„არ ვიცოდი, ომში მყოფ შვილზე მედარდა, სახლზე, თუ ტყეზე, რომელიც იწვოდა“
თინათინ მოსიაშვილი
გზა და მძღოლის მიერ მოყოლილი ამბები
გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს კარგად გვახსოვს, 2008 წლის ომის დროს ბორჯომში, წაღვერის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი. თითქმის მთელი თვე იწვოდა მაშინ ტყის კორომები გუჯარეთისწყლის ხეობაში.
ამ სტატიაზე მუშაობა რომ დავიწყე, დაბისა და წაღვერის ტყის სანახავად, ასევე მაშინდელი მოვლენების შემსწრე ადამიანებთან სასაუბროდ, წაღვერში წასვლა გადავწყვიტე.
გაგახსენებთ, წაღვერი დაბა და სათემო ცენტრია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემი მოიცავს სოფლებს: დაბა (ტყე სწორედ სოფელ დაბასთან იწვოდა), ტიმოთესუბანი, მზეთამზე. წაღვერი თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთებზე, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში მდებარეობს, ბორჯომიდან 14 კილომეტრში. ბორჯომი-წაღვერი-ბაკურიანის მხარე – საქართველოსთვის გამორჩეული საკურორტო ზონაა. წაღვერზე გადის ბორჯომ-ახალქალაქის (ანუ, შესაბამისად, ბორჯომ-ბაკურიანის) საავტომობილო გზა.
ვიფიქრე, თბილისის ავტოსადგურიდან ბაკურიანის მიკროავტობუსს გავყოლოდი წაღვერამდე. ბაკურიანის მიკროავტობუსი არ იდგა და 15 წუთში ბორჯომისკენ გადიოდა მანქანა. „ბორჯომიდან უფრო იოლად ავალ წაღვერში“, – გადავწყვიტე და მძღოლის გვერდით დავიკავე თავისუფალი ადგილი. მძღოლები უმეტესად კარგი რესპონდენტები არიან.
ზაზა ნარინდოშვილი 62 წლისაა და 24 წელია, თბილისი-ბორჯომის მიკროავტობუსზე მუშაობს. მასთან აგვისტოს ცხელ დღეებზე ვიწყებთ საუბარს.
„იმ დღეს, 8 აგვისტოს დილას, ჩვეულებრივად, გამოვედი ბორჯომიდან, როგორც მახსოვს, თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო. არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა თურმე ქვეყანაში. განსაკუთრებით საეჭვო მანამდე არაფერი შეგვხედრია, გორის მისადგომებთან ტექნიკა იდგა და ისროდნენ, ხიდიც აფეთქებული დაგვხვდა. უკან მივბრუნდი. ბაკურიანიდან წალკის მხარეს დავაპირე წასვლა. ბაკურიანში რომ ავედით, არ გამიშვეს, სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ, არ გირჩევთ წასვლას, რა იცით, რა ხდებაო. მგზავრების უმეტესობასთან ერთად ბაკურიანში მანქანაში გავათენე ღამე.
მეორე დღეს ისევ ბორჯომისა და გორის გზით წამოვედი თბილისისკენ. მოვდივართ. გზაში თითქოს სიმშვიდეა. არ ისვრიან. ალაგ-ალაგ ტყე კი დამწვარია.
აფეთქებულ ხიდთან რომ მივედი, ქალაქისკენ გადავუხვიე. გზად მიტოვებული ან დამწვარი ტექნიკა გვხვდება.
მანამდე არა და ქალაქში რომ შევედი, იქ უკვე შემეშინდა.
ცარიელი დამხვდა გორი, ქუჩაში არავინ ჭაჭანებდა. მხოლოდ ერთ-ორ ადამიანს მოვკარი თვალი, სადარბაზოდან შეშინებულები იყურებოდნენ.
ცოტა ხანში რადიო ჩაირთო და შევიტყვეთ, მოსახლეობამ გორი დატოვა და რუსები შევიდნენო.
გამოვასწარით. ალბათ, ღმერთმა გადაგვარჩინა“, – შეკითხვის დასმა არც მჭირდება, ისე მიამბობს ზაზა.
წაღვერის ტყეზე ვეკითხები. მძღოლი იგონებს, რომ ტყის დაწვის კადრები სხვების მსგავსად ტელევიზორით ნახა, პირადად არ უნახავს. კარგა ხანს არც უმუშავია, რადგან ბორჯომში ჩასვლა შუძლებელი იყო.
„მერე, 2017 წელს ხანძარი იყო იქვე, წაღვერთან, ის უკვე კარგად მახსოვს, ახლაც რომ ახვალთ დაბისკენ, ნახავთ, ნახანძრალი ტყე შორიდანაც ჩანს“.
საუბარში გავიარეთ მცხეთა, კასპი, ვუახლოვდებით გორს. „ვისოლსა“ და ქარის ელექტროსადგურებს რომ გავცდით:
„აი, იმ ტყეს ხომ ხედავთ, ომის დროს დაიწვა, წლების მერე ნელ-ნელა წამოვიდა ახალნაყარი, სოფელ შავშვებთანაც დაწვეს ტყის კორომი“, – მიამბობს ბატონი ზაზა.
ომზე საუბრისას სხვა, უფრო ძველ, 30 წლის წინანდელ ამბებსაც იხსენებს:
„ერთხელ, აფხაზეთის ომი ჯერ არ იყო დაწყებული, მარტი იდგა, სიტუაცია უკვე დაძაბული იყო, ერთმა სოხუმელმა კაცმა რუსეთში ტვირთის წაღება გვთხოვა. მაშინ ჩემს ძმას „კამაზი“ ჰყავდა და ორივე წავედით. ვიფიქრეთ, გზაში ერთმანეთს შევცვლითო. ჩვენ გარდა კიდევ ორი კამაზი იყო დატვირთული. სამშენებლო მასალა მიგვქონდა. ყაზბეგისკენ თოვლი იდო და აფხაზეთის მხრიდან წავედით. რამდენიმე დღე მივდიოდით და ძალიან რთული ამბები გადავიტანეთ: ხან საბურავები დაგვიცხრილეს და რომ გადავრჩენილიყავით, დაფლეთილი საბურავით ვიარეთ ათეული კილომეტრი, ხან ავტომატით გვემუქრებოდნენ, ხან დანაღმულ მინდორზე ვიარეთ. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით ჩამოვაღწიეთ, თუმცა, რომ იტყვიან, სიკვდილს თვალებში ჩავხედეთო, რამდენჯერმე გამოვცადეთ ასეთი რამ“.
საუბარში დრო შეუმჩნევლად გავიდა. ბორჯომში შევდივართ. მძღოლი ბაკურიანისკენ მიმავალ ხიდთან მიჩერებს მანქანას. თან მაფრთხილებს, რომ ბოლო სარეისო მიკროავტობუსი ბორჯომიდან თბილისისკენ 5 საათზე ნამდვილად იქნება, 6-იანი მანქანა კი, რადგან ორშაბათია, შეიძლება შეივსოს და წამოვიდეს, შეიძლება – არა, ამიტომ ბოლო მანქანის იმედად არ დავრჩე.
მადლობას ვუხდი მძღოლს. წვიმს, საწვიმარს ვირგებ, ხიდზე გადავდივარ და ველი, რას შეიძლება გავყვე წაღვერისკენ. მეუბნებიან, რომ 15-20 წუთში ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალი მიკროავტობუსი მოვა. ლოდინი არც მიწევს. მსუბუქი მანქანა მოდის, თავად გვიჩერებს და სამი ადამიანი მივყვებით. მძღოლი, მისი მეუღლე და მგზავრებიც აქაურები არიან, წაღვერსა და მის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ.
მეუბნებიან, რომ ომის დროს ძალიან რთული დღეები გადაიტანეს. ბევრი მამაკაცი ჩაერთო ხანძრის ჩაქრობაში, მაგრამ თითქმის მთელი თვე იწვოდა ტყე.
მძღოლი შეთანხმებისამებრ, მიჩერებს მანქანას სოფელ დაბასთან და შორიდან ვუღებ ფოტოს იმ ჯერაც უტყეო ფერდობებს, სადაც 2008 წელს ტყე დაიწვა.
რას ამბობენ დაბისა და წაღვერის მკვიდრნი?
ოფიციალური მონაცემებით, წაღვერში რვაასამდე კაცი ცხოვრობს, სოფელ დაბაში 200-მდე. 2008-ში ბევრი მათგანი მოხალისე მეხანძრედ იქცა და ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა.
ცენტრში, გზების გასაყართან, რამდენიმე ადამიანი დგას. ვთხოვ, 2008 წლის აგვისტო გაიხსენონ.
„მე მაშინ პატარა ვიყავი“, – მპასუხობს ახალგაზრდა ბიჭი.
„აქაური არ ვარ. მაყვალას ჰკითხეთ“, – მეუბნება ქალი.
მაყვალა ბარამიძეს წაღვერის ცენტრში მაღაზია აქვს. ადრე, სანამ დაბაში ქსელური მარკეტები გაჩნდებოდა, მისი მაღაზია საკმაოდ კარგად მუშაობდა. თავისი კლიენტები ახლაც ჰყავს.
მაღაზიაში მაყვალა და დეიდამისი, 86 წლის ნანული გელაშვილი მხვდებიან და იმ ცხელ და რთულ აგვისტოს იხსენებენ, ცეცხლში გახვეულ ბორჯომსა და წაღვერს. ვიხსნებთ, რომ იმ წელიწადს ომისა და ხანძრის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩა ამ ხეობის ცნობილი ბალნეოლოგიური თუ სამთო კურორტები. არადა, ბევრი აქაურისთვის მთავარი შემოსავალი ზაფხულში ბინის გაქირავებაა.
„ყავით ვუმასპინძლდებოდი მეხანძრე ბიჭებს. სხვა მხრივაც, როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით. ერთი მეხანძრე რომ დაზიანდა, აი, ამ ოთახში მოვათავსეთ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა“, – იგონებს მაყვალა.
რას შეიძლება გაეჩინა მაშინ ხანძარი?
„რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ ჩვენი ხეობის თავზე. მათ რამდენჯერმე ჩამოყარეს ნაღმები. ხანძრის გაჩენა სწორედ ამან გამოიწვია. თან აგვისტო იყო, ხმელი იყო ბალახი და უცებ მოედო ცეცხლი“, – გვეუბნებიან წაღვერის მკვიდრნი.
„კი, მერე, 2017 წელსაც გაჩნდა ტყეში ხანძარი. რომ დავუშვათ კიდეც, რომ 2008-შიც ცეცხლი ნაღმების გამო კი არა, სხვა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, ჩაქრობაში ომმა ნამდვილად შეგვიშალა ხელი. 2017-ში ერთ კვირაში სრულად მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია და 2008-ში კი ლამის მთელი თვე იწვოდა ტყე“, – ამბობს ტარიელ მჭედლიშვილი.
ტარიელიც მძღოლია და ბორჯომი-წაღვერის რეისზე მუშაობს. იმ პერიოდისა და ხანძრის გახსენება ვთხოვეთ და:
„ხანძარი მახსოვს? მაგას რა დამავიწყებს. სოფელ დაბაში ვცხოვრობ. ჩვენი უბანი და ჩემი სახლი ზემო უბანშია, ჩვენ უკან უკვე ტყეა.
ჩემი შვილიც ომში იყო და აღარ ვიცოდი, შვილზე მედარდა, სახლზე, თუ ტყეზე, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და ყოველ წუთს შეიძლება გადმოსულიყო სახლისკენ. მეხანძეებმა ხის ტოტებიც ჩამოჭრეს, სოფლისთვის რომ აერიდებინათ ხანძრის რისკი. ჩემს ეზოშიც და მეზობლების ეზოებშიც რამდენიმე სახანძრო მანქანა იდგა.
ომი იყო, ნახევარი ქვეყანა დევნილად იქცა, ყველა მიმართულებით პრობლემები გაჩნდა და ამიტომაც ჭირდა ხანძრის ჩაქრობა“.
ლევან თაბუნიძე კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის ოფიცერია, მანამდე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი იყო, 2008 წელს კი ამავე პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მასაც ვკითხეთ:
„დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, თუ არა, რომ ხანძარი ომმა გამოიწვია? რომ გითხრათ, ჩემი თვალით დავინახე, როგორ ჩამოყარეს ნაღმები, არ ვიქნები მართალი, მაგრამ, ფაქტია, ჩვენკენაც დაფრინავდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები. ფაქტია ისიც, რომ აგვისტოს იმ დღეებში თვითმფრინავის გადაფრენის შემდეგ ბორჯომში რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდა ხანძარი. ჩვენთან, ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს, ზორეთის ხეობაში, წაღვერისკენ“…
რადგან საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მიმართულებით უხდებოდა ბრძოლა (საომარი მოქმედებები, გარდაცვლილების გამოყვანა დატოვებული ტერიტორიებიდან, მოსახლეობის პატრონობა) ხანძრის ჩაქრობა ძალიან გაჭირდა.
აგვისტოში ტურიტული სეზონის პიკია. ხეობაში, კურორტებზეც და ეროვნულ პარკშიც უამარავი ტურისტი იყო.
„ოკუპანტმა კარგად იცის, სად უნდა დაგარტყას! მართალია, რუსები ბორჯომში არ შემოსულან, მაგრამ აქ ნაღმები ჩამოყარეს. იციან, რომ ეს საკურორტო ზონაა, ხეობის მთავარი სიმდიდრე ტყეა. სწორედ ამის გამო მოდის აქ ტურისტი, იციან ეს და სწორედ ამიტომ ტყეს დაარტყეს.
მახსოვს 8 აგვიტო. პარკში მყოფი ერთი ჯგუფი მეგობრებს ელოდა და მათ ესაუბრებოდნენ.
„გორი დაიბომბაო“, – მითხრეს და ასე გავიგეთ 8-ში დილას ომის ამბავი – გორი რომ დაიბომბა და თბილისისკენ მიმავალი ცენტრალური გზა ჩაიკეტა, ტურისტები პარკის ადმინისტრაციას მიაწყდნენ“, – იგონებს იმ დღეებს ნათია მულაძე, რომელიც 2008-ში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების სამსახურის უფროსი იყო – ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რაზე გვეფიქრა აღარ ვიცოდით, ომზე და საფრთხეზე, რომელიც გველოდა, ოჯაზებზე, თუ ვიზიტორებზე.
მახსოვს, ტურისტების პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდა: საელჩოები ჩაერივნენ. ტურისტები თურქეთისა და სომხეთის გავლით გავუშვით“.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ცეცხლის ალში გაეხვა მთელი ბორჯომი. „მახსოვს, სუნთქვაც კი ჭირდა. მარტო ეროვნული პარკის ტერტორიაზე 4-5 უბანი იწვოდა. დაცული ტერიტორიის ყველა რეინჯერი და მამაკაცი თანამშრომელი სტიქიას ებრძოდა, ყველა სხვა საქმე ქალებს დაგვაწვა“, – ყვება ნათია.
ადმინისტრაციულ შენობასთან სახანძრო მანქანა იოლად მივიდა, იქ ხანძარი მალევე ჩააქრეს, უფრო გართულდა სიტუაცია ზორეთის ხეობაში, მერე უკვე რეინჯერების დიდი ნაწილი წაღვერისკენ გადაიყვანეს.
რას ამბობენ სპეციალისტები? რა ზარალი მიაყენა ტყეს ხანძარმა?
ბორჯომის ნაკრძალი და ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკი ბორჯომის ტყეების ნაწილს მოიცავს. ეს ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია საქართველოსა და კავკასიაში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კავკასიის ეკორეგიონის ცენტრში მდებარეობს, კავკასიისა და ანატოლიის ცხელი წერილების ზღვარზე. ბიომრავალფეროვნების მოწყვლადობის გამო ეკორეგიონი ჩართულია მსოფლიო ბუნების ფონდის 35 პრიორიტეტულ ეკორეგიონსა და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელ წერტილის ნუსხაში.
ეროვნული პარკის ტერიტორია და მისი მიმდებარე ტყეები მდიდარია რელიქტური, ენდემური, ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობებით. აქ აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი (რომელთაგან 11 კავკასიის ენდემია, ხოლო 8 საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული), 217 სახეობის გადამფრენი და მობინადრე ფრინველი (რომელთაგან 13 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი).
ბორჯომის მიდამოებში გვხვდება 1200-მდე სახეობის მცენარე. ეს მრავალფეროვნება გამოწვეულია განსხვავებული ბოტანიკურ-გეოგრაფიული (კოლხურ, ცენტრალურკავკასიურ, მცირეაზიურ და წინააზიურ რაიონების საზღვარზე) მდებარეობით.
მცენარეებიდან აქ გვხვდება: წითელი ნუსხის სახეობები: წაბლი (Castanea), უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) და შიშველი თესლდუმა (Ulmus glabra). რელიქტური (უძველესი დროიდან შემორჩენილი) სახეობებია: უთხოვარი (Taxus baccata), იმერული ხეჭრელი (Rhamnus imeretina), კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum), წყავი (Prúnus laurocérasus), ბაძგი (Ilex), კოლხური სურო (Hedera colchica), კავკასიის ენდემებია: აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), კავკასიური ფიჭვი.
ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით: კეთილშობილი ირემი, არჩვი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, გარეული ღორი, შველი, მგელი, ტყის კატა.
ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია ღამურების 20, რეპტილიების 30 სახეობა.
წაღვერის უბანი და მისი მიმდებარე უბნები ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არ შედის, ეს ტყე ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექვემდებარება, თუმცა მცენარეთა სახეობების უმეტესობა კი ცხადია, აქაც გვხვდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თავის ვებგვერდზე აქვს განთავსებული ინფორმაცია სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრების შესახებ.
2008 წლის 15 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ტბისა და წაღვერის სატყეო უბნებში 251 ჰექტარი ტყე, ფაქტობრივად, სრულად დაიწვა.
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია იორდანიშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ხანძარმა მთლიანად მოიცვა 950 ჰექტარი ტყე.
„მაღლარია ხანძარი, რომელიც წიწვოვან ტყეს უჩნდება და ხიდან ხეზე გადადის, ისე რომ მიწას შეიძლება არც მისწვდეს. მაღლარი ხანძრის დროს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ალმოკიდებული გირჩები კასეტური ნაღმებივით იტყორცნება სხვადასხვა მხარეს, რაც ხანძრის ახალი კერების გაჩენას იწვევს. ასეთ დროს ცეცხლის მიმართულების პროგნოზირება ძალიან რთულია“, – ამბობდა ნათია იორდანიშვილი.
ბორჯომში სიტუაციას ართულებდა ის ფაქტიც, რომ ცეცხლი მოედო ხმელ ბალახსა და ნიადაგსაც.
რადგან საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მიმართულებით უხდებოდა ბრძოლა (საომარი მოქმედებები, გარდაცვლილების გამოყვანა დატოვებული ტერიტორიებიდან, დევნილებად ქცეული მოსახლეობის პატრონობა) ხანძრის ჩაქრობა ძალიან გაჭირდა.
მართალია, ომი სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მაგრამ მისი შედეგების ლიკვიდაციას, დევნილად ქცეული ადამიანების პატრონობას, მათთვის სახლების აშენებას, გადამწვარი სახლების აღდგენას წლები დასჭირდა.
კიდევ უფრო დიდი დრო სჭირდება ტყის აღდგენას.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის მიხედვით (რომელიც კომპანია „ჯეოლენდმა“ მოამზადა), 2014 წლისთვის ნახანძრალი ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენდა 768 ჰექტარს, ტერიტორიის 80% განადგურებულია სრულად, ხოლო 20%-ზე შერჩენილია უმნიშვნელო რაოდენობის სხვადასხვა სახეობის ერთეული ხეები.
ზოოლოგები საუბრობენ, რომ მსხვილმა ძუძუმწოვრებმა და ფრინველებმა ეკოციდის დროს დატოვეს ჰაბიტეტები (საბინადო არეალი), ჰაბიტატების დიდი ნაწილი თითქმის მთლიანად განადგურდა. წვრილხერხემლიანები და უხერხემლო ცხოველთა უმეტესობა ხანძარმა შეიწირა.
ხანძრის ადგილას ნანახი იყო ცალკეული მსხვილი ძუძუმწოვრების (შვლები, დათვები) დამწვარი ნაშთები.
ხელისუფლებამ და ბიზნესკომპანიებმა ამ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, დაიგეგმა 750 ათასი ნერგის დარგვა. 2013 წლიდან დაიწყო კიდე ეს პროცესი.
სამწუხაროდ, 2017 წელსაც თითქმის იგივე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. მის ჩაქრობასაც რამდენიმე დღე დასჭირდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ცეცხლის გავრცელების მთლიანი პერიმეტრი ამჯეტად 943 ჰექტარი იყო, საიდანაც 706 ჰექტარი ის ტერიტორიაა, რომელზეც ტყის მასივი 2008 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა. ბოლო ხანძარმა შეიწირა ის ნერგებიც, რომელიც უკვე იყო წამოსული.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2001 წელს 6 ნოემბერი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს გარემოს ექსპლუატაცის პრევენციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანიია იმ საფრთხეების გაცნობიერება, რომელი გარემოს შეარაღებული კონფლიქტის დროს ექმნება.
სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ამ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან 4 (ლიახვის, რომელიც 2008 წელს დაიკარგა, ბიჭვინთა-მიუსერის, ფსხუ-გუმისთის, რიწის, რომელიც აფხაზეთის ომის მერე დაიარგა) მდებარეობს ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ძალიან მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ამ ნაკრძალებში.
რაც შეეხება ბორჯომს, წაღვერისა და დაბის ტყეებში, დღეს, 15 წლის მერეც, კარგად ჩანს 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი.
პროექტი „ეკოციდი უკრაინაში: გავლენა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე. პრობლემების მოგვარების თანამედროვე გზები“ ხორციელდება CFI-ის მასმედიის განვითარების ფრანგული სააგენტოს დახმარებით, ჰაბ ბუქარესტის პროექტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
მასალაში გამოყენებულია ტელეკომპანია „ბორჯომის“, ნინო ვართაპეტიანისა და თინათინ მოსიაშვილის ფოტოები.