერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პაკეტად ჩამოყალიბების საკითხი. შესაბამისად, 2021 წელს შეიქმნა „ასოცირების ტრიო“. საქართველო აქაც „მიკედლებულ გერად“ გამოიყურებოდა, რადგან ის მიება რეგიონს, რომელსაც ბუნებრივად არ ებმოდა. თუ მოლდოვა და უკრაინა მართლაც ერთ გეოგრაფიულ სხეულს წარმოადგენენ, საქართველოს ასეთი ერთი სხეული სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ ბაქო და ერევანი არ იზიარებდნენ თბილისის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს. ამიტომ, საქართველო მიება იმათ, ვისთანაც მიბმა შესაძლებელი იყო. ისტორიის ალტერნატიული განვითარების სცენას ვერც გამოვიცნობთ და მომხდარ ისტორიას ვერც შევცვლით, მაგრამ მეზობელ რეგიონებზე დაკვირვების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი: რომ არა 1990-იანი წლების ომები და დავები, სამხრეთ კავკასიას ერთი პოლიტიკური გეზით რომ ევლო დასავლეთისკენ, ის შექმნიდა ძალიან საინტერესო პროექტს და 2000-იანი წლებში ევროატლანტიკური ინტეგრაცია სრულიად რეალური ამოცანა იქნებოდა.
გეოგრაფია არჩევანი არ არის, ის ბედისწერაა. საქართველო და აზერბაიჯანი გეოგრაფიამ დააწყვილა. ისევე როგორც პირველი რესპუბლიკების დროს, ამ ორ ქვეყანას საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან; ჩინეთდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთებისთვის ისინი ქმნიან ერთიან კორიდორს; კასპიის აუზის ენერგორესურსების დასავლეთისკენ ტრანსპორტირება ორივეს თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. მოკლედ რომ ვთქვათ, გარესამყაროსთვის ისინი ერთად არიან საინტერესო და არა ცალ-ცალკე. ამიტომ, შეუძლებელია ერთ ქვეყანაში იყოს ავტორიტარიზმი და დინასტიური მმართველობა, ხოლო მეორეში დემოკრატია და ევროინტეგრაცია; არ შეიძლება ამ ორს ჰქონდეთ განსხვავებული საგარეო და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა. შევარდნაძისა და უფროსი ალიევის მმართველობის დროს ორი ქვეყანა თითქოს ერთი გზით მოდიოდა. 2003 წელს საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია, ხოლო აზერბაიჯანში მამა ალიევი ჩაანაცვლა შვილმა. იმავე პერიოდში, აზერბაიჯანში იყო დემოკრატიული რევოლუციის სუსტი მცდელობა. სააკაშვილის ხელისუფლება იმედისთვალით უყურებდა ვარდების რევოლუციის იდეების ექსპორტს და აზერბაიჯანის „ჩათრევას“ პროდასავლურ გზაზე, მაგრამ ბაქოში სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე თბილისში. სააკაშვილი მიხვდა, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური ცვლილებები დღევანდელი დღის საქმე არ იყო და გადაწყვიტა არსებული სახით მიეღო აზერბაიჯანი და მასთან ემეგობრა. აქედან იწყება გარდამავალი ეტაპი, როდესაც საქართველოში გვქონდა მყიფე, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც დემოკრატია, ხოლო აზერბაიჯანში მიმდინარეობდა ავტორიტარიზმის შემდგომი კონსოლიდაცია; მხარეები აძლიერებდნენ ეკონომიკურ კავშირებს, აღიარებდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ საგარეო და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილში სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ეს რეგიონული ოქსიმორონი უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა – ან საქართველოს უნდა ჩაეთრია აზერბაიჯანი დემოკრატიზაციის გზაზე ან აზერბაიჯანს წაეყვანა საქართველო ავტორიტარიზმისკენ. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2020 წელს მომხდარმა ყარაბაღის მეორე ომმა თქვა ამ საკითხში მნიშვნელოვანი სიტყვა. რუსეთი ვერ შეეგუა სომხეთში დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვებას და ფაშინიანის ხელისუფლების ურჩობას, მის მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას; ამის საპირისპიროდ, ჩრდილოელი მეზობელი კმაყოფილებით უყურებდა აზერბაიჯანში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასა და იქიდან დასავლეთის პოლიტიკურ განდევნას. ამიტომ, კრემლმა გადაწყვიტა ურჩი მოკავშირე სომხეთი დაესაჯა, ხოლო აზერბაიჯანული დიქტატურა წაეხალისებინა. განსხვავებით სომხეთში რევოლუციამდელი წლების მსგავსი ესკალაციებისგან, პუტინმა ალიევი არ გააჩერა. ამ უკანასკნელმა დაიკავა ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარშემო მდებარე ექვსი რაიონი და თავად ოლქის სამხრეთი ნაწილი. ამ დროს, დასავლეთს კავკასიისთვის არ ეცალა. ქართულმა ოცნებამ გაიაზრა, რომ რუსეთი იყო რეგიონში მთავარი ძალა და რომ ეს ძალა ავტორიტარიზმს ახალისებდა. მოერგო რა რეგიონში შექმნილ ახალ კონიუქტურას, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული გარემოს გაუარესება 2020 წლის ბოლოდან დაიწყო.
ეს კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა აზერბაიჯანისთვის, რომელმაც ეკონომიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა აღმოუჩინა ქართულ ოცნებას, რათა ეს უკანასკნელი ერთი მხრივ დაშორებოდა დასავლეთს, ხოლო მეორე მხრივ ძალადობრივად შეენარჩუნებინა ხელისუფლება. თუ საქართველოში იქნება დიქტატურა და არ იარსებებს წარმატებული, დემოკრატიული საქართველო, ამით უფრო დაცული გახდება ალიევების დინასტიური ხელისუფლება აზერბაიჯანში. მეზობლად მდიდარი და თავისუფალი ქვეყნის არსებობა ყოველთვის საშიში პრეცედენტია ავტორიტარული რეჟიმებისათვის. უფრო მეტიც, ავტორიტარული საქართველოს გამოყენება უფრო იოლია სომხეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, ვიდრე ევროპასთან ინტეგრირებული დემოკრატიული ქვეყნისა; და ბოლოს, იზოლირებულ და კლეპტოკრატიულ საქართველოს ეკონომიკაში ბევრად მეტი გასაქანი ექნება აზერბაიჯანული კაპიტალის მონოპოლიას, ვიდრე დასავლურ ბაზრებზე მიბმული და კონკურენტული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.
2021 წელს, ძველი ინერციით, შეიქმნა ევროკავშირთან „ასოცირების ტრიო“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემადგენლობით, თუმცა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია ქართული ოცნების ხილული სინქრონიზაცია რუსულ პოლიტიკასა და კანონმდებლობასთან. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ 2025 წლის მდგომარეობით საქართველო არის სამხრეთ კავკასიის ყველაზე პრორუსული ქვეყანა, ხოლო სომხეთი ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო, რომელიც გაბრაზებულია რუსეთზე და აღარ არის დამოკიდებული მის მფარველობაზე. ქართული ოცნების მიერ ევროატლანტიკური გზის საბოტაჟისა და უკრაინის ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონფრონტაციის შედეგად, ფაქტობრივად, დაიშალა „ასოცირების ტრიოც“.
სომხეთმა გაანალიზა, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად დაუპირისპირდეს რუსეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს. ამიტომ, ფაშინიანის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ამოიღო ოსმალეთში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების საკითხი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიდან; 2023 წლის ბოლოს, აზერბაიჯანული ჯარების მიერ სტეპანაკერტის/ხანკენდის დაკავებისა და ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის გამოსვლის შემდეგ, სომხეთი ოფიციალურად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. თითქოს, ამას უნდა გაეჩინა შესაძლებლობა, რომ სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან დიპლომატიური ურთიერთობები აღედგინა, გაეხსნა საზღვრები და რეგიონს ნელ-ნელა დაეწყო ერთიან ეკონომიკურ სხეულად არსებობა, რომლის ნაწილი საქართველოც გახდებოდა. ალიევის წინაშე დგას კითხვა – სომხეთი მას მტრად უნდა თუ მეზობლად? ჯერჯერობით, მეზობლობისა და მეგობრობისკენ გადადგმულ ხელშესახებ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. უფრო კი პირიქით, ორივე სახელმწიფო გამალებულ შეიარაღებას ეწევა. გასულ წელს სომხეთმა მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე მეტი დახარჯა თავდაცვაზე, ხოლო აზერბაიჯანმა 5%-ზე მეტი. ყველა პარამეტრით, ეს ომის ეკონომიკაა და არა მშვიდობის.
2020 წელს რუსეთმა კი მისცა აზერბაიჯანს ყარაბაღის ნაწილის დაკავების საშუალება, მაგრამ სანაცვლოდ თავად შეიყვანა ჯარები რეგიონში და დარჩა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არბიტრად. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია დაგეგმილისამებრ არ წავიდა. იმპერია ჩაეფლო ხანგრძლივ და მომქანცველ ომში. ამით ისარგებლა აზერბაიჯანმა და ყარაბაღი სრულად დაიკავა. რუსეთს არ შეეძლო თურქეთისგან მხარდაჭერილი აზერბაიჯანის სამხედრო გზით შეჩერება. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს, ყარაბაღიდან კი არ გააგდეს, არამედ მის მიერ იყო სანქცირებული აზერბაიჯანის ქმედება. ამრიგად, აზერბაიჯანი დიდწილად დაუსხლტა ხელიდან რუსეთის გავლენას. იმდენად რამდენადაც ოფიციალური ბაქო დასავლეთთან დაახლოებას არ აპირებს, მოსკოვს მწვავე რეაგირების არც სურვილი გამოუთქვამს და, უკრაინასთან ომის პირობებში, არც ამის შესაძლებლობა აქვს.
სამხრეთ კავკასიის სამი სუვერენული სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური და უსაფრთხოების პროექტის შექმნის ნაცვლად, ისახება კიდევ ერთი იმპერიალისტური პროექტი – 3+3. ეს გულისხმობს „უფროსი ძმების“ – რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიერ ერთობლივი რეგიონული ორგანიზაციის შექმნას „უმცროს ძმებთან“ – საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ასეთი პროექტის განხორციელება სრულად აძევებს რეგიონიდან არამხოლოდ დასავლეთს, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლებების ნარჩენებსაც. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, თუ თურქეთი იღებს აზერბაიჯანის დაცულობაზე პასუხისმგებლობას, ხოლო ირანი არ დაუშვებს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ოკუპაციას, ვის ანაბარად რჩება ამ პროექტში საქართველო? რუსეთის? ცხვარი თავად უნდა ჩაბარდეს მგელს „თავის დასაცავად“?
დასავლეთსა და რუსეთს შორის ფრონტის ხაზი გადის ზუსტად იქ, სადაც ახლა რუსულ და უკრაინულ ჯარებს შორის შეხების წერტილებია. აქედან აღმოსავლეთით, ყველაფერი ძალიან ძნელი დასაცავია დასავლეთისთვის, მათ შორის საქართველოც. ისტორიის სრულმასშტაბიანი განმეორებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მისი შტრიხები ისევ სახეზე გვაქვს – ნაცვლად ერთიანი ეკონომიკური და უსაფრთხოების სივრცის შექმნისა, რეგიონის პატარა სახელმწიფოები თავად ეტმასნებიან ან სათითაოდ ბარდებიან დიდ და აგრესიულ მეზობლებს. შედეგად, მათი უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა ჰაერში არის გამოკიდებული.
ბექა კობახიძე,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი