ესმა გუმბერიძე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაციის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის საშუალოდ 10 პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამავე ორგანიზაციის ცნობით, შშმ პირთა პროცენტული წილი მოსახლეობაში კიდევ უფრო მაღალია საომარ ან პოსტკონფლიქტურ მდგომარეობაში მყოფ, ასევე ღარიბ და საშუალოზე დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში (სადაც ჯანდაცვის დაბალი ხარისხის მომსახურების და საომარ მოქმედებათა შედეგად დასახიჩრებულთა დიდი ოდენობაა). ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს მინიმუმ 400 ათასი შშმ მოქალაქე შეიძლება, ყავდეს. თუ ვივარაუდებთ, რომ თითო შშმ პირს 2 ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი მაინც ყავს, აღმოჩნდება, რომ საქართველოში მილიონი ადამიანი მაინც ყოველდღიურ შემხებლობაშია შეზღუდულ შესაძლებლობებთან. ამის მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობები არ წარმოადგენს უფრო ფართო, მეინსტრიმ, სოციალური და პოლიტიკური დისკურსის ინტენსიური განხილვის საგანს. საქართველოში შშმ პირთა წინაშე არსებული ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის, სხვადასხვა ბიზნეს და სტარტაპ დაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამების მისაწვდომობა, სრულფასოვანი და ღირსეული ჩართულობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, შშმ პირთა და მათი ოჯახების წევრთა მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს მიღმა პრაქტიკულად არ განიხილება. როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ნაკლებად ითვალისწინებენ და ასახავენ შშმ პირთა პოტენციურ ინტერესებსა და საჭიროებებს თავიანთ პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულად შშმ პირებისთვის არ არის განკუთვნილი. ხშირად გამოწვევაა შშმ პირთა უფლებებით იმ ახალგაზრდების, პროფესიონალებისა და აქტივისტების დაინტერესებაც, რომლებიც უშუალოდ არ სწავლობენ და არ მუშაობენ შშმ პირთა კუთხით (მაგ. არ არიან სპეცპედაგოგები ან შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების დასაქმებულები). ვინაიდან შშმ პირები დღევანდელ რეალობაში ნაკლებად ჩანან ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ასპარეზზე, ითვლება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები სადღაც შორსაა და, შესაბამისად, შშმ პირთა უფლებებსა და ინტერესებზეც თავად შშმ პირებმა და მათმა უახლოესმა გარემოცვამ უნდა იზრუნოს. შშმ პირთა კულტურული და სტრუქტურული დისკრიმინაცია, მათ მიმართ ძალადობა არის ძალაუფლების გადანაწილების ნაწილი. აქედან გამომდინარე ის პოლიტიკური ხასიათის გამოწვევაა, რომლისადმი ადეკვატური პასუხი ხელს შეუწყობს ზოგადად პროგრესს.
არადა როცა კი, გამონაკლის შემთხვევებში, შეზღუდული შესაძლებლობები იქცევა ხოლმე მცირე ხნით ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად, მიიჩნევა, რომ ამ თემაზე საუბარი შესაძლოა მხოლოდ ემოციურად, გრძნობებისა და განცდების ენით. შშმ პირთა უფლებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გამოწვევები არ ითვლება აკადემიური, თეორიული, რაციონალური განხილვის ღირს გამოწვევად. და განსაკუთრებით უჩვეულოა, როცა თავად შშმ პირები არიან შეზღუდული შესაძლებლობის თეორიული მკვლევარები და ამ საკითხებზე თეორიულად მოსაუბრენი.
შშმ პირთა მიმართ მიდგომები იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში რელიგიური, უტილიტარისტული, (ამ მოდელში შშმ პირებს, როგორც „არასრულფასოვან“ და „თემისთვის გაუმართლებელი დამატებითი ეკონომიკური ხარჯის გამომწვევებს“ უბრალოდ ანადგურებენ ანდაც მხოლოდ ნარჩენ რესურსებს ახარჯავენ) საქველმოქმედო და სამედიცინო მოდელებით დაწყებული, უფრო თანამედროვე, სოციალური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მოდელებით დამთავრებული. ინტელექტუალური და ფსიქო–სოციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც შშმ პირთა შორის ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადი ქვეჯგუფია, ქართულ და უცხოურ რეალობაში, განსაკუთრებით აქტუალური გამოწვევებია ქმედუნარიანობა, (კანონმდებლობით ნებადართული და ხელშეწყობილი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და მისი ოფიციალურად გაფორმების უფლება და შესაძლებლობა) დეინსტიტუციონალიზაცია, თემში (და არა მსხვილ, ცენტრალიზებულ შშმ პირთა პანსიონატებსა თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მუდმივი ცხოვრება დაწესებულების მიერ შემუშავებული რეჟიმით/დღის განრიგით და წესებით. მსგავსი დაწესებულებები ხშირად ნახევრად დახურულია. იქ იზღუდება მომნახულებელთა მისვლის შესაძლებლობა. მოსანახულებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს ადმინისტრაციისგან წინასწარი ნებართვა ან მისი გაფრთხილება, არსებობს მონახულების საათები, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, ვისაც აქვს მონახულების უფლება. მსგავს დაწესებულებებში განთავსება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ დროებით, პირის თანხმობით და გადაუდებელ შემთხვევებში) ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ცხოვრების, არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებები. ფსიქოტროპულ მედიკამენტთა მწარმოებელი ფარმაცევტული ფირმების მიერ ფსიქოაქტიური მედიკამენტების ლობირება გაბატონებული პრაქტიკაა მსოფლიოში, რაც ხელს უშლის ალტერნატიული თერაპიების განვითარებას, ფართოდ გავრცელებას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე პაციენტების იძულებითი და ძალადობრივი მკურნალობისა და იზოლაციისთვის. ფსიქოაქტიურ წამლებს კი უამრავი ჯანმრთელობისთვის საზიანო და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტი აქვთ. ის კი, ვის აქვს ვისი სახელით და რა ფარგლებში, რა შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების უფლება და რეალური შესაძლებლობა, სწორედაც რომ ძალაუფლების, კონტროლის და, მაშასადამე, პოლიტიკური საკითხია
შშმ პირთა უფლებადამცველ მოძრაობაში ბევრი დილემაცაა. რა მოვითხოვოთ, რას დავუჭიროთ მხარი: მაგალითად, დისტანციურ/ონ–ლაინ თუ აუცილებლად ოფისებში დასაქმებას; სოცსაწარმოების შექმნას შშმ პირებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის თუ– ღია შრომით ბაზარზე დასაქმებას საერთო საკონკურსო წესით; შშმ ბავშვთათვის სპეცსკოლების განვითარებას თუ– მათს სწავლებას აუცილებლად მხოლოდ არასპეციალიზებულ სკოლებში. რამდენად შესაძლებელია შშმ ბავშვთათვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა არასპეციალიზებულ სკოლებში დღეს გამეფებული ბულინგის, თანატოლთა მიერი ჩაგვრის პირობებში? რა ბედი უნდა ეწიოთ შშმ პირთა დასაქმებისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამებითა და პროექტებით დასაქმებულ შშმ პირებს, რომლებიც შეჩვეულნი არიან, მაგალითად, უსინათლოთა გუნდში სიმღერას, უსინათლოთა თეატრში მსახიობობას, თუკი ეს პროგრამები გაუქმდება შშმ პირთა ინკლუზიისა და შრომის ღია ბაზრის წესებით დასაქმების ხელშესაწყობად? და რა გარანტია ექნებათ, რომ შეძლებენ თუნდაც ღია შრომით ბაზარზე დასაქმებას?
ცალკე განხილვის საგანია შშმ პირთა და შშმ პირთა მშობლებისა და ოჯახის წევრების ჯგუფებს შორის მიმდინარე დაპირისპირება. საკმაოდ ხშირია შშმ ბავშვთა მშობლების, როგორც იმ ბავშვთა ინტერესების დამცველთა და ამავე მშობლების, როგორც საკუთარი უფლებების დამცველთა კონცეფციებისა და როლების აღრევა. ერთია, რას საჭიროებს უშუალოდ შშმ ბავშვი და ზრდასრული თავისუფალი, სრულფასოვანი და განგრძობადი განვითარებისთვის და სულ სხვაა, რას საჭიროებს შშმ ბავშვის/ზრდასრულის მშობელი, როგორც ბავშვისგან დამოუკიდებელი ერთეული, ადამიანი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე შვილების მშობლებთან შედარებით ხშირად გაცილებით უფრო მეტი დროის, ენერგიისა და ფულადი რესურსების დახარჯვა და გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა (საზოგადოებისგან გარიყვა, დაცინვა, დაბრალება, შეურაცხყოფა( უწევს ბავშვის აღზრდის პროცესში. ხშირია, რომ თვითონ შშმ ზრდასრულთა და ბავშვთა მშობლები ვერ მიჯნავენ საკუთარ ინდივიდუალურ და შვილების უფლებებს და ინტერესებს. ეს კი ხშირად უნებურ ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, რითიც ისევ შშმ პირის, ბავშვისა თუ ზრდასრულის, უფლებები ირღვევა. მშობლები ინსტინქტურად, შვილთა უფლებების დაცვის მოტივით ხშირად ისეთ ღონისძიებებს ითხოვენ სახელმწიფოსგან, რაც მათი შვილების გრძელვადიან დამოუკიდებლობას და განვითარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ შვილებზე ისევ მშობელთა ძალაუფლებას, კონტროლსა და გავლენას განამტკიცებს.
ყოველივე ზემოთგანხილული ნათლად წარმოაჩენს, რომ შშმ პირთა უფლებები პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დისციპლინის განუყოფელი ნაწილია. რომ შშმ პირები ასევე წარმოადგენს ერთ–ერთ ჩაგვრისადმი მოწყვლად სოციალურ უმცირესობას. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ როგორც სამოქალაქო საზოგადოებას აკისრია შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობის, მათდამი და მათი გამოწვევებისადმი სოლიდარობის მოვალეობა, ასევე შშმ პირთა უფლებადამცველებსაც გვაქვს საზოგადოების სხვა ჯგუფთა სოლიდარობის, მხარდაჭერის, თანადგომის, მათი პრობლემებით დაინტერესების და მათს გადაჭრაში ჩართულობის, საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მცდელობის მოვალეობა, როგორც ამავე საზოგადოების წევრებს. აქვე გავიხსენებ 1 ექსპერტის საპასუხო კითხვას, რომელიც მან ერთ შეხვედრაზე დაგვისვა, როცა სამოქალაქო საზოგადოებისგან შშმ პირთა წინაშე არსებული გამოწვევებით ნაკლებ დაინტერესებაზე შევჩივლეთ: „და თქვენ თვითონ რამდენად ინტერესდებით სამოქალაქო საზოგადოების სხვა პრობლემებით? მაგალითად საპენსიო რეფორმის განხილვაში იყავით ჩართულები“? და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ, სხვა სოციალური მოძრაობების მსგავსად, შშმ პირთა უფლებადამცველ მოძრაობაშიც უფრო მეტი კითხვაა შეზღუდული შესაძლებლობის როგორც თეორიული, ისე უფლებათა დაცვისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის პრაქტიკული გამოწვევების ირგვლივ, ვიდრე გაცემული ცალსახა პასუხი, თუმცა, მეორესმხრივ, სწორედ ეს უთანხმოებები არის დისკუსიისა და მსჯელობის გაგრძელების მოტივაციაც.