თათია ქინქლაძე
თანამედროვე ქალაქები მკვეთრად ურბანიზებულია. ქალაქების გაფართოება მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. ერთის მხრივ, ვიღებთ ქალაქის ცენტრებს, სადაც ე.წ თანამედროვე არქიტექტურული ობიექტებისა და მრავალბინიანი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს და გარეუბნებს, სადაც შედარებით დაბალია სიმჭიდროვის ხარისხი და განაშენიანება. ამ ფონზე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ როგორ უნდა გახდეს არსებული სივრცე უფრო ფუნქციური ისე, რომ შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტები და ამავე დროს ქალაქის ცალკეული უბნების სპეციფიკიდან და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სივრცე ოპტიმალურდ იქნას ათვისებული.
ურბანიზაციის პროცესში თანდათან უფრო იზრდება მოთხოვნა ფუნქციურ ქალაქზე და ეს განპირობებულია სოციალურ ცხოვრებაში ქალაქის გავლენის ზრდით. არსებულ პირობებში ქალაქი ადამიანებს მხოლოდ მზარდი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებით არ უზრუნველყოფს. ქალაქი არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ფუნქციური ქალაქი ჩემთვის წარმოადგენს სივრცეს, სადაც არა მხოლოდ დაცულია სამშენებლო სტანდარტები, არამედ ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და გადაადგილება, სადაც ქალაქის ცხოვრება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ საცხოვრებელი უბნის პრობლემების გადაჭრაში და ამით ხელი შეუწყონ ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.
ურბანისტებს შორის განსხვავებული ხედვა არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი ქალაქის მცხოვრებლებს შორის აქტიური და მყარი ურთიერთობების წარმოშობა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცხოვრების სტილი არასტაბილური და ხანმოკლეა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ცხოვრების რიტმით და ქალაქის მცხოვრებლების მაღალი მობილობით , ხოლო ნაწილი მასშტაბური ურბანიზაციის პირობებშიც შესაძლებლად მიიჩნევს ადამიანებს შორის მჭიდრო კავშირის არსებობას. აღნიშნულს ჰერბეტ განსი ე.წ ,,ურბანული სოფლების“ სახელით მოიხსენიებს. რაც გაცილებით მეტია, ვიდრე კონკრეტულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დროით ცხოვრება და წარმოადგენს ადამიანთა მყარ გაერთიანებებს. მსგავსი ტიპის კავშირები პირობითად ქალაქშიც შესაძლებელია წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის უბნებში რეკრეაციული და სოციალური ფუნქციების მქონე საჯარო სივრცეები შეიქმნება.
თბილისის უძველესი ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ ქალაქის საცხოვრებელი გარემოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი საცხოვრებელ სახლებთან ერთად ეზოებს და მოედნებს მოიცავდა . მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გაიზარდა მათი როლი და ქალაქის შიდაკვარტალურ სივრცეებში შეიქმნა საერთო სარგებლობის სივრცეები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა რეკრეაციული მიზნებისთვის. პოლიტიკური სისტემის ცვლილებასთან ერთად ქალაქის საჯარო სივრცეები განსხვავებულ დატვირთვას იძენდა, თუმცა ისტორიული ქალაქისთვის საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოებს თავდაპირველი ფუნქცია არ დაუკარგავს. მოგვიანებით, თბილისის ცალკეული გარეუბნების მშენებლობასთან ერთად გაჩნდა შიდაკვარტალური ეზოები, რაც საზოგადოებრივი სივრცეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოსახლეობის დაახლოებაში.
თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში დღეს არსებული მდგომარეობა განსხვავებულია. ქალაქის კვარტლების შიდა ეზოები ნაკლებად არის დატვირთული სოციალური ფუნქციით. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მრავალბინიანი სახლების შიდა ეზოებში არ არის სპეციალური ადგილები ავტომანქანების პარკინგისთვის, ნაკლებად ვხვდებით გამწვანებულ არეალებს. შიდა ეზოების დიდი ნაწილი ქაოტურადაა გამოყენებული. ტროტუარები, რომლებიც ქვეითების გადაადგილებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ხშირად არასწორი დანიშნულებით გამოიყენება და ისიც ავტომანქანების მძღოლებს აქვთ ათვისებული, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოშობს. როცა ადამიანები ქალაქზე და მის რომელიმე უბანზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ქალაქი ან მისი რომელიმე ნაწილი საშიშია, აქ მეტწილად გულისხმობენ იმას, რომ ტროტურარებზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
ქალაქის ფუნქციურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობით გადაიჭრას თბილისის შიდაკვარტალურ ეზოებში არსებული ავტოფარეხების საკითხი. ავტოფარეხების მშენებლობა აქტიურად დაიწყო კერძო ავტომობილების მომრავლებასთან ერთად. თბილისის ცალკეულ უბნებში, მათ შორის როგორც ცენტრში, ასევე გარეუბნებში, ისინი ძირითადად გვხდება მრავალბინიანი სახლებისა და კორპუსების შიდა ეზოებში და ჩანაცვლებული აქვს საზოგადოებრივი სივრცის დიდი ნაწილი. ავტოფარეხების უმრავლესობა თვითნებურად არის აშენებული მოსახლეობის მიერ და უმრავლეს შემთხვევაში, შეფასებულიც კი არ არის ამ ნაგებობების კაპიტალურობის საკითხი და აქტიურად გამოიყენება სათავსოებად. აღნიშნული ობიექტების უმრავლესობის ფუნქციური დატვირთვა დღეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმის აუცილებლობას, რომ მათმა მესაკუთრეებმა შეაფასონ მათი გამოყენების აუცილებლობა და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს ეს სივრცეები საჯარო. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ცალკეული უბნის სპეციფიკიდან და მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე შემუშავდეს არქტიტექტურული პროექტები და უფუნქციო სივრცეები გარდაიქმნას რეკრეაციულ და სოციალურ სივრცედ. მიუხედავად იმისა, რომ ურბანული პოლიტიკის გატარება და ქალაქის განვითარებაზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის, აუცილებელია სამოქალაქო ინიციატივების წახალისება ფუნქციური და სოციალური ურბანული ცვლილებების განსახორციელებლად.
____________________________
1.გიდენსი, სოციოლოგია, გვ.551.
2.იხ. ბერიძე, თბილისის საგარეუბნო ტერიტორიების ურბანული ტრანსფორმაცია მათი ფუნქციური მეტამორფოზის საფუძველზე, გვ.26.
3. იხ. ჯაკობსი, ამერიკის დიდი ქალაქების სიცოცხლე და სიკვდილი, გვ. 49.






























