XIX საუკუნეში დაარსებული სოფლის დღევანდელობა
თინათინ მოსიაშვილი
„შლამალოხუნ“, — კლასში შესულს ასე მესალმებიან მოსწავლეები. სოფელი ძველი ქანდა ეთნიკური ასურელებით არის დასახლებული. სკოლა, მცხეთის რაიონის სხვა სკოლების მსგავსად, ქართულენოვანია, თუმცა მეხუთეკლასელებმა ამ სემესტრში დაიწყეს მშობლიური, ასურული ენის შესწავლა.
ასურული დამწერლობა განსხვავდება ქართულისაგან, ამიტომ ბავშვებს ჯერ წერა უჭირთ,თუმცა ჩემი თხოვნითა და ეკა მასწავლებლის შეგულიანებით ანა დაფასთან გადის და მარჯვნიდან მარცხნივ ანბანის უკვე ნასწავლ ასოებს წერს.
დღეს ბავშვებს, ფაქტობრივად, ამ სემესტრის ბოლო გაკვეთილი აქვთ და კლასში წინასაახალწლო განწყობაა. ადგილობრივმა მეცენატმა გოდერძი ოსიპოვმა ამჯერადაც გაახარა ბავშვები: ტკბილეულის გარდა ყველა მოსწავლემ მიიღო საჩუქარი — ნაძვის ხის სათამაშო, რომელზეც ასურულად მისი სახელი ეწერა.
მაგიდაზე გაშლილი სათამაშოებიდან მე ვერა, მაგრამ ეკა მასწავლებელი კითხულობს სახელებს: „დავითი“, „ლევანი“, „ზაური“, „ანა“, „ლიზი“…
მოსწავლეებიც სათითაოდ გამოდიან საჩუქრებისთვის.
„შიმი ილა ნანა“, „შიმი ილე დავით“, („მე მქვია ნანა“, „მე მქვია დავითი“) — მეცნობიან გოგო-ბიჭები.
მეხუთე წელია ეკატერინე ბიტკაში ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ასურულს ასწავლის. ეკატერინე თავადაც ასურელია და მეუღლეც ასურელი ჰყავს. უნივერსიტეტში ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაშიც ამ ენას ეუფლებოდა.
ეკას ოჯახი თბილისში ცხოვრობს. 8 და 10 წლის შვილებთან დედა სანახევროდ ქართულად, სანახევროდ კი — ასურულად საუბრობს.
ეკატერინე ბატკაში ასურული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნინევია საქართველოში“ თავმჯდომარეც არის და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს.
ახლა, კოვიდეპიდემიისას ვერა, მაგრამ ეკას დედა, ლუდმილა ბიტკაშიც თბილისიდან დადიოდა ქანდაში და ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა.
ეკაც კვირაში ორჯერ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეკლასელებს მშობლიური ენის გაკვეთილებს უტარებს.
კვირაში ორი გაკვეთილი რამდენად საკმარისია ენის დაუფლებისთვის, სხვა საკითხია, მაგრამ ბევრი მოსწავლე ამ გაკვეთილებზე პირველად ცდილობს ასურულად ამეტყველებას, რადგან ბავშვები ოჯახებშიც იშვიათად საუბრობენ წინაპრების ენაზე.
ქანდა და ქანდელები
ძველი ქანდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის თემის სოფელია. მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 520 მეტრზე. მცხეთიდან დასავლეთით მიმავალი აუცილებლად შეამჩნევდით ამ სოფლის ბანერს. თბილისიდან ქანდამდე 35-40 წუთის გზაა. დილის 10 საათიდან თბილისიდან საათში ერთი სამარშრუტო დადის. იქიდანაც ყოველ საათში გამოდის ტრანსპორტი.
როგორც გვეუბნებიან, ტოპონიმი „ქანდა“ და ქანდის ციხე ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის პერიოდიდან მოიხსენიება.
ალბათ თბილისთან და ცენტრალურ გზასთან სიახლოვის გამოც ქანდა ცოცხალი სოფელია ცოტა შემცირებული, მაგრამ ჯერ მაინც ბავშვმრავალი სკოლითა და ახალმშენებლობებით.
ძველი ქანდა ის იშვიათი დასახლებაა საქართველოში, სადაც 2002 წლიდან 2014 წლამდე მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა, 2002 წლის აღწერით აქ 1009 სახლობდა, 2014 წლის აღწერით კი — 1006.
„ბოლო დროს, რაც პანდემია დაიწყო, ბევრი დაბრუნდა სოფელში და ალბათ მეტიც ვიქნებითო“, — გვეუბნებიან.
2014 წლის ოფიციალური მონაცემებით, 1006 კაციდან 649 (ანუ 58.7%) ასურელია, 387 (ანუ 35%) ქართველი, 19 (1.7%) სომეხი და 17 (1.5%) — ოსი.
ასურელების თვითსახელია ათურაი, სურაია ან ქალდაი, თუმცა რუსულის გავლენით მათ ასირიელებს, ან სომხურის გავლენით, უფრო დამახინჯებულ (მათთვის მიუღებელ) სახელს — აისორებს უწოდებენ. ასურელები სემიტური წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ხალხია მსოფლიოში და ძველი არამეელების შთამომავლებად ითვლებიან. მათ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა.
სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, როგორ აღმოჩნდნენ ასურელები საქართველოსა და ქანდაში, ცოტა რამ ასურელების განსახლების გეოგრაფიაზე.
ასურელების გავრცელების გეოგრაფია
შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დაახლოებით დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ასურეთის სახელმწიფო ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში ჩამოყალიბდა და ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნემდე იარსება.
ისტორიულმა მოვლენებმა ასურელები მთელ მსოფლიოში მიმოფანტა.
სხვადასხვა ვებგვერდზე არსებული მონაცემით, მსოფლიოში დაახლოებით 2.5-5 მილიონი ასურელი უნდა იყოს: 200-800 ათასი სირიაში, 150-200 ათასი — ერაყში, 25 ათასი — თურქეთში, 7-17 ათასი — ირანში, 120-600 ათასი — აშშ-ში, შვედეთში — 150 ათასი, იორდანიაში — 30-150 ათასი, გერმანიაში — 100 ათასამდე, ლიბანში — 80 ათასამდე, ავსტრალიაში — 60 ათასამდე, საფრანგეთში — 16 ათასი, კანადაში — 14 ათასი, რუსეთში — 10 ათასამდე, საბერძნეთში — 6 ათასამდე, პალესტინაში — 5 ათასამდე, სომხეთში — 3-6 ათასი, ავსტრიაში — 2.5-5 ათასი, გაერთიანებულ სამეფოში — 3-4 ათასი…
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო აღწერების შედეგებით, 2002 წელს ჩვენს ქვეყანაში 3299 ასურელი ცხოვრობდა (მთელი მოსახლეობის 0.07%), 2014 წლის აღწერით კი — 2377 (მოსახლეობის 0,06%).
რაც შეეხება ასურელთა განსახლებას, 2377-დან 972 თბილისში ცხოვრობს (299 ჩუღურეთის, 148 გლდანის, 131 სამგორის, 103 ვაკის, 74 ნაძალადევის, 62 საბურთალოს, 53 ისნის, 46 მთაწმინდისა და 16 კრწანისის რაიონებში).
მეორე ადგილზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონია, სადაც 709 ასურელიდან 1 ადამიანი დუშეთშია და დანარჩენი ქ. მცხეთასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, 649 — ძველ ქანდაში.
ქვემო ქართლში 362 ასურელია (ქალაქ გარდაბანსა და სოფელ კალინინოში — 281, ქალაქი რუსთავში — 55 და ბოლნისში — 1), შიდა ქართლში — 34 (ქ. გორსა და გორის რაიონის სოფლები — 22, ხაშურში — 7 და კასპში — 5). კახეთში — 6 (2 — ლაგოდეხის, 2 — საგარეჯოს, 1-1 — თელავისა და გურჯაანის რაიონებში), სამცხე-ჯავახეთში — 2 (ორივე ბორჯომში).
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბოლო აღწერით, აჭარაში 131 ასურელია და ყველა ბათუმში ცხოვრობს. იმერეთში — 125, აქედან 75 — ქუთაისში, 31 — ზესტაფონში, 18 — სამტრედიაში, 1 — ტყიბულში. სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები 36 კაციდან 23 სენაკშია, 11 — ზუგდიდში და 2 – ფოთში.
ოფიციალური მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში არც ერთი ასურელი არ ცხოვრობს. აფხაზეთში კი, სამწუხაროდ, აღწერა ვერ ტარდება და, შესაბამისად, იქიდან არც მონაცემები გვაქვს.
როგორ მოხვდნენ ასურელები საქართველოში?
პირველი ასურელები საქართველოში
„ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი“, — შორიდანვე დაინახავთ ასეთ წარწერიან ბანერს სოფელ ქანდის გადასახვევთან.
ეს, ცხადია, შემთხვევით არ არის.
„VI საუკუნის დასაწყისში ღირსი მამები ღმერთის სადიდებლად, მკაცრი და სჯულიერი სამონაზვნო ღვაწლით მოსაგრეობდნენ სირიის ცნობილ სამონასტრო ადგილებში, ანტიოქიის მახლობლად.
სირია, ეგვიპტესთან და პალესტინასთან ერთად, უკვე მონაზვნობის ინსტიტუტის ჩამოყალიბების დროიდან, IV საუკუნის დასაწყისიდან, იქცა ბერ-მონაზვნობისა და სამონასტრო ცხოვრების აკვნად…
ამ საღმრთო მოღვაწეთა შორის ბრწყინავდა დიდი ღირსი მამა იოანე ასური, თავის მოწაფეთა და თანამოსაგრეთა გუნდით. ერთხელ ლოცვისას მამა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა და ანუგეშა თავისი ძის, უფალ იესო ქრისტეს ერთგული მხედარი იოანე და დაავალა მას, რჩეულ 12 მოწაფესთან ერთად წამოსულიყო თავის (ღვთისმშობლის) წილხვედრ ქვეყანაში, ქართლში, რომელშიც ადრე, IV საუკუნეში, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო ქადაგების შედეგად განათლდა წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით, მაგრამ ახლა, VI საუკუნეში, სპარსელთა ბატონობის დროს, მართლმადიდებლობა შესუსტებულიყო“, — ვკითხულობთ წიგნში „ზედაზნის თანავარსკვლავედი“, რომელიც ქანდის მონასტერში იყიდება. წიგნის ავტორია ბერმონაზონი გიორგი (ვაინერი), ხოლო კონსულტანტი სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე (ბით ხარიბი).
მართალია, სამეცნიერო ლიტერატურაში შეხვდებით მოსაზრებასაც, რომ მამების ნაწილი მაინც შეიძლება ქართველი ყოფილიყო, მაგრამ ამ აზრს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ივანე ჯავახიშვილი და ბევრი სხვა მკვლევარიც.
ხანდახან საკამათოა, მართლა „ათცამეტნი“ იყვნენ თუ არა ისინი, ან ზუსტად როდის ჩამოვიდნენ, ერთად ჩამოვიდნენ თუ ცალ-ცალკე, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფენი ის პირველი ასურელები იყვნენ, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, დამკვიდრდნენ და საქართველოს ისტორიაში, ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებასა და მონაზვნური ცხოვრების დამკვიდრებაში უდიდესი როლი შეასრულეს. მათვე დააფუძნეს ან განამტკიცეს ისეთი სავანეები, როგორიც არის: ზედაზენი, შიომღვიმე, წილკანი, სამთავისი, ურბნისი, ბრეთი, ულუმბო, მარტყოფი, დავითგარეჯა, ალავერდი, იყალთო, ნეკრესი, ხირსა…
ასურელი მამების სახელობის რამდენიმე ტაძარია საქართველოში.
ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერი
შემთხვევითი არ არის, რომ ქანდის მონასტერი სწორედ 13 ასურელი მამის სახელს ატარებს. პატარა დარბაზული ეკლესიის გვერდით ახალი ბაზილიკის ტიპის ტაძარია.
მონასტრის წინამძღვარს, მამა სერაფიმეს პირველად ივლისში შევხვდით, თუმცა შემდეგ პანდემიისა და საქართველოში მისი არყოფნის გამო საუბარი ვეღარ შევძელით.
„მამა სერაფიმე ძალიან ბევრს აკეთებს ასურული თემისთვის“, — გეუბნებიან სოფელში.
ასურელთა უმეტესობა ქრისტიანია, ქანდელთა უმეტესობა კი — ამ ტაძრის მრევლი. თუმცა მონასტერში წირვა-ლოცვაზე საქართველოს სხვა კუთხეებიდან და უცხოეთიდანაც ჩადიან.
ალბათ შემთხვევით არც ის იყო, რომ ივლისში, სვეტიცხოვლობის წინა დღეს მცხეთაში ჩასვლამდე წმინდა ნინოს გზის მომლოცველები სწორედ ქანდას და 13 ასურელი მამის მონასტერს ესტუმრნენ.
ტაძარში ქართულად და არამეულად გალობენ და ამ გალობის მოსმენადაც ჩადის აქ ბევრი მორწმუნე თუ ტურისტი.
დღევანდელ ქანდელთა წინაპრები
სოფლის ისტორიის მცოდნეების შესახებ რომ ვიკითხეთ, ორივეჯერ ლილი და მაყვალა იაკოფოვები მიგვასწავლეს. ისინი დები არიან. მაყვალა დღესაც მუშაობს ქანდის სკოლაში და ფიზიკასა და ქიმიას ასწავლის. ლალი კი დაწყებით კლასებს ასწავლიდა, მაგრამ ახლა პენსიაზეა.
„ომები მუდმივად ცვლის ადამიანების ცხოვრებას. რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომების მერე, ჩვენი ტომიც, რომელიც ურმიის ტბის დასავლეთით ცხოვრობდა და ომში ერთმორწმუნე რუსეთს დაუჭირა მხარი, იძულებული გახდა რუსეთის ჯართან ერთად წამოსულიყო და დაეტოვებინა სამშობლო“, — გვიამბობს მაყვალა იაკოფოვი.
თუმცა ჯერ კიდევ მანამდე XVII საუკუნის II ნახევარში, მეფე ერკლე II-ის ინიციატივით კახეთში ჩამოუსახლებიათ ქურთებისა და ასურელების ოჯახები.
„ჩვენი ხალხი ძალიან მშრომელია, როგორც წესი, კარგი ხელოსნები იყვნენ და არიან: კალატოზები, კირით ხურონი, მშენებლები… ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ისინი პერიოდულ და სეზონურ სამუშაოებზე ჩამოდიოდნენ საქართველოში. ბევრი საინტერესო სახლი თბილისში სწორედ ჩვენიანების აშენებულია“, — გვიამბობს ლილი.
გამოცემის მიხედვით „ეთნოსები საქართველოში“: 1897 წელს კავკასიაში 5286 ასურელი ცხოვრობდა, აქედან თბილისის გუბერნიაში — 1570, ქუთაისის გუბერნიაში — 127, ყველაზე მეტი (1017 სული) დედაქალაქის მკვიდრი იყო.
1926 წელს ქვეყანაში იყო 2904 ასურელი (მოსახლეობის 0,01%); 1959 წელს – 5005 (0,01%); 1989 წელს – 6206 (0,01%).
ასურელების დიდი ნაწილი მართლმადიდებელია, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთიდან და ირანიდან გამოქცეულან კათოლიკე ასურელები, რომლებიც ძირითადად თბილისში — კუკიაზე და გარდაბანში — ვასილევკის უბანში სახლობენ.
„სამშობლოდან აყრა რელიგიური ნიშნით შევიწროებამ გამოიწვია და ჩვენი წინაპრები იძულებული გახდნენ ქრისტიანული საქართველოსკენ წამოსულიყვნენ.
როგორც ვიცი, პაპაჩემის დედა მასზე ფეხმძიმედ ყოფილა, რომ წამოსულან. გზაში დაბადებულა პაპა. ჯერ სომხეთში გაჩერებულან, მერე კახეთში ივრის ნაპირებზე დასახლებულან დიდ „პალატკებში“.
შემდეგ ერთ ასურელს, უსტა ალავერდოვს, მუხრან-ბატონისგან თავისი ხალხისთვის უყიდია ეს მიწები.
ტოპონიმი „ქანდა“ და ქანდის ციხე ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის პერიოდიდან მოიხსენიება. თუმცა იმ დროისთვის აქ აღარავის უცხოვრია.
არ ვიცით, რომელ წელს იყო დაბადებული პაპა, მაგრამ მამაჩემი და მისი და (და, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა) უკვე აქ, ქანდაში დაბადებულან 1907 და 1909 წლებში.
პაპა ძალიან ყოჩაღი და გონიერი კაცი ყოფილა. რამდენიმე ენაზე საუბრობდა, წისქვილი ჰქონია, წყალი გაუყვანიათ, სამედიცინო საკითხებშიც ერკვეოდა და დახმარებას უწევდა თანასოფლელებს“, — გვიამბობენ დები.
შემდეგ ამ ადგილას, სადაც დღევანდელი სკოლაა, გერმანელებიც ჩამოუსახლებიათ. გერმანული დასახლება — გიორგისტალი დაუარსებიათ.
ეს ფართო ქუჩაც იმდროინდელია. რამდენიმე გერმანული სახლი დღემდე შემორჩა სოფელს, თუმცა უმეტესობა დანგრეული ან გადაკეთებულია.
გერმანელებს დიდი გავლენა მოუხდენიათ ასურელთა ცხოვრებაზეც. პირველი სკოლაც სოფელში გერმანელებს დაუარსებიათ და ასურელთა შვილებიც გერმანულ სკოლაში დადიოდნენ თურმე.
თუმცა 40-იან წლებში, ომის დაწყებისთანავე გერმანელები გადაასახლეს. მხოლოდ ერთი ქალი გადარჩა, რომელსაც ქართველი ქმარი ჰყავდაო.
„გადმოცემით ვიცი, რომ მამაც გერმანულ სკოლაში დადიოდა და მოხუცებულობამდე ახსოვდა გერმანული ლექსები“, — იგონებს მაყვალა მამას.
თავიდან ყველა პატარა ერთოთახიან სახლებში ცხოვრობდა, შემდეგ გააფართოვეს სახლები.
ზოგი საკმაოდ მოძლიერდა ეკონომიკურად, თუმცა გასაბჭოებას მათი გაკულაკება მოყვა. ასურების თემსაც შეეხო რეპრესიები.
საბჭოთა პერიოდში სოფელში დიდი კოლმეურნეობა იყო.
შემორჩენილია თუ არა ძველი ტრადიციები? — ვეკითხები მასპინძლებს.
„თემი ძალიან არის ადაპტირებული ქართულ საზოგადოებასთან, რელიგიური დღესასწაულებიც მსგავსია. გამორჩეულად აღინიშნება მარიამობა.
თუმცა ზოგიერთ ჩვენი დღესასწაული მაინც შეიძლება დავასახელოთ. მაგალითად, მარეზობა, რომელსაც წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. მთელი სოფელი აგროვებს ფულს, ყიდულობენ საკლავს და ადუღებენ „მურთუხას“ (რძის, ერბოსა და ფქვილის ნარევი) და ანაწილებენ მთელ სოფელში“, — გვიყვება ლილი.
ქანდელი ქალები
„უდიური ენის გადარჩენა ქართველი ქალების ხელშია, რადგან ჩვენი რძლები ძირითადად ქართველები არიან“, — მითხრა ადრე ზინობიანელმა მამული ნეშუმაშვილმა.
დაახლებით ასეთი სიტუაციაა ქანდაშიც.
„ასურელები ხართ?“, — ვეკითხები ორ ქალბატონს, რომლებიც სკოლის სიახლოვეს, სახლის წინ სკამზე სხედან.
„არა, რძლები ვართ: მე ვადაჭკორია ვარ, დარიკო — მიდელაშვილი“, — მეუბნება ციური და ნამცხვრით მიმასპინძლდება.
მამამისი სოფლის ექიმი ყოფილა და ოჯახით უცხოვრია ქანდაში. ჯერ კიდევ ძალიან პატარა გოგო იყო ციური, როცა მის მომავალ მეუღლეს დაუდგამს თვალი.
როგორც გვეუბნებიან, სოფელში უმეტესად ქართველი რძლები მოჰყავთ: მუხრანელები, მცხეთელები, გორელები…
ოჯახებშიც უფრო ქართულად საუბრობენ.
„აი, იქით, მეოთხე ქუჩაზე უფრო ტრადიციული ოჯახებია. იქ თითქმის ყველანი ოჯახში მშობლიურ ენაზე საუბრობენ და რძლებიც სწავლობენ ასურულს“, — მეუბნება ინგლისურის მასწავლებელი ანა ილიაევი.
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, ქანდაშივე, თემშივე იპოვოს გულისსწორი.
მასწავლებლების უმეტესობა ადგილობრივია.
სოფელში ბევრს უკვე ქართული გვარი აქვს.
რატომ ხდება ასე? თქვენი გვარებით რაიმე პრობლემა გექმნებათ?
„ჩვენ აქ რომ ჩამოვედით, გვარები საერთოდ არ გვქონდა.
ბით’ იაკობ ბერ’ დავით — ასე შეიძლება გამოითქვას ჩვენი გვარი. პაპას ერქვა იაკობი, მამას — დავითი. რუსების მმართველობის პერიოდში ოჯახის უფროსების სახელის მიხედვით რუსული დაბოლოების გვარები მოგვცეს. ასე გავხდით ჩვენც იაკოფოვები.
იმიტომ არა, რომ ვინმე გვჩაგრავს გვარის გამო, ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუ ქართული დაბოლოება გვექნება და არა რუსული — იაკოფოვი კი არა, იაკობიძე. ბევრი ახალგაზრდა ასეც იქცევა“, — ამბობს მაყვალა.
სოფლის პრობლემები
„რა პრობლემები გვაქვს? გაზი გვაქვს, ტრანსპორტი დადის, ქუჩების ნაწილი მოასფალტებულია. სასმელი წყალი კი ყოველთვის არ მოგვეწოდება“
„ბოლო დროს ცხოვრება კი გაჭირდა“.
ბევრი ქართული სოფლისგან განსხვავებით, ქანდა ღარიბი და გაჭირვებული სოფელი არ არის. აქ ცოტაა გამოკეტილი სახლი. შიდა მიგრაციაც დაბალია.
90-იანებში აქედანაც წავიდნენ. ბევრი კაცი დღესაც წასულია, ძირითადად, რუსეთში და უმეტესად მშენებლობებზე მუშაობენ.
საქართველოშიც მამაკაცები მეტწილად მშენებლობებზე არიან დასაქმებული.
„ჩვენი ხალხი მშრომელია. შრომას არც ახალგაზრდები თაკილობენ, ტრადიციულად ხელოსნები და მშენებლები იყვნენ და დღესაც მშენებლობაზე მუშაობენ კარგ ფირმებში, ზოგს თავადაც აქვს სამშენებლო კომპანია.
სახლები უმეტესად კომუნისტების პერიოდშია აშენებული, თუმცა, როგორ ხედავთ, ახლაც აშენებენ, ზემო, ახალ უბანში ბევრი ყიდულობს მიწას და აშენებს. აქაურებიც და მოსულებიც. ძველ სახლებსაც მუდმივად აახლებენ. როგორც გითხარით, მამაკაცების უმეტესობა ხელოსანია და თავის სახლს ვერ აშენებენ?“, — გვიამბობენ ქანდელი ქალები.
და ისევ სკოლა და ახალგაზრდები
სახლების გარდა, ტაძრებსაც აშენებენ, აი, სკოლა კი შესაკეთებელია.
სკოლის დირექტორი, მესტიელი ნანა ნაკანიც აქაურთა რძალია. ის 21 წელია სკოლის დირექტორია.
ძველი სასწავლებლის ადგილას ეს სამსართულიანი შენობა 1980-იან წლებში აშენდა. მას მერე არ ჩატარებულა რემონტი. თუმცა შარშან ახალი სველი წერტილები მიაშენეს.
სკოლა 400 ბავშვზეა გათვლილი, ახლა კი 170 მოსწავლე ჰყავთ.
ადრინდელივით პარალელური კლასები აღარ არის, თუმცა ყველა კლასი ჰყავთ და კლასში 20, ზოგან 25 ბავშვიც არის.
ხათუნა ივანიძე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ის 30 წელზე მეტია ამ სკოლაში მუშაობს, ჯერ პიონერთა ხელმძღვანელი იყო, მერე მასწავლებელი გახდა.
ხათუნა ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს: დედამისი, თინა ხირდაევიც 45 წელი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
„მე მესმის ასურული, მაგრამ ვერ ვსაუბრობ, ჩემს ოჯახში ქართულია სალაპარაკო ენა“, — ამბობს ხათუნა.
იმიტომ, რომ ქართულ სკოლაში სწავლობენ, ენას ფლობენ და საკმაოდ კარგ განათლებას იღებენ, ქანდელ ახალგაზრდებს არ უჭირთ არც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება და არც ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია.
„შარშან სკოლა 11-მა ახალგაზრდამ დაასრულა და 6 სტუდენტი გახდა. ხან ყველა აბარებს უნივერსიტეტებში“, — გვეუბნება დირექტორი.
ახლა სხვაგვარად აღარ გამოდის და ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. ერთადერთი ასურულის მასწავლებელი არ არის ჩართული კარიერულ სქემაში, რადგან განათლების რეფორმა უმცირესობების ენებს არ შეეხო, შესაბამისად, მასწავლებელი ვერც განსხვავებულ ანაზღაურებას აიღებს.
ახალი წლის სამზადისი და სემესტრის დასასრულის ფუსფუსი ერთად იგრძნობა სკოლის სამასწავლებლოშიც.
***
„ფუშუნ ფშენა!“ — გვემშვიდობებიან ეკა მასწავლებლის მეხუთეკლასელები.
ეკა 2 საათიან მიკროავტობუსს მოყვება თბილისისკენ.
„წამობრძანდებით?“, — მეკითხება.
მე მაყვალა მასწავლებელთან საუბარს ვაგრძელებ. არ მინდა საუბარი გავაწყვეტინო, აქ ხომ ტრანსპორტის პრობლემა ნაკლებად არის. საუბარ-საუბრით მივდივართ ცენტრალურ გზისკენ.
„ეს მუხრანის ვაკეა, ზემოთ სხალთის ქედია, მთაზე ჩვენი სალოცავია, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, მოსწავლეებთან ერთად ავდივარ ხოლმე“, — მიყვება მაყვალა მასწავლებელი.
ქანდის ცნობილი სასაფლაოს მიდამოებში ვდგები გაჩერებაზე და 3 წუთში გორიდან მომავალი მიკროავტობუსი მოდის. 40 წუთში თბილისში ვარ.
„ფუშუნ ფშენა, ქანდა!“ (ნახვამდის, ქანდა!).
ვიცი, რომ აქაც დავბრუნდები.