რევაზ ქოიავა,
,,კავკასიური სახლის” მკვლევარი
2016 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს. უმრავლესობა იმედოვნებდა, რომ ამ სიტყვების დაწერა არ მოუწევდა. თუმცა ტრამპმა გააკვირვა ყველა, ვინც გამოკითხვებს ატარებდა და წარმატებულად აყვა რურალური რეგიონების და სამრეწველო სარტყლის[1] ამომრჩევლების მიერ აგორებულ უკმაყოფილების ტალღას. ეს ამომრჩევლები გრძნობდნენ, რომ პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ისინი ნაპირზე გარიყა.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით? უპირველეს ყოვლისა, ყველა იმედოვნებს, რომ ტრამპი აღმოჩნდება უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იგი ერთი შეხედვით ჩანს. ტრამპს მოუწევს მართოს უზარმაზარი ფედერალური ბიუროკრატიული სისტემა, რთული სამართალდამცავი სტრუქტურა და სპეცსამსახურები, ასევე ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში. ამერიკული სახელმწიფო მართვის სისტემა კი არ არის პერსონიფიცირებული (not for or about one person). მარტო ის ვერ შეძლებს სისტემის გამოსწორებას. ოვალური კაბინების ძალაუფლება არ არის განკუთვნილი მტრების დასასჯელად, რის შესახებაც ტრამპი ფიქრობდა კამპანიის ბოლოს The New York Times-ის სტატიის მიხედვით.
კამპანიის დროს ტრამპი საუბრობდა, რომ ჩასვამდა კლინტონს ციხეში, გაასამართლებდა ქალებს, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში დებდნენ ბრალს, მოახდენდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კასტრირებას და შეზღუდავდა პრესის თავისუფლებას. Times-ის სტატიაში ის საუბრობდა ახალი პოლიტიკური ზემოქმედების სუპერკომიტეტის (PAC) შექმნაზე, რომლის მიზანიც პოლიტიკური შურისძიება იქნება. იგი ასევე მილიონობით ემიგრანტის დეპორტაციის, სავაჭრო ხელშეკრულებების დარღვევის, რელიგიური შემოწმებების დანერგვის და კლიმატთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის საბოტირების პირობას დებდა. ამ ქმედებებს კი მილიონობით ადამიანისთვის შეუძლიათ ზიანის მოტანა.
ამ საარჩევნო კამპანიამ შეცვალა ამერიკული პოლიტიკა. იგი დიდი ხნის წინ გადაიქცა გართობის ინდუსტრიად და მხოლოდ შიდა თამაშის წესები და დამუშავებული დინასტიური რიტუალების ნაკრები უშლიდა მის გასართობ-ტაბლოიდურ პოტენციალს სრული სახით წარმოჩენილიყო. რეალითი-შოუების ვარსკვლავმა დონალდ ტრამპმა, რომლის მთავარი სამუშაოც ადამიანების სამსახურიდან გაგდება იყო და რომელსაც მსოფლიოში ყველაზე უკეთ შეუძლია საკუთარი გვარის გაყიდვა, შეამჩნია ეს პოტენციალი და გამოიყენა იგი მთელი თავისი მახინჯი ბრწყინვალებით.
პოლიტიკური კრიზისი, რომელზეც საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არ დასრულებულა. იგი ახალ ფაზაში გადავიდა. სტატია განიხილავს კრიზისულ ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემაში, პოპულიზმის აღზევების მიზეზებს მსოფლიოში და ზოგადად სისტემურ კრიზისს მსოფლიოში. ეს სამივე მოვლენა სწორედ, ტრამპის გამარჯვებამ გააშიშვლა.
კრიზისი ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში
ზიანი, რომელიც ამერიკულმა პოლიტიკურმა მანქანამ თავის თავს მიაყენა, ექსპერტთა გაოცებას იწვევს. რთულია გავიხსენოთ უფრო უშინაარსო საარჩევნო კამპანია, ვიდრე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა კამპანია. პოლემიკა იყო პერსონიფიცირებული და ხშირად ერთმანეთის შეურაცხყოფამდეც კი მიდიოდა. სამოქმედო გეგმის ან პროგრამების იდეური ელემენტების ნაცვლად, განიხილებოდა კანდიდატების უუნარობა, შეესრულებინათ პრეზიდენტის და უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობები.
არჩევნების დასრულების შემდეგ ამერიკული პოლიტიკური საზოგადოების პრობლემები არსად გაქრება. ემოციური ეფექტი იმდენად დიდია, რომ პოლარიზაცია საზოგადოებაში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. გამარჯვების მიუხედავად, არ წყდება საუბრები განხეთქილებაზე რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც საკუთარი კანდიდატის მხარდაჭერის ნაცვლად, საარჩევნო კამპანიის დროს მისგან დისტანცირებას ცდილობდა. დემოკრატიულ პარტიაშიც არანაკლებ რთული ვითარებაა. არჩევნების წინ მოხერხდა ბერნი სანდერსის შეყვანა კლინტონის მხარდამჭერთა ჯგუფში, თუმცა ვიკილიქსით გაჟონილი მასალები აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან. არჩევნების შემდეგ აშშ-ს მოუწევს ჭრილობების შეხორცება, თუმცა აღმოჩნდება ბევრი, ვინც ეცდება ამ ჭრილობის გაღრმავებას და არსებული მდგომარეობით უკმაყოფილების გამოხატვას.
კამპანიამ შეცვალა ამერიკული პარტიები. დემოკრატიულმა პარტიამ აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომელთაც უკავშირებს პარტიულ მომავალს – სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები და ზოგადად მომავალი თაობა სწრაფად გადავიდა მემარცხენე პლატფორმაზე და კომპრომისებზე
თანახმა არ არის. ამომრჩევლებისთვის, რომელებიც განიცდიან მზარდ უთანასწორობას, ემხრობიან ინკლუზიურ საზოგადოებას და ბრძოლას გლობალური დათბობის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ანტიელიტისტი იქნება. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის არჩევანი ისტებლიშმენტის წარმომადგენელ ჰილარი კლინტონზე თავიდანვე მცდარი იყო.
არანაკლებ ცუდად აქვს საქმე დემოკრატების ოპონენტებს, მიუხედავად მათი გამარჯვებისა ამ არჩევნებზე. კონსერვატორთა ჯგუფს ამ არჩევნებმა აჩვენა, რამდენად დიდია სხვაობა პარტიასა და მათ ამომრჩევლებს შორის და სადამდე მიიყვანა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია სახელმწიფოს, ეკოლოგიის და სამოქალაქო აქტივიზმის მრავალწლიანმა დემონიზაციამ. დონალდ ტრამპმა მოახერხა, მიეცა ხმა იმ ფენებისთვის, ვისი მოსმენაც ელიტას არ სურდა და ვისი გაგონებაც მას არ მოეწონა. მან შეაბრუნა რესპუბლიკელების ბაზა თვით რესპუბლიკელების წინააღმდეგ და შექმნა პარტიაში შიდა დაძაბულობა.
საინტერესო მომენტია არჩევნების ცენტრში რუსეთის გამოჩენა. ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში 2016 წლის არჩევნებმა დაასრულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 1992 წლიდან დაწყებული მთელი ეტაპი. კრემლში სისტემური ოპონენტის გაქრობამ გზა გაუხსნა აშშ-ის დომინირებას მსოფლიოში, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსზე. ეს ორი მიმართულება არა მარტო შეიცვალა, არამედ კიდევ უფრო ძლიერად გადაიკვეთა.
სახელმწიფოს ქმედება საერთაშორისო არენაზე და მდგომარეობა სახელმწიფოს შიგნით ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდა, მას შემდეგ, რაც გლობალურ საერთაშორისო სისტემაში, მძლავრი იმპულსი მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლით. ეს ნათლად გამოჩნდა ამ არჩევნების დროს, როდესაც ქაოსი ორივე პარტიაში დაკავშირებული იყო იმ ძალების აღზევებასთან, რომლებიც გლობალური ეკონომიკით უკმაყოფილოები არიან. სიმბოლურია, რომ პარადიგმის ცვლილება უკავშირდება რუსეთის ფაქტორის დაბრუნებას. აუცილებელია აღინიშნოს, რომ რუსეთმა ამ მოვლენას ხელი თავისი ქმედებებითაც შეუწყო.
ფრენსის ფუკუიამა, რომელიც ოდესღაც ისტორიის დასასრულს გვპირდებოდა, (თუმცა დიდი ხნის წინ აღიარა, რომ იჩქარა) ბოლო სტატიაში წერდა, რომ მიმდინარე ამერიკული არჩევნების ფანტასმაგორია მას ახარებს. იგი აშიშვლებს კრიზისს, თუმცა ასევე აჩენს გაწმენდის ნიშნებს, რომელიც ახალი სისტემის დაბადების პირობას იძლევა. ის, რასაც დღეს ყველა პოპულიზმს უწოდებს, სინამდვილეში არის ხალხის აქტიურობის გამოღვიძება და სიგნალი ისტებლიშმენტისადმი: ცვლილებების დროა. ჯერჯერობით ამ მოთხოვნას არ გააჩნია ადექვატური რეაქცია, თუმცა მალე გამოჩნდებიან მომავალი თაობის ლიდერები. ისინი კი, ვისი ანტირეიტინგიც ორჯერ აჭარბებს პოპულარობას (ორივე კანდიდატის), მხოლოდ გარდამავალი პერიოდის ფიგურები არიან.
სავარაუდოდ ფუკუიამა მართალია. ამერიკული პოლიტიკური სისტემა აქამდეც აჩვენებდა განახლების უნარს და იმპულსი ყოველთვის საზოგადოებიდან მოდიოდა. სოციალური სტრუქტურა იცვლებოდა, ხოლო პოლიტიკური ზედნაშენი, ხშირად რყევების გავლის შემდეგ, მასთან შეგუებას ახდენდა. მთავარი შეკითხვა დღეს არის ის, თუ რამდენად რთული იქნება ადაპტაციის პროცესი.
სამყაროს მოწყობის მოდელის ტრანსფორმაცია ახლა იწყება, რაც ნათლად აჩვენა 2016 წლის პოლიტიკურმა მოვლენებმა და მათ შორის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებმა. სამყარომ წარმატებით აჩვენა წინა მოდელის დისფუნქცია. როგორი იქნება ახალი – უკვე ახალი ლიდერების დროს გავიგებთ. პირველი ნიშნები კი, რასაც ახალი პოლიტიკური სისტემა აჩვენებს, მზარდი პოპულიზმია.
პოპულიზმის აღმავლობა
თანამედროვე პოპულიზმს ხშირად აღწერენ, როგორც ახალ კლასობრივ ბრძოლას გლობალიზაციის პროცესის შედეგად გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის. ითვლება, რომ ტრამპის ამომრჩეველი აშშ-ში ან ბრექსიტის მომხრე დიდ ბრიტანეთში ნაკლებად განათლებულია, ვიდრე „ისტებლიშმენტი“, რომლის წინააღმდეგაც ისინი გამოდიან. თუმცა მათი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ძლიერი ფინანსური ნაკადების გარეშე. „ჩაის პარტია“ აშშ-ში იქნებოდა შედარებით მარგინალური მოვლენა, რომ არა ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა და დემაგოგების აქტიურობა. ისინი კი, როგორც წესი, ახალი მდიდრები არიან, რომელთაც ახალ მოკავშირეებთან მწარე წყენა აერთიანებთ.
სწორედ ასეთი იყო სიტუაცია იტალიაში, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომლის წინაისტორიაც ტრამპის მსგავსია, გამოიყენა თავისი ინტერესებისთვის მილიონობით ადამიანის ოცნებები და იმედები. პოპულისტური მოძრაობები სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი მოდელის მიხედვით ვითარდება. ტაილანდში ჩინური წარმოშობის ბიზნეს-მაგნატი ტაქსინ ჩინავატი (მდიდარი მამის შვილი ბერლუსკონის და ტრამპის მსგავსად) აგიტირებდა ბანგკოკის სოციალური და პოლიტიკური ელიტების წინააღმდეგ და გახდა პრემიერ-მინისტრი პროვინციების და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით, სანამ იგი სამხედრო გადატრიალების გზით არ დაამხეს. ნიდერლანდებში უძრავი ქონების ახალი მდიდარი მაგნატების კლასი მხარს უჭერდა ულტრამემარჯვენე პოპულისტ პიმ ფორტეინს, ხოლო შემდეგ მის მემკვიდრე გერტ ვილდერსს.
პოპულიზმის აღმასვლაში ახალი მდიდრები არანაკლებ როლს თამაშობენ, ვიდრე ღარიბი, „ნაკლებად განათლებული“ მასები, რომლებიც თვლიან, რომ ისინი ელიტას ეზიზღება. მიუხედავად უზარმაზარი სხვაობისა შემოსავლებში, მათ აერთიანებთ საერთო, ღრმა სიძულვილი მათ მიმართ, ვინც ზემოდან უყურებს და ეს სიძულვილი საფუძველს მოკლებული არ არის. რამდენი სასახლე და იახტაც არ უნდა იყიდოს „ახალმა ფულმა“, „ძველი ფული“ მას ყოველთვის ზიზღით შეხედავს. ქალაქის განათლებული კლასი კი ბრექსიტის და ტრამპის მხარდამჭერებს ხშირად სულელ მასად მოიხსენიებს.
სწორედ ეს სიძულვილის ნაზავი, რომელსაც ნუვორიშები იმავე დონეზე განიცდიან, როგორც ცხოვრების კიდეზე აღმოჩენილი ადამიანები, აძლევს ბიძგს მემარჯვენე პოპულიზმს. ექსტრემალურ ვითარებაში ამ მიქსმა შეიძლება მიგვიყვანოს დიქტატურამდე, როდესაც ტირანი თავისუფლად განახორციელებს თავის ველურ ფანტაზიებს მილიონობით ადამიანის საზიანოდ.
ევროპასა და აშშ-ში მსგავსი დემაგოგები ჯერ მხოლოდ ახმოვანებენ თავიანთ ოცნებებს ქვეყნის დაბრუნების, მისი კვლავ დიადად ქცევის და ა.შ. შესახებ. მათი ოცნებები პოლიტიკურ კოშმარად რომ არ იქცეს, საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე ტექნოკრატების ექსპერტული აზრი ან მოწოდებები წესიერებისა და პოლიტკორექტულობისკენ. გაბრაზებული ხალხი რთულია გადაარწმუნო მსგავსი არგუმენტებით. მათ აუცილებელია შესთავაზო ალტერნატიული კონცეფციები.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროში სხვა მზა ალტერნატივა არ არსებობს. საფრანგეთის რევოლუცია ორასი წლის წინ მოხდა. „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა“ დღეს მხოლოდ ისტორიულ ლოზუნგად იქცა. თუმცა, იქნებ სწორედ ახლა დადგა მისი განახლების დრო.
დონალდ ტრამპი და უნდობლობის სამყარო
კრიზისი საზოგადოებრივი ნდობის ინსტიტუტებისადმი, მათ შორის ხელისუფლებების, პარლამენტების, სასამართლოების და მედიის მიმართ არის დონალდ ტრამპის და მისი მსგავსი პიროვნებების პოპულარობის ზრდის ძირითადი მიზეზი და სანამ ეს კრიზისი გრძელდება, მსგავსი ლიდერები მომავალშიც მონახავენ ხმებს ამომრჩევლებში.
კრიზისი არ არის ახალი. ჯერ კიდევ 2007 წელს გაეროს ფორუმის დაკვეთით გაკეთებულ კვლევაში ნაჩვენები იყო „ფართოდ გავრცელებული მოვლენა“: ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველა ეგრეთ წოდებულ განვითარებულ, სამრეწველო, დემოკრატიულ ქვეყნებში მოხდა საზოგადოებრივი ნდობის შემცირება ხელისუფლებისადმი. 1990-იან წლებში ვარდნა დაფიქსირდა ნორვეგიასა და შვედეთშიც, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი სამოქალაქო ნდობით.
აშშ-ში, Gallup-ის ახალი გამოკითხვებით „ინსტიტუტებისადმი ნდობა“ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული (რა პერიოდიდანაც ეს კვლევა ტარდება) შეიმჩნევა ათეულობით პროცენტიანი ვარდნა 17-დან 12 საზოგადოებრივი ინსტიტუტის, მათ შორის ბანკების, კონგრესის, საპრეზიდენტო ხელისუფლების, სკოლების, პრესის და ეკლესიის მიმართ. სხვა ინსტიტუტებისადმი ნდობა ოდნავ გაიზარდა და მხოლოდ ერთი ინსტიტუტის – არმიისადმი ნდობა არის გაზრდილი შესამჩნევად. ინსტიტუტების დევალვაციას 70-იანი წლებიდან აღზევებულ ნეოლიბერალურ პარადიგმას უკავშირებენ.
სწორედ აქ შეიმჩნევა მსგავსება თანამედროვე ტენდენციებს შორის აშშ-ში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში. ეკონომისტების ენ კეისის და ანგუს დიტონის ჩატარებულ დიდ კვლევაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა, სიკვდილიანობა ნაკლებად განათლებულ თეთრკანიან შუახნის ამერიკელებს შორის სწრაფად იზრდება. ზოგიერთი მკვლევარი ამ მოვლენას „უიმედობით გამოწვეული სიკვდილიანობის“ ტალღას უწოდებს.

ამასთან ერთად, ამერიკელები Y-ს თაობიდან (ანუ ისინი, ვინც 1982-2004 წლებში დაიბადა) ახდენენ ქორწინების და სახლის თუ მანქანის ყიდვის გადავადებას. გამოკითხვებში ბევრი მათგანი აცხადებს, რომ ეს გადავადება სამუდამოა. ისინი ცხოვრობენ მშობლებთან ერთად იმ სიხშირით, როგორიც ბოლოს 1940-იან წლებში იყო დაფიქსირებული. ბევრი მათგანი აგრძელებს მძიმე ცხოვრებას, თავს ირჩენს დროებითი სამსახურებით, რომელთაც არ მოაქვთ დიდი შემოსავალი და არ იძლევა მუდმივი დასაქმების გარანტიას.
შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი თვლის თავს აუტსაიდერად. კარები, რომელიც მათთვის ოდესღაც ღია იყო, ახლა დაკეტილია. რწმენა, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტები რეალურად მათ ინტერესებს ემსახურება, დიდწილად შესუსტდა. ბევრი მათგანი ეძებს ხსნას ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მოძრაობებში და ისეთ ფიგურებში, როგორიც ტრამპია.
ელიტებით და სისტემით უკმაყოფილების ანალოგიური ტენდენციები შეიმჩნევა ევროპაშიც: რეფერენდუმი ბრექსიტის შესახებ დიდ ბრიტანეთში; მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარობის მუდმივი ზრდა; ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერის მარინ ლე პენის ძლიერი პოზიციები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ; არჩევნები ავსტრიაში, სადაც პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვერცერთი „ისტებლიშმენტის“ კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა.
აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისას ბევრი ამომრჩეველი თვლიდა (და არა უსაფუძვლოდ), რომ სისტემა „კორუმპირებულია“. ნაზავი დემოკრატიის და უნდობლობის საფრთხის შემცველია, რადგან ადამიანებმა რთული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გამკლავების დროს შეიძლება საკუთარი ზიზღი ყოველთვის სწორი მიზნისკენ ვერ მიმართონ.
ბოლო ათწლეულის ღრმა ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებები (ასევე პრივატიზაცია, დერეგულირება, დიგიტალიზაცია და „ფინანსიალიზაცია“) კიდევ უფრო აძლიერებს ელიტების ძალაუფლებას, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ გავლენას ანალიტიკური ცენტრების, ფილანტროპული ორგანიზაციების, ჩრდილოვანი ლობირების, მედიასაშუალებების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსებით იმყარებენ. მათი კიდევ ერთი მეთოდი არის „საზოგადოებისთვის მსახურების“ შირმის ქვეშ საკუთარი პირადი ინტერესების გატარება. ეს „ახალი კორუფცია“ ტექნიკურად კანონიერია, მაგრამ სრულიად გაუმჭვირვალე და შესაბამისად საზოგადოებრივი ნდობის დამანგრეველი.
ყველაფერი ეს ხსნის დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების მიზეზს, განსაკუთრებით იმ საინფორმაციო სამყაროში, რომელშიც ადამიანები დღეს ცხოვრობენ. Facebook-ის და Twitter-ის ალგორითმები აგებენ ჯგუფურ მიკერძოებულობას და მალავენ ოპონენტების აზრს, ხშირად კი ფაქტებსაც. ციფრული ერა ქმნის ახალ იზოლაციონიზმს, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, შორს არ არის საბჭოთა კავშირში არსებული ანალოგიური მოვლენისგან.
გლობალიზაცია შლის საზღვრებს საშინაოს და საგარეოს შორის. ეს ფენომენი დიდი ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა ახლა მან ახალ დონეს მიაღწია. ურთიერთობების სისტემას, რომელიც მსოფლიოში მეოთხედი საუკუნის წინ დამყარდა, ორი მიმართულებიდან უტევენ. სისტემას არასამართლიანად მიიჩნევენ არადასავლური სახელმწიფოები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ მისი პრინციპების ფორმირებაში და წამყვანი ქვეყნების საზოგადოებები, რომელთაც ელიტები უგულებელყოფენ. პოპულისტების, ევროსკეპტიკოსების, რადიკალი მემარჯვენე და მემარცხენე ძალების გამოჩენა აშშ-სა და ევროპაში იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეები ვერ ხვდებიან, თუ რა მიმართულებით მიყავთ ისინი პოლიტიკურ კლასს.
შეიძლება ითქვას, რომ „მსოფლიო უწესრიგობას“ სამმაგი უკმაყოფილება განსაზღვრავს. უკმაყოფილოები არიან დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ელიტები, დასავლეთის სახელმწიფოების საზოგადოებები და დასავლეთს მიღმა არსებული დიდი სახელმწიფოები. გარკვეულ მომენტამდე ხდებოდა უკმაყოფილების დამალვა, თუმცა XXI საუკუნის მეორე დეკადაში ბევრი მიმართულებით რაოდენობა ხარისხში გადაიზარდა. 2016 წლისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ დარჩა მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელსაც მთლიანად დააკმაყოფილებდა არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტატუს-ქვო.
ნდობა საზოგადოების განვითარების უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც დასავლურ ელიტებს ხელახლა დასაბრუნებელი აქვთ. თუმცა ეს პოლიტიკური სისტემები რეანიმაციის პირობებში დარჩებიან მანამ, სანამ გაქვავებული ელიტები საკმარის საფრთხეს არ იგრძნობენ და არ შეწყვეტენ მათ უკან დარჩენილების იგნორირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ჩამოშლის რეალური საფრთხის წინაშე დადგება.
[1] სარტყლებს ხშირად უწოდებენ აშშ-ს რეგიონებს, რომლებიც გაერთიანებული არიან მსგავსი ნიშან-თვისებებით. ეს არაოფიციალური დასახელებაა, თუმცა საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული.