სანდრო ბაკურაძე – მკვლევარი თურქოლოგიის მიმართულებით (ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი, ანკარა)
ედიშერ ბაღათურია – ,,კავკასიურ სახლის” მკვლევარი
იმისათვის, რომ გავაანალიზოთ თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების მიზეზები, საჭიროა შევაფასოთ რუსეთის მოტივები თუ რატომ არღვევდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე ,,თავხედურად“ თურქეთის საჰაერო სივრცეს. საქმე იმაშია, რომ თურქეთი წარმოადგენს ნატოს წევრ სახელმწიფოს და შესაბამისად, რუსეთის ეს ნაბიჯები შეგვიძლია აღვიქვათ არა მხოლოდ უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ. რუსეთი მსგავსი პროვოკაციებით შესაძლებელია კიდევ ერთხელ ცდილობდა ,,გამოეცადა“ ნატოს ერთიანობა, თუ რამდენად ეფექტურად რეაგირებს ის ამგვარ პატარა გამოწვევებზე და მოეხდინა მისი საჰაერო სივრცის გარკვეულიწილად დისკრედიტაცია (თუნდაც როგორც იქცეოდა რუსეთი ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში).
თურქეთისთვის ნატოს წევრობა უდავოდ იყო ის ფაქტორი, რამაც თურქეთს მისცა გამბედაობა რუსული თვითმფრინავისთვის ცეცხლი გაეხსნა. ამას მოწმობს, რომ შემთხვევისთანავე თურქეთმა მოიწვია ნატოს საგანგებო სხდომა, სადაც შეიძლება ითქვას, პრინციპულად დაცულ იქნა თურქეთის პოზიცია. თუმცა თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება კარგა ხანია დასავლეთის ოფიციალური ხაზისგან საკმაოდ განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ შეთანხმებული ყოფილიყო ნატოს შტაბთან ან ოფიციალურ ვაშინგტონთან.
24 ნოემბრის მოვლენაში დიდი მნიშვნელობა უკავია ასევე თურქეთისა და რუსეთის განსხვავებული პოზიციას სირიის კონფლიქტთან მიმართებაში. თუ რუსეთი ასადის ხელისუფლებაში დარჩენას პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს, თურქეთი მის ოპოზიციას უჭერს ღიად მხარს. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა მაშინვე პირდაპირ დაადანაშაულა თურქეთი ისლამისტების მხარდაჭერაში, ხოლო მომდევნო დღეს დაბომბა თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა სირიელი ლტოლვილებისადმი, რომლითაც სინამდვილეში სავარაუდოდ, იარაღი მიეწოდებოდა ასადის ოპოზიციას.
თურქეთის ინტერესებთან დაპირისპირებაში მოდიოდა ახალი ანტიტერორისტული კოალიციაც ისლამური სახელმწიფოს წინააღდმეგ, რომელშიც წამყვანი პოზიციები საფრანგეთთან ერთად, რუსეთს უნდა დაეკავებინა. სავარაუდოდ, თურქეთმა თამამი ნაბიჯით მიანიშნა რუსეთს რომ ასე ადვილად არ გამოვიდოდა მისი კოალიციაში ყოფნა, როდესაც მას განსხვავებული ინტერესები აქვს. თურქეთს განსაკუთრებით აღიზიანებს რუსეთის მიერ მისი საზღვრების სიახლოვეს მცხოვრები თურქული მოდგმის ხალხის – თურქმენების ინტენსიური დაბომბვა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ასადის ოპოზიციაში იბრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ ორ სახელმწიფოს შორის აღნიშნულ მოვლენას მოყვება ურთიერთობების გაფუჭება სხავდასხვა დონეზე, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში ორივე ქვეყანა ურთიერთობის დალაგებას შეეცდება. საქმე იმაშია, რომ თურქეთი და რუსეთი ბევრ რამეში ერთამენთზე არიან დამოკიდებული: თურქეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ მოწოდებულ ბუნებრივ აირსა და სათბობ მასალებს, ევროკავშირის ნაწარმზე სანქციების დაწესების შემდეგ, თურქეთმა რუსეთის სოფლის მეურნეობის ნაწარმით მომმარაგებელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავე დაიკავა, ხოლო თურქეთის ტურისტული სექტორის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებიდან შემოდის. თავის მხრივ, სანქციების პირობებში, რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთისაგან მიღებულ მყარ ვალუტასა და ზოგადად, ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს.
ურთიერთობების კარდინალურად არშეცვლის სურვილი გამოჩნდა რუსეთის საპასუხო რეაქციებშიც. მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა მკაცრი განცხადებებიც, რუსეთს არ გამოუწვევია ელჩი თურქეთიდან, თავდაპირველად აკრძალა მხოლოდ ქათმის ხორცის იმპორტი და მოსახლეობას მოუწოდა თავი შეეკავებინათ თურქეთის კურორტებში დასვენებისგან, – რაც რასაკვირველია, არ არის ,,ტოლფასი“ რეაგირება.
შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე თურქეთის ხელისუფლება თავის მხრივ შეეცდება ეს ფაქტი გამოიყენოს ნაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობის და პირველ რიგში პარლამენტის წევრების გადასაბირებლად. ეს გზას გაუხსნის თურქეთის მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიას და პრეზიდენტ ერდოღანს ჩაატარონ კონსტიტუციური რეფერენდუმი საპრეზიდენტო სისტემის შემოღების თაობაზე, რისთვისაც მათ დამატებით 14 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.