რას ამბობენ მეთევზეები
ბათუმის თევზის ბაზარი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ბათუმს სტუმრობთ. დახლებზე შავი ზღვის თევზეული და ზღვის პროდუქტია გამოფენილი: კეფალი, სკუმბრია, ქაშშაყი, ქაფშია, მიდიები… თუ კეთების დრო არ გაქვთ, იქვე თევზის კაფეში თევზის კერძებით გაგიმასპინძლებიან.
24 წელია, გურამი ბათუმის ბაზარში თევზით ვაჭრობს და ოჯახს ამით ინახავს.
„ომის გავლენაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, ერთი კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა; ბოლო წლებია, შემცირდა თევზი, სახეობებიც და რაოდენობაც“.
მეთევზეები კონკრეტულ შემთხვევებს იხსენებენ: „საქართველო-რუსეთის ომის დროს მახსოვს ნაღმების აფეთქების შემთხვევა, რომელსაც თევზის საგრძნობი დახოცვა არც გამოუწვევია. მაშინ ომიც, საბედნიეროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა.
ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა.
ადრე, როცა საბჭოთა ჯარი იდგა ბათუმში და ხშირად ისროდნენ ზღვაშიც, მაშინ უფრო მახსოვს შემთხვევები, როცა თევზი იხოცებოდა“, – ამბობს ზაზა.
***
ანაკლია, სადაც ენგური უერთდება შავ ზღვას, ზუგდიდელი მეთევზეების საყვარელი ადგილია. ენგური საქართველოს ორი რეგიონის – სამეგრელოსა და აფხაზეთის სასაზღვრო მდინარეა.
დღეს საქართველოს ხელისუფლება ვერც აფხაზეთს აკონტროლებს და ხშირ შემთხვევაში ვერც უკანონო თევზჭერას.
„დღეს ანაკლიაშიც და მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში დენით თევზაობა არის მეთევზეობისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მთავარი პრობლემა“, — ამბობს ლუკა ქირია. მის ოჯახში მეთევზეობა ტრადიციული საქმიანობაა. მამაც მეთევზეა. ლუკაც 2008 წლის ამბებს იხსენებს, როდესაც აქ რუსის ჯარის ნაწილი იდგა და წყალქვეშა სროლები თევზის დახოცვას და გამორიყვას იწვევდა.
რას ამბობენ ბიოლოგები, როგორ აისახება ომები შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე და რამდენად გვაქვს მსგავსი ინფორმაცია თუ კვლევები, რომელი სახეობები ზარალდება ყველაზე მეტად, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე თვალი გადავავლოთ შავი ზღვის ისტორიას, ფლორა-ფაუნის თანამედროვე სახე ხომ სწორედ ზღვის გეოლოგიური წარსულითაც არის განპირობებული.
უნიკალური შავი ზღვა
გეოგრაფების აზრით, შავი ზღვა დედამიწის ზღვებიდან გამორჩეულია. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ხმელეთში, კონტინენტის სიღრმეში ყველაზე მეტად არის შეჭრილი (თუ აზოვის ზღვას განვიხილთ, როგორც შავი ზღვის ყურეს) და ატლანტის ოკეანიდან (რომლის ნაწილიც არის) ყველაზე მეტად, დაახლოებით 2600 კილომეტრით არის დაშორებული.
შავი ზღვა მდებარეობს ხმელაშუა ზღვას, ევროპასა და აზიას (მცირე აზიის ნახევარკუნძულს) შორის.
„ზოგჯერ გვესმის გამოთქმა, რომ შავი ზღვა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ზღვაა. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ 5-7 ათასი წლის წინ ბოსფორის სრუტის გახსნით შავი ზღვა მიუერთდა ხმელთაშუა ზღვას და შეიძინა ამჟამად ჩვენთვის ცნობილი სანაპიროების მოხაზულობა. თუმცა თუ გავაანალიზებთ მისი ფლორისა და ფაუნის შემადგენლობას, მაშინვე დავინახავთ, რომ ზღვის ასაკი გაცილებით მეტია, რადგან ის დასახლებულია უძველესი სახეობებით, რომელთა ნაწილი სხვაგან არსად გვხვდება. ისინი ევოლუციამ შექმნა მრავალი ათასეული წლით ადრე. ბიოლოგებს ეთანხმებიან გეოლოგებიც: შავი ზღვის მაქსიმალური სიღრმის 2212 მეტრის პირობებშიც კი ზღვის რბილი ნალექების სისქე ბაზალტის ფენამდე შეადგენს 16 კილომეტს. ასეთი ფენის ფორმირებას კი რამდენიმე მილიონი წელი დასჭირდებოდა.
