ედიშერ ბაღათურია
,,კავკასიური სახლის” მკვლევარი
მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახერხა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილება უკრაინაში, სავარაუდოდ, ის შეეცდება ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე მიპყრობას. ამას, ისიც მოწმობს, რომ რუსეთის სახელმწიფო მედია სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს სირიაში განვითარებულ მოვლენებზე, მაშინ როცა, ცოტა ხნის წინ რუსული საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემას უკრაინის მოვლენები წარმოადგენდა[1].
უკრაინაში, სადაც რუსეთი გამოჩნდა როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან დაპირისპირებული ძალა (რისი შედგებიც მან მძიმე ეკონომიკური სანქციებითაც იწვნია), სირიაში ჩართვით, მას სურს, ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯით, მიაღწიოს დასავლეთთან თანამშრომლობას. გარდა ამისა, სირიის კონფლიქტში ჩართვით, რუსეთს საშუალება ეძლევა მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე საკუთარ განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას გაუსვას ხაზი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში ვაშინგტონი გარკვეულწილად ერიდება სადავეების ხელში აღებას და ვერც ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“ ახერხებს ეფექტური ბრძოლის წარმოებას მოკავშირეებთან ერთად. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის საჰაერო იერიშების დაწყებას წინ უსწრებდა პუტინის გამოსვლა გაეროში. ანუ მან გამოიყენა უმაღლესი ტრიბუნა, რათა მსოფლიო საზოგადოებისთვის ემცნო საკუთარი გეგმების შესახებ. ამას ემატება, სირიაში, ოთხწლიანი დაუსრულებელი სისხლისღვრით გამოწვეული მიგრაციული პროცესები და ასადის შესაძლო წასვლით სირიის გაურკვეველი მომავალი, რომელიც ზოგიერთ ევროპელ ლიდერს ასადისადმი დამოკიდებულების გადახედვას აიძულებს[2].
სირიის კონფლიქტში ჩართვა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სხვა მიზეზების გამოც. ასადის ხელისუფლების მხარდაჭერით მოსკოვი მოახერხებს შეინარჩუნოს მისი ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ასევე, დასავლეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში კრემლისთვის რეალურ ,,ერთგულ“ მოკავშირედ მხოლოდ სირიაღა რჩება (სხვა საკითხია, რომ ასადის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის დაბომბვა რუსეთს ურთიერთობებს უფუჭებს ქურთებთან, თურქეთთან და სპარსეთის ყურის სხვა სუნიტურ ქვეყნებთანაც). აგრეთვე, სავარაუდოდ, დასავლეთ-ირანის შეთანხმების შემდეგ, რუსეთი შეეცდება სირია გამოიყენოს როგორც დაპირისპირების თემა ირანსა და დასავლეთს შორის, რათა მათ სამომავლო თანამშრომლობას ხელი შეუშალოს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სირიის კონფლიქტში ჩართულია მრავალი ურთიერთდაპირისპირებული, შედარებით ნაკლები გავლენის მქონე ძალაც, რომლებიც პროცესის გააზრებას ახალ საინტერესო დეტალებს სძენენ.
_______________________________________
[1] Walker, Shaun. “Russian Media Turn Attention to Syria as Ukraine Conflict Dies Down.” The Guardian. 1 Oct. 2015.
http://www.theguardian.com/world/2015/oct/01/russian-media-syria-ukraine
[2] Noack, Rick. “Let’s Talk to Syria’s Assad, Merkel Says.” The Washington Post. 24 Sept. 2015.
https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2015/09/24/lets-talk-to-syrias-assad-merkel-says/[:]