23 თებერვლის დილას, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საკუთარი სახლიდან ძალადობრივი მეთოდით გამოასახლა ომის ვეტერანი და მისი ოჯახი. მოცემულ ფაქტს საზოგადოებიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სახელმწიფო კი თაღლითი კერძო მევახშის მხარეს დადგა და უსახლკაროდ დატოვა ოჯახი. ეს ისტორია გადაიზარდა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის ვეტერანების მიერ შექმნილ დახურულ ფეისბუქ ჯგუფებში. ისინი ერთხმად ითხოვდნენ სახელმწიფოსგან რეაგირებას, რათა დაეცვათ საკუთარი თანამებრძოლი, ანუ ადამიანი, რომელიც მზად იყო გაეწირა საკუთარი სიცოცხლე, სახელმწიფოსა და ერის ინტერესების დასაცავად.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ვეტერანის სტატუსი 66 693 ადამიანს აქვს მინიჭებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ტერიტორული მთლიანობისთვის იბრძოდა. სახელმწიფოსგან ისინი გარკვეულ სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებს იღებენ, მათ შორის ჯანდაცვისა და შეღავათიან ტრანსპორტისაც. 2022 წელს, ვეტერანის პენსია, ფაქტობრივად, „გახუთმაგდა“ და 22 ლარიდან 100 ლარი გახდა.
ქართული საზოგადოება, სხვადასხვა ფორმით, ბოლო 30 წელია პერმამენტულ ომშია. პოლიტიკური ელიტები მუდმივად საუბრობდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და მანიპულირებდნენ მისით. ამავდროულად, არც რუსეთიდან წამოსული ომის საფრთხე კლებულობს. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ძალაუფლების ენა, მათ შორის ლოზუნგები და მესიჯები. 1990-იან წლებში, პოლიტიკური ელიტების მიერ შექმნილი ლოზუნგი „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, ეტაპობრივად იცვლებოდა და დღეს ის ჟღერს როგორც „ომში არჩათრევა“.
ქართული საზოგადოება, განსხვავებული ფორმებით, მუდმივად აწარმოებს ნაციონალიზმს – მასკულინურ მოვლენას, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მამაკაცს, როგორც ვაჟკაცს, რომელიც ყოველ წამს მზადაა შეეწიროს სამშობლოს. ზოგადად, მსგავს მოცემულობაში ომის ვეტერანი კიდევ უფრო მეტად დაფასებულია, რადგან ისინი ცოცხალი გმირები არიან.
რამდენიმე წლის წინ, წყალტუბოში, სამეცნიერო კვლევითი მუშაობისას, ერთ-ერთ სანატორიუმში მცხოვრებ მამაკაცს ვესაუბრე, რომელიც დიდი გულისტკივილით მიზიარებდა საკუთარ წარსულსა და დღევანდელ პრობლემებს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ იგი იყო დევნილი, ასევე სოხუმის ბატალიონის მებრძოლიც გახლდათ და შედიოდა იმ უკანასკნელ დამცველთა შორის, რომლებმაც დატოვეს ალყაშემორტყმული ქალაქი. დღეს კი უმძიმეს სოციალურ გაჭირვებაში იმყოფებოდა – ოჯახთან ერთად ცხოვრობდა დანგრეულ სანატორიუმში, პენსიის, სოციალური დახმარებისა და ოდესმე ბინის მიღების იმედით.
წაგებული ომის ჯარისკაცი არ არის საინტერესო, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ კრახს, არაკომპენტურობასა და შეიძლება ღალატსაც კი. ლოგიკურია, ვეტერანის თემის აქტუალიზება და მათი ხმებისა და სურვილების ღიად საზოგადოებაში დაფიქსირება, უამრავ შეკითხვასაც წარმოშობს ომის მიმდინარეობის შესახებ. საქართველო ის ქვეყანაა, რომლის მოსახლეობამ დღემდე არ იცის რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შევიდა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთში, რამაც ომი გარდაუვალი გახადა. დღემდე არ იცის ის, თუ რატომ ჩაება ქვეყანა ომში, სადაც გამარჯვება შეუძლებელი იყო, ხოლო მარცხი – გარდაუვალი.
აფხაზეთის ომის ვეტერანი ავტომატურად ასოცირდება მარცხთან, ქაოსთან, ძარცვასთან, ძალადობასა და ყველაფერ ნეგატივთან. აღარავის ახსოვს გმირობის ისტორიები – მარტის გამარჯვება, ტამიშის განთავისუფლება, ის პილოტები და ჯარისკაცები, რომლებიც ალყაშემორტყმულ სოხუმში, უდიდესი რისკის ფასად თვითმფრინავებით ეშვებოდნენ და ა.შ. მეორე მხრივ, აფხაზეთის ომი ასევე არის ომი, სადაც გარკვეული ნაწილი ადამიანებისა მხოლოდ იმიტომ მიდიოდნენ, რომ აფხაზეთიდან ნაძარცვი ჩამოეტანათ.
მართალია, გმირობის მაგალითებიც უამრავია, მაგრამ საზოგადოებაში, სიტყვები აფხაზეთის ომის ვეტერანი, არ იწვევს დადებით ემოციებს, რადგან საზოგადოება არ ენდობა მას. თავად არც სახელმწიფოა დაინტერესებული ამით, მას ხომ არასდროს უცდია, რეალურად გამოეძიებინა ომის მიზეზები, დანაშაულები და დაედგინა ვინ ომობდა და ვინ მიდიოდა „საშოვარზე“.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ გააცოცხლა საქართველოს უმძიმესი წარსული და განვლილი ომების შედეგები. აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვის, ის არც არასდროს ყოფილა მკვდარი, ისინი მუდმივად ამ ტრამვით ცხოვრობდნენ, სახელმწიფოს არასდროს უზრუნია მათ ფსიქო-რეაბილიტაციაზე. უკრაინაში დღეის მონაცემებით, რამდენიმე ათეული ქართველი მეომარი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი, სწორედ უახლესი ომების ვეტერანი იყო, ან რაიმე სახით იყო მასთან პირდაპირ შემხებლობაში. ამ ორ მოვლენას შორის ლოგიკური კავშირის დანახვა მარტივია, მაგრამ ის გაცილებით ფართო მსჯელობისა და კვლევის საგანი გახლავთ.
დე-ფაქტო აფხაზეთში სრულად საპირისპირო მდგომარეობაა. ომის ვეტერანი აღქმულია გმირად, რომელმაც შიშველი ხელებით დაამარცხა მასზე რამდენჯერმე უფრო ძლიერი ქართული არმია. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ისინი, მოძმე ჩრდილოკავკასიურ ერებთან ერთად, ებრძოდნენ რუსულ-ქართულ შეთქმულებას პატარა აფხაზი ერის წინააღმდეგ. ომი 1993 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა აფხაზური საზოგადოება კვლავ იმ ეპოქაში ცხოვრობს. ერთი მხრივ, დღემდე დანგრეული და დაცარიელებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი, შესაბამისად, ომის კვალს ვერ გაექცევი. ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტები უკვე ათწლეულებია განუწყვეტლივ აწარმოებენ ომის ტრამვას.
თანამედროვე აფხაზური ნაციონალური პროექტი მთლიანად აგებულია ომის გარშემო და ისტორიის არც ერთ ეპიზოდს არ ეთმობა იმდენი დრო, რამდენიც მას. დიდი პომპეზურობით აღინიშნება ომთან დაკავშირებული ყველა ტრაგიკული თუ სასიხარულო ამბავი, თითქოსდა ის მოხდა არა 30 წლის წინ, არამედ სულ რამდენიმე თვის ან წლის უკან. ამ მოცემულობას ჰყავს საკუთარი მესიაც – ვლადისლავ არძინბა, ადამიანი, რომელმაც აფხაზურ საზოგადოებას ეს სანუკვარი „თავისუფლება“ მოუტანა და სწორედ მის გარშემო ტრიალებს ისტორიაც.
აფხაზურ საზოგადოებაში, რომლის უდიდესი ნაწილი კულტურაზე კონსერვატიული შეხედულებისაა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხუცების აზრს, მით უმეტეს თუ ის ომის ვეტერანია. ვეტერანი, ავტომატურად გმირია, რომლის სიტყვა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს – თავის მხრივ იკრძალება ომისადმი კრიტიკული საუბარი, მაგალითად, რუსეთის როლზე, დაქირავებულ მებრძოლებზე, დარღვეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე, ძარცვა-გლეჯასა და ეთნიკურ წმენდებზე. ნებისმიერი განსხვავებული აზრი მოინათლება პროქართულად, რომელიც ხიფათს უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს. პოლიტიკური ელიტები, ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოებაზე წარმატებით მანიპულირებენ თბილისიდან მომავალი ომის საფრთხეზე საუბრით. შედეგად, მოსახლეობა მუდმივი, აბსტრაქტული, ომის შიშში ცხოვრობს. პარადოქსულია, მაგრამ მათ თეორიაში არსებობს ომის საშიშროება, მაგრამ მეორე მხრივ, არ არსებობს პასუხი თუ როგორ უნდა გაქრეს ის, ქართულ მხარეს თუ არ ესაუბრნენ კონფლიქტის მოგვარებაზე.
ენგურის ორივე მხარეს აფხაზეთის ომის ვეტერანის ორნაირი აღქმა არსებობს – თბილისში ის ყველასგან მივიწყებული ადამიანია, რომელიც ასოცირდება ყველაფერ ნეგატიურთან, არც სახელმწიფო ცდილობს თემის პოპულარიზებას, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ ის წარმოშობს მრავალ პასუხგაუცემელ შეკითხვას. აქედან გამომდინარე, ქართველი ვეტერანის ხმა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გაჟღერდება ხოლმე. აფხაზეთში კი პირიქით, ვეტერანი ჰიპერბოლიზებულია, ის არის გამარჯვებული ჯარისკაცი, რომელმაც უიარაღოდ დაამარცხა გაცილებით ძლიერი მტერი და არ შეიძლება მათი რაიმე სახით კრიტიკა. ომის ტრავმის მუდმივმა არსებობამ აფხაზური საზოგადოება ჩატოვა წარსულში ისე, რომ სრულად დაცალა ჯანსაღი დისკუსიისთვის სივრცე არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც.
გაბრიელ ჩუბინიძე