მეზოზოური ერის იურულ პერიოდში და ნეოგენამდე ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ტეტისის ოკეანე აკავშირებდა, რომლის ნაწილიც იყო შავი ზღვა. კონტინენტური მოძრაობის შედეგად და მთათა სისტემების ფორმიებსას ალპური მთათწარმოქმნის პერიოდში ტეტისის ოკეანე დაიყო რამდენიმე ზღვის აუზად. რომლებიც ზოგჯერ ერთიანდებოდნენ, ზოგჯერ კი ისევ კარგავდნენ კავშირს ატლანტის ოკეანესთან. თანამედროვე მდგომარეობამდე შავი ზღვა ოთხჯერ მოექცა მკვეთრად მტკნარი და სამჯერ ზღვის წყალსატევების სისტემაში” („შავი ზღვის საიდუმლოებანი“).
ამავე გამოცემის მიხედვით, დარდანელის სრუტე 150-100 ათასი წლის დაუკავშირდა ატლანტის ოკეანეს. მორიგი მტკნარი პერიოდის მერე ახალევქსინური ტბა-ზღვა 5-7 ათასი წლის წინ, სავარაუდოდ, მიწისძვრის შედეგად ბოსფორის სრუტით დაუკავშირდა ხმელთაშუა ზღვას. ბოსფორის ნაპირებს შორის არსებული ბუნებრივი დამბის გარღვების შედეგად ხმელთაშუა ზღვის წყალი გიგანტური ტალღის სახით ჩაიღვარა შავ ზღვაში…
„ამდენად, შავი ზღვა არა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, არამედ პირიქით – ერთ-ერთი უძველესი ზღვაა. მისი ისტორია შორეულ მეზოზოურ ერაში გამქრალი ტეტისის ოკეანიდან მომდინარეობს“ („შავი ზღვის საიდუმლოებანი“).
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვითაც, ზღვის თანამედროვე ღრმულის კონტური ოლიგოცენში (კაინოზოური ერის პალეოგენური პერიოდის ეპოქა, რომელიც დაახლოებით 23-33,9 მილიონი წლის წინ იყო, თ.მ.) ჩაისახა, როცა მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა აზევებებმ თანდათანობით გამოყო ერთმანეთისგან შავი და კასპიის ზღვები ოკენისგან. გვიანდელ მიოცენში (5.3 – 23 მილიონი წლის წინ, თ.მ.) შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბაა (სარმატული აუზი). ხმელთაშუა ზღვასთან ხანმოკლედ კავშირის შემდეგ, მეოტურ დროში წარმოიშვა გამტკნარებული პონტური ტბა. პონტური დროის ბოლოს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის გაწყდა კავშირი.
სავარაუდოა, რომ შუა და გვიანდელი პლიოცენის (1.8 – 5.3 მილიონი წლის წინ, თ.მ) იგი გამტკნარებული გამდინარი ტბა იყო, უკანასკნელი გამყინვარების დროს ჩამოყალიბდა ძლიერ გამტკნარებული ახალევქსინური ტბა-ზღვა, რომელიც, როგორც ზემოთაც ვთქვით, 6-7 ათასი წლის წინ სრუტეებით დაუკავშირდა ხმელთაშუა ზღვას. სწორედ ამან მისცა დასაბამი თანამედროვე შავ ზღვას. მისი ტექტონიკური აქტიურობა ვლინდება მიწისძვრებში, რომელთა ეპიცენტრები ღრმულის პერიფერიებზე მდებარეობს.
1996 წლის დეკემბერში პირველად „The New York Times“-ში გაშუქდა შავი ზღვის დატბორვის თეორია, რომლის თანახმად ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 5600 წელს შავი ზღვის დონემ მასშტაბურად მოიმატა.
შავი ზღვის სანაპირო ზოლი სუსტადაა დანაწევრებული, მასში უმნიშვნელოდ შეჭრილია ბურგასის, ვარნის (ბულგარეთი), დნესტრის, დნეპრ-ბუგის, კარკინატის, კალამატის (უკრაინა), ნოვოროსიისკის (რუსეთი), სინოპისა და სამსუნგის (თურქეთი), ბიჭვინთის, სოხუმის, ბათუმის (საქართველო) ყურეები.
შავ ზღვაში ცოტაა კუნძული. ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის რამდენიმე პატარა კუნძული: ბერეზანი (ცნობილია უნიკალური არქეოლოგიური კომპლექსით და ასევე იმ ფაქტით, რომ აქ დასაჯეს კაპიტანი შმიდტი), ზმეინი („გველი“, ისტორიული აჰილა – ეს ის კუნძულია, სადაც ოდესღაც ზღვის მფარველი აჰილუ პონტარჰუს ტაძარი იდგა, ერთი წლის წინ რუსეთის ხომალდისადმი მიძღვნილი ფრაზით გახდა ცნობილი), ჯარილგაჩი, ტენდრა.
ნახევარკუნძულებიდან შეიძლება დავასახელოთ: ყირიმი, ქერჩი, ინჯებურუნი და იასუნი.
შავ ზღვაში, როგორ ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებიდან: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, ენგური, რიონი, ჭოროხი, ყიზილ-ირმაქი, იეშილ-ირმაქი…
გეოგრაფები შავი ზღვის კიდევ რამდენიმე თავისებურებაზე საუბრობენ: ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ იგი ყველაზე ნაკლებად მარილიანი ზღვაა მსოფლიოში: ღია ზღვაში ზედაპირზე მარილიანობა 17-18 ‰ (17-18 გრამი მარილი ლიტრ წყალზე), ფსკერთან 22-22.5 ‰, დიდი მდინარეების შესართავებთან 3-9 ‰ არ აღემატება.
ზღვის წყალი შეიძლება შევადაროთ „ფენოვან ნამცხვარს“, რადგან წყლის სხვდასხვა შრე სხვადასხვა სიმკვრივისაა („შავი ზღვის საიდუმლოებანი“).
სასკოლო გეოგრაფიის კურსიდანაც გახსოვთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ შავ ზღვაში 150-200 მეტრ სიღრმეზე გოგირდწყალბადია და ზღვის მოცულობის დაახლოებით 87% არ შეიცავს ჟანგბადს. ბოლო პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, რომ „გოგირდწყალბადის ფენა ამოიწია და უჟანგბადო ფენა იწყება 90-160 მეტრიდან“
რასაკვირველია, შავ ზღვას უდიდესი გავლენა აქვს რეგიონის ქვეყნებზე ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, სამხედრო, სტრტეგიული, სატრანსპორტო, ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენ ამ სტატიაში ყველა ასპექტს, ცხადია, ვერ შევეხებით. როგორც სტატიის დასაწყისშიც დავწერეთ, ჩვენი ძირითადი მიზანი ბოლო დროის ომების გავლენის კვლევაა.
შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება
შავი ზღვის ისტორიის მიმოხილვა იმისთვის დაგვჭირდა, რომ მის ბიომრავალფეროვნებაზე ვისაუბროთ.
ზემოთ გეოლოგიური პერიოდები ტყუილად არ მოგვიყვანია, ასეთი, არც თუ მარტივი გეოლოგიური ისტორიის შედეგად ჩამოყალიბდა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება. ამიტომ დღეს არსებული სახეობებიდან: 1% – ბორეალურ-ატლანტური ანუ კელტურია (მაგალითად, წითელი წყალმცენარე ფილოფორა, შავი ზღვის ორაგული – კუმჟა, ზღვის ღორი), 9,6% – პონტო-კასპიური რელიქტები (მაგ. დრეისენა და ზუთხი), დაახლოებით 10% – მტკნარი წყლის (მაგ. ულოტრიქსი, ოლიგოქეტები, წურბელები, თევზებიდან – ფარგა და ქარიყლაპია) დ ფლორა-ფაუნის 80% ხმელთაშუა ზღვის სახეობებია (ცისტოზირა, მიდია, ხამანწკა, კიბოები, ზღვის ცხენთევზა, კეფალი, სტავრიდა, ქაფშია, კამბალა, ზღვის კატა და ზღვის მელია, დელფინები – აფალინა და თეთრგვერდა და სხვ.) („შავი ზღვის საიდუმლოებანი“)
როგორც აღვნიშნეთ, შავი ზღვის წყლის 87%-ში ჟანგბადი არ არის, ამიტომ ცოცხალ ორგანიზმთა მრავალფეროვნება კონცენტრირებულია ზედა, ჟანგბადიან ფენაშია კონცენტრრებული. 150-200 მეტ სიღრმეზე სიცოცხლე არ არის (გარდა ანაერობული ბაქტერიებისა – ძირითადად microspira). მცენარეებიდან აქ გავრცელებულია ფიტოპლანქტონური წყალმცენარეების 350-მდე სახეობა.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, შავი ზღვის ფაუნა დაახლოებით 3-ჯერ უფრო ღარიბია ხმელთაშუა ზღვისაზე. გაბატონებული ადგილი უჭირავს ფსკერის ფორმებს (1700-მდე სახეობა), სულ გვხვდება 2 ათასამდე სახეობა (ქსე, 1986) აქედან 16 სახეობის თევზია, დელფინისებრი – 3 და სელაპი – ერთი.
დღეს ბიოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ, მართალია, ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 10 ათასამდე სახეობაა და შავ ზღვაში 5600, ანუ ლამის ორჯერ ნაკლები, თუმცა ამის გამო შავი ზღვა ნაკლებდასახლებული და უსიცოცხლო როდია, პირიქით, პროდუქტიულობით წინაც არის.
ბოლო მონაცემებით, შავ ზღვაში ერთუჯრედიანი წყალმცენარეების 2780 სახეობაა, თევზების – 201 (აქედან აბორიგენულია 150 სახეობა), მაკროფიტების 453 სახეობა, წვრილი კიბოსნაირების 390, ზღვის სოკობის 175, ზოობენთოსის (მოლუსკები, კიბორჩხალები, ჭიები) – 1677.
დელფინები
სტატიაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ომების, სროლის დროს ყველაზე მეტი საფრთხე მაინც დელფინებს ემუქრებათ, ამიტომ ჩვენც ამ საკითხზე შევაჩერებთ ყურადღებას. დელფინები ვეშაპისნაირებს მიეკუთვნებიან.
შავი ზღვის ეკოსისტემის უმაღლესი რგოლია ვეშაპისნაირების სამი სახეობა: აფალინა (Tursiops truncatus), მოკლენისკარტა თეთრგვერდა დელფინი (Delphinus delphis) და ზღვის ღორი (Phocoena phocoena). მეცნიერების განმარტებით, ამ სახეობების პოპულაციები მორფოლოგიურად და გენეტიკურად განსხვავდებიან ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში მობინადრე იგივე სახეობების პოპულაციებისგან.
შავი ზღვის ვეშაპისნაირების სამივე ქვესახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს საფრთხის სხვადასხვა კატეგორიები: ზღვის ღორსა და აფალინას – კატეგორია „გადაშენების საფრთხეში მყოფი“, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოპულაციების 50-70% შემცირების გამო, რაც გამოწვეულია წარსულში ჭარბი მოპოვების, დაავადების, ჰაბიტეტებში მოქმედი საფრთხეებისა და სიკვდილის უცნობი მიზეზებით.
ზღვის თეთრგვერდა დელფინს კი მიკუთვნებული აქვს კატეგორია „მოწყვლადი“, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოპულაციის 30%-ით ან მეტით შემცირების გამო, რაც გამოწვეული იყო ჰაბიტატის ხარისხის გაუარესებით, წარსულში ჭარბი მოპოვებით, დაავადებებით და სხვა მიზეზებით.
რამ მოკლა გამორიყული დელფინები?
პაველ გოლდინი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი და არასამთავრობო ორგაზანიცია „ბიოეკოლაინის“ გამგეობის წევრია. ის 25 წელია, დელფინებს სწავლობს.
პაველი ამბობს, რომ შარშან, 2022 წელს (დასაწყისს თუ არ ჩავთვლით) რუსეთ-უკრაინის ომისა და მისგან გამოწვეული რისკის გამო შავ ზღვაში მეცნიერთა არც ერთი ექსპედიცია არ გასულა. ამიტომ მას სხვა სახეობებზე კოლეგებისგან არ აქვს ინფორმაცია. რაც შეეხება დელფინებს, იმ აკვატორიაში, სადაც რუსეთი წყალქვეშა და წყალზედა ბომბებს ისროდა, ასევე შავ ზღვაში სხვაგანაც რაც ნახეს (და ნაწილი ალბათ ვერც ნახეს) 900-ზე მეტი მკვდარი დელფინი იყო გამორიყული.
„მე ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, რა იყო ამ დელფინების სიკვდილის მიზეზი. ხანდახან დელფინების სიკდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ისედაც გვაქვს და ეს ინფექციით, ტრავმებით ან რამე სხვა მიზეზით არის გამოწვეული. განვლილი წლებიდან შემიძლია დავასახელო 2012 ან 2017 წლები, როცა დელფინების სიკვდილის რამდენიმე ათასი შემთხვევა იყო, მაგრამ ეს მაშინ ინფექციით იყო გამოწვეული“, – ამბებს პაველი.
მისი განმარტებით, ამჯერად ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდნენ დელფინები, თითქოს ზღვიდან თავი რაღაცას გამოარიდეს, ან მერე ისევ დაბრუნდნენ.
„სამ ქვეყანაში, უკრაინაში, თურქეთსა და რუმინეთში, დაღუპული დელფინები გაიკვეთა და ანალიზისთვის მასალა გაიგზავნა თურქეთის, გერმანიისა და ინგლისის ლაბორატორიებში. ანალიზის ჩატარება ხანგრძლივი პროცესია და ჯერ საბოლოო შედეგები არ გვაქვს. პასუხების მერე ზუსტად შეგვეძლება ვისაუბროთ მიზეზებზე. დღეს მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ომიც შეიძლება ყოფილიყო დელფინების დაღუპვის მიზეზი“, – ამბობს პაველი.
ნაღმი ბათუმში
დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმში საზღვაო ნაღმი აფეთქდა.
შეიძლება თუ არა ეს ამბავი უკავშირდებოდეს ომს?
იქტიოლოგი და ბიოლოგის დოქტორი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს:
„შავი ზღვაში გვაქვს ორი ციკლური დინება, ერთი მის აღმოსავლეთ, ხოლო მეორე მის დასავლეთ ნახევარში, ეს ორი წყლის მასების წრებრუნვა ერთანეთისგან გამიჯნულია (მას ოკეანოგრაფები კნიპოვიჩის სათვალეს ეძახიან). უკრაინიდან წყლის მასებს, რომ წამოეღო ეს ნაღმი, მას უნდა გამოევლო დუნაის ფრონტი, რუმინეთის (200 კილომეტრია), ბულგარეთის (300 კილომეტრია) სანაპირო და მერე უნდა გადასულიყო თურქეთის წყლებში, სადაც მას მოუწევდა ბოსფორის სრუტის სიახლოვეს (სადაც გემების დიდი ტრაფიკია) მოხვევა, მერე მას უნდა ემოძრავა სინოპის ნახევარკუნძულამდე (კიდევ 500 კილომეტრი) სადაც უნდა გადაელახა ორი ციკლურ დინებას შორის არსებული სივრცე (ეს დრეიფით ფაქტიურად შეუძლებელია) და გადმოსულიყო შავი ზღვის აღმოსავლეთ ნახევარში, სადაც მას თურქეთის ნაპიროების გაცწვრივ კიდევ უნდა დაეძლია 600 კილომეტრი და მოეღწია საქართველოს წყლებამდე. მაღალი ალბათობით საქმე სხვა რამესთან გვაქვს“.
არჩილ გუჩმანიძეს მიაჩნია, რომ ნაღმის აფეთქება ომს არ უკავშირდება, მისი ვარაუდით, შესაძლოა რაიმე დივერსიული ქმედება ყოფილიყო.
„საბედნიეროდ, აკვატორიაში გემები არ მოძრაობდნენ და ჩვენ გადავრჩით ნაღმის გემთან შეჯახებას თამდევი ტრაგედიებით“, – ამბობს ბიოლოგი.
მისი კოლეგები ომის გავლენაზეც იწყებენ საუბარს.
ომის ნაკვალევი
საქართველოს მხრიდან შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების კვლევებში აქტიურად არის ჩართული ილია უნივერსიტეტის პროფესორი ცხოველთა ქცევის ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით, ნათია კოპალიანი. მისი განმარტებით, შავი ზღვის ვეშაპისნაირების პოპულაციები დაცულია საკანონმდებლო ინსტრუმენტების მთელი ნაკრებით, იქნება ეს კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ, შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის ვეშაპისნაირთა დაცვის შესახებ, შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის თუ სხვა კონვენციები, ამ ცხოველებზე მაინც მრავალი საფრთხე მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათ პოპულაციებზე დაკვირვების ჩატარება.
„ამ მიზნით 2020 წლიდან შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ტარდება ვეშაპისნაირების პოპულაციების სტატიკური აკუსტიკური მონიტორინგი. ზღვაში გარკვეულ ადგილებში განთავსდა აკუსტიკური ლოგერები, რომელიც 100 მეტრ სიღრმეში იწერს სიგნალებს“, – ამბობს ქალბატონი ნათია.
ჩანაწერები მერე მუშავდება და მეცნიერები ადგენენ, სიგნალები ცხოველების მიერ გამოცემული ხმებია, თუ სხვა, მაგალითად სონარების ხმა (გემების სანავიგაციო ხელსაწყო, რომელიც დამყარებულია წყალში ბგერის გავრცელებისა და არეკვლის პრინციპზე).
„ერთი შემთხვევა მახსენდება, 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყებიდან ძალიან მალე, ანაკლიასთან არსებულმა ლოგერმა ძალიან ძლიერი სიგნალი დააფიქსირა. ეს არ იყო ცხოველის მიერ გამოცემული ხმა. შეიძლება ყოფილიყო სონარი ან წყალქვეშა გემიც.
ასეთი ძლიერი ხმაურისა და აკუსტიკური ტრავმის დროს შეიძლება დელფინი არ დაიღუპოს, მაგრამ დაბრმავებისა და დაყრუების მსგავსი ტრავმა მიიღოს, რაც, ფაქტობრივად, სიკვდილის ტოლფასია“, – განმარტავს ნათია კოპალიანი.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ზღვაში მობინადრე ორგანიზმები ადამიანის მიერ გამოწვეული არაბუნებრივი ხმებისა და ხმაურის გამო გაცილებთ უფრო იტანჯებიან, ვიდრე ჩვენ ქუჩის ან საწარმოო ხმაურით.
„სამხედრო წვრთნები, დიდი ტანკერების ხმაური ზღვის ძუძუმწოვრების შიდა ყურის აკუსტიკური ტრავმები შეიძლება იყოს ნაპირზე მათი „სუიციდური“ გამორიყვის მიზეზი. შიშისა და ტკივილის გამო მათ უზიანდებათ ხმის აღქმის მექანიზმი, კარგავენ ორიენტაციას და უნებლიედ მიცურავენ ხმელეთისკენ („შავი ზღვის საიდუმლოებანი“).
ისევ გამორიყულ დელფინებს რომ დავუბრუნდეთ:
„დელფინების გამორიყვის ფაქტებს სწავლობენ, ევროპის ლაბორატორიებში კეთდება ანალიზი.
ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მიმდინარე ომის კვალი კიდევ არაერთხელ გამოჩნდება შავ ზღვაში“, – ამბობს ნათია კოპალიანი.
ეკოციდი – ცოცხალი ორგანიზმების ადგილსამყოფელის, საცხოვრებლის დანაშაულებრივი განადგურებაა. რუსეთ-უკრაინის ომი, ისევე როგორც ყველა ომი, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და არა მხოლოდ მათ, ამ შემთხვევაში ომი შავ ზღვასა და მის ბანადრებსაც ემუქრება. რაც მეტხანს გაგრძელდება ომი, ეს რისკიც, ბუნებრივია, იზრდება.
თინათინ მოსიაშვილი
პროექტი „ეკოციდი უკრაინაში: გავლენა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე. პრობლემების მოგვარების თანამედროვე გზები“ ხორციელდება CFI-ის მასმედიის განვითარების ფრანგული სააგენტოს დახმარებით, ჰაბ ბუქარესტის პროექტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
სტატიის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი არჩილ გუჩმანიძეს, ლევან აბაშიძესა და გიორგი ჭეჟიას.