ბოლო ორი საუკუნის ამბავია, რომ სამხრეთ კავკასიისთვის საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის. მანამდე, ისტორიულად, ეს საფრთხე სამხრეთიდან მოდიოდა. შესაბამისად, საქართველოს სამხრეთელი მეზობლები პირველ დარტყმას საკუთარ თავზე იღებდნენ და ქვეყნისთვის ბუფერის როლს ასრულებდნენ. არაბული შემოსევების შედეგად განადგურდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ალბანეთის სახელმწიფო, რომელსაც ქართველების მონათესავე ანბანი ჰქონდა და ერთმორწმუნესაც წარმოადგენდა. მეთერთმეტე საუკუნეში განადგურდა კავკასიის ბოლო სომხური სამეფო. აქედან მოყოლებული 1918 წლამდე, მთელი ცხრა საუკუნის მანძილზე, ქართველები და სომხები გვერდიგვერდაც ცხოვრობდნენ და ერთ ქალაქშიც, მაგრამ მათ სახელმწიფოებს ერთმანეთის მეზობლად არ უცხოვრიათ. აზერბაიჯანის ერთიანი სახელმწიფო ისტორიაში პირველად სწორედ 1918 წელს შეიქმნა. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, სამხრეთიდან მომავალი მუსლიმური დაწოლა სომხურ მოსახლეობას საქართველოსკენ მიგრაციას აიძულებდა; სასაზღვრო რაიონებსა და ქალაქებში სომხები, ქართველები და მუსლიმები შერეულად ცხოვრობდნენ. შუა საუკუნეებში ეს შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ როდესაც შუა საუკუნეების ხალხები მოდერნული ნაციონალიზმის ეპოქაში შევიდნენ, შემდეგ გაჩნდა კითხვა – ვისია ტერიტორია?
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არ არსებობდნენ ტერიტორიული ერთეულები „საქართველო“, „აზერბაიჯანი“ და „სომხეთი“. მათ ნაცვლად იმპერიამ შექმნა თბილისის, ქუთაისის, ელიზავეტპოლის (განჯის), ბაქოს და ერევნის გუბერნიები. იქვე იყო ბათუმისა და ყარსის ოლქი, სოხუმისა და ზაქათალის ოკრუგები. თუმცა, იმპერიები ადმინისტრაციულ დაყოფას არასდროს ქმნიან „ისტორიული სამართლიანობის“ ან დემოგრაფიული პრინციპით. იმპერიისთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული დაყოფის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. შესაბამისად, გუბერნიების საზღვრები არც ეთნიკური განსახლების არეალებს ემთხვეოდა და არც რომელიმე ერის ისტორიულ აღქმებს. გარდა ამისა, კავკასიის სამეფისნაცვლო იმართებოდა როგორც ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთეული, საერთო რკინიგზით, ადმინისტრაციით, პორტების საერთო მოხმარებით, ფოსტა-ტელეგრაფით, საბანკო სისტემითა და ასე შემდეგ.
რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წელს გაჩნდა კანონზომიერი პოსტკოლონიალური კითხვა – როგორ ვინაწილებთ იმპერიის მემკვიდრეობას? ვინ როგორ მოიხმარს თბილისში განთავსებულ ვაგონშემკეთებელ დეპოს, რომელიც მანამდე მთელს რეგიონს ემსახურებოდა? ვისია ბაქოს ნავთობი – აზერბაიჯანის სახელმწიფოსი, სომეხი მრეწველების თუ საქართველოსი, რომლის ტერიტორიაზეც ეს ნავთობი საექსპორტოდ გაივლიდა? ვისია ლორე, ყარაბაღი, ზანგეზური, ნახჭევანი, ჯავახეთი, ყარსი, ზაქათალა და ყარაიაზის ველი?
საყოფაცხოვრებო დონეზე, როდესაც მეზობლებს შორის ტერიტორიული დავაა, მის გადასაწყვეტად არსებობს საჯარო რეესტრში ჩანაწერი, სასამართლო და თაობებს გადაცემული ტრადიცია იმის თაობაზე თუ რომელი ოჯახი რა ტერიტორიით სარგებლობს. სამხრეთ კავკასიის ხალხებს სახელმწიფოებრივი მეზობლობის ტრადიცია შორეულ შუა საუკუნეებში შეუწყდათ, მათი დავების გადასაწყვეტად არც წესი არსებობდა და არც მიუკერძოებელი მსაჯული. სამაგიეროდ, არსებობდა ნაციონალიზმი, რევოლუციური აღტყინება და ძალისმიერი მეთოდებით დავების გადაწყვეტის ცდუნება. ასეც მოხდა, 1918-1920 წლებში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებს შორის ომი, სისხლისღვრა და ძალადობა არ განელებულა.
რა მოიტანა ამან? სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ჰყავდა ორი მტერი – რუსეთი და თურქეთი. ამ დიდი სახელმწიფოების წინაშე ისინი ერთად აღებულნიც უძლურნი იყვნენ, ცალ-ცალკე და ერთმანეთს გადაკიდებულნი – მითუმეტეს. გამოსავლად მოჩანდა დასავლური სახელმწიფოების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება და ერთა ლიგაში გაწევრიანება. საერთაშორისო ურთიერთობებში პატარა სახელმწიფოს როლი და წონა მცირეა. მას დიდი სახელმწიფოები რეგიონულ კონტექსტში, რაღაც პაკეტის ნაწილად განიხილავენ. სამხრეთ კავკასია ერთიანი პაკეტი იყო, ერთი სატრანზიტო, ეკონომიკური და უსაფრთხოების სივრცით. სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობას დასავლეთში ყავდა მომხრეებიც და სკეპტიკოსებიც. სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს რეგიონი იყო „კრაზანების ბუდე“, სადაც „ველური ტომები“ ერთმანეთს ხოცავდნენ და არ ღირდა მათ საქმეში ჩარევა. მომხრეები და მეგობრები სამხრეთ კავკასიელებს ურჩევდნენ, რომ ტერიტორიული დავები მოლაპარაკების ან არბიტრაჟის გზით გადაეწყვიტათ, შეთანხმებულიყვნენ ერთიან თავდაცვაზე, მოეშალათ საბაჟოები და აღედგინათ ერთიანი ეკონომიკური სივრცე. ასეთი რეგიონით დასავლეთის დაინტერესების ბევრად მაღალი შანსი არსებობდა და კავკასიელთა მომხრეებსაც გაუმრავლდებოდათ პოზიტიური არგუმენტები. გარდა ამისა, გაძლიერდებოდა ეკონომიკაც და უსაფრთხოებაც.
თუმცა, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებმა ეს „საშინაო დავალება“ ვერ შეასრულეს და მოყვარეთა ნაცვლად მტრებს გაუმრავლეს არგუმენტები. ამას გეოგრაფიით გამოწვეული ძალთა ბალანსის დარღვევაც განაპირობებდა. კერძოდ, აზერბაიჯანს ჰქონდა ნავთობი, ხოლო საქართველოს ხელში ეჭირა კავკასიაში შესასვლელი და გასასვლელი კარიბჭე შავი ზღვის პორტებისა და ამიერკავკასიური რკინიგზის სახით. საქართველო აზერბაიჯანის ნავთობზე იყო დამოკიდებული, ხოლო აზერბაიჯანი საქართველოს სატრანზიტო გზებზე. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს აბალანსებდა. გარდა ამისა, ისინი ერთნაირად ესაზღვრებოდნენ რუსეთს და ერთნაირად განიცდიდნენ მისგან მომავალ საფრთხეს. ეს ფაქტორები მათ აიძულებდათ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ეომათ და გვერდზე გადაედოთ ტერიტორიული დავები. სომხეთსაც სჭირდებოდა საქართველოს რკინიგზა და პორტები, მაგრამ სანაცვლოდ არაფრის შეთავაზება არ შეეძლო; სომხეთს აზერბაიჯანის ნავთობიც სჭირდებოდა, მაგრამ ვერც მას სთავაზობდა სანაცვლოდ ვერაფერს. ამასთანავე, სომხეთი საკუთარი უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად თურქეთს ხედავდა, ხოლო რუსეთს ამ საფრთხის გამანეიტრალებლად მიიჩნევდა, რადგან რუსეთი მას არ ესაზღვრებოდა და პირდაპირ ვერ ემუქრებოდა. აზერბაიჯანი კი პირიქით – რუსეთს უფრთხოდა და თურქეთის დახმარების მიღებას ლამობდა.
სამხრეთ კავკასიურისგან განსხვავებული მოდელი შექმნეს ბალტიის რესპუბლიკებმა. მათ საზღვრების დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პროფესორი ჯორჯ სიმპსონი დანიშნეს, მშვიდობიანად გაიყვეს ტერიტორიები, ერთმანეთს არ ეომენ და ეკონომიკურადაც ითანამშრომლეს. შესაბამისად, მათ, როგორც ერთიანმა სხეულმა, 1940 წლამდე შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, ხოლო პოსტსაბჭოთა პერიოდში დიდი ტურბულენტობის გარეშე გახდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები. აქ არის ცდუნება მარტივად ჩავთვალოთ, რომ ბალტიელები ბევრად უფრო „ცივილიზებული“ ხალხია, ხოლო კავკასიელები ვართ „ველურები“; ან, ბალტიის რეგიონი უფრო ახლოა ევროპასთან და ეს არის მათი წარმატების გასაღები. ამ ორ არგუმენტში არის სიმართლის მარცვალი: 1918 წლის მდგომარეობით, ბალტიის რეგიონში სამჯერ უფრო მაღალი იყო წერა-კითხვის მცოდნეთა პროცენტული მაჩვენებელი, ვიდრე სამხრეთ კავკასიაში; ტარტუს, ტალინისა და ვილნიუსის უნივერსიტეტებს საუკუნეების ისტორია ჰქონდათ, მაშინ როდესაც სამხრეთ კავკასიის პირველი უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა თბილისში; ბალტიის რეგიონი ჯდებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურაში. თუმცა, კეთილმეზობლური თანამშრომლობის მთავარი მიზეზი მაინც გეოგრაფიაა: ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას სამივეს აქვს გასასვლელი ზღვაზე და ერთმანეთის წინააღმდეგ ხელში არ უჭირავთ სატრანზიტო ბერკეტები; სამივე მათგანს აქვს საზღვარი რუსეთთან და ერთნაირად განიცდიან მისგან მომავალ საფრთხეს; არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი კრიტიკული ნედლეული (მაგ. ნავთობი), რომელიც სასიცოცხლოთ აუცილებელია მეზობლებისთვის; ამიტომ, ბალტიელებს ძალიან ცოტა მიზეზი ჰქონდათ ერთმანეთთან საომრად. თუმცა, ეს არ ნიშნავდა რეგიონის უპირობო ერთობას. მაგალითად, როდესაც პოლონეთი თავს დაესხა ლიტვას და 1920 წელს დაიკავა ვილნიუსი, ლატვია და ესტონეთი ლიტვას არ დახმარებიან, რადგან პოლონეთი მათ არ ემუქრებოდა.
სამხრეთ კავკასიას რომ დავუბრუნდეთ, აქ გასაყოფი ბევრად მეტი იყო. მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, სახელმწიფოებრიობის უქონლობის გამო, სომხეთი „დიასპორულ ერად“ ჩამოყალიბდა. 1555 წელს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის დადებულმა ამასიის ზავმა სომხეთის ისტორიული ტერიტორია აღმოსავლეთ და დასავლეთ სომხეთად გაყო. სომხურმა დიასპორამ დასავლეთ სომხეთის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრი კონსტანტინოპოლში შექმნა, დღევანდელ სტამბულში; აღმოსავლეთ სომხეთისთვის ასეთ ცენტრად თბილისი იქცა. 1918 წლის მდგომარეობით, საქართველოს დედაქალაქში სომხები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. თბილისში დაარსდა ყველაზე დიდი სომხური პარტია „დაშნაკცუტიუნი“, აქვე იყო სომხური თეატრი, ბანკები, ვითრდებოდა მწერლობა, ჟურნალ-გაზეთები; ერთის გამოკლებით, რუსეთის იმპერიის დროის თბილისის ქალაქის თავები (მერები) ეთნიკური სომხები ხდებოდნენ; ქალაქის თავს საქალაქო სათათბირო (დღევანდელი საკრებულოს ეკვივალენტი) ირჩევდა, ხოლო სათათბიროს – კერძო საკუთრების მქონე მოქალაქეები. ვის ჰქონდა თბილისში კერძო საკუთრება? სომხებს. რატომ სომხებს? შუა საუკუნეების მუსლიმური დაწოლის პირობებში, ქართველი მეფეები ესწრაფვოდნენ ქრისტიანული დემოგრაფიული ერთეულის გამრავლებას. ქართულ სამეფოებს ქალაქებიც სჭირდებოდა, ხოლო ქალაქებს ვაჭრობა-მრეწველობა; ქართველი გლეხი კი სოფლად ცხოვრობდა. ვის უნდა ევაჭრა და ეწარმოებინა საქართველოს ქალაქებში? ასეთ ხალხად ქართველმა მეფეებმა საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილი ქრისტიანი სომხობა დაინახეს. ამიტომ არის აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში – თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში და სხვაგან – ისტორიული სომხური უბნები, ეკლესიები და სასაფლაოები. სომხების არც საქართველოში გადმოსახლება და არც ვაჭარ-მრეწველობა ყოფილა კარგი ცხოვრებით გამოწვეული. ებრაელთა მსგავსად, ისინიც ძნელბედობამ აქცია მობილურ, დიასპორების ერად. თავად ერევანში, 1827 წელს რუსეთის მიერ მისი დაკავების დროისთვის, სომხური მოსახლეობის წილი 20%-ს არ აჭარბებდა.
1860-70-იანი წლებში ისტორია აჩქარდა: გაუქმდა ბატონ-ყმობა, რამაც ქართველ გლეხს არ მისცა მიწა, მაგრამ მისცა გადაადგილებისა და ამ მიწის გამოსყიდვის უფლება; გაიყვანეს რკინიგზა. გლეხი ჩაჯდა მატარებელში და ჩამოვიდა თბილისში მიწის გამოსასყიდად საჭირო ნაღდი ფულის საშოვნელად; ის დასაქმდა ქარხანაში, რომლის მფლობელი ხშირად სომეხი იყო; ის ცხოვრობდა ქალაქში, რომელსაც სომეხი ქალაქის თავი მართავდა; დაფუძნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც გლეხს წერა-კითხვა ასწავლა; თერგდალეულებმა გამოსცეს ჟურნალ-გაზეთები „ივერია“, „დროება“, რომლებიც ქართველობას ასწავლიდნენ გლეხს, მუშას და სხვებსაც. ქართველებმა ისწავლეს, რომ თბილისი მათი ისტორიული დედაქალაქი იყო, მაგრამ ისინი ამ ქალაქში ცხოვრობდნენ როგორც „გერები“, რადგან თბილისში ფული, ქონება და ძალაუფლება სომხებს ჰქონდათ. „არმენოფობია“ საქართველოში სოციალურ დაპირისპირებად ჩაისახა, რომელმაც შემდგომ ეროვნული შეფერილობა მიიღო, რადგან სოციალური ხაზები ხშირად მისდევდნენ ეროვნულ ხაზებს. ქართველი გლეხი ნაძალადევსა და დიდუბეში მდებარე ბარაკებში ცხოვრობდა, ხოლო სომხური ელიტა – სოლოლაკში. აი სწორედ იმ სახლებში ახლა „იტალიურ ეზოებს“ რომ უწოდებენ, მაგრამ აქ იტალია არაფერ შუაშია – თითო სახლი, ახლა საზიარო ეზოდ რომ არის ქცეული, ერთ მდიდარ სომეხს ეკუთვნოდა, ხოლო „იტალიური ეზო“ ამ ადამიანის შიდა ეზო იყო. რუსეთის იმპერია წოდებრივი სახელმწიფო გახლდათ, რომელშიც ამ სომეხ ვაჭრებს ჰქონდათ ქონება, მაგრამ არ ჰქონდათ წოდება. ამიტომ ხშირი იყო მდიდარი სომხის გაღარიბებულ ქართველ თავადზე ქორწინებაც. სომხების უბანი თბილისში ორი იყო: სოლოლაკში ცხოვრობდნენ მდიდრები, ხოლო ავლაბარში – მუშები. რატომ აღარ ცხოვრობენ მდიდარი სომხები სოლოლაკში? იმიტომ რომ 1920-იანი წლებიდან საბჭოთა მთავრობამ მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთა, შიგ შეასახლა სოფლებიდან ჩამოსული მუშები და ასე იშვა „იტალიური ეზოები“, ხოლო ავლაბრელი სომხების დიდი ნაწილი ისევ ადგილზე არიან.
აზერბაიჯანელებს და ქართველებს შორის სოციალური კონფლიქტი არ ყოფილა, რადგან ქართველთა მსგავსად აზერბაიჯანელთა უმრავლესობაც მუშათა კლასს განეკუთვნებოდა – მეთულუხჩეები, მექისეები და სხვა პროფესიის ადამიანები. თუმცა, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მწვავე დაპირისპირება შეიქნა ბაქოში. 1859 წლამდე დღევანდელი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გუბერნიის ცენტრი იყო ქალაქი შემახა, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია. გუბერნიის ცენტრი გადავიდა ბაქოში. ამ დროს აფშერონის ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს ნავთობი, რამაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კაპიტალისტთა დაინტერესება გამოიწვია. ბაქოშიც სომხური ბურჟუაზია ჭარბობდა. ბატონ-ყმობის გაუქმებასა და რკინიგზის გაყვანასთან ერთად, ბაქოში ჩავიდა აზერბაიჯანელი გლეხობაც. ქალაქში რუსული ხელისუფლება და სომხური კაპიტალი დომინირებდა. მატულობდა სოციალური დაძაბულობა, რასაც რელიგიური და კულტურული განსხვავებები კიდევ უფრო ამძაფრებდა. ფართომასშტაბიან ხოცვა-ჟლეტას მხოლოდ იმპერიის უსაფრთხოების აპარატი აკავებდა. თუმცა, 1905 წელს რუსეთში დაიწყო რევოლუცია და მეფის ხელისუფლება დასუსტდა. ბაქოს ციხეში ეთნიკურად სომეხმა ბადრაგმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი პატიმარი მოკლა. ეს ნაპერწკალი საკმარისი აღმოჩნდა იმ დენთის კასრის ასაფეთქებლად, რომელსაც ათწლეულობით მიმდინარე სოციალური დაძაბულობა ამზადებდა. ხოცვა-ჟლეტა გადაედო ყარაბაღის მთავარ ქალაქ შუშას და ამიერკავკასიის დედაქალაქ თბილისს. მაიდანზე აღმართული იყო ბარიკადები და ქალაქის ქუჩებში სომხები და აზერბაიჯანელები ტყვიებს უშენდნენ ერთმანეთს. ქართულ სოციალ-დემოკრატიას ეს არ აწყობდა, ქართველი რევოლუციონერების სურვილი იყო, რომ მთელი საბრძოლო ენერგია რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულიყო. ამიტომ, ისიდორე რამიშვილის მეთაურობით, რევოლუციონერთა დელეგაცია მეფისნაცვალთან შესახვედრად გაემართა. რამიშვილმა შემდეგი სახის არჩევანი მისცა მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს: 1. პოლიცია ჩადგებოდა მხარეებს შორის და შეწყვეტდა სისხლისღვრას; 2. თუ რეჟიმს ეს არ შეეძლო, 500 თოფი მიეცათ რევოლუციონერებისთვის და ისინი იკისრებდნენ მხარეთა დაშორიშორებას; 3. თუ მეფისნაცვალი არც ერთს არ იზამდა, ისინი ხმამაღლა იტყოდნენ, რომ შეტაკებების ინსპირატორი მეფის რეჟიმი იყო. ხელისუფლება იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ რევოლუციის მსვლელობისას 500 იარაღი მისცა რევოლუციონერებს. ქართველთა ჩარევით ხოცვა-ჟლეტა შეწყდა.
ეს პატერნი დღემდე წითელ ხაზად გასდევს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს – ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთი სუსტდება, მხარეებს შორის იწყება სისხლისღვრა. ასე მოხდა 1905 წლის რევოლუციისას, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში განახლდა ყარაბაღის კონფლიქტი და ბოლოს, 2023 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომში იყო ჩაბმული, აზერბაიჯანმა სრულად დაიკავა ყარაბაღი.
1918 წლის მაისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობები სამივე თბილისში გამოცხადდა. აზერბაიჯანელები ვერ წავიდნენ ბაქოში, რადგან ქალაქი დაშნაკურ-ბოლშევიკურ კოალიციას ეკავა, რომლებმაც 1918 წლის მარტში ხოცვა-ჟლეტა მოუწყვეს მუსლიმებს. ბაქო ვერ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ცენტრად. ასეთი გახლდათ განჯა. ამიტომ, აზერბაიჯანის მთავრობაც საწყის ეტაპზე იქ დამკვიდრდა. სომხეთის მთავრობა ივლისამდე რჩებოდა თბილისში. მისი თითქმის ყველა წევრი თბილისელი სომხები იყვნენ და მათთვის ერევანი უცხო, პროვინციული ქალაქი იყო 30 ათასი მოსახლითა და მუსლიმური უმრავლესობით. სომხეთის მთავრობის მომავალი თავმჯდომარე, ალექსანდრ ხატისიანი თბილისის მერი გახლდათ, რომელსაც ცოლიც არ გაყვა ერევანში საცხოვრებლად. როგორც ისტორიკოსი რიჩარდ ჰოვანესიანი აღნიშნავს, ერევანში გადასული სომეხი დეპუტატები ყველა მიზეზს ეძებდნენ თბილისში წამოსასვლელი სამსახურებრივი მივლინება გამოეწერათ და შემდეგ რაც შეიძლება დიდხანს დაყოვნებულიყვნენ მათთვის მშობლიურ ქალაქში. ამავე დროს, ერევანში გადაბარგებულ სომხურ ელიტას სურვილი ჰქონდა თან წაეღო საკუთარი კაპიტალი, ბიბლიოთეკები და ყველა შესაძლო მოძრავი ქონება. ვის ეკუთვნოდა ეს ქონება? საქართველოს მთავრობა თვლიდა, რომ ქონება საქართველოს ტერიტორიაზე იყო და ადგილზე უნდა დარჩენილიყო, რასაც სომხები ეწინააღმდეგებოდნენ.
სომხურ კაპიტალს პრობლემა შეექმნა ბაქოშიც მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის დედაქალაქი აზერბაიჯანელების ხელში გადავიდა – 1918 წლის სექტემბერში იქ სომეხთა ხოცვა-ჟლეტა მოხდა.
ჩრდილოეთიდან დენიკინის მოხალისეთა არმიის საფრთხის ზრდის გამო, 1919 წლის 16 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ერთიანი თავდაცვის ხელშეკრულება – მხარეები ვალდებულებას იღებდნენ მთელი თავიანთი შეიარაღებული ძალები გამოეყვანათ ერთმანეთის დასახმარებლად, მესამე მხარისგან აგრესიის შემთხვევაში. მათ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მიიწვიეს სომხეთიც. ეს უკანასკნელი არ დათანხმდა, რადგან ის უპირველეს ყოვლისა უფრთხოდა თურქეთს და არ უნდოდა ანტირუსულ ალიანსში შესვლა.
სომხეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ცუდად მოუბრუნდა სომხეთსაც და მთლიანად რეგიონსაც. 1920 წლის შემოდგომაზე, თურქეთმა, მუსტაფა ქემალის ხელმძღვანელობით, ომი წამოიწყო სომხეთის წინააღმდეგ. სომხებმა დახმარება ქართველებს სთხოვეს. რადგან სომხეთმა თავად განაცხადა სამხედრო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი, ქართულ მხარეს არ ჰქონდა სომხეთის დახმარების ვალდებულება. მუსტაფა ქემალმა ელჩობა მოავლინა თბილისში, რათა ქართული მხარის ნეიტრალიტეტი უზრუნველეყო. თურქები არწმუნებდნენ ქართველებს, რომ მათ მხოლოდ სომხეთის ტერიტორიები აინტერესებდათ და არ აპირებდნენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას თუ ქართული ჯარი თავად არ ჩაებმებოდა თურქეთის წინააღმდეგ ომში. უფრო მეტიც, თურქეთს ძლიერი და საბჭოთა რუსეთთან ბუფერად მყოფი საქართველო უნდაო, ცბიერად ამტკიცებდა მუსტაფა ქემალის მსტოვარი ქიაზიმ ბეი. ქართველები დაყვნენ თურქული მხარის მტკიცებას და ამ ომში ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. სომხებს მხოლოდ იმას დაპირდნენ, რომ თუ დასავლეთი იარაღს მიაწვდიდა, ქართული მხარე ტრანზიტზე პრობლემებს არ შექმნიდა. ამასობაში ოფიციალურმა თბილისმა მცირედით ხელის მოთბობაც გადაწყვიტა: სომხეთ-თურქეთის ომის მსვლელობისას, დაიკავა სამხრეთ არდაგანი და სამხრეთ ლორე. ეს გახლდათ სომხეთ-საქართველოს შორის სადაო ტერიტორიები, მაგრამ ქართული მხარე ამტკიცებდა ეს ქმედებები დროებითია და ჩვენ მიზნად თურქეთისგან მათ დაცვას ვისახავთო.
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა, ფაქტობრივად, დაასრულა სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეპიცენტრი მაშინაც ყარაბაღში იყო. 1919 წელს, ბრიტანელთა შუამავლობით, მხარეებს შორის შედგა შემდეგი სახის შეთანხმება: საკითხის საბოლოო დარეგულირებამდე, ყარაბაღი შედიოდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში; გუბერნატორი იქნებოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო მოადგილე – სომეხი. გუბერნატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა დაემტკიცებინა საბჭოს, რომელიც შედგებოდა ექვსი წევრისგან – სამი სომეხი და სამი აზერბაიჯანელი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმების 2/3. ანუ, კონსენსუსის გარეშე გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა. თუმცა, 1920 წლის მარტში, რამზან ბაირამის ღამეს, სომხებმა ყარაბაღში მოაწყვეს აჯანყება. გეგმა იყო შემდეგი: აჯანყებულებს უნდა განეიარაღებინათ შუშასა და ხანკენდიში განლაგებული აზერბაიჯანული ჯარები, რის შემდეგაც გენერალი დრასტამაკ კანაიანი ერევნიდან გადმოიყვანდა ჯარებს და დაიკავებდა რეგიონს. სომხების ქმედება გეგმის მიხედვით არ წავიდა: აზერბაიჯანული ჯარები ვერ განაიარაღეს და ერევნიდანაც დააგვიანა ძირითადმა ჯარებმა მოსვლა. აზერბაიჯანელები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, რადგან მათ გაუზიარეს სომხებს ყარაბაღში ხელისუფლება, პატიოსნად იცავდნენ შეთანხმებას და ამ დროს სომხებმა აჯანყება მოუწყვეს მძინარე აზერბაიჯანელ სამხედროებს, მათთვის ყველაზე წმინდა დღეს. ამას მოყვა