ერების მახასიათებლების, ჩამოყალიბების მიზეზებისა და დროის განსაზღვრა საკამათო საკითხია. ზოგადად, ერს როგორც ადამიანთა ჯგუფს უნდა ახასიათებდეს ჯგუფის წევრთა მიერ გარკვეულ თვისებათა გაზიარება. ამგვარ მახასიათებელთა შორის ხშირად სახელდება ენობრივი, ტერიტორიული, კულტურული თუ სხვა სახის ერთობა. რაც შეეხება მიზეზებსა და დროს, ნაციონალიზმის მკვლევრები აქ რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს. პრიმორდიალისტები მიიჩნევენ, რომ ერები ხანგრძლივი ისტორიული ფენომენია. საპირისპიროდ, მოდერნისტული თეორიების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ერების ჩამოყალიბება ისტორიის ახალ ეტაპზე ხდება. სწორედ ამ დროს, ზემოხსენებული მახასიათებლები ჭეშმარიტად საყოველთაო ხასიათს იძენს.
ჯგუფის ერად გამაერთიანებელ მახასიათებელზე მნიშვნელოვანია ფრანგი ისტორიკოსის ერნსტ რენანის მოსაზრება. იგი უარყოფს ერის გაგებას, რომელიც მას მიიჩნევს ობიექტური მახასიათებლების ერთობლიობად, როგორიცაა ენა თუ ტერიტორია. რენანს ერი მიაჩნია დიდ სოლიდარობად და ყოველდღიურ პლებისციტად. ერს ახასიათებს საერთო გმირული წარსულის რწმენა, დიდი წინაპრები და კოლექტიური დავიწყება. ყოველივე ეს კი ერის მიერ ისტორიაზე დაყრდნობით აწმყოს გააზრებას და მომავლის შესაბამის დაგეგმვას გულისხმობს.
ისტორიის გაზიარების მნიშვნელობას ხაზს ნაციონალიზმის ბევრი მკვლევარი უსვამს, მათ შორის მოდერნისტი ავტორებიც. ბენედიქტ ანდერსონის აზრით, ერების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ ე.წ. პილიგრიმები – ადამიანები, რომელთა ძალისხმევით მოსახლეობას უყალიბდება სხვადასხვა მახასიათებელთა, მათ შორის საერთო ბედის, წინაპრებისა და ისტორიის წარმოსახვა. ერიკ ჰობსბაუმისთვის, მიუხედავად ერების ისტორიული ახალგაზრდობისა, ისინი მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს წარსულთან და იყენებენ მას საკუთარი მიზნებისათვის. საერთო წარსულისა და ისტორიის გამოყენებას ერის ფორმირებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მიროსლავ ჰროშიც. ერის ფორმირების მისეულ სქემაში ეროვნული ისტორიის წინ წამოწევა და მოსახლეობამდე მიტანა პირველივე ეტაპზე ხდება.
საერთო ისტორიისა და ისტორიული მეხსიერების არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენტონი სმიტიც. სმიტი ცდილობს მოდერნული ერის დაკავშირებას წინარე არსებულ ერთობებთან და ამისათვის შემოაქვს ეთნიეს ცნება. ეთნიე ადამიანთა ერთობაა, რომელიც იზიარებს საერთო თვითსახელწოდებას, ტერიტორიას, კულტურას, სჯერა საერთო წარმომავლობისა და გააჩნია ერთიანი ისტორიული მეხსიერება. თუმცა ამასთან, ეთნიე პოლიტიკურად პასიური ერთობაა, რითაც ის განსხვავდება ერისგან.
სმიტის აზრით, ეთნიეს გარდაქმნა ერად ორი გზით ხდება: პირველი – ,,ბიუროკრატიული ინკორპორაცია’’, რომელიც ძირითადად დასავლეთ ევროპაში წარიმართა და მეორე – ,,ეთნიკური წარსულის ხელახლა აღმოჩენა’’, რომელსაც ადგილი მრავალეთნიკური იმპერიების შემთხვევაში აქვს. წარსულის ხელახლა აღმოჩენას ხელს უწყობენ ,,განმანათლებელ-ინტელექტუალები’’, რომლებიც ააქტიურებენ ერთობის განცდას. ამ მიმართულებით, მათი საქმიანობა გულისხმობს პოეტური სივრცის შექმნას – ბუნებისა და ძეგლების ისტორიზებას – გარემოსათვის ისტორიული დატვირთვის მინიჭებას; ოქროს ხანის გახსენებას – განმათავისუფლებელი ბრძოლისა და გმირების მოგონებას – მათ წარმოჩენას სამაგალითო პიროვნებებად;
ისტორიის მნიშვნელობა შეუმჩნეველი არ დარჩა ქართული ეროვნული პროგრამის შემქმნელთათვისაც. თერგდალეულთა შემოქმედებასა თუ ქმედებებში იკვეთება მათი დამოკიდებულება წარსულის როლისადმი ერის გაერთიანებაში. შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამოყოფა: თერგდალეულები ცდილობდნენ ისტორიის ცოდნის წინ წამოწევას, მის გამყალბებლებთან ბრძოლას და საერთო წარსულის შეხსენებით ერის კონსოლიდაციას. წარსული შეცდომების გააზრებას. თერგდალეულთა ამ მხრივ მოღვაწეობის განხილვა შესაძლებელია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მაგალითზე.
უპირველეს ყოვლისა, პასუხი კითხვაზე – არის თუ არა ილია ჭავჭავაძე სმიტისეული ,,განმანათლებელ-ინტელექტუალი’’ ილიასავე შემოქმედებაშია გაცემული: ილია ქართველებს პასიურ მდგომარეობაში მყოფებად მიიჩნევს:
“…სულ ძილი ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”
[ელეგია, 1859]
და ამავდროულად აცნობიერებს საკუთარ მისიას:
“არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
…რომ წარვუძღვე წინა ერსა.”
[პოეტი, 1860]
აშკარაა ილიას მიერ ერის გააზრებისას ისტორიისა და საერთო წარსულისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭებაც:
“არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა”
[ოსმალოს საქართველო,1877]
ამ ფრაზით ის წინ უსწრებდა რენანის მიერ გამოთქმულ მსგავს მოსაზრებას:
“გმირული წარსული, დიდი ადამიანები, დიდება – აი, მთავარი კაპიტალი, რომელსაც ეფუძნება ეროვნული იდეა. საერთო დიდების ქონა წარსულში, საერთო სწრაფვანი მომავალში დიად ქმედებათა ერთად ჩასადენად, მათი სურვილი მომავალში – აი, მთავარი პირობები ერად ყოფნისათვის”
[რა არის ერი? 1882]
საერთო ისტორიის მნიშვნელობა წარმოჩინდა ერის ილიასეული გაგებაშიც:
“ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთსულ და ერთ-ხორც მკვიდრთა…”
[ქვათა ღაღადი, 1899]
ილიას დამოკიდებულება ისტორიისადმი ნათლად ვლინდება მის პოემა ,,აჩრდილში’’[1859]. პოემის დასაწყისში ილია იზიარებს რომანტიკოსთა შორის გავრცელებულ სევდიან განწყობას დიადი წარსულისა და სავალალო აწმყოს მიმართ:
“წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება
რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს”
პოემის ძირითადი ნაწილს აჩრდილის მონოლოგი წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის წარსულის, ისტორიის გაპიროვნებულ გამოსახულებად შეიძლება მივიჩნიოთ:
“მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული”
ილიას მიზანი სამშობლოსადმი წარსულში არსებული დამოკიდებულების წარმოჩენა და მისი მნიშვნელობისთვის ხაზგასმაა. აჩრდილი ქვეყნისათვის გმირების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომლებიც საკუთარი საქმეებით ისტორიის ნაწილად იქცევიან, ამასთან ის გულისტკივილს გამოთქვამს იმით, რომ აწმყოში შექმნილი მდგომარეობა გმირის აღზრდის საშუალებას არ იძლევა, რისი მიზეზიც წარსულის დავიწყებაა:
“გმირის დამბადი დიდი საგანი
თქვენში სპობილა და წაწყმედილა
გადასდგომიხართ თქვენ ქართველობას”
შესაბამისად, ილია გამოსავლად სახავს ისტორიის მოგონებასა და მის გააზრებას, ამ მიმართულებით ის როგორც თავად ცდილობდა ,,წარსულის ხელახლა აღმოჩენაში’’ წვლილის შეტანას საკუთარი ნაშრომებით:
“რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, – რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც.
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს.
ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა თავის ღონეს და შემძლეობას თავის ხატსა და მაგალითს.”
[დავით აღმაშენებელი, 1888]
ამავდროულად იმავეს მოუწოდებდა სხვა საზოგადო მოღვაწეებსაც. პუბლიცისტურ ნაშრომში ,,საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი’’[1886] ილია მზადყოფნას გამოთქვამდა საკუთარი გაზეთის გვერდები დაეთმო მათთვის ვინც ისტორიულ დოკუმენტთა შესწავლით დაკავდებოდა, ხოლო წერილში ,,საისტორიო მუზეუმის დაარსების გამო’’[1889] იმედს გამოთქვამდა რომ ისტორიის კვლევა გაძლიერდებოდა.
რაც შეეხება მის მიერ წარსულის წარმოჩენას – ამ მხრივ, ილიას შემოქმედება ადვილად თავსდება სმიტის მიერ შემოთავაზებულ ჩარჩოებში. ილია ცდილობდა საქართველოს პოეტური სივრცის შექმნას, რომელშიც გეოგრაფიული ობიექტები ქვეყნის მუდმივ თანამგზავრებად, მისი ავ-კარგს გამზიარებლებად წარმოჩინდებოდნენ:
“კვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურს გრგვინვას”
[მტკვრის პირას 1859]
მათ მიეწერებოდათ ისტორიული მეხსიერების შენახვა, ამგვარად, საქართველოს ისტორიის ნაწილად ყოფნით, ბუნება იძენდა ძალას ზოგ შემთხვევაში პასუხი გაეცა ქართველთა წინაშე არსებული კითხვისათვის: როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება. ამ მხრივ განსაკუთრებულ მხატვრულ სახეებად იქცა მყინვარი და თერგი ,,მგზავრის წერილებში’’[1860], რომელთაგან პირველი უძრაობას, მეორე კი მუდმივ ბრძოლას, გამოფხიზლებას დაუკავშირდა. მომავლის იმედის სიმბოლოდ იქცა ბაზალეთის ტბა და მის შესახებ არსებული ლეგენდაც:
“ამბობენ – თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?”
[ბაზალეთის ტბა, 1883]
წარსულის სიდიადეს ამჟღავნებენ ისტორიული ძეგლებიც:
“აგერა მცხეთაც – სავანე გმირთა,
დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების…”
[აჩრდილი 1859]
განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ილიას შემოქმედებაში ისტორიულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსადმი თავდადების მაგალითს იძლევიან. ამ მხრივ აღსანიშნავია ილიას შრომები დიმიტრი თავდადებულისა და ლუარსაბ წამებულის შესახებ. მათი მაგალითებით ილია სამშობლოზე ზრუნვის საკითხს აღძრავს და ქვეყნისადმი ამგვარ დამოკიდებულებას წინაპართა უპირატეს საქმედ წარმოაჩენს:
“დღეს ერთი საქართველოს გმირთაგანი გავიხსენოთ, იგი გმირი, რომელმაც სთქვა: რა მადლია თავი გადავირჩინო და ჩემი ქვეყანა მტერს ავაოხრებინოო”
[ლუარსაბ წამებული, 1886]
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილიას მიერ ოქროს ხანის წარმოჩენა. ის ამგვარად ცდილობს ხაზი გაუსვას იმ დაღმასვლას, რომელიც ქართველებმა განიცადეს. სწორედ ამიტომ, ილია მიიჩნევს, რომ საჭიროა დიდებული წარსულის გახსენება:
“გეტყვით გულის გასათბობსა, –
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ ქართველნი წინა დროს…”
[მეფე დიმიტრი თავდადებული, 1878]
მისი მაგალითით ხელმძღვანელობა წარმატების მომტანი იქნება, გმირთა დავიწყება კი საკუთარ თავზე უარის თქმასა და დაღუპვას ნიშნავს:
“ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაითვალოს”.
[დავით აღმაშენებელი, 1888]
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა გათავისუფლების შესახებ ლეგენდის მოგონებას. ამ მხრივ, ილია ირჩევს ფარნავაზ მეფის მაგალითს. შეიძლება ითქვას, რომ ფარნავაზის ამბის თხრობისას შესაძლებელია ილიას დროს არსებული მდგომარეობის ამოცნობაც:
“დაამხო პირქვე ყმობა, მონება,
და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,
ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება, –
და შენ, ჰე, ქართლო, მტრისგან რღვეული
კვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით,”
[აჩრდილი, 1859]
შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედება დიდწილად ემსახურებოდა ქართველთა მიერ საერთო წარსულის გახსენებას. ამით ერთიანობის განმტკიცებას და, რაც მთავარია, მაგალითის მიღებას: შეცდომების გააზრებასა და იმის გახსენებას თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება სამშობლოსადმი.
ლევან კაპიტანოვი