2022 წლის იანვარში რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მრავალწლიანი კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა. საქართველოს სამეზობლოში სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის რისკი ამ დრომდე მაღალია. ასი ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არის გადასროლილი. რუსული შენაერთები განლაგებულნი არიან ორი ქვეყნის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ათასობით კილომეტრის გასწვრივ, ბელორუსიდან ანექსირებულ ყირიმამდე.
ომის თავიდან აცილების საქმეში მთელი მსოფლიო მონაწილეობს. ყველა გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშე სხვადასხვა სტრატეგიით ცდილობს ევროპის შუაგულში მშვიდობის შენარჩუნებას. ზოგიერთი აქტორის პოზიცია მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი არ არის, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამართლიანი კრიტიკისა თუ უსამართლო, ევროსკეპტიკური ინტერპრეტაციებისათვის.
უკრაინასა და საქართველოში განსაკუთრებული მონდომებით თავს ესხმიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. მოსაზრებათა ნაწილი კარგად არის დასაბუთებული, ნაწილი კი მხოლოდ დილეტანტიზმსა და „ცივი ომის“ კლიშეებზეა დაფუძნებული.
როგორია სინამდვილეში გერმანიის დამოკიდებულება უკრაინის საკითხთან მიმართებით?
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო გახლავთ, სადაც პოლიტიკური კურსის შემუშავება, დამოკიდებულების ჩამოყალიბება მრავალი სუბიექტის თანამონაწილეობით ხდება. პროცესზე გავლენას ახდენს ქვეყნის ისტორიული გამოცდილება, მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებები, ეკონომიკური ინტერესები, ცალკეულ პარტიათა თუ რეგიონთა პოზიციები და სხვა ფაქტორები. შესაბამისად, კითხვაზე პასუხის გასაცემად გერმანიის დემოკრატიაზე გავლენის მქონე ინსტიტუტების ურთიერთმიმართებებს უნდა დავაკვირდეთ.
- სამთავრობო კოალიციის პოზიცია
2021 წლიდან ფედერაციულ რესპუბლიკას ისტორიაში პირველად სამსუბიექტიანი კოალიცია მართავს, რომლის შემადგენლობაში სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების გარდა ლიბერალებიც ირიცხებიან.
სოციალ-დემოკრატი კანცლერი, ოლაფ შოლცი და უძველესი მემარცენე-ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე – ლარს ქლინგბაილი მიიჩნევენ, რომ ევროპის შუაგულში ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ისინი საჯაროდ და ზუსტად არ აცხადებენ, თუ რომელ სანქციებს გამოიყენებენ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. ორივე პოლიტიკოსი ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია მეზობელი სახელმწიფოს საზღვარს გადალახავს, ქვეყნის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა განიხილება („Im Falle eines russischen Angriffs lägen alle Optionen auf dem Tisch“) [1]. მაშასადამე, გერმანული მხარე უარს ამბობს „რუსეთისათვის თავისი ყველა ბანქოს წინასწარ ჩვენებაზე“. ამასთანავე, ოფიციალური ბერლინი არ აპირებს პრობლემაზე დამოუკიდებლად რეაგირებას. ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების აზრით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს პასუხი მთელმა ევროპულმა თანამეგობრობამ ერთიანად უნდა გასცეს, პასუხი უნდა იყოს მკაცრი და მძიმე რუსეთის ფედერაციისთვის. ფედერალურ კანცელარიაში მიიჩნევენ, რომ აგრესორს სამხედრო ინტერვენცია „ძვირად უნდა დაუჯდეს“.
ორმა მსოფლიო ომმა, განადგურების არნახულმა მასშტაბებმა, ნაციზმის გამოცდილებამ გერმანულ საზოგადოებაში საკმაოდ გააძლიერა პაციფისტური ღირებულებების გავლენა და ომში ნებისმიერი ფორმით აქტიური მონაწილეობის საკითხი პრაქტიკულად პოლიტიკურ ტაბუდ აქცია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, გერმანიის დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც აღბეჭდილი გახლდათ მშვიდობის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი სოციალური მოძრაობების ბრძოლით. დასავლეთ გერმანიაში სამხედრო ინდუსტრიის განვითარების, შეიარაღების, იარაღის ექსპორტის, ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებითი ბაზების განთავსების მოწინააღმდეგეთა შორის ყველაზე აქტიურნი სოციალ-დემოკრატები და მწვანეები იყვნენ. კომუნისტურ გერმანიაში კი, 1989 წლის დემოკრატიული რევოლუციის სათავეებთან სამშვიდობო იდეებით დარაზმული ქრისტიანები და დისიდენტები იდგნენ, რომლებიც გდრ-დან „ვარშავის პაქტის“ სამხედრო ინფრასტრუქტურის გატანას ითხოვდნენ. მოძრაობის წევრები გერმანიის გაერთიანების შემდეგ ახალი პოლიტიკური კლასის გავლენიან პირებად ჩამოყალიბდნენ, ბევრი მათგანი სწორედ მწვანეთა და სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში დამკვიდრდა. შესაბამისად, იარაღის ექსპორტის შეზღუდვა, სამშვიდობო საგარეო პოლიტიკა, ომებში აქტიური მონაწილეობისგან თავი შეკავება მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალების უპირობო მახასიათებლად იქცა. 2021 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მოთხოვნით გერმანიის სამთავრობო კოალიციურ შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ მინისტრთა კაბინეტი უარს იტყვის საომარ რეგიონებში იარაღის გაგზავნაზე. გერმანიის ახალი მთავრობა რამდენიმე კვირის წინ აღებულ ვალდებულებას არ დაარღვევს, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პროგრამულ პრიორიტეტს პირველივე დაძაბულობისთანავე არ უარყოფს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უკრაინა უკვე იღებს სამხედრო დახმარებას ევროკავშირისა და ნატოს წევრი არაერთი სახელმწიფოსგან, გერმანიის პარტნიორებისგან. ფედერაციული რესპუბლიკა კი წლებია სხვა, არამილიტარისტულ დარგებში ცდილობს უკრაინის გაძლიერებას. ფედერაციული რესპუბლიკა 2014 წლიდან დღემდე განუხრელად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ევროკავშირის ცენტრალური სახელმწიფო რჩება „ნორმანდიული ოთხეულის“ ინიციატორად და წამყვან მონაწილედ, რომელმაც ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას შეუწყო ხელი.[2] გერმანია მზად არის უკრაინა გააძლიეროს სამედიცინო თვალსაზრისით, უკრაინის მოთხოვნით ( და არა თავდაცვის ფედერალური სამინისტროს ინიციატივით) კიევში ჩაფხუტებიც გაიგზავნა (ჯერ მოითხოვეს და შემდეგ გაგზავნის გამო გააკრიტიკეს), გერმანია აფინანსებს საბინაო მშენებლობებს უკრაინის დევნილი მოსახლეობისთვის და ა.შ..
სოციალ-დემოკრატიული პარტიის სუსტ წერტილად სამართლიანად მიიჩნევა პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. გერმანიის ხელისუფლებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში ატომური ენერგიისა და ნახშირის ჩანაცვლება. ატომური ენერგიისა და ქვანახშირის გამოყენებაზე უარის თქმა, განახლებადი ენერგიის ბაზების ტექნიკური სრულყოფის მიღწევამდე, კი ზრდის ქვეყნის დამოკიდებულებას გაზზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი (და არა ერთადერთი) იმპორტიორი ქვეყანაში რუსეთის ფედერაცია გახლავთ. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის ზედამხედველთა შორის გერმანიის ყოფილი კანცლერი, დისკრედიტირებული სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერიც გახლავთ. პროექტს აქტიურად უჭერს მხარს პოპულარული სოციალ-დემოკრატი ლიდერი, მეკლენბურგ-წინა პომერანიის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი, რადგან მილსადენის მშენებლობა და ამოქმედება ღარიბ ფედერალურ მიწაზე ინვესტიციებისა თუ სამუშაო ადგილების გაჩენის წინაპირობაა. მაშასადამე, ენერგეტიკული გარდაქმნის ეტაპზე მყოფი გერმანიისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პროექტია, რომლის განხორციელებაში უშუალოდ არიან ჩართულნი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსები (მათი ნაწილისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წარმატებით მიმდინარეობა პირად მოგებასთანაც არის დაკავშირებული). აქედან გამომდინარე, გერმანიის მთავრობას ხშირად ადანაშაულებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს მილსადენის ამოქმედებას, არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებს მის მუშაობას. მოსაზრება არასწორია, გერმანიის მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ საჭიროებისამებრ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერების საკითხიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლებამ გერმანულ-რუსული ეკონომიკური ინიციატივის ბედზეც იმსჯელოს.[3] ცხადია, მსჯელობას პარტიის შიგნით წინააღმდეგობა მოჰყვება, მაგრამ მისი დაძლევა შეუძლებელი არ იქნება, მინისტრთა კაბინეტში სოციალ-დემოკრატების გარდა კიდევ ორი პარტია არის წარმოდგენილი.
კოალიციური მთავრობის კურსს აქტიურად იცავს საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რომელიც მწვანეთა პარტიის წევრია. „მთავრობამ აქცენტი ეკონომიკურ მხარდაჭერაზე დასვა. ჩაფხუტების მიწოდება კიევის მოთხოვნა გახლდათ. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ უარი ვთქვით დიპლომატების უკრაინიდან გამოყვანაზე. ვინც საუბრობს, ის არ ისვრის … საფეხბურთო გუნდში თერთმეტივე მოთამაშე ცენტრალური თავდამსხმელი არ არის. მთავარია ყველას საერთო სათამაშო გეგმა ჰქონდეს თავში“ – ამგვარი გზავნილებით წარსდგა საგარეო საქმეთა მინისტრი ბუნდესტაგის წინაშე. „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის განცხადებით გერმანიის პოზიციის დამსახურებით შესაძლებელი გახდა „ნორმანდიის ფორმატის“ დროებით აღდგენა, რამაც რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების შანსები გაზარდა და მოლაპარაკებების გახანგრძლივებისათვის დრო მოიგო.[4] აღსანიშნავია ისიც, რომ ბერბოკი და მისი თანაგუნდელები ყოველთვის კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ. ისინი გერმანიის მთავრობაში ქმნიან ძალას, რომელიც კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში აქტიურად მიემხრობა მილსადენისთვის სანქციების დაწესებას.
გერმანიის სამთავრობო კოალიციაში დისონანსი მხოლოდ თავისუფალ დემოკრატთა პარტიის რამდენიმე ლიდერს შემოაქვს. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ლიბერალმა თავმჯდომარემ – ქ-ნმა მარი-აგნეს შტარკ-ციმერმანმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინისათვის იარაღის გადაცემას. შტარკ-ციმერმანის პოზიცია გაიზიარა პარტიის გენერალური სამდივნოს ზოგიერთმა წარმომადგენელმაც, ლიბერალები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრობლემად არ მიიჩნევენ სამთავრობო კოალიციური შეთანხმების ზოგიერთი დებულების გადახედვას და თავდაცვითი შეიარაღების აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნას. [5]
- აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში
სანქციების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა თვალსაჩინოა გერმანიის ოპოზიციურ სპექტრშიც. ბაიერნის პრემიერ-მინისტრმა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერმა – მარკუს ზიოდერმა ფაქტობრივად გაიზიარა გერმანიის მთავრობის ძირითადი შეხედულებები უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით. ზიოდერი მხარს არ უჭერს მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაბლოკვას. გავლენიანი კონსერვატორი ლიდერი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არც განიხილება. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უპირობო პატივისცემის კვალდაკვალ, ზიოდერი პირდაპირ აცხადებს: „რუსეთი რთული პარტნიორია, მაგრამ ის არ არის ევროპის მტერი“.[6] ამგვარად იგი მიანიშნებს, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა რუსეთის რიგი ინტერესების გათვალისწინებასაც მოიაზრებს.
ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს ქრისტიან-სოციალური კავშირის მოძმე პარტია – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი. ქდკ-ის ახლადარჩეული თავმჯდომარე, მერკელის კურსის კრიტიკოსი ფრიდრიხ მერცი ხელისუფლებას უკრაინის თემებზე მსჯელობისას პასიურობაში ადანაშაულებს. ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ თავდაცვითი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას, ენთუზიაზმით ხვდებიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას[7]. თუმცა, მერცი აუცილებლად არ მიიჩნევს რუსეთის გამორიცხვას Swift-ის სისტემიდან. მაღალშემოსავლიანი ბიზნესის ცნობილი მხარდამჭერის მტკიცებით, საბანკო საგადასახადო სისტემიდან რუსეთის გამოდევნა „კაპიტალის ევროპული ბაზრებისთვის შეიძლება ატომური ბომბი აღმოჩნდეს“. „მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი არის და იქნება ევროპული ქვეყანა. ამიტომ ვალდებულნი ვართ დავსვათ შეკითხვა: რა წინადადებები უნდა წარვადგინოთ იმისათვის, რომ რუსეთი შორეულ პერსპექტივაში მაინც ევროპულ წესრიგთან დავაკავშიროთ… გერმანიამ რუსეთთან მიმართებით თავისი პოლიტიკა მეზობლების თავზე გადახტომით არ უნდა აწარმოოს, მან განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს მეზობელი პოლონეთის პოზიციები“ – აცხადებს ფრიდრიხ მერცი და ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებით მკაფიო სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
ტრადიციულად, რუსებს მეგობრებად, პარტნიორებად აღიქვამენ პარტია „Die Linke”-ს წარმომადგენლები და ორივე მხარეს „იარაღის ჟღარუნის“ შეწყვეტისკენ, მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.