ყარაბაღელ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, განსაკუთრებით შუშაში. ყარაბაღის სომეხ ეპისკოპოსს ჯერ ენა ამოჭრეს, შემდეგ თავი მოჭრეს და შუბზე წამოაგეს. ბაქოდან დაიძრნენ აზერბაიჯანული ჯარები სრული შემადგენლობით, ერევნიდან გადმოვიდნენ სომხური ჯარები და 1920 წლის აპრილში ორი ქვეყანა სრულად მობილიზებული იდგა ერთმანეთის პირისპირ საომრად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი გეგეჭკორმა სასწრაფოდ ევროპელი პარტნიორები ჩარია საქმეში და მხარეები თბილისში შეკრიბა სამშვიდობო კონფერენციაზე. თუმცა, ორივე ქვეყნის ჯარები კვლავ ყარაბაღის ფრონტზე რჩებოდნენ მობილიზებულნი. ამ დროს, ბოლშევიკებმა ბაქოში მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, სერგო ორჯონიკიძემ რკინიგზით შეიყვანა აზერბაიჯანის დაუცველ დედაქალაქში მეთერთმეტე წითელი არმია და დაამთავრა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
ყარაბაღში მობილიზებულ სომხურ და აზერბაიჯანულ ჯარებს შეეძლოთ მობრუნებულიყვნენ ბაქოსკენ, მათ დაეხმარებოდათ ქართული ჯარი და ერთად გაყრიდნენ რუსებს სამხრეთ კავკასიიდან. თუმცა ეს აზრად არავის მოსვლია, რადგან ერთმანეთისადმი სიძულვილი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე დამოუკიდებლობის სურვილი. ყარაბაღის აზერბაიჯანელმა გუბერნატორმა სულთანოვმა თავი ყარაბაღის რევკომის თავმჯდომარედ გამოაცხადა; სომხები და აზერბაიჯანელები ჩაერთვნენ რბოლაში თუ რომელი მოიმხრობდა საკუთარ მხარეს საბჭოთა რუსეთს. მომდევნო თვეების განმავლობაში, ოპერაცია „ნემესისის“ ფარგლებში სომხებმა მოკლეს აზერბაიჯანის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ხან ხოისკი – თბილისში.
დასავლეთში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი ამბობდა, რომ თუ რუსები გადალახავდნენ კავკასიონის ქედს და დაიკავებდნენ ბაქოს, დანარჩენი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი გახდებოდა. 1920 წლის აპრილში სწორედ ეს მოხდა და პოლიტიკურად სწორედ აქ დამთავრდა საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობაც. საბოლოო ოკუპაცია უკვე დროის საკითხი იყო, რადგან ბაქოს ბოლშევიკთა ხელში გადასვლის შემდეგ რეგიონი გაქრა დასავლეთის პოლიტიკური რადარებიდან.
ამის შემდეგ, თურქეთმა და რუსეთმა ფაქტობრივად ერთად დაიპყრეს ჯერ სომხეთი და შემდეგ საქართველო, ბოლოს კი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით გაინაწილეს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიები.
ამ ისტორიული გაკვეთილის მთავარი დედააზრი ის არის, რომ რეგიონულ დიდ სახელმწიფოებთან მარტო დარჩენა 3+3 ან სხვა ფორმატში დამღუპველია, რომ დასავლეთის ჩართულობა აუცილებელია და სამხრეთ კავკასიური ერთობის გარეშე პატარა სახელმწიფოები სიცოცხლისუნარიანები ვერ იქნებიან.
იმ დროს, როდესაც ზემოხსენებული მოვლენები ხდებოდა, აზერბაიჯანის პარლამენტში სომხური, ხოლო სომხეთის პარლამენტში აზერბაიჯანული ფრაქციები არსებობდა. დღეს ეს წარმოუდგენლად მოსჩანს. იმაზე უკან წავიდა საქმე, ვიდრე მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო. ამაზე უკვე შემდეგ წერილში მოგითხრობთ.
ბექა კობახიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი