1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიაში არ არსებულა პოლიტიკური ერთეული „საქართველო“. უფრო მეტიც, ბოლოს ასეთი ერთეული მე-15 საუკუნის მიწურულს დაიშალა. რ უნდა ყოფილიყო ახალი საქართველოს საზღვრები? ამ საკითხმა არაერთი ომი, შეტაკება და კონფლიქტი გამოიწვია. ეს სტატია ეხება აფხაზეთის გარშემო საქართველოსა და დენიკინის რუსეთის მოხალისეთა არმიას შორის არსებულ კონფლიქტს. ის ეფუძნება ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევებს საქართველოს ეროვნულ არქივში და ბრიტანეთის ეროვნულ არქივში; ჰარვარდის უნივერსიტეტის ლამონტის ბიბლიოთეკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტის იშვიათ წიგნთა და ხელნაწერთა ბიბლიოთეკაში და ჰუვერის ინსტიტუტის ბიბლიოთეკასა და არქივში დაცულია „თეთრი რუსების“ არქივები. მქონდა პატივი და პრივილეგია ერთ-ერთ პირველს მეკვლია ეს ხელუხლებელი დოკუმენტები. ბლოგის ფორმატი ბევრის თქმის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ მომდევნო წელს გამოვა ჩემი წიგნი, რომელიც უფრო ფართოდ გაშლის ამ და სხვა საკითხებს.
1918 წლის ზაფხულში სოხუმის ოკრუგის ტერიტორიაზე შევიდნენ ბოლშევიკები. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მათ გასადევნად გაგზავნა ჯარი გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, რომელიც ტუაპსემდე ჩავიდა. თუმცა, 1918 წლის შემოდგომაზე, ქართველები ნებით გამოვიდნენ ტუაპსედან და გამაგრდნენ სოჭში. 1918 წლის მეორე ნახევარში, რუსეთის სამოქალაქო ომის მსვლელობისას, სამხრეთ რუსეთში წარმატებას მიაღწია გენერალმა ანტონ დენიკინმა, გაუმეზობლდა საქართველოს და 1920 წლის დასაწყისამდე, ანუ მოხალისეთა საბოლოო დამარცხებამდე, სოხუმის ოკრუგის გარშემო ტერიტორიული დავა ჰქონდა საქართველოსთან, სადაც მედიატორის როლს დიდი ბრიტანეთი ასრულებდა.
ჩრდილოეთით, პირდაპირი რუსული შეტევისაგან, საქართველოს იცავდა კავკასიონის მაღალი მთები. მათი ვიწრო და კარგად გამაგრებული უღელტეხილები გაუვალი იყო დიდი არმიებისა და სამხედრო ტექნიკისათვის; დასავლეთ საზღვარზე, შავი ზღვა მოკავშირეთა ფლოტების მიერ იყო ოკუპირებული; აფხაზეთის ფრონტზე, საქართველოში შემოსასვლელი გასაღები იყო გაგრის რაიონში არსებული ხაზი მდინარე მეხადირთან, სადაც კავკასიის მაღალი მთები ყველაზე მეტად უახლოვდებოდნენ ზღვას და დასაცავი რჩებოდა მხოლოდ 15 კილომეტრიანი პერიმეტრი. შეიძლებოდა ამ ხაზის სამხედრო ფორტიფიკაციებით კარგად გამაგრება.
აფხაზი მიწათმფობელების ერთი ნაწილი, მათ შორის ალექსანდრე შერვაშიძე, ნახარბეი მარშანია, ტატაშ მარშანია და ალექსეი ხასაია უფრთხოდნენ როგორც რუსეთის ბოლშევიკურ, ისე საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას, რადგან ორივე აპირებდა მსხვილ მემამულეთა მიწების კონფისკაციას. რუსეთში მეფის ხელისუფლების დაცემის შემდეგ, მათი სოციალური ფენა დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩდა. 1918 წლის 9 მაისს შერვაშიძემ საქართველოს სახალხო გვარდიის მეთაურს, ვალიკო ჯუღელს ბოლშევიკებთან საბრძოლველად თავისი სამას კაციანი რაზმი შესთავაზა. ჯუღელმა, რომელიც მებრძოლი რევოლუციონერი იყო, მისგან თავი შორს დაიჭირა, არ მისცა მას მიწების ხელშეუხებლობის გარანტია და ამით საქართველოს სამომავლო პრობლემებს დაუდო საფუძველი. ამის შემდეგ, შერვაშიძე და ტატაშ მარშანია ჩავიდნენ ბათუმში და ოსმალებს სთხოვეს ჯარით დახმარება. მათი მხარდაჭერით, ოსმალეთმა აფხაზეთში სამხედრო დესანტი გადმოსხა, რომელიც სახალხო გვარდიამ დაამარცხა და განდევნა. მსოფლიო ომში ოსმალების კაპიტულაციის შემდეგ, აფხაზი თავადების ეს ნაწილი დენიკინს მიეკედლა. 1918 წლის 3 ნოემბერს (ძვ. სტ. 22 ოქტომბერს) დენიკინის შტაბის სადაზვერვო სამმართველო მას ატყობინებდა, რომ აფხაზი თავადების ნაწილს, ნახარბეი მარშანიას, ტატაშ მარშანიას და სხვებს საქართველოს წინააღმდეგ აჯანყება სურდათ და ისინი დახმარებას რუსეთისგან ელოდნენ. დენიკინმა ამ წერილს დაადო რეზოლუცია “აუცილებლად გამოვიყენოთ ნახარბეი მარშანია.” დენიკინმა თავის შტაბში სამუშაოდ წაიყვანა ეროვნებით აფხაზი კაპიტანი ალექსეი ხასაია, რომელიც პარიზის სამშვიდობო კონფერენციას “აფხაზი ხალხის სახელით” წერდა მემორანდუმებს და ამ ტერიტორიის ქართველთაგან გათავისუფლებას ითხოვდა. დენიკინელთა გაზეთმა “სამხრეთის დილა”-მ (Утро Юга) გამოაქვეყნა დენიკინისადმი მიმართული ხასაიას წერილი, სადაც ის აფხაზეთის გათავისუფლებას ითხოვდა “უცხო და საძულველი ქართული ძალისგან” და დასძენდა, რომ კავკასიელთა შორის აფხაზი ხალხი “ყველაზე მეტად ინახავს წმინდა სიყვარულს ერთიანი და განუყოფელი რუსეთისადმი და სიმპათიას მოხალისეთა არმიისადმი.” ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონისათვის გაგზავნილ ტელეგრამაში, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი – ოლივერ უორდროპი აღნიშნავდა, რომ ხასაიას არანაირი უფლება არ ჰქონდა აფხაზი ხალხის სახელით ელაპარაკა, რადგან ის ახლა დენიკინის თამაშს თამაშობდა, ხოლო ადრე თურქებისას. ბრიტანელი კომისარი დასძენდა, რომ აფხაზებს კულტურა ქართველებისაგან ჰქონდათ აღებული და არა რუსებისაგან. ის დარწმუნებული იყო, რომ რეგიონში მშვიდობას საფრთხე არ შეექმნებოდა თუ დენიკინი გარედან არ მოაწყობდა პროვოკაციებს.
დენიკინს ძალიან სურდა გაგრის რაიონის დაკავება, ესე იგი მეხადირის ხაზის გადალახვა, მდინარე ბზიფზე დადგომა და საქართველოში სამომავლო შემოჭრისათვის კარიბჭის გახსნა. მართალია გაგრის რაიონის ისტორიული აფხაზეთია, მაგრამ კოლონიური ადმინისტრაციული დაყოფა, ხშირად, ისტორიულ საზღვრებს მხედველობაში არ იღებს. ამიტომ, 1905 წელს გაკეთებული უკანასკნელი დაყოფის შედეგად, გაგრის რაიონი მთლიანად ჩამოშორდა სოხუმის ოკრუგს და გადავიდა შავი ზღვის გუბერნიის დაქვემდებარებაში. ამიტომ, ფორმალური თვალსაზრისით, დენიკინი აცხადებდა, რომ ქართულ ჯარებს უკან უნდა დაეხიათ სოხუმის ოკრუგის საზღვრებამდე – მდინარე ბზიფამდე და გაეთავისუფლებინათ რუსული მიწები. ეს მას მეხადირის ხაზის დაკავების საშუალებას მისცემდა.
1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, ქართული ქვედანაყოფების ნაწილი გამოვიდნენ აფხაზეთის ფრონტიდან. მთავრობას ბრიტანელ სამხედროთაგან მიღებული ჰქონდა პირობა, რომ დენიკინი საქართველოს წინააღმდეგ შეტევას არ დაიწყებდა. ზუსტად ამავე დროს დენიკინის საგარეო საქმეთა სამმართველომ დაიწყო საინფორმაციო ველის შემზადება, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ – “ჰიბრიდული ომი”, სოჭისა და გაგრის რაიონების დასაკავებლად. დენიკინელები, 1918 წლის დეკემბრის ბოლოდან 1919 წლის თებერვლის დასაწყისამდე, კვირაში რამდენიმე წერილს უგზავნიდნენ ამიერკავკასიასა და შავ ზღვაში ბრიტანულ სარდლობებს იმის აღწერით თუ როგორ ძარცვავდნენ ქართველები სოჭისა და გაგრის რაიონებში რუსულ ქონებას, აწიოკებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და რომ მოხალისეთა არმია უამრავ თხოვნას იღებდა მათგან დახმარების თაობაზე. ადგილზე სიმართლის გადამოწმების არანაირი საერთაშორისო და მიუკერძოებელი მექანიზმი არ არსებობდა, ხოლო ქართველების ზურგსუკან მიმდინარე საინფორმაციო კამპანია გრძელდებოდა და დენიკინი ბრიტანელებს ვითარებას ისე უხატავდა, რომ სოჭსა და გაგრაში შეჭრა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისთვის ლამის ჰუმანიტარული აუცილებლობას წარმოადგენდა. ომის საინფორმაციო მომზადების შემდეგ, მან 1919 წლის 6 თებერვალს დაიკავა სოჭი, რომელსაც მხოლოდ ერთი ქართული ბატალიონი იცავდა და სამხედრო მოსამსახურეები ტყვედ აიყვანა, ხოლო 10 თებერვალს დაიკავა გაგრა. თუმცა, 1919 წლის იანვარსა და თებერვალში ბრიტანულ სარდლობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი. ის ბრიტანელებს მოხალისეთა არმიის მობილიზაციის შესახებ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა. ბრიტანელები დენიკინის საინფორმაციო კამპანიით არ მოტყუებულან. დენიკინის შტაბბინასთან არსებული ბრიტანული მისიის შტაბის უფროსმა, გენერალმა ქიზმა ჯერ კიდევ შეტევის დაწყებამდე, 4 თებერვალს გადასცა რუს გენერალს ამიერკავკასიაში ბრიტანული ჯარების სარდლის, გენერალ ფორესტიე-უოკერის გზავნილი: “მივიღე ინსტრუქცია, რომ მხარი დავუჭირო ქართველებს, მანამ სანამ მათი ქმედებები დამაკმაყოფილებელია.” ფორესტიე-უოკერი მოითხოვდა, რომ დენიკინს წინ არ წაეწია სოჭისკენ. ბრიტანეთის შავი ზღვის ძალების სარდალი გენერალი მილნი ძალიან ანტიქართულად იყო განწყობილი, ხოლო დენიკინის შტაბბინასთან არსებული ბრიტანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი გენერალი ბრიგსი უკიდურესად ლოიალური იყო რუსი გენერლისადმი. მაგრამ დენიკინის აგრესია იმდენად აშკარა გახლდათ, რომ მათ მკაცრი რეაქციის გამოხატვა მოუწიათ. 1919 წლის 31 იანვარს, დენიკინის წარმომადგენელი, გენერალი ერდელი ბათუმიდან იტყობინებოდა, რომ ბათუმში ჩასულმა მილნმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად ბრიტანელი გენერალი იმას ასახელებდა, რომ მისი უფლებამოსილება დენიკინთან ურთიერთობაზე არ ვრცელდებოდა. თუმცა, სოჭისა და გაგრის ოკუპაციის შემდეგ, ამ მიზეზს მისთვის ხელი არ შეუშლია მკაცრი წერილით მიემართა დენიკინისთვის. მილმა მას შეახსენა მოხალისეთა არმიისგან წამოსული თხოვნები, რომ ბრიტანელებს დაეცვათ საქართველოში მყოფი რუსები, ბაქოდან და ბათუმიდან მოემარაგებინათ სამხრეთ რუსეთი ნავთობით, დახმარებოდნენ ამიერკავკასიიდან ჯარისკაცების რეკრუტირებაში, მაგრამ “სოჭში თქვენმა მოქმედებამ შეუძლებელი გახადა დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, რომ დაგეხმაროთ. მით უმეტეს, რომ თქვენ უარი თქვით საქართველოს წარმომადგენლის მიღებაზე თქვენს შტაბში”-ო, აცხადებდა მილნი. ის მოითხოვდა, რომ დენიკინს შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და დაკავებულიყო ბოლშევიკებთან ბრძოლით. ბრიგსმა დენიკინს მისწერა, რომ ბრიტანეთის სამხედრო სამინისტრო მას სთხოვდა დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სოჭში სამხედრო მოქმედებები და შეახსენებდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის 24 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სადავო ტერიტორიების ძალისმიერი დაკავება აგრესორს დააკისრებდა პასუხისმგებლობას. თუ ტუაპსისკენ არ დახევდა დენიკინი ჯარებს, განაგრძობდა ბრიგსი, მისი უდიდებულესობის მთავრობა იძულებული გახდებოდა შეეჩერებინა ან შეეწყვიტა მისთვის დახმარების მიწოდება. დენიკინმა მას უხეშად უპასუხა: “მე რუსი ვარ და დავეხმარები რუსებს და სომხებს ამ ველური ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლშევიკებივით იქცევიან, კლავენ და ძარცვავენ ხალხს. მე არ დავემორჩილები უცხო მთავრობის ბრძანებებს… თუ მისი უდიდებულესობის მთავრობა დახმარებას შეგვიჩერებს, ჩვენი რესურსებით გავაგრძელებთ ბრძოლას.”
მან არათუ უკან არ დაიხია, არამედ წარმატების შემდგომი განვითარება და სოხუმის ოკრუგის მთლიანად დაკავება მოინდომა, მდინარე ენგურამდე. ის ფორესტიე-უოკერს აფხაზი ხალხის სახელით 15 თებერვალს სწერდა: “დაუყოვნებლივ გაიყანეთ აფხაზეთიდან ქართული ჯარები, რათა დავიცვათ აფხაზეთის მოსახლეობა იმ ძალადობისგან, რომელსაც სისხლიანი არეულობის გამოწვევა შეუძლია”. დენიკინი ქართული ჯარების ქუთაისის გუბერნიის საზღვრამდე, მდინარე ენგურთან გაყვანას მოითხოვდა და წერილს მუქარის ტონით აგრძელედებდა: “აფხაზი ხალხი მაინც სისხლიანი ბრძოლით მოიპოვებს თავისუფლებას და ამიტომ სოხუმის ოკრუგის საზღვრებიდან ქართველების გაძევების ნებისმიერი გაჭიანურება მხოლოდ გაართულებს საქმეს და გარეშე ძალებს წესრიგის აღდგენისთვის ჩარევას აიძულებს… მიმდინარე წელს მოხალისეთა არმიას იმდენი განცდა, გაცხარებული და სისხლისმღვრელი ბრძოლების გადატანა მოუხდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ, რომ სინდისის საქმეა ყველაფერი გავაკეთო, რათა მოხალისეთა ძვირფასი სისხლი არ დაიღვაროს სოხუმის ოკრუგის მიწაზე, როგორც ამის გაკეთება, ჩემი სურვილის წინააღმდეგ, სოჭში მოგვიწია”.
თუმცა, ბრიტანელთა უკუმუქარებმა და ქართული ჯარის მობილიზაციამ დენიკინს გადააფიქრებინა შეტევის შემდგომი განვითარება. ამ ეტაპზე, მისი მთავარი ფრონტი ჩრდილოეთით, ბოლშევიკების წინააღმდეგ იყო მიმართული. მან პროგრამა მინიმუმს მიაღწია და საქართველოში სამომავლოდ შემოსაჭრელად გახსნა მეხადირის კარიბჭე. იმავე წლის აპრილში, დენიკინი ჩრდილოეთისკენ აწარმოებდა შეტევას ბოლშევიკთა წინააღმდეგ. იცოდა რა თუ რას მოასწავებდა მეხადირის დაკარგვა, საქართველოს მთავრობამ მოულოდნელი კონტრშეტევა წამოიწყო, მიაღწია მდინარე მეხადირს, იქ გაამაგრა პოზიციები და ააშენა სამხედრო თავდაცვითი ფორტიფიკაციები. ამის შემდეგ, საქართველომ ფაქტობრივად მოხსნა სოჭის რესპუბლიკის საზღვრებში მოხვედრის მოთხოვნა, რადგან გაცილებით უფრო ადვილი იყო ქვეყნის დაცვა მეხადირთან, ვიდრე სოჭთან. დენიკინი მთელი 1919 წლის მანძილზე ახორციელებდა ზეწოლას საქართველოზე, რათა მას უკან დაეხია ჯარები მდინარე ბზიფამდე. რადგან ბოლშევიკთა წინააღმდეგ დენიკინის ბრძოლა უფრო პრიორიტეტული საკითხი იყო, ბრიტანეთს დაპირებული მუქარა არ შეუსრულებია და საქართველოზე თავდასხმის გამო მოხალისეთა არმიისთვის დახმარება არ შეუჩერებია. ბრიტანელი გენერლები, დენიკინთან რომ ვერაფერს გახდნენ, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, თავიანთი სისუსტის პოზიციიდან ახლა უკვე ქართველებისგან მოითხოვდნენ ბზიფისკენ უკან დახევას. საქართველოს მთავრობა ამ მოთხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა თუ ბრიტანელები გაგრის რაიონში ჩადგებოდნენ და იქ შეჭრილ დენიკინს მათთან მოუწევდა ბრძოლა. ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში უკვე შორს იყო წასული საუბარი ამიერკავკასიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე და მისი უდიდებულესობის მთავრობა არ იყო მზად ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად.
1919 წლის აგვისტოში, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის ჯარების სარდლის, გენერალ ქორის შუამავლობით, ამ საკითხზე სამი არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო მინისტრ ევგენი გეგეჭკორსა და ამიერკავკასიაში დენიკინის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ხელმძღვანელს, გენერალ ბარათოვს შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მტკიცედ იდგა პოზიციაზე, რომ სამხედრო, პოლიტიკური და ისტორიული მიზეზებიდან გამომდინარე მეხადირიდან ბზიფამდე პერიმეტრი ეგზისტენციური მნიშვნელობის იყო ქვეყნისთვის და მისი დათმობა ვერ მოხდებოდა. ბარათოვმა მას უპასუხა, რომ თუ მეხადირის პერიმეტრზე ფლოტისა და ქვეითი ჯარის სრული ჩართულობით გაკეთდებოდა შეტევა, ქართველთა პოზიციები დაიბომბებოდა ფლანგიდან და ზურგიდან, ზურგში გადასხმული დესანტი უკან დასახევ გზასაც მოუჭრიდა ქართველებს, რასაც “არათუ ქართული სახალხო გვარდია, არამედ ნაპოლეონის ჯარიც ვერ დაუდგება წინ”-ო, ამტკიცებდა ბარათოვი. ამის სანაცვლოდ, ის გეგეჭკორს სთავაზობდა, რომ საქართველოს დაეთმო გაგრის რაიონი დენიკინისთვის, მიეღწია მშვიდობისთვის და ასეთ ვითარებაში პატარა ქვეყანას აღარ მოუწევდა მეხადირის დაცვისთვის უამრავი ფულის დახარჯვა. ამ არგუმენტებს ბარათოვი ნოე ჟორდანიასაც უმეორებდა, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ უთხრა, რომ არ არსებობდა ნდობა, რომ დენიკინი სამშვიდობოდ იყო განწყობილი. შესაბამისად, ქართულ ჯარს უკან არ დაუხევია. ისტორიულად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყოფილა როგორც მეხადირის დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით, მაგრამ ის არასდროს ყოფილა უშუალოდ მეხადირზე. 1919 წელს ეს მტრულად განწყობილ დენიკინთან დროებით სადემარკაციო ხაზად ითვლებოდა, მაგრამ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად აღიარა მეხადირიდან 6 კილომეტრით დასავლეთით მდებარე მდინარე ფსოუ სახელმწიფო საზღვრად, სადაც ის დღემდე დგას დე იურედ.
ბექა კობახიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი.