კვირაზე უფრო ნაკლები დრო რჩება გერმანიის ფედერალურ არჩევნებამდე. ევროკავშირის ყველაზე მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო მნიშვნელოვანი გარდატეხის მოლოდინშია. 26 სექტემბერს ანგელა მერკელის თექვსმეტწლიანი მმართველობის ეპოქა სრულდება, გერმანელებს კი მისი მემკვიდრის ბედის გადაწყვეტა მოუწევთ.
მიმომხილველთა ნაწილი მოახლოებულ კენჭისყრას გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოსაწყენ პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევს. მაგალითად, Die Welt-ის ავტორი ჟაკ შუსტერი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პროცესი დაცლილია მწვავე, თემატური კონფლიქტებისაგან, რომლებიც საზოგადოების დინამიურ განვითარებასა და პოლიტიკურ ველზე სხვადასხვა, მკაფიოდ გამოკვეთილი ალტერნატივების ფორმირებას უწყობენ ხელს. პუბლიცისტი კანცლერის პოსტის მოსაპოვებლად წამოწყებულ ბრძოლაში ჩართულ პირთა უღიმღამობაზეც მიანიშნებს. კონრად ადენაუერისა და კურტ შუმახერის, გფრ-ის პირველი კანცლერისა და ვილი ბრანდტის, ჰელმუთ შმიდტისა და ჰელმუთ კოლის ორთაბრძოლების მნახველ საზოგადოებას არ აკმაყოფილებს იმგვარ კანდიდატებზე დაკვირვება, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი მხოლოდ ანგელა მერკელის გაუმჯობესებულ ვარიანტად წარმოაჩინონ.
მართალია, კამპანიის ლიდერები განსაკუთრებული ქარიზმითა და შთამბეჭდავი გამოსვლებით არ გამოირჩევიან, არც პარტიულ პროგრამებში შეიმჩნევა ვიზიონერული ხედვები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 2021 წლის არჩევნები გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და საინტერესო კენჭისყრა იქნება. მოსაზრება ორი ძირითადი არგუმენტით შეგვიძლია დავასაბუთოთ:
უპირველეს ყოვლისა, თვალი შევავლოთ განვლილ წინასაარჩევნო პერიოდს. თავდაპირველად საზოგადოება „მწვანე ეიფორიამ“ შეიპყრო და გამოკითხვებში გარემოსდამცველთა პარტია დაწინაურდა, ყველას პირზე ეკერა ახალგაზრდა ქალი დეპუტატის – ანალენა ბერბოკის სახელი, რომელსაც ბევრი გერმანიის მომავალ კანცლერად აცხადებდა. პლაგიატთან და შემოსავლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სკანდალის, ოფიციალურ ბიოგრაფიაში აღმოჩენილი უზუსტობების გახმაურების შემდეგ მწვანეთა პარტიისა და მისი რჩეულის აღმასვლა შეწყდა, ანალენა ბერბოკის მხარდამჭერთა ამბიციებიც უფრო მოკრძალებული გახდა (იხ. სტატია „გაერთიანება 90 / მწვანეები“ – პირველად პირველი ადგილისათვის”). სანამ დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობა მოხდებოდა, კანცლერის თანამდებობისთვის დაწყებულ რბოლაში წინ ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე არმინ ლაშეტი გაიჭრა. ლაშეტის მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ ყველაზე დიდი ფედერალური მიწის – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის კონსერვატორი მმართველი ყველაზე უკეთ შეძლებდა ანგელა მერკელის ზომიერი, ცენტრისტული კურსის გაგრძელებას, მოქალაქეებს შორის წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტაბილურობის განცდის შენარჩუნებას. თუმცა, წყალდიდობის დროს, პრეზიდენტ შტაინმაიერის სამგლოვიარო პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებმა ფირზე ლაშეტის გულიანი სიცილის კადრები აღბეჭდეს, რაც მისი ავტორიტეტის განადგურების წინაპირობა გახდა (იხ. სტატია “ქრისტიან-დემოკრატები დამარცხების ზღვარზე”). ბოლო რამდენიმე კვირაა, ყველასთვის მოულოდნელად წინასაარჩევნო რეიტინგების სათავეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ფინანსთა ფედერალური მინისტრი ოლაფ შოლცი მოექცა. ყველაზე ხელმოცარულ, დამკვირვებელთა მიერ დიდი ხნის წინ ჩამოწერილ პარტიას არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს (იხ. სტატია “სოციალ-დემოკრატია სასწაულის მოლოდინში”). მოკლედ, 2021 წლის პირველი თვეებიდან მოყოლებული გერმანულ პოლიტიკაში ვითარება კელეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. არჩევნებამდე შვიდი დღეა დარჩენილი და არ არის გამორიცხული, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს. როგორ შეიძლება, ამდენი მოულოდნელობა და ამგვარი დინამიკა საინტერესო არ იყოს?
26 სექტემბრის არჩევნებს დამატებით ხიბლს სძენს პარტიებს შორის ძალების ხელახალი, საკმაოდ უცნაური გადანაწილება. ფედერაციული რესპუბლიკის დაარსების პერიოდიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე ქვეყნის პარტიულ სისტემაში ორი ძირითადი სუბიექტი დომინირებდა. ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები მრავალპარტიული სისტემის უმსხვილესი მოთამაშეები იყვნენ, სხვა აქტორები ელექტორალური შესაძლებლობების თვალსაზრისით დომინანტ ორგანიზაციებს საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ. მერკელის ეპოქაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ხშირად მიუნხენის „ბაიერნსაც“ კი ადარებდნენ, რომელიც ბოლო ორი ათწლეულია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მიჯრით, თითქმის ყოველთვის იმარჯვებს „ბუნდესლიგის“ გათამაშებაში. შესაბამისად, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ისედაც ყველამ იცის, თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს. მიუხედავად მერკელის უკან დახევისა და კონსერვატიული ბანაკის პოზიციების შესუსტებისა, ბევრი მაინც ვარაუდობდა, რომ 2021 წელსაც ქრისტიან-დემოკრატების უპირატესობა უპირობო იქნებოდა. თუმცა, დღეს ჩვენ სრულიად განსხვავებული რეალობა მივიღეთ – ქრისტიან-დემოკრატები მეორე ადგილზე ჩამოქვეითების საფრთხეს წარუმატებლად ებრძვიან, ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ჩამორჩენა კოლოსალური აღარ არის, ბუნდესტაგში წარმოდგენილი ექვსი პარტიიდან ოთხის რეიტინგი დაახლოებით ათიდან და ოც პროცენტამდე შუალედშია მოქცეული, პოლიტიკურ პარტიათა ძალები შედარებით გათანაბრებულია. ორი მთავარი „სახალხო პარტიის“ დომინაციის გაქრობა გზას ახალი კოალიციებისთვის ხსნის. თითქმის გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის მომავალ მთავრობას ვერც ერთი ორი პარტია ვეღარ ჩამოაყალიბებს. საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისათვის მესამე ფრაქციის მხარდაჭერაც აუცილებელი იქნება. გერმანიის მრავალ ფედერაციულ მიწას მართავს სამსუბიექტიანი კოალიცია, მაგრამ ფედერალურ დონეზე ამგვარი რამ ჯერ არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ხუთი სხვადასხვა სამსუბიექტიანი კოალიციას აქვს მანდატების უმრავლესობის მოპოვების შანსი. მაშასადამე, 2021 წლის არჩევნების შემდეგ გერმანიაში ახალ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი, თან პარტიებს სხვადასხვაგვარად გადაჯგუფება-გადმოჯგუფების უამრავი შესაძლებლობა ექნებათ.
რომელი კოალიცია გადაიბარებს გერმანიის მართვის სადავეებს?
ცხადია, წინასწარ და დანამდვილებით არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როგორი იქნება მომავალი ფედერალური მთავრობა. ჩვენ მხოლოდ ვარაუდებზე მსჯელობის ძალა შეგვწევს. მოდით, სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე რამდენიმე შესაძლო კოალიციის შემადგენლობა განვიხილოთ.
- სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და მემარცხენეების კოალიცია (Rot-rot-grün)
თვეზე მეტია წინასაარჩევნო ბრძოლებში სოციალ-დემოკრატები დაწინაურდნენ. ყველა კვლევის მიხედვით ისინი დანარჩენ პარტიებზე წინ არიან, მათ ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტი უცხადებს ნდობას. 2005 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა სამგზის შეკრეს კოალიცია მერკელის პარტიასთან. ისინი ყოველთვის კოალიციის უმცროსი პარტნიორები იყვნენ. ერთად გაკეთებული საქმის შედეგები ძირითადად ქრისტიან-დემოკრატებს მიეწერებოდათ, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის როლი კი ხშირად იჩრდილებოდა. აქედან გამომდინარე, კონსერვატიულ ბანაკთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გერმანიის უძველესმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უარი თქვა 2021 წლის არჩევნების შემდეგ მოქმედი კანცლერის პარტიასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე. არსებობს უმცირესი შანსი აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლისა, თუმცა, ამ ეტაპზე სოციალ-დემოკრატები ძველი ალიანსის შენარჩუნებას ფაქტობრივად გამორიცხავენ. შესაბამისად, სოციალ-დემოკრატების ლიდერს – ოლაფ შოლცს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად ორი არჩევანი რჩება. იგი ან მწვანეებთან და მემარცხენეებთან (Die Linke) გააფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ან მწვანეებთან და ლიბერალებთან ერთად შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას.
გერმანიაში ყოველთვის ეშინოდათ დიდი მემარცხენე კოალიციის ფორმირების. ბიურგერულ პარტიებს მემარცხენეთა დემონიზების მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. კონრად ადენაუერი ჯერ კიდევ 1953 წელს დაესხა თავს რეფორმირებულ, დასავლური იდეალების ერთგულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და მთავარი ოპოზიციური ძალა საბჭოთა რეჟიმთან ახლო კავშირებში დაადანაშაულა. მაშინ მთელი ფედერაციული რესპუბლიკა ააჭრელეს პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „მარქსიზმის ყველა გზას მოსკოვისკენ მივყავართ“.
სტრატეგია კიდევ ერთხელ გააქტიურდა 1990-იან წლებში, როდესაც საქსონია-ანჰალთის მიწაზე სოციალ-დემოკრატებმა მთავრობა გდრ-ის მმართველი გუნდის სამართალმემკვიდრედ მიჩნეული ძალის – დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის დახმარებით ჩამოაყალიბეს. მაშინ კონსერვატორები ხალხს მოუწოდებდნენ “მხარი დაეჭირათ მომავლისთვის და არა „წითელი წინდებისთვის“ (ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ გდრ-ის ავტორიტარიზმის მომხრე კომუნისტებს 60-70-იან წლებში)“.
„წითელი წინდების“ კამპანიას 2021 წელსაც აწარმოებენ. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე (ქდკ) არმინ ლაშეტი და ქრისტიან-სოციალური კავშირის (ქსკ) თავმჯდომარე მარკუს ზიოდერი ხალხს ყოველი გამოსვლის დროს შეახსენებენ, რომ 26 სექტემბერს ქვეყნის განვითარების მიმართულების განმსაზღვრელი კენჭისყრა გაიმართება. ისინი ამტკიცებენ, რომ გერმანია გზაჯვარედინზე დგას – რესპუბლიკა ან ბიურგერულ მთავრობას აირჩევს, ან მემარცხენე რადიკალებს ჩააბარებს მართვის სადავეებს. ქრისტიან-სოციალური კავშირის წევრებმა სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნეს, რომლის მიზანიც „მემარცხენეობისკენ შემობრუნების თავიდან აცილებაა“.
რა არის კონსერვატიული ბანაკის აგრესიული თავდასხმებისა და მათ მიერ საზოგადოებაში შიშის გავრცელების მიზეზი?
კონსერვატორები ფედერალურ თუ რეგიონალურ დონეზე წარმატებით თანამშრომლობენ სოციალ-დემოკრატიულ და მწვანეთა პარტიებთან. მათთვის ამ ძალებთან თანამშრომლობა პრობლემას არ წარმოადგენს. ქდკ/ქსკ-ის ლიდერების შფოთვის საგანს მემარცხენე პარტია (Die Linke) წარმოადგენს, რომელშიც დღემდე ირიცხებიან გდრ-ის მმართველი გუნდის ფუნქციონერები. Die Linke ემხრობა იმგვარი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის ადგილი აღარ იქნება. ისინი გერმანიის მიერ ნატოს დატოვების გულშემატკივრებიც არიან, აქვთ ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის, ვენესუელისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების მთავრობების მიმართ. მათი პროგრამა ითვალისწინებს გერმანიის სამხედრო-შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერი) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და მილიტარისტული ინდუსტრიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას. Die Linke-ს კიდევ ერთი შავი ლაქა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართ (ეროვნული უშიშროების დაცვაზე მომუშავე მთავარი უწყება) კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირდება, პარტიის ნაწილი მისი უკიდურესად შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.
კონსერვატორთა აგრესიის მიუხედავად, ოლაფ შოლცი დღემდე უარს ამბობს Die Linke-სთან თანამშრომლობის გამორიცხვაზე. კანცლერობის სოციალ-დემოკრატი კანდიდატი გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ასაბუთებს.
უპირველეს ყოვლისა, კანდიდატი აღნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და Die Linke-ს შორის შიდა პოლიტიკის ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა რთული არ იქნება. მინიმალური ხელფასის გაზრდას, საპენსიო ასაკისა და ბაზისური პენსიის ოდენობის შენარჩუნებას, მასობრივი ბინათმშენებლობის წახალისებასა და საცხოვრებლის ფასების რეგულირებას, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადასახადების მომატებას, „სამოქალაქო სადაზღვევო სისტემის“ შემოღებას სამივე პარტია ემხრობა. მემარცხენე-ცენტრისტულ ძალებს აქვთ რესურსები, რათა კლიმატის კრიზისის შედეგების აღმოფხვრისათვის საერთო პოლიტიკა შეიმუშავონ. მოკლედ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიღმა, სამივე ჯგუფის შეხედულებები ძალიან ენათესავებიან ერთმანეთს.
სოციალ-დემოკრატები და მწვანეები ხშირად მიანიშნებენ იმაზეც, რომ წლების განმავლობაში მემარცხენეთა პარტია მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. შედარებით რადიკალური პარტიის ლიდერთა შორის ნაკლებად ვხვდებით გდრ-ის ბიუროკრატიული აპარატის ყოფილ ჩინოსნებს, დეპუტაცია ძირითადად აღმოსავლეთის მიწების ახალგაზრდა წარმომადგენლებითა და დასავლეთიდან არჩეული პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული. ბერლინში, ბრემენსა და ტურინგიაში მემარცხენეები Rot-rot-grün მთავრობის სტაბილური წევრები არიან.
ოლაფ შოლცი და მწვანეების თავმჯდომარე ანალენა ბერბოკი აცხადებენ, რომ ნატოს საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის წარმოებას არ აპირებენ. ისინი გამორიცხავენ იმგვარი კოალიციის შეთანხმების გაფორმებას, სადაც ტრანსატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო დებულებები იქნება ჩაწერილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად Die Linke-ს რეიტინგი 6%-ია. ასეთი მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიას არ ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ გამარჯვებულ ძალებს პირობები უკარნახოს და უარი თქვას გონივრულ კომპრომისებზე.
Rot-rot-grün კოალიციის მომხრეებს მხოლოდ Die Linke-ს შიდაპარტიული უთანხმოებები აშინებთ. წლებია პარტიის შიგნით უმწვავესი დაპირისპირება მძვინვარებს ლაფონტენ-ვაგენკნეხტისა და მათ მიერ “Lifestyle-Linke”-ედ მოხსენიებულ ჯგუფს შორის. დაპირისპირებამ შეიძლება მდგრადი კოალიციის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს.
- სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და ლიბერალების კოალიცია (შუქნიშნის კოალიცია)
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალ-დემოკრატები და მწვანეები Die Linke-სთან თანამშრომლობას ერთადერთი მიზეზის გამო არ გამორიცხავენ. მათ არ სურთ, რომ თავისუფალი დემოკრატების პარტიის (ლიბერალები) ლიდერთან – ქრისტიან ლინდნერთან მოლაპარაკების გარდა სხვა ყველა გზა მოიჭრან. მათ სურთ, რომ ლიბერალებთან ალიანსი არჩევნების შემდგომ მთავრობის ჩამოყალიბების ერთადერთ ვარიანტად არ შერჩეთ. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, Die Linke-ს კოზირის შენარჩუნებით, შოლცისა და ბერბოკის პარტიები ლიბერალთა ამბიციების მოთოკვას შეეცდებიან.
„შუქნიშნის კოალიციის“ შესაძლო წევრთა საგარეო პოლიტიკური ხედვები მეტ-ნაკლებად თავსებადია ერთმანეთთან, პარტიებს კომპრომისების გამონახვის ძალა ამ მიმართულებით უთუოდ შესწევთ. იმავეს თქმა გაგვიჭირდება შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. თავისუფალ დემოკრატთა პარტიის (თდპ) თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლიბერალები მხოლოდ ცენტრისტული მთავრობის ნაწილი გახდებიან და არ აპირებენ დიდი მემარცხენე პროექტების განხორციელებაში თანამონაწილეობას. თდპ მხოლოდ იმ მინისტრთა კაბინეტში იმუშავებს, რომელიც უარს იტყვის გადასახადების გაზრდაზე, „ვალების მუხრუჭის“ შემსუბუქებასა და მკაცრ სარეგულაციო პოლიტიკაზე. მაშასადამე, ლიბერალები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რაც სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეებს თავიანთი სტრატეგიის აღსრულების უმთავრეს საშუალებად მიაჩნიათ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ „შუქნიშნის კოალიციის“ ჩამოყალიბება ძალიან რთული იქნება.
- ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები (იამაიკა კოალიცია)
„წითელი წინდების“ კამპანიის ამოქმედების, მემარცხენე მთავრობის შესაძლო ჩამოყალიბების შიშით ატეხილი განგაშის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატებმა კონსერვატიული ამომრჩევლის მობილიზება შეძლეს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მერკელის პარტიის ელექტორატიც გააქტიურდა. მოცემული მომენტისათვის ქდკ/ქსკ-ის რეიტინგი 22%-ს უტოლდება, ისინი სულ რამდენიმე პუნქტით ჩამორჩებიან პირველადგილოსან სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსერვატორები ბრძოლაში რჩებიან, მათ ბოლომდე არ დაუკარგავთ თავიანთი ლიდერის კანცლერად არჩევის რეალური შანსი. არმინ ლაშეტს მთავრობის ფორმირებისათვის ლიბერალებისა და მწვანეების მომხრობა მოუწევს.
2017 წლიდან გერმანიის უდიდეს ფედერალურ მიწას – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების კოალიცია მართავს. მიწის პრემიერ-მინისტრად არმინ ლაშეტის არჩევას თავის დროზე მხარი დიუსელდორფელი ლიბერალების მეთაურმა ქრისტიან ლინდერმაც დაუჭირა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ოთხი წლის წინ ქრისტიდან-დემოკრატებისა და ლიბერალების ფედერალურ ლიდერთა შორის შეთანხმება რეგიონალურ დონზე უკვე შედგა. მათ ერთმანეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე პარტია მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულებისაა. კონსერვატორებიც და თავისუფალი დემოკრატებიც ემხრობიან გადასახადების შემცირებას, ინვესტიციების განხორციელების მიზნით ახალი ვალების აღებისგან თავის შეკავებას, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში ხშირად მხარს უჭერენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსა და იცავენ მათ ინტერესებს. ლაშეტიც და ლინდნერიც ღიად გამოხატავენ სიმპატიებს ერთმანეთის მიმართ, აცხადებენ, რომ მათი პარტიების კოალიცია საუკეთესოდ წარმართავდა გერმანიის ცხოვრებას 20-იან წლებში. თუმცა, მემარჯვენეებს უმრავლესობისთვის ხმები არ ყოფნით და მწვანეების გადმობირება სჭირდებათ.
ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების პრიორიტეტები მწვანეების ღირებულებებს არ ემთხვევა. გარემოსდამცველთა პარტიის სოციალური და ეკონომიკური პროგრამის განხორციელება მემარჯვენეებთან ერთად შეუძლებელი იქნება. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით სერიოზულ კომპრომისზე წასვლის შემთხვევაში, ლაშეტისა და ლინდნერის თანაგუნდელებს ზომიერი შიდაპარტიული დაჯგუფების დომინაციის პირობებში მომუშავე „გაერთიანება 90/მწვანეების“ მთავრობაში შეტყუების შანსი ექნებათ.
პარალელურად, ანალიტიკურ წრეებში ხშირად იხსენებენ 2017 წელის ფედერალურ არჩევნებს. 4 წლის წინ ანგელა მერკელმა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება მწვანეებთან და ლიბერალებთან ერთად სცადა. უკანასკნელ მომენტში მოლაპარაკებების მაგიდა ქრისტიან ლინდნერმა მიატოვა, მან ქრისტიან-დემოკრატებთან და მწვანეებთან განხილვების დასრულების შემდეგ აღნიშნა: „ცუდად მართვას, სჯობს საერთოდ არ მართო.“ ვნახოთ შეიცვლიან თუ არა ლიბერალები დამოკიდებულებას „იამაიკა-კოალიციის“ მიმართ.
- სხვა კოალიციები
2010-იან წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარტიული ლანდშაფტი მკვეთრად გარდაიქმნა. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ბუნდესტაგში აღზევების შემდეგ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში ბევრი რამ შეიცვალა. ყველა დემოკრატიული ძალა გამორიცხავს ულტრამემარჯვენეებთან საქმიან ურთიერთობებს, დემოკრატები რადიკალებს რესპუბლიკური წესრიგისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხედ განიხილავენ. აქედან გამომდინარე, ანტირესპუბლიკური მოძრაობის მზარდი გავლენების დასაბალანსებლად ერთმანეთთან თანამშრომლობა უწევთ. დღეს გერმანიის ფედერალურ მიწებს ისეთი კოალიციები მართავენ, რომელთა ჩამოყალიბებაც საუკუნის დასაწყისში თავში არავის მოუვიდოდა. მაგალითად, ბრანდენბურგის მიწის მთავრობაში სოციალ-დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები და მწვანეები არიან გაერთიანებულნი („კენია კოალიცია“), საქსონია-ანჰალთის მიწას ქრისტიან-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები მართავენ („გერმანიის კოალიცია“) და ა.შ. ორივე აღნიშნულ კოალიციას შეუძლია უმრავლესობის მოპოვება ფედერალურ დონეზეც. შესაბამისად, უკიდურეს შემთხვევაში მათი ფორმირებაც არ უნდა გამოვრიცხოთ.
26 სექტემბერს მერკელის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ვერ დასრულდება, მთავარი მოვლენებს სწორედ არჩევნების შემდეგ უნდა ველოდეთ.
პოლიტოლოგი
შენიშვნა: რატომ მოიხსენიებენ სამთავრობო კოალიციებს უცნაური სახელწოდებებით?
გერმანიის პოლიტიკური სისტემის ყველა ძირითადი პარტია რომელიმე ერთ ფერთან ასოცირდება. ასოციაციებს საფუძვლად პარტიულ სიმბოლიკაში გამოყენებული ფერები უდევს. ქრისტიან-დემოკრატების ფერად შავია აღიარებული, სოციალ-დემოკრატების ალამი წითელია, წითელი დომინირებს Die Linke-ს სიმბოლოებზეც. ბუნებრივია, გარემოსდამცველები არავის უთმობენ მწვანე ფერს, თავისუფალი დემოკრატებს პალიტრაზე ყვითელი ფერი აქვთ მონიშნული, ულტრამემარჯვენეებმა კი ლურჯზე შეაჩერეს არჩევანი.
ფერების კონბინაციით სხვადასხვა ქვეყნის დროშების შეფერილობას ვითებს. მაგალითად, ვინაიდან იამაიკის დროშაზე შავი, ყვითელი და მწვანე ფერები დომინირებენ ქრისტიან-დემოკრატების (შავი), ლიბერალებისა (ყვითელი) და მწვანეების კოალიციას შემოკლებით „იამაიკა კოალიციას“ უწოდებენ. თავდაპირველად, მთელ მსოფლიოში სამფეროვანი შუქნიშნები იყო გავრცელებული, საქართველოში დღემდე ასეა… სოციალ-დემოკრატების (წითელი), ლიბერალების (ყვითელი) და მწვანეების კოალიციის სახელდებაც შუქნიშნის ფერებიდან მოდის და ა.შ.