- „თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილებს, მით უარესი ფაქტებისთვის“
სამწუხაროდ, საქართველოშიც და უკრაინაშიც რიგ პოლიტიკურ ძალებს უჭირთ საკუთარი სურვილებისა და რეალობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ისინი ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხები გერმანიის მსგავსი ქვეყნებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის კრიზისის დაძლევის მიზნით ენერგეტიკის სფეროს გარდაქმნის პოლიტიკა. აღმოსავლეთ ევროპაში არ იციან და არც სურთ გაიგონ, თუ რატომ იბრძვიან წლების განმავლობაში გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ლეტალური იარაღის საომარ ზონებში ექსპორტის წინააღმდეგ, რა არგუმენტები და მოტივები აქვთ მათ. ჩვენ გვწამს, რომ დასავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოები ჩვენი პერსპექტივიდან აღიქვამენ რუსეთის როლს კონტინენტზე უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების საქმეში.
გერმანიას ჩვენგან განსხვავებული ისტორია, ღირებულებები, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აქვს. ფედერალური რესპუბლიკა ცდილობს დაიცვას საკუთარი პოზიციები. ევროკავშირის ლიდერ სახელმწიფოს საკუთარი ეკონომიკისა და მოქალაქეებისათვის განსაკუთრებული ზიანის მიყენების გარეშე სურს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გადარჩენა პუტინის აგრესიისაგან, რაც გერმანიის მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური და მოსალოდნელი მოქმედებაა.
არაერთი ევროპელი საქართველოსა და უკრაინას არშემდგარ სახელმწიფოებად აღიქვამს, რომელთაც ოლიგარქიული კლანები და უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის მქონე, ნაკლებად სანდო წრეები მუდმივი ქაოსისა და არასტაბილურობის პირობებში მართავენ. განსხვავებული აღქმის ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირისგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს, რათა მარტო არ დავრჩეთ რეგიონის ყველაზე აგრესიულ, დაუნდობელ და სასტიკ ძალასთან – რუსეთთან.
ლევან ლორთქიფანიძე,
პოლიტოლოგი
წერილში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.
[1] https://www.spiegel.de/politik/deutschland/lars-klingbeil-im-spiegel-spitzengespraech-entscheidung-ueber-krieg-im-ukraine-konflikt-steht-spitz-auf-knopf-a-9d585b39-9ac6-45b8-9a29-b5ab72ab1b67
[2] https://www.rnd.de/politik/russland-ukraine-konflikt-michael-roth-spd-zu-ruestungsexportpolitik-XCYVVQHIRFD4VBLSEBXAUSXZQU.html
[3] https://www.rnd.de/wirtschaft/nord-stream-2-manuela-schwesig-spd-verteidigt-ostsee-pipeline-7RF2T34O7NBJFA2WY6RF5O2OU4.html
[4] https://www.zdf.de/nachrichten/politik/bundestag-ukraine-russland-baerbock-waffenlieferung-100.html
[5] https://www.spiegel.de/ausland/deutsche-aussenpolitik-die-spd-hat-ein-russland-problem-a-63028853-7793-4b98-bf44-e0c5b2954c23
[6] https://www.faz.net/aktuell/politik/inland/markus-soeder-im-interview-russland-ist-kein-feind-europas-17744426.html
[7] https://www.spiegel.de/politik/deutschland/cdu-friedrich-merz-kuendigt-neue-russland-politik-an-a-550b8195-eff5-4453-a8cb-52528a686